მადამ ბოვარი - ავტორი გუსტავ ფლობერი / Madame Bovary - Gustave Flaubert

Page 1

წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა www.ChiaturaINFO.GE

გუსტავ ფლობერი

მადამ ბოვარი ნაწილი პირველი I გაკვეთილზე ვიყავით, როცა დირექტორი შემოვიდა; მას შემოჰყვა ქალაქურად ჩაცმული ერთი ახალბედა და კლასის მსახური, რომელსაც დიდი მერხი მოჰქონდა. ვინც თვლემდა, მყის გამოფხიზლდა და ისე წამოხტა, თითქოს მუშაობაში ხელი შეუშალესო. დირექტორმა გვანიშნა, დასხედითო; მერე კლასის დამრიგებელს მიუბრუნდა: _ ბატონო როჟე, _ მიმართა დირექტორმა დაბალი ხმით, _ აი, წარმომიდგენია თქვენთვის ეს მოწაფე. მეხუთეში შემოდის, უკეთუ მეცადინეობითა და ყოფაქცევით დაიმსახურებს, უფროს კლასში გადავა, რაც მის ასაკს კიდევაც შეეფერება. ახალბედა კუთხეში იდგა, კარს უკან, ისე, რომ ძლივს ჩანდა; სოფლის ბიჭი იყო, თხუთმეტიოდე წლისა, ტანადობით ყოველ ჩვენგანზე უფრო მაღალი. თმა, ვით სოფლის მგალობელს, შუბლზე სწორად ჰქონდა შეკრეჭილი; სახე _ გონივრული და ძალზე დარცხვენილი. თუმცა მხარბეჭიანი არ იყო, მაგრამ მწვანე მაუდის შავღილებიანი საცმელი, ალბათ, იღლიებში უჭერდა, რის გამოც სახელოებიდან სიშიშვლეს ნაჩვევი დაწითლებული ხელები გამოეყო. საბეჭურით ძალზე აჭიმულ, მოყვითალო ფერის შარვალში ლურჯი წინდები უჩანდა; ფეხთ ეცვა მაგარი, ლურსმნით მოჭედილი და ცუდად გაწმენდილი ფეხსაცმელები. დაიწყო გაკვეთილზე გამოძახება. იგი ისეთ გულისყურს იჩენდა, თითქოს ქადაგებას უსმენსო. ვერ გაებედა ვერც ფეხზე ფეხის გადადება, ვერც იდაყვებზე დაყრდნობა და როცა ორ საათზე ზარი დაირეკა, დამრიგებელი იძულებული შეიქნა, გაეხსენებინა, რომ ისიც ჩვენთან ერთად რიგში ჩამდგარიყო. ჩვეულება გვქონდა, კლასში შესვლისას ქუდები ძირს დაგვეყარა, რათა ხელები უფრო თავისუფალი გვქონოდა; საჭირო იყო, კარიბჭიდანვე ქუდი კედლისთვის ისე გვეხალა, რომ შემდეგ მერხს ქვეშ შევარდნილიყო და ამასთანავე, ბევრი მტვერი აეყენებინა; აი, ბიჭობა ეს იყო! ახალბედამ ან ვერ შეამჩნია ეს ხერხი, ან ვერ გაბედა ჩვენთვის მოებაძა, ხოლო, როცა ლოცვა გათავდა, თავისი ქუდი ისევ მუხლებზე ედო. ეს იყო რაღაც რთული სახის ქუდი, სადაც იპოვიდით ბოხოხის, მრგვალი ქუდის, ბეწვიანი კასკეტისა და ბამბის ჩაჩის ელემენტებს. ერთი სიტყვით, უხეირო რაღაც, რომლის უთქმელი სიმახინჯე ისე ღრმად მეტყველია, ვით სულელის სახე. ოვალური, ვეშაპის ულვაშზე


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.