3 minute read

ინტერვიუ საქართველოს ელჩთან გერმანიაში

ერებს შორის იდეალური ურთიერთობები უმეტესწილად მიზნად ისახავს ვაჭრობის, ზრდისა და განვითარების მხარდაჭერას, სადაც თითოეული მხარე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ერთმანეთის პროგრესს. ამ ინტერვიუში, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი ელგუჯა ხოკრიშვილი, საქართველოსა და გერმანიას შორის იდეალურ ურთიერთობას აღწერს, რომელიც ამ ორ ერს შორის ისტორიულ თანამშრომლობას ემყარება და დღევანდელ გამოწვევებს დამაჯერებლად ართმევს თავს.

შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ პერიოდში დაინიშნეთ საქართველოს ელჩად გერმნიაში, გასულ წელს საქართველო-გერმანიის ურთერთობების 200 წლისთავი და ასევე დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა, წელს კი საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ საქართველოს ელჩი გერმანიაში ასეთ გამორჩეულ პერიოდში და როგორ ფიქრობთ რას ემყარება საქართველო-გერმანიის ორსაუკუნოვანი მეგობრობა?

Advertisement

გეთანხმებით. ქართულ-გერმანული წელი სლოგანით „მომავლის მემკვიდრეობა“ 2017 წელს დაიწყო და წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით მთავრდება, რომელზეც საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. 2017 წელს, ერთი მხრივ, აღინიშნა 200 წელი საქართველოში გერმანული დასახლებების შექმნიდან და 25 წელი ქართულ-გერმანული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, 2018 წელს აღვნიშნავთ გერმანიის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლისთავს. საქართველო-გერმანიის განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში უდავოდ დიდი როლი შეასრულეს 200 წლის წინ საქართველოში ჩამოსულმა გერმანელმა კოლონისტებმა და მათმა ინტეგრაციამ ქართულ საზოგადოებაში. წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის დადებითმა მაგალითებმა კი მეგობრობის ეს საფუძველი უფრო გაამყარა. ჩემი ოჯახის ისტორიაც ნაწილობრივ გერმანულ დასახლებებთანაა დაკავშირებული. ჩემი ბებია (მამის დედა) და მისი ოჯახი გერმანელები იყვნენ, რომელთა წინაპრები 200 წლის წინ ჩამოვიდნენ და დასახლდნენ თბილისში და საზოგადოებაშიც სრულად ინტეგრირებულნი იყვნენ, სანამ ისინი კომუნისტური რეჟიმის მიერ არ იქნენ რეპრესირებული და გადასახლებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე, როგორც ელჩი, ქვეყნის ისტორიას, კულტურას, საზოგადოების და მთავრობის ინტერესებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ განსაკუთრებულ წელიწადს.

ბოლო დროს ხშირად ავლებენ პარალელს ბერლინსა და თბილისს შორის, თქვენ რა მსგავსებას და განსხვავებას ხედავთ ამ ორ ქალაქს შორის?

თქვენ, ალბათ, გულისხმობთ გამოცემა „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „Berlin is out, Tbilisi is in“, რომელშიც თბილისი ყველაზე მომხიბლავ ქალაქად არის დასახელებული. სტატიის ავტორი ამ შეფასების კრიტერიუმად ასახელებს ქალაქის ელეგანტურ სასტუმროებს, ქვეყნის პრო-დასავლურ მენტალიტეტს, სასამართლო გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციის თემაზე და ტურიზმისთვის მის მომხიბლაობას.

თუ ამ ორი ქალაქის შედარებაზე გავაკეთებთ აქცენტს და საერთოს ძებნას დავიწყებთ, ალბათ, საერთო ის შეიძლება ჰქონდეთ, რომ წლებთან ერთად ორივე პოპულარობას იკრებს. ვფიქრობ, ორივე ქალაქი უაღრესად დინამიკური და ეკლექტურია, ორივე ცნობილია კლუბებით და დიჯეებით. მოკლედ, ამ ქალაქებში არც სტუმარი და არც მასპინძელი არ მოიწყენს.

დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში? და რას ისურვებდით, რომ საქართველოშიც იყოს?

რამდენიმე დღის წინ 3 ოქტომბერს გერმანიაში აღნიშნეს ქვეყნის გაერთიანების 28 წლისთავი. გერმანელმა ხალხმა მიუხედავად დიდი ისტორიული სირთულეებისა მოახერხა კონსოლიდაცია და ხელოვნურად აღმართული ქვეყნის გამყოფი კედლის დანგრევა. დღეს გერმანია ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოს წარმოადგენს, როგორც დემოკრატიის ხარისხის, ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ვისურვებდი, რომ ჩვენმა ქვეყანამაც მოახერხოს მოკლე დროში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

თითქმის ერთი წელია რაც გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნეთ, როგორ შეაფასებთ თქვენს მოღვაწეობას ელჩის რანგში, რომელ მიღწევებს გამოყოფდით?

დავაზუსტებ, რომ ელჩის რანგში 6 თვის წინ ჩამოვედი გერმანიაში, თუმცა ამის დამოუკიდებლადაც, ალბათ, სხვები უკეთესად შეაფასებენ ჩემს მოღვაწეობას. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვყოფდი ივლისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის წარმატებულ ვიზიტს გერმანიაში და აგვისტოს ბოლოს გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის მნიშვნელოვან ვიზიტს საქართველოში.

კიდევ რა გეგმები გაქვთ მომდევნო წლებისთვის?

გერმანიასთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ყველა მიმართულებით. გერმანიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმ რეფორმებში, რომელსაც საქართველო ახორციელებს ნატოსა და ევროკავშირში ინტერგაციის გზაზე. ჩვენი სურვილია, რომ ეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა თანმიმდევრული დიალოგის ფორმატში გარდაისახოს.

როგორ შეაფასებთ ანგელა მერკელის ვიზიტს საქართველოში?

ანგელა მერკელის ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ბოლო ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში 10 წლის წინ, აგვისტოს ომის პერიოდში განხორციელდა. როგორც მაშინ - ახლაც, კანცლერის ვიზიტი იყო გერმანიის თანადგომის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევების პერიოდში. გამართულ შეხვედრებზე და ოფიციალურ განცხადებებში ფედერალური კანცლერი მკაფიოდ გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სუვერენიტეტის, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობისადმი მხარდაჭერას. ვიზიტის დროს კანცლერმა აქცენტი გააკეთა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე და ამ გზაზე გერმანიის მხარდაჭერის მზაობაზე.

გერმანელი ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველომ მეტი უნდა იმუშაოს გერმანიასთან ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში, როგორია თქვენი შეხედულება ამ საკითხზე და რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ამ მიმართულებით?

ჩვენ ვაფასებთ გერმანიის პრაქტიკულ დახმარებას, რომელსაც ის ქართულ ინსტიტუტებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში უწევს. გერმანია არის წამყვანი ევროკავშირის ე. წ. ტვინინგის პროექტებში, რომლის ფარგლებშიც უკვე განხორციელდა 6 პროექტი და განხორციელების ფაზაშია კიდევ ერთი.

1992 წლიდან დღემდე გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოსთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით, ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით, 820 მილიონ ევროზე მეტი გამოყო. ამ წლის აპრილში ხელი მოეწერა საქართველო-გერმანიას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად KfW-ს მხარდაჭერით, 2018-2020 წლებში საქართველო 253 მილიონ ევროს (22,7 მილიონი ევროს გრანტსა და 230 მილიონი ევროს შეღავათიან სესხს) მიიღებს. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) ხელი მოაწერა დაფინანსების ორ ახალ ხელშეკრულებას. კერძოდ, KfW-მ გამოყო 150 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. ღონისძიება გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რომელიც საქართველოს მთავრობისაგან ქვეყანაში საკუთარი გაზსაცავის შექმნას მოითხოვს. სამომავლოდ გერმანია აპირებს განვითარების კუთხით თანამშრომლობის პროფილის შეცვლას და რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროზე ყურადღების გამახვილებას. ამ მიზნით გერმანიის მთავრობა 2018 წლის განმავლობაში გეგმავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განახლებულ ინიციატივაზე მუშაობის დასრულებას.

რაც შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის ხელშეწყობას, გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში. კერძოდ, გერმანიის ფინანსური დახმარებით ხორციელდება „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში ჩამოყალიბებული „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა“ (DIB School) და კრწანისში არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი.

ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდია გერმანიის წვლილი ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ გერმანიაში როგორც ფედერალურ და ასევე მიწების დონეზე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ და გავზარდოთ ქვეყნის ცნობადობა და იმიჯი გერმანიის ფართო ფენებში.

This article is from: