6 minute read
ულმობელი საქმის კაცი
from კულტურა პლუს 4 (18)
by კულტურა Plus
ულმობელი საქმის კაცი
„შრომა კაცის გულს და სხეულს არ აწუხებდეს, არც სიმდაბლედ ითვლებოდეს“ - მიაჩნდა საზოგადოებრივი წინსვლის ორიენტირად ქართველ მოაზროვნეს, პუბლიცისტს, იურისტს, ეკონომისტს, ფინანსისტს, საზოგადო მოღვაწესა და დიდ პრაქტიკოსს, ნიკო ნიკოლაძეს. თავადაც ასე ცხოვრობდა და ქმნიდა. სწორედ ამ მუხლჩაუხრელი შრომის მემატიანეა მემორიალური სახლ-მუზეუმი ქვემო იმერეთში, დიდ ჯიხაიშში. 1886 წელს, სოფლის შუაგულში, ულამაზეს ეზო-პარკში, მარსელის შინდისფერი კრამიტით დახურული სახლი აუგია დედულეთში, ლორთქიფანიძეებისეულ მიწა-წყალზე დასახლებულ ნიკოს. შენობა შემდეგ სამჯერ გადაუკეთებია, 1910-იან წლებში კი შვედი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის პროექტის მიხედვით მისთვის საბოლოო სახე მიუცია და აივნები, მარანი, სარდაფი თუ სხვა, ევროპიდან გამოწერილი, რუსეთის იმპერიის მასშტაბით სახლთმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით მოუგია...
დღეს მუზეუმი 1340-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს, არსებობს მდიდარი ბიბლიოთეკაც. 1958 წლიდან ამ სახლში ცალკეა განთავსებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა - ნიკო ნიკოლაძის ვაჟის, მათემატიკოსის, ინჟინერ-მეტალურგის და გამომგონებლის, სპორტსმენის, მრავალმხრივი მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის მუზეუმიც.
„ნიკოობასა“ (ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე) თუ სხვა, ჩვეულებრივ დღეებში ექსკურსიაზე მოსული დამთვალიერებელის ყურადღებას იპყრობს ნიკოს მიერ საქართველოში 1910 წელს აგებული პირველი ქარის ძრავა (ამ ნაგებობით ხდებოდა წყლის მექანიკური ამოტუმბვა ჭიდან და მამულის შენობა-ნაგებობების, ნათესების წყლით მომარაგება); საოჯახო ნივთები და სასოფლო-სამეურნეო იარაღები, რომლებიც მის მიერაა ევროპიდან თუ რუსეთიდან ჩამოტანილი: თეთრეულის სარეცხი მანქანა, „ვერმოლილის“ ფირმის გოგირდის შესაწამლი მანქანა, ბოთლების თავსაცობი მანქანა, ბერლინიდან ჩამოტანილი აბანო, ნიკოლაძის სპეცშეკვეთით სოფელ ჯიხაიშისთვის პარიზში დამზადებული მზის საათი, რძის სეპარატორი და კარაქის სადღვები, ლონდონში შეძენილი პონის ეტლი, ამერიკაში დამზადებული სიმინდის საღერღი მანქანა, ასევე ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელზეც ბეჭდვა რამდენიმე ენაზე შეიძლებოდაო, „კოდაკის“ ფირმის ფოტოაპარატის ერთ-ერთი პირველი მოდელი, რუსეთიდან ჩამოტანილი თივის საწნეხი მანქანა... ეს ნივთები დღესაც საინტერესოა და, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდნენ ისინი გასული საუკუნის დამდეგისა და უფრო ადრინდელ საზოგადოებაზე!
XX საუკუნის 20-იან წლებში, როცა ბოლშევიკურ ხელისუფლებას ნიკო ნიკოლაძე „გაუკულაკებია“ და მის კარ-მიდამოში სხვანი შეუსახლებიათ; ბევრი იშვიათი ნივთი დაკარგულა, დღემდე შემორჩენილი ექსპონატები კი მოსახლეობასა თუ სახელმწიფო შენობებში წლების მანძილზე უგროვებიათ სახლ-მუზეუმის დიდ მოამაგეებს - თინა ჭილაძეს და მის მეუღლეს, ვალერიან ბიბილეიშვილს. სწორედ სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი პირველი დირექტორის, ქალბატონი თინა ჭილაძის მიერ 50-იან წლებში წარმოებულ პირად დღიურებშია დეტალურად აღწერილი, თუ როგორ ცდილობდა ახალგაზრდა ქალბატონი ნიკოსეული ნივთების მოძიებას და გადარჩენას, როგორ დადიოდა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, კულტურის სამინისტროში, რაიონის ადგილობრივი ჩინოვნიკების კაბინეტებში, რათა როგორმე გამოეგლიჯა გაფანტული ნივთების სახლ-მუზეუმისათვის დაბრუნების ნებართვა. სწორედ ამ ადამიანების მეოხებით, დღეს სათუთადაა აღდგენილი და ადგილმიჩენილი ეს მემორიალური ნივთები.
სახლ-მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ სამეცნიერო-პუბლიცისტურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, მაგრამ, უპირველესად, აქაური ფონდები დიდი პრაქტიკოსის საკვირველი გარჯის ფაქტებითაა გაჯერებული.
სახლ-მუზეუმში სტუმრობისას, უწინარესად, იმას გეტყვიან, რომ ციურიხის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნიკო ნიკოლაძე პირველი ქართველია, რომელმაც უცხოეთში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა (თემა: „განიარაღება და მისი სოციალურ-ეკონომიური შედეგები“). ის კიდევ მრავალი ასპექტით იყო პირველი. ნიკომ ფართო განათლება, გამოცდილება, ავტორიტეტი, საზღვარგარეთული კავშირები ბიზნესწრეებთან, მეცნიერებთან, უმაღლესი დონის სპეციალისტებთან - ყველაფერი გამოიყენა საიმისოდ, რომ საქართველოში დიდი საერთაშორისო პროექტები განხორციელებულიყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველ საერთაშორისო სააქციო საზოგადოებას „ნახშირას“, რომელიც ჩვენი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრეების მოპოვება-დამუშავება-ექსპორტის საკითხებზე მუშაობდა და უცხოელ ბიზნესმენებთან თანამშრომლობდა.
1872-74 წლებში ნიკო ნიკოლაძის უშუალო ხელმძღვანელობით გაყვანილი იქნა ამიერკავკასიაში პირველი და ყველაზე გრძელი, ფოთი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალი. მასვე ეკუთვნის ბაქოს ნავთობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის თავდაპირველი იდეაც და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის პროექტიც. XIX საუკუნის 80-იან წლებში მან საქართველოში ჩამოიყვანა ფრანგი მილიონერები - როტშილდები, დააფინანსებინა და განახორციელებინა ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც აიგო წიფის გვირაბი რიკოთის უღელტეხილზე, მასში კი - რკინიგზის მაგისტრალი (1884-88 წწ.). იგი წლების მანძილზე მათთან ერთად ხელმძღვანელობდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის ჯერ მშენებლობას და შემდეგ - ფუნქციონერებას. სიცოცხლის ბოლოს - 1926-27 წლებში - შეიმუშავა კიდევ ერთი ნავთობსადენის - გროზნო-ფოთის - პროექტი. ძმებ ნობელებთან კამათისას მუდამ მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას ორივე ნავთობსადენის უსათუოდ საქართველოს ტერიტორიაზე გავლის შესახებ. ნიკო ნიკოლაძის თხოვნით, გერმანელმა ინჟინერ-მეწარმე ბუნგემ, მსოფლიოში პირველად, სწორედ საქართველოში, თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე განახორციელა ერთ ხაზში ტელეფონით ლაპარაკისა და დეპეშების ერთდროულად გადაცემის პროცესი.
1878-92 წლებში, ნიკო ნიკოლაძე ოთხგზის იყო არჩეული თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად. მან ამ პერიოდში არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა დედაქალაქში, მათ შორის: თბილისის ქუჩების ელექტროფიცირება;
1883 წლიდან თბილისის პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ცხენის ტრამვაის, ანუ „კონკას“ შემოღება, 1903 წლიდან - ელექტროტრამვაის ამოქმედება; ვერის ხიდის მშენებლობა; ავჭალის წყალსადენის გახსნა (მანამდე თბილისის მოსახლეობა მტკვრიდან თულუხჩების მიერ ამოტანილ წყალს სვამდა); 1913 წელს თბილისის პირველი ელექტროსადგურის გახსნა და მრავალი სხვა.
ნიკო ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ განხორციელდა მისი კიდევ რამდენიმე მასშტაბური პროექტი - თბილისის ცენტრალიზებული კანალიზაციის გაყვანის და ნატახტარ-ბულაჩაურის წყალსადენით თბილისის მომარაგების; მასვე ეკუთვნის თბილისის ზღვის პროექტიც (ნიკო ნიკოლაძეს სურდა, დღევანდელი თბილისის ზღვის ადგილას, მშრალი და შხამიანი ჰაერის გადატეხისა და კლიმატის გაუმჯობესებისთვის, შექმნილიყო ხელოვნური ტბების კასკადი. მოგვიანებით, 50-იან წლებში ეს პროექტი გაცილებით მასშტაბურად განახორციელდა და ტბების ნაცვლად უზარმაზარი ხელოვნური წყალსაცავი გაშენდა). და მაინც, ნიკო ნიკოლაძის ყველაზე დიდი ძალისხმევა ფოთთან და მის პორტთანაა დაკავშირებული. ეს იყო საუკუნის პროექტი, რომლითაც განახორციელა მისი ახალგაზრდობის დროინდელი მისწრაფებებიც და სიჭარმაგის გამოცდილებაც. „ულმობელმა საქმის კაცმა“ ფოთი რომ ჩაიბარა, მაშინ ქალაქის ბიუჯეტი 75 ათას მანეთს შეადგენდა; როცა მტრებმა უსაფუძვლო ბრალდებებით, იძულებით დაატოვებინეს თანამდებობა, ქალაქის „დიდი ქისა“ უკვე 723 300 მანეთით „გაბერილიყო.“ ისტორიის ფურცლებს შემორჩა ისიც, რომ ფოთის „ქალაქისთავმა“ ნიკო ნიკოლაძემ 1896 წელს დაბეჭდა რუსეთის იმპერიის მასშტაბით პირველი სამპროცენტიანი ობლიგაცია - დიდი საპორტო ქალაქის ასაშენებლად, 1 400 000 მანეთის ოდენობით: დააწესა პირველი საბაჟო („საფუთო“) ნახევარკაპიკიანი გადასახადი, რითაც ხელი შეუწყო ქალაქის კეთილმოწყობას. ფოთის თვითმმართველობის განაწესით ნიკო ნიკოლაძემ იმპერიაში პირველი პრეცენდენტი დაუშვა დამოუკიდებელი ეკონომიკური რეგიონის შექმნისა (დღევანდელი „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ წინამორბედი) - პორტიც და ქალაქიც საკუთარ თავს თვითონ იფინანსებდა და სახელმწიფო ხაზინაშიც საკმაო გადასახადი შეჰქონდა.
დაბოლოს - ჯიხაიში! სადაც ნიკო ნიკოლაძე 35 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ხორცს ასხამდა იდეების მნიშვნელოვან ნაწილს, საკუთარი მეურნეობა დიდმნიშვნელოვან საცდელ სადგურად აქცია. 1894 წელს მისი ხელმძღვანელობით გაყვანილი ხონის სარწყავი არხი, რომელმაც იქაური მიწები გააცოცხლა, ფაქტობრივად, პირველი სარწყავი სისტემაა მთელ დასავლეთ საქართველოში. ნიკო ცდილობდა ელექტრიფიკაციის დანერგვას სოფლის მეურნეობაში. პირველმა შემოიყვანა და გაავრცელა მრავალი ქვეყნის სხვადასხვა ჯიშის ფრინველი და ცხოველი. თანამედროვეთა მოგონებებით, ნიკოს მამულში ნახავდით: მალტურ თხას, რუანის იხვს, იორკშირის ღორს, ესპანურ ვირს, ჰოლანდიურ ძროხას, სენბერნარის ჯიშის ძაღლებს და სხვა. ეზო-პარკში კი დღემდეა დაცული: სექვოია, არაუკარია, ქონის ხე, საპნის ხე, კორპის მუხა, ამერიკული კაკალი და სხვა უნიკალური მცენარეები. 1897 წელს ნიკო ნიკოლაძეს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე წარუდგენია მის მიერ ჩამოტანილი და თავის მამულში ცოცხალ ღობეებად გავრცელებული ტრიფოლიატი (მწარე ლიმონი), რომელსაც ადგილობრივები „ნიკოლაძის ეკალს“ ეძახდნენ. 1913 წელს პეტერბურგში მოწყობილ გამოფენაზე მან ფოთის ბაღიდან და ჯიხაიშიდან შერჩეული ექსპონატები გაგზავნა. სანიმუშოდ ჰქონდა გაშენებული თავისი ტყე. ჰოლანდიის მაგალითზე მან მელიორაციისა და ირიგაციის მაგალითებიც უჩვენა თანასოფლელებს. ცნობილია მისი ოჯახის წვლილი დასავლეთ საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებაში. დიდი ამაგი დასდო ნიკომ საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებასაც - საკოლექციო ნაკვეთზე, ვაზის სხვადასხვა ჯიში ჰქონდა გაშენებული. 1912 წელს ნიკო ნიკოლაძემ აღძრა საკითხი „ქუთაისის მეღვინეთა აქციონერული საზოგადოების“ დაარსების შესახებ, რაც მიზნად ისახავდა ღვინის სარდაფების მოწყობას ქუთაისსა და ზესტაფონში. დიდ ჯიხაიშში, ნიკოს სახლის ქვეშ, დღემდე შემორჩენილია ბეტონით ნაშენი ღვინის სარდაფი, სადაც ქვევრებსა და მუხის კასრებში ინახებოდა ღვინო. დიდ ჯიხაიშში ნიკომ პირველმა შემოიღო ხილის ღვინის დამზადება, რაც საგანგებოდ შეისწავლა საფრანგეთში.
ნიკო ნიკოლაძე მუდამ ცდილობდა, დახმარებოდა თანამემამულეებს სიახლის შეცნობასა და პრაქტიკულ დანერგვაში, გლეხობაში გაეღვივებინა შვილების სწავლა-განათლებისადმი ინტერესი. 1925 წელს, სწორედ მისი მოთხოვნითა და რჩევით, ნიკოლაძიანთ „გაკულაკებულ“ მამულში გაიხსნა დაბალი საფეხურის სასოფლო-სამეურნეო სკოლა, რომელიც 1930 წელს ტექნიკუმად გადაკეთდა...
ნიკო ნიკოლაძე ღრმა სიბერემდე „ებრძოდა“ საქმეს. ახალი თაობა, ალბათ, მისი მაგალითით უნდა სწავლობდეს ქვეყნის მსახურებას, შრომის სიყვარულს, პროგრესული აზროვნების კულტურას. ისტორიის ნებისმიერ სასკოლო სახელმძღვანელოს დაამშვენებდა დოკუმენტური მასალა დიდი მამულიშვილის, „ულმობელი საქმის კაცის“, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის შესახებ. ნანული ცხვედიანი