"კონცეპტი" - ჩუბიკას მაღაზია

Page 1

„კონცეპტი“ - ჩუბიკას მაღაზია ავტორი: ქეთევან კინწურაშვილი

მატარებელში საკითხავი I #6

ნათქვამია, სტილი არის ის, რასაც ადამიანი სხეულით ატარებსო. საუბარია მხატვრულ სტილზე და შესაბამისად, იგულისხმება ის, რასაც სხეულში ატარებს ადამიანი და არა სხეულზე. თუმცა, ხშირად სამოსის მიხედვითაც შენიშნავენ, რომ ადამიანს აქვს საკუთარი სტილი. სტილი კი ყოველთვის გულისხმობს ერთ მთლიანობას. ნინო ჩუბინიშვილი, რომელსაც ყველა იცნობს როგორც ჩუბიკას, ერთდროულად რამდენიმე დარგს – მოდის დიზაინს, სცენოგრაფიას, ქანდაკებას და გრაფიკას ემსახურება. თუმცა, უპირველესად, ის არის საკუთარი სამყაროს ავტორი. შესაძლოა ხატავდეს სულ პატარა, გამჭვირვალე ქაღალდზე, ან დიდ ქანდაკებას ასხამდეს ხორცს, მაგრამ ყველაფერი მისი შინაგანი სამყაროს გამოვლინებაა. ამგვარად, ჩუბიკა შინაარსს ასხამს ხორცს. ეს არ ნიშნავს, რომ ყვება – ის აყალიბებს. არის რაღაც შინაგანი განსაცდელი, ცოდნა ან ემოცია, რომელსაც მხატვარი ფორმას აძლევს. თუმცა, ამავე დროს, საიდუმლოდ ტოვებს. ეს საიდუმლოა, მის სამყაროსთან მიახლოების სურვილს რომ ბადებს. მისი „ჩაცმის“ და „ტარების“ სურვილსაც. ჩუბიკამ იცის, როგორ გაიაროს ამ – მზრუნველობისა (რადგან, თუ უნდა ჩაიცვა, უნდა მოგერგოს) და მომთხოვნობის ზღვარზე (რადგან სამყაროს განაწილება აუცილებლად გულისხმობს ყურადღების პრინციპს). ჩუბიკას სურვილია გაანაწილოს, და ამიტომ ამრავლებს საკუთარი შემოქმედების პროდუქტებს. მაგრამ სიმრავლე, მასთან, არ ნიშნავს ერთეულის მახასიათებლის დაკარგვას. გამრავლებულნიც, მისი პროდუქტები ნაწარმოებებად რჩება, დამოუკიდებელ ერთეულებად. რამდენჯერაც უნდა ჩამოასხან მისი ქანდაკება, ამოტვიფრონ მის მიერ შექმნილი რელიეფი, მით უმეტეს - შეკერონ მის მიერ დახატული სამოსი, ის დამოუკიდებელი ერთეულია. ამასთან, რასაც ანაწილებს,

60

ფოტო: გიო სუმბაძე

ავტორი ამავე დროს ძალიან უფრთხილდება და იცავს. გეთამაშება მკაცრად. გეპატიჟება, კარს გიღებს, მაგრამ დაცვის ხაზი გავლებულია. ჩუბიკა საკუთარ მაღაზიაში ეპატიჟება ყველას, მაგრამ ახვედრებს არა უბრალოდ სამოსსა და აქსესუარებს, არამედ ჩანაფიქრებს, რომლებიც სხვადასხვა სხეულზე გაცოცხლებას ელის. მხოლოდ თანამედროვე ხანაშია შესაძლებელი ერთი ნიმუში იყოს ქანდაკებაც, სამოსიც, აქსესუარიც და ლიტერატურაც. არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ეპოქა ითხოვს სწორედ ამას. სამოსის მორგების შემთხვევაში, საკუთარი სტილი ნიშნავს შეთვისებას, გათავისებას, რისთვისაც ასევე საჭიროა შინაარსი. და გაცნობიერებული ხედვა. უნდა ატარო სხეულში და არა სხეულზე. ჩუბიკამ თავის მაღაზიას უწოდა „კონცეპტი“. სწორედ იმიტომ, რომ კონცეფციას, აზრს, შინაარსს, მესიჯს მასთან


განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მესიჯის „ტარება“ უნდა შეძლოს მან, ვინც მის სამოსში გამოეწყობა. თუმცა, ზოგჯერ, ამგვარი სამოსი ან აქსესუარი, ნახატი ან ქანდაკება თავად აყალიბებს მას, ვინც ჩუბიკას შემოქმედების პროდუქტი უნდა მოირგოს. ნინო ჩუბინიშვილის მიერ წლების წინ შექმნილ მინიატურულ წიგნს ფურცელ-ფურცელ თუ დაათვალიერებთ და მისი ფანქრის მოძრაობას მიყვებით, ლაბირინთში აღმოჩნდებით. წიგნი ძალიან ინტიმური ნამუშევარია, პატარაა. გოგონამ თხოვა დედას, პრინცი დამიხატეო და ნინომ დახატა ზღაპარი, სადაც ლაბირინთში ანგელოზის სახით იმ ქმნილების პროტოტიპიც ჩნდება, რომელიც ბოლოს მის თეთრ სკულპტურასთან მიგიყვანთ, სახელწოდებით „ელენა“ (2013). პროფესიული განათლებით, ჩუბიკა თეატრის მხატვარიც არის და მოდის დიზაინერიც. შესაბამისად, კოსტიუმი მისი ძირითადი

მუშაობის და შესწავლის საგანია. ნინოს შემოქმედებაში აისახება სამოსის (და არა მხოლოდ) მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ცოდნა, რომელიც მჟღავნდება ცალკეულ ელემენტებში, ასოციაციებს რომ აღძრავენ ანტიკურ ხანასთან, გოთიკასთან, ბაროკოსთან, კლასიციზმთან, ნეოკლასიციზმთან და ასე შემდეგ. მთლიანობაში, ეს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებია, რომლებშიც თავს იყრის და ახალ ერთიანობაში ხელახლა „იბადება“ მრავალი ელემენტი. მიღებული პროდუქტი მოგვითხრობს არა წარსულზე, ან იმ ობიექტებზე, რომლებთანაც ისინი ასოციაციებს იწვევენ, არამედ ჩუბიკას შინაგან სამყაროზე, მის თავგადასავლებზე. მოგვითხრობს იმაზე, რაც ავტორისთვისაც გაურკვეველია და მხოლოდ შემოქმედებაში შეიძლება აისახოს, როგორც გამოსავალი. ჩუბიკას მიერ შექმნილ ტყავის ჩანთაზე სარკეს უტილიტარული დანიშნულებაც აქვს. თუმცა, მისი ჩანთები, იმავე სარკის „მონაწილეობით“, მცირე არქიტექტურულ ფორმებს ჰგვანან.

61


მას საინსტალაციო სივრცეშიც უყვარს სარკის გამოყენება, რადგან ანარეკლი და ჩრდილი, მისთვის ასევე მხატვრული გამოსახვის საშუალებებია. ნინო ჩუბინიშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. შემდეგ პარიზში, ფრანგული მოდის ინსტიტუტში სწავლობდა. 2011 წელს მან პიერ კარდენისთვის რამდენიმე კოსტიუმის პროექტი მოამზადა. სამოსის კერვა თავისთავად მოგვაგონებს ლაბირინთს, რადგან ძაფი ტარდება შესაკერი ობიექტის სხეულში. ნინოსთან სამოსის ზედაპირი ხშირად არის დატვირთული მრავალი ნაოჭით ან ნაკეცით, ან ზემოდან დაკერებული თუ ჩაქსოვილი სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ზოლებით. და ეს დეტალები არასოდეს არის მარტივად დეკორატიული. ისინი შინაარსს ქმნიან. ჩუბიკას ერთ-ერთი შთაგონების წყაროს – ეტიენ ლუი ბულეს „მოსაუბრე არქიტექტურის“ მსგავსად, აქ იგულისხმება ფორმის უკან არსებული ცოდნა და გამოცდილება. სწორედ

62

ამიტომ, ჩუბიკას საფირმო უცნაური ანგელოზი – ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, აქსესუარზე, სამკაულზე, ლარნაკზე თუ სავარძელზე მიჩენილი ადგილის მიხედვით, თითქოს გამომეტყველებასაც იცვლის. ჩუბიკას შემოქმედებაში თეთრი და შავი დომინირებს, მაგრამ ის ფერად კოსტიუმებსაც ქმნის. მისი ფერადი ტყავის ქანდაკება, რომელიც მრავალი სხვადასხვა ფერის ტყავის ნაჭრით არის აწყობილი, სტრუქტურით ისევ იმ პატარა შავ-თეთრ წიგნს მოგვაგონებს, რომლის გვერდები არა მხოლოდ ფანქრით, არამედ მაკრატლითაც არის შექმნილი, გამოსახულებები კი ფენებად ედება და აყალიბებს ერთმანეთს. მეანდრის მსგავსად, ერთი და იგივე, ნაცნობი ფორმის რიტმული გამეორება ალბათ წონასწორობას აპოვნინებს აფორიაქებულ გონებას. ხოლო გამოსახულება, რომელიც შემოქმედების სიმბოლურ გამოხატულებად იქცევა, საიდუმლოს ყალიბს, გაურკვევლობისთვის მიცემულ ფორმას წარმოადგენს.


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.