წლიური ანგარიში 2014

Page 1

პირველი ნაბიჯი საქართველო წლიური ანგარიში 2014

2014 ჩვენი ხედვა:

ჩვენი მისია:

ქართული საზოგადოება, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდება მათი პირადი კეთილდღეობისათვის საჭირო რესურსებზე; აქვს უფლება და შესაძლებლობა, იყოს საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრი; არის თავისი ოჯახისა და საზოგადოების ცხოვრების მონაწილე.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მისიაა აამაღლოს ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების დონე და დაიცვას მათი უფლებები.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაზე ხელმოწერა 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ რატიფიკაცია. კონვენციის რატიფიცირების შედეგად საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების, მათ შორის ბავშვების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების უზრუნველყოფის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. შშმ პირთა უფლებების კონვენცია კრძალავს შესაძლებლობის შეზღუდვაზე დაფუძნებულ ყველანაირ დისკრიმინაციას. კონვენციის მე-7 მუხლი ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების უფლებების დაცვის მიმართ, ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას შშმ ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით. კონვენცია აგრეთვე, ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ განათლების ყველა საფეხურზე უნდა დანერგონ ინკლუზიური სისტემა, რაც შშმ ბავშვებს და ზრდასრულ პირებს საშუალებას მისცემს მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლონ განათლების მიღება. დღესდღეობით, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 10,000 ბავშვიდან მხოლოდ 3,569 ბავშვია შეფასებული ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩასართავად (შესაძლოა შეფასებული ბავშვებიდან ყველა არ იყოს ჩართული ინკლუზიურ განათლებაში); 600 ბავშვი იმყოფება სპეციალიზებულ საგანმანათლებლო პანსიონატებში; 474 ბავშვი (618 წლის ასაკის) არის ჩართული დღის ცენტრების პროგრამაში და 350 ბავშვი (0-7 წლის ასაკის) ადრეუ-

ლი ჩარევის პროგრამაში. არ არსებობს ზუსტი მონაცემი სკოლამდელ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ჩართული ბავშვების რაოდენობის შესახებ. როგორც აღნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რამდენიმე ათას ბავშვს კვლავ არ მიუწვდება ხელი განათლებასა და სოციალურ პროგრამებზე. 2014 წელს გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები შშმ ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით – ინკლუზიური განათლების სისტემაში გაიზარდა სპეციალური განათლების მქონე მასწავლებელთა რაოდენობა და გაძლიერდა ინკლუზიური პროფესიული განათლება; გაფართოვდა ადრეული ჩარევის პროგრამის არეალი. თუმცა, რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების უზრუნველყოფა, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმა შეზღუდული შესაძლებლობის სოციალური მოდელის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიის შესაბამისობა საარსებო მინიმუმთან, ძალადობისაგან დაცვის სისტემის გაძლიერება შშმ ბავშვებისთვის, ინკლუზიურ განათლებასა და სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, ადაპტური გარემო და დამხმარე აღჭურვილობები. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლიდან სახელმწიფომ, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, შშმ პირთა უფლებების კონვენციის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო-სამოქმედო გეგმის აღსრულების ვალდებულების ფარგლებში დაიწყოს ზემოთ ჩამოთვლილი ბაზისური საკითხების მოგვარება რეფორმების გზით განათლების სისტემაში, სოციალურ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში. აღსანიშნავია, რომ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი განხორციელდება ომბუდსმენის ინსტიტუტის მიერ 2015 წელს.

ახალი სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის დღის ცენტრის პროგრამა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მომსახურებას, რომელიც აერთიანებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო და არაფორმალური განათლების კომპონენტებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრის პროგრამა ფუნქციონირებს 2004 წლიდან და ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომელთა ჩართვა ინკლუზიური განათლების სისტემაში ვერ ხორციელდება. დღის ცენტრის პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვების ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებას, აგრეთვე ეხმარება მათ შეიძინონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები, განივითარონ კომუნიკაცია და ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა თანატოლებთან და გარესამყაროსთან. 2013 წლის მეორე ნახევრიდან „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ დაიწყო მუშაობა სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელის დაშვებაზე სახელმწიფოს მხრიდან, რაც გულისხმობდა, რომ „პირველი ნაბი-

2 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ჯის“ გუნდმა შეიმუშავა კონცეფცია და ზოგადად მოდელი ზემოხსენებული პროგრამის, დაიწყო აქტიური მუშაობა სახელმწიფოსთან, უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან. ასევე, დღის ცენტრის ბენეფიციართა მშობლები გააქტიურდნენ ამ მიმართულებით, განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ოფიციალური წერილების დაგზავნა შესაბამის ორგანოებში, კონკრეტული შეხვედრები და ა.შ. ხოლო, უკვე 2014 წლიდან სახელმწიფომ დაუშვა სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელი, რომელზეც გადავიდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრი და კვლავაც ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის მქონე 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ ინკლუზიური განათლებით. თუმცა, სპეციალიზირებული დღის ცენტრის მოდელზე გადასვლასთან ერთად 2014 წლიდან ჩვენს დღის ცენტრში შეიცვალა წრეების/კლასების რაოდენობა და შინაარსიც. ამჟამად ფუნქციონირებს შემდეგი კლასები: •

ანა-ბანა, რომლის ფარგლებში ბავშვები შეისწავლიან მშობლიურ ენასა და ელემენტარულ არითმეტიკას;


რია-რია, რომელიც მუშაობს სენსორულ ინტეგრაციასა და მეხსიერების განვითარებაზე;

მეცნიერება – შემეცნებითი უნარჩვევებისა და გარესამყაროს შეცნობა;

ხელოვნების წრე, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები;

ალტერნატიული კომუნიკაცია იგივე ბარათებით კომუნიკაცია, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს გარემოსთან სწორი და აუცილებელი კომუნიკაციის დამყარებაში;

„პირველი კარი“, სადაც სპეციალისტები მუშაობენ განსაკუთრებული რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებთან, რათა დაურეგულირდეთ აგრესიული, სხვისი ან თვითდამაზიანებელი ქცევები, შეეგუონ ცვლილებებს და უკვე შემდეგ გადავიდნენ სხვა, ზემოხსენებულ კლასებში და გააგრძელონ სწავლა ბავშვებთან ერთად.

ინფორმირებისთვის, ბავშვის შეფასებისთვის და განმავითარებელი აქტივობების შემუშავებისთვის. იგი აერთიანებს 2,300 დაკვირვებად ქცევას, რომელთა საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს ბენეფიციართა საჭიროებები და შემდგომ ეტაპზე, კვლავ სახელმძღვანელოს გამოყენებით შემუშავდეს ინდივიდუალური ჩარევის გეგმა. შეფასების ახალმა სისტემამ საშუალება მოგვცა, რომ ყველა ბენეფიციარს ჰქონდეს ერთ სასწავლო მიზანზე მეტი. ახალ სასწავლო სისტემაში ყველა წრე მუშაობს ბავშვის ერთ ინდივიდუალურ მიზანზე, რითიც საერთო ჯამში იზრდება დღის ცენტრში ინდივიდუალური მუშაობის დრო.

ცვლილებები განიცადა ასევე, მოსწავლის შეფასების სისტემამაც. 2014 წელს ცენტრში დაინერგა ახალი, თანამედროვე შეფასების სისტემა „ჰელფი“ (HELP – Hawai Early Learning Profile), რომელიც მოიცავს, როგორც ბავშვის შეფასების ნაწილს, ასევე შეფასების შემდეგ გამოვლენილი უნარების განმავითარებელი, აუცილებელი აქტივობების ჩამონათვალს და რეკომენდაციებს. „ჰელფი“ ეს არის პრაქტიკული, ადვილად გასაგები და მარტივად განსახორციელებელი ინსტრუმენტი, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბავშვების მშობლებისთვის. დღის ცენტრი, ასევე იყენებს „ბი-სი-პი“ (BCP – Bihevioral Characteristics Progression) შეფასების ფორმას, რომელიც მნიშვნელოვანი და პრაქტიკული სახელმძღვანელოა მშობლის

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 3


ადრეული ინტერვენციის პროგრამა „პირველი ნაბიჯი საქართველომ“, 2011 წლიდან დაიწყო ახალი და უმნიშვნელოვანესი, ადრეული ინტერვენციის პროგრამის განხორციელება, რომელიც ემსახურება ადრეული ასაკის ბავშვებს (0-დან 7 წლამდე) და მათ ოჯახებს. პროგრამის განხორციელება დაიწყო არა მარტო თბილისში, არამედ პარალელურად ქუთაისსა და ბათუმშიც. 2014 წელს „პირველი ნაბიჯი“ ადრეული ინტერვენციის ფარგლებში მოემსახურა 212 ბავშვს თბილისში, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში – 155 ბენეფიციარს. პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

• • • •

ადრეული ინტერვენციის პროგრამას აქვს რამდენიმე ძალიან მნიშველოვანი მიზანი. უპირველესად ეს არის 0-დან 7 წლამდე, განვითარების რისკის ან შეფერხების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების განვითარებასა და მხარდაჭერაზე მიმართული, ხარისხიანი მომსახურების მიწოდება (ბავშვის ასაკის შესაბამის განვითარებაზე მუშაობა, ოჯახების გაძლიერება, ბავშვებისა და ოჯახების სოციალური ინკლუზია). აგრეთვე, პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიისა და პოლიტიკის შექმნა, ლობირება, სახელმწიფოს მხარდაჭერა დანერგვისა და განხორციელების პროცესში. ამ მიმართულებით 2014 წელს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. დაიწყო ადრეული ინტერვენციის ეროვნული სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების დოკუმენტის შექმნა, შეიქმნა საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიცია, შემუშავდა ადრეული ინტერვენციის სახელმწიფო სტანდარტები, აგრეთვე მიმდინარეობს ადრეული ინტერვენციის ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება.

ზემოხსენებული კოალიციის საერთაშორისო წევრები არიან: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ვორლდ ვიჟენ საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ზემოხსენებულ კოალიციას, აგრეთვე ჰყავს პარტნიორი სამთავრობო სტუქტურები – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო.

აღსანიშნავია, რომ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა ადრეული ინტერვენციის კოალიცია, რომელიც შედგება, როგორც ადგილობრივი ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან. ადგილობრივ დონეზე ჩართულები არიან შემდეგი ორგანიზაციები: • • •

პირველი ნაბიჯი საქართველო (თბილისი) საქართველოს ბავშვები (თბილისი) საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია (თბილისი)

4 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

• • •

ნეირო განვითარების ცენტრი (თბილისი) საქართველოს პორტიჯის ასოციაცია (თბილისი) „ხელი ხელს“ (თბილისი) კოალიცია სოციალური რეფორმებისთვის (ჩხოროწყუ) ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი (თბილისი) საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (თელავი) გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (თბილისი).

ღია საზოგადოების ფონდის და მისი კონსულტანტების – ემილი ვარგას ბარონის, ტობი ლონგის, ჯენიფერ გრიშამ-ბრაუნის მხარდაჭერით ადრეული ინტერვენციის პროგრამა განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ინტერვენციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა ბევრ საერთაშორისო კონფერენციასა თუ ტრენინგებში, რომელიც იყო ორგანიზებული ღია საზოგადოების ფონდის (OSF) მიერ.

(International workshop on early intervention, March 2012, Stockholm, Sweden; AEPS Training, March 2013; Study Tour to The Georgetown University Center for Child and Human Development, April 2013, Washington DC; Annual Networking Meeting for Inclusive Education in November 2013, Edinburg, Scotland; Social Advocacy Training 2014, Sofia, Bulgaria. ISSA Conference in October 2014, Budapest, Hungary. Annual Networking Meeting for Inclusive Education in November 2014, Yerevan, Armenia).


2014 წელს ჩატარდა ადრეული ინტერვენციის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მშობლების გამოკითხვა და გამოვლინდა შემდეგი: ცვლილებები ბავშვის განვითარებაში – მშობლების აზრით, ბავშვები გახდნენ მეტად კომუნიკაბელურები, კონტაქტურები, აქტიურები, ხალისიანნი, მიზანმიმართულნი, ინტერესიანი საგნებისა და მოვლენების მიმართ. გაუჩნდათ უცხო გარემოში ყოფნის სურვილი და შეგუების უნარი, შემეცნებითი საქმიანობის მიმართ ეზრდებათ ინტერესი. ისწავლეს სიტყვების გამოთქმა, სიტყვების მნიშვნელობა, წერა-კითხვა, თამაში, მარტივი დავალებების შესრულება, სწორად ჯდომა, დგომა, ღეჭვა, ადამიანებთან ურთიერთობა, რეჟიმის დაცვა, სურვილების გამოხატვა. მნიშვნელოვნად განვითარდა ბავშვების მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, შემეცნებითი და სოციალური უნარები.

ცვლილებები მშობლებისა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებებსა და უნარ-ჩვევებში – გაადვილდა შვილთან კომუნიკაცია, ისწავლეს ბავშვთან სწორი მიდგომა, მისი დახმარება, მოვლა. დაიწყეს ბავშვის განვითარებაში ცვლილებების შემჩნევა, უკეთესად აფასებენ ბავშვის შესაძლებლობებს, შეიცვალა დამოკიდებულება ბავშვის მდგომარეობის მიმართ, ბავშვი მეტად ჩაერთო ოჯახურ ცხოვრებაში, ისწავლეს შვილის უფლებები და მათი დაცვა.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 5


შინ მოვლა – „მივდივართ მათთან ვინც ჩვენთან ვერ მოდის“ საქართველოში დღესდღეობით, არ არსებობს სოციალური მომსახურება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) 7-18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებიც მძიმე და მწვავე სამედიცინო საჭიროებების გამო ვერ გადიან სახლიდან გარეთ და საჭიროებენ მომვლელს (ბავშვების ჯგუფი, რომლებიც მუდმივ მომვლელს საჭიროებენ განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტის მიხედვით). საჭირო მომსახურების არ არსებობის გამო ისინი წლების განმავლობაში იზოლირებულნი არიან საზოგადოებისაგან, ვერ ფლობენ თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარებს. მათი ფიზიკური, ფუნქციური და კოგნიტური განვითარება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ფერხდება და მწვავდება ქცევითი დარღვევები. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების შეფერხების გამო, მშობლები და ოჯახის წევრები ვერ ამყარებენ კომუნიკაციას ბავშვებთან და არ იღებენ სპეციალისტის დახმარებას, რის გამოც მათ ხშირ შემთხვევებში ბავშვების საჭიროებების იდენტიფიცირებაც არ შეუძლიათ. ზემოთ აღნიშნულმა სირთულეებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ნაადრევი გარდაცვალება ან მდგომარეობის გამწვავების გამო შესაძლოა ბავშვი დადგეს ინსტიტუციონალიზაციის რისკის წინაშე. შინ მოვლის პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, განვითარების სპეციალისტი, მეტყველების თერაპევტი, პედიატრი და სოციალური მუშაკი) და სპეციალიზებული მომვლელის ჩართულობას და წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ სასიცოცხლო უნარებს და ფუნქციებს, კომუნიკაციასა და სოციალურ ინტეგრაციას. შინ მოვლის დროული მიწოდების შედეგად შესაძლოა მოხდეს ბავშვების გარკვეული ნაწილის ჩართვა ინკლუზიურ განათლებაში ან დღის ცენტრის პროგრამაში. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ შინ მოვლის პროგრამას ახორციელებს 2007 წლიდან და ყოველწლიურად ემსახურება 50-60 მძიმე და ღრმა ფიზიკური

6 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 2014 წლის მონაცემებით აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან – 33; მარტოხელა დედის ოჯახიდან – 16 ბენეფიციარი; მრავალშვილიანი ოჯახიდან – 14 ბენეფიციარი; ოჯახიდან სადაც დასაქმებულია ერთი ან არც ერთი ოჯახის წევრი – 47 ბენეფიციარი; ოჯახიდან რომელსაც არ აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინა – 11 ბენეფიციარი. 2014 წლიდან პროგრამის ფარგლებში დაინერგა ახალი შეფასების ინსტრუმენტი Help (Hawai Early Learning Profile), რომელიც აერთიანებს შეფასებისა და რეკომენდაციების სისტემას. „ჰელფი“ ეს არის პრაქტიკული, ადვილად გასაგები და მარტივად განსახორციელებელი ინსტრუმენტი, როგორც პროფესიონალებისთვის, ისე ბავშვების მშობლებისთვის. შეფასების მონაცემების მიხედვით პროფესიონალები არჩევენ იმ აქტივობებს, რომლებიც კონკრეტული ბავშვის საჭიროებებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ამ სახით მუშავდება ბავშვის უნარებზე მორგებული ინდივიდუალური გეგმა. პროგრამის ფარგლებში დაინერგა, ასევე BCP (Bihevioral Characteristics Progression) შეფასების ფორმა, რომელიც მნიშვნელოვანი და პრაქტიკული სახელმძღვანელოა მშობლის ინფორმირებისთვის, ბავშვის შეფასებებისთვის და განმავითარებელი აქტივობების შემუშავებისთვის. იგი აერთიანებს 2,300 დაკვირვებად ქცევას, რომელთა შეფასებით შესაძლებელია განისაზღვროს ბენეფიციართა საჭიროებები და შემდგომ ეტაპზე, კვლავ სახელმძღვანელოს გამოყენებით შემუშავდეს ინდივიდუალური ჩარევის გეგმა. დღესდეობით შინ მოვლა არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მას სრულად აფინანსებს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. თუმცა, ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს სახელმწიფოსთან, რათა ზემოხსენებული პროგრამა მოხვდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში.


{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 7


ნიკა მუზაშვილი

მირიან სირაძე

მარინა თურმანაშვილი, ნიკა მუზაშვილის დედა

მაკა სირაძე, მირიან სირაძის დედა

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შინ მოვლის პროგრამის მომსახურების მიღება, რადგან ჩემი შვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. აქვს ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენა, ვერ გადაადგილდება, რის გამოც ვერ დადის სკოლაში და ვერც დღის ცენტრში. რომ არა პროფესიონალი აღმზრდელის დახმარება, რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ მაწვდის ძალიან გამიჭირდებოდა ამ სირთულეების მართვა. შინ მოვლის პროგრამა მაძლევს საშუალებას, რომ ცოტა მოვიცალო საკუთარი თავისთვის და ოჯახის სხვა საქმეებისთვის. ბავშვის მდგომარეობაც უკეთესია, რადგან მასთან მუშაობენ პროფესიონალები და სხვადასხვა უნარები გაუუმჯობესდა, მაგალითად კვების უნარჩვევები. მადლობა „პირველ ნაბიჯს“, რომ აქვს ეს მომსახურება და ასე მნიშვნელოვნად ეხმარება ჩვენნაირ ოჯახებს, უცხადებს თანადგომასა და მხარდაჭერას.

შინ მოვლის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისათვის. ამ პროგრამის დახმარებით მყავს აღმზრდელი, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. გვემსახურება ასევე პედაგოგი და მისი დახმარებით ჩემმა შვილმა ძალიან ბევრი რამ ისწავლა. მნიშვნელოვანია, რომ მირიანმა კვლავ მიიღოს ის მომსახურება რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ გვთავაზობს უკვე რამდენიმე წელია და მჯერა, რომ ჩემი შვილი უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს თავისი პედაგოგების დახმარებით, გაიუმჯობესებს სხვადასხვა უნარებს და შეიძენს ცოდნას.

შინ მოვლის სპეციალისტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ შინ მოვლის პროგრამის სოციალური მუშაკი, 2014 წელს იმყოფებოდა სასწავლო და საქმიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გაეცნო აშშ-ს გამოცდილებასა და მუშაობის სპეციფიკას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობასთან მიმართებაში. ვიზიტის ფარგლებში, 1 კვირის განმავლობაში შეხვედრები განხორციელდა ჯანმრთელობის დეპარტამენტში, აუტიზმის ცენტრში, 24 საათიანი მომსახურების შშმ ბავშვთა ცენტრში, ინკლუზიური განათლების მართვის

8 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

ცენტრში, სასამართლოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გასაცნობად, სახალხო დამცველთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და ციხეში. ზემოხსენებულ ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულები არიან სოციალურ საქმიანობასთან, კერძოდ, მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.


სკოლამდელი ინკლუზიური განათლება „პირველი ნაბიჯი საქართველო“, ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებისთვის რეგიონში. პროექტში ჩართულია 6 საჯარო საბავშვო ბაღი ქუთაისსა და ბათუმში და მიზნად ისახავს, რომ ხელი შეეწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას, მათი ჩართულობის გაზრდას საჯარო ბაღებში, სადაც ისინი შეძლებენ ტიპიური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად სკოლამდელ სასწავლო პროცესში მონაწილეობას. პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა სკოლამდელი დაწესებულებების საჭიროებებისა და რესურსების შესწავლა ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო პროექტის ამოცანებიც სწორედ, ამ საჭიროებებს იქნა მორგებული.

ტრენინგი ეფუძნებოდა სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის თანამედროვე მეთოდოლოგიას, მიდგომებსა და ტენდენციებს. ტრენინგის გავლის შემდეგ „პირველი ნაბიჯის“ ადრეული განვითარების სპეციალისტებმა გადაამზადეს პროექტში ჩართული ბაღების პედაგოგები და გადასცეს მათ მიღებული ცოდნა, რაც პედაგოგებს ეხმარებათ, რათა უკეთ წარმართონ ბავშვებთან მუშაობის პროცესი და ინოვაციური მეთოდების საშუალებით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ბავშვების განვითარებას.

აღნიშნული პროექტის დაწყებამდე, რომელიც ხორციელდებოდა საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერთად, კენკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ინკლუზიური განათლების ექსპერტმა, ჯენიფერ გრიშამ ბრაუნმა ჩაატარა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები არიან სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროექტში. ჯენიფერ გრიშამ ბრაუნმა ზემოთ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით, შეიმუშავა ტრენინგი ტრენერებისათვის, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საბავშვო ბაღში საჭირო გარემოს მოწყობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე და ტიპიური განვითარების ბავშვებისათვის; სასწავლო პროგრამის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვების ზოგად განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას.

ახალი სპეციალიზირებული პროგრამა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის „პირველი ნაბიჯი საქართველო“ დღის ცენტრის, ადრეული ჩარევის და შინ მოვლის პროგრამებში ემსახურება განვითარების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ განვითარების დარღვევებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით უკავია აუტიზმს. შესაბამისად ორგანიზაციის დღის წესრიგში დადგა საკითხი აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამის განვითარების შესახებ. 2014 წელს ჩვენი ორგანიზაციის ნეიროფსიქოლოგის, თეონა გავაშელიშვილის მიერ შემუშავებული იქნა სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ აუტიზმის პროგრამის ძირითადი მიზანია – ბავშვების სოციალური ინტერაქციის, მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესება, გამომწვევი ქცევის მართვა, სასწავლო ჩართულობისა და აკადემიური მიღწევების გაზრდა, სხვა თანმხლები სირთულეების შემცირება (მაგ. შფოთვის, აღგზნებულობა), დამოუკიდებლობის წახალისება და ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროგრამა მოიცავს აუტიზმის მქონე ბავშვების შეფასებას, შეფასების შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ინტერვენციის გეგმის შემუშავებას და ბავშვთან აქტიური მუშაობის პროცესს. პროგრამა დაიწყება 2015 წლის იანვრიდან და მის ფარგლებში აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობა გან-

ხორციელდება რამდენიმე გავრცელებული მიდგომის კომბინაციით – “ABA”, “FLOORTIME” და სენსორული ინტეგრაციის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბავშვის შეფასება მოხდება „ვერბალური ქცევის საფეხურების შეფასებისა და უნარების განვითარების მიხედვით ადგილის განსაზღვრის პროგრამის“ VBMAPP-ის მეშვეობით. VB-MAPP ეს არის შესაფასებელი ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ბავშვის ზოგადი განვითარების დონე, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალყური ვადევნოთ ბავშვის განვითარების დინამიკას გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ასევე, გამოვყოთ ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროგრესს. “FLOORTIME”-ის გამოყენება საშუალებას იძლევა ბავშვის განვითარების პროცესი ორმხრივად სასიამოვნო იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე უფროსისთვის – სპეციალისტისთვის, მშობლისთვის, გაიზარდოს ბავშვის ემოციური ჩართულობა და ხელი შეუწყოს გარშემომყოფებთან სრულფასოვანი ინტერაქციის დამყარებას. ეს კი, თავისთვად, ბავშვის ქცევისა და ინტერესების უკეთესად შეცნობის და მათი გაზიარებისა და მართვის საფუძველია. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ზემოთ აღწერილი პროგრამის ფარგლებში 2015 წელს გადადგამს ახალ ნაბიჯს აუტიზმის მქონე ბავშვების მომსახურების კუთხით. { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 9


„პირველი ნაბიჯი“ მხარს უჭერს მთავრობას ადგილობრივი სერვისის მიმწოდებლების გაძლიერებაში 2014 წელი „პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის“ გამორჩეული იყო რეგიონალური ფილიალების დამოუკიდებლად ფუნქციონირების ხელშეწყობით, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ადგილობრივი ორგანიზაცია – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ქ. ქუთაისში და „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ ქ. ბათუმში.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ქუთაისის ფილიალიდან დამოუკიდებელ ორგანიზაციამდე – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ 2010 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად დაიწყო ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას და ზრუნვის ალტერნატიული და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აღნიშნულ რეფორმას შეუერთდა 2011 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვებისთვის ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების მისიით. რეფორმის ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ მიერ მოხდა დღის ცენტრის მომსახურების გაფართოება თბილისში, შეიქმნა დღის ცენტრი ქუთაისში და განვითარდა ადრეული ჩარევის პროგრამა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ქუთაისში დღის ცენტრის დაფუძნება და ადრეული ჩარევის განვითარება მოხდა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის გადაწყვეტილებით. ქუთაისი შეირჩა იმის გამო რომ შშმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც ესაჭიროებოდათ დღის ცენტრი იყო ყველაზე მაღალი თბილისის შემდეგ. აგრეთვე, მნიშვნელოვანი იყო ადრეული ჩარევის პროგრამის დროული დაწყება, რადგან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში შშმ ჩვილების მიმართვიანობის რაოდენობის მიხედვით ქუთაისი ასევე მეორე ქალაქი იყო თბილისის შემდეგ. 2011 წელს „პირველი ნაბიჯის“ თანამშრომლობით ქუთაისის ადგილობრივ მთვარობას ხელშეწყობით მოხდა სივრცის გამოყოფა დღის ცენტრის და ადრეული ჩარევის პროგრამებისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული სივრცის რემონტი და აღჭურვა და ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადება. 2012 წელს გაიხსნა ქუთაისის დღის ცენტრის და ადრეული ჩარევის პროგრამები. „პირველი ნაბიჯის“ პროფესიონალების

10 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

მიერ 2 წლის განმავლობაში ტარდებოდა ადგილობრივი სპეციალისტების (პედაგოგების, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის და ადრეული ჩარევის სპეციალისტების) ინტენსიური ტრენინგები და პროფესიული სუპერვიზია, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფილიალის ძლიერი გუნდი. ადგილობრივი სპეციალისტების გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა შშმ ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით. 2012 წლიდან ადრეული ჩარევის პროგრამული განვითარება უზრუნველყოფილი იქნა „ფონდი ღია საზოგადოების“ ინგლისისა და საქართველოს ოფისების და მათი ექსპერტების მიერ. 2014 წელს გუნდის კვალიფიკაციასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ორივე პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა – ადრეული ჩარევა ემსახურება 0-7 წლამდე ასაკის 50 ბავშვს, ხოლო დღის ცენტრი 6-18 წლამდე ასაკის 20-24 ბავშვს. ადგილობრივი გუნდის აქტიური საქმიანობის შედეგად „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფილიალმა განახორციელა ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელმაც ქალაქში გაზარდა სამოქალაქო ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ; აგრეთვე განხორციელდა სოციალური ინტეგრაციის სხვადასხვა ღონისძიებები და აქციები. მიმდინარე წელს „პირველი ნაბიჯის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯმენტის და პროფესიონალთა გუნდის საქმიანობამ ცხადყო მათი მზაობა დამოუკიდებელი საქმიანობისთვის. შესაბამისად 2014 წლის ივნისში ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სპეციალისტებს – სპეციალურ პედაგოგებს, ფსიქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტს, მეტყველების თერაპევტს, ადრეული ჩარევის სპეციალისტებს.


2014 წლის 30 ივლისს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ და „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, ხოლო აგვისტოში ორგანიზაციას „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ქ. ქუთაისის მერიის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადაეცა აღნიშნული სივრცის გამოყენების უფლება. აგვისტოში ორგანიზაცია „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, დარეგისტრირდა დღის ცენტრის და ადრეული ჩარევის მომსახურებების მიმწოდებლად იმერეთის რეგიონში. ჩვენ ვულოცავთ ახალ ორგანიზაციას დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს და გვჯერა, რომ ბევრი კარგი ინიციატივა განხორციელდება მათ მიერ ადგილობრივ მთავრობასთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მთავრობა, მერის, ბატონ შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით გამოხატავს მზაობას, რომ დაუჭიროს მხარი ინიციატივებს შეზღუდული შესაძლებლობების სფეროში. „პირველი ნაბიჯი საქართველო“ კვლავ გააგრძელებს პროფე-

სიულ პარტნიორობას „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.

2015 წელს „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ადრეული ჩარევის პროგრამას გააგრძელებს ახლად შექმნილი ორგანიზაცია „აბილიტაციის და განვითარების ცენტრი“ ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ფარგლებში „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ მიერ ადრეული ჩარევის პროგრამა ჩამოყალიბებული იქნა ქალაქ ბათუმშიც. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სპეციალისტების მიერ მოხდა ადგილობრივი კადრის მომზადება გრძელვადიანი სატრენინგო კურისის ფარგლებში. 2012 წელს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა ადრეული ჩარევის პროგრამის ვაუჩერების გამოყოფა ბათუმში. დღესდღეობით, გამოყოფილია 40 ვაუჩერი. ადრეული ჩარევის პროგრამის მულტიდისციპლინური გუნდი აერთიანებს ფსიქოლოგს, ოკუპაციურ თერაპევტს,მეტყველების თერაპევტს და ადრეული ჩარევის სპეციალისტებს. გუნდი ემსახურება განვითარების შეფერხების მქონე 0-7 წლის ასაკის 40 ბავშვს არამარტო ბათუმში, არამედ აჭარის მაღალმთიან რაიონებში.

გვჯერა, რომ ქუთაისის და ბათუმის გამოცდილების გაზიარება მოხდება ყველა რეგიონში, რათა ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვმა შეძლოს საჭირო მომსახურების მიღება და გაძლიერდეს მათი სოციალური ინკლუზია.

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სახელმწიფო ვაუჩერების რაოდენობა წლის განმავლობაში შეადგენს ორმოცს. ადრეული ჩარევის პროგრამაზე მოთხოვნა კი მნიშვნელოვნად იზრდება. პროგრამის შედეგების და არსებული საჭიროების გათვალისწინებით ბათუმის თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდეს 30 ბენეფიციარის დაფინანსება 2015 წელს. რაც კიდევ უფრო მეტ ბავშვს მისცემს საშუალებას მიიღოს ადრეული ჩარევის მომსახურება და ჩაერთოს ინკლუზიურ სკოლამდელ განათლებაში.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“ აძლიერებს სატრენინგო კურსების მიმართულებებს „პირველი ნაბიჯი საქართველო“ 1998 წლიდან ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს. ორგანიზაციამ 16 წლის განმავლობაში შექმნა და განავითარა ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე მომსახურებები. ამ გამოცდილების და ცოდნის ლოგიკური გაგრძელება იყო ტრენინგების მიმართულების გაძლიერება, რომელსაც 8 წლიანი ისტორია აქვს.

ორგანიზაციის ტრენინგების მიმართულება პასუხობს სახელმწიფოში მიმდინარე ბავშვთა კეთილდღეობის და ინკლუზიური განათლების რეფორმების მიზნებს. ამასთანავე ხელს უწყობს ორგანიზაციის მისიის შესრულებას – ამაღლდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრების დონე და დაცული იქნას მათი უფლებები.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 11


ბოლო 2 წლის განმავლობაში ტრენინგების მიმართულება ახალ ეტაპზე გადავიდა. ორგანიზაციის შიგნით გამოვლინდა და სპეციალურად გადამზადდნენ ახალი ტრენერები, განახლდა ძველი და შეიქმნა ახალი სატრენინგო მოდულები.

ტრენინგებში მონაწილეობას იღებენ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები (მეურვე/მზრუნველი), ოჯახის წევრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული რგოლი, პედაგოგები, აღმზრდელები, სპეციალისტები), საბავშვო ბაღების და სკოლების პედაგოგები, სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

• • • • • • •

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები რთული ქცევის ფუნქციური შეფასება, მართვა და პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი პროგრამის შემუშავება შშმ ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები ტრენერთა ტრენინგი სოციალური ადვოკატობა პირველადი სამედიცინო დახმარება სოციალური სამუშაო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ოჯახებთან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სწავლების პრინციპები, ინდივიდუალური მიდგომა, რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგი

2013-2014 წლებში „პირველი ნაბიჯი საქართელოს“ მიერ გადამზადდა 250-ზე მეტი ადამიანი.

მონაწილეთა გამოხმაურება: ––

„ტრენერი იყო პროფესიონალი და არაჩვეულებრივი. ტრენინგი საინტერესო, გულწრფელი, ყველა დეტალი გათვლილი და ნიუანსი გათვალისწინებული. მოყვანილი მაგალითები ცხოვრებისეული, განცდა მქონდა, რომ ჩემზე საუბრობენ. ვისურვებდი მსგავსი ტრენინგის ხშირად ჩატარებას. ყველამ უნდა გაიროს, მასწავლებლებმა, მშობლებმა, ბაღის აღმზრდელებმა“

––

„დაუვიწყარი სამი დღე ამ წლის განმავლობაში! მადლობელი ვარ არა მარტო მე, არამედ ჩემი შვილები და მოსწავლეები! ნამდვილად შევიტან ცვლილებებს საკუთარ ქცევაში. იმედი მაქვს ეს არ იქნება პირველი და ბოლო შეხვედრა, ნებისმიერ ტრენინგს დავესწრები თქვენს მიერ ჩატარებულს“

––

„ტრენინგები არის ძალიან კარგად დაგეგმილი, პრაქტიკული, საინტერესო, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, ინფორმატიული ტრენინგი. აღსაღნიშნავია ტრენერის გადმოცემის უნარი, კეთილგანწყობა, არც ერთი შეკითხვა არ დარჩა პასუხის გარეშე. ერთადერთი 3 დღე არ იყო საკმარისი. დიდი მადლობა“

12 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }


სენსორული ინტეგრაციის პროგრამა „პირველი ნაბიჯისაგან“ რა არის სენსორული ინტეგრაცია? ბავშვის სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი სრულყოფილი განვითარებისთვის. გარემოში არსებულ სხვადსხვა საგნებთან შეხებით, თვალიერებით, მოსმენით, დაგემოვნებით, ყნოსვით ბავშვი ეცნობა გარე სამყაროს და იღებს ინფორმაციას მის გარემოში არსებული მოვლენების და მათ შორის არსებული მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ. ჩვენ ყველას გვსმენია 5 გრძნობის შესახებ – მხედველობა, სმენა, გემო, შეხება, და ყნოსვა. სენსორული ინტეგრაციის არსი სწორედ ამ 5 შეგრძნებას ეხება, და დამატებით 2 განსაკუთრებულ გრძნობას: ვესტიბულურს და პროპრიოცეპტულს. ვესტიბულური სისტემა ეყრდნობა ყურში განლაგებულ რეცეპტორებს და პასუხს აგებს ტვინისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, როგორიცაა თავის მდგომარეობა (მოძრაობს თუ არა თავი, რა მიმართულებით და რამდენად სწრაფად). პროპრიოცეპტული სისტემა ეყრდნობა რეცეპტორებს რომლებიც განთავსებულია კუნთებსა და მყესებში და იგი აწვდის ტვინს ინფორმაციას ადამიანის სხეულის სივრცეში განლაგების შესახებ. ცენტრალური ნერვული სისტემისათვის საკმაოდ რთული ამოცანაა მიიღოს მთელი სენსორული ინფორმაცია, გადაამუშაოს და ადეკვატური პასუხი გასცეს. თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია სტრატეგიები, რომლითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს სისტემას ამოცანის შესრულებაში. ყოველდღიური საქმიანობების განხორციელებისას ჩვენზე ერთდროულად მრავალი გამღიზიანებელი მოქმედებს, მაგალითად: ქუჩაში სეირნობისას გვესმის სხვადასხვა ხმაური, ყოველ წუთს იცლება ჩვენს წინ არსებული გარემო, განათება, სუნები და ათასი სხვა. ჩვენი ტვინი ახერხებს ამ ინფორმაციის მოწესრიგებას, გადამუშავებას და ცდილობს ამ ცვლილებებზე ადეკვატურ რეაგირებას. ჩვენ უმეტესობა ფაქტორებს არც კი ვაქცევთ ყურადღებას. ქუჩის ხმაურიდან შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ ავტომობილის სიგნალზე ან ჩვენი სახელის დაძახებაზე და არა სხვა გამღიზიანებლებზე. უმეტესობა ჩვენგანისათვის ეს ისეთი ქმედებებია, რომელთაც მათზე ფიქრის გარეშეც კი ვასრულებთ.

ბავშვებს, როდესაც სენსორული ინტეგრაციის პრობლემები აქვთ მაშინ ზედმეტად მგრძნობიარენი არიან გარემო გამღიზიანებლების მიმართ. ეს მათ ხელს უშლის ადეკვატური კონტაქტის დამყარებაში, ურთიერთობაში, სოციალურად მიღებული ქცევის განხორციელებაში. ხშირია შფოთვის მაღალი დონე, გუნება-განწყობის არასტაბილურობა, რაც ართულებს ბავშვის გარემოსთან შეგუებას, ახალ სიტუაციაში ადეკვატურ ქცევას. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა „პირველი ნაბიჯისაგან“ სენსორული ინტეგრაციის პროგრამის მიზანს წარმოადგენს ბავშვების და მოზარდების სმენითი, მხედველობითი, ყნოსვითი, გემოვნებითი და ტაქტილური შეგრძნებებისაგან მიღებულ სტიმულებზე ადექვატური რეაქციის დასწავლა და ბუნებრივ გარემოში მათი გამოყენება. ბალანსის და კოორდინაციის გაუმჯობესება, რაც დაეხმარებათ მათ სოციალურ ადაპტაციაში, სტერეოტიპული ქცევების შემცირება/ გაქრობაში და სოციალური ქცვების დასწავლაში, ცვლილებებთან ან ახალ გარემოსთან შეგუებაში, სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში, თვითმოვლის უნარების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში და სხვა. სენსორული ინტეგრაციის სეანსები „პირველ ნაბიჯში“ მიმდინარეობს სპეციალურად აღჭურვილ სენსორული ინტეგრაციის ოთახში, სადაც ოკუპაციური თერაპევტი ინდივიდუალურად მუშაობს ბავშვთან იმის შემდეგ რაც ის შეფასდება და შემუშავდება მისთვის პროგრამა, რომელიც იქნება სპეციალურად ბავშვზემორგებული.

რა არის სენსორული დისფუნქცია? სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია – სენსორული ინფორმაციის დამუშავების დარღვევაა. სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის მქონე ბავშვებს აქვთ მთელი რიგი სიმპტომები, რომლებიც ხშირად არასწორად არის აღქმული, როგორც ცუდი ქცევა. სენსორული ინტეგრაციის პრობლემა თავდაპირველად შეიძლება დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად: 1. ზემგრძნობელობა (ჰიპერსენსიტურობა), როდესაც მცირე გამღიზიანებელზეც რეაგირებ ისე, თითქოს იყოს ძალიან ძლიერი 2. ქვემგრძნობელობა (ჰიპოსენსიტიურობა), როდესაც დიდი დოზით გამაღიზიანებელზეც არ რეაგირებ.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 13


მშობელთა გამოხმაურება სენსორული ინტეგრაციის პროგრამაზე

მაკა, 6 წლის ნიკოლოზის დედა

ქეთევანი, 5 წლის ლაშას დედა

ნიკოლოზის დიაგნოზია ბავშვთა აუტიზმი. ნიკოლოზი ზოგადად რთულად ეგუება ნებისმიერ ცვლილებას, განსაკუთრებით შეგუება უჭირს სიახლეებთან. როდესაც ჩავერთეთ სენსორული ინტეგრაციის პროგრამაში, ნიკოლოზს აღიზიანებდა ხმაური, აწუხებდა განსხვავებული განათება, თითქმის არ ჭამდა და არ ეხებოდა განსხვავებული ფაქტურის საგნებს. სირთულეები გვქონდა თვითმოვლისას, არ ისვამდა საპონს, არ მოსწონდა ტანის გახეხვა ბანაობისას, ისტერიულად ტიროდა ბანაობისას თავზე წყლის დასხმის დროს, პრობლემები გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას, ასევე არასოდეს მომყვებოდა დაბადების დღეზე ან გასართობ ცენტრებში. ინტენსიური მუშაობის შედეგად რადიკალურად შეიცვალა ნიკოლოზის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თავიდან ჰქონდა რთული ქცევა სხვადასხვა სტიმულების მიღებისას, რამდენიმე სესია ტიროდა, ეშინოდა ყველანაირი სიახლის, თუმცა სპეციალისტის მიერ გამოყენებული სპეციფიური მეთოდებით ამჟამად ნიკოლოზი სენსორულ ოთახში თავად რთავს მისთვის სასურველ მუსიკას და მუსიკის ხმაზე ცდილობს სპეციალისტის მოძრაობების იმიტირებას, რთავს სხვადასხვა ფერის განათებას და თან ასახელებს, სხვადასხვა ცხოველების ფიგურებით ვთამაშობთ „ფერმობანას“, საგრძნობლად შეიცვალა სახლშიც, აღარ აპროტესტებს ტელევიზორის ხმამაღლა ყურებას, მივეჩვიეთ ქაფით და თითის საღებავით ხატვას, სახლშიც ვთამაშობთ საპნით, ჩართულია ბანაობის პროცესში, თავის დაბანისას თვითონ ისხამს წყალს თავზე. უკვე შეუძლია სხვადასხვა გარემოში მუშაობა, შეუძლია მოძრავი სინათლის ან მუსიკის ფონზე გაიგოს და შეასრულოს ჩვენი ინსტრუქციები, ანუ უკვე ვემზადებით სკოლისთვის, ვიწყებთ ფურცელზე ფიგურების გადახატვის იმიტირებას.

ლაშას არ აქვს დიაგნოზი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მაინც მივიყვანე შეფასებაზე. აღმოაჩნდა სენსორული ინტეგრაციის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ეშინოდა სიმაღლის, ზოგადად სივრცის, არ ჯდებოდა საქანელაზე, არ ეხებოდა სხვადახვა საგნებს, უჭირდა ხტომა, თუნდაც კიბის ბოლო საფეხურიდან და სხვა ფიზიკური მოძრაობების დროსაც არ იყო გაბედული, რისკიანი და ყოველთვის სხვის დახმარებას ითხოვდა. არ იცოდა როგორ გადაეჭრა მარტივი პრობლემები, ამიტომ ემოციური მდგომარეობაც ძალიან ცუდად ჰქონდა, არ გამოსდიოდა არანაირი თამაშები, შესაბამისად აღარც ცდილობდა, იყო ძალიან ნერვიული და ემოციური, მოუსვენარი. შეუძლებელი იყო მისი ერთ ადგილას დასმა და მშვიდად ერთი აქტივობის დასრულება. ასევე, პრობლემური იყო მისთვის რამდენიმე ინსტრუქციის ერთად შესრულება. რაც ჩავერთეთ სენსორული ინტეგრაციის პროგრამაში, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიეთ ყველანაირი შიში. ლაშასთვის აქ მოსვლა სასიამოვნოა და სიხარულით ასრულებს ინსტრუქციებს, თუმცა არის თამაშები, რომლებიც დიდად არ მოსწონს, მაგრამ იმდენად სასიამოვნო გარემოა და იმდენი სხვა რამაა მისთვის სახალისო, რომ თანდათან სძლევს თავის თავსაც და იღებს ყველანაირ გამოცდილებას. მეც ვესწრები ყველა ვიზიტს და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვცდილობ იგივე აქტივობები, იგივე მეთოდებითა და ტექნიკებით ვაკეთებინო სახლშიც. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ ლაშას შედარებით მოუწესრიგდა ემოციური მდგომარეობა, ზედმეტად აღარ აჟიტირდება ან ძალიან არ განიცდის მარცხს, გაეზარდა მოტივაცია და მოემატა ფიზიკურ აქტივობებში ჩართვის ძალისხმევა, შესაბამისად ამაღლდა მისი თვითრწმენა, რაც საბავშვო ბაღში აქტივობებში ჩართვის ხარისხით გამოიხატება, გახდა უფრო ყურადღებიანი და მეტად შეუძლია ერთ აქტივობაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყოს კონცენტრირებული. ემოციური ფონის მოწესრიგებასთან ერთად წამოვიდა მეტყველება.

14 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }


„პირველი ნაბიჯის“ და „სიცოცხლის ხის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივითა და საქართველოს ბანკის, მომავლის ფონდის სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 6 თვიანი პროექტი სახელწოდებით – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა. პროექტის ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სენსორული ინტეგრაციის და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა. აგრეთვე, პროექტის მიზანია უპასუხოს იმ საჭიროებებს, რომელთა წინაშე დგას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ის დიდი ნაწილი, რომელთაც აღენიშნებათ სენსორული ინტეგრაციის დარღვევები და უჭირთ გარემოში ადაპტაცია, მოძრაობა, ქცევის მართვა, კომუნიკაცია, სიახლეებთან შეგუება და ა.შ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელო – წიგნი მშობლებისთვის და სპეციალისტებისთვის – „როგორ გავაკეთოთ სენსორული სათამაშოები“ და დამზადდა 250 სენსორული სათამაშო. ასევე, მომზადდა 10 მოხალისე (მათ შორის ახალგაზრდა შშმ პირი ან მშობელი), რომელთაც შეუძლიათ სენსორული სათამაშოების მომზადება. აგრეთვე, უახლოეს მომავალში შეიქმნება ვიდეო პორტალი, სადაც განთავსდება სათამაშოების შექმნის ვიდეოები. აღნიშნული ინიციატივა აქამდე არ განხორციელებულა საქართველოში. პროექტი განხორციელდა ძირითადად ქ. თბილისში, თუმცა სენსორული სათამაშოები და წიგნები გადაეცემათ რეგიონების დღის ცენტრებს და ბავშვთა სახლებს.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 15


ახალი პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობით 2014 წლის აგვისტოდან, „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს 11 თვიან პროექტს – „ქვემო ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების სოციალური ინკლუზია და კეთილდღეობის ხელშეწყობა“. პროექტი მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, მარნეულში. მარნეული გამოირჩევა ეთნიკური უმცირესობის მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (აზერბაიჯანული მოსახლეობა 83,1%). პროექტის ფარგლებში ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი მიიღებს ინფორმაციას შშმ სფეროსათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან საკითხებზე. შეიქმნება ადგილობრივი ადვოკატირების ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ეთნიკური უმცირესობის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაიმართა ფოკუს ჯგუფები შშმ პირების მშობლებთან, სკოლების და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან. შედგა შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სოციალურ მუშაკებთან და მარნეულის გამგებელთან.

• • •

მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია ბავშვების აღზრდის, ქცევის მართვის და თავისებურებების შესახებ გადასამოწმებელი ან დასადგენია ბავშვების დიაგნოზები და მკურნალობა არ არის არანაირი მომსახურება, სადაც ბავშვები განვითარდებიან და მოახდენენ სოციალურ ინტეგრაციას

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მშობლების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების მომზადება და ჩატარება. ადგილობრივ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და მარნეულის რეგიონში დღის ცენტრის დაარსების ადვოკატირება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. პროექტის განხორციელების შედეგად, პირველად ქვემო ქართლის რეგიონში მოხდება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის შესწავლა, რომლებიც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს. აგრეთვე, პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას – ტრენინგები, პი-არ აქტივობები და ა.შ. ასევე, შეიქმნება ადვოკატირების ქსელი, რომელიც პროექტის დამთავრების შემდეგ გაუძღვება სოციალური ინტეგრაციის პროცესს.

ფოკუს ჯგუფების ჩატარების მიზანი იყო არსებული საჭიროებების გამოკვეთა. სირთულეები გამოიკვეთა ყველა სფეროში – პრობლემებით მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების პროცესი, რის გამოც დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები სკოლის პედაგოგებთან. პრობლემები აქვთ ბაღის პედაგოგებსაც და ტრენინგების მეშვეობით მათაც მივაწოდეთ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, წავაწყდით შემდეგ პრობლემებს: • •

ყველაზე დიდი პრობლემაა ენის ბარიერი რეგიონში არ არიან საჭირო სპეციალისტები

ამერიკელი პარაოლიმპიელის სტუმრობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული მოწვეული სპიკერის პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი, თოთხმეტგზის პარაოლიმპიელი ქენდის ქეიბლი შეხვდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარების მშობლებს. ქენდისმა, რომელიც თავად არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, დამსწრეებს წარუდგინა საკუთარი ისტორია და ბიოგრაფია. თუ, როგორ გახდა 21 წლის ასაკში ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად პარალიზებული და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული. როგორ იბრძოდა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მისი იზოლაცია საზოგადოებისაგან, არ დაეკარგა სიცოცხლის სურვილი და კვლავაც ყოფილიყო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ჰქონოდა პროფესია და მიეღწია წარმატებებისათვის. მისი პრეზენტაცია

16 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

სავსე იყო პოზიტივით და იმ განწყობით, რომ შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება, რომ სულაც არ იყოს განაჩენი და პირიქით, ის შეიძლება ახალი სტიმულის და გამოწვევების მიზეზი გახდეს ადამიანის ცხოვრებაში.


ორიენტაციისა და მობილობის ექსპერტის გრეის ამბროუზ-ზაკენის ტრენინგები „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად მოიწვია ამერიკელი, ორიენტაციისა და მობილობის ექსპერტი გრეის ამბროუზ-ზაკენი, რომელმაც ტრენინგი ჩაუტარა სპეც. პედაგოგებს, ოკუპაციურ თერაპევტებს და იმ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებთან. ტრენინგი მოიცავდა ორ მნიშვნელოვან საკითხს – როგორ მოვახდინოთ სუსტად მხედველობის ფუნქციური შეფასება; ორიენტაცია და მობილობა; აგრეთვე, ქალბატონმა გრეისმა დამსწეთ წარუდგინა თეთრი ჯოხი და ადაპტური დამხმარე საშუალებები, რომელიც უსინათლოებსა და სუსტადმხედველებს ეხმარებათ სივრცეში ორიენტაციაში, გადაადგილებასა და ადაპტაციაში.

რომ უფრო აქტუალური გახადოს უსინათლოთა და სუსტად მხედველთა საკითხები და საკუთარი პროგრამების ფარგლებში მოიცვას ამ ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურება. ქალბატონი გრეისის ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე გაიმართა შეხვედრები შრომისა და ჯანმრთელობის დავცის სამინისტროში და ვიმედოვნებთ, რომ ის სამომავლოდ ჩართული იქნება და კონსულტაციას გაუწევს სახელმწიფოს უსინათლოთა და სუსტადმხედველთა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„პირველი ნაბიჯი საქართველო“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აწვდის მომსახურებებს, სამომავლოდ გეგმავს,

სტუდენტური ინიციატივა და ქველმოქმედება ბავშვებისათვის „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივით, 2014 წელს გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიზანი იყო, რომ მოხალისე არქიტექტორებს, ლანდშაპტის დიზაინერებს, შეექმნათ პროექტი ჩვენი დღის ცენტრის ეზოსთვის, რომელიც გულისხმობდა ადაპტური და მორგებული გარემოს მოწყობას ჩვენი ბენეფიციარებისათვის, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები.

ჩვენი ორგანიზაციის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ პროექტის სამივე ავტორს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროექტი კეთილი და საქმიანი ადამიანების წყალობით მალე რეალობად იქცევა.

დიდი სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ, პროექტი შექმნეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტება, მომავალმა არქიტექტორებმა და ლანდშაპტის დიზაინერებმა თორნიკე ჯაშიამ, ნათია კაპანაძემ და ნონა დავითაიამ. სტუდენტებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე შეისწავლეს ჩვენი ეზოს ტერიტორია, ბავშვების საჭიროებები და ყველა წვრილმანი დეტალი, რაც უკავშირდება მათ ყველდღიურ ცხოვრებას დღის ცენტრში. რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად სტუდენტებმა შექმნეს შესანიშნავი, მაღალპროფესიონალური პროექტი, სადაც გათვლილია ყველა წვრილმანი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს, რომელიც მორგებულია, როგორც მათ დასვენებასა და გართობაზე, აგრეთვე მათ განვითარებასა და ადაპტაციაზე.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 17


ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს – 2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტი „პირველი ნაბიჯი საქართველო“ 16 წელია ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს. ახორციელებს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ თანხის გადახდა ორგანიზაციას მუდმივად უწევს დამატებითი სახსრების მოზიდვა. სწორედ, ამ მიზნით ბოლო რამდენიმე წელია „პირველი ნაბიჯი“ მართავს წლიურ საქველმოქმედო გალა კონცერტსა და ვახშამს. აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თავისი მასშტაბებითა და ფინანსური რესურსის მოზიდვის თვალსაზრისით. ტრადიციულად, 2014 წელსაც ძალიან დიდი მასშტაბები შეიძინა ზემოხსენებულმა ღონისძიებამ. 2014 წლის 5 ივნისს, შერატონ მეტეხი პალასში, გაიმართა ყოველწლიური საქველმოქმედო გალა კონცერტი და მიღება სახელწოდებით – „ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“ „უჩინარი ბავშვებისთვის“. კონცერტში, აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ – ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც აკომპონირებას უწევდა მომღერალს, სიმებიანი ორკესტრი „ნოვაია კლასიკა“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა მოსკოვიდან და ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი „ჯორჯიან ბრასი“. საღამოს უძღვებოდა შესანიშნავი ქართველი მომღერალი და „პირველი ნაბიჯის“ დიდი ხნის მეგობარი და მხარდამჭერი მაია ბარათაშვილი, რომელმაც ნინო ქათამაძესთან ერთად ექსპრომტად სასიმღერო ნომერიც შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა, რომელმაც შეადგინა 35 000 ლარი, მთლიანად მიეძღვნა „შინ მოვლის“ პროგრამას, რომელსაც „პირველი ნაბიჯი საქართველო“ 2007 წლიდან ახორციელებს და პროგრამის ფარგლებში ემსახურება მძიმე და ღრმა, ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 60 ბენეფიციარს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროგრამა ჯერჯერობით არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, მასზე სრული პასუხისმგებლობა და პატრონაჟი აქვს აღებული „პირველ ნაბიჯს“, რის გამოც მუდმივად უწევს დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება, რათა შეინარჩუნოს პროგრამა და ის უფასოდ მიეწოდოს მასში ჩართულ ბენეფიციარებს. 2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა პროგრამა და უარი არ გვეთქვა 60 ბენეფიციარისათვის და მათი ოჯახებისათვის. 2014 წლის საქველმოქმედო გალა კონცერტის სპონსორები იყვნენ: ოქროს სპონსორი – „პეტროკას ენერჯი გრუპი“ და ქალაქ თბილისის მერია; ვერცხლის სპონსორი – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“.

18 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

მხარდამჭერი კომპანიები: ბორჯომი, კოკა-კოლა, ღვნისმწარმოებელი კომანია „ასკანელი ძმები“. საინფორმაციო მხარდამჭერა: რუსთვი 2, რადიო „ფორტუნა“ და „ფორტუნა პლუსი“.


ანსამბლი სუხიშვილები „პირველი ნაბიჯისთვის“ – გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი 2014 წლის, 3 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდისა და „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ინიციატივით, გაიმართა ანსამბლ „სუხიშვილების“ საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. შემოსული თანხა სრულად გადმოირიცხა ჩვენს ორგანიზაციაში და მოხმარდება შინ მოვლის პროგრამის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, რომელსაც „პირველი ნაბიჯი საქართველო“ უკვე 7 წელია ახორციელებს, იმ ბავშვებისათვის, რომლებიც თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გადიან გარეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პროგრამა ჯერჯერობით არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და მის დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფს „პირველი ნაბიჯი საქართველო“. ბენეფიციარების უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში ცხოვრობს და იმისათვის, რომ მშობლებს არ მოუწიოთ მომსახურების საფასურის გადახდა, ორგანიზაციას მუდმივად უწევს ფინანსური რესურსების მოძიება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება არის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლის მიზანია, შეგროვდეს თანხები იმისათვის, რომ „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ შეძლოს საკუთარი ბენეფიციარებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.

„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ სახელით, გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს, აგრეთვე თითოეულ მოცეკვავეს იმ საოცარი საღამოსთვის, რომელიც გუშინ იხილა მაყურებელმა და იმ ქველმოქმედებისათვის, რომელიც მიეძღვნა ჩვენს ბავშვებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „სუხიშვილებთან“ ჩვენი ორგანიზაცია უკვე წლებია თანამშრომლობს და ეს არ ყოფილა პირველი ქველმოქმედება მათი მხრიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას და ქედს ვიხრით მათი მაღალი ხელოვნების წინაშე. აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდით შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ მოგვეცა საშუალება აღნიშნული კონცერტი გაგვემართა რუსთაველის თეატრში.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 19


14 ივნისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღე „პირველი ნაბიჯი საქართველო“ ყოველ წელს აღნიშნავს სხვადასხვა თარიღებს სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი თარიღია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის ეროვნული დღე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 14 ივნისს აღინიშნება. 2014 წელს ჩვენმა ბავშვებმა, მათმა ოჯახებმა და მეგობრებმა, ზემოხსენებული თარიღი საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის სოციალური პროექტის „სიცოცხლის ხის“ მხარდაჭერით აღნიშნეს. ღონისძიება განსაკუთრებული მხიარულებითა და ფერადოვნებით გამოირჩეოდა და მასში „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ყველა პროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარებმა და მათმა ოჯახებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა – „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ნახატების გამოფენა, კოსტუმირებული შოუ, ჯგუფი „ბზიკების“ კონცერტი, მხიარული ცეკვა/შეჯიბრი, სახეების მოხატვა და ა.შ. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, ახალი სანაცნობო თუ სამეგობრო წრის შექმნა და ბავშვების ცხოვრების გამრავალფეროვნება.

20 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

დღესასწაულს ესწრებოდნენ „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარები სხვადასხვა პროგრამიდან, ასევე მოწვეული სტუმრები სხვა დღის ცენტრებიდან, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მოხალისეები, საქართველოს ბანკის თანამშრომლები და ა.შ.


ტრადიციული მამების დღე „პირველი ნაბიჯი საქართველო“ უკვე მეორე წელია აღნიშნავს „მამების დღეს“, რომელიც „ადრეული ჩარევის“ გუნდის ინიციატივით ხორციელდება და მასში ჩვენი ბენეფიციარების ოჯახები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც ჩვენი ოფისის მშვენიერი ეზოს ტერიტორიაზე გაიმართა, განხორციელდა ბევრი სახალისო აქტივობა – კულინარიული დუელი, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა, ეკო აქტივობა, სახალისო შეჯიბრებები ოჯახებს შორის და ა.შ. აღსანიშნავია ის დადებითი უკუკავშირი მშობლების მხრიდან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახალისო შეხვედრები აძლევთ მათ საშუალებას, რომ განიტვირთონ, გაიცნონ ერთმანეთი უკეთ და გაატარონ სასიამოვნო რამდენიმე საათი, სასიამოვნო გარემოში. მშობლების დიდი სურვილია, რომ ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს მომავალში და უფრო დიდი მასშტაბები შეიძინოს.

შემოდგომის დღესასწაული „პირველი ნაბიჯი საქართველო“ წლის განმავლობაში გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს, სადაც ორგანიზაციის ბენეფიციარებს, მათ ოჯახებსა და მეგობრებს აქვთ საშუალება, რომ ჩაერთონ და ამ ფორმით ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების სოციალურ ინტეგრაციას. ერთ-ერთი ასეთი დღესასწაული ჩვენთვის არის შემოდგომის ზეიმი, რომლის ფარგლებში 2014 წელს გაიმართა ინკლუზიური ანსამბლ "ებანის" კონცერტი ჩვენი ბავშვებისათვის „პირველი ნაბიჯის“ ეზოს ტერიტორიაზე. ღონისძიება შინ მოვლის პროგრამის შესანიშნავი გუნდის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა და მას დაესწრო როგორც შინ მოვლის, ასევე დღის ცენტრისა და ადრეული ჩარევის პროგრამების ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები.

ჩვენი ბავშვები შეუერთდნენ ფერადი წინდების აქციას დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად დაიგეგმა გლობალური აქცია სახელწოდებით – მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. აქციის ფარგლებში ადამიანები იღებდნენ ფოტოებს ფერადი წინდებით და აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში და ამ ფორმით უცხადებდნენ თანადგომას და უგზავნიდნენ სიყვარულს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბავშვებიც და პედაგოგები დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ ამ აქციას და გაუგზავნეს სიყვარული თავის მეგობრებს, რომელთაც აქვთ დაუნის სინდრომი.

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 21


საქველმოქმედო ინიციატივა და მხარდაჭერა ქართული ბიზნეს სექტორისგან ბიდიო

გალფი

კომპანია „ბიდიომ“ (BDO), რომელიც გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ხშირად იჩენს ყურადღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ, 2014 წელს კვლავაც დიდი საჩუქარი გაუკეთა „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებს და გადმოსცა განმავითარებელი საშუალებები (ასაწყობი, ფაზლები, ფერადი კუბიკები, პლასტელინები, გუაშები, სათამაშო დასარტყამი ინსტრუმენტები, ფერადი ბურთები, სხვადასხვა ასაწყობი კონსტრუქციები და ა.შ.), რომელიც ძალიან სჭირდებათ სპეციალისტებს ბავშვებთან მუშაობისას. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების განვითარებისა და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თამაშს სხვადასხვა, სპეციალური განმავითარებლების საშუალებით. ორგანიზაციის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანია „ბიდიოს“ იმ ყურადღებისთვის და მეგობრობისთვის, რომელსაც ჩვენს მიმართ იჩენენ.

ნავთობკომპანია „გალფი“ (GULF), რომელთანაც „პირველ ნაბიჯს“ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ხშირად ეხმარება ჩვენს დღის ცენტრს საწვავით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომაა, რადგან დღის ცენტრი მოიხმარს დიდი რაოდენობით საწვავს ბავშვების ყოველდღიური ტრანსპორტირებისათვის, ხოლო ეს დახმარება ორგანიზაციას აძლევს დანაზოგის გაკეთების საშუალებას, რათა ბავშვთა სხვა საჭიროებები მოვიცვათ. ასევე „გალფი“ ერთვება და ხშირად არის სპონსორი იმ საქველმოქმედო ღონისძიებებისა, რომელსაც „პირველი ნაბიჯი“ ყოველ წელს მართავს თავისი ბენეფიციარებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.

ბანკი რესპუბლიკა „უჩინარი ბავშვებისთვის“ „პირველმა ნაბიჯმა“ ახალი მეგობარი და პარტნიორი შეიძინა ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალის“ სახით, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და 2014 წლის ბოლოს ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა შინ მოვლის პროგრამას და მასში ჩართულ 60 ბენეფიციარს, რათა მათ კვლავაც მიეღოთ უსასყიდლოდ მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურება „პირველი ნაბიჯისაგან“. გადმორიცხული თანხა შინ მოვლის გუნდს მისცემს საშუალებას, რომ კვლავაც გაგრძელდეს მუშაობა „უჩინარ ბავშვებთან“, რათა ისინი გამოვიდნენ სახლებიდან, მოხდეს მათი სოციალური რეაბილიტაცია, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათი ყოველდღიურობა გახდეს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი.

22 { პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 }

საქართველოს ლატარიის კომპანია 2014 წლის დეკემბრიდან, საქართველოს ლატარიის კომპანიამ და „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ დაიწყო ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ურიგდებათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და მათი საჭიროებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ნივთები – ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. პირველ ეტაპზე საქართველოს ლატარიის კომპანიამ მოიცვა „პირველი ნაბიჯის“ 6 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის ოჯახი და თითო ოჯახს გადაეცა 2000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთები – მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ტელევიზორი, კომპიუტერი, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა და ა.შ. 2015 წელს კვლავაც იგეგმება აღნიშნული პროექტის გაგრძელება და სხვა შეჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა.


ერთად ვიზრუნოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების პოტენციალის განვითარებაზე „პირველი ნაბიჯი საქართველომ“ 1998 წლიდან აიღო ვალდებულება გააუმჯობესოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კეთილდღეობა და სოციალური ინტეგრაცია, რაც მათი მდგომარეობის გაუარესებისა და ინსტიტუციებში მოხვედრის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. მცირედი ინვესტიციითაც კი თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს მიიღონ ის მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მათ ცხოვრებას; კერძოდ, ბავშვებს მიეცემათ საშუალება განივითარონ ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ფუნქციური უნარ-ჩვევები, მიიღონ არაფორმალური განათლება, შეიძინონ მეგობრები და განავითარონ საკუთარი პოტენციალი. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ძალები და შევთავაზოთ ახალი შესაძლებლობები და იმედები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს, განსაკუთრებით მათ ვინც სოციალურად დაუცველია. ჩვენ ხშირად გვინახავს თუ როგორ შეცვლილა მთელი ოჯახის ცხოვრება შვილის განვითარებაში მიღწეული წარმატების და სოციალური ინტეგრაციის შედეგად, რაც აძლევს მშობლებს შესაძლებლობას და რწმენას გადადგან შემდეგი ნაბიჯი.

გაუწიეთ თანადგომა ჩვენს ძირითად პროგრამებს – ადრეული ჩარევა, დღის ცენტრი, შინ მომსახურება, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობას და ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და მომავლის რწმენას მათი ოჯახებისთვის. შემოწირულობა საქართველოში: თქვენ შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა პირდაპირ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ანგარიშზე თბილისში თქვენთვის სასურველ ვალუტაში – ევრო, ფუნტი სტერლინგი, ამერიკული დოლარი ან ქართული ლარი. დეტალები შემოწირულობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საგადასახადო წესების შესახებ, რომელიც ეხება შემოწირულობის ამერიკიდან, ირლანდიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე:

www.firststepgeorgia.org

საბანკო ინფორმაცია შემოწირულობებისთვის საიდენტიფიკაციო კოდი იურიდიული მისამართი ფაქტიური მისამართი

202061838 ქ. თბილისი, აღმაშენებლის 150 ქ. თბილისი, ლუბლიანას 21/ბ

ტელეფონი

2 603 624

ფაქსი

2 603 604

ბანკი

TBC Bank

მფო კოდი ანგარიშწორების ანგარიში

TBCBGE22 GE55TB7410636080100011 (GEL) GE52TB0600000033070511 (USD)

პირველი ნაბიჯი საქართველო • ლუბლიანას 21B თბილისი 0159, საქართველო • ტელ: +995 32 2 603 604 / 2 603 624 ფაქსი: +995 32 2 63 604 116 • ელ. ფოსტა: fsg@firststepgeorgia.org

First Step Georgia in UK • Reg Charity in England and Wales: #1109599, 40 Uverdale Road, London SW 10OSR Tel: (44) 7989 982955 • E-mail: janecorboytfs@aol.com First Step Georgia in Ireland • Reg Charity in Ireland as Children of Caucasus • The Next Step CHY 13956 5 Clanwilliam Square, Dublin 2, Ireland • Tel: (353) 16619911 E-mail: des.macmahon@santos.ie

www.firststepgeorgia.org

fb.com/firststepgeorgia

{ პირველი ნაბიჯი საქართველო • წლიური ანგარიში 2014 } 23



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.