
1 minute read
ინტერვიუ გერმანიის ელჩთან საქართველოში
გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში თანამდებობაზე გასულ თვეს დაინიშნა. ბატონი ჰუბერტ ქნირში ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში საუბრობს გერმანია–საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივაზე, საკუთარ მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებზე.
პირველ რიგში, გილოცავთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და გისურვებთ წარმატებას საქმიანობაში, რა არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც მუშაობა დაიწყეთ?
Advertisement
გმადლობთ! ჩემთვის პატივია ვიმუშავო ასეთ არაჩვეულებრივ, მეგობრულ ქვეყანაში. ჩვენს პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს- 100 წლის წინ გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მას შემდეგ ჩვენი პარტნიორობა სულ უფრო ღრმავდება: რამდენიმე კვირის წინ კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია თბილისს, ახლა კი ჩვენ ველოდებით საქართველოს ლიტერატურული და კულტურული სიმდიდრის წარმოჩენას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც მსგავსი ტიპის ყველაზე დიდი ღონისძიებაა მსოფლიოში. მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრები დავიწყე, ასევე გერმანულ ინსტიტუტებთან და კომპანიებთან, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში. მონაწილეობას ვიღებ თბილისის მარათონში საელჩოს წარმომადგენელთა ჯგუფთან ერთად.
თქვენი წინა თანამდებობა იყო გერმანიის საელჩოს პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მოსკოვში, სადაც რამდენიმე წელი მოღვაწეობდით, რას ფიქრობთ რუსეთის ქმედებებზე საქართველოსთან მიმართებაში?
სამწუხარო ფაქტია, რომ რუსეთი აგრესიულად იქცევა საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ. რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ საკმაოდ მწვავე დიალოგი გვაქვს. ამავე დროს, რუსი ხალხი არ იზიარებს უარყოფით წარმოდგენას საქართველოზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საკუთარი ქვეყნის აუთსაიდერის პოზიციაში ყოფნით კმაყოფილი არ არიან.
რუსეთის ქმედებების ოკუპაციად შეფასება მნიშვნელოვანი ჟესტი იყო კანცლერ ანგელა მერკელის მხრიდან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად არის აღიარებული გერმანიის მიერ, გერმანელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ერიდებიან სიტყვა ოკუპაციის გამოყენებას ოფიციალურ გამოსვლებსა და განცხადებებში, როგორ ახსნიდით ამ ფაქტს?
ცხადია, ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია და მასზე უცხო ქვეყნის სამხედროების ყოფნა ოკუპაციაა. დანარჩენი ვითარება კი, არც ისე მარტივადაა. სიფრთხილე გვმართებს, რომ არ დავიყვანოთ კონფლიქტის მთლიანი სურათი ერთ სიტყვამდე. მათ გრძელი და კომპლექსური ისტორია აქვთ - რომლებსაც მე ახლა ვსწავლობ და ეს გასათვალისწინებელია მათზე საუბრისას.
როგორია გერმანიის პოზიცია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, ყველა აცნობიერებს, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივებია, მნიშვნელოვანი ისაა, რომ დრო არ დავკარგოთ ლოდინში და აქტიურად ვიმოქმედოთ. საქართველო და ნატო აგრძელებენ თანამშრომლობას პროგრამით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გერმანია ამ პროგრამაში წამყვან როლს თამაშობს. რაც შეეხება ევროკავშირს, მოხარული ვარ, რომ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა - ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან ეკონომიკური ურთიერთობები სრულიად სხვა დონეზე განხორციელდება, თუმცა, ამისათვის ორივე მხარეს ბევრი მუშაობა მოუწევს.
თბილისი ხდება უფრო ენერგიული და დინამიური ქალაქი, მის ღამის ცხოვრებას ხშირად ადარებენ ბერლინს. როგორ ატარებთ თავისუფალ დროს, გაქვთ თუ არა შესაძლებლობა დაათვალიეროთ ჩვენი ქვეყანა?
მართალი ხართ! მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვეცნობით ქალაქის ატმოსფეროს და კულტურულ სიმდიდრეს - განსაკუთრებით კი ხალხს. სხვათაშორის საელჩოში ყველაზე ნაკლები დრო გავატარეთ, სამი კვირა ვიმოგზაურეთ საქართველოში გასულ ზაფხულს, შავი ზღვიდან კახეთამდე და ახალციხიდან ყაზბეგამდე. არაჩვეულებრივი ქვეყანაა, გასაკვირი არ არის, რომ საქართველო ხდება გერმანელების ფავორიტი ტურისტული წერტილი.
რისი მიღწევა გსურთ ელჩის რანგში შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში?
ქართველებს აქვთ გერმანიასთან თანამშრომლობის და გერმანული კულტურის დიდი ინტერესი. ეს ფაქტი ჩემში სიხარულსა და სიამაყეს აღძრავს და ასევე პასუხისმგებლობის გრძნობას. ჩვენ მაქსიამლურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ საქართველოს მისწრაფებებს დემოკრატიულ, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ეს ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წინათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ ყველაფერში.