The Toy house

Page 1







ნინის ძალიან ბევრი სათამაშო ჰქონდა და ოცნებობდა მათთვის პატარა სახლი ჰქონოდა,რომ ყველა მათგანი მოეთავსებინა შიგნით, განსაკუთრებით კი საყვარელი თოჯინები. ის ხშირად ათვალიერებდა სათამაშო სახლის ფოტოებს.მერე წარმოიდგენდა ვითომ ამ სახლებში მისი სათამაშოები ცხოვრობდნენ. ყველას ჰქონდა თავისი ოთახი. ის კი უვლიდა და სხვადასხვა ტანსაცმელს აცმევდა თოჯინებს.


1


ერთხელ ნინი დედას მურაბის ამოსატანად ჩაყვა სარდაფში.შეარჩია საყვარელი მურაბა და გამოსვლისას შენიშნა მანდარინით სავსე ყუთი. მას ერთი აზრი მოუვიდა თავში და გადაწყვიტა ყველას დაძინებას დალოდებოდა.



დაღამდა. დაწვა თავის თოჯინასთან ერთად და თავი მოიმძინარა. როცა ყველამ დაიძინა, ჩუმად ადგა და სარდაფში ჩასასვლელად მოემზადა. უნდოდა მანდარინის ყუთი აეღო სათამაშოებისთვის სახლის ასაშენებლად.


სარდაფში ბნელოდა. ნინის უნდოდა შუქი აენთო, მაგრამ იმ სიმაღლეზე ვერ მიწვდებოდა. სიბნელეში მხოლოდ აბლაბუდები მოჩანდა. თუმცა სარკმლიდან მაინც აღწევდა ცოტა შუქი. ნინი რაღაც საგნებს სიბნელეში მაინც არჩევდა, მაგრამ ყუთი არ ჩანდა. გადაწყვიტა შუქის ასანთებად რამე გამოეყენებინა, როგორმე ჩამრთველს უნდა მიწვდომოდა. უცებ რაღაცას წამოკრა ფეხი და წაიქცა. მოახერხა არ დაეყვირა. არ უნდოდა ხმაურზე მშობლებს გაეღვიძათ.




ნინი ხელის ცეცებით მივიდა კარამდე და ძველი სკამი დაიდგა. როგორც იქნა ჩამრთველს მიწვდა და განათდა. თვალები გაუბრწყინდა. მანდარინის ყუთი იქ იდო.



ის ყუთთან მივიდა და მანდარინების ამოყრა დაიწყო, რომ ადვილად გაეტანა. ყველას რომ ვერ მიწვდა, შიგნით ჩაძვრა და იქიდან ყრიდა. მერე ამოძვრა, გადმოაყირავა და სულ დაცალა. რამდენიმე მათგანს ხელი დაავლო. –,,ალბათ დამჭირდება, წინ ბევრი საქმე მაქვს,’’– თქვა მან. ყუთს ხელი მოკიდა და სარდაფიდან ოთახში აიტანა..


ნინის ერთი სული ჰქონდა სახლს როდის ააშენებდა და გამთენიისას შეუდგა საქმეს. ყუთი ოდნავ ირყეოდა და გადაწყვიტა შეემაგრებინა, სხვა გზა არ იყო, დედას საქსოვი ძაფი უნდა აეღო.




ნინის უნდოდა ყუთი ფერადიც ყოფილიყო., რომ უფრო მეტად დამსგავსებოდა სათამაშოების სახლს. სამზარეულოში გავიდა, კარადიდან ლამაზი ხელსახოცები აიღო მისთვის და ყუთს დააფარა,


სახლს ფანჯრებიც დასჭირდებოდა. ამისთვის ყუთი 2 ადგილას გაჭრა მაკრატლით. ,,ფანჯრებს აივნებიც მოუხდება!’’– გაიფიქრა მან და გადაწყვიტა ასანთის ღერები მიეწებებინა, რომ რიკულებს დამსგავსებოდა.




პატარა ბალიშებიც მოიტანა სათამაშოების რბილად დასაწვენად. სახლს ყვავილებიც მოუხდებოდა,ფანჯრის რაფიდან ქოთანი აიღო და ყუთთან დადგა. მაგიდის სანათი, თოჯინას ეტლი, ჩანთა და ყველა საჭირო ნივთი იქ იყო.



დრო დადგა სათამაშოები ახალ სახლში დაებინავებინა. ყველა სათამაშოს თავისებური მოვლა სჭირდებოდა. პეტია მაინც მამალია და მაღლა უნდა იჯდეს,დილით სხვების გაღვიძებაც რომ ადვილად შეძლოს, – თქვა ნინიმ. ბიც მასთან ერთად იქნებოდა,რომ დრო არ დაეკარგა ქვემოდან ამოსაფრენად.


ჟირაფი, თავისი კისრის გამო დიდ ადგილს იკავებდა და ცალკე ბალიშზე დააწვინა. პატარა პირსახოციც გადააფარა, იქვე ახლოს ცელქი კურდღელი ნაბია მიუწვინა, რომელიც ყველას აწუხებდა თავისი მოუსვენრობით და უცნაური ჭყიპინით ყურებს უბრუებდა სათამაშოებს.




ყველაზე მშვიდი თოჯინა პუზო იყო. მისთვის მთავარია საწოვარა მიგეცათ და სხვას არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. რაც მთავარია რძე არასოდეს ელეოდა და პუზოც წყნარად იყო . ნინიმ ის ნაბიასგან შორს დააწვინა, რომ კურდღელს არ შეეწუხებინა.



ფილიგრანისთვის კი სპეციალურად არ იყო რამე ადგილი გამოყოფილი. ის ხომ მაინც იქ დაიძინებდა,სადაც მოუნდებოდა. მთავარია სითბო არ მოაკლდეს და თავნება ფისო კუთხეშიც კარგად დაიძინებს.


სათამაშოების ბელადი უზარმაზარი პოლარული დათვი ტიკი ახალ სახლში ვერ ეტეოდა. ნინიმ გადაწყვიტა ის ისევ თავის საწოლზე დაეწვინა. ყველა თავის ადგილზე იყო. ამასობაში კი მოსაღამოვდა და ნინის ძილის დროც მოვიდა. სიზმარში ალბათ ისევ თავისი სათამაშოების სახლი ესიზმრებოდა.




დილით კი სიზმრები მაღვიძარას ხმამ დაუფრთხო. ნინიმ სახლს ახედა,თავის ადგილზე იდგა. გახარებული წამოხტა და სათამაშოების გაღვიძებაც დაიწყო.





Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.