6 minute read

COVID-19-მა მსოფლიოს დაანახა საქართველოს გამჭვირვალობა და კომპეტენტურობა - Diplomat Magazine

საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ COVID- 19-ის პანდემიის დროს ამ ორ ქვეყანას შორის მზარდ ურთიერთობებზე მიუთითებს. საფრანგეთი რჩება ერთ-ერთ ქვეყნად, რომელიც ცნობს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და აქტიურად ახალისებს და ეხმარება თავის მოქალაქეებს საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად.

ამ ინტერვიუში ჩვენ ვესაუბრეთ საფრანგეთის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს, იურისტსა და ფრანგ დიპლომატს, რომელმაც დიდი გამოცდილება დააგროვა ევროკავშირის მიმართულებებსა და საფრანგეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებში მუშაობით. ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის პროგრამებს, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვთ საქართველოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიის უმაღლეს ნორმებსა და სტანდარტებს.

Advertisement

2019 წელს საქართველოში მისიის დაწყებამდე ბევრ ქვეყანაში მსახურობდით. როგორ მოგწონთ საქართველოში ყოფნა? როგორია თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება ამ ქვეყნის შესახებ?

ჩემი საქმიანობის უმეტესი ნაწილი ევროკავშირის საკითხებზე მუშაობას მოიცავდა, როგორც მთავრობაში - იურისტის რანგში, ასევე ევროპის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად და ლონდონში, საფრანგეთის საელჩოში. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა, რადგან თბილისში ჩემი საქმიანობის მთავარი ასპექტი სწორედ ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავების ხელშეწყობა და, ზოგადად, ევროპული გზით საქმეების კეთების წახალისებაა.

მიუხედავად აღმოსავლეთ ევროპის (ამ ტერმინის ფართო გაგებით) მიმართ ჩემი დიდხნიანი ინტერესისა, ამ რეგიონში მუშაობის შესაძლებლობა არასოდეს მქონია. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი 1990-იან წლებში, როდესაც რეგიონში ცნობილი მოვლენები დატრიალდა, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და ის აშკარად უკეთეს ადგილად აქციეს, ამიტომ ყოველთვის მინდოდა აქ ცხოვრება და მოღვაწეობა. ასე რომ, განსაკუთრებით მადლიერი ვარ საქართველოში მსახურობის შესაძლებლობისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს აღმოჩენის პროცესში ვარ და ამან ძალიან გამიტაცა. მისი მნიშვნელოვანი ისტორია, მისი კულტურა, მისი ღვინის წარმოების ტრადიცია, მისი მემკვიდრეობა, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია და შთამაგონებელი განსაკუთრებით ფრანგისთვის. მოუთმენლად ველი საქართველოში შიდა (და შემდეგ საერთაშორისო) ტურიზმის ხელახლა გახსნას, რათა კიდევ უფრო უკეთ გავიცნო ამ ქვეყნის რეგიონები.

რა გავლენა იქონია COVID-19-ის პანდემიამ საელჩოს მუშაობასა და თქვენს გეგმებზე?

პანდემიის დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. ძალიან სწრაფად გახდა საჭირო საელჩოში მუშაობის ხელახალი ორგანიზება, პერსონალის უსაფრთხოების და, ამავე დროს, საზოგადოებრივი სერვისების (სკოლის, ფრანგული ინსტიტუტის) ეფექტური მიწოდების უზრუნველსაყოფად. ასევე აუცილებელი იყო საქართველოში მცხოვრები ფრანგების დახმარება, მათი ინფორმირებულობის კუთხით და ასევე საფრანგეთის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებიც საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ, რადგან ისინი ცდილობდნენ საფრანგეთში დაბრუნებას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ. ეს საკმაოდ შრომატევადი იყო. პანდემიის კიდევ ერთი შედეგი იყო ჩემი საქმიანობის წინა პლანზე ეკონომიკური საკითხების უფრო მეტად წამოწევა, რადგან მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა დახმარების გაწევა ახლო პარტნიორებისგან. ასევე, დახმარება ესაჭიროებოდა ფრანგულ ბიზნესებს საქართველოში.

პანდემიის გამო გადაიდო რამდენიმე პროექტი, რადგან სემინარები, ვიზიტები და ახალი პარტნიორობები ვერ შემუშავდებოდა. ამასთან, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა გვქონდა დაგეგმილი, რისი გადადებაც მოგვიწია, ეს მე მაოცებს, რადგან უმეტესობა, რის გაკეთებასაც ვაპირებდით, ახლა კიდევ უფრო აქტუალურია. ვმუშაობდით თანამშრომლობაზე ჯანმრთელობისა და შრომითი მიგრაციის საკითხებში. მართლაც ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა თებერვალში ამ თემაზე. ჩვენ ვავითარებდით ფრანგულ სკოლას, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა კლასი, მათ შორის ბოლო ორი საფეხური (ქართულ სისტემაში მე -11 და მე -12 კლასები), ყოფილიყო «homologué», ანუ აღიარებული ჩვენი განათლების სამინისტროს მიერ, როგორც საფრანგეთის სკოლების ეკვივალენტური, რაზეც ახლახანს მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ ასევე ვემზადებოდით პირველი სასწავლო კურსების დასაწყებად ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლეთა უნარების განვითარებას აგროინდუსტრიასა და ტურიზმის სექტორში დასაწყისისთვის, შემდეგ კი სხვა მრავალი სექტორისთვის. ჩვენ ვიწყებდით თანამშრომლობის დამყარებას სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროებში. ეს ყველაფერი ახლა, „ახალ სამყაროში“, პოსტპანდემიის ვითარებაში, უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე.

როგორ შეიძლება, საფრანგეთი დაეხმაროს სხვა ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლაში?

მე ვიტყოდი, თუ როგორ შეგვიძლია ყველანი ერთმანეთს დავეხმაროთ. ნათელია, რომ პანდემია არის მსოფლიო გამოწვევა, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ პასუხს. ამიტომ, ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ გავაძლიეროთ მრავალმხრივი თანამშრომლობა როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე ზოგადად. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც პანდემიის საპასუხოდ ძალიან კომპეტენტურმა და გამჭვირვალე რეაგირებამ დიდი წარმატება აჩვენა და მსოფლიოს დაანახა ქვეყნის ძალიან პოზიტიური იმიჯი, ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ ეფექტური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უმთავრესია. აშკარაა, რომ უსაფრთხოება, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები ერთად მუშაობენ და ამისათვის მათ სჭირდებათ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაციები.

აქედან გამომდინარე, ერთმანეთის დასახმარებლად ერთი გზაა მულტილატერალიზმის - გაეროს სისტემის გაძლიერება, ჯანდაცვის საკითხების გლობალური მმართველობა. აპრილის დასაწყისში პრე- ზიდენტი მაკრონი დაეხმარა Alliance ACT Accelerator-ის ამოქმედებას, რათა საყოველთაო ვაქცინაციის შესაქმნელად გამოკვლევები დაეფინანსებინა. ეს იყო წარმატება, რადგან მობილიზდა 7,5 მილი- არდი დოლარი. ასევე პარიზის ნოემბრის სამშვიდობო ფორუმზე ყურადღება ძირითადად დაეთმობა გლობალური მმართველობის საკითხებს ჯანდაცვის სფეროში და ეკონომიკური რეკონსტრუქციის საკითხებს განვითარების ბანკების პირველ სამიტზე.

შემდეგ მოდის უფრო ტრადიციული თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროში. როგორც „გუნდი ევროპის“ წევრმა, ვთვლი, რომ საფრანგეთმა, ევროკავშირთან და სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად შეძლო სწრაფი დახმარება, დაფინანსება და მიმართულების მიცემა, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა იმ შესანიშნავ რეაგირებაში, რომლითაც საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ ასე აღაფრთოვანა ყველა. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმავე შეხედულების ერთობას პანდემიის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა გამოყო 190 მილიონი ევრო საქართველოს COVID-19-ის რეაგირების გეგმის მხარდასაჭერად. იქნებ უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ?

9 აპრილს საერთაშორისო დონორებმა ხელი მოაწერეს წერილს საქართველოს ხალხისა და მთავრობის წინაშე, რომელიც მიმართულია განსაკუთრებული დახმარებისკენ საქართველოს პანდემიის შემდგომ აღდგენაში. მე ძალიან მოხარული ვიყავი, რომ ხელი მოვაწერე ამ წერილს Agence Française de Développement-ის სახელით. აღნიშნულმა სააგენტომ გახსნა თავისი ოფისი საქართველოში 2015 წლის დეკემბერში და 4–წელიწად- ნახევარში ის მთავარ როლს ასრულებს ადგილზე მოღვაწე საერთაშორისო დონორთა შორის.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევიმუშავეთ საჯარო პოლიტიკის სესხები ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში. როდესაც პანდემია გავრცელდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ვალდებულება საქართველოს მიმართ, კრიზისამდელი 80 მილიონი ევროდან 190 მილიონ ევრომდე ამ ორ სექტორში (70 მილიონი ევრო ჯანდაცვისთვის, 120 მილიონი ევრო ენერგეტიკისთვის). იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო დონორების მობილიზაციაში საქართველოს დასახმარებლად. ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის მხრივ, აშკარაა, როგორ გამოკვეთა ახალი საჭიროებები პანდემიამ და რატომ შეგვეძლო და უნდა გაგვეზარდა ვალდებულებები. ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ვალდებულებების გაზრდის ორი მიზეზი არსებობს. ერთი ისაა, რომ კოვიდ-19–ზე რეაგირების ნაწილი მიმართულია საზოგადოების უფრო დაუცველი ჯგუფების დასახმარებლად. მოკლევადიან პერიოდში ეს შეიძლება გაკეთდეს ყველაზე დაუცველი ჯგუფებისთვის კომუნალური გადასახადების გაუქმების გზით. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ენერგოეფექტურობის ზრდას, რაც შეამცირებს ასეთ გადასახადებს ყველასთვის. მეორე მიზეზი არის ის, რომ რადგან საქართველო მუშაობს ენერგეტიკის რეფორმაზე ელექტროენერგიის უფრო ეფექტური ბაზრის შესაქმნელად, ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ხელი შევუწყოთ ამ რეფორმას. ჩვენ ველოდებით უფრო მეტ ინვესტიციას მწვანე ენერგეტიკაში და ეს არის "ახალი სამყაროს" მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტპანდემიის პერიოდში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვეხმარებით საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს კრიზისი საფრანგეთსა და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე?

მე ვფიქრობ, რომ კრიზისი აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად კომპეტენტური და გამჭვირვალეა ანუ რამდენად ევროპულია საქართველო. ეს ნამდვილად გაზრდის ინტერესს ამ ქვეყნის მიმართ და, შესაბამისად, გაამყარებს კავშირებს ფრანგ და ქართველ იმპორტიორებს, ექსპორტიორებსა და ინვესტორებს შორის.

ჩვენ დავინახეთ, რომ კრიზისის შუა პერიოდში ზოგი ბიზნესი ხე- ლახლა ფიქრობდა თავიანთ მოწყობაზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ საით გადაეტანათ თავიანთი წარმოება - რეგიონული თუ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებისკენ. ისიც ნათელი იყო, რომ საქართველოს ჰქონდა არგუმენტები გადაწყვეტილების მიმღები პირების დასარწმუნებლად, რომ სწორედ საქართველოში მოეხდინათ ინვესტირება და საკუთა- რი ბიზნესი ამ ქვეყანაში გაეფართოვებინათ. საქართველოში არის საქმიანი მეგობრული გარემო. მთავრობა და ფართო საზოგადოება ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორების საჭიროე- ბებს. მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები. ეკონო- მიკის მინისტრთან ერთად ახლახანს მოვინახულე ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორის, Groupe Atlantic-ის, ქარხანა ქუთაისში. ისინი შექმნიან სამუშაო ადგილებს და უფრო მეტ სასწავლო შესაძ- ლებლობას მომდევნო თვეებში. მე ვფიქრობ, დღეს ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხელი შევუწყო ამ წარმატებული პარტნი- ორობის განვითარებას.

საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ამ შემოდგომით; მაინტერესებს, თუ მართავთ კონსულტაციებს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებთან და როგორია თქვენი რეკომენდაციები?

საერთოდ, ჩემი აზრით, დიპლომატები არ არიან და არ უნდა იყ- ვნენ შიდაპოლიტიკური პროცესის ნაწილი. ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ დამკვირვებლები გარედან. ერთი რამ, რაც ჩვენთვის მნიშვნე- ლოვანია, არის ის, რომ ქართული დემოკრატია მიჰყვება ევროპულ უმაღლეს ნორმებსა და სტანდარტებს. ეს სტანდარტები ვრცელდება არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ წინა თვეებში კამპანიის ჩატარების დროს. ისინი იცავენ პრესის თავისუფლებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ ყველა ძირეულ უფლებას. ამ სტანდარტების პატივისცემა ასევე არის ქართული ვა- ლდებულებების ნაწილი, როგორც ეუთოს წევრი და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა. ეს არის იმის საფუძველი, თუ რას ნიშნავს, იყო ევროპის პარტნიორი და ჩვენ გვჭირდება არანაკლებ ასეთი ქვეყანა ჩვენს სიახლოვეს.

დაეხმარონ საქართველოს, დააკმაყოფილონ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტები - ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაერთვნენ დასავლეთის ქვეყნების ელჩები პოლიტიკურ დისკუსიაში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, რამაც შესაძლებელი გახადა 8 მარტის შეთანხმება. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შეთანხმების მიღწევა თამაშის ძირითადი წესების შესახებ არჩევნებამდე ზოგადად აძლიერებს დემოკრატიას. ამიტომ ჩვენ, ყველა, მივესალმეთ ამ შეთანხმებას, როგორც დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი სიძლიერის მომტანი საქართველოსთვის. ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული ტექსტების მიღებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპების დაცვას. ის ასევე მოიცავს პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენების თავიდან აცილებას, რაც, სინამდვილეში, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს და ვთვლი, რომ შეთანხმება შესრულდება, რამაც არჩევნები უნდა აქციოს საქართველოს წარმატების კიდევ ერთ მაგალითად.

This article is from: