5 minute read
მალკა ოლდერი: რისი გვჯერა ჩვენი ინსტიტუციების შესახებ
ინსტიტუციები საზოგადოების წევრებს შორის გაზიარებული ფიქციაა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტრუქტურის შექმნის მიზნით, ურწმუნობის კოლექტიურ შეჩერებაზეა ორიენტირებული. საზოგადოება თანხმდება, რომ ქაღალდის ნაბეჭდ ნაჭრებს აქვს ღირებულება - ფიქციაა, რომელიც ბარტერული გაცვლის უხერხულობების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. იმ პირობით, რომ არჩევნებში გამოცხადებული გამარჯვებული ლეგიტიმურია, უმეტესობა ჩვენგანი სახელმწიფოს უთმობს ხელისუფლებას, რითაც თავს ვიხსნით შეიარაღებული კონფლიქტის, განადგურებისა და სიკვდილისგან. ყოველწლიურად, დანიშნულ დღეს, მსოფლიოს ნაწილი ასწორებს საათებს, თითქოს წინა დღესთან შედარებით, ერთი საათით ადრე ბინდდება, და ეს ფაქტობრივ ჭეშმარიტებად იქცევა, რადგან ბევრ ჩვენგანს სჯერა.
Advertisement
ეს და სხვა ინსტიტუციები - ფორმალური ორგანიზაციები, ასევე პროცესები და პროცედურები, ქცევის მახასიათებელი ნიშნები და დაუწერელი სოციალური ნორმები - აწესრიგებენ და ახდენენ ჩვენი ცხოვრების სტანდარტიზაციას, რაც ადამიანებს ფართო მასშტაბებში შეთანხმებულად მუშაობის საშუალებას აძლევს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უნარს, დავიჯეროთ საერთო ფიქციები, აქვს თავისი სარგებელი, ზედმეტი რწმენა შეიძლება პრობლემური იყოს. ინსტიტუციების სიმბოლურ აურაზე, რომელსაც ისინი დროთა განმავლობაში აყალიბებენ, კონცენტრირებისას, ერთგულება შესაძლოა უპირობო ერთგულებაში გადაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ რწმენის შეცვლა და გათავისებული წესრიგის ჩამოშლა შემაშფოთებელი რყევა შეიძლება იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს ნიშანია, რომ უნდა შევეწინააღმდეგოთ კონკრეტულ სისტემას. რწმენის დაკარგვა არის სიგნალი, რომ შეჩერდეთ, უკან დაიხიოთ და ყურადღებით დავაკვირდეთ იმას, რისიც გვჯერა: რომელიმე ინსტიტუციას იმიტომ ვაღიარებთ, რომ გვჯერა, ის ემსახურება ლეგიტიმურ ფუნქციას? თუ ჩვენ პატივს ვცემთ მოძველებულ, ნაკლის მქონე ტრადიციას ისევ მის სასარგებლოდ?
როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი, ჩემი სამუშაოს ნაწილია ხელახლა წარმოვიდგინო ინსტიტუციები იმ მომავალი სამყაროებისთვის, რომლებსაც ვქმნი. ამისათვის მე ვხსნი ჩაბეჭდილი ვარაუდებისა და ღრმა პატივისცემის ფენებს და ვაფიქსირებ იმას, თუ რას უნდა აკეთებდნენ ის ინსტიტუციები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და როგორ შეუძლიათ სხვაგვარად გააკეთონ ეს ყველაფერი.
ინსტიტუციები სათავეს ახალი იდეებიდან იღებენ, ხშირად საკამათო იდეებიდან, რომლისაც ყველას არ სჯერა. თუ მათ ჰყავთ საკმარისი მიმდევრები, ისინი პრაქტიკაშიც ამუშავდებიან ხოლმე. თუ ინსტიტუცია იმუშავებს, კიდევ ბევრი ადამიანი ირწმუნებს და მის შესაბამისად იმოქმედებს. რაღაც მომენტში ინსტიტუცია ხდება „რეალური“ დე-ფაქტო გაგებით; იქცევა საქმიანობის ჩვეულებრივ გზად. იმედია, ამ ინსტიტუციის დაარსება ადამიანთა უმეტესობის ცხოვრებას აუმჯობესებს, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვადასხვა გადახრები. რაღაც მომენტში, ინსტიტუცია სცდება ლეგიტიმურობის ჰორიზონტს: ის იქცევა არა მხოლოდ გზად, რის მიხედვითაც კეთდება საქმეები, არამედ მიმართულებად, როგორც უნდა გაკეთდეს ისინი. ზოგი ინსტიტუცია კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ის ქმნის სიმბოლურ ღირებულებებს, რომლებიც ხშირად აღემატება მის რეალურ ფუნქციას. სპორტული სამყარო სავსეა შეჯიბრებით, მაგრამ ოლიმპიადა მისგან განსხვავებულია. მათ აქვთ კულტურული გავლენა - დაფუძნებული უძველეს ტრადიციაზე, რომელიც მხოლოდ მცირედით თუ ემსგავსება თანამედროვე თამაშებს, იგი დაკავშირებულია ნაციონალისტურ გამოვლინებებთან და ყურადღებით გაშუქებულია სატელევიზიო მაუწყებლობების მიერ - რაც ბევრად აღემატება სპორტულ შეჯიბრს.
თუმცა, როდესაც რაღაცის სიმბოლური მნიშვნელობა ვერ განისაზღვრება, ვერ იზომება და შორდება მის თავდაპირველ მიზანს, ჩვენი რწმენა ინსტიტუციებისადმი უფრო უახლოვდება უპირობო ერთგულებას. სწორედ ამიტომ, ოლიმპიადების მასპინძლობისას, ქალაქები მზად არიან უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელებისთვის, მაშინაც კი, როდესაც ამ ინვესტიციების მომგებიანობა ნაკლებად დასაშვებია. როდესაც ვწყვეტთ ჩვენი ინსტიტუციების კრიტიკას, ისინი იქცევიან ბოროტად გამოყენების, მიტაცებისა და კორუფციის საშუალებად.
განვიხილოთ ამერიკის პრეზიდენტობის ინსტიტუტი. ეს დაიწყო როგორც ახალი იდეა: ლიდერობის ფორმა, რომელიც არ იყო მონარქია. ყველას არ სჯეროდა, რომ ის იმუშავებდა; ბევრს ეშინოდა, რომ პრეზიდენტობა საბოლოოდ, არჩევით მონარქიად გარდაიქმნებოდა, რაც, რა თქმა უნდა, სწორედ ის იყო, რაც უნდა შეცვლილიყო.
თუმცა, ჯორჯ ვაშინგტონმა უარი თქვა მესამე ვადაზე და ამერიკის ახალბედა დემოკრატია დარჩა დამოუკიდებელი, განაგრძო ლიდერების არჩევა. პრეზიდენტობა აშკარად არსებობდა ამ პირობით; ამის უარყოფა, აბსურდი იქნებოდა. და სწორედ მაშინ დაიწყო ჯადოქრობა. მრავალი თაობის, გამოსვლების, საარჩევნო კამპანიების, ოფიციალური პორტრეტების, ისტორიის წიგნების, ჰაგიოგრაფიებისა და პოლიტიკური კარიკატურების შემდეგ, პრეზიდენტობა უფრო მეტი გახდა, ვიდრე მისი ფუნქცია ან მისი მოქმედი უფლებამოსილება. იგი ქვეყნის მზარდი გავლენის წარმოჩენის ობიექტი გახდა - პრეზიდენტი გახდა ცნობილი, როგორც "ყველაზე ძლიერი ადამიანი [სინამდვილეში არა] მსოფლიოში". პრეზიდენტობამ მიიღო დემოკრატიისა და მერიტოკრატიის ასპექტები, ისე რომ, „შენ შეგიძლია პრეზიდენტი გამოხვიდე“, გახდა ფრაზა ნებისმიერისთვის, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო.
ახლა, პრეზიდენტობის იდეის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმის რწმენას, რომ იდეა იმუშავებს. ამის ნაცვლად, პრეზიდენტის კონცეფცია მოიცავს ბუნდოვან და მრავალფეროვან ასოციაციებს, სკოლის ისტორიის გაკვეთილებიდან და სურათებიანი წიგნებიდან, ახალი ამბების სიუჟეტებიდან და ჰოლივუდის ფილმებიდან. გადაჭარბებული სიმბოლიზმი ფარავს რეალობას, თუ როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუცია. ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მედია გაშუქება და საერთო დისკურსი ეხებოდა პრეზიდენტობის იდეას და არა მის კრიტიკულ, რეალურ როლს, რომელსაც ის ასრულებს ჩვენს მთავრობაში. ამომრჩევლები პრეზიდენტს ირჩევენ მის სამუშაოზე წარმოდგენებზე დაყრდნობით და არა იმის მიხედვით, რეალურად რას მოითხოვს ეს სამუშაო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქვეყნის განვითარების სურვილით აღსავსე საარჩევნო კანდიდატების ნაცვლად, მივიღეთ კანდიდატები, რომლებსაც სურთ იყვნენ პრეზიდენტი, რათა ჩაითვალონ ძლიერებად და მნიშვნელოვნებად.
მონარქია კიდევ ერთი მაგალითია. ის, რაც დაიწყო, როგორც სამხედრო ძლევამოსილების დამტკიცება, გადაიზარდა ღვთაებრივი ძალაუფლებისა და მემკვიდრეობითი კეთილშობილების ტრადიციაში, სანამ თანამდებობის პირების, ადგილობრივების უკმაყოფილებისა და რაღაც განსხვავებულის შესაძლებლობის ერთობლიობამ ინსტიტუტი გამოუსადეგარი გახადა. ამან ზოგიერთ ქვეყანაში მონარქის პრეზიდენტით შეცვლა გამოიწვია.
თუ ჩვენი პოლიტიკოსები კანონპროექტების მიღებისას, აქებენ დემოკრატიას, რომლებიც ართულებს ხმის მიცემას, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ დავიწყებთ ეჭვის შეტანას ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუციებში. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება აპათიისა და შეთქმულების თეორიების სახიფათო გზა გახსნას, იგი ასევე გვახსენებს, რომ გავიხედოთ ძალაუფლებისა და ტრადიციის მიმზიდველი ხაფანგების მიღმა და გამოვასწოროთ ის, რაც არ მუშაობს.
ჩვენი ინსტიტუციების მიმართ რწმენის დაკარგვა იმის ნიშანია, რომ, სულ მცირე, უნდა გადავაფასოთ ჩვენი რწმენის გადაჭარბებები; ჩვენ ალბათ გვჭირდება თავად ინსტიტუციების გადაფასებაც. ნამდვილად ისეთი დემოკრატიულები ვართ, როგორსაც ვამტკიცებთ? ის, რასაც ჩვენ მართლმსაჯულების სისტემას ვუწოდებთ, რეალურად ემსახურება სამართლიანობას? აკეთებს თუ არა ჩვენი ნაქები ეკონომიკური სისტემა იმას, რასაც აცხადებს?
ინსტიტუციები გვთავაზობენ იმედს, რომ ერთად მუშაობით, შევქმნით გარემოს, რომელშიც ჩვენი ძალები კოორდინირებული, ხოლო პოტენციალი გაზრდილი იქნება. მაგრამ ის საშუალებაა და არა მიზანი. ჩვენ არ ვართ რაიმე სახით, ჩვენი რწმენითა ან ჩვენი ერთგულებით, მათ ვალში. ინსტიტუციები და საზოგადოებები, რომლებსაც ისინი განსაზღვრავენ, ჩვენია, იმისთვის რომ შევქმნათ და გარდავქმნათ. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლების მსგავსად, ჩვენ ვაკონტროლებთ ჩვენი ინსტიტუციების ნარატივს. კრიტიკული აზროვნებით, ფანტაზიითა და თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისინი. ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობა - საკუთარი თავისა და მომავალი თაობების წინაშე - მდგომარეობს იმაში, რომ გავხადოთ ყოველი მომდევნო ინსტიტუცია წინაზე უკეთესი.