6 minute read

საქართველო და USAID - ძლიერი პარტნიორობა, რომელიც COVID-19-ზე იმარჯვებს - Diplomat Magazine

დღეს ყველა ქვეყანა საჭიროებს დახმარებას იმისთვის, რომ შეამციროს COVID-19-ით მიყენებული ზიანი. COVID-19- ის პანდემიამ საქართველოც დააზარალა, მაგრამ უზარმაზარი დახმარება მიიღო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერა ფასდაუდებელია საქართველოს ბრძოლაში COVID-19-ის წინააღმდეგ.

USAID–ის როლზე საქართველოს მიერ COVID-19–თან აქტიურ ბრძოლაში და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ სამომავლო თანამშრომლობაზე USAID საქართველოს მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს, ვესაუბრეთ.

Advertisement

რა სახის დახმარებას უწევს USAID საქართველოს კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაში?

პანდემიამ ჩვენი ქვეყნები ახალი და რთული გამოწვევის წინაშე დააყენა, მაგრამ ჩვენ შევძელით, პარტნიორობის გაღრმავების ინოვაციური გზები გვეპოვა. პანდემიის დაწყების შემდეგ USAID საქართველოს დაეხმარა ინფექციების პრევენციის, შემთხვევების იდენტიფიკაციისა და კლინიკური მართვის, ლაბორატორიებისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შესახებ კომუნიკაციის ზრდის მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციასთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, ასე რომ, ადგილზე მყოფ მოხალისეებს შეუძლიათ, უზრუნველყონ საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენის ნივთებით მომარაგება და ფსიქოლოგიური დახმარება ათასობით ქართული ოჯახისთვის. ეს არის 2,7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთვის მარტის თვიდან გამოყო. ამ ახალი დახმარების გარდა, USAID−ის 17 მიმდინარე პროგრამის ფარგლებში რესურსები გადამისამართდა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის აღმოსაფხვრელად. სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამები მოიცავს ბევრ სფეროს: ეკონომიკის გაჯანსაღების მხარდაჭერა, საქართველოს სასამართლოების დახმარება, რომ გააგრძელონ ფუნქციონირება პანდემიის დროს, მოწყვლადი თემების მოსახლეობის დახმარება, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, თანამშრომლობა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, დისტანციური სწავლების უფრო მოწინავე ინსტრუმენტების შემუშავებაში და ა.შ. ჩვენი პარტნიორები სამოქალაქო საზოგადოებიდან ამ სამუშაოების დიდ ნაწილს შესაძლებელს ხდიან.

USAID–ის პანდემიის საპასუხო რეაქცია ასახავს საქართველოსთან პარტნიორობისადმი ჩვენს მიდგომას. საქართველო არ არის დახმარების პასიური მიმღები; ის არის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ერთობლივად განვსაზღვროთ მიზნები, შევიმუშავოთ პროგრამები და მოვახდინოთ რესურსების მობილიზება. ეს ჩვენს დახმარებას გაცილებით ეფექტურს ხდის და უზრუნველყოფს, რომ ჩვენს ქართველ კოლეგებს ჰქონდეთ განცდა, რომ თავად არიან თავიანთი განვითარების პროცესების წარმმართველნი, ჩვენ ასევე გვაქვს ძლიერი პარტნიორობა კერძო და არასამთავრობო სექტორებთან - მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო ბიზნესთან, ბიზნესასოციაციებთან და დამოუკიდებელ მედიასთან.

როგორ აფასებთ საქართველოს ძალისხმევას Covid-19- ის პანდემიასთან ბრძოლის საქმეში? რა სირთულეები რჩება კვლავ?

საქართველოს ძალისხმევა დღესავით ნათელია. საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივად დიდი სამუშაო გასწიეს ამ კრიზისის მართვისა და COVID-19-ის გავრცელების შემცირების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია სრული წარმატების გამოცხადება, ის ფაქტი, რომ საქართველო ცდილობს, იმაზე ადრე დაუბრუნდეს პანდემიამდელ მდგომარეობას, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყანა, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს ძალისხმევა. ეს მართლაც მთელი საზოგადოების საპასუხო რეაქცია იყო, რაშიც საქართველოს მთავრობას, სამედიცინო პერსონალს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და ყველა მოქალაქეს თავისი როლი აქვს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ ამ კრიზისის მართვა შეძლო. ეს მიღწეულია შიდა ძალისხმევის წყალობით და ასევე ასახავს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველომ მიიღო თავისი საერთაშორისო მეგობრებისგან, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში USAID თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის შექმნაში. ჩვენ დღეს ამ პარტნიორობის ნაყოფს ვხედავთ და ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მუშაობს USAID–ის დახმარება. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს, შექმნან შესაძლებლობები, დაგეგმონ, დააფინანსონ და განახორციელონ საკუთარი გადაწყვეტილებები განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების, მაგალითად COVID-19-ის საპასუხოდ.

როგორ ფიქრობთ, როგორ გადალახავს საქართველო ამ კრიზისს და მის მკაცრ გავლენას ეკონომიკაზე?

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, COVID-19-მა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ჩვენ ვიცით, რომ ამან პრობლემები შეუქმნა ქართულ ოჯახებს, მაგრამ ბიზნესი ახლა უკვე იწყებს გახსნას იმ დიდი სამუშაოს დამსახურებით, რომელიც საქართველომ შეასრულა COVID-19–ზე რეაგირების ფარგლებში. USAID მხარს უჭერს ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანი მარტივია: გვინდა, რომ კერძო სექტორი გავაძლიეროთ, რომ საქართველო ფეხზე წამოდგეს და წინ წაიწიოს, შექმნას მზარდი, ინკლუზიური ეკონომიკა, რომელიც მისწვდება ყველა ქართულ თემსა და ოჯახს. პოსტ-COVID ეკონომიკა იქნება განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე გვქონდა. იქნება ახალი შესაძლებლობები ციფრული ტექ ნოლოგიების გამოყენებისა და ახალი ბაზრების, მომხმარებლების მოსაძებნად როგორც ადგილობრივად, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი დახმარება ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს, მაქსიმალურად ისარგებლონ ამ შესაძლებლობებით. აშკარად პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობა, თუ გავითვალისწინებთ სექტორში დასაქმებულ ქართველთა დიდ რაოდენობას და სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას ყველას კეთილდღეობისთვის. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ სექტორს, დააკმაყოფილოს ქართველი მომხმარებლების მოთხოვნები, განაწილდეს და მიაღწიოს მომგებიან საექსპორტო ბაზრებს ევროკავშირის ჩათვლით და შექმნას უკეთესად ანაზღაურებადი სამუშაოები საქართველოში დასაქმებული პირებისათვის. ჩვენ ახლახან შევქმენით ახალი პროგრამა, რომელიც კარტოფილის მწარმოებლებს დაეხმარება, გაზარდონ თავიანთი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შეამცირონ საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ საკვებზე. ნამდვილად დასჭირდება დრო, რომ საქართველოს ეკონომიკა და გლობალური ეკონომიკა გამოჯანმრთელდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, პანდემიის შემდეგ უფრო გაძლიერებული დაბრუნდეს - შესაძლოა, ნახტომისებური სვლაც კი გააკეთოს ხანგრძლივ გამოწვევებზე განვითარების დარგში და ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ USAID ყოველთვის მზადაა მათ მხარდასაჭერად.

გეგმავს თუ არა USAID ახალ პროგრამებს საქართველოში? ან თუ ახდენს COVID-19–ით გამოწვეული საფრთხეები გავლენას მის სამომავლო გეგმებზე?

COVID-19 არ აფერხებს ჩვენს მუშაობას. პირიქით, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ახლახან წამოვიწყეთ ახალი პროგრამები, რათა დავეხმაროთ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების განვითარების საქმეში და ხელი შეუწყოს ფაქტზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას, რაც ეკონომიკის ზრდისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამები, რომელთა ნაწილი მალე გახდება ხელმისაწვდომი, ნაწილი კი შემუშავების ეტაპზეა. მოგიყვებით რამდენიმე მათგანის შესახებ: ამ კვირაში ჩვენ დავიწყეთ ახალი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის, იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ, უფრო დამოუკიდებლად იცხოვრონ და იყვნენ უფრო აქტიურები ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რომ გავზარდოთ შშმ პირებისთვის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა მდგრადი გზით. ეს გამოხატავს USAIDის ყურადღებას საქართველოს მოქალაქეების უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში - დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე, რომელიც დაეხმარება ქართულ საზოგადოებას, ჰქონდეს „ინფორმაციული მთლიანობა" და გამძლეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. COVID-19-ის პანდემია კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს დეზინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ჯერ კიდევ შემუშავების ეტაპზეა, ჩვენი მიზანია, პარტნიორობა გავუწიოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას, რათა ხალხს ჰქონდეს ფაქტზე დაფუძნებულ რეპორტირებაზე წვდომა და რეაგირების შესაძლებლობა დეზინფორმაციის დაფიქსირების შემთხვევაში. ვფიქრობთ რა მომავალზე, ჩვენ მალე გამოვაცხადებთ ახალ, ხუთწლიან სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსთან ჩვენს მდგრად პარტნიორობას. ამ სტრატეგიის თანახმად, ჩვენ შევცვლით საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის გზას, გავაფართოებთ ჩვენს ჩართულობას საქართველოს ინოვაციურ კერძო სექტორთან, გავაძლიერებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას და გავაგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების ჩართვას ჩვენს პროგრამებში. ინფორმაცია ამის შესახებ მალე გახდება საჯარო.

USAID ძირითადად მთავრობასთან თანამშრომლობს. ფიქრობთ თუ არა კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რადგან ბევრი კომპანიაა, რომელსაც აქვს საკუთარი სტრატეგია და ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლოს და გაუმკლავდეს COVID-19-ის პანდემიას?

საქართველოს განვითარებისთვის ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ახლანდელ მთავრობასთან ისევე, როგორც ვთანამშრომლობდით წინა მთავრობებთან. მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, მთავრობასთან არ ვმუშაობთ. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს მძლავრი პარტნიორები საქართველოს კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაში. კერძო სექტორი ახლა ჩვენთვის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია: ჩვენ ვმუშაობთ უშუალოდ ბიზნესთან და ბიზნესასოციაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ წარმოებაზე დამყარებულ განვითარებას. USAID–ის ერთ–ერთი სახელმძღვანელო პრინციპია, რომ ნებისმიერი ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია კერძო სექტორის განვითარებაზე, იმდენად, რამდენადაც ის სწვდება მუშახელს, ოჯახებსა და თემებს - მცირდება და საბოლოოდ აღარ საჭიროებს საგარეო დახმარებას. სწორედ ამიტომ ჩვენი საქმიანობის უმეტესი ნაწილი ფოკუსირდება გარემოზე, სადაც კერძო სექტორი შეიძლება განვითარდეს, ხოლო უცხოური კომპანიები ხედავენ, რომ საქართველოში ინვესტიცია მომგებიანი გადაწყვეტილებაა. საქართველომ უკვე მიაღწია დიდ პროგრესს ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ აქ და გავაფართოვოთ ეს მცდელობები.

COVID-19-ის ფრონტზე ჩვენ ვმუშაობთ კომპანიებთან, რომლებიც მონაწილეობენ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. Enterprise Georgia–სთან პარტნიორობით ადგილობრივი მწარმოებლები დავარწმუნეთ, რომ სამედიცინო ნიღბების შესაფუთი მასალები ეწარმოებინათ. ჩვენი მხარდაჭერით ამ კომპანიებმა შეძლეს, დაახლოებით 1 მილიონი ნიღაბი მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის ქვეყნის მასშტაბით და მხარი დავუჭირეთ ამ მიმართულებით მოქალაქეთა დასაქმებას. კრისტალის ფონდმა, რომელიც ახორციელებს USAID–ის YES- Georgia პროგრამას, მოაწყო ონლაინ ჰაკათონი ახალგაზრდა მეწარმეების გასაძლიერებლად, რომლებიც COVID–19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციურ გზებს პოულობენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს, ელექტრონული კომერციის საშუალებით უფრო მეტ ხალხთან ჰქონდეთ წვდომა. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეში. ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას და თვითმყოფადობას, სწორედ ამიტომ ამახვილებს ყურადღებას USAID კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე.

This article is from: