4 minute read
ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „დიპლომატისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა საქართველოს პოზიციას რუსეთის აგრესიის მიმართ და ქვეყნის ნაბიჯებს გაეროს SDG- ის მიზნებისა და სხვა მიზნების მისაღწევად. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა თავისი ახალი ეკონომიკური მოდელი და ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქეების ცხოვრებას შეცვლის.
ბატონო პრემიერო, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დანიშვნა და წარმატებები გისურვოთ ახალ თანამდებობაზე. თუმცა, ეს არ იქნება ადვილი, რადგან ქვეყანა არაერთი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის წინაშე დგას. როგორ აფასებთ ქვეყნის წინაშე არსებულ სირთულეებს და როგორ აპირებთ თქვენ და თქვენი გუნდი ამასთან გამკლავებას?
Advertisement
დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩვენი ქვეყანა მართლაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა შორის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უპირველეს ადგილზეა. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია პრობლემის ჰუმანიტარული ასპექტი - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსამართლო მდგომარეობა, იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლებიც დევნილებად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოკუპაციის დასრულების, გახლეჩილი მშვიდობიანი მოსახლეობის რეინტეგრაციისა და სხვა თანამდევი უმძიმესი პრობლემების გადაწყვეტისთვის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის წარმართვა და მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობა ყოველთვის მტკიცედ იცავდა ამ პრინციპებს და სამომავალოდაც, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მზად არის ძალ-ღონე არ დაიშუროს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გასატარებლად.
ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში, აშშ-თან თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული მოკავშირეა. გრძელდება მუშაობა ევროინტეგრაციის კუთხით, რაც საქართველოს ისტორიული და ღირებულებითი არჩევანია და რომელსაც არ გააჩნია ალტერნატივა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის. გარდა ამისა, ევროინტეგრაციის პროცესი ეფექტიანად უწყობს ხელს ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას, რაც დასტურდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითით.
საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროკავშირ-საქართველოს არსებული ურთიერთობების სრულად გამოყენებას, პირველ რიგში, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებას, რომელიც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო მიჩნეულია ლიდერად ევროინტეგრაციის რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ამავე დროს, ჩვენ კიდევ მეტი ამბიცია გვაქვს და ვმუშაობთ Roadmap2EU-ზე, რომელიც დაგვეხმარება ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციაში და ამ მხრივ ქვეყნას ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.
სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიემგზავრებით. რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი და როგორ ხედავთ საერთაშორისო საზოგადოების როლს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?
გაეროს გენერალური ასამბლეა გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გლობალურ თემებზე საუბრის კონტექსტში მსოფლიო ლიდერებთან ერთად განვიხილოთ საქართველოს მიღწევები დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მომავლის პერსპექტივები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.
ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე გაეროს ტრიბუნიდან ვისაუბროთ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაგრძელებულ აგრესიაზე, ჩვენი განუყოფელი რეგიონების ოკუპაციასა და იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც იქ არის შექმნილი ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. ამის ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, ტრაგედია, რომელიც ახლახან მოხდა.
ცხადია, გაეროს ტრიბუნიდან აუცილებლად ვისაუბრებ საქართველოს დღის წესრიგზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობა ურყევად და თანამიმდევრულად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე თითქმის ყოველდღიურად ხდება პროვოკაციები.
ვისაუბრებ ასევე კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ჩართულობას.
მოგეხსენებათ, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის დაიდო ევროკავშირის შუამავლობითა და ძალისხმევით. დღესაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევების გადასაჭრელად, მიმდინარეობს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ის აქტიური ჩართულობით.
ამავე დროს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების სირთულე ცხადყოფს, რომ აუცილებელია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ქმედითი საერთაშორისო ჩართულობა, რათა შესაძლებელი გახდეს მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ადგილზე.
მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ნათელი გახდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება რუსეთის უკანონო მოქმედებებს, ძალითა და ძალის გამოყენების მუქარით მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ზეგავლენა დამოუკიდებელი ქვეყნების განვითარების კურსსა და საგარეო-პოლიტიკურ არჩევანზე.
რას გულისხმობს თქვენი დაანონსებული ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, შეეხება თითოეულ ოჯახს?
ახალი მოდელი არ ეხება მხოლოდ ეკონომიკას, ის გულისხმობს მართვის დღევანდელი სისტემის მრავალმხრივ რეფორმირებას. ყველა სტრატეგიული მიმართულებით გატარდება ძირეული და ინოვაციური რეფორმები. ამ ცვლილებების მიზანი, პირველ რიგში, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. აუცილებელია ისეთი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება და თამაშის ისეთი წესების დამკვიდრება, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის ყოველი ქართული ოჯახისა და საქართველოს მოქალაქის მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ხსენებული რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად გატარება, რათა დროულად მოხდეს იმ პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც იმყოფება დღეს ჩვენი საზოგადოება.
2015 წელს გაერომ შეიმუშავა 17 მდგრადი განვითარების მიზნები, რომელიც 2030 წლამდე უნდა განხორციელდეს. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოც აწერს ხელს, რას აკეთებს თქვენი ხელისუფლება, რომ გაეროს ეს მიზნები განხორციელდეს?
მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია, რათა მომხდარიყო მდგრადი განვითარების მიზნების ჩვენი ქვეყნის განვითარების საჭიროებებზე მორგება. დაისახა კონკრეტული მიზნები და გაიწერა მათი შესრულების ვადები სხვადასხვა სექტორში. ამ პროცესში ხდება მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, რაშიც აქტიურად გვეხმარებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. ყველა ამ მიზნის მიღწევა აღემატება ერთი ქვეყნის შესაძლებლობებს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან. სხვათაშორის, გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო ამ მიზნების შესრულებით მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად არის აღიარებული.
ჩვენი მთავრობის უპირველესი ამოცანაა სწორედ ბოლო პერიოდის ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ჯანსაღი ბალანსის მიღწევა, ინკლუზიური განვითარების უზრუნველყოფა, რათა ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს. ამ მხრივ, მთავრობის ეკონომიკური პროგრამა მთლიანად გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნებზეა მორგებული.
ეროვნული გეგმის მიხედვით, მაგალითად, საქართველოში 2030 წლისთვის უკიდურესი სიღარიბე 1%-მდე უნდა შემცირდეს. თუმცა, სიღატაკის დასაძლევად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. გვესაჭიროება ფუნდამენტური რეფორმები, რათა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიან, თანამედროვე ეკონომიკად ვაქციოთ. ამიტომ საჭიროა საინვესტიციო კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება, კერძო და საჯარო პარტნიორობის წახალისება სხვადასხვა სფეროში. ჩვენი მთავრობის ძირითადი ძალისხმევა ახალგაზრდებზე, ინოვაციასა და განათლებაზე იქნება მიმართული.
როგორ შეაფასებდით ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გერმანიასთან არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი წარმატებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსის, ქალბატონ მერკელის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და უდავოდ წარმატებული გახლდათ. ვიტყოდი, რომ გერმანიის კანცლერის ისტორიული ვიზიტი ნათელი დასტურია იმის, რომ საქართველოს გერმა- ნიის პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უკავია. კანცლერის ვიზიტმა ნათლად დაგვანახა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და მის მთავარ პრიორიტეტებს: საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას. აგრეთვე, კანცლერის მხრიდან აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს იმ მნიშვნელოვან და წარმატებულ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
გერმანია საქართველოს პარტნიორად მოიაზრებს, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ აღიარება, რომ საქართველოს რეგიონში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მერკელთან ერთად იმყოფებოდნენ მსოფლიოში ცნობილი მოწინავე გერმანული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც კონკრეტული პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი კონკურენციული სატრანსპორტო კორიდორის შექმნის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ეს არის გერმანული კომპანიებისათვის უნიკალური საშუალება და პერსპექტივა, გაზარდონ ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიან რეგიონთან.
დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალბატონი კანცლერის ვიზიტი ნამდვილად ისტორიული გახლდათ.