3 minute read
ნინო სუხიშვილი: რისი გვჯერა ქართული ნაციონალური ცეკვის შესახებ
ხალხური ცეკვა, რომ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საქართველოში, ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ ეს ფენომენი კიდევ უფრო საინტერესოა, როცა სხვა ქვეყნებთან ვაკეთებთ შედარებას. სტატისტიკურად რომ შევხედოთ, მსოფლიოში არ მოიძებნება მეორე ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი ნაციონალურ ცეკვას სწავლობს. თუმცა, საქართველოში ეს მოთხოვნა ბოლო 25 წლის მანძილზე, მუდმივად იზრდება.
Advertisement
ყველაფერი კი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როცა ჩემმა ბაბუამ და ბებიამ, ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ცეკვის ანსამბლი „სუხიშვილები“ ჩამოაყალიბეს. მასთან ერთად, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიაც დაიბადა. ეს იყო ქართული ნაციონალური ილეთების გამოყენებით შექმნილი შოუ-პროგრამა, რომელიც უკვე 80 წელია არსებობს და კვლავაც მოთხოვნადი და წარმატებულია. ალბათ ამტომაა, რომ ჩვენი გვარი ქართული ნაციონალური ცეკვის სინონიმადაც იქცა.
ჩემი წინაპრების საქმეს, ახლა ოჯახის მესამე თაობა, მე და ილიკო (უმცროსი) სუხიშვილი ვაგრძელებთ, რაც საამაყოც არის და ძალიან საპასუხისმგებლოც, რადგან ხელოვნებასთან ერთად, ეს ეროვნული საქმეა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით.
ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ ჩვენი ცეკვების ნახვის შემდეგ, განსაკუთრებული სიამაყის შეგრძნება და პატრიოტული განცდა ეუფლებათ. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ნაციონალურ ცეკვაში თავისი ქვეყნის დადებით მხარეებს ეძებს, ისეთს, რაც ღირსების განცდას გაუღრმავებს და კიდევ ერთხელ აღაფრთოვანებს. ბედნიერებასთან ერთად, ამას მომავლის იმედი მოაქვს.
უცხოელი მაყურებლისთვის კი ჩვენი პროგრამა ერთგვარი მოკლე ნოველაა საქართველოზე. მისი საშუალებით, მსოფლიო ეცნობა ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიას და ტრადიციებს. ცეკვის იდუმალი ენა ამომწურავად უყვება მაყურებელს ჩემს ქვეყანაზე, ამიტომ, ჩვენ საქართველოს ელჩებიც ვართ და ამ მისიას 1945 წლიდან ვასრულებთ. სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყეთ მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო.
ვფიქრობ, სწორედ ასეთი ეროვნული მნიშვნელობის გამოა, რომ ჩვენი ცეკვები დღესაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
თუ ამ სფეროში ხარ, ძალიან დიდი სიყვარული და თავგანწირვა გჭირდება, რომ მას მთელი შენი ცხოვრება მიუძღვნა. ნათქვამია, ხელოვნება ძალიან ეჭვიანიაო. ითხოვს, რომ ბოლომდე მას ეკუთვნოდე. ჩვენთვის კი, ეს იმდენად ორგანულია, რომ უკვე ჩვენი ცხოვრების სტილი და აზრი გახდა.
ვცდილობთ, მუდმივად ვისაუბროთ ყველა თაობისთვის გასაგებ ენაზე და ფეხდაფეხ მივყვეთ დროს. ჩვენს ცეკვებში ყველაფერი ხალხურ, ეროვნულ ფოლკლორზეა აგებული, რომლის გამოყენებითაც ვქმნით ახალ ქორეოგრაფიას და განსხვავებულ პროგრამებს. ეს კი იუველირის საქმიანობას ჰგავს, ნამდვილი ბეწვის ხიდია. ჩვენი შემოქმედების განხილვისას, წლების წინ, „ნიუ იორკ ტაიმსში“ დაიწერა, რომ სუხიშვილების ანსამბლი ძვირფასი ფოლკლორული ქვაა კლასიკური წახნაგებით. ვფიქრობ, ეს ყველაზე სწორი შეფასებაა, რადგან მისი ავტორი ზუსტად ჩაწვდა ჩვენი ცეკვების არსს და სინთეზს, რაც მის აქტუალობას განაპირობებს.
ბაბუაჩემი, ილიკო სუხიშვილი ამბობდა, მთელი საქართველო უნდა ავაცეკვოო და გამოუვიდა კიდეც. თუ მაშინ, ჩვენთან მცირე რაოდენობის მოცეკვავეები მოიძებნებოდნენ, დღეს ფაქტობრივად მთელი საქართველო ცეკვავს და მის გარეშე, არცერთი კულტურული ღონისძიება თუ საოჯახო შეკრება არ იმართება. ჩვენ კი ამ მნიშვნელოვან პროექტს ვაგრძელებთ და ახალ სიცოცხლეს ვძენთ.