7 minute read
ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება: ინტერიუ ალექსანდრე ვინიკოვთან
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვთან ვსუბრობთ ნატო- საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებულ გამოწვევებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების დინამიკაზე, თანამშრომლობაზე არასამხედრო სფეროებში, საზოგადოების მხარდაჭერაზე ნატოში გაწევრიანების მიმართ და მის პრიორიტეტებზე მომავალი წლისთვის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლის საქმეში.
თითქმის ორი წელია რაც საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ხელმძღვანელობთ. როგორია თქვენი საერთო შეფასება საქართველო-ნატოს ურთიერთობების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ? რა პროგრესი იქნა მიღწეული ამ პერიოდის განმავლობაში?
საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან, ძალიან ღირებულია, მათ შორის იმ არაორდინარულ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ასეთი ძლიერი ჯერ არასდროს ყოფილა და საქართველო კვლავაც სარგებლობს პარტნიორობის ინსტრუმენტების ფართო სპექტრით. ნატოს მხარდაჭერა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას, ალიანსთან მისი თავსებადობისა და, შესაბამისად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, რომელიც რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვან შემდგომ პროგრესს საჭიროებს, რათა შეძლოს ევროატლანტიკური სტანდარტებისა და პრინციპების დაკმაყოფილება, რაც აუცილებელია თითოეული ასპირანტისთვის.
2022 წლის მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს, როგორც ნატოს ერთ-ერთ პარტნიორს, რომელიც ყველაზე მეტად განიცდიდა გარე საფრთხეებსა და ჩარევას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს ზომები კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ მხარდაჭერას და მიზნად ისახავს გააძლიეროს მისი მედეგობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ. დამატებითი ზომები კი არის ნატოს ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, კერძოდ, მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, ასევე მოკავშირეების ერთგულება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მიმართ საქართველოს საბოლოო წევრობის შესახებ და ნატოს ღია კარის პოლიტიკა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში გასულ წელს, ისევე როგორც ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში, რომელიც მიღებულ იქნა მიმდინარე წლის ივლისში.
საქართველოში მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობა, ისევე როგორც რეგულარული დიალოგი უმაღლეს დონეზე ბრიუსელში და სხვაგან, კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე. და როგორც საქართველოს მეგობარი, ნატო ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ პროგრესს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების სფეროში.
საქართველოში ჩამოსვლამდე უკრაინაში გეკავათ იგივე პოზიცია, როგორ აღიქვამთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს?
ნატო უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყანა და ნატოს ახლო პარტნიორია. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ქმედებებზე, რომლებმაც სერიოზულად შეარყიეს ევროატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება. ყირიმის უკანონო ანექსიას 2014 წელს, მოჰყვა სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის მიმართ 2022 წელს.
ნატო და მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის უპრეცედენტო დონის მხარდაჭერას, ეხმარებიან გაეროს წესდების მიხედვით თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
ვილნიუსში ნატოს სამიტზე მოკავშირეებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა იმის გამეორებით, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. გარდა ამისა, მოკავშირეებმა მიიღეს უპრეცედენტო მრავალწლიანი არსებითი დახმარების პაკეტი, რათა დაეხმარონ უკრაინას მიაღწიოს ნატოსთან სრულ თავსებადობას, ჩამოაყალიბეს ნატო-უკრაინის საბჭო (სადაც მოკავშირეები და უკრაინა იკრიბებიან, როგორც თანასწორნი), და მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის მოიხსნება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ე.წ. მაპის მოთხოვნა, რითაც უკრაინის საბოლოო გაწევრიანება ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესზე გადავა.. ყველა ეს პუნქტი კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ კვირას ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.
უკრაინის თავდაცვის ძალებისა და მოსახლეობის არაჩვეულებრივმა გამძლეობამ და გმირობამ შთააგონა მსოფლიო. შთამაგონებელია ისიც, რომ ომის დროსაც კი, უკრაინა აგრძელებს რთული რეფორმების გატარებას და ამით პროგრესის მიღწევას როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკურ გზაზე.
მანამდე მართლაც ვიმსახურე კიევში (2015 წლიდან 2021 წლამდე უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად), სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს ყოფილ კოლეგებს, პარტნიორებსა და მეგობრებს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნის დაცვას. უკრაინა ჩვენს საერთო ღირებულებებსაც იცავს და იმსახურებს ჩვენს სრულ და ურყევ მხარდაჭერას.
საქართველო უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ცდილობს ნატოში გაწევრიანებას. რაში ხედავთ საქართველოს მთავარ დაბრკოლებებსა თუ გამოწვევებს ნატოში გაწევრიანების გზაზე და როგორ შეიძლება ამ გამოწვევების დაძლევა?
წლების განმავლობაში საქართველომ გაატარა რეფორმების შთამბეჭდავი სპექტრი, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება მის თავდაცვის ძალებს და უსაფრთხოების უფრო ფართო სექტორს. თუმცა, მეტის გაკეთებაა საჭირო, თუნდაც ამ რთულ დროს.
მე განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხს. ასევე კრიტიკულია რეფორმები კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმებისა და მედიის თავისუფლების სფეროში. კიდევ მეტია გასაკეთებელი, რომ საქართველოს სისტემა ნატოს წევრი ქვეყნების დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს მოერგოს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აღადგინოს წინსვლის ტემპი, რეფორმების გატარების კუთხით. . ნატო კი განაგრძობს საქართველოს დახმარებას ამ გზაზე, მათ შორის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მეშვეობით.
საქართველომ გაატარა სხვადასხვა რეფორმა ნატოს სტანდარტებთან და ღირებულებებთან შესაბამისობის მისაღწევად. შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა საქართველოში და მათი გავლენა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივაზე?
ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესის შესაფასებლად, საქართველოს გააჩნია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), დოკუმენტი, რომელიც ორიენტირებულია ყოვლისმომცველ დემოკრატიულ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებზე, რომელსაც ყოველწლიურად შეიმუშავებს საქართველო ნატოსთან კონსულტაციით.
სახალხო მხარდაჭერა საქართველოში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ამჟამად თითქმის ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა და ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების სწრაფვა დიდი ხანია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საშინაო რეფორმების მამოძრავებელი ძალა. საქართველო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დემოკრატიზაციის კუთხით რეგიონში ლიდერი იყო და ნატოს მოკავშირეები ხედავენ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებს, მათ შორის დაინახეს „უცხოური აგენტების“ კანონის უკან გაწვევა.
2022 წლის ივნისში საქართველოს ევროკავშირმა მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და 12 რეკომენდაცია. ნატომ ANP-ის მეშვეობით საქართველოს მთავრობას რეკომენდაციები წარუდგინა. ამ ორ რეკომენდაციას შორის ბევრი დამთხვევაა. შესაბამისად, ნებისმიერი პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ნატოს წევრობასთანაც დაახლოებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს გააგრძელონ ძირითადი რეფორმების შემდგომი განხორციელება, გააძლიერონ დემოკრატიული ინსტიტუტები და გადაჭრან სისტემური გამოწვევები. ნატო რჩება საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად ერთობლივად მუშაობის ერთგული.
შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ნატოსთვის, ასევე რუსეთისთვის. უკრაინაში თქვენი გამოცდილებიდან და საქართველოში თქვენი ამჟამინდელი პოზიციიდან გამომდინარე, როგორ აღიქვამთ უსაფრთხოების დინამიკას შავი ზღვის რეგიონში და რა როლის შესრულება შეუძლია ნატოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში?
შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. შავი ზღვის სანაპიროს სამი სახელმწიფო ნატოს მოკავშირეა (ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი), ხოლო ორი ძალიან ახლო პარტნიორია (საქართველო და უკრაინა). შავი ზღვის მნიშვნელობა ხაზგასმულია ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ნატოს მეორე ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ამ რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, გააძლიერებენ მცდელობებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ წინაშე არსებული მკაფიო საფრთხეებისა და გამოწვევების გადასაჭრელად და გაზრდიან მათ მედეგობას მესამე მხარის მავნე ჩარევისა და იძულების წინააღმდეგ.
ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ რუსეთის თავდასხმების ზრდა უკრაინაზე შავ ზღვაში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის განმეორებით თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა უკრაინული მარცვლეულის საწყობები, მათ შორის რუმინეთთან სიახლოვეს და ვგმობთ რუსეთის მცდელობებს შეაჩეროს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი, რომელზეც ასობით მილიონი ადამიანია დამოკიდებული მთელ მსოფლიოში. ეს უპასუხისმგებლო ქმედებები საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, ნაოსნობის უსაფრთხოებას და მოკავშირეთა უსაფრთხოებას.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საპასუხოდ, ნატომ მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი წარმომადგენლობა რეგიონში, მათ შორის ორი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნით ბულგარეთსა და რუმინეთში. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ მეთვალყურეობა შავ ზღვაზე. და შეერთებულმა შტატებმა განათავსა დამატებითი ამერიკული F-16-ები რუმინეთში ნატოს საჰაერო პატრულის გასაძლიერებლად. ეს არის წინდახედული და არაესკალაციური ნაბიჯები. ისინი ჩვენი შესაძლებლობების და გადაწყვეტილების კონკრეტული დემონსტრირებაა, დავიცვათ ყველა მოკავშირე.
სამხედრო თანამშრომლობის გარდა, საქართველო ნატოსთან თანამშრომლობს სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება და მედეგობა. რა გზებით თანამშრომლობს საქართველო ნატოსთან ამ არასამხედრო სფეროებში და რა მიღწევებს გამოყოფდით ამ მიმართულებით?
ნატოს მხარდაჭერა კიბერ უსაფრთხოების სფეროში ტრადიციულად ორიენტირებულია თავდაცვის სამინისტროსთან ერთად შესაძლებლობების განვითარებაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კიბერ თავდაცვის ინიციატივის ფარგლებში. ნატოს სხვა ინსტრუმენტებმაც შეუწყვეს ხელი საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარებას. მადრიდის სამიტზე შეთანხმებული საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებებით, ნატო და საქართველო ამჟამად ავრცელებენ კიბერთანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროს მიღმა, ეროვნულ დონეზე, გაძლიერებული (და სახელწოდებით) SNGP კიბერუსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში.
ნატოში გაწევრიანების გზაზე საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ შეაფასებდით ნატოსადმი საზოგადოების მხარდაჭერის დონეს საქართველოში და რა შეიძლება გაკეთდეს ნატოს როლისა და სარგებლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად?
საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველომ მკაფიო არჩევანი გააკეთა და საქართველო ეკუთვნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობას. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს და პატივს სცემს თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და შეუერთდეს თუ არა რომელიმე ხელშეკრულებას ან ორგანიზაციას. ნატო ძალიან მკაფიო იყო რუსეთთან: ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ჩვენს ძირითად პრინციპებზე; ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე უკრაინის ან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. მაგრამ ალიანსში გასაწევრიანებლად, მოელიან, რომ ერი პატივს სცემს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ღირებულებებს და დააკმაყოფილებს გარკვეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მოთხოვნებს. მართლაც, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნატოში არ შედის მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები; ეს არის მთელი ქვეყანა.
დაბოლოს, როგორც საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, რა პრიორიტეტები გაქვთ მომავალი წლისთვის საქართველო-ნატოს ურთიერთობების წინსვლისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის თვალსაზრისით?
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის პრიორიტეტები მოიცავს დიალოგისა და ურთიერთობების შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან. ამ კუთხით, ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობისთვის რჩევების მიცემას და დახმარებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო სამოქალაქო და სამხედრო რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დემოკრატიული ზედამხედველობის სფეროში.
ჩვენ ასევე გავაგრძელებთ პრაქტიკული დახმარების გაწევას და ხელშეწყობას, რომელიც ხორციელდება ძირითადად SNGP-ის სხვადასხვა ინიციატივების, ასევე შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროფესიული განვითარების, თავდაცვის დაგეგმვის, თავდაცვის განათლების, საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებში და ინსტიტუტებში კარგი მმართველობის განვითარების, მეცნიერებისა და თანამშრომლობის სხვა პროგრამულ მიმართულებებზე. NLO-ს კიდევ ერთი პრიორიტეტია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მხარდაჭერა ადვოკატირების, რჩევებისა და შესაძლებლობების განვითარების გზით.
დაბოლოს, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ სახალხო დიპლომატიას. ჩვენ მუდმივად ვუკავშირდებით ქართულ საზოგადოებას, რათა ხელი შევუწყოთ ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ზოგადად და ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის მუშაობას. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაცნობით შეხვედრებზე, რათა პირადად შევხვდეთ დაინტერესებულ ოფიციალურ პირებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, თემის ლიდერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.