იუკიო მუშიმა
ღოლოს ყვავილები
ჯიბიდან ბურთი ამოიღო - და მაღლა ცაში ააგდო. ცისფერი ზეცა. ზეცამ მიიღო ბურთი, თავისთან აიტაცა - და ძალიან სწრაფად დააბრუნა უკან. ბიჭუნამ ბურთი დაიჭირა და ისევ ააგდო- თითქოს ამ ზეცას დაეუფლა. მერე კი ჰაერი შეისუნთქა, ღრმად-ღრმად. აქამდე არასდროს, არც სახლში, არც ქუჩაში, ასე არ შეეძლო სუნთქვა: იქ საჭმელი მეტი იყო, ვიდრე ჰაერი. პირს ივსებდა ჰაერით და უცნაურ გემოსა და სუნს შეიგრძნობდა - ცისფერი ცა და თეთრი ღრუბლები... საიდან მოვიდა მასთან ეს სურნელი და გემო - არ იცოდა; მხოლოდ გრძნობდა, რომ გულის სიღრმეში უწყოდა მათი ასავალ-დასავალი. ისევ სიხარულმა მოიცვა. ჭეშმარიტების შეცნობის - გემოსა და სურნელის წყაროსი. და მან შეიცნო დედამიწის არსი. მიწამ დაიწყო თავისი ცეკვა, გულის ძგერის მსგავსი. ტყე, ყოველივე, რაც ტყეში იყო, ამ ცეკვისთვის მუსიკას უკრავდა. და მას ყველაფერი ესმოდა - მუსიკაც, ცეკვაც. ტყე მღეროდა, მღეროდა მწვანე ველების ზღვა, მღეროდნენ პატარა ჩიტუნები. ამ მომენტში მას ფრთოსნებთან ლაპარაკიც კი შეეძლო. ბიჭუნა ტყეში ღრმად შევიდა - და დაიკარგა. მთვარე გამოჩნდა. მოულოდნელად - ტყის ჩრდილიდან კაცი გამოემართა მისკენ. -საით მიეშურებით? -სამოგზაუროდ... ოღონდაც რაღაც დამრჩა შინ... -შინ? თქვენ იმ მიტოვებულ ნაცრისფერ სახლს გულისხმობთ გორაკზე, რომელსაც ,,ციხეს" ეძახიან? -დიახ, ჩემს სახლს ,,ციხე'' ჰქვია... -ასე უპასუხა კაცმა, გაოცებით.
-ალბათ პატიმარი ხართ... თქვენ რაღა უნდა დაგრჩენოდათ თქვენს ციხეში? ან როცა იპოვით, ისევ გამოხვალთ?.. ბიჭუნამ მამაკაცის მზერა დაიჭირა-და დიდხანს არ აურიდებია თვალი. ბიჭუნას თვალები შემოდგომის ტბას ჰგავდა - ისეთი კრიალა იყო, რომ ყველა კენჭის დათვლა შეიძლებოდა ფსკერზე. აშინებდა ეს სიკრიალე. აშინებდა თავისი სრულყოფილებით... როცა სუფთა მარგალიტს ხედავ - დიდხანს გეშინია მასთან შეხების: ისე გაფრთხობს თავისი სისუფთავის საიდუმლოებით. -ჰო, ასეა, -ამოთქვა უპასუხოდ კაცმა. ის ჯერ კიდევ ბლუყუნებდა ამას, ბიჭი კი უკვე მისკენ გაქაანდა და სახე ჩამალა შემხვედრად გამოწვდილ ხელებში და ატირდა... ბულბულიც აჰყვა ტირილში, მაღალ ხეზე წამოსკუპებული. -თქვენ არ უნდა გამოხვიდეთ იქიდან!.. ჩვენ აგვიკრძალავენ აქ თამაშს, გორაკზე... დაბრუნდით უკან თქვენს ნაცრისფერ სახლში. კაცმა ოხვრით ახედა მთვარეს. თვალები ისეთივე სუფთა ჰქონდა, როგორიც აკახიკოს თვალები იყო. -მე შვილი მყავდა; ასეთივე პატარა ბიჭუნა... -სად არის ახლა? -ის ახლა თოლიააა და ზღვის თავზე დაფრინავს. როცა ნადირობს, ტალღებს შორის თევზის ვერცხლისფერი ქერცლის ძებნაში კისრით წყალში ეშვება. და ამბობს: ,,ნაცრისფერ საღამოს ზღვაში მომკლეს, ჩემი მკვლელი - შავ ფსკერზეა. და სანამ არ ამოვა ზედაპირზე, ვალდებული ვარ აქ ველოდო, ამ ზღვის თავზე დაკიდებული..." -რას გულისხმობთ?! კაცი განაგრძობდა:
-ეშმაკმა, რომელმაც ის საცოდავი თოლია მოკლა, გზა იპოვა ზედაპირისკენ. და იცი, ვინ უჩვენა მას ეს გზა? შენ... მე შენ გაგაბედნიერებ. ციხეში ვბრუნდები. ტყის პირას მსჯავდებული ბავშვს ტოვებს-და ფერდობისკენ მიემართება, თავისი ნაცრისფერი სახლისკენ. წელიწადი გადის. როდესაც ისევ იშლება ღოლო ციხის კარიბჭეში გათავისუფლებული ჩნდება. ბიჭუნები, მისი მეგობრები, ელოდებიან. გათავისუფლებული გამოდის. ირგვლივ ბევრი კაშკაშა სინათლეა. ბავშვები მირბიან მისკენ და მის გარშემო ბალახზე სხდებიან. ბრწყინვალება, სიკაშკაშე და ყველგან - აყვავებული ღოლო. ბავშვები ქვემოთ იყურებიან- იქ, გორაკის ძირას, უცებ ამჩნევენ, თანდათანობით როგორ იძვრის მათკენ რაღაც დიდი და შავი. ეს ქალები არიან, აკიხიკოს დედა. ტოსიკოს დედა. სამი, ოთხი... მათი ნაბიჯები ცივი და უგრძნობია. უკვე ახლოს არიან - და ბავშვებს ხელებში აფრინდებიან: -დამნაძავეს ხელით შეეხე? რა საძაგლობაა!.. _ ბავშვურ ხელებს ცხვირსახოცებით წმენდნენ. კაცი ყველაფერს აკვირდება, როგორ ბრჭყვიალებს მათი ფარფატა ცხვირსახოცები. გამძვინვარებული ქალები მას უყვირიან. კაცი უსიტყვოდ იხრება, ღოლოს ყვავილებს წყვეტს და ბავშვებს აწვდის: თითოს-თითოს, და იქაურობას ეცლება, უკანმოუხედავად. თითოეულ ბავშვს ახლა მარჯვენა ხელში ერთი ცალი ყვავილი უჭირავს. -გადააგდე ეს! გადააგდე!- დედების თვალები ეკლიანია. ღოლოს ყვავილები. მიწაზე დაცემულნი ბრწყინვალედ ბრწყინავენ დაისში. ეჰ, ღოლოს ყვავილები: წითელი სიცხით- გაგრილებულ ბალახზე...