4 minute read
ადაპტაცია მშვიდობისთვის: ნატოს ტრანსფორმაცია და საქართველოს მისწრაფებები - ინტერვიუ დევიდ ქუარისთან
ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვესაუბრებით დიდი ბრიტანეთის მუდმივ წარმომადგენელს ნატოში დევიდ ქუარის, რათა სიღრმისეულად განვიხილოთ ნატოს როლი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურადაც. მსოფლიო უსაფრთხოების სწრაფად ცვალებადი გარემოს ფონზე, ბ-ნი ქუარი განიხილავს ნატოს ყოვლისმომცველ ტრანსფორმაციის მცდელობებს, რომლებიც გამოწვეულია მთელი რიგი გამოწვევებით, მათ შორის რუსეთის შეჭრით უკრაინაში. გაფართოებიდან დაწყებული ახალი სტრატეგიული კონცეფციების ჩამოყალიბებითა და მზარდი საფრთხეების აღმოფხვრაზე მუშაობით დამთავრებული, აშკარაა ალიანსის ერთგულება ადაპტაციისა და გამძლეობისადმი.
ეს ინტერვიუ, ასევე, ასახავს საქართველოს მისწრაფებებს ნატოში ინტეგრაციისკენ, ხაზს უსვამს ქვეყნის ერთგულებას ევროატლანტიკური სამყაროსადმი და მის ძალისხმევას ალიანსში ადგილის დასამკვიდრებლად.
პირველ რიგში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ნატოს როლზე მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, არა მხოლოდ ევროპაში, არამედ გლობალურად. როგორ ახერხებს ალიანსი უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციას?
ნატო გადის იმას, რაც სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი ტრანსფორმაციაა ცივი ომის დასრულების შემდეგ. და ეს განპირობებულია ცვლილებებით გლობალური უსაფრთხოების გარემოში, მაგრამ განსაკუთრებით იმით, რაც ამჟამად ხდება ევროატლანტიკურ რეგიონში, რუსეთის სასტიკი და უკანონო შეჭრა უკრაინაში. მაგრამ სახეზეა ტრანსფორმაციის ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს ნატოში. ის მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო მიმართულებას.
ჩვენ ვნახეთ, რომ ფინეთი უკვე შეუერთდა ალიანსს და იმედია, შვედეთიც მალე შეუერთდება. ვნახეთ ახალი სტრატეგიული კონცეფცია შარშან მადრიდის სამიტიდან, რომელიც ასახავს ნატოს ხედვას მსოფლიოზე, იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება საფრთხეები და გამოწვევები ზოგიერთ სფეროში. ჩვენ ნამდვილად ვნახეთ ცვლილებების უდიდესი პროგრამა თავდაცვის მხრივ, 30-ზე მეტწლიანი სტრატეგიით სამხედრო მიმრთულებით, ნატოს სამხედრო ძალების ორგანიზების ახალი გზებით და მრავალი ახალი გამოწვევის მოსალოდნელი პროგნოზირებით, როგორიცაა კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეები.
საქართველოში ვიზიტის შესახებაც რომ გვესაუბროთ, როგორ აფასებთ საქართველოს ერთგულებას ნატოში ინტეგრაციისადმი და მის პროგრესს ამ კუთხით?
ჩემი ვიზიტის დროს მოვისმინე ძალიან პოზიტიური გზავნილები, როგორც მთავრობისგან, ასევე ახალგაზრდებისგან, რომლებსაც პირადად შევხვდი, მათი სურვილის შესახებ, იყვნენ ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი, დაინახონ თავიანთი მომავალი ნატოსა და ევროკავშირში. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები მთავრობასთან, სადაც ხაზგასმით აღვნიშნე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი, მაგრამ ასევე, საქართველოს მხრიდან იმ რეფორმების გატარების აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს წევრობის მიღწევას. მე მივიღე ძალიან ძლიერი გზავნილი საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური კურსის ერთგულების და საჭირო სამუშაოს შესრულების შესახებ. ასე რომ, ჩვენ გვსურს ვიხილოთ პროგრესი ამ მიმართულებით.
რა დამატებითი ნაბიჯები ან რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ საქართველო მიუახლოვდეს ნატოს წევრობას?
ვფიქრობ, არის რამდენიმე სფერო, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. თავდაცვის სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და რადგან ნატო უკვე ატარებს წვრთნებს საქართველოსთან, მეტია გასაკეთებელი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. გარდა ამისა, აუცილებელია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ღონისძიებები. ნატო არის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსი და ჩვენ გვინდა ვიხილოთ შემდგომი ზომები პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და იმ დამოუკიდებელი მექანიზმების განსამტკიცებლად, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის ხერხემალს.
საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რეგიონულ უსაფრთხოებაში, მას მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს. როგორ იყენებს ნატო საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და როგორ აისახება ეს მის ფართო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიაში?
ნატო და დიდი ბრიტანეთი აფასებენ საქართველოს, როგორც პარტნიორს, ვგულისხმობ, როგორც ალიანსში, ისე ორმხრივ ურთიერთობებში. დიდ ბრიტანეთს აქვს ვრცელი სასწავლო პროგრამები ქართველ სამხედროებთან და ერთად მუშაობის ისტორია. საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნატოში, მათ შორის ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ჩათვლით. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მგრძნობიარე და ხშირად რთულ სამეზობლოში, საშუალებას აძლევს მას, ალიანსს მიაწოდოს ღირებული შეხედულებები და შესაძლებლობები. არსებობს დიდი შეშფოთება შავ ზღვაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ და საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ამ საკითხების გაგებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით.
თქვენი ამჟამინდელი და წინა თანამდებობებიდან, გაქვთ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება უსაფრთხოების მიმართულებით მოსალოდნელი გამოწვევების კუთხით. რა არის ის ძირითადი საფრთხეები და ტენდენციები, რომელთა აღმოფხვრაზეც უნდა იმუშაოს ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში?
სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც შარშან მადრიდის სამიტზე შეთანხმდა, ცხადი გახდა, რომ ალიანსის ყველაზე უშუალო საფრთხე რუსეთიდან მომდინარეობს. ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის; ჩვენ ვართ თავდაცვითი ალიანსი. თუმცა, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები უკრაინაში და სხვაგან სერიოზულ საფრთხეს უქმნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ რეგიონში. ჩვენ ასევე ძალიან შეშფოთებულები ვართ ტერორიზმის მუდმივი საფრთხის გამო, რომელიც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად ყველა მთავრობისთვის. ნატოს როლი ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელოვანი ასპექტი იყო გლობალური სურათის დანახვა თუ როგორ აისახება ეს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე. მაგალითად, ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას ჩვენი ინტერესების, უსაფრთხოებისა და ღირებულებების მიმართ და ნატომ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ გამოწვევების გადაჭრაში.