5 minute read
ირაკლი ბერიძე და მარია ეირა: რისი გვჯერა მეტავერსის შესახებ
ადვილია იმის დაჯერება, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ. კიდევ უფრო ადვილია, თუ გვესმის და ვგრძნობთ მათ საკუთარი ხელით ან სხეულით. ჩვენი გრძნობები, რომლებიც ფიზიკურადაა სტიმულირებული, გვეხმარება ბუნებრივად ამოვიცნოთ თუ რა არის „რეალური“. თუმცა, მეტავერსთან ერთად, მალე, შეიცვლება ის, რასაც აღვიქვამთ და ვაღიარებთ, როგორც „რეალურს“.
მომდევნო ათი წლის განმავლობაში, დიდი ალბათობით, უმეტესობა ჩვენგანი იმუშავებს, ისწავლის, ივარჯიშებს, იმოგზაურებს ან ცხოვრების გარკვეულ ნაწილს მეტავერსში გაატარებს. მეტავერსი - ციფრული სამყარო, რომელიც ხასიათდება ფიზიკური, გაძლიერებული და ვირტუალური რეალობის ურთიერთქმედებით საერთო ონლაინ სივრცეში. ამ ბოლო დროინდელმა კონცეფციამ მთავრობების, ბიზნესის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. საინფორმაციო გამოშვებები ენთუზიაზმით წერენ ამ კონცეფციის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Facebook-მა 2021 წლის ოქტომბერში რებრენდინგი მოახდინა და საკუთარი მეტავერსის პლატფორმის გეგმები გამოაქვეყნა. ეს ინტერესი არ არის უმიზეზო. ტექნოლოგია ნამდვილად გვპირდება ადამიანებს, რომ მოგვეცემა საშუალება ისეთი ურთიერთკავშირი დავამყაროთ, როგორიც ადრე წარმოუდგენელი იყო. ამის შედეგად, დიდი და პატარა ტექ. კომპანიები, ინვესტირებას ახდენენ მეტავერსში, მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft და NVIDIA. ბარბადოსის მთავრობამ, მაგალითად, გამოაცხადა ციფრული საელჩოს გახსნის გეგმები მეტავერსში. ასევე ინტერესდებიან სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, მათ შორის გაეროში.
Advertisement
მიუხედავად ინტერესისა, ჯერ მკაფიო წარმოდგენა არ არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება და მატერიალიზდება მეტავერსი პრაქტიკაში; ბევრი კითხვა ამ განვითარებად ტექნოლოგიურ ფენომენთან დაკავშირებით უბრალოდ უპასუხოდ რჩება.
როგორც ჯერ კიდევ ერთ პლანეტარულ სახეობებს, ჩვენ, ჰომო საპიენსებს, გვაქვს შეზღუდული ფიზიკური სამყარო ჩვენს ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ საზღვრებს - როგორც შესაძლებლობების, ასევე რისკების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურ არსებობასთან. თუმცა, მეტავერსთან ერთად, ვირტუალური სამყარო უსაზღვროა. იძლევა წარმოუდგენელ მოქმედების არეალს - ისევე როგორც პოზიტიური შესაძლებლობების, ასევე რისკების თვალსაზრისით. არანაირი საზღვრები, არანაირი ფიზიკური შეზღუდვა. მაგრამ დასაშვებია ვიმოქმედოთ საზღვრების გარეშე და ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, ვირტუალურ სამყაროში?
სულ უფრო იზრდება მაგალითები, როდესაც პასუხია უბრალოდ „არა“. გასულ თვეში ქალმა განაცხადა, რომ მის ავატარს - მის ციფრულ წარმომადგენელს ვირტუალურ სამყაროში - სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს ვირტუალური რეალობის (VR) პლატფორმაზე. დაზარალებულმა ქალმა განაცხადა, რომ ორი მამაკაცის ავატარი უხამს კომენტარებს აკეთებდა და ერთ-ერთი მათგანი მასთან ძალიან ახლოს იყო. მან განმარტა, რომ როდესაც სხვა მომხმარებელი ეხება მის ავატარს, ხელის მაკონტროლებლები ვიბრირებენ, რაც მან აღწერა, როგორც "ორიენტაციის დამრღვევი და შემაშფოთებელი ფიზიკური გამოცდილება ვირტუალური თავდასხმის დროს".
რა თქმა უნდა, ბევრი კითხავს საკუთარ თავს: „თუ ეს ყველაფერი ვირტუალურია, მაშინ, რა პრობლემაა? სიმართლე ისაა, რომ ამ სახის გამოცდილებები ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის საზღვრებს ძალიან ბუნდოვანს ხდის. ყველას, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა გამოეცადა VR სათვალეები და სხვა ავატარებთან ურთიერთკავშირი დაემყარებინა, ალბათ იგრძნო დისკომფორტი, როდესაც ავატარი ძალიან ახლოს უახლოვდება ვირტუალურ სივრცეში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სხვა ავატარი სრულიად უცხოა.
სინამდვილეში, ვირტუალურ გარემოში სხეულის გრძნობის გადმოცემა საოცრად მარტივია. განსახიერების განცდა შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის რეალური სხეულის ვიზუალურად, ვირტუალურით ჩანაცვლებისას და გაძლიერდეს მაშინ, როდესაც მომხმარებელს აქვს ავატარი საკუთარი თავის გამოსახულებით და შეუძლია დაინახოს ყველაფერი პირველი პირის პერსპექტივიდან. ეს განცდა ძლიერდება იმერსიის მაღალი დონის მქონე გარემოში, რაც გამოწვეულია მრავალსენსორული პარამეტრების შემთხვევაში ვიზუალური, აუდიო და ტაქტილური სტიმულით.
ასე რომ, რა პრობლემაა? თუკი ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ, გამოდის ამ ყველაფერს რეალურად აღვიქვამთ, ხომ?
გარდა სექსუალური ხასიათის დანაშაულებისა, მეტავერსის კრიტიკოსების მხრიდან შეშფოთება იზრდება სტიგმის, სიძულვილის ენის, ქსენოფობიის, რასიზმისა და დისკრიმინაციის არსებობის შესახებ - საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გავრცელებულია გეიმინგ საზოგადოებასა და სოციალურ მედიაში, მაგრამ მეტავერსში ის კიდევ ახალ მნიშვნელობას იძენს. მაგალითად, აფრო-ამერიკელმა მოთამაშემ, VR თამაშის პლატფორმიდან, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ რასობრივ შევიწროებას VR-ში იგივე ეფექტი აქვს, რაც რასობრივ შევიწროებას რეალურ ცხოვრებაში.
გრაფიკული შინაარსის სურათი მსგავს პრობლემებს წარმოგვიდგენს. მკვლევარებმა განაცხადეს ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის, ნარკოტიკების და სექსუალური ხასიათის კონტენტის არსებობის შესახებ რამდენიმე VR პლატფორმაზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმებიდან ბევრს ასაკობრივი
შეზღუდვები გააჩნია, მაინც ბევრი არასრულწლოვანი ბავშვი იყენებს ამ აპლიკაციებს რეგულარულად. ვინაიდან რთულია მსგავსი შემთხვევების დაჭერა ონლაინში, გამოდის რომ არასრულწლოვანებს ზიანი ადგებათ. სამყაროში, სადაც სექსუალური ბოროტმოქმედები ტრიალებენ ონლაინში და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის თითქმის ყველა შემთხვევა გარკვეულწილად ონლაინს უკავშირდება, ყველა რისკი სერიოზულად უნდა იქნას შეფასებული.
გარდა ამისა, სხვა ფორმის დანაშაულიც შეიძლება მოხდეს მეტავერსში, მაგალითად თაღლითობა, იდენტობის ქურდობა, ძალადობრივი ექსტრემიზმის რადიკალიზაცია და ფულის გათეთრება. პლატფორმები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გასავრცელებლად, ისევე როგორც არსებული სოციალური მედიის პლატფორმები.
მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურმა პერსპექტივამ მიიპყრო მედიის ყურადღება, მეტავერსს აქვს უზარმაზარი პოზიტიური პოტენციალი, რომელიც არ უნდა დავუკარგოთ. მას შეუძლია დაგვეხმაროს ჯანდაცვის წინსვლაში, მაგალითად ვირტუალური პლატფორმების უზრუნველყოფაში ქირურგებისთვის, რათა მათ მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება რისკის გარეშე, ან თუნდაც ხელი შეუწყონ ვირტუალურ ოპერაციებს რეალურ დროში. მას ასევე შეუძლია გახსნას უზარმაზარი ახალი ბაზრები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა მათ გამოიყენონ და გამოიმუშაონ შემოსავლის ახალი ფორმები. შესაძლებლობები "ვირტუალურად" უსაზღვროა.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა საინტერესო კვლევამ აჩვენა, რომ ვირტუალურ განსახიერებას VR პლატფორმებში შეუძლია გააუმჯობესოს შესრულების დონე კოგნიტურ ამოცანებში. ამ კვლევაში დაფიქსირდა ის, რომ მონაწილეებმა, რომლებსაც ეცვათ სხეულის თვალყურის დევნის კოსტიუმი და VR ყურსასმენები ეკეთათ (ვირტუალურად განთავსებული ავატარში), რომელთა ავატარიც წარმოადგენდა ალბერტ აინშტაინის სხეულს, აჩვენეს უკეთესი შედეგები IQ ტესტებში, ვიდრე მაშინ, როცა საკუთარ ავატარს იყენებდნენ, რომელიც ფიზიკურად უფრო ჰგავდა მათ. ასეთი კურიოზული მაგალითიც კი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მეტავერსის გამოყენება შემოქმედებითი კუთხით, ამ შემთხვევაში განათლების სისტემების მხარდასაჭერად და ტრენინგის მეთოდების გასაუმჯობესებლად.
მეტავერსი შეიძლება მართლაც იყოს ძლიერი ინსტრუმენტი, იმის მიხედვით, თუ როგორ გამოვიყენებთ მას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერსპექტივიდან, ჩვენ მზად ვართ გამოვიკვლიოთ, თუ როგორ შეუძლია მეტავერსს დახმარება მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მისი 17 გლობალური მიზნის განხორციელებაში. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება ყურადღება მივაქციოთ პოტენციურ ზიანს და განვავითაროთ ამ პლატფორმების სათანადო მმართველობა, რათა გარანტირებული იყოს უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთათვის - ბავშვებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მართლაც მაქსიმუმი გავაკეთეთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
როგორ უნდა დაარეგულიროს მთავრობებმა და საზოგადოებამ ასეთი უსაზღვრო ტექნოლოგია? თუ სივრცე შეუზღუდავია და არ ჯდება ჩვენი ფიზიკური ერების ტრადიციულ საზღვრებში, როგორ შეუძლიათ ქვეყნებს ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, გაუმკლავდნენ მას? შეგვიძლია ვმართოთ ის „გარედან“? უკვე ხომ არ უნდა დავიწყოთ ფიქრი მეტავერსში ჩვენს არსებობაზე, გამოვიყენოთ ის როგორც ახალი, ვირტუალური ფორუმი, რათა ავაშენოთ უკეთესი და უფრო მდგრადი მომავალი ყველასთვის.