3 minute read

ლატვია: კარგი მეგობარი და მხარდამჭერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში

ვროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. რადგან საქართველო მიზნად ისახავს ევროპაში სრულ ინტეგრაციას, რამდენიმე მაგალითი არსებობს, რომლითაც შეუძლია, იხელმძღვანელოს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ლატვია, განსაკუთრებით, მსგავსი მოცემულობის გამო, რომელიც ამ ორ ქვეყანას ჰქონდა. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ საინტერესოდ ისაუბრა რამდენიმე სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე, რომელიც საქართველოს ლატვიასთან აქვს.

თქვენი მისია ლატვიაში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, თუმცა საკმაოდ აქტიურად შეუდექით მოვალეობის შესრულებას, უკვე გამართეთ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა, როგორ აფასებთ თქვენს პირველ შეხვედრებს, როგორი განწყობაა ლატვიური მხარისგან?

Advertisement

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს წარმოვადგენ ლატვიის რესპუბლიკაში და მაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ლატვიაში ჩემი მისიის დაწყების შემდეგ, მქონდა შეხვედრები ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაიმონდს ვეიონისთან; ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან, ინარა მურნიეცესთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან; ლატვიის ვიცე-პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან, არტის პაბრიკსთან, ასევე ლატვიის საეიმას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლატვია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიესალმება ჩვენი ქვეყნის არჩევანს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, რაც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ლატვიის, როგორც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ღირებულია.

რა მიმართულებით ხედავთ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარების პოტენციალს?

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები უკვე 25 წელზე მეტს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა ბევრი მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია ეკონომიკური, თავდაცვის, კულტურის, მეცნიერების, განათლების და ტურიზმის სფეროები.

ორივე ქვეყნის მხრიდან არის გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ უფრო აქტიური გავხადოთ ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა აქვს. 2018 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი ევრო შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ამავე დროს 35%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ასევე რეკორდული იყო საქართველოს მხრიდან ლატვიაში განხორციელებული ექსპორტი და მან პირველად 10 მილიონ ევროს გადააჭარბა. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციიდან ტრადიციულად ყველაზე პოპულარული პროდუქტი ლატვიაში ალკოჰოლური სასმელები და მინერალური წყლებია. შესაძლოა ეს არც ისე დიდი რიცხვებია, მაგრამ გასათვალისწინებელია ორ ქვეყანას შორის დაშორება და არსებული ლოგისტიკური დაბრკოლებები. სატრანზიტო გადაზიდვების გამარტივება ლატვია-საქართველოს შორის ერთ-ერთი ამოცანაა.

გასათვალისწინებელია, რომ ლატვია ევროკავშირის ქვეყანაა და მისი გამოცდილება საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ლატვიამ საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სოფლის მეურნეობის სფეროს მართვაში, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მენეჯმენტის მიმართულებით, სოფლის და სამედიცინო ტურიზმში, ტყის საფარისა და ხის მასალების მართვაში და სხვა. სწორედ ამ მიმართულებებით ვგეგმავთ ორმხრივი პროექტების განხორციელებას.

ასევე დიდ ყურადღებას იპყრობს ტურიზმი. საყურადღებოა, რომ საქართველოში ლატვიელი ტურისტების რაოდენობა დინამიურად იზრდება, რაც ჩვენი ქვეყნისადმი, როგორც ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესის დამადასტურებელია. 2018 წელს საქართველოს ლატვიის დაახლოებით 17 000 მოქალაქე ეწვია.

მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. აღსანიშნავია, რომ ლატვიაში ქართული ხელოვნება, ჩვენი სამზარეულო და ქართული ღვინო ძალიან დაფასებულია. ჩემი სურვილია, რომ უფრო მეტმა ლატვიელმა გაიცნოს საქართველო და ასევე მეტმა ქართველმა გაიცნოს ლატვია.

ეკონომიკური, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა, კულტურული ურთიერთობების გაღრმავება იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამისათვის არსებული პოტენციალი დიდია.

რა თქმა უნდა პოლიტიკურ განზომილებაში მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

ორმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, ლატვიას და საქა- რთველოს აქტიური თანამშრომლობა აქვთ მრავალმხრივ ფორმატებშიც. ლატვია საქართველოს კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ ევროპული დემოკრატიის და თავისუფლების ღირებულებები და ფასეულობები გვაერთიანებს.

თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა ლატვია-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობის გაღრმავების კუთხით - რომელიმე სექტორს ხომ არ გამოყოფდით?

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ლატვიაში საქართველოს ეკონომიკური გარემოს და საინვესტიციო კლიმატის წარმოჩენაა. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-6 პოზიციაზეა. კომპანიის და საბანკო ანგარიშების გახსნის სიმარტივე, უცხოელ ინვესტორთა უფლებების დაცვა და სხვა წარმატებული შესაბამისი ინდიკატორები ლატვიური ბიზნეს აუდიტორიის საკმაოდ მაღალ დაინტერესებას იწვევს.

მისასალმებელია, რომ საკმაოდ მაღალია ლატვიელთა ეკონომიკური აქტიურობა საქართველოს რეგიონებში. ტურისტული ობიექტები, სასტუმრო იქნება ეს კაფე თუ სხვა, ლატვიელების მიერ სწორედ რეგიონებში იხსნება. სწორედ ამიტომ საელჩოს ინიციატივით იმართება ეკონომიკური რეგიონული ფორუმები, რომლის ფარგლებში ლატვიელ და ქართველ ბიზნესმენებს რეგიონებიდან საერთო ინტერესების გამონახვა და საერთო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. დღეისათვის უკვე ჩატარდა წარმატებით 2 რეგიონული ეკონომიკური ფორუმი და ვგეგმავთ მესამის ორგანიზებასაც.

ელჩის რანგში პირველად ხართ, რა მოგწონთ თქვენს ახალ თანამდებობაში და, ზოგადად, რიგაში/ლატვიაში?

დიახ, ეს ჩემი პირველი მისიაა ელჩის რანგში, რაც ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა. ელჩის პოზიცია მთელი რიგი ინიციატივების და იდეების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, ხოლო ლატვიაში, რომელთანაც ბევრი საერთო გვაკავშირებს, იდეების და ინიციატივების რეალობაში მოყვანა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია.

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვთ ქალებს დიპლომატიაში და როგორია პირადად თქვენი წარმატების ისტორია?

ქალის როლი და მისი როლის გაძლიერება უაღრესად მნიშვნე- ლოვანია, არა მხოლოდ დიპლომატიაში, არამედ ყველა სფეროში. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ქალი თავისი ბუნებით ძალიან ძლიერია და მას ბევრი წარმატების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, რომ ლატვიას ქალი ლიდერების წარმატებული მოღვაწეობით მდიდარი ისტორია აქვს.

ჩემს წარმატების ისტორიას ძალიან მარტივად შევაფასებდი, მე მიყვარს ჩემი საქმე, სწორედ იმ სფეროში ვმოღვაწეობ, სადაც ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი. როდესაც შენი პროფესია შენი ცხოვრების და პიროვნების განუყოფელი ნაწილია, ადვილია სასიკეთო საქმეების კეთება.

This article is from: