6 minute read
ირმა ხეცურიანი: რისი გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების შესახებ
ჩემი ცხოვრება აფხაზეთიდან იწყება, პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი და პირველი კლასიც იქ დავამთავრე, ჩემს პაწაწინა სოფელ ცაგერაში. უდარდელი ბავშვობა მქონდა, დიდი სახლი, ლამაზი ეზო ხეხილით, ირგვლივ სიმწვანე და ლურჯი ზღვა... 7 წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო, მოგვიწია, დაგვეტოვებინა ჩვენი მხარე და სხვა ადგილზე დავფუძნებულიყავით. სახლი დაგვიწვეს, სახლთან ერთად ცხოვრების ერთი ყველაზე ძვირფასი ნაწილიც.
Advertisement
წყალტუბო ახალი ცხოვრების საწყისი ადგილია, იქ 13 წელი ვიცხოვრე. სამწუხაროდ, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, ხშირად ვიყავი ბულინგის ობიექტი, ამას ემატებოდა გაჭირვება, არც საკუთარი სახლი გვქონდა, არც საკმარისი საკვები და ტანსაცმელი... მოწყალებას ვითხოვდით უმდიდრესი მხარის შვილები... ვისაც როგორ შეეძლო, ისე გვეხმარებოდა. მძიმე პერიოდი იყო მაშინ მთელი საქართველოსთვის...
წყალტუბოს მე-4 საშუალო სკოლა წარმატებით დავამთავრე, იქ არაჩვეულებრივი პედაგოგები და კლასელები მყავდა. შემდეგ ჩავაბარე ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენისა და ინფორმატიკის ფაკულტეტზე. პირველი კურსის დასასრულს მინდოდა, მეტყველების გამოცდა უკეთ ჩამებარებინა, რათა მაღალ ჯგუფში გადავსულიყავი, ვერ მოვასწარი... 2004 წლის 20 სექტემბერს უნდა გამოვცხადებულიყავი გამოცდაზე, 16 სექტემბერს კი ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, სამყაროს თავიდან მოვევლინე თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში. დიაგნოზი იყო სიმსივნე, კეთილთვისებიანი, სწრაფად ზრდადი, ზურგის ტვინიდან აღმოცენებული, ოპერაციის შედეგი კი - ქვედა კიდურების პარაპლეგია.
ისევ თავიდან მომიწია ცხოვრების დაწყება... ძალიან მძიმედ შევხვდი ცვლილებებს, დაიწყო დეპრესიის 4 წელი... ვერ ვიჯერებდი, რომ სიარული არ შემეძლო, მიჭირდა ფიქრი იმაზე, რომ „ინვალიდი“ ვიყავი (ეს სავიზიტო ტერმინი იყო მაშინაც და ახლაც, ჯერაც ვერ აღმოვფხვერით). ყველაფერში სხვაზე დამოკიდებული რომ გავხდი, ეს კიდევ უფრო ცუდად მხდიდა და ამწვავებდა ჩემს უსუსურობას, ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. ოჯახის წევრებს ჩემზე მეტად გაუჭირდათ ჩემი მდგომარეობის მიღება, ჩემ გამო ტიროდნენ და ნერვიულობდნენ. სწორედ ამან მიბიძგა ტრანსფორმაციისკენ. დედა იყო ჩემი გამოცოცხლების წყარო. ვარჯიში დავიწყე, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, დამოუკიდებლად ისევ გამევლო, ისევ ის ირმა ვყოფილიყავი, თუმცა პროგრესი თითქმის არ მქონდა, ვერც ექიმები მაიმედებდნენ, მე კი მაინც ჯიუტად ვცდილობდი, ჩემამდე არ მომეშვა ფიქრი იმაზე, რომ ვერ გავივლიდი. ვერ ვეგუებოდი და არ ვჩერდებოდი. ბოლოს დავიღალე...
ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მივხვდი, რომ პარალელურად რაღაც უნდა გამეკეთებინა, თორემ ვიძირებოდი, შინაგანად ცარიელი ვხდებოდი, უხალისო და უაზრო მეჩვენებოდა ირგვლივ ყველაფერი. ავდექი და დავიწყე საკუთარ თავთან მუშაობა და საუბარი სარკეში, სარკის გარეშე... მეგობრები და ოჯახის წევრები სულ ჩემთან იყვნენ და ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, თუ რატომ არ უნდა დავნებებულიყავი. ყოველი გათენება ჩემთვის იწყებოდა სიტყვებით - „შენ შეძლებ, ყველაზე ნაყოფიერი დღე უნდა იყოს“. ვარჩევდი ყველაფერს, ვახარისხებდი, რა იყო ჩემი სულისთვის წამალი და რა - საწამლავი. არ ვუთმობდი დროს სულელურ და დამთრგუნველ აზრებს, მივედი იმ დონემდე, რომ ნელ-ნელა მივიღე საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც მომეცა. ვსწავლობდი საკუთარი თავის სიყვარულს, სიბრალულის ნაცვლად. სხვა გზა არ მქონდა...
გადავწყვიტე, მესეირნა, მეკონტაქტა ადამიანებთან, მივხვდი, რომ ბევრი ბარიერის მიუხედავად, სრულფასოვანი ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად შემიძლია ცხოვრება. თუმცა მიჭირდა სოციუმის დამოკიდებულების მიღება, მათ თვალებში მხოლოდ სიბრალულს ვხედავდი, ზოგი დამტიროდა, ზოგი მანუგეშებდა, ზოგიც ფიქრობდა, რომ ეტლით მოსარგებლე აუცილებლად მოწყალების მთხოვნელი ვიქნებოდი და ხურდებს მიჩხრიალებდნენ ხელებში... ამ დროს მე მხოლოდ მათი მხარდაჭერა, თანადგომა და ჩვეულებრივ ადამიანად აღქმა მჭირდებოდა.
თუმცა თუ შენ არ იტყვი, ამას ვერც ვერავინ გაიგებს. ასე დავიწყე უფლებების სწავლა, ბრძოლა ქუჩაში, აქციები თანამოაზრეებთან და ჩემს თემთან ერთად. გავყვიროდით ყველგან, სადაც ხმა მიგვიწვდებოდა, ბევრი ტალახი, ლანძღვა-გინება ავიტანეთ, რადგან ვიცოდით, ვიბრძოდით საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის. დაიძრა ცნობიერების ამაღლების ტალღა საზოგადოებაში, ნელ-ნელა იცვლებოდა დამოკიდებულება, ვიღვწოდით და დღემდე ვიღვწით თანასწორობისთვის, ხელმისაწვდომობისთვის, დამოუკიდებლად არსებობისთვის. ბევრი ფიქრობდა, რომ კარგს ვაკეთებდით, ბევრიც გვაძახებდა, რომ „ხეიბრობის“ გამო სახლში უნდა დავრჩენილიყავით, რადგან გარეთ სხვებს ხელს ვუშლიდით. ვესირცხვილებოდით. თუმცა ამან ვერ შეგვაშინა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ადრე, მაინც გვიწევს ბრძოლა სხვადასხვა სტიგმასთან, ტერმინთან, ცნობიერებასთან... შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება.
ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ასე ჩავერთე სპორტში, ვფიქრობდი, რომ თუ მე შევძლებდი წარმატების მიღწევას, სხვისთვის ეს მაგალითი და სტიმული იქნებოდა აქტიური ცხოვრების დაწყებისათვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი შშმ პირია, რომლებსაც გარეთ გასვლის სურვილი არ აქვთ, ნებდებიან და რჩებიან ერთ ჩაკეტილ სივრცეში. არსებობის სურვილსაც კარგავენ. ბევრს უჭირს ფინანსურად, მორალურად, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეგვიძლია, თუ თავად გვაქვს მზაობა გამოწვევებისთვის, თუ არ გვეშინია ცვლილებების და ბევრი ტალახის, რომელსაც გასავლელ გზაზე აუცილებლად გესვრიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ვწერთ ისტორიის ახალ ფურცელს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ვერ ვართ სრულუფლებიანი მოქალაქეები.
2013 წელს დავიწყე მუშაობა საქართველოს ეროვნულ პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფისმენეჯერად. ფარიკაობამ სწორედ იქ მიპოვა. არაჩვეულებრივ კოლექტივში ვმუშაობდი, თუმცა რაღაც მაკლდა... მეტი სივრცე მჭირდებოდა და ფართო მასშტაბები. ჩემი მეგობრის საშუალებით გავიცანი მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე, რომლებიც ჩემი წარმატების მთავარი გმირები არიან! ამ ორმა დიდმა მწვრთნელმა მაზიარა ახალ, სპორტულ სამყაროს. ერთად ვისწავლეთ, ერთად ვიშრომეთ, ერთად ვიომეთ და ერთად დავდეთ ყველა შედეგი.
პარაფარიკაობა ჩემი ცხოვრების ძირითადი ღერძია, დიდი მიჯაჭვულობა სცოდნია სპორტის ამ სახეობას. თავიდან დარბაზში რომ შევედი, მეგონა, დიდი ხნით არ დავრჩებოდი, მაგრამ შევცდი... ახალი ათვლა დაიწყო, ახალი სუნთქვა და მიზნები... ძალიან დიდი შრომა და ბრძოლა დაგვჭირდა შედეგისთვის, ფარიკაობა ინტელექტუალური სპორტია და ტვინი განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 6 თვე ჩემს სასოწარკვეთას ვებრძოდი, მეშინოდა პასუხისმგებლობის, მეგონა, ვერ შევძლებდი, ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი საკმარისად კარგი ამ ძალიან რთული სპორტისთვის.
დიდი მწვერვალებისკენ აღმასვლა, რომ დაიწყო, ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. თუმცა მერე უფრო შემეშინდა, მეფიქრებოდა, რომ ანგარიშვალდებული ვიყავი, კარგი შედეგი მქონოდა. მხრები დამიმძიმდა, ვერ ვუმკლავდებოდი ამხელა სტრესს... ყველა შეჯიბრი, რომელიც პირველი 5 წლის განმავლობაში მოვიგე, იყო ნერვების ფასად, ვკვდებოდი და ვცოცხლდებოდი... სუნთქვა მეკვროდა და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ჩემი მწვრთნელი მეუბნებოდა - „ნუ დარდობ, შენგან არავინ არაფერს ითხოვს, აკეთე ის, რაც გასწავლე და რაც იცი“, თუმცა ამაოდ, მე მაინც მეშინოდა. ჰოდა, ისევ დავიწყე საკუთარ თავთან და შიშებთან მუშაობა, ვცდილობდი, გამეაზრებინა, რა მაშინებდა, ჯერ მეგონა, სიტყვა „შეჯიბრება“ მძაბავდა, მერე - საზოგადოება და პასუხისმგებლობა, მერე - მოწინააღმდეგეები, მსაჯები და ასე შემდეგ. ყველაფერი რომ მოვიარე, მივხვდი, რომ სინამდვილეში საკუთარ თავთან მიწევდა ბრძოლა. საკუთარ თავზე უნდა გამემარჯვა, მხოლოდ ჩემი „მე“ მიშლიდა ხელს, მშიშარა და ნაკლებად დარწმუნებული შესაძლებლობებში.
შევეჭიდე მთელი ძალებით, ყველა ხერხს მივმართე, რაც კი მომაფიქრდა თუ მასწავლეს. გამოცდილებამ და პრაქტიკამ დამაღვინა, თანდათან ვგრძნობდი, რომ ბევრად მეტი შემეძლო, ვიდრე მეგონა. პასუხისმგებლობა გადავდე გვერდით და დავიწყე საკუთარი საქმით სიამოვნების მიღება. შიშს ბოლომდე უნდა მისცე გარეთ გამოსვლის საშუალება, შემდეგ უნდა წარმოიდგინო ყველაზე ცუდი დასასრული და იფიქრო, რომ ამით სამყარო არ სრულდება. ახლაც სულ ვნერვიულობ, მაგრამ არ მეშინია. ის, რომ არ გამოგივა, იმიტომ რომ საკმარისად კარგი არ ხარ, მითია. როცა ხარისხობრივად დალაგდები ფარიკაობაში, როცა ტვინის, კუნთის, სხეულის ყველა უჯრედი ავტომატურ რეჟიმში აკეთებს ფრაზებს თუ მოძრაობებს, ხვდები, რომ ვეღარაფერი შეგიშლის ხელს მიზნის მიღწევაში. სიამაყით ვივსები პიედესტალზე ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს ჰიმნი ჟღერს და ქართული დროშა ფრიალებს, წარმოუდგენლად ამაღელვებელი გრძნობაა, როცა შენს პატარა, ნატანჯ ქვეყანას მსოფლიოს აცნობ. დღეს ჩვენი ქალთა პარაფარიკაობის ნაკრები პირველია მსოფლიოში ხმლის დისციპლინაში.
მიუხედავად ამდენი მიღწევისა, პირად ცხოვრებაში ჯერ ვერ გავიმარჯვე. ოჯახი მქონდა შექმნილი, მაგრამ ქართულ მენტალიტეტს ვერსად გავექეცი. მეუბნებოდნენ, „იმითაც ბედნიერი უნდა იყო, რომ „ცოლი“ გქვია“, „ეტლით ხარ და აბა, სხვა რას ელოდები“, „მადლობა უთხარი, რომ ცოლად მოგიყვანა“, „გმირია, აბა, ვინ გაუძლებს ეტლით მოსარგებლეს სახლში, რთულია მოსავლელად“. ყველაზე დიდი სირთულე ურთიერთობებში პიროვნული დაკნინება იყო, როცა ყოველდღე ნებით თუ უნებლიეთ შენი საყვარელი ადამიანი გახსენებს, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ. სინამდვილეში მე ვარ ძლიერი, წარმატებული ქალი და გვერდით მჭირდება ჩემსავით შემდგარი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც მზად იქნება, მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ.
სევდა და სიხარული, ნდობა და უნდობლობა, სიკეთე და ბოროტება, შერწყმა და განშორება, სიყვარული და სიძულვილი, სიცოცხლე და სიკვდილი, გამარჯვება თუ დამარცხება, მოძრაობა თუ უმოძრაობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ჩვენვე ვირჩევთ, რომელ მხარეს გვინდა ყოფნა, მთავარია, საკუთარი ადგილი ვიპოვოთ დედამიწაზე.