2 minute read

არჩილ გაჩეჩილაძე: რისი გვჯერა განათლების შესახებ

მჯერა განათლების, რომელიც საკმარისად ფართოა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, რა უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ ცხოვრებაში

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო ინსტიტუციას, „საქართველოს ბანკს“ ხელმძღვანელობთ. გვითხარით, რა გამოძრავებდათ იქამდე, სანამ ამ პოზიციას დაიკავებდით და რა გამოძრავებთ ახლა?

Advertisement

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ მამოძრავებდა. ბოლო რამდენიმე წელია, მამოძრავებს შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად შევქმნა ისეთი გარემო, რომელსაც მოაქვს სიხარული, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე - მომხმარებლებისთვის.

ასევე საქართველოს ბანკის მისია, ხელი შევუწყოთ ადამიანებს მეტი პოტენციალის რეალიზებაში.

როგორ ფიქრობთ, რა არის ლიდერისთვის ყველაზე საჭირო თვისებები?

ლიდერისთვის, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს გუნდის განვითარებასა და წარმატებას, მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა თავდაჯერებულობასა და თავმდაბლობას შორის.

თქვენი გამოცდილებით, რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის?

კარგმა მენეჯერმა იცის, რა უნდა გაკეთდეს. კარგმა ლიდერმა კი იცის, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ მისმა გუნდმა გაიმარჯვოს გამოწვევებზე და შეძლოს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. კარგი ლიდერი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები.

როდესაც ახალ თანამშრომელს იყვანთ, რა თვისებებს და კვალიფიკაციას ეძებთ, ყველაზე მეტად, მასში?

ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის კეთილსინდისიერება; ასევე, მიზანდასახულობა და ის, თუ რამდენად შეუპოვარია გამოწვევებისა თუ პრობლემების გადალახვისას და, რა თქმა უნდა, ადამიანის პროფესიული თვისებები და დამოკიდებულება საქმის მიმართ.

რა მნიშვნელობა აქვს განათლებას? და როგორი უნდა იყოს განათლება? თქვენ როგორი განათლების გჯერათ?

მჯერა განათლების, რომელიც საკმარისად ფართოა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, რა უსაზღვრო შესაძლებლობები აქვთ ცხოვრებაში. მჯერა განათლების, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს ცხოვრებისთვის, გამოწვევებისთვის, ასწავლის მათ, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე, როგორ შეიტანონ საკუთარი წვლილი საზოგადოების განვითარებაში, - წვლილი იმაში, რომ თუნდაც მცირედით შეცვალონ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ. მჯერა განათლების, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, იფიქრონ, ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, ყოველდღიურად აღმოაჩინონ რაღაც ახალი, დაინახონ ახალი შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ უნდა ჩავრთოთ ფილოსოფია და სამოქალაქო განათლება სასკოლო-სასწავლო გეგმაში, რათა ახალგაზრდებმა განივითარონ კრიტიკული აზროვნება და, როგორც მოქალაქეებმა, ისწავლონ სწორი კითხვების დასმა.

თქვენ განათლება მიღებული გაქვთ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ეს ორი და რა მოგცათ თითოეულმა?

ამერიკული უნივერსიტეტები სტუდენტებს რეალური ცხოვრებისთვის ამზადებენ. უნივერსიტეტებში პროგრამები ადაპტირებულია ახალ საჭიროებებზე და ორიენტირებულია იმ კონკრეტულ უნარებზე, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დისციპლინასა და პროფესიაში, სამუშაოს შესრულებისას.

საგანმანათლებლო პროექტების აქტიური მხარდამჭერი ხართ, როგორც ბანკის მეშვეობით, ისე პირადად თქვენ. ბევრ ახალგაზრდას უნიკალურ შესაძლებლობებს უქმნით. რისი გჯერათ, როცა ამას აკეთებთ, რა გამოძრავებთ ამ დროს?

მე უბრალოდ ვცდილობ, შევქმნა შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რომელთაც შემიძლია მივწვდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტ ადამიანს მივცე შესაძლებლობა, მიაღწიონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს, და სწორედ ეს არის ის, რაც ამოძრავებს იმ ორგანიზაციასაც, რომლის გენერალური დირექტორის თანამდებობასაც ვიკავებ - მე და „საქართველოს ბანკს“ საერთო ღირებულებები გვაქვს.

This article is from: