5 minute read

COVID-19-ის პანდემიამ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო გააძლიერა - Diplomat Magazine

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „დიპლომატს“ ესაუბრა ევროკავშირის მიერ გამოვლენილ მხარდაჭერასა და სოლიდარობაზე საქართველოში COVID-19-ის პანდემიის გავლენის შესამცირებლად. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, რათა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ეკონომიკის აღდგენისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. ევროკავშირმა საქართველოს დახმარება გაუწია როგორც ფინანსურად, ისე რჩევების სახითა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობით.

ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ მიდგომას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში კორონავირუსის დაავადების გამოვლენის შემდეგ. საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც, რაზეც ელჩმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო იპოვის ოქროს შუალედს, რომ არც მოქალაქეთა უსაფრთხოების გზიდან გადაუხვიოს და არც საარჩევნო უფლებები შეილახოს.

Advertisement

როგორია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა პანდემიის გავრცელების შემდეგ?

დღეს, კოვიდ 19–ის გამო, ყველას – ევროკავშირსა თუ საქართვე- ლოში – რთული დრო გვიდგას, ამიტომ, ჩვენს ურთიერთობაში თანამშრომლობასა და სოლიდარობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეს სოლიდარობის სულიკვეთება ამოძრავებდათ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, როდესაც ერთმანეთთსა თუ პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდეს. ზოგადად, პანდემიამ უპრეცედენტო სისწრაფისა და მასშტაბის გლობალური ეკონომიკური შეფერხება გამოიწვია. უახლესი პროგნოზის თანახმად, 2020 წელს ევროკავშირში მოსალოდნელია ეკონომიკის 7.4%–ით შემცირება სანამ ის 2021 წელს ხელახალ ზრდას დაიწყებს. მეამაყება, რომ ნაცვლად მთელი ყურადღების შიდა პრობლემებზე გადატანისა, სწრაფად შევძელით პარტნორებისთვის დახმარების შეთავაზება, მათ შორის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის.

ევროკავშირისთვის ძალზე მნიშვნელოვანიიყო იყო ჩვენება იმისა, თუ რას ნიშნავს სოლიდარობა და მხარდაჭერა კრიზისის დროს, რადგან „მეგობარი გასაჭირში იცნობაო,“ ამბობენ. ჩვენ, როგორც „ევროპის გუნდმა“, გავაერთიანეთ რესურსები, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და მათი ფინანსური ინსტიტუტებიდან, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ჩვენი დახმარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის, ჯანდაცვის, რეგონების და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების მხადაჭერაზეა მიმართული.

მთლიანობაში კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ მოვახერხეთ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების მხარდამხარ მუშაობა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა ბოლო კვირების განმავლობაში, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა. შეხვედრები გრძელდება ვიდეოკომუნიკაციის რეჟიმში და ჩემი თანამშრომლები ძალიან აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.

ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად ევროკავშირმა საქართველოს 183 მილიონი ევრო გამოუყო. როგორ მოხდება ამ თანხების განაწილება და რა მიმართულებებს მოხმარდება ის?

თქვენს მიერ ხსენებული თანხის ოდენობა დახმარების მეორე პაკეტია, რომელიც 8 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც 30 მარტს, „ევროპის გუნდს“ უკვე გამოეყო პირველი, 70 მილიონი ევრო. ამ დახმარების მიზანი იყო ჯანდაცვისთვის განკუთვნილი გადაუდებელი აღჭურვილობის და ტექნიკური დახმარების მიწოდება, ასევე გადაუდებელი დახმარება მოწყვლადი ჯგუფებისთვის და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანასური ლიკვიდობის გაზრდა.

მეორე პაკეტის მიზანი იყო საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური დახმარება, მათ შორის ფინანსური დანაკლისის შევსების კუთხით. აღსანიშნავია, რომ 250 მილიონი ევროს ოდენობის COVID-19-თან დაკავშირებული დახმარების პაკეტი საგრანტო დახმარებაა. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე ახალი საგრანტო კონკურსი და ახალი პროექტი. გასულ კვირას, მაგალითად, ჩვენ სამი ახალი პროგრამა დავიწყეთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და შშმ პირთა დასახმარებლად.

თუმცა, ეს არ არის სრული სურათი. საქართველომ ასევე მიი- ღო 150 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება ძალზე შეღავათიანი სესხის სახით, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მოქალაქეების პანდემიით გამოწვეული სოციალურ–ეკონომი- კური შედეგებისგან დასაცავად. ევროკავშირი საქართველოსთვის არამარტო უდიდესი დონორი და პარტნიორია, არამედ ერთ–ერთი ის ქვეყანაა, რომელმაც დღეისთვის ევროკავშირისგან COVID-19- თან დაკავშირებით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დახმარება მიიღო მსოფლიოში.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება აღნიშნულ კრიზისს საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე? რას აკეთებს ევროკავშირი იმისთვის, რომ არ იზოლირდეს საქართველო ევროკავშირისა და გლობალური ბაზრებისგან?

ვვარაუდობთ, რომ 2020 წელს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური ვარდნა რეალურ მშპ–ს თან მიმართებაში დაახლოებით 4% იქნება. საქართველოსთვის ევროკავშირიდან შემოსული დახმარების მთავარი სამიზნე იქნება რეგიონები და მოსახლეობის დაუცველი ჯგუფები რეგიონებში, რომლებსაც დასჭირდება დახმარება კრიზისთან გამკლავებაში. COVID-19-ის კრიზისის დროს პროგრამა „ენპარდის“ ფარგლებში ჩვენ უკვე გავეცით არაერთი საგრანტო დახმარება სურსათის წარმოების და სასურსათო უზრუნველყოფის სფეროებში. დახმარება გაეწია შესაფუთი მასალების კომპანიას, რომ გადართულიყო გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებიდან დამცავი ფარების წარმოებაზე. ასევე, დავეხმარეთ სამკერვალო საწარმოებს, დაეწყოთ ნიღბების წარმოება. ამგვარი პროგრამა ბევრია. ჩვენ ასევე კონსულტირებასა და დახმარებას ვუწევთ საქართველოს ეკონომიკის გახსნაში. საქართველოს მცირე ზომის, მაგრამ ღია კონომიკა აქვს, ასე რომ მოსალოდნელი ვარდნის პირობებში მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნების ფუნქციონირება და ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან აქტიურად ვაჭრობა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ძირითადი საქონელი. ამ ყველაფერში ჩვენ ქართველ პარტნიორებს ვეხმარებით. წელს დაგეგმილია 54 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ დაწყება. პროგრამის მიზანია კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარება. ტურიზმი ამ საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. პროგრამა დაეხმრება რეგიონებში კონკრეტული ეკონომიკრი განვითარების პროექტების განხორციელებას ადგილობრივ და რეგიონის დონეზე, მათ შორის ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების საშუალებით.

ევროკავშირს იმედი აქვს, რომ კრიზისის პერიოდში მიღწეული იქნება ორი კონკრეტული ამოცანა – „მწვანე“ დღის წესრიგისა და ციფრული ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება. ჩემი აზრით, ორივე ეს სფერო საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეების განმავლოაში მეტი შესაძლებლობები მოგვეცემა, რომ სწორედ ამ სფეროებში ვითანამშრომლოთ.

ჩვენი იმედი და ამოცანა არის ის, რომ საქართველო არამარტო იმ მდგომარეობაში დაბრუნდეს, რომელშიც კრიზისამდე იყო, არამედ გადადგას ნაბიჯები წინ თავისი ეკონომიკური და საზოგადოებრივი პოტენციალის რეალიზებისთვის. ყველა კრიზისს ახალი შესაძლებლობები მოაქვს.

როგორი იქნება კორონავირუსის გავლენა ხალხის მოგზაურობასა და სოციალიზაციაზე ევროპაში? და როგორი იქნება ახალი რეალობა, თქვენი აზრით?

ყველას გვესმის, რომ გარკვეული დროის განმავრობაში, მოგზაურობა და გართობა – არამარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში – ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას, კარი გაუხსნას ტურისტებს, თუმცა, ამავდროულად, ეს პროცესი უსაფრთხოდ უნდა მიმდინარეობდეს. ამჟამად ასეთივე საუბარი მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით და შენგენის ზონაში; ხდება ახალი წესების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. იმედი მინდა ვიქონიო, რომ მალე შესალებელი გახდება ორივე მხარისთვის მისაღები, უსაფრთხო ზომების მიღება ტურიზმისთვის, თუმცა ეს არ არის იოლი, რადგან საზაფხულო სეზონი უკვე მოვიდა და დრო საკმაოდ შეზღუდულია.

რაც შეეხება მოგზაურობასთან დაკავშირებულ ახალ გარემოებებს, ვფიქრობ, რომ ადამიანები ახალ რეალობას გააცნობიერებენ – მოგზაურობა არ არის აუცილებელი და საუკეთესო გზა იმისთვის, რომ საქმე აკეთო, საერთო პროექტები დაგეგმო და აზრები გაცვალო – და ეს ალბათ ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება. ამავდროულად, ბუნებრივია, რომ ადამიანებს კვლავ მოუნდებათ ახალი ადგილების აღმოჩენა და ნახვა, ამიტომ, საქართველოს, როგორც ტურისტულ ქვეყანას – მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისი გადაივლის – აქვს დიდი პოტენციალი. ეს ჩვენი ვარაუდია, რომელიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაგრძელოთ ინვესტირება ტურისტულ ინდუსტრიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა ცვლილებები გამოიწვია კორონავირუსმა თქვენს განრიგში ქართულ მხარესთან კონტაქტების დამყარების კუთხით? გაქვთ თუ არა აქტივობები, რომელთა გაუქმებაც მოგიწიათ პანდემიის გამო?

თავიდან, არაერთი შეხვედრა, ღონისძიება თუ ვიზიტი გაუქმდა, თუმცა, ზოგადად, კარგად გავართვით თავი ამ სიტუაციას, შევინარჩუნეთ საქმიანი ურთიერთოები და გავაგრძელეთ მუშაობა. ამ კვირაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრები ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. შემდეგ კვირაში დაგეგემილია სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების ვიდეოკონფერენცია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასე რომ, შეხვედრები შესალებელია, თუმცა, პირად შეხვედრებს ეს ურთიერთობა ვერ ჩაანაცვლებს. ვწუხვარ, რომ წელს მოგვიწია ტრადიციული, ფართომასშტაბიანი ,,ევროპის დღის“ აღნიშვნის გაუქმება რიყის პარკში, ასევე რეგიონებში დაგეგმილი ,,ევროპის დღეების“ გაუქმებაც. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის, ასევე ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების გამო, ვშიშობ, რომ წელს ნაკლები შესაძლებლობა მექნება რეგიონებში მოგზაურობისა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ერთ–ორ რეგიონში მაინც მოვახერხებ გასვლას. თანამშრომლებს უნდა დაველაპარაკო ამის შესახებ!

როგორი გავლენა ექნება COVID-19-ს საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში, რა არის პოლიტიკური კონსულტაციების განხილვის საგანი?

საქართველომ ადრეულ ეტაპზევე გამოიყენა ძალიან მკაცრი მიდგომა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ვხედავ, რომ იგივე მიდგომა გრძელდება ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესში, რაც, ჩემი აზრით, ძალზე გონივრულია. პარლამენტმა გამოაცხადა, რომ ის მზად არის ისაუბროს უსაფრთხოების ზომებზე როგორც საარჩევნო კამპანიის პროცესში, ისე არჩევნების დღეს. როგორც ვიცი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობას მიიღებს ამ კონსულტაციებში, რომ ნაპოვნი იყოს სწორი ბალანსი უსაფრთხოებასა და მოსახლეობის საარჩევნო უფლებებს შორის; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგეს ღია დისკუსიები ამ საკითხებზე და იმედი მაქვს, რომ საბოლოო წესები მისაღები იქნება როგორც პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის, ისე საზოგადოებისთვის.

This article is from: