ჰანგი

Page 1


პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ფაზა 2“ (FRLD2) პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.



სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტში 11963 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, რომელთაგან მხოლოდ ექვსია დასაქმებული. მათი დასაქმების ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორებია არაადაპტირებული გარემო და გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების არარსებობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გაეროს განვითარების პროგრამა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“ ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის - ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც მათ შეიძინეს მცირე საოჯახო ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის უნარ-ჩვევები, გაეცნენ საგადასახადო რეგულაციებს. პროექტში ჩართულობის შედეგად, ბენეფიციარებმა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა დაიწყეს და მათი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობაც გაუმჯობესდა. პროექტის დასასრულს, ბენეფიციარებმა დააარსეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეწარმეთა ასოციაცია „პულსი“, რომელიც, პირველი და ერთადერთია საქართველოში. საერთო ჯამში, ასოციაცია 18 მეწარმეს აერთიანებს - როგორც პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ 14 ბენეფიციარს, ასევე სხვა მსურველებს, რომელთაც წინსვლის შანსი მიეცათ.


რუსლან საჯაია ასოციაცია „ჰანგი“ „ასოციაცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გააქტიურებასა და მათი ბიზნეს იდეების მხარდაჭერას. ასოციაციაში გაერთიანების შედეგად, შშმ მეწარმეების საქმიანობა მდგრადობას შეინარჩუნებს - ისინი საქმიანობის გაფართოებასა და განვითარებას შეძლებენ.“

წინამდებარე კრებული გაგაცნობთ პროექტში ჩართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ან მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც სხვადასხვა სამეწარმეო საქმიანობას უძღვებიან, სურთ თავიანთი ბიზნესის გაფართოება და გამოთქვეს სურვილი, რომ, ასოციაციის ფარგლებში, ერთმანეთის საკეთილდღეოდ ითანამშრომლონ.

3


ნანული ოთხოზორია ფოთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

„გადავშლი ხოლმე აფხაზეთიდან ჩამოტანილ, ომგამოვლილ რეცეპტების რვეულს და ვფიქრობ - ახლა რომელი ნამცხვარი გავასინჯო ჩემს თანაქალაქელებს. წლებია, ისინი ტკბილეულის მომზადებას მიკვეთავენ და სულ უკვირთ, როგორ ვახერხებ, ამ საქმეს რომ ერთი ხელით ვუმკლავდები. შეზღუდული შესაძლებლობით დავიბადე. თითქმის 63 წელია, ყველაფერს ცალი ხელით ვაკეთებ და ეს სულაც არ მიშლის ხელს, რეალიზებული და ბედნიერი ვიყო. ოთხსულიან ოჯახსაც ვუძღვები და ორი შვილიც დამოუკიდებლად გავზარდე. საოჯახო საქმეებსაც ყოველთვის ჩემით, სხვისი დახმარების გარეშე ვუმკლავდებოდი, რაც ყველას ძალიან უკვირდა. მე კი არასდროს დამვიწყებია, რომ, დიასახლისობის პარალელურად, საკუთარი შემოსავლის წყარო მჭირდებოდა. კონდიტერია ყოველთვის მიზიდავდა. ნამცხვრების ცხობა ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრების დროს დავიწყე. შეკვეთებსაც ვიღებდი და დღესასწაულებზე სხვებსაც ვეხმარებოდი ტკბილეულის მომზადებაში. ომის შემდეგ, 20 წელი ზუგდიდში ვიცხოვრე და ბევრი გულშემატკივარი შევიძინე. ჩემს ნამცხვრებზე იქაც დიდი მოთხოვნა იყო. მერე ფოთში გადმოვედით საცხოვრებლად, ამასობაში კი, ჩემი კონდიტერიისთვის საჭირო ინვენტარი მწყობრიდან გამოვიდა. ახლობლების დახმარებით, ვახერხებდი, რომ ჩემს ბიზნესს ამ ქალაქშიც მოეკიდა ფეხი, თუმცა ძალიან ვწვალობდი. მიწევდა, სხვებისგან მეთხოვა სხვადასხვა საჭირო მოწყობილობა თუ ტექნიკა, რაც ძალიან არაკომფორტული იყო. ამასთან, ჩემი სამეწარმეო საქმიანობაც ვერ ვითარდებოდა.

4


ერთხელ, მეზობელთან რიგითი ვიზიტის დროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგის“ პროექტის შესახებ შევიტყვე. მეზობელმა მითხრა, ნანული, ეს სწორედ ის შესაძლებლობაა, რაც შენ გჭირდებაო. მართლაც ასე აღმოჩნდა! პროექტის ფარგლებში, საცხობი აღჭურვილობა, საჭირო ტექნიკა თუ ჭურჭელი შევიძინე. ამასთან, გავიარე ტრენინგები ბიზნესის მართვის მიმართულებით, რამაც ჩემი სამეწარმეო საქმიანობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. მივიღე რჩევები, ჩემი პროდუქტის ეფექტური რეალიზაციისთვის. ჩემი განახლებული სამზარეულოს პირობებში, აფხაზეთიდან ჩამოტანილ რეცეპტების რვეულს სიახლეებით ვამდიდრებ - ახლა ხომ უფრო მეტი საშუალება მაქვს, ახალი რეცეპტები ვისწავლო და ჩემი პროდუქტის ასორტიმენტიც გავზარდო! ამასთან, სიახლეები ჩემს დამკვეთებსაც აინტერესებთ, რაც ჩემი შემოსავლის ზრდასა და ოჯახის კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება.“

5


ვალტერ შარანგია

ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

„მერე რა, რომ პენსიონერები ვართ?! - მე და ჩემმა მეუღლემ ვიფიქრეთ. ჯერ ჯანიც გვაქვს და შრომაც არ გვეზარება. რატომაც არ უნდა გვქონდეს ჩვენი ბიზნესი?! მითუმეტეს, სამეურნეო საქმიანობაც გვეხერხება. ახალ წამოწყებას ასეთი შემართებით მოვეკიდეთ და დღეს ჩვენს განკარგულებაშია 100 კვ.მეტრის სათბური, რომელშიც მარწყვის წარმოებას ვგეგმავთ. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. მას შემდეგ, რაც გალის რაიონის სოფელ მუხურიდან საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვბარგდით, წლების განმავლობაში, სამხედრო სამსახურში ვმუშაობდი. სმენის შეზღუდვისა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო, პენსიაზე მალე გავედი და სოფლის მეურნეობის საქმიანობას მივყავი ხელი - ოჯახის მოხმარებისთვის თხილი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული მოგვყავდა.

6


გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ გამოჩენის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. პროექტის ფარგლებში, მარწყვის წარმოებისთვის სათბური ავაშენეთ. მარწყვი ეზოში მანამდეც გვქონდა და ამ მცენარეზე ზრუნვა კარგად ვიცოდით. ახლა ნედლეულისთვის მიწის დამუშავების პროცესში ვართ. ამ დროს პროდუქტიულად ვიყენებთ და მარწყვის მოვლის სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის შესახებ საჭირო ინფორმაციას ვეცნობით. ჯამში, ჩვენს სათბურში განთავსდება 1000 ძირი მარწყვი, რომელიც მოსავალს წელიწადში სამჯერ მოგვცემს. ამასთან, ჩვენ სართულებად თაროების გაკეთებასაც ვგეგმავთ, რაც მარწყვის რაოდენობის 3000 ძირამდე გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ადრე თუ ჩვენი ეზოს მარწყვი მხოლოდ ოჯახის მოხმარებისთვის იყოს საკმარისი, ახლა სათბურის პროდუქტის გაყიდვას შევუდგებით. ამ მცენარეზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია როგორც ჩვენს სამეზობლოში, ასევე რესტორნებსა თუ ბაზარში. ასე რომ, დარწმუნებული ვართ, რეალიზაციის პრობლემა არ გვექნება. თანაც, ჩვენ პროექტის ფარგლებში გავიარეთ ტრენინგები და მივიღეთ რჩევები ბიზნესის მართვის მიმართულებით, რაც ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. რას ვიფიქრებდი, თუ ეს პენსიონერი წყვილი, ამ ასაკში, ახალ ბიზნესს დავიწყებდით! თუმცა, დღეს ყველამ ვიცით, როგორია ცხოვრება და რამდენი რამ სჭირდება ადამიანს. ჩვენი შვილები კი მუშაობენ, თუმცა ჩვენც გვინდა, წვლილი შევიტანოთ ოჯახის გაძლიერებაში. ახალი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩვენს კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება.“

7


მაკა კვინჩია

ობუჯი, სამეგრელო-ზემო სვანეთი „ერთ დღესაც, ჩირის მომზადება და ჩურჩხელების აკინძვა დავიწყე. დროთა განმავლობაში, ეს ჰობი ბიზნესად გადაიქცა. დღეს, ოჯახთან ერთად, ხილის ჩირს, ტყლაპსა და ჩურჩხელას სპეციალური დანადგარების მეშვეობით ვაშრობ და საკუთარ ეზოში მოყვანილ ნედლეულს მაღალი ხარისხის სარეალიზაციო პროდუქტად ვაქცევ. ეს საქმიანობა გასართობად, ოჯახის მოხმარებისთვის დავიწყე. ჩვენთვის მოულოდნელად, ამ სუფთა და ნატურალური პროდუქტით გარშემომყოფებიც დაინტერესდნენ. ამასთან, სოფელში გვაქვს ნაკვეთი, სადაც თითქმის ყველა სახეობის ხილი მოგვყავს. შესაბამისად, ნედლეულის მოპოვების პრობლემა არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, ბიზნესი აგვეწყო. ჩვენს ჩირებსა და ჩურჩხელებს, ძირითადად, ზუგდიდისა და თბილისის ბაზრებში ვაბარებდით, მერე კი კმაყოფილი მომხმარებლები პირადად გვიკავშირდებოდნენ და დამატებით შეკვეთებს გვაძლევდნენ.

8


ჩირსა და ჩურჩხელას მამაპაპური მეთოდით ვამზადებდი - ნედლეულს მზეზე ვაშრობდი, რაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო. მნიშვნელოვნად დამოკიდებული ვიყავი ამინდზე, რის გამოც პროდუქტი ხშირად ფუჭდებოდა. მერე გამოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტი, რომლის ფარგლებში მოგებული გრანტითაც საჭირო დანადგარები და ყალიბები შევიძინეთ. შედეგად, ჩვენი საქმიანობა დაიხვეწა, შრომა გამარტივდა, შემოსავალი კი გაუმჯობესდა. ადრე თუ პროდუქტის მოსამზადებლად 15 დღე მაინც გვჭირდებოდა, ახლა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს 3 დღეში ვამზადებთ. ჩვენს დანადგარს შეუძლია, ერთდროულად გამოაშროს, მაგალითად, 250 კილო ხურმის ჩირი ან 1000-1200 ჩურჩხელა, თუმცა, ჩვენ სხვადასხვა კარადაში სხვადასხვა ხილს ვაწყობთ ხოლმე, რაც სეზონურ შეკვეთებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას გვაძლევს. ამ დანადგარში გამომშრალი პროდუქტი სუფთაა და დაცულია მწერებთან კონტაქტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მე-12 კლასში ვარ და ძალიან დაკავებული ვარ, მაინც აქტიურად ვესწრებოდი ყველა ტრენინგს, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. ბიზნესის მართვის მიმართულებით მიღებულმა ცოდნამ ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროდუქტის ეფექტურად რეალიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ფაქტობრივად, დღეს 5-ჯერ ნაკლებ დროში 5ჯერ მეტ შემოსავალს ვიღებთ, რაც არაჩვეულებრივი წინსვლაა! თანაც, ოჯახის წევრებთან ერთად, სეზონურად 3 ადამიანსაც ვასაქმებთ. გარდა იმისა, რომ ვსწავლობ, ვუკრავ, ვმღერი, ვკერავ თუ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებ, ამ ბიზნესის განვითარება ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ახლა ვამუშავებ გეგმებს, რომ ახლობლებისა და მუდმივი კლიენტების წრეს გავცდეთ, პროდუქტი შევფუთოთ და სარეალიზაციოდ მარკეტებშიც შევიტანოთ. იმედია, ამ იდეის განხორციელებასაც შევძლებთ!“

9


თამაზ გაბლაია

ინგირი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

10


„აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემმა ოჯახმა აქ ყველაფერი თავიდან დაიწყო. მე ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, ამპუტირებული ფეხით განვაგრძე. სიმართლე რომ ვთქვა, საკუთარ თავს შშმ პირად არ აღვიქვამ. აქტიურად ვვარჯიშობ და ფეხბურთსაც ვთამაშობ. პარალელურად, არც შრომას ვუშინდები. ყოველთვის მოწადინებული ვიყავი, რომ მქონოდა ჩემი საქმე, რომელსაც მთელს ენერგიასა და დროს დავუთმობდი, თუმცა საჭირო ფინანსების მოძიება მიძნელდებოდა. გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის ხელშეწყობით, სათბური ავაშენე. სხვადასხვა პროდუქტის მოყვანას მივყავი ხელი: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა... ველი, რომ კარგ მოსავალს მივიღებ. საწყის ეტაპზე, პროდუქტს სამეზობლოში გავყიდი - აქ ნატურალურ ხილ-ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნაა. თუ მოსავალიც ხელს შემიწყობს, რეალიზაციისთვის უფრო ფართო მასშტაბის ბაზარსაც ავითვისებ. მთავარი, რაც ამ პროექტმა მომცა, არის იმედი - იმედი იმისა, რომ ყველაფრის გაკეთებას შევძლებ. შრომასა და სამომავლო გეგმების დასახვას სწორედ ამ იმედზე ფიქრით ვაგრძელებ.“

11


რამინ ძიმისტარაშვილი თორსა, სამეგრელო-ზემო სვანეთი

„ჩემი სამი ძმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ, თავს მიწის ნაკვეთის დამუშავებითა და საქონლის მოვლით ვირჩენდით. ახალი მისაბმელიანი ტრაქტორის შეძენის შედეგად, ხარჯები შეგვიმცირდა და დამატებითი შემოსავლის წყაროც გაგვიჩნდა! სოფელში გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც, ძირითადად, სიმინდი და გოგრა მოგვყავს. ამ ნაკვეთის მოვლისთვის ბევრს ვწვალობდით - გვიწევდა, რომ მიწის დამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა გვექირავებინა, რაც მნიშვნელოვანი ხარჯი იყო. გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის შესახებ რომ შევიტყვე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ჩვენი ოჯახის გამოწვევების გადასაჭრელად შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. მართლაც ასე აღმოჩნდა! პროექტის ფარგლებში, შევიძინეთ ტრაქტორი თავისი პატარა მისაბმელით. ტრაქტორი მიწის კულტივაციასა და გაფხვიერებაში გვეხმარება, მისაბმელი კი მოსავლისა თუ შეშის გამოტანასა და გადაზიდვას გვიმარტივებს. ამასთან, ჩვენს ოჯახს პატარა შემოსავალიც გაუჩნდა. ჩვენი სოფლის მოსახლეობას ტრაქტორის დახმარება სულ სჭირდება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, მიწის დამუშავებასა თუ მოსავლის გამოტანაში მათაც დავეხმაროთ. ხარჯის პარალელურად, კი ამ საქმით მცირე ფინანსური სარგებელიც ვნახოთ.

12


აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ჩვენს ოჯახზე ძალიან სასარგებლოდ აისახა. პირველ რიგში, ჩვენი მოხუცი მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, რომ ახალ წამოწყებას მოვკიდეთ ხელი. ჩემი ძმებიც სულ ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაერთონ, როგორც შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, ხარჯები შევამცირეთ, ფიზიკური შრომა გამარტივდა, ახალი შემოსავალი გაგვიჩნდა და სოფლის მოსახლეობასაც ვეხმარებით.“

13


ემა გულუა

გრიგოლისა, სამეგრელო-ზემო სვანეთი

14


„ჩვენს სახლთან ახლოს, პატარა წყარო ჩამოდიოდა. 4 წლის ვიყავი, როცა აქ ბანაობისას გავცივდი. მას შემდეგ, ჰაერის უკმარისობა მაქვს და ბრონქული ასთმის დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად, ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი. მადლობა ღმერთს, შემიძლია, ვიშრომო და ვიმუშაო. შესაბამისად, სულ მინდოდა, დამეწყო ჩემი საქმე, რომელიც საკუთარი თავის რჩენისა და სხვების დახმარების შესაძლებლობას მომცემდა. მინდოდა, მქონოდა მიზანი, რომლისკენაც ვივლიდი. ჩემი შემართების პარალელურად, გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტი გამოჩნდა. მათი მხარდაჭერით, ფუტკრის 20 ოჯახი შევიძინე. ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ახლა უკვე მაქვს რესურსი იმისა, რომ განვვითარდე, ფუტკრის ოჯახები და თაფლის წარმოება გავზარდო. პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები სტუდენტურ დღეებს მახსენებდა. ახლა ჩემი თავის მჯერა. მჯერა, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ.“

15


რობერტ კონჯარია

ობუჯი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

„ჩვენს ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირი ვართ - მე და ჩემი შვილი. არაერთი გამოწვევის პარალელურად, ახლა დავიწყე ახალი საქმე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს! ვუძღვები 100 კვ მეტრის სათბურს, სადაც კიტრსა და პომიდორს მოვიყვან და ამ საქმეს საოჯახო ბიზნესად ვაქცევ.

16


ტრადიციულ სოფლის მეურნეობაში ვიყავი ჩართული, როცა გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის შესახებ შევიტყვე. გამიმართლა და გავიმარჯვე. გავაკეთეთ სათბური ყველა საჭირო მოწყობილობით: წყლის ავზი, წვეთოვანი და სავენტილაციო სისტემები მოსავლისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნაში დაგვეხმარება. სათბურში მუშაობის გამოცდილება იქამდეც მქონდა. შესაბამისად, კარგად ვიცოდი, ამ საქმეს რა ტექნიკა და უნარები სჭირდებოდა. თავიდან, სალათის ფურცლის მოყვანა მინდოდა, რათა რესტორნები და სხვადასხვა დაწესებულება მოგვემარაგებინა. მაგრამ, პანდემიის გამოწვევების გამო, ეს მიმართულება შევცვალე და ჩემი გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგე. ორიენტირი უფრო სამომხმარებლო პროდუქტზე ავიღე და კიტრისა და პომიდვრის წარმოება გადავწყვიტე. კიტრისა და პომიდვრის ჩითილები გავაკეთე და 250-მდე ძირი უკვე დავრგე. ჯერ მოსავალი არ მიმიღია, თუმცა მთელი სათბური დატვირთულია. თუ გაგვიმართლებს და კარგი ამინდები იქნება, თითო ძირი 5-6 კილო მოსავალს მაინც მოგვცემს. ვინაიდან ბაღსა და ბოსტანში მოყვანილი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციის გამოცდილებაც მაქვს, სათბურის მოსავალსაც სათანადოდ მივხედავ. ჩვენს პროდუქტს, ძირითადად, რაიონის ბაზარში გავყიდით.

17


თენგიზ სიგუა

პატარა ფოთი, სამეგრელო

18


„14 წელია, უსინათლო ვარ. მხედველობა ავარიის შედეგად დავკარგე. წლების განმავლობაში, საკუთარი საქმის დაწყებაზე ვფიქრობდი, თუმცა, საჭირო ფინანსების სიმცირის გამო, ამ გეგმის განხორციელებას ვერ ვახერხებდი. გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის მხარდაჭერით, შესაბამისი დაფინანსება მოვიპოვე და თევზსაშენი მოვაწყვე. აუზისთვის სპეციალურად შევარჩიე ადგილი, სადაც წყლის დონე თავისით ივსება. ვამრავლებ კობრსა და ამურს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს პირობებში განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩევიან. ეს ახალი წამოწყება ჩემი და ჩემი ოჯახის სოციალური თუ ფინანსური კეთილდღეობისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. საქმეში ახლობლები და ოჯახის წევრები მეხმარებიან. თევზის რეალიზაციის სხვადასხვა გზას მივმართავთ: ბაზარში გავყიდით და რესტორნებსა თუ ბარებს მოვამარაგებთ, რაც ჩვენს შემოსავალზეც დადებითად აისახება. ახლა ჩემი თავი უფრო სრულფასოვნად მიმაჩნია, ვიდრე მანამდე. შემოსავლის წყარო რომ გიჩნდება კაცს, წელში უფრო გამართული ხარ.“

19


ბადრი გოგია

ზუგდიდი, სამეგრელო-ზემო სვანეთი „საკუთარი შესაძლებლობების სწორედ მაშინ ვირწმუნე, როცა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე დავდექი. 60 წლის ასაკში, ახალი საყვარელი საქმე და UNDP-ის პროექტი აღმოვაჩინე, რომელმაც მომცა მოტივაცია, არასდროს დავნებებულიყავი. პროფესიით ინჟინერი ვარ, საზღვარგარეთ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან ერთად, ჩემი აქტიური ცხოვრების წესი ჰემოდიალიზმა ჩაანაცვლა და მეც უკრაინიდან ზუგდიდში დავბრუნდი. აქ სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი, თუმცა ჯანმრთელობა ისე შემერყა, ორივე კიდური დავკარგე და ვერც ფერმერულ საქმიანობაში ვიყავი პროდუქტიული.

20


სულ ვამბობ, რომ გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგის“ პროექტი მხსნელად მაშინ მომევლინა, როცა ჩემი პრობლემების მიღმა ვერაფერს ვხედავდი. ბავშვობაში მამაჩემისგან ნასწავლი საქმიანობა გავიხსენე და მავთულბადეების წარმოება დავიწყე. მავთულბადე საჭირო პროდუქტია, როგორც ფერმერებისთვის, ასევე სამშენებლო სამუშაოებისთვის, გზების მშენებლობისთვისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. პროექტის ფარგლებში, მავთულბადეების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ინსტრუმენტები და ნედლეული შევიძინე. ეზოში საამქრო ავაშენე, სადაც რკინის მავთულის ქსოვის ნახევრად ავტომატიზებული სისტემაა მოწყობილი. ამასთან, ტრენინგების მეშვეობით, მივიღე ინფორმაცია ფინანსური საკითხების შესახებ, რაც დღეს სამეწარმეო საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და მართვაში მეხმარება. ერთი მხრივ, ჩემთვის ეს საქმე თერაპიაა, რომელიც ფსიქოლოგიურად მაძლიერებს - მაქვს ჩემი საზრუნავი, რაც უფლებას არ მაძლევს, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობის პრობლემებზე ვკონცენტრირდე. მეორე მხრივ, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა. როცა პროდუქტის რეალიზაციას დავიწყებთ, ჩვენი შემოსავალიც გაიზრდება. ვვარაუდობ, რომ 2-3 ადამიანსაც დავასაქმებ და სამეგრელოს მასშტაბით, სადისტრიბუციო ქსელსაც განვავითარებ. დავრწმუნდი, რომ მთავარია, ადამიანს სურვილი ჰქონდეს. მოტივაციის არსებობის პირობებში, ამ სურვილის ასრულებას ვერც შეზღუდული შესაძლებლობა შეუშლის ხელს. თუმცა, გარშემომყოფების მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია. რომ არა ჩემი მეუღლისა და შვილის გულშემატკივრობა, ამას ვერ შევძლებდი! ჩემი 10 წლის ბიჭი დღეს ისევე სწავლობს მავთულის ქსოვას ჩემგან, როგორც მე ვისწავლე ეს ხელობა მამაჩემისგან მრავალი წლის წინ.“

21


ნინო ხარჩილავა

აბედათი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

22


„სტანდარტულ საოჯახო მეურნეობაში ჩართულს, უცებ, სამი მეწველი ძროხის ყოლის შანსი გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსია მაქვს და ფიზიკურად შრომა მიჭირს, ამ წამოწყებაში ოჯახის წევრები დავიხმარე და წინ დიდი გეგმებიც მაქვს - რძის პროდუქტის რეალიზაციის პარალელურად, მალე ჩემი ფერმაც მექნება!“ ჩვენი ოჯახი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ყოველთვის მისდევდა. ხილისა და ბოსტნეულის მოყვანასთან ერთად, მეფრინველეობასაც ვეწეოდით - ქათმები, ინდაურები და იხვები გყავდა და ახლაც გვყავს. თუმცა, ყველაფერს საკუთარი მოხმარებისთვის ვქმნიდით - იმ რაოდენობის არასდროს არაფერი გვქონდა, რომ გაგვეყიდა და შემოსავალი მიგვეღო. გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის გამოჩენის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. პროექტის ფარგლებში, სამი მაკე ძროხა შევიძინეთ. ოჯახში საქონელი იქამდეც გვყოლია, თუმცა ავადმყოფობისა თუ სხვადასხვა პრობლემის გამო გავყიდეთ. სამაგიეროდ, ამ პირუტყვზე ზრუნვა და რძის პროდუქტების წარმოება კარგად ვიცოდით. ამასთან, პროექტის ფარგლებში გავიარეთ ტრენინგები ბიზნესის მართვის, რეალიზაციისა და მარკეტინგის მიმართულებით, რამაც ძალიან სწორი მიმართულება მოგვცა და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვაში შეგვიწყო ხელი. ვინაიდან მე ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია, საქონლის მოვლაში, რძის პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციაში დედა, მეუღლე და ბიძაშვილი მეხმარებიან. ნატურალური რძისგან ვამზადებთ ჭყინტ ყველსა და ნადუღს, რომელთაც ბაზარში ვყიდით. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ აგვეწყო ზუსტად ის საქმე, რაც ახლა გვაქვს. ძროხების გაყიდვას არ ვაპირებ, მხოლოდ საქმიანობის გაფართოებას ვგეგმავ. მინდა, რომ პირუტყვი გავზარდოთ და საკუთარი ფერმა გავაკეთოთ, ამასთან, რძის პროდუქტების რეალიზაციასაც აუცილებლად განვაგრძობ.“

23


სოსო კირტავა

თეკლათი, სამეგრელო-ზემო სვანეთი „როცა სამი შვილი გყავს, ოჯახის კეთილდღეობისთვის ბევრი რამაა საჭირო. შრომა არასდროს მეზარებოდა, თუმცა, ვფიქრობდი, რომ საქონლის მოვლა ჩვენი სამომავლო შემოსავლის ძირითადი წყარო უნდა ყოფილიყო. მეუღლესთან, შვილებთან და მამიდასთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენი ოჯახი სოფლის მეურნეობაში ყოველთვის ჩართული იყო: მიწის ნაკვეთში ვშრომობთ, ქათმებს, ინდაურებს, ღორებსა თუ სხვა შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს ვუვლით. თუმცა, ოჯახის კეთილდღეობისთვის ეს საკმარისი არ იყო. გვსურდა, დაგვეწყო ისეთი საქმე, რომელიც ჩვენი საყრდენი იქნებოდა.

24


გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტში მონაწილეობისა და გამარჯვების შემდეგ, ჩვენი უკეთესი მომავლის შენებაც დაიწყო. გადავწყვიტეთ, მესაქონლეობისა და რძის პროდუქტების წარმოებისთვის უფრო სერიოზულად შეგვეხედა. სამი მაკე ძროხა შევიძინეთ. ნამატი უკვე გვყავს - სამი ხბო შეგვეძინა. ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ჩვენს ოჯახს მესაქონლეობის გამოცდილება იქამდეც ჰქონდა, შესაბამისად, სადგომის აშენება საჭირო არ იყო. დღეში 3-4 საათს სწორედ ამ სივრცეში ვატარებთ. დილით ადრე ვდგებით, საძროხეს ვასუფთავებთ, საქონელს ვბანთ, ვვარცხნით, რძეს ვწველით, ყველი ამოგვყავს და ნადუღს ვაკეთებთ, საღამოს კი იგივე პროცესი მეორდება. ეს ყველაფერი დამღლელია, თუმცა ოჯახს ასე სჭირდება. ახლა რძის პროდუქტს ჩვენი ოჯახის მოხმარებისთვის ვაწარმოებთ. ნამატის პირობებში, რძის რაოდენობაც მოიმატებს, რაც წარმოების გაზრდის შესაძლებლობასაც მოგვცემს. ვფიქრობთ, ჩვენს ნაწარმს სენაკის ბაზარში გავყიდით. საქმიანობის გონივრულად დაგეგმვაში პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე მიღებული ცოდნაც გვეხმარება. თუმცა, ბიზნესის გამართვას დრო სჭირდება. ჩვენ ენერგიას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ გავფართოვდეთ, ხარიც შევიძინოთ, ნამატს მოვუაროთ და საკუთარი ფერმაც გვქონდეს.“

25


ომარ ხასია

ობუჯი, სამეგრელო-ზემო სვანეთი „მე და ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მარტო ვცხოვრობთ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, თავს სოფლის მეურნეობის საქმით ვირჩენდით, თუმცა ახლა ახალი იმედი გაგვიჩნდა! შევიძინეთ 10 ცხვარი, რაც, მჯერა, ჩვენი უკეთესი მომავლის წინაპირობა იქნება. ინტერნეტში შევიტყვე გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტის შესახებ. მათი მხარდაჭერით, 10 ცხვარი შევიძინეთ. ჩვენს ოჯახს საქონელი იქამდეც ჰყოლია, თუმცა გაჭირვებისა თუ სხვა გამოწვევების გამო გავყიდეთ. სამაგიეროდ, სადგომი ადგილზე გვქონდა და ამის გაკეთებაში რესურსის ჩადება საჭირო აღარ იყო.

26


მსურს, ცხვარი გავამრავლო, გაყიდვას არ ვაპირებ. ეს ინვესტიცია ჩვენი სამომავლო კეთილდღეობის წინაპირობაა. ცხვრების მოვლასა და პატრონობაში ჩემი დაც ისევეა ჩართული, როგორც მე. სრულ ყურადღებას ორივე ამ საქმეს ვუთმობთ. ენერგიას არც მომავალში დავზოგავთ იმისთვის, რომ დიდი ფარა შევქმნათ! ეს პროექტი აძლიერებს ისეთ ადამიანებს, რომელთაც მხარდაჭერა მართლაც ძალიან სჭირდებათ. ისინი ახლიდან იბადებიან, ცოცხლდებიან, ახალ საქმეს იწყებენ და მათი ცხოვრებაც ნელ-ნელა უმჯობესდება. მჯერა, მე და ჩემი დაც ამ ადამიანთა შორის ვართ.“

27


ლაშა პაკელიანი

ეცერი, სამეგრელო-ზემო სვანეთი

28


„წლების განმავლობაში ვგეგმავდი საქმეს, რომელსაც ჩემი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეეცვალა. ახლა უკვე წარმატებით ვუძღვები თევზსაშენს, რომელიც ჩვენი სამომავლო კეთილდღეობის წინაპირობაა. პროფესიით ეკონომისტ-ინფორმატიკოსი ვარ და მესტიაში ტელე-რადიო ცენტრში ვმუშაობ. ჩემი საქმიანობა ტელევიზიის მონიტორინგსა და რეგიონისთვის მუდმივი მაუწყებლობის უზრუნველყოფას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ თევზებთან შეხება არასდროს მქონია, თევზსაშენის გაკეთებაზე დიდხანს ვფიქრობდი. საჭირო წვრილ-წვრილი მასალაც კი მოგროვებული მქონდა, თუმცა გასავითარებლად ფინანსები მაკლდებოდა. ამ დროს, გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაციის „ჰანგი“ პროექტი გამოჩნდა. ვინაიდან ჩემი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მონაწილეობა ჩვენც შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც! გავაკეთეთ ტბა, სადაც კობრის ლიფსიტები გავუშვით. თევზის ამ სახეობაზე არჩევანი ბიოლოგ-ქიმიკოსი მამის რეკომენდაციით შევაჩერე. კობრი ადვილად მოსავლელი თევზია სპეციალურ საკვებთან ერთად, წყალმცენარეებითა და მოთიბული ბალახითაც იკვებება, მარტივად იზრდება, უფრო ბარაქიანია და მეტი ხორცი აქვს. შესაბამისად, კობრზე მოთხოვნა დიდია რესტორნებშიც - ადგილობრივ ბაზართან ერთად, თევზის რეალიზაციას ჩვენ სწორედ საკვებ ობიექტებში ვგეგმავთ. თანაც, სვანეთში, კობრი არავის ჰყავს, რაც ჩვენი ბიზნესის უკონკურენტობას განაპირობებს.“

29



Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.