4 minute read
ინტერვიუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან
თორნიკე რიჟვაძე საქმიანობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ორ თვეზე მეტია, შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გატარება მოასწრო, საზოგადოების ყურადღება ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებისთვის, საქართველოს რუკის გადაცემით მიიპყრო. რიჟვაძის ეს ქმედება 3 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როცა, რუსეთის წარმომადგენლებმა, ოლიმპიადაზე, მსოფლიო რუკები დაარიგეს, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. აჭარის მეთაურის განცხადებით, ნებსით თუ უნებლიეთ მომხდარი შეცდომა ქვეყნის ერთიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ამიტომ, დელეგაციის წევრებს საქართველოს რუკას გადასცემს, რათა მომავალში ასეთი უხერხულობა აღარ შეიქმნას.
„ამ საჭადრაკო ოლიმპიადისთვის თვეების განმავლობაში ვემზადებოდით. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო განხორციელდა. მინდა, ვთქვა, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა საკმაოდ კარგად იმუშავა და ეფექტური გახსნა გვქონდა. შეიძლება, ითქვას - უპრეცედენტოც კი. საჭადრაკო თამაშები ნორმალურ ვითარებაში იმართებოდა, თუმცა, ამჯერად მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ყრილობაზე, რომელიც ჭადრაკის ოლიმპიადის ფარგლებში იმართებოდა, რუსეთის ერთ-ერთი ოლქის დელეგაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დელეგაციას სასაჩუქრე ჩანთები დაურიგეს, სადაც სამწუხაროდ ასევე აღმოჩნდა რუკები, რომლებზეც საქართველო წარმოჩენილია სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე. ეს ჩემთვის ცნობილი გახდა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის - პრესისგან. განსაკუთრებით მძიმე იყო დამახინჯებული რუკის ხილვა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან 10 წლის თავზე, როცა, რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და დღემდე არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს - არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტად სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ, ჩავთვალე, ეს იმდენად მიუღებელი ფაქტი გახლდათ, რომ აუცილებელი იყო რეაგირება. შესაბამისად, ძალიან სპონტანურად დაიგეგმა იმ საჩუქრის გადაცემა, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და, რა თქმა უნდა - ჩვენს სულისკვეთებას. ამით ჩვენ აღვნიშნეთ ის, რომ არ შევეგუებით ჩვენი ტერიტორიული საზღვრების ამგვარ დეკლარირებას და ყოველთვის ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი დავიცვათ. ასე რომ, ეს იყო ის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს.“
Advertisement
რუს დელეგატებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენი გამოსვლის შემდეგ?
რუკის დამახინჯება დიზაინერების შეცდომას დაუკავშირეს, თუმცა, ეს ჩემთვის არ არის სათანადო არგუმენტი და, რა თქმა უნდა, მათთვის ეს იყო ძალიან მოულოდნელი და საკმაოდ მძიმედ აღიქვეს. ჩვენ ყველა ვითარებაში უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ოკუპაციის მიმართ.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული ქმედება არ არის მხოლოდ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ოკუპაციის მიმართ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებები იყოს დაცული. რუსული აგრესიის შედეგად, ჩვენი მოქალაქეების უფლება საკუთარ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეილახა და დევნილად გადაიქცა მათი დიდი ნაწილი. სახეზე გვაქვს მძიმე ჰუმანიტარული გამოწვევები. შესაბამისად, ამ პრობლემების საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარმოსაჩენად გამოვიყენებთ ყველა საჭირო მექანიზმს. ამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს ფორმატის ქმედუნარიანობა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა.
საერთაშორისო საზოგადოება ახსენეთ და მაინტერესებს, რით უპასუხებთ ოპონენტებს, რომლებიც, ბოლო დროს, ხშირად სვამენ კითხვებს თქვენი გუნდის საგარეო კურსზე?
ერთი რამ მინდა, დაბეჯითებით ვთქვა, ევროპული არჩევანი არ არის ვიწრო დაჯგუფების ან რომელიმე პარტიის ექსკლუზივი. ეს არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი და, რა თქმა უნდა, ამ ისტორიული არჩევნის გატარებას ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული და არჩეული ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენი თანამიმდევრული პოლიტიკა, სამშვიდობო ინიციატივები და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და, რაც მთავარია, თითოეული პატრიოტის თანამონაწილეობა აუცილებელი წინაპირობაა დეოკუპაციის მისაღწევად. ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე!
ყველაზე ახალგაზრდა ხართ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. აწყდებით თუ არა ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებს და გაუმახვილებიათ თუ არა ყურადღება თქვენს ასაკზე კოლეგებსა და ოპონენტებს?
რა თქმა უნდა, თავიდან, სკეპტიციზმს ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილნი. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდული შემართება და პატრიოტიზმი არის საფუძველი, მიღებულ იქნას სახელმწიფოებრივი და პრაგმატული გადაწყვეტილება აჭარაში, რომელიც რეგიონის საჭიროებაზე იქნება მორგებული და - სრულ შესაბამისობაში ცენტრალური მთავრობის კურსთან ბატონი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. თუმცა, პასუხისმგებლობის აღებას ძალიან ადრეული ასაკიდან ვარ მიჩვეული. მაშინაც კი ყველაზე ახალგაზრდა გახლდით, როცა ცენტრალურ მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მეკავა.
აჭარაში ჩემს გუნდთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, რეგიონის საჭიროებაზე იქნება მორგებული და, რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი იქნება სახელმწიფოებრივი და პრაგმატული.
რეგიონის საჭიროებაზე იქნებ დააკონკრეტოთ, რა მთავარ გამოწვევებს ხედავთ აჭარაში?
მიუხედავად იმისა, რომ აჭარა არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე რეგიონი ეკონომიკური განვითარებითა და დინამიკით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური და სოციალური საკითხი დგას. რეგიონში გატარდება ეკონომიკური პოლიტიკა ინკლუზიური ეკონომიკის კუთხით, ტურიზმი იქნება სტრატეგიული მიმართულება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, როგორც ინოვაციური მიდგომების, ასევე, მაღალტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება. ამ ყველაფერმა უნდა მოგვცეს სამართლიანობა, რაც გულისხმობს თანაბარი პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი იგრძნობოდეს ყველა სოფელში და არა მხოლოდ - ადმინისტრაციულ ცენტრებში. ინფრასტრუქტურული მიმართულებით იგეგმება საკმაოდ მასშტაბური და მდგრადი პროექტები, ამ კუთხით მნიშვნელოვანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის როლის გაძლიერება. ასევე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების როლი რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს ძალიან მოქნილი, მცირე და ეფექტიანი მთავრობა, და ამ მიმართულებით გადაიდგა ეფექტიანი ნაბიჯები.
სულ სამი თვეც არ არის, რაც ამ თანამდებობაზე ხართ. მაინტერესებს, როგორი იყო თქვენ მიერ გატარებული პირველი ღონისძიებები?
პირველი იყო მცირე მთავრობის კონცეფციის გატარება. ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსი. ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, უკვე გავხსენით „აწარმოე საქართველოს“ პირველი რეგიონალური წარმომადგენლობა აჭარაში და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეებს და კერძო სექტორს, აკეთონ ბიზნესი. ასევე, წარვადგინეთ ბიზნესომბუდსმენიც, რაც ბიზნესის ინტერესების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იქნება, როგორც რეგიონალურ, ასევე - ცენტრალურ ჭრილში.
ჩვენი პოლიტიკა და ის ნაბიჯები, რაც აქამდე განხორციელდა, არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპულობა და სამართლიანობა არის მთავარი, და ვერავინ ისარგებლებს ხელშეუხებლობით და ყველასთან მიმართებაში, კანონი იქნება უზენაესი.
ამჟამად, ძალიან აქტუალურია მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხი. ბათუმში სხვადასხვა აქციაც მიმდინარეობდა. ამის შესახებ როგორია თქვენი ხედვა?
ადამიანებს აქვთ უფლება, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით გამოხატონ პროტესტი, თუმცა, მინდა, ვთქვა, რომ გუშინ, აქციის ორგანიზატორებს შევთავაზე შეხვედრა. სამწუხაროდ, ისინი ამ შეხვედრას არ დათანხმდნენ. მინდა, აღვნიშნო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა და მომავალშიც გადაიდგმება ქალაქის განაშენიანების რეგულირების კუთხით. ქალაქის ინტერესების დაცვის ფონზე, მნიშვნელოვანია, გვქონდეს დინამიკა ეკონომიკაში. ამავდროულად, ჩვენ არ შეგვიძლია ეკონომიკის დამუხრუჭება.
ზემოთ აღნიშნეთ, რომ ტურიზმი იქნება თქვენი სტრატეგიული მიმართულება. რა გეგმები გაქვთ ამ კუთხით?
ის ღონისძიებები, ჭადრაკის ოლიმპიადა, ასევე, რამდენიმე, მაღალი რანგის კონფერენცია, ეს ყოველივე ტურიზმის ხელშემწყობია. ასევე, ზამთარში იგეგმება ზამთრის კურორტის - „გოდერძის“ აქტიური წარმოჩენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდინგის ხელშეწყობა, ანუ, აჭარა და ბათუმი უფრო კარგად უნდა პოზიციონირდეს საერთაშორისო ბაზრებზე და ამ კუთხით, მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს. მნიშვნელოვანია, აჭარა იყოს ოთხ სეზონზე გათვლილი ტურისტული მიმართულება და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული, ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი. ვაპირებთ, სივრცითი დაგეგმარების მხრივ, საერთაშორისო კვლევა ჩავატაროთ და ყველაფერი იყოს იმ მოლოდინთან ახლოს, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებს ექნებათ.
აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბათუმი 2019 წელს არის ევროპის სპორტის ქალაქი, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს სპორტულ ტურიზმს და ჩვენ ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, ასევე აღსანიშნავია საფეხბურთო მოედნის საკითხი, რომელიც 2020 წელს დასრულდება და ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში. სტადიონი დაპროექტებულია უეფას IV კატეგორიის მოთხოვნათა შესაბამისად და გათვლილია 20 000 მაყურებელზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის ეფექტიანი განხორციელება რეგიონში. ახალგაზრდების ჩართულობა ეკონომიკურ პროცესებში, რადგან განათლებული ახალგაზრდობა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა. ამას გარდა, ჩვენი დიდი სურვილია, რომ დავაინტერესოთ უცხოური, მაღალი დონის სასწავლებლები და საერთაშორისო განათლებაზე ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ, არამედ - აჭარაშიც.