7 minute read

საქართველოს ელჩი გაეროში

ელჩი კახა იმნაძე: საქართველოს, გაეროს კორიდორებში, გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს და თავისი სიტყვის თქმა შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წარმოადგენს მრავალეროვან ორგანოს, რომელიც თავს უყრის ქვეყნებს, რათა ერთად დასახონ სტრატეგიები საერთო პრობლემებსა და გამოწვევებზე საპასუხოდ. გაეროში საქართველოს როლსა და აქტიურ მონაწილეობაზე, საქართველოს ელჩს, კახა იმნაძეს ვესაუბრეთ.

როგორ არის საქართველო გაეროს მუშაობის პროცესში ჩართული?

Advertisement

საკმაოდ აქტიურად. მიუხედავად იმისა, რომ, რაოდენობრივად, მისია დიდი არაა, ჩართულნი ვართ და ვმონაწილეობთ პრაქტიკულად ყველა პროცესში, როგორც გაეროს საქმიანობის სამივე ძირითადი მიმართულებით (ანუ, მშვიდობა და უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება, ადამიანის უფლებები), ასევე - ორგანიზაციის რეფორმის პროცესში და სხვა ქვემდებარე ორგანოების საქმიანობაში, რაც გამოიხატება, როგორც საკომიტეტო და ძირითად ორგანოებში აქტიურობით (ქვეყნის პოზიციის გამოხატვა დებატებისას, სხვადასხვა რეზოლუციის ტექსტებზე მუშაობისას), ისე სხვადასხვა თემის წამოწევით თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად. გადაჭარბების გარეშე შემიძლია, ვთქვა, რომ საქართველოს, არის რა სანდო და ღირსეული წევრი სახელმწიფო და პარტნიორი ქვეყანა, გაეროს კორიდორებში გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს და თავისი სიტყვის თქმა შეუძლია.

რას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მიღწევად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში?

უნდა მომიტევოთ ერთგვარი ემოციური გადახვევა, მაგრამ, როდესაც მიღწევაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც სწორედ წელს ვიზეიმეთ და პირადად ჩემთვის, და მისიის ყველა თანამშრომლისთვის, ემოციურად მეტად ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი იყო. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ხედავ, რომ შენი იდეა ხორცს ისხამს და რეალობა ხდება. გაერომ გამოსცა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა. რამდენიმე თვე გაგრძელდა მომზადებისა და შეთანხმების ეს პროცესი და, საბოლოოდ, წარმატებით დასრულდა. პირველი და ჯერჯერობით უნიკალური შემთხვევაა, როდესაც, გაერომ გამოსცა მარკა შუასაუკუნის, ანუ, გაეროს დაარსებამდე მოღვაწე მოაზროვნეზე. ეს მარკა, როგორც იტყვიან, საშვილიშვილოდ დარჩება, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ის ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო უდიდესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაა, ორიგინალური დამწერლობით (ამიტომაც, სწორედ ქართულად დავიტანეთ რუსთაველის ციტატა: „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“, რომელიც პირდაპირ ეხმიანება გაეროს იდეალებს). იქვე აღბეჭდილია საქართველოს რუკაც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში, რაც ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმაა, ხოლო მარკის ევროში დენომინაცია კი - ქვეყნის ევროპულობისა. მარკა ცირკულაციაში 2018 წლის 26 მაისს გავიდა, ჩვენი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის დღეს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არა შემთხვევითი, არამედ წინასწარ დაგეგმილი იყო. ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც გაეროში გაიმართა, საქართველოშიც გადაიცა სხვადასხვა სატელევიზიო ეთერით. სწორედ ამ ღონისძიებით აღვნიშნეთ საქართველოს ეროვნული დღე და რესპუბლიკის 100 წლისთავი. გაეროს შენობაში აჟღერდა ქართული ფოლკლორისა და ჯაზის ბრწყინვალე ნაზავი ნიჭიერი მუსიკოსის, გიორგი მიქაძის კვინტეტისა და ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტების შესრულებით. უაღრესად ბედნიერი ვიყავი, რომ წილად მხვდა, ჩემი ქვეყანა წარმომედგინა გაეროში სწორედ ამ დღეს და არა რამდენიმე წლის წინ თუ შემდეგ, და რომ ქვეყნისთვის რაღაცის გაკეთება შევძელი. იმავეს გრძნობდნენ ჩვენი მისიის თანამშრომლები და სტაჟიორები - საოცრად კარგი და ლამაზი მომავალი თაობა - რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ ამ წარმატებისთვის.

- კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ამ ემოციური გადახვევისთვის. კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ძნელია იმის თქმა, თუ მაინც რა იყო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა. ზოგადად, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, როგორც გაეროში, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური წონის ზრდა, რაც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევასთან გამკლავების უკეთესი საშუალებაა, არის ის, რაზეც ყოველდღიურად მუშაობს ქართული დიპლომატია, როგორც თბილისში, ასევე - საზღვარგარეთ. გაეროში ყოველდღიური მუშაობა მიდის, რათა ქვეყნის შესაბამისი პოზიციონირება მოხდეს და ინტერესები იყოს დაცული. ხშირად, ეს ყოველდღიური, ერთგვარად, რუტინულიც კი, და გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო წარმოებს, როგორც საექსპერტო (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია), ასევე, ელჩების დონეზე. ეს გაეროს წესია და ჩვენ, ცხადია, არ ვართ გამონაკლისი. ასე მუშაობენ აქტიური ქვეყნები და ჩვენც ამ ფერხულში ვართ ჩართულები. ამ ყოველდღიური, შეუმჩნეველი მუშაობითა და ჩართულობით იქმნება იმის საფუძველი, რომ კრიტიკულ ვითარებაში მოახერხო თანამოაზრეთა მობილიზება შენი ინტერესების დასაცავად. ამიტომაც ძნელია, ვთქვა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა, მით უმეტეს, რომ ყველაზე დიდი დიპლომატიური გამოწვევა სახეზე გვაქვს - ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამ მხრივ, გაეროშიც და სხვა მიმართულებებითაც მიდის მუშაობა. ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ამ კონტექსტში გარკვეული მიღწევები გვაქვს კიდეც. ყოველწლიური რეზოლუცია ჩვენს ადგილნაცვალ პირებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტია და გადის გენერალურ ასამბლეაზე, ვფიქრობ, მიღწევათა შორის უნდა ჩაითვალოს. ქართველი კანდიდატების გამარჯვება სხვადასხვა, არჩევით თანამდებობაზე, ბოლო პერიოდში, ბ-ნ ზურაბ პოლოლიკაშვილის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევა და ქ-ნ ლია ნადარაიას ქალთა სტატუსის კომისიის წევრად ხელმეორედ არჩევა, რაშიც ჩვენი მისიის წვლილიც საკმაოდ მაღალი იყო, ასევე მნიშვნელოვან, დიპლომატიურ მიღწევად მიმაჩნია. აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა იმას, რომ როდესაც გაეროში წარმატებაზე ვსაუბრობთ, ეს არა მხოლოდ მისიის, არამედ მთლიანად ქართული დიპლომატიის საერთო ძალისხმევის შედეგია. როდესაც რამე გაეროს ფრონტზე ხდება, მისია, გასაგები მიზეზების გამო, ერთგვარად, „ფრონტის პირველ ხაზზეა“ და შესაბამის რეკომენდაციას ვუწევთ, რის შემდეგაც უდიდესი მოცულობის მუშაობა მიდის ხოლმე ეგრეთ წოდებულ „ზურგში“, ანუ - სხვადასხვა დედაქალაქში ჩვენი შესაბამისი ორმხრივი საელჩოების მხრიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთო კოორდინაციით. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, „ფრონტის ხაზზე“ ჩვენი კოლეგები იყვნენ ამა თუ იმ ქვეყანაში თუ რეგიონალურ საერთაშორისო სტრუქტურაში, და ჩვენი მისია ასრულებდეს დამხმარე და მხარდამჭერ ფუნქციას. საბოლოო ჯამში კი, ყველა გამარჯვება მაინც საერთო მუშაობის შედეგია იმ დიდი ორგანიზმისა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰქვია და რომლის ნაწილიც ვართ ჩვენც და - საქართველოს სხვა მისიები თუ საელჩოები.

გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლიდან იღებს რეზოლუციას სახელწოდებით „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითაც მხარს უჭერს დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც ქართული დიპლომატიის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, როგორც ვიცით, რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, ამის ფონზე, მაშინ, რაღა მნიშვნელობის მატარებელია ის ქართული მხარისთვის?

საერთოდ, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები სავალდებულო არაა. მხოლოდ, უშიშროების საბჭოს რეზოლუციებია სავალდებულო, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ისინიც ვერ სრულდება ან ირღვევა. მიუხედავად ამისა, ეს არის საერთაშორისო სამართლის სიბრტყე და გაეროს, თუნდაც არასავალდებულო რეზოლუციებს, როგორც მსოფლიოს ყველაზე ლეგიტიმური საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი დატვირთვა აქვს. ამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული გადაწყვეტილებებით წვეთ-წვეთობით იკრიბება და მყარდება საქართველოს საკითხი, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია გვაქვს და ის ყოველწლიურად გადის. თითოეული კენჭისყრა არის გამარჯვება, რომელიც რუსთაველის მარკაზე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, არანაკლებ ემოციურია და მასში სრულიად ქართული დიპლომატიაა ჩართული. კარგია, როდესაც მხარდამჭერთა რიგებში ქვეყანათა რაოდენობა მატულობს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია კენჭისყრის დროს ან მის სიახლოვეს არსებულ საერთაშორისო დინამიკაზე, სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებასა თუ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კონიუნქტურაზე, სამხედრო თუ ორმხრივი ურთიერთობების ასპექტებსა თუ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ამა თუ იმ ქვეყანაში. ამდენად, არც ის არის გამორიცხული, რომ, რაღაც ეტაპზე, კენჭისყრის მაჩვენებლებში გარკვეული „რყევაც“ იყოს და მხარდამჭერთა რაოდენობის მატების ან კლების გარკვეული ამპლიტუდა შეიქმნას. ყოფილან ქვეყნები, რომლებიც მხარდამჭერთა რიგებიდან წასულან და წლების შემდეგ დაბრუნებულან. ამდენად, მთავარი და უმთავრესი მაინც ის ფაქტია, რომ რეზოლუცია არსებობს და ის ყოველწლიურად გადის. მეტიც, ჩვენ მეორე რეზოლუციაც გვაქვს, ჟენევაში, ადამიანის უფლებათა საბჭოში, რომელიც უშუალოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ, ადამიანის უფლებათა პრობლემატიკას ეხება. ეს ორივე რეზოლუცია ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, და მე აქვე მივამატებდი შესაბამის დოკუმენტებსა თუ აქტივობებს ეუთოსა და ევროსაბჭოში. ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის ნაწილია, რასაც ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობა ჰქვია. და ბოლოს, კვლავ ჩვენი რეზოლუციის აქტუალობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ. ამ რეზოლუციას რომ ფასი არ ჰქონდეს, ალბათ არც მისი მოწინააღმდეგე ქვეყანა დახარჯავდა რესურსს და არ „იომებდა“ მის წინააღმდეგ.

გასული წლის ნოემბერში, თქვენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარედ დაინიშნეთ. რა მოვალეობები გაკისრიათ ამ თანამდებობაზე?

ეს ერთწლიანი „თანამდებობა“ გახლდათ. ზოგადად, მიღებულია, რომ გაეროში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესს რომელიმე ქვეყნის ელჩი ხელმძღვანელობს ხოლმე. გაერო ხომ მხოლოდ გაეროს სამდივნო და ის შენობაა არაა, რომელიც ყველასთვის ნაცნობი ღირსშესანიშნაობაა ნიუ-იორკში. გაერო წევრ სახელმწიფოებს ეკუთვნის და, შესაბამისად, პროცესებსაც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები წარმართავენ, რომლებსაც, იმ მომენტში უკვე, ეროვნულის ნაცვლად, „საერთაშორისო ქუდი“ აქვთ მორგებული. ეს, ერთგვარად, „დამატებითი დატვირთვაა“, რადგან. ამ შემთხვევაში. შენ არა კონკრეტულად შენი ქვეყნის საკითხზე მუშაობ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესიდან გამოდიხარ. ელჩების შერჩევა და დანიშვნა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან ხდება წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციების პროცესში, და შესაბამისად - ასამბლეის სესიის ხანგრძლივობამდე, ანუ, 1 წელი გრძელდება. მომდევნო წელს, მომდევნო ასამბლეის სესიისას შეიძლება უკვე, სხვა სახელმწიფოს ელჩმა განაგრძოს და ამგვარად ხდება გარკვეული როტაცია. ნებისმიერი ასეთი პროცესის ხელმძღვანელობა არის უდავოდ დიდი პატივი ნებისმიერი ელჩისთვის, რადგან ეს მისი პირადი აღიარება და დაფასებაა კოლეგების, წევრი სახელმწიფოების მხრიდან, შესაბამისად - უდიდესი პასუხისმგებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ ელჩი, ამ დროს, პირადი სახით არის ჩართული, ასეთი „აღიარების“ სარგებელი სწორედ მის ქვეყანაზე ვრცელდება და ეს მისი ქვეყნის სახელია. შესაბამისად, ის რომ, მე და ჩემი კოლეგა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, 1 წლის განმავლობაში, ამ პროცესს ვხელმძღვანელობდით, სწორედ ჩვენი ქვეყნების ცნობადობის და მათი პოლიტიკური წონის ზრდას უწყობდა ხელს. რაც შეეხება მოვალეობებს, ეს, პირველ რიგში, მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების წარმართვა გახლდათ, რომლის მიზანიც წევრ სახელმწიფოთა პოზიციების დაახლოება იყო, რათა მიღწეული კონსენსუსით განხორციელდეს უშიშროების საბჭოს რეფორმა. წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები დაინტერესებული ქვეყნების ჯგუფებთან თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან, საერთო სხდომები, ვმუშაობდით შესაბამის დოკუმენტზე. ურთულესი საკითხია, რომელიც ეხება ბევრი ქვეყნის გეოპოლიტიკურ ინტერესს, გლობალურს თუ რეგიონალურს, და, შესაბამისად, ძნელად მიიწევს წინ. ჩვენი თანათავმჯდომარეობისას მოხერხდა ხელშესახები პროგრესის მიღწევა და არსებულ პირობებში მაქსიმალურად კონსოლიდირებული დოკუმენტის დადება, ყველა ადრე არსებული დოკუმენტის შეჯერებითა და გათვალისწინებით. ასეთ დროს, ყველა ერთნაირად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ წარმატების საზომიც იმაშია, რომ, ერთგვარად, ყველა თანაბრად უკმაყოფილოც იყოს და - კმაყოფილიც. ეს კი მოხერხდა და ეს პროგრესი აღიარებულ იქნა გენერალური ასამბლეის ზეპირი გადაწყვეტილებითაც.

როგორც საქართველოს ელჩი გაეროში, ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ, რიგ შემთხვევაში, ვეტოს უფლებას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები მნიშვნელოვანი საკითხების დასაბლოკად იყენებენ, რაც შემდგომ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უუნაროსა და არაეფექტიანს ხდის, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში, ამის მაგალითია 2009 წლის 15 ივნისს, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებაზე ვეტოს დადება.

უდავოდ. თქვენს კითხვაშივეა მოცემული პასუხიც, რომელიც პრაქტიკითაც დასტურდება. რეფორმა აუცილებელია და ერთ-ერთი მთავარი სწორედ ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვაა. არის ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა წინადადება, არსებობს ქვეყანათა ჯგუფიც, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ, რომელიც ამ საკითხს ლობირებს. დეტალებზე საუბარი ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა, მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ ვეტოს უფლება უდავოდ უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და როდესაც ვეტოს უფლების მქონე ქვეყანა უშუალოდაა ჩართული კონფლიქტში, როგორც მხარე.

როგორც მოგეხსენებათ, გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება. 5 მათგანი - ა. შ. შ., დიდი ბრიტანეთი, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი და ჩინეთი - საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსით სარგებლობენ. დროებითი 10 წევრი კი, 2 წლის ვადით, გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეის მიერ აირჩევა. საქართველო არასდროს ყოფილა გაეროს ამ ერთ-ერთი მთავარი ორგანოს დროებითი წევრი. რას ფიქრობთ, რამდენად რეალისტურია, უახლოეს მომავალში, საქართველოს ხილვა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად? მუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

უშიშროების საბჭოს წევრობა, ქვეყნის მხრიდან, საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. აქ ადამიანური რესურსიც იგულისხმება და გარკვეულწილად - ფინანსურიც. როდესაც უშიშროების საბჭოს წევრი ხარ, უნდა ერკვეოდე მსოფლიოს ყველა „ცხელ წერტილში“, - არსებულ ვითარებაში, და უნდა გქონდეს შენი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ყოფნა არაფრის მომცემი და ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოცაა. ვფიქრობ, რომ საქართველო დღეს მზადაა ამ პასუხისმგებლობისთვის. მაგრამ არის გარკვეული დელიკატური მომენტი. საბჭოს წევრობა არჩევითია რეგიონალური პრინციპიდან გამომდინარე. არჩევნები შეიძლება, იყოს კონკურენტიანი ან კონკურენციის გარეშე. უახლოეს წლებში, შესაბამისი განაცხადები უკვე გაკეთებული აქვთ საქართველოს მეგობარ, პარტნიორ სახელმწიფოებს და, ამდენად, არჩევნებში „ჩახტომა“ და მათთვის კონკურენციის შექმნა არ იქნება არც სწორი და არც - ღირსეული საქციელი. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, რამდენიმე წლის წინ, ჩვენც გავაკეთეთ განაცხადი უახლოეს „თავისუფალ“ ადგილზე 2040-2041 წლების ვადით.

რადგან გაეროს ძირითად არჩევით ორგანოებზე ვსაუბრობთ, დავამატებ, რომ ჩვენ ვიყავით ეკონომიკურ-სოციალური საბჭოს წევრი 2014-2016 წლებში, ვართ ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი 2016-2018 წლების ვადით და ასევე წარდგენილი გვაქვს ამავე საბჭოში წევრობაზე განაცხადი, 2023-2025 წლებისთვის. 2014-2015 წლებში, მე გახლდით გაეროს გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ამავე პოსტზე ასევე გვაქვს კანდიდატურა წარდგენილი გაეროს გენერალური ასამბლეის 83-ე სესიის ფარგლებში, 2028-2029 წლებისთვის, ხოლო 2042 წელს კი უკვე წარდგენილი გვაქვს საქართველოს კანდიდატურა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტობაზე.

სირიის ქმედება, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, საფრთხეს ხომ არ უქმნის არაღიარების პოლიტიკას? მოელის თუ არა საქართველო, რომ უახლოეს პერიოდში, რუსეთის ზეწოლის შედეგად, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობა“ სხვა ქვეყნებმაც აღიარონ და ეს ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციად იქცეს? რა კეთდება იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დადგეს?

არაღიარების პოლიტიკა და, ზოგადად, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს დიპლომატიის ძალისხმევის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მხრივ ძალიან ბევრი კეთდება და ყველა დეტალზე საუბარი და „შიდა სამზარეულოს“ გასაჯაროება არ იქნება სწორი. გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული რეზოლუციები თუ გადაწყვეტილებები, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების კონტექსტშიც შეიძლება, განვიხილოთ. რაც შეეხება კონკრეტულად ასადის რეჟიმის, მე ასე ვიტყოდი, და არა სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას, არა მგონია, ის „ჯაჭვური რეაქციის“ საწყისად იქცეს, მით უმეტეს, რომ თავად ასადის რეჟიმს აღარ თვლიან ლეგიტიმურად თავისივე რეგიონში. ზოგადად, რომ გადავხედოთ იმ ქვეყანათა ჯგუფს, რომლებმაც რუსეთის ზეწოლით, მოსყიდვითა თუ სხვა გავლენით აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ნათლად ჩანს, რომ, მეტწილად, თავად ამ სახელმწიფოებშივე არ არის კარგად საქმე, ადამიანის უფლებების თემა იქნება ეს, კონფლიქტი თუ, ზოგადად, იქ არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობა საკუთრივ ქვეყანაში, საკუთარი მოსახლეობის თვალში, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება გარკვეული სარგებლის გამო, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ლიდერის ცვლილებისა და ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენასთან ერთად, მოხდა ამ აღიარების უკან წაღებაც. ამდენად, ვფიქრობ, რომ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებასაც ზუსტად ის ხანგრძლივობა აქვს, რაც თავად ამ რეჟიმსა თუ მის მფარველებს.

This article is from: