4 minute read

ირაკლი კავსაძე: რისი გვჯერა მსახიობის პროფესიის შესახებ

მსახიობი ხომ განცდაც არის, ტკივილიც, სიხარულიც, სიამაყეც და ბევრი რამ, მაგრამ ამასობაში ის რაღაც ერთ სივრცეშია მოქცეული და ამას დამოკიდებულების თვალსაზრისით ჰქვია სიყვარული. როცა არაფილოსოფიურად შეხედავ საკითხს, ცდილობ რაღაც გაიადვილო, რადგან სიღრმეებში ჩასვლისას, უფრო მეტი სირთულე გხვდება. საერთოდ, არ მიყვარს რაიმე საკითხის ზედაპირულად განხილვა. როგორც ადამიანი იბადება, იზრდება და ბერდება, ასეა ყველაფერი. ნივთი რომ ნივთია, იმასაც თავისი ისტორია აქვს. ის ჯერ ხე იყო, მერე ვიღაცამ მოჭრა, დახერხა, ვიღაცამ ჩარჩო გააკეთა მისგან, ვიღაცამ ფოტო გადაიღო და აიკინძა... კარგად რომ დაუფიქრდე და სიღრმისეულად ჩაყვე, ძალიან შორს წახვალ და ბევრ რამეს აღმოაჩენ. ეს ტვინის ვარჯიშიცაა. ზედაპირული მიდგომა კი, მერე ყოველთვის იწვევს პრობლემებს.

21-ე საუკუნემ, ერთი მხრივ თითქოს გაგვიადვილა ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ უფრო პრიმიტიულიც გახადა. ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ყველაფერი ზედაპირზე ხდება. ადამიანი მოვა და გეტყვის, რომ სპექტაკლის დადგმა უნდა, მაგრამ არც კი უფიქრია იმაზე, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, რომელსაც ამოხსნა სჭირდება. თუ დღევანდელობაზე რამის თქმა გინდა, აუცილებლად უნდა მოძებნო საჭირო პარალელი, ფილოსოფიურად მიუდგე საკითხს, უფრო ღრმად გააანალიზო, შეისწავლო მისი ფესვები და განვითარება.

Advertisement

იგივეა მსახიობების შემთხვევაშიც. როდესაც როლზე მუშაობს, ის მთლიანად შედის პერსონაჟის ტვინში, მის ყველა კუნჭულში და მოქმედებაში. ეს მოიცავს ისეთ დეტალებსაც, რომელზეც ავტორი საერთოდ არ ყვება ნაწარმოებში. პირობითად რომ ვთქვათ, შესაძლოა ავტორი წერდეს, რომ იორამი კოჭლია. მსახიობმა კი ამ ინფორმაციის მიღმაც უნდა დაიწყოს ძიება და დასვას კითხვები: რატომ არის იორამი კოჭლი? რა დაემართა? დაბადებიდან კოჭლია თუ უბედური შემთხვევის დროს დაკოჭლდა? როდესაც მსახიობი ხარ, ამ ისტორიას ქმნი შენთვის, რომ ტვინში ეს ყველაფერი გააზრებული გქონდეს. ტვინის იმპულსები კი გაძლევს სწორ მდგომარეობას და ფიზიკას. სრულყოფილი მსახიობი მაშინ ხარ თუ პერსონაჟის შეძლებ პერსონაჟის სიღმეებში ჩახვიდე და ბოლო ნიუანსამდე გაიცნო. იმოგზაურო მის ბავშვობაში, მისი აკვანიც კი ნახო, დახედო როგორი ტიპაჟი იყო, როგორ მოძრაობდა...

მახსოვს, ჩემმა მასწავლებელმა, გიზო ჟორდანიამ მითხრა, კარგად დააკვირდი ქუჩაში ტიპაჟებს, დაიმახსოვრე ხოლმე და მერე ეს მეხსიერება ჯიბეში შეინახეო. დიახ, მსახიობს თავისი „ჯიბე“ აქვს, იქ ნაგროვებ მეხსიერებას კი, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერებისას იყენებს. ამიტომაც, სულ დაკვირვებაში ვართ და გამოდის, რომ ფილოსოფოსებიც ვართ, ფსიქოლოგებიც და არამარტო. დღეს პოლიციელი, ხვალ ექიმი, მერე ბანდიტი, სპორტსმენი, პროკურუორი, მეფე... მოკლედ, ყველაფერი ვართ.

დენირომ რომ ბოქსიორი ითამაშა, ის შეიძლება აღიქვა როგორც რობერტ დენირო? ან ალ პაჩინო რომ კორლეონეს თამაშობს, შეიძლება აღიქვა როგორც ალ პაჩინო? - არა, რადგან ორივემ ბრწყინვალედ შეძლო გარდასახვა. რეჟისორმა მისცა ფაბულა, მათ კი შექმნეს სხვა დანარჩენი. რეჟისორი აძლევს კონტურებს, მიმართულებას, მსახიობი კი უკვე დეტალებში მიდის. მართალია, ამისთვის რეჟისორი ბევრს ესაუბრება მსახიობს, მაგრამ წარმატებისთვის იმაზე მეტი უნდა გააკეთო, ვიდრე მწვრთნელი გეუბნება. ბევრად მეტ უნდა იმუშაო შენს თავზე ინდივიდუალურად, მეტყველება იქნება თუ სხვა დანარჩენი. ამიტომ არის მსახიობის პროფესია ძალიან საიტერესო, სიღრმისეული, ყოვლისმომცველი და არა უბრალოდ ვარსკვლავობა.

ალბათ მეასე სპექტაკლს ვთამაშობდი, როცა პირველად გამიჩნდა განცდა, რომ ბოლომდე გავიაზრე, რას და რატომ ვაკეთებდი სცენაზე. ასეა, ამ ყველაფერს მომწიფება სჭირდება, რადგან რაც უფრო ხშირად ასრულებ ამა თუ იმ როლს და მუშაობ შენს თავზე, ეტაპობრივად ახერხებ ზედაპირიდან სიღრმეებში შესვლას და ყველაფრის გააზრებას. ამასთან ერთად, დიდ როლს ასრულებს განათლებაც.

Irakli Kavsadze as King Lear

(CREDIT: Graeme B. Shaw)

ჩვენს თეატრში ერთი ნიჭიერი გოგონა გვყავდა, რომელიც სპექტაკლებში 16 წლიდან თამაშობდა. მოგვიანებით გადაწყვიტა სამსახიობო განათლება მიეღო და დროებით დაეტოვებინა თეატრი. რა თქმა უნდა მხარი დავუჭირეთ მის გადაწყვეტილებას. ორი წლის შემდეგ, სწავლა დაასრულა და კვლავ თეატრში დაბრუნდა. მახსოვს, დონ კიხოტზე ვმუშაობდით იმ პერიოდში და როცა რეპეტიციებზე ვუყურებდი ამ პატარა გოგონას, ვხედავდი, რომ სცენაზე უკვე სხვა არტისტი იდგა, რომელიც ფლობდა სამსახიობო ხელოვნებას. ესაა სკოლა. ის, რაც ბევრად მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ვარსკვლავობის სურვილი.

მსახიობი ხომ განცდაც არის, ტკივილიც, სიხარულიც, სიამაყეც და ბევრი რამ, მაგრამ ამასობაში ის რაღაც ერთ სივრცეშია მოქცეული და ამას დამოკიდებულების თვალსაზრისით ჰქვია სიყვარული. თუ ეს პროფესია არ გიყვარს და პატივს არ სცემ, მაშინ უნდა დატოვო ეს სივრცე და სხვა რამე აკეთო. რადგან ეს პროფესია პირდაპირ ხალხთან არის დაკავშირებული, რომელსაც უნდა მიუძღვნა შენი თავი, დაიხარჯო, ისიც გააბედნიერო და შენც ბედნიერი წამოხვიდე იმით, რომ ის წავიდა ბედნიერი. საბოლოო ჯამში მარტივი ფორმულისთვის არსებობს არტისტი და ამ დროს რამდენი რამის კეთება და რამდენ რამეზე ფიქრი უწევს, რომ მივიდეს იმ კონდიციამდე რომ მაყურებელს მისცეს სიხარული და ამით თვითონაც გაბედნიერდეს. ეს ურთიერთგაცვლა არის, მაგრამ მაინც მსახიობი არის ამის მკვებავი და ენერგიის წყარო.

ყოფილა შემთხვევები, როცა სპექტაკლების მიმდინარეობისას ტრავმები მიგვიღია, გონება დაგვიკარგავს, მაგრამ მაინც გაგვიგრძელებია თამაში, ისე რომ მაყურებელს არც გაუგია, რა მოხდა. ასე იყო მაგალითად, როცა დრაკულაზე ვმუშაობდით. სცენაზე ორჯერ დავკარგე გონება. როცა გონს მოვედი, ჯერ ვერ გავიგე სად ვიყავი, მაგრამ მერე მუსიკა გავიგონე, მსახიობები დავინახე და შევძელი გამეგრძელებინა სპექტაკლი. ესეც ქვეცნობიერი კოდია, რომელიც ისევ და ისევ მაყურებლამდე მიდის, რომელიც შენი გულისთვის არის სპექტაკლზე მოსული. ჩვენს სხვა მსახიობსაც ჰქონიათ მსგავსი შემთხვევები. მათაც ასევე გააგრძელეს სპექტაკლის თამაში. ფეხმოტეხილსაც უთამაშია ჩვენს ქორეოგრაფ არტისტს. რა ხდება ამ დროს? პროფესიონალმა შეიძლება ვერც ახსნას და მისი საუბარი სიყვარულსა და თავგანწირვაზე, შესაძლოა გაცვეთილ სიტყვებადაც მოგეჩვენოს. რეალობა კი ამ ყველაფერს სცდება და აბსოლუტურად აუხსნელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ დროს სხვა სამყაროში, სხვა განზომილებაში ხარ.

Irakli Kavsadze as Macbeth.

(CREDIT: Graeme B. Shaw)

This article is from: