‘’ცა – ლაჟვარდი’’–ს © საკუთრება !!
გთხოვთ
ნუ
გამოიყენებთ
ჩვენს
შრომას
არაკეთილსინდისიერად...
ნაშრომი
განკუთვნილია
მხოლოდ
პირადი
სხვადასხვა
გვერდებზე
მოხმარებისათვის... ნუ
შეეცდებით
განათავსოთ
წინამდებარე ტექსტობრივი მასალა...
პატივისცემით –––– ©
** ტ ე რ ე ნ ტ ი
ლექსები
(რჩეული)
გრანელი
************************** გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები გათავდა, მორჩა, მიწაზე ვრჩები, სხვა ფიქრებისთვის მე არ მცალია. ასე რომ ოხრავს - სულია ჩემი, ასე რომ ტირის - როიალია. თითქოს ძვირფასი რაღაც დავკარგე, გული სუსტია დ უფრო მწირი. საცაა მოვა ახლა აკაკი და როიალიც დაიწყებს ტირილს.
************************** გავიდა კვირა
გავიდა კვირა, ორშაბათია. ჩემს ირგვლივ ხშირად სხვები დადიან. ცას აბარია სულის ობლობა. ხომ ზღაპარია დღეს მეგობრობა.
გულია - ღერძი, რა ქნას ხელებმა?! და დღესაც ვებრძვი საშინელებას. მე, როგორც ვატყობ, წავიდა მთვარე. სადღაც ავადმყოფს ახველებს მწარედ. გავიდა კვირა, ორშაბათია. ჩემს ირგვლივ ხშირად სხვები დადიან.
************************** გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია
გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია, გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები. დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია, დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები. გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ჩემი და, მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი. ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი. უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია!.. (სადღაც ზარის რეკვაა. ილესება ისარი).
ჩემი სუსტი სხეული - გაწყვეტილი ძაფია, ჩემი შემოქმედება - დედამიწის სიზმარი. ჩემს გარშემო ბურია, ჩემს გარშემო ნისლია, მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში. ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია!.. აი, სწორედ ამიტომ არ ვიწამე ნუგეში. გადარჩება? - ექიმებს ეკითხება ზოზია, გადარჩება? - გმინავენ ლაზარეთის კედლები. დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია, დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
************************** ბნელია სივრცე ბნელია სივრცე, ქსელავს ობობა. და ისევ ვიგრძენ უმეგობრობა. სუფევს ფოთლები, მელანქოლია. და მეგობრები მე არ მყოლია.
************************** ბედს გავურბოდი ბედს გავურბოდი, და გული გავხსენ. და ვსაუბრობდით, ჩვენ, უხილავზე. ბედს გავურბოდი, მაინც რას ვეძებ. და ვსაუბრობდით, ჩვენ, სილურჯეზე. ბედს გავურბოდი, და უფრო ასე. და ვსაუბრობდით, ჩვენ, დაღუპვაზე.
************************** ბაღში ქარია ისევ და კვიპაროსის რხევა. გული წამებას მისდევს და უიმედო დღეა. ასე დადიან ირგვლივ და ასე გადის წამი.
ჩემი მდუმარე ფიქრი ტყვეა ცისფერი ღამის. და მაგონდება ისევ ჩემი დის ბავშვი უჩა. მივყვები გრძნობას ცისკენ, მივყვები კამოს ქუჩას. ბაღში ქარია ისევ, ლექსი შეღება სისხლმა. ყოფნას ვიგონებ ისე, როგორც შორეულ სიზმარს.
************************** ბაღში ელვარებს ეს დღე მზიანი და მიფრინავენ თეთრი პეპლები. და ვატყობ, როგორც ადამიანი ამგვარ დუმილში რომ ვიფერფლები. წავიდა ქარი და მწარე ფიქრი, თუმცა ფიქრები მარად ივლიან. და მიხარია, რომ ხეა ირგვლივ და ჩემს გარშემო რომ ყვავილია.
**************************
ბაღია ამ სილურჯეში, შორს სამრეკლოა, ზარები. გაჩნდება ჩემი ნუგეში და ჩემი თანამგზავრები. ბაღია ამ სილურჯეში და შორს უღრანი ტყეები. ქრიან თვალები ქუჩაში, ქრიან უმზეო დღეები.
**************************
ბარათი ცისკენ
ეს გული დაისერა, ნისლია ნაპრალებთან. ასეა ბედისწერა, ასეა გაწვალება. არ მინდოდა ნიღაბი, დარდი მქონდა ისედაც. მე ოთახში ვიყავი, მთვარე მაღლა იწევდა. იდუმალ მხარეების მოდიოდა გრიგალი, და მკლავდნენ ღამეები ბედის მძიმე გრიალით პირჯვარი გადვიწერე
და გთხოვე მოწყალება. ასეა ბედისწერა, ასეა გაწვალება.
************************** აჰა, მგოსნებო აჰა, მგოსნებო! მოდის ზამთარი. ბედზე ვოცნებობ, ასე გამხდარი. და მოჰქრის ქარი და სიკვდილია. შენსკენ მზე არის, ჩემსკენ ჩრდილია.
************************** ეჭვიანობა ვნებაზე
დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას, წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ, მაგრამ რა ვუყო?! მე შენს გამო სამყარო მინდა.. გაჩუქებ ქვეყნის მთა-ველებს, ბაღებს,
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი, ყველა ზღვას მკლავით გავცურავ ნაპირს და მაინც მოვალ, კარს შემოვაღებ... არა აქვს აზრი ასაკს და წონას არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს, მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი, თითქოს, მუმიად გადავიქეცი, ამ პირამიდან კი დამიმონა, ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე. თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად წითელს მიველტვი ანთებულს თავზე. ორი ისარი მწვანე და მწვანე გმობენ შენდობას, სხივი აქვთ მწვავე. რომანი წრეში, სახელად რომბი... ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე. შენ გადაიცვამ ალქაჯის ფორმას, მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე, დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი, მხოლოდ შენს თვალებს დავუწყებ შებმას. მომნატრებია ხმაური სეტყვის, შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი... პარასკევს ღამით მე დავიბადე, პარასკევს ღამე მოვკვდები ახლა. ღრუბლად მედება შეშლილი სახე, მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს. ჩვენ, გალეშილი მდედრი და მამრი მივექანებით ვნებათა ძაბრში, ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით, ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში. პარასკევს ღამით აივსო მთვარე, ვნებით ათლილი კბილები ყელში, სისხლის ალერსი საამოდ მწარე, თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.
**************************
MEMENTO MORI ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება, ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია. ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori” -ა. დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი, ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე. რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი, მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე. სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია, ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი. ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის. ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ, როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის. მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება, ჩემი ნაზი სამშობლო - ლაჟვარდები ცისფერი. რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო, მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები. ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო, რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.
ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა, მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია. ჩემი გვარი: გრანელი - პოეზიას დარჩება, ჩემი გული და სისხლი - ეს ”MEMENTO MORI”-ა.
************************** არავინ არის, გული დაობლდა
არავინ არის, გული დაობლდა, მიწაზე წვება ხეების ჩრდილი. ეს ხომ კუკიის სასაფლაოა და სასაფლაო კარგია დილით. ისევ ნოემბრის მზიანი დღეა, მიდიან დღენი უმეგობრობის. ძვირფას კლავდიას საფლავთან ვდგევარ და მაგონდება ახლა გობრონი. ნოემბერია და ისევ გრილა და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი. გარშემო ელავს მზიანი დილა და მე ვსეირნობ საფლავებს შორის.
**************************
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს
ქარი ფოთლებთან ისევ თამაშობს და მე ბაღიდან ახლა ვბრუნდები. ალბად ეს გრძნობა მალე დამახრჩობს, ვიგრძნობ ყველაფერს და გავჩუმდები. და მოლოდინიც სცადეს თვალებმა, მოვარდა ქარი და სული მიჰყავს. და ახლა სადღაც შორს იმალება ქალი, რომელიც მე ასე მიყვარს. და იყო სევდის გულზე დასევა, ყვავილებია და კვლავ სიშორე. და მიხარია, დღეს რომ ასე ვარ, და მიხარია, რომ ვარ მდუმარე.
************************** ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო
ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო, ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს. ახლა სადღაც დუმილია უფრო, ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე. ეს ოცნება სხვა პლანეტას მისდევს,
სიკვდილია ხომ სიცოცხლის ბოლო. პოეზია უსაზღვროა ისევ და გულია პოეზია მხოლოდ. და მძიმეა მდუმარება ღამის, ეს ოცნება ასეთია დღემდე. და მოვიდა სიხარულის წამი დიდი ტანჯვის და წვალების შემდეგ. სულს ანათებს დღე ასეთი თბილი და რაც იყო, ყველაფერი გაქრა. ახლა მინდა, რომ მოვშორდე თბილისს, სად წავიდე და, ძვირფასო, რა ვქნა? ცა - ლაჟვარდი, დედამიწა - კუბო, ცხოვრებისთვის ძალა აღარ შემწევს. ახლა სადღაც დუმილია უფრო, ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე.
**************************
ღმერთო! სიცოცხლის შუქი მაღირსე
ღმერთო! სიცოცხლის შუქი მაღირსე დღეს ასეთია ჩემი პროფილი. და მივალ ასე ცისფერ ბაღისკენ და მივალ ასე გამოწყობილი. და შენ მწუხარე არიას ისმენ, ეს ყვავილები ვინ აურია. და მე სიცოცხლეს ვუმღერი ისევ
და მე სიცოცხლე ისევ მწყურია. ნისლია მხოლოდ ლაჟვარდის იქით, ეს დღე წავიდა, აწი ღამდება. მიმაქვს ეს ჩემი ძვირფასი წიგნი, მიმაქვს ეს გული და ხრიზანტემა.
************************** ალბათ მოვა დრო
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწა ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია.
**************************
შენ
ახლა შენ უმზერ იმ ვარდის რტოებს, წინ გიდევს ჩემი ლექსთა კრებული. მიგონებ, როგორც უნაზეს პოეტს და ზიხარ მარტო, ჩაფიქრებული. მე დავდიოდი შენთან ყოველთვის, მე დავდიოდი შენთან დაღლილი. მე დავდიოდი, ახლაც მოვედი, შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი. მე დავდიოდი შენთან მარადის, მე დავდიოდი შენთან დაღლილი. შენთან მომქონდა წმინდა ბარათი, შენთან მომქონდა ჩუმი ძახილი.
************************** ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს და ეს დროა უმძიმესი ლოდი. დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს. რა ქარია, რა სიცივე დადგა და დღეიდან ზამთარია, დაო! და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის, დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ. ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.
**************************
ანგელოზი 'ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი' გ. ტაბიძე
მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს, როს ანგელოზის ფრთები დაეშვა. როს ანგელოზის ფრთები დაეშვა,მე შენ გელოდი, ვგრძნობდი კაეშანს.
**************************
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია. შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!
**************************
არა მყავს ტოლი არა მყავს ტოლი, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. და როგორც თოვლი დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი. სხვა ფიქრი მივლის და საშინელი სიკვდილის ლანდი. მე მინდა ძილი და ეს სიზმარი გათენებამდის. დგას წამი თრთოლვის, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. კვლავ, როგორც თოვლი, დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
**************************
ასე თავდება ჩემი ცხოვრება
ასე თავდება ჩემი ცხოვრება, იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს. მწყურია ზეცის გამოთხოვება, მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.
მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს, ვწევარ და მინდა გავიდე ველად, ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი, კივის და თითქოს თხოულობს შველას. სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის, ქსელში გავები, როგორც ობობა. მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი, ეს ისევ კამოს სავადმყოფოა. ავად ვარ, თუმცა სიცხე კლებულობს, თქვენც დაიღალეთ, ჩემო მკლავებო. მშვიდობით, მთვარევ, გაყვითლებულო, მშვიდობით, ზეცავ და ვარსკვლავებო.
**************************
გაზაფხული
ქარია, ნუ შეშფოთდები, ქარი ჰქრის, დღე გაშლილია. ისევ გამოჩნდნენ ფოთლები, ახლა ფოთლების ჩრდილია. ქარია, ნუ შეშფოთდები, ეს ლექსი შენთვის გულია. უკვე ამწვანდნენ ფოთლები და უკვე გაზაფხულია.
**************************
გარშემო დგება მზიანი სივრცე გარშემო დგება მზიანი სივრცე, და ელვარებენ იქ სარკეები, ნელა მიდიან ფიქრები ცისკენ, ნელა მიდიან მარტის დღეები. მე მინდა ისევ გრიგალში შესვლა და ისევ მოდის მაღალი ფიქრი. და პოეზია ტრიალებს ეხლა, მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ. და ჩემი დებიც მალე მოვლიან, დღეა გაფურჩქვნის და აყვავების. ორი მარტია, მთაზე თოვლია, შორს დაფრინავენ ცაზე ყვავები. და დღეა თეთრი, და დღეა ვარდის დაქრიან ქარნი, ეს დღე არ თბება. რამდენი ცრემლი, რამდენი დარდი, რამდენი ფიქრი და გამართლება.
**************************
ვედრება
დიდ ღმერთს ვედრება ჩემი, ვედრება სხვისი, ვედრება - ცრემლი, ვედრება - ნისლი. ვედრება ნელი, ვედრება წყნარი, ვედრება - ხელი, ვედრება - ქარი. ვედრება - ცრემლი, ვედრება - ნისლი, ვედრება ჩემი, ვედრება სხვისი.
************************** ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა
ქარმა ხომ ბევრი ფიქრი დატოვა, ცისკენ გაფრინდნენ თეთრი მტრედები. ყველას მოვშორდი, ახლა მარტო ვარ, ახლა უმიზნოდ დავეხეტები.
დავტოვებ ქუჩას და მთისკენ წავალ, მე ისევ ბედის გრიგალს მივყვები. ვიქნები, ეს მზე სანამ არ ჩავა, სანამ ფიქრებით არ დავიღლები.
**************************
წუხს როიალი ბაღის მახლობლად წუხს როიალი ბაღის მახლობლად და მოდის გზიდან სხივთა კრებული. ალბათ, სადღაც შორს, ვიღაც ნაღვლობდა, აქაც დარდია გამეფებული. წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა, დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან. ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდე წავა, ვნახოთ, ეს ტანჯვა სანამდე გასტანს.
**************************
თოვლი
როგორც გაფრენა მტრედის, შენ მოსვენება გინდა. თოვლი ასეთი თეთრი, თოვლი ასეთი წმინდა. და როგორც სულის ტოლი,სადა ხარ! - დღესაც გეძებ. აბრეშუმივით თოვლი ისევ ელვარებს მზეზე.
**************************
დაღონებული და მარად სუსტი, სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა. დღესაც შორეულ მეგობარს უცდი, მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა. მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა, ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა, და უცხო ბინის ყრუ სართულიდან შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს. მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს. შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის, რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.
სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე, ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ. მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს, და ნატრობ ვიღაც არათანაბარს. შენი ლოდინი სანამდი დასტანს, ანდა სანამდი იქნები წმინდა. რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას, რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა. ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი, ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი. შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის, და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი. დაღონებული და მარად სუსტი, სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა. ახლაც შორეულ მეგობარს უცდი, რომელმაც ასე დაიგვიანა…
**************************
თბილისი მაღლიდან ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი, ქარმა ფიქრები ისევ დაშალა. დახავსებული დგას ავლაბარი
და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა. ძვირფასო, ბედი მუდამ ასეა, საით მიგყავარ, ბედო, მურდალო. ახლა შორიდან ხომ ძვირფასია ჩვენი დიდუბე და საბურთალო. ვიცი გავუძლებ ამნაირ დროსაც, თუმცა გარშემო გრიგალი მივლის. ისევ ფრიალებს სასახლის დროშა და ვერის ხიდთან აბოლებს მილი. ჩემი ფიქრები სადღაც გარბიან, შორს მიჰქრის სული მოუსვენარი. ახლა შორიდან უფრო კარგია მუხრანის ხიდი და არსენალი. ეს სურვილები ისევ კვდებიან, ჩნდება ახალი ფიქრის ლანდები. მტკვარის გადაღმა ისევ მთებია და მთების აქეთ ნაძალადევი. ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი, ქარმა ფიქრები ისევ დაშალა. დახავსებული დგას ავლაბარი და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.
**************************
ჩემი სული სიზმარია ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე. დღესაც ბაღში ვიმალები, როგორც თეთრი მდუმარება. და მიზიდავს გრიგალივით სიჩუმე და მწუხარება. მაღლა თეთრი თავანია, გლოვა ისევ აინთება. ახლა ჩემი სავანეა სიჩუმე და გარინდება. გული შენთან მეგონება: ეს ვარდია დაფენილი. ასე ჩნდება მოგონება, ზარის ხმაზე გაფრენილი. სადღაც მკრთალი მიდამოა და ცისფერი მოჩვენება. და მწყურია სამუდამო
************************** სიჩუმე და მოსვენება. ღამის მიერ შენაფერი, მე ვედრებაც მივატოვე და მგონია ყველაფერი
სიჩუმე და სიმარტოვე. მკვდარი სურვილები
************************** დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები. რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყავავილებს ტყვია მირჩევნია. სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას. და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო! მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების. მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია, და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული – სამარეა, გრძნობა– კოცონია, ტანი – სიმძიმეა, სული – ქაოსია...
**************************
ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა, და ეს ამბავი მან არ იცოდა. მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს, მე ისევ ვეძებ მარადისობას. დადგა ოცნება, როგორც სამარე და სურვილები ზეცას მოება. ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე, ჩემს სულს წყურია უსაზღვროება. ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე და იმედებიც ჩემთან იქნება. მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება...
**************************
შემოდგომა მინდვრებში
ჩემ სულში სევდა თოვლივით ელავს, ისევ მწუხარე ხმებია ზარის. მოვიდა უცებ და მიდის ნელა ეს შემოდგომა, როგორც სიზმარი. მინდორში ვწევარ, ვუცქერი ღელეს, გაღმა ლანდივით გამოჩნდა ცხენი. მიწა ეცემა ჩემს მოღლილ ხელებს, ვწუხვარ და ქრება დღე მოსაწყენი. ახლაც გარშემო სიჩუმე რეკავს, როგორც ქალწულის მძიმე გოდება. ო, სიყვითლეა, სიყვითლე ყველგან და მეც სიკვდილი მიახლოვდება. ვწუხვარ დაღუპვას ჩემ სულთან ერთად, სილაზე ნელა დაფრინავს ყვავი. ამ ღრუბელს, ამ ცას ვიღაც უმზერდა წინეთ, როდესაც მე არ ვიყავი. დავარდა გული, ახლა არ ღელავს, სანამდი მივალ ასეთ სიმწარით,
მოვიდა უცებ და მიდის ნელა ეს შემოდგომა და ეს სიზმარი.
************************** მაღალო ცაო, ისევ შენ გიმზერ, იქ უცხო მხარეში ალბათ მომელიან; ძვირფასო, ვდგავარ გზაჯვარედინზე და ვიცი, ჩემი გზა ახლა რომელია. ისევ აქა ვარ, თუმცა ვარ იქაც, და ლექსი – გულია, და ლექსი – სისხლია. სხვაგვარ დუმილით ვუსმენ მუსიკას და ახლა სიკვდილი ასე ადვილია. შენს მოლოდინში
**************************
თ.ჯ–ძეს! ჩემი გული უფრო გამალებით ძგერს შენს მოლოდინში!
მე შენზე ვფიქრობ და თითქო გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა, ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს. ასე გაივლის წამება, ოხვრა, შენ მოხვალ ჩემთნ თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი: როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერბი! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
************************** ქარში დაკარგვა ისევ მწყურია, ეს ღამე რაღაც უცნაურია. ცის მდუმარება იგრძნეს ქუჩებმა,
აქ ბრწყინავს სევდა, იქ სილურჯეა. მოქალაქენი ნელა მიდიან, ირგვლივ დუმილი და სიმშვიდეა. მთვარე წავიდა, ღამე შავია, აქ ვარ მიწაზე, იქ ვარსკვლავია. ჩემთვის პოეტი მხოლოდ გულია, სადღაც სიბნელე და უფსკრულია. ვწევარ, ქუჩებში სხვები დადიან და როგორც ლექსი, ცა მარადია. ქარში დაკარგვა ისევ მწყურია, ეს ღამე რაღაც უცნაურია...
**************************
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე. მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღმოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
**************************
ეს ფიქრი წავა ოცნების იქეთ, და შენ გაჩნდები როგორც მისანი. მე დღესაც ვნანობ რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი. თუმცა სიცოცხლე მაინც კარგია, ღამის გრიგალი თავზე მევლება. სიკვდილის გარდა კიდე რა ქვია, ჩემს ასეთ გლოვას და აღელვებას. ვფიქრობ ხვალისთვის ძალას დავიკრეფ, ვფიქრობ, მძიმეა ჩემი მიზანი. ვნანობ ამდენ ხანს რომ ვერ გამიგე, რომ შენ ამდენ ხანს ვერ გამიცანი.
**************************
ფიქრები წაღვერში
არ მომასვენეს ცივმა ქარებმა და შენ ცხოვრების იმედს მაძლევდი იყო ღრუბლიან დღის მდუმარება და მოლოდინი მაღალ ნაძვების. შენ იქ გეძინა როგორც დედოფალს, მე დავდიოდი მეტი ნაღველით. გარშემო იდგა უიმედობა და ნისლიანი მთები წაღვერის. შენ არ გესმოდა ჩემი ტირილი და სადღაც ახლო ზარი კიოდა. იდგა საღამო, ვგრძნობდი ტკივილებს და ჩემს დუმილში დრო გადიოდა. არ მომასვენეს ზამთრის ქარებმა, ვნატრობდი ზაფხულს, ბაღით, მდელოთი, ირგვლივ ღელავდა ზღვა მწუხარება და მე უეცარ სიკვდილს ველოდი.
**************************
მარადისობის ლაჟვარდი
ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი და შორეული სივრცე მიტაცებს. სული გაფრინდა თეთრი მტრედივით, სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე. ალბად იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა, მაშინ როდესაც მე არ ვიცოდი ასე მგონია სულთან ახლოა, ცისფერი შუქი მარადისობის. ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება, ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას. მე ვიფერფლები, გულის გარშემო მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია. უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი; და უხილავი სივრცე მიტაცებს. სული გაფრინდა თეთრი მტრედივით, სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.
**************************
ქალის აგონია
დაღონებული და მარად სუსტი, სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა. დღესაც შორეულ მეგობარს უცდი, მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა. მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა, ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა, და უცხო ბინის ყრუ სართულიდან შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს. მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს. შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის, რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა. სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე, ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ. მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს, და ნატრობ ვიღაც არათანაბარს. შენი ლოდინი სანამდი დასტანს, ანდა სანამდი იქნები წმინდა. რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას, რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა. ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი, ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი. შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის, და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი. დაღონებული და მარად სუსტი, სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი, რომელმაც ასე დაიგვიანა…
**************************
სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია, ვერ გადვურჩები სულის წვალებას. მე რომ გაფრენა არ შემიძლია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია, გზა გაიარეს სადღაც ქალებმა, ჩემი სხეული რომ დაღლილია, ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას. და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა, და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა, რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს…..
**************************
შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით. მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები. დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა, დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც. მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა, მოჰქონდათ ვარდი და გვირგვინები. ალბათ ჩემ სიკვდილს გრძნობდა სოფელიც (ვერ დავბრუნდები მე ბურუსიდან). მკვდარი ვიყავი და უგრძნობელი, ღია სამარე ჩემს გულს უცდიდა. და ეცემოდენ სადღაც წვიმები, შორეულ ღრუბლის სანაპიროდან. კუბოსთან იდგნენ სერაფიმები და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა. არც შორეული დების ლოცვები ჩემს გადარჩენას ხელს არ უწყობდა. მიმასვენებდნენ ანგელოზები და კუბოს ქრისტე წინ მიუძღოდა. ირგვლივ სიკვდილის ხელი მეხვია, რა მექნა, სულო, დაუცხრომელო! მსურდა, სიბნელე რომ გამერღვია,
და კვლავ ქვეყნისთვის თვალი მომევლო. შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ, სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით, მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე, როდესაც კრთოდენ ცის ვარსკვლავები...
**************************
SILENTIUM
სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი..
**************************
არ შემიძლია და მე ავად ვარ, ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს. ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ, მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა, იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის. მკლავდა იღბალი და უშენობა, მე მივდიოდი, შენ არ იყავი. კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები, ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის. შენ მიდიოდი და მიგონებდი, შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი..
**************************
მე და გალაკტიონი
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს, ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია. გალაკტიონში მიწა ანათებს და ჩემში უფრო ზეცის სხივია. შორს ქარი კივის, ახლო მტერია, ახლა ღამდება, შვიდია სრული. გალაკტიონში ლურჯი ფერია და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული. ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი, ახლა მიგონებს ალბათ ზოზია. გალაკტიონში არის დემონი და ჩეში უფრო ანგელოზია.....
**************************
MARGUERITE
შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე და კანკალებდა რტოები ვაზის. გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე, მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.
ეს იყო დარდი, სულის დაღალვა და სისხლიანი ბედი ქრისტესი. ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ, სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან და გაწვალებდა თოვლი და ქარი. ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა, როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის..
************************** ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი (წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან. ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა, ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.
და იყო ბაღი და თეთრი სკამი, მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები. და იყო წამი, ცისფერი წამი და იყო წამი სხვა გარინდების..
**************************
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ მე ისევ დამრჩა გული პოეტის. და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს და გულმოკლული მე წამოვედი.
იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ უფრო მწუხარე გამოსალმება. მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს და ვეგებები ისევ წამებას.
თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს და თბილისისკენ მივექანები.. ************************** პაოლოს
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი.
ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები, საკუთარ ხელებს ვუმზერ. უკვე გათენდა, შავი დარდები ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე, შორს ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა, სარკესავით ლურჯი.
**************************
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე, ჩანს დედამიწა რუხი. და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.
აქ შავი ღამე იწვა მინაზე, აქ ხმაურია ქუჩის. უკვე გათენდა, ცა დავინახე, ცა სარკესავით ლურჯი..
**************************
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური და შორს ღრუბლებით ცა დაისერა. მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური, მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები, ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ. ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები, ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა.
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი..
**************************
ასე მძიმეა შიში სიკვდილის, ასე ერთი და მუდამ იგივე. და ისევ დარდით და ისევ დილით ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი და ეს ოცნება მზესავით დადის. დავდივარ ნელა საფლავებს შორის და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის..
************************** არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს, ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში. და იმ ადგილას მივედი ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. აქაც გაისმის ქარის გოდება, ქარია გარეთ, ქარია სულში. დღესაც მეწვია და არ მშორდება ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს, რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის. და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ..
**************************
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო, მოვა დრო და მე დავიღუპები. განთიადია და მინდა ვნახო ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.
რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე, კედლებს რაღაცას ვესაუბრები. ახლა თენდება და მინდა ავდგე, ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.
გლეხთა სახლი.
**************************
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება, ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა. და ვარდისფერი ჩემი ოცნება ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ, თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა. ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში კვლავ დუმილია და ნეტარება..
**************************
არავინ მოდის და ვატყობ, რომ ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა. საშინელია ეს სავადმყოფო, სიკვდილის ბინა და სამეფოა.
მიწიდან მოდის ღამე თანდათან, საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები. არ შემიძლია, გული გათავდა, მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.. ...............................................................
***************
2013 წელი ©
...............................................................