საქართველოს საინოვაციო პოლიტიკის მონახაზი

Page 1

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ინოვაციური საქართველო” საქართველოს საინოვაციო პოლიტიკის მონახაზი (რეკომენდაციები საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელებისთვის საინოვაციო პოლიტიკის თაობაზე) წინამდებარე რეკომენდაციები მსოფლიოში, ევროკავშირსა და საქართველოში მიმდინარე საინოვაციო პროცესებისა და ეროვნული საინოვაციო სისტემების კვლევის საფუძველზეა მომზადებული. კვლევა წარმოებდა 2009–2012 წლებში ევროკავშირის, ფონდ ღია საზოგადოებისა და ებერტის ფონდის ხელშეწყობით. კვლევის აუცილებლობა განაპირობა რამდენიმე გარემოებამ: საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის უქონლობამ, რაც არაერთხელ აღნიშნეს ევროკავშირის მისიებმა; კვლევითი და უმაღლესი განათლების სისტემების წარუმატებელმა რეფორმამ; კვლევითი სისტემის უაღრესმა დაკნინებამ; კერძო სექტორში კვლევის უმნიშვნელო მოცულობამ. ეს გარემოებები კითხვის ქვეშ აყენებენ საქართევლოს მიერ გაცხადებულ ევროინტეგრაციას, რადგანაც მკვეთრად არ შეესაბამებიან ევროკავშირის პრაქტიკას. კითხვის ქვეშ დგება საქართველოში ეკონომიკისა და კეთილდღეობის ზრდის გრძელვადიანი პერსპექტივა. რეკომენდაციებში საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის მონახაზია მოცემული. მთავარი ღონისძიებებია: 

ეროვნული საინოვაციო პოლიტიკის შესახებ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და მიღება.

საინოვაციო პოლიტიკის ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო ამოცანად აღიარება.

ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინოვაციების ეროვნული საბჭოს შექმნა.

ქვემოთ მოგვყავს იმ საკითხების ჩამონათვალი, მოკლე განმარტებებით, რომელსაც სტრატეგიული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს (ჩამონათვალი ამომწურავი არაა):

1. საინოვაციო ინფრასტრუქტურის განვითარება 

კვლევითი სისტემის განვითარება. ბოლო წლებში ამ საკითხის საჯარო განხილვამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა. ამის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი ისაა, რომ კვლევითი სისტემა არ იხილებოდა ქვეყნის ინოვაციური განვითარების კონტექსტში. გასათვალისწინებელია, რომ განათლებასთან დაკავშირებული ფუნქციის გარდა, კვლევით სისტემას სხვა ფუნქციებიც გააჩნია: სიახლეების შექმნის და ეკონომიკაში გადაცემის; ქვეყნის გარეთ შექმნილი სიახლეების მონიტორინგისა და მათი ადაპტირების; ქვეყნის მართვის საინფორმაციო უზრუნველყოფის. დასადგენია: კვლევითი და მასთან გათანაბრებული საქმიანობის თანამედროვე განსაზღვრება; მისი ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმები; ძირითად მონაწილეთა უფლებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში; ხელისუფლების ყველა შტოსა და ყველა უწყების პასუხისმგებლობა კვლევითი საქმიანობის გაფართოების მიმართ. კვლევითი სისტემა უნდა იყოს დაცული ხელისუფლების ცვლასთან დაკავშირებული რისკებისგან. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში უნდა დაიგეგმოს კვლევის მოცულობის ზრდა და მისი სხვა ინდიკატორების თანდათანობითი გაუმჯობესება სათანადო პროგნოზების საფუძველზე. ასე თუ არ გაკეთდა, საქართველო სულ უფრო დაშორდება ევროკავშირს, რომელიც, მიუხედავად კრიზისისა, მკვეთრად ზრდის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (ჰორიზონტი 2020) დაფინანსებას. აგრეთვე, ქართველ მეცნიერებს მომავალში გაუჭირდებათ ჩარჩო პროგრამის კონკურსებში მონაწილეობა.

კვლევის განვითარება კერძო სექტორში. ზრდის სწორი ორიენტირების დადგენის შემთხვევაში, კვლევის ზრდას საჯარო სექტორში მოყვება კვლევის ზრდა კერძო სექტორშიც. საწარმოებს

1


(პირველ რიგში, მცირე და საშუალოს) საჯარო სახსრებიდან კვლევითი გრანტების მიღების უფლება უნდა მივცეთ. უნდა გამოვიყენოთ საგადასახადო და სატარიფო შეღავათები, შემოკლებული საამორტიზაციო ვადები და სხვა წამახალისებელი ინსტრუმენტები კვლევით და საინოვაციო საქმიანობაში ჩართულ საწარმოთა მიმართ. უნდა შევთავაზოთ საწარმოებს არასაფინანსო დახმარებაც (მაგ., პერსონალის უფასო ან შეღავათიან ფასებში გადამზადება, საჯარო კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან კვლევითი დახმარება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში დახმარება და სხვ.). 

უმაღლესი, პროფესიული მომზადებისა და უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება. ინოვაცია დინამიური პროცესია, რომელიც თანამშრომელთა პროფილის მუდმივ ცვლილებას ითხოვს. ეს პროცესი მარტივდება, როდესაც: ა) სახელმწიფო საკმარისად აფინანსებს განათლებას და ბ) განათლების სისტემა კარგ ფუნდამენტურ ცოდნას იძლევა (მათემატიკა, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი დისციპლინები). უკანასკნელის უზრუნველსაყოფად სათანადო დონეზე უნდა დაფინანსდეს ამ სფეროებში საუნივერსიტეტო კვლევა. კვლევა უნდა გახდეს უნივერსიტეტების აკრედიტაციის აუცილებელი პირობა. განათლებისა და კვლევის სფეროებში ინვესტირების გზით უნდა იქნას დაძლეული საქართველოში განათლებაზე საჯარო ხარჯების (მშპ-თან მიმართებაში) ჩამორჩენა. ადამიანების მომზადება-გადამზადებაში უნდა ავითვისოთ ევროკავშირის გამოცდილება.

კვლევითი მომსახურების სისტემის განვითარება. რეაბილიტაცია ესაჭიროება ისეთ სამსახურებს, როგორიცაა ჯიშთა გამოცდის სადგურები, ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური, გეოდეზიური, მეტროლოგიური, ხარისხის მართვის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და სხვ. ზოგიერთი არარსებული, მაგრამ აუცილებელი სამსახური შესაქმნელია (მაგალითად, საკონსულტაციო სამსახური სოფლის მეურნეობაში ). სამსახურების განვითარება შესაბამისი სამინისტროების უმნიშვნელოვანეს ამოცანად უნდა იქცეს.

საშუამავლო ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს სამსახურები, რომელიც ხელს უწყობს როგორც ეროვნული, ასევე უცხოური კვლევების შედეგების წარმოებაში გადაცემას – ბიზნეს-ინკუბატორები, ტექნოპარკები, საკონსულტაციო და ტექნოლოგიის გადაცემის ცენტრები. მიუღებელია ამ სფეროს მინდობა მხოლოდ დონორთა კეთილი ნებისთვის. ამავე დროს, დონორული პროექტების პროექტისშემდგომი მხარდაჭერა სახელმწიფო ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. უნდა შეიქმნას ტექნოლოგიის დიფუზიის ხელშემწყობი მექანიზმები (მაგალითად, მაღალტექნოლოგიური სპეციალური ეკონომიკური ზონები, სასოფლო-სამეურნეო საკონსულტაციო ცენტრები და სადემონსტრაციო ფერმები და სხვ.).

2. საინოვაციო გარემოს ფორმირება მთავრობა ქმნის პირობებს/გარემოს საინოვაციო პროცესის წასახალისებლად. მაგალითად, ქმნის კანონმდებლობას, რომელიც ითვალისწინებს ინოვაციური მცირე ბიზნესისთვის შეღავათებს, უნივერსიტეტებში შექმნილი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის წახალისებას და სხვ. საინოვაციო პოლიტიკის მეშვეობით სახელმწიფო ინოვაციის ყველა არხზე ზემოქმედებს, რაც შემდეგს გულისხმობს: 

ინოვაციური მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განმარტების (განსაზღვრების) მეთოდიკა რადიკალურად განსხვავდება საერთაშორისოდ აღიარებულისგან, რაც საინოვაციო პროცესისთვის ხელისშემშლელი გარემოებაა. საგადასახადო კოდექსი აწესებს შეღავათებს მხოლოდ მიკროსაწარმოებისთვის, რაც საინოვაციო საქმიანობას ვერ უზრუნველყოფს. შემოსაღებია ინოვაციური საწარმოს ცნება. ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობა, ევროპულისგან განსხვავებით, გამორიცხავს კერძო საწარმოსთვის პირდაპირი საფინანსო დახმარების გაწევას საინოვაციო და კვლევითი მიზნებისთვის. საჭიროა მისი კორექტირება საერთაშორისო, კერძოდ კი ევროკავშირის, პრაქტიკის გათვალისწინებით.

2


სასოფლო-სამეურნეო ინოვაციის მხარდაჭერა. სიღარიბის დასაძლევად, გარემოს დასაცავად და სხვა, აუცილებელია საინოვაციო ღონისძიებების გატარება მცირე მეურნეობებში, რაც განსაკუთრებით რთულია. გარდა სახელმწიფო საკონსულტაციო სამსახურის არსებობისა, ეს მოითხოვს მცირე ფერმერთა კოოპერაციას, რაც საქართველოში ორგანიზაციულ ინოვაციად უნდა მივიჩნიოთ და სათანადოდ წავახალისოთ. ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიული და საკანონმდებლო ინიციატივები (მაგალითად, ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე”, "სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2012-2020 წლებში”, კანონპროექტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ) სერიოზულ განხილვას მოითხოვენ საინოვაციო პოლიტიკის ამოცანების გათვალისწინებით.

არაკვლევითი ინოვაციის მხარდაჭერა. ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საქართველოში ინოვაცია ძირითადად არაკვლევითი არხებით ხორციელდება (მაგალითად, მანქანამოწყობილობის იმპორტი, რომელშიც ტექნოლოგიაა ჩაქსოვილი ან საპატენტო ლიცენზია, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახლავს). არაკვლევითი ინოვაციის ეფექტიანი მართვა უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობის ამოცანაა. კანონმდებლობა უნდა შეიცავდეს ამ ტიპის ინოვაციის წახალისებას.

მიზანშეწონილი ინოვაციის მხარდაჭერა. "ჩვეულებრივ” (გავრცელებულ) ცოდნაზე დაფუძნებულ, "ტრადიციულ” ტექნოლოგიებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც დღესაც შეიძლება წარმატებით იყოს გამოყენებული. მათი ათვისების ინოვაციად აღიარება - გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთი "რუტინული” ინოვაციები მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის. მთავრობამ, განსაკუთრებით კი ადგილობრივმა მმართველობამ, ასეთ ინოვაციებს წამახალისებელი ზომები უნდა მიაგებოს.

3. საჯარო ადმინისტრაცია და საინოვაციო პროცესი მთავრობა მოქმედებს, ერთი მხრივ, როგორც ინვესტორი, აბანდებს რა ზოგადად განათლებისა და კვლევის სისტემებში, საინოვაციო ინსტრუმენტებსა და სპეციფიურ საინოვაციო პროექტებში, ხოლო მეორე მხრივ, როგორც კატალიზატორი და რეგულატორი, ქმნის რა საინოვაციო პროცესის ხელშემწყობ პირობებს. საინოვაციო პოლიტიკის განხორციელება ამ ფუნქციების რეალიზაციას ითხოვს, რასაც ქვეყნის მართვის სფეროში სერიოზული ცვლილებები შეაქვს. 

მთავრობის ჩართულობა საინოვაციო პროცესების მართვაში და კვლევითი სისტემის ჩართულობა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში. ინოვაციაზე ორიენტირებული ქვეყნები პოლიტიკის განხორციელების მიზნით ქმნიან მაღალი დონის საინოვაციო საბჭოებს (პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით). მათი წევრებია მინისტრები, კვლევითი სისტემისა (აკადემიური წრეების) და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. საბჭოებს გააჩნიათ სათანადო მუშა ორგანოები. ეს პრაქტიკა საქართველოში დასამკვიდრებელია. სამინისტროების კომპეტენტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, მრავალი მათგანის სისტემაში (მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში) კვლევითი ორგანიზაციები უნდა აღსდგეს ან დაფუძნდეს, ხოლო უშუალოდ აპარატში განისაზღვროს საინოვაციო პოლიტიკისთვის პასუხისმგებელი ქვედანაყოფები. სამინისტროებს უნდა გააჩნდეთ, აგრეთვე, სახსრები კვლევის დასაკვეთად.

ადგილობრივი მმართველობის ჩართულობა საინოვაციო პროცესებში. ადგილობრივი თვითმმართველობები საინოვაციო პოლიტიკის განხორციელებაში სერიოზულ როლს თამაშობენ. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რეგიონული კონკურენტუნარიანობისა და, კარგი გაგებით, რეგიონებს შორის შეჯიბრებითობასთან. მისი შესრულებისთვის რეგიონებს არსებითი ფინანსური რესურსები უნდა გააჩნდეთ. რეგიონული/ადგილობრივი მმართველობების ძლიერი დამოკიდებულება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებზე ინოვაციურ განვითარებას ხელს შეუშლის. უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც ადგილობრივი მმართველობების უფლებებსა და მათი სახსრების წარმოქმნას განსაზღვრავს. უნდა დაფუძნდეს რეგიონული განვითარების ფონდები და ცენტრები, რომლებიც მოახდენენ საინოვაციო პროგრამებისთვის სხვადასხვა წყაროდან მიღებული სახსრების აკუმულირებას. 3


სახელმწიფო მოხელეთა ფართომასშტაბიანი გადამზადება საინოვაციო პოლიტიკის სფეროში. საინოვაციო პოლიტიკა ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და, რაც მნიშვნელოვანია, პრიორიტეტებზეა დაფუძნებული. მისი განხორციელება მოითხოვს საჯარო მოხელეების მაღალ კვალიფიკაციას, რაც მათი გადამზადების არსებულ პროგრამაში ცვლილებების შეტანით მიიღწევა. შედეგი გაამართლებს ხარჯებს.

საინოვაციო სფეროს მართვა სახელმწიფო პროგრამების საფუძველზე. განვითარების პრიორიტეტების დადგენა, განსაკუთრებით კვლევის სფეროში, ცხარე დისკუსიებს იწვევს. ამოცანა საგრძნობლად მარტივდება, თუ მას დავიყვანთ კითხვამდე ’‘რით დავიწყოთ?”. ამ შემთხვევაში წინა პლანზე გამოდის თვალსაჩინო, ბუნებრივი პრიორიტეტები. მათზე დაყრდნობით უნდა ჩამოყალიბდეს რამდენიმე სასტარტო სახელმწიფო საინოვაციო პროგრამა. ყველა პროგრამას უნდა გააჩნდეს სახელმწიფო კანონის სტატუსი, რომელიც პროგრამის დასრულებამდე მოქმედებს. პრიორიტეტების ჯგუფები ასეთია:

პირველი ჯგუფი

– ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფა ცვალებად გარემოში: სურსათით უზრუნველყოფა (სასურსათო უსაფრთხოება), სასოფლო-სამეურნეო კვლევა და საკონსულტაციო სისტემის განვითარება; გარემოს კვლევა და გარემოსდაცვითი კონსულტირების ძლიერი სისტემების განვითარება; სამედიცინო კვლევა და სამედიცინო მომსახურების სისტემის სრულყოფა.

მეორე ჯგუფი – კვლევა ადგილობრივი მინერალური და არასაკვები სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების სფეროში.

მესამე ჯგუფი – კვლევა ენერგოეფექტური, ენერგოუსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების (მაგალითად, მზის ენერგიის გამოყენების) სფეროში.

მეოთხე ჯგუფი – კვლევა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ახალი ელექტრონული საინფორმაციო რესურსების შექმნისა და არქივების ციფრულ ფორმაში გადაყვანის სფეროში.

მეხუთე ჯგუფი – ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების სფეროში, რომელიც ქვეყნის მართვის საინფორმაციო მხარდაჭერასა და კონსულტირებას უზრუნველყოფს. ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ კვლევა გულისხმობს როგორც ახალი ტექნოლოგიების შექმნას, ასევე არსებული ტექნოლოგიების ადაპტირებას და, გარდა ამისა, ქართული საზოგადოების ინფორმირებას მსოფლიოში მიმდინარე ინოვაციური პროცესების შესახებ. ყველა აღნიშნულ ჯგუფში კვლევა გულისხმობს, აგრეთვე, მეცნიერების უახლესი მიღწევების გამოყენების მხარდაჭერას ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგია, გენეტიკა, ფოტონიკა, მიკროელექტრონიკა და სხვ.

4. საინოვაციო პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფა საინოვაციო პოლიტიკის განხორციელება მონიტორინგს მოითხოვს. იგი ევროკომისიის სტატისტიკური სააგენტოს (EUROSTAT) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებულ ინდიკატორთა სისტემას უნდა დაეყრდნოს. ამისთვის სახელმწიფო სტატისტიკის სისტემაში უნდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს კვლევის, შემუშავებისა და საინოვაციო საქმიანობის აღრიცხვის ბლოკი. საჭიროა კვლევითი სისტემის პროდუქციის აღრიცხვა და საჯარო სახსრებით განხორციელებული კვლევების შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აგრეთვე, მსოფლიო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის წვდომა და ანალიზი. ამ მიზნებით უნდა შემუშავდეს სპეციალური საინფორმაციო უზრუნველყოფის პროგრამა. ***

4


შეთავაზებული ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკური განვითარების მოდელის არსებით ცვლილებას ნიშნავს. იგი კანონმდებლობის მრავალ სფეროში ცვლილებას და სახელმწიფო მართვის აპარატისგან არსებულზე უფრო რთული ამოცანის შესრულებას მოითხოვს. იგი მოითხოვს, აგრეთვე, დამტკიცებულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მართვას, ადგილობრივი მმართველობების მეტ დამოუკიდებლობასა და ევროინტეგრაციის პროცესის ფართო და სიღრმისეულ აღქმას. მეორე მხრივ, ამ ცვლილებების გატარება ღირს, რამდენადაც ეს განვითარებული ქვეყნების ჯგუფთან თანმიმდევრული მიახლოების ერთადერთი გზაა. საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ეს ძლიერი გამოწვევაა, - თავისებური გრძელვადიანი ზეამოცანა. მისი დასმისთვის პოლიტიკური ძალების თანხმობაა საჭირო, უფრო მეტიც, ეროვნული თანხმობა, იმის თაობაზე, რომ ქვეყანა მის გადაწყვეტას შეუდგება.

წყაროები: 1. მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია. რედაქტორები: ო. შატბერაშვილი, ი. გოგოძე. ასოციაცია ეგსიგ, თბილისი, 2010. 310 გვ., ლიტ. 300 . (www.inovdev.ge). 2. ევროგაერთიანების აღმოსავლეთის პარტნირობის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები. რედაქტორი: ი. გოგოძე, ასოციაცია ეგსიგ, თბილისი, 2011. 240 გვ., ლიტ. 220. (www.inovdev.ge). 3. აღმოსავლეთის პარტნიორობა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები საქართველოში. რედაქტორი: კ. გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. თბილისი, 2012. 110 გვ.

5


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.