7 minute read

ნონა გაფრინდაშვილი: რისი გვჯერა წარმატების შესახებ

წარმატების მისაღწევად ნიჭი და შრომისმოყვარეობა ხომ აუცილებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიძლიერე და სპორტული ჟინი

რისი გჯერათ წარმატების შესახებ?

Advertisement

სანამ ადამიანი არ გაიაზრებს, რის გაკეთებას აპირებს, მანამდე ძალიან ძნელია იცოდეს რისი სჯერა. მე ზუგდიდში დავიბადე. ვიზრდებოდი ბიჭებთან ერთად, ხუთი ძმა მყავდა. შესაბამისად, ჩვენს ეზოში ძირითადად ბიჭები იკრიბებოდნენ. ყველაფერი გვქონდა: ბილიარდის მაგიდა, ფეხბურთის და ფრენბურთის ბურთი. მათთან თამაშსა და ჭიდილში გამომიმუშავდა მტკიცე ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა რაც ძალზედ გამომადგა ჩემს სპორტულ კარიერაში. რა თქმა უნდა ჭადრაკის ტურნირებიც ტარდებოდა ჩვენს ოჯახში. ეს ლაპარაკია სულ ადრეულ ასაკზე, სანამ პირველად ვითამაშე გუნდურ პირველობაზე ბათუმში, მაშინ 12 წლის ვიყავი. მწვრთნელი, რომელიც ბათუმის შეჯიბრს ესწრებოდა დაუკავშირდა ჩემს მშობლებს და თხოვა თბილისში გადმოვეყვანეთ ჭადრაკის წრეზე. ამის შემდეგ დაფიქრდნენ ისინი ამ საკითხზე სერიოზულად და გამიშვეს. 1954 წელს შემოდგომაზე ჩავედი თბილისში, 1955 წელს დიდებში მეორე ადგილი დავიკავე, 1956 წლიდან კი გავხდი საქართველოს ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ნახევარფინალი მოვიგე და გავედი ფინალში. ასე დაიწყო, წავიდა და წავიდა...

კითხვას რომ ვუპასუხო, როგორც კი პირველი წარმატებები მოვიდა, გავიაზრე, რომ მე ამ კუთხით უნდა წავსულიყავი. დასაწყისშივე მივაღწიე სერიოზულ წარმატებებს და ასე მოვედი იქამდე, სადაც ახლა ვარ.

რა როლი ითამაშეს მშობლებმა თქვენს წარმატებაში?

მშობელთა როლი დიდი იყო, ისინი მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ შვილებს განვითარებაში და დადებითი გავლენა ჰქონდათ ყოველ ჩვენგანზე. ისინი არანაირად არ გვზღუდავდნენ, მოგვცეს თავისუფლება პროფესიის არჩევაში და ძირითადად ცხოვრებისეული რჩევებით შემოიფარგლებოდნენ. როდესაც პირველად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი მამაჩემმა მოლოცვის მაგივრად მითხრა თავში არ აგივარდესო. ასეთი უბრალო და ამავე დროს ღირსეული მშობლები მყავდა.

როდესაც ერთდროული თამაშის სეანსებს ვატარებ ნორჩ თაობასთან, პარტიის დასრულების შემდეგ ვცდილობ გამოცდილება გავუზიარო და გარკვეული რჩევები მივცე მათ. ზოგჯერ მშობლების გასაგონადაც კი. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ მშობელი ზედმეტად არ ჩაერევა, არ შეიძლება გაუბრაზდე შვილს, თუ აგებს პარტიას. პირველ რიგში, მწვრთნელს უნდა ჰკითხო, შენგან (მშობლისგან) რა დახმარებაა კარიერის ამა თუ იმ ეტაპზე საჭირო. ამას ნაკლებად აკეთებენ სამწუხაროდ.

როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, როცა ჩემპიონი პირველად გახდით?

რა ხდებოდა იცით მაშინ საქართველოში? ჩემი გამარჯვების შემდეგ, მოსკოვიდან თბილისისკენ მატარებლით მოვდიოდი და უცნობი თუ ნაცნობი ყველა შემოდიოდა ჩვენს ვაგონში მოსალოცად. თბილისის სადგურში ათასობით ადამიანი შემეგება. დაუვიწყარი დღე იყო. ასეთი საყოველთაო სიხარული, აღნიშვნა და ეიფორია ფეხბურთში გამარჯვებებს ახლავს ხოლმე.

მეორე დღეს ოპერაში საოცარი შეხვედრა მომიწყვეს, სადაც მომილოცეს სპორტის, მწერლობის, ხელოვნების თუ მეცნიერების კორიფეებმა. ყველა იქ იყო. ყველა წუთი მახსოვს. მაშინ მიხეილ ჭიაურელმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ჩემ შესახებ, მოახერხა და 10 წუთში მოაქცია ყველა ემოცია, წარმატების პერიპეტიები და სიხარულისგან გამოწვეული ბედნიერი წუთები. პირველი ჩემპიონობა და ის სიხარული, სითბო და სიყვარული რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა ჩემს მიმართ, ჩემთან იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

თქვენი კარიერული ცხოვრების დიდი ნაწილი იმ პერიოდს ემთხვევა, როცა საქართველო საბჭოთა ქვეყანა იყო, როგორ აისახა ეს თქვენს მიღწევებზე?

საყოველთაოდ ცნობილია რომ საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ბევრი სახის შეზღუდვები. ეს ეხებოდა ყველა სფეროს და არც სპორტის სამყარო იყო გამონაკლისი. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი და კალენდარული წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უამრავ ტურნირში მიწვევდნენ, მაგრამ სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ იშვიათად რომ ორი ტურნირის მეტი მეთამაშა უცხოეთში გასვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.

მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს საოცარი (ბუმბერაზების) თაობა ყავდა ყველა სფეროში. საქართველო ბრწყინავდა მწერლობასა თუ პოეზიაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, სპორტში... ყოველი ჩვენგანი თავის გასაკეთებელს უმაღლეს დონეზე აკეთებდა და მთელ მსოფლიოში გაუთქვა ქართულ ნიჭსა და გენს სახელი. არც მე გახლდით გამონაკლისი, წარმოვადგენდი საბჭოთა კავშირს მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცოდა რომ ვარ ქართველი, ვამაყობ ამით, რომ დავიბადე პატარა სტუმართმოყვარე ზუგდიდში და ვცხოვრობ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ნებისმიერი წარმატებული ქართველისთვის რომ გეკითხათ რა არის ყველაზე დიდი ჯილდო - გიპასუხებდნენ: ხალხის სიყვარულიო.

თითქმის 30 წლის განმავლობაში ქართველი ქალები ვინარჩუ- ნებდით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) წესდებაში ასეთი რეგლამენტია, რომ გაეროს წევრი უნდა იყოს ქვეყანა, რომ დაუშვან საჭადრაკო ოლიმპიადაზე. საქართველოს დამოუკიდებლობა ახალი მოპოვებული ჰქონდა და ჩვენ ჯერ არ ვიყავით გაეროს წევრი იმ დროისთვის. ფიდეს ინგლისელმა იურისტმა საქართველოზე განაცხადა, ნუთუ შესაძლებელია ასეთი წარმატებული საჭადრაკო ქვეყანა დავტოვოთ ჭადრაკის ოლიმპიადის გარეშეო?! თანაც ეს ქვეყანა მალე გახდება გაეროს წევრიო. მართლაც, საქართველომ ჯერ საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო და შემდეგ გაეროშიც გაწევრიანდა. მე მქონდა პატივი იმ გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ვყოფილიყავი და ოლიმპიური ჩემპიონი გავმხდარიყავი ჩემი სამშობლოს სახელით.

რისი ბრალია, რომ დღეს აღარ გვაქვს იმ მასშტაბის წარმატება?

რაც მთავარია ტრადიცია გრძელდება და ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა მოდის გოგონებშიც და ვაჟებშიც. იმდენად ფენომენალური იყო ჩვენი თაობის წარმატებები რომ მისი გამეორება რთულია. მე იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდების და მჯერა რომ საქართველო დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს საჭადრაკო ოლიმპზე.

არ არის ჩემპიონობის მოპოვება მარტივი. წარმატების მისაღწევად ნიჭი და შრომისმოყვარეობა ხომ აუცილებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიძლიერე და სპორტული ჟინი. რადგან ასეთი მასშტაბის გამარჯვებები სტრესის გარეშე არ მოდის, ამიტომ შესაბამისი ფსიქოლოგიური მზაობაა საჭირო. ბევრს უჭირს დიდ სტრესთან გამკლავება, მე ერთი აბი ძილის წამალიც კი არ დამილევია ტურნირების დროს. თუ ადამიანი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მოყვები, რაღაცის გეშინია და არ გამოხვალ ამ მდგომარეობიდან, ძალიან გაგიჭირდება. არიან სპორტსმენები, ვისაც ამის გამო ნახევარი ნაბიჯი აკლდებათ მსოფლიოს ჩემპიონობამდე.

ზოგადად, წარმატება და წარუმატებლობა განუყრელია. ყოველთვის ვერ მოიგებ, ზოგჯერ წააგებ. ხასიათი უნდა გქონდეს ძლიერი. უნდა დაივიწყო მარცხი სწრაფად, სპორტსმენისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მოჭადრაკეთა უმრავლესობა პარტიას რომ წააგებდა, მეორე დღეს ცდილობდნენ ყაიმზე წასვლას. მე ერთი სული მქონდა წაგების შემდეგ გამარჯვება მომეპოვებინა და ამეღო ქულა. ყაიმზე არ მიფიქრია, ბოლომდე თამაშზე და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდი. ეს არის მტკიცე სპორტული ხასიათი, რომელიც ვფიქრობ ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა. ეს ალბათ ჩემში თავიდანვე ჩადებული იყო, რადგან მოწინააღმდეგის არასდროს შემშინებია განურჩევლად მეტოქისა, მამაკაცი იყო თუ ქალი. დარწმუნებული ვარ, რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას.

ცნობილია თქვენი გატაცება ბილიარდითა და მაგიდის ჩოგბურთით, ფიქრობთ რომ ამ სფეროშიც ასეთი წარმატებული იქნებოდით?

როდესაც ჭადრაკის ტურნირებზე მივდიოდი სასტუმროსა თუ სანატორიუმში შესვლისას, პირველი რიგში ვამოწმებდი თუ როგორი ხარისხის ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა იდგა. ეს ორი სპორტის სახეობა ჩემი დიდი გატაცება და განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო. ორივეს ძალზედ კარგად ვთამაშობდი. ერთხელ შევედი საბილიარდოში, ამ დროს შემოვიდა სპორტის ოსტატი მძლეოსნობაში, ორ მეტრიანი მამაკაცი. მათ ვინც ჩემი შესაძლებლობები იცოდა ჩემი თავი წარუდგინეს ამ მამაკაცს. შესთავაზეს, რომ ეთამაშა ჩემთან ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. ჩემი ფიზიკური მონაცემების (რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი) შემხედვარეს გაუკვირდა როგორ ვეთამაშოო, თუმცა ბოლოს დათანმხდა, გადაწყდა 10-10 პარტიის თამაში. ვიფიქრე, ბილიარდს ალბათ მომიგებს, მთავარია მაგიდის ჩოგბურთი მოვიგო-მეთქი. 10-0 მოვუგე. ამან ის ფსიქოლოგიურად ისე გატეხა, მე კი ისეთ ეშხში ვიყავი, 5 წუთში დავასრულე მატჩი.

იყო ქალი და გქონდეს წარმატებული კარიერა მაინც განსხვავებულია, ქალის როლი ოჯახში, შვილების გაზრდაში უფრო დიდია ვიდრე მამაკაცის. თქვენ როგორ შეძელით, რომ დააბალანსეთ ეს ყველაფერი?

ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს. ბავშვი რომ დაიბადა დედაჩემი მეხმარებოდა. მატჩებზეც წამიყვანია ჩემი შვილი, დედაჩემიც მოდიოდა, რომ მე მთელი კონცენტრაცია მქონოდა თამაშზე. ის ძალიან ძლიერი ქალი იყო, მაშინაც კი როცა შეუძლოდ იყო, სათამაშოდ მშვიდად მიშვებდა და თან მეუბნებოდა წადი შენ და მე ძალას მოვიკრებო. პრობლემის გარეშე ოჯახი არ არსებობს, მაგრამ თუ ძლიერი ხასიათი გაქვს და ოჯახის წევრებიც გვერდში გიდგანან, თავს გაართმევ.

თუმცა ჭადრაკში მარტო ოჯახი და შვილები არაა გამოწვევა, როცა ქალი ხარ და კაცებს ეთამაშები, მანდ ბიოლოგიური ფაქტორია უმნიშვნელოვანესი, ქალებს სხვა პრობლემები აქვთ. შეიძლება ყველას ასე სერიოზულად არ ჰქონდეს, მაგრამ მაინც არათანაბარ პირობებში ხარ, ყურადღებაც გეფანტება, თუმცა შენ თუ ძლიერი ხარ, შენ ამას მაინც დაამტკიცებ შემდეგ ტურნირებზე, როცა მზად იქნები და შენი მდგომარეობა იქნება სტაბილური.

ზოგადად მოჭადრაკე მამაკაცებმა მალევე მიმიღეს მათ ელიტარულ წრეში. მუდამ პატივისცემით მეპყრობოდნენ. ჩემს გამოჩენამდე სხვაგვარი დამოკიდებულება იყო ქალი მოჭადრაკეების მიმართ. მე ჩემი თამაშით და ბრძოლით მოვიპოვე ადგილი მათ გვერდით და 1978 წელს უდიდესი პატივი მხვდა წილად გამხდარიყავი ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

როდესაც მიდიხართ მნიშვნელოვან შეჯიბრზე, რისი გჯერათ მაგ დროს?

მივდივარ დადებითი სულისკვეთებით და ოპტიმისტური განწყობით, ყოველთვის მჯეროდა ჩემი თავის. რა თქმა უნდა, ხან კარგად ვთამაშობ, ხან უარესად... ფაქტი ისაა, რომ როცა უარესად ვთამაშობ, მაშინაც არ მაქვს უიმედო განწყობა და უხეში შეცდომები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დღესაც როდესაც სენიორების ჩემპიონატზე მივემგზავრები, მე ჩემს სამყაროში მივდივარ, სამყაროში, რომელიც ჩემია. ჭადრაკის დაფასთან ვიღებ საოცარ მუხტს, დადებით ემოციებს და ამით ვიხანგრძლივებ ცხოვრებას.

პანდემიის შემდეგ პირველად ვაპირებ წასვლას იტალიაში, სადაც ტარდება ვაჟთა გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი სენიორებში. ჩვენ ორი ქალი შევუერთდით სამ კაცს, სამი დიდოსტატი კაცი და ორი დიდოსტატი ქალი. მე და ნანა იოსელიანი. სენიორების ტურნირებზე დავდივარ დღემდე და სანამ გონება მიჭრის მზად ვარ ვითამაშო.

და ბოლოს მინდა ჩემს ქვეყანას მშვიდობა და წარმატება ვუსურვო. მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა ამის, მჯერა ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობის.

This article is from: