6 minute read
ნინო ხარატიშვილი: რისი გვჯერა ხელოვნების შესახებ
ზოგადად, ხელოვნების მჯერა. მგონია, რომ ყველაზე ალალი ფორმაა და - მარადიულიც. ასე იყო ორი ათასი წლის წინ და მგონია, რომ ასე იქნება ორი ათასი წლის შემდეგაც, იქამდე, სანამ კაცობრიობა იარსებებს...
Advertisement
ჩვენ დავდივართ თეატრში, ვუყურებთ ფილმს, ვკითხულობთ წიგნს, რადგან ვეძებთ პასუხებს გარკვეულ კითხვებზე, თუმცა, ნამდვილი ხელოვნება არ იძლევა შავ-თეთრ პასუხებს, ხელოვნებაში გადმოცემულია საკითხები, პრობლემები, საფიქრალი, ტკივილი...
მჯერა იმ ხელოვნების, რომელიც არის შიშველი, ავთენტური და რაღაც მხრივ - პირადი. მჯერა, რომ ყველა კარგი ნაწარმოები, წიგნი იქნება ეს, თუ მუსიკა, იქმნება პირადი ძიებისგან, ტკივილისა თუ ინტერესისგან, და არა იმის გამო, რომ ესა თუ ის საკითხი აქტუალურია.
ხელოვნება ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით არ გამცრუებია იმედი. ბევრი აღმოჩენა გამიკეთებია, ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, რომელმაც დამაფიქრა და რაღაცები უკეთ დამანახა.
ხელოვნება როგორ შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში?
ლიტერატურით, ალბათ. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა წიგნების კითხვა, ჩემს თინეიჯერობაში ბევრი არაფერი ხდებოდა. განსაკუთრებით, ახალგაზრდა ადამიანისთვის რთული პერიოდი აღმოჩნდა 90-იანი წლები. წიგნი იყო ის ალტერნატივა, რომელიც მეხმარებოდა იმის გაანალიზებაში, რომ არსებობს ძალიან ბევრი სამყარო იმის მიღმა, რაც ჩემი რეალობაა. ბევრად მეტი რაღაცისგან შედგება ცხოვრება, სამყარო, დედამიწა. ეს მოგზაურობა ყოველთვის ძალიან მხიბლავდა. შემეძლო თავის გაიგივება წიგნის პერსონაჟთან და უცებ აღმოვჩენილიყავი კოლუმბიაში, თუ მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში, ავსტრალიასა და ჩინეთში. ეს ყოველთვის მომწონდა, რომ იმ რეალობიდან გასვლა შეიძლებოდა, რომელიც შესაძლოა, დამთრგუნველი ყოფილიყო. შემდეგ უკვე, ლიტერატურიდან გამომდინარე, გაჩნდა ისტორიების მოყოლის, ჩემი ამბების თხრობის მოთხოვნილება. ასევე, შემდეგ გაჩნდა ამ ყველაფრის სცენაზე გაცოცხლების მოთხოვნილება და, საბოლოო ჯამში, ეს ჯაჭვურ რეაქციად ფორმირდა.
თექვსმეტი წლის ასაკში ჩამოვაყალიბე თეატრალური დასი. ძალიან რთული პერიოდი იყო და მახსოვს სანთლის შუქზე რეპეტიციები - სკოლის გაყინულ დარბაზში. მაგრამ ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი, რადგან სხვა არაფერი ხდებოდა. დავიწყე პიესების წერა. ძალიან მომეწონა იდეა, რომ რაღაც დავწერე და ეს, შემდეგ, სცენაზე გაცოცხლდა.
შემდეგ მალევე გადავწყვიტე, რომ სარეჟისოროზე ჩამებარებინა. წერის სწავლა, თუნდაც ჟურნალისტიკა ვერ წარმომედგინა, იმიტომ არა, რომ ვერ წარმომედგინა ამ პროცესის გახსნა, სხვებთან ერთად განხილვა. ამ ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია ვერ წარმომედგინა. სამი წელიწადი ვისწავლე თეატრალურში, შემდეგ წავედი ჰამბურგში, ჩავაბარე დრამის აკადემიაში. ასე დავფუძნდი გერმანიაში.
წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე და წიგნი, რომლისაც ყველაზე მეტად გჯერათ.
ხელოვნებაში სწორედ ეს მომწონს, იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ბევრი კარგი ფილმი, მუსიკა, წიგნი არსებობს, იმის მიხედვით, თუ ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ და რა გჭირდება, თითქოს ზუსტად აგნებ იმას, რაც შენი ინტერესის ობიექტია. ბავშვობაში „პეპი გრძელწინდა“ იყო დიდი თავგადასავალი ჩემთვის. შემდეგ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნი მიზიდავდა, ეს ყოველთვის იმასთან იყო დაკავშირებული, ვინ ვიყავი მაშინ მე, რა ინტერესი გამაჩნდა, რა მაწუხებდა. დღეს ძალიან ბევრ თანამედროვე ლიტერატურას ვკითხულობ, ძალიან მაინტერესებს, რა იწერება, რა იქმნება. ყოველთვის ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ამ პროცესს. პოეზიაც ძალიან მიყვარს და დიდი გავლენა იქონია ჩემზე, პოეზია ენის სხვა ფორმაში, შრეებში გადატანის შესაძლებლობაა. თავად არასდროს დამიწერია ლექსი, არც მაქვს ამის ამბიცია, თუმცა, დიდ სიამოვნებას მგვრის იმ პოეტთა კრებულის კითხვა, რომელთაც აქვთ გავლენა ჩემზე. ეს ყოველთვის მაძლევს ახალ იმპულსს.
საყვარელ ავტორთა შორის რომელი უფრო სჭარბობს, ქართველი თუ უცხოელი?
ქართველებიდან, ტერენტი გრანელს გამოვარჩევდი. რუსული პოეზიიდან, განსაკუთრებით, ქალები - მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა. ცვეტაევას პოეზია იყო ჩემი განსაკუთრებული აღმოჩენა, ბევრი რამ შემძინა. წიგნი, რომელსაც მუდამ ვუბრუნდები, არის ბერძნული მითები. მითოლოგია, რომელიც ბავშვობიდან მომყვება, ყოველთვის არის ინსპირაციის წყარო ჩემთვის. ძალიან მომწონს.... დიდი ფანტაზიაა და სიმარტივე, ლოგიკა.
მიყვარს, როდესაც ამბავი მარტივად გადმოსაცემია. მითების შემთხვევაშიც ასეა - ერთი მხრივ, მარტივია, მეორე მხრივ, ამ სიმა- რტივეში არის კომპლექსურობა.
როდესაც წერთ, მაშინ რისი გჯერათ?
მჯერა დიალოგის. მართალია, არ ვიცი, წიგნს ვინ წაიკითხავს, რა ისტორიის მქონე ადამიანი, მაგრამ მჯერა, რომ მე შევძლებ მასთან დიალოგის გაბმას. თუმცა, ეს დიალოგი არ იქნება პირდაპირი, არამედ იქნება ტრანსფორმაციული. ვიმედოვნებ, რომ ეს ამბავი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, შესაძლებელია, სხვისთვისაც მნიშვნელოვანი გახდეს. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, მკითხველზე წერის დროს ნაკლებად ვფიქრობ. საერთოდ, იმაზე ნაკლებად ვფიქრობ, მერე რა იქნება; რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროცესი. როდესაც ჩემი წიგნი გამოიცემა, ვიღებ მას და ვდებ თაროზე. ის უკვე ჩემთვის დასრულებული ოდისეაა. შემდეგ, უკვე ცალკე იწყებს ცხოვრებას - ბავშვივითაა, რომელიც გაზარდე და შემდეგ საკუთარ ცხოვრებას იწყებს. ეს ასპარეზი უნდა მისცეს წიგნს ავტორმა, თორემ, თუ მასზე დამოკიდებული დარჩი, მაშინ რაღაც ახლისთვის ვეღარ იქნები მზად. ამიტომ ვცდილობ, წერის დროს ნაკლებად ვიფიქრო გარე ეფექტზე, თუმცა, ნამდვილად მჯერა, რომ ეს ამბავი რაღაცნაირად მიაღწევს სხვა ადამიანებამდე.
რა ძალა აქვს დიალოგს?
ადამიანი სოციალური არსებაა და კომუნიკაცია სჭირდება. საკუთარ თავსაც, ზოგჯერ, სხვის ანარეკლში შევიცნობთ, სხვასთან საუბარში, სხვის ემოციაში. ჩვენ არ ვდგავართ ცარიელ ფურცელზე, ჩვენ უკან, ჩვენ წინ და ჩვენთან ერთად ისტორიები მუდამ არსებობს. აი, ამ უხილავი, თუ არარეალური, ჯაჭვებით ყველანი შეკავშირებულები ვართ. შესაბამისად, მგონია, დიალოგის გარეშე ცოტა რამ ხერხდება ცხოვრებაში. ვფიქრობ, ისეთ ადამიანთანაც კი, ვისთანაც შეიძლება, ნაკლები გვქონდეს საერთო, ყოველთვის ჯობს დიალოგის ცდა, ვიდრე არცდა. აუცილებელი არაა, დიალოგი მიზანმიმართული იყოს. შეიძლება, თუნდაც სრულიად შემთხვევითი იყოს, რომელსაც შემდეგ დიდი გავლენა ექნება შენზე. იდეების გაცვლა-გამოცვლა, საუბარი, ძალიან ძვირფასი რამ მგონია. არ ვიცი, სხვანაირად, ცხოვრებაში წინ როგორ უნდა წახვიდე.
როგორ ხდება ხელოვნებით დაინტერესება და რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას კაცობრიობისთვის?
ხელოვნებით დაინტერესება საკუთარი თავის გავლით ხდება. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, წამახალისებელი სხვადასხვა პროგრამა, ბიბლიოთეკა. ვისაც წვდომა ნაკლებად აქვს და ლიტერატურის მიღმა გაიზარდა, ძალიან ძნელია, რომ შემდეგ დაინტერესდეს. ადრეული ასაკიდანვე უნდა წავახალისოთ ეს ყველაფერი.
ხელოვნება არის სივრცე, სადაც შეგიძლია, ყველაზე მწვავე, ზოგადსაკაცობრიო კითხვები დასვა. ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება, ხელოვნებამ მოახერხოს, არის ხიდის გაბმა - თანაგრძნო- ბის გაღვიძება. ხელოვნებას შეუძლია, უფრო მეტად ადამიანურები, ტოლერანტულები გაგვხადოს. ამას, ბუნებრივია, ყველა წიგნი თუ ფილმი ვერ ახერხებს, თუმცა, არსებობს იმდენად კარგი ნამუშევრები, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ ეს.
გარდა ხელოვნებისა, მჯერა საღი აზრის, არგუმენტაციის, ფაქტების... მჯერა სიყვარულის...
როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირთ ადამიანებს, რომ საღი აზრი იქონიონ?
იმისთვის, რომ გაგაჩნდეს საღი აზრი, ბუნებრივია, უნდა შეგეძლოს აზროვნება. იმისთვის, რომ შეძლო აზროვნება, უნდა გქონდეს განათლება. თუმცა, შეიძლება, მიიღო ინფორმაცია, მაგრამ ვერ გაიგო მისი არსი. სამწუხაროდ, საღი აზრის დეფიციტია. ევოლუცია არის, საღი აზრის პოტენციალიც არის, მაგრამ მაინც იმავე შეცდომებს ვიმეორებთ... თუნდაც ის, რომ კვლავ ვმართავთ ომებს.
იმისთვის, რომ საღი აზრი გქონდეს, ნიშნავს, რომ მეტი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, განვითარდე. ეს ადვილი არ არის. უფრო იოლია, რომ შენი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო. ერთ მსოფლმხედველობაში ჩარჩენაც უფრო კომფორტულია, ვიდრე ეჭვის ქონა, მუდმივი ძიება. ზოგ ადამიანს ურჩევნია, ჰქონდეს პასუხი, თუნდაც ის არ იყოს სიმართლე, და დარჩეს საკუთარი კომფორტის ზონაში. რადგან, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო მეტ რაღაცაში გეპარება ეჭვი, და ეს ბევრისთვის ზედმეტად რთული პროცესია.
რა მნიშვნელობა აქვს სიყვარულს ადამიანის ცხოვრებაში?
უსიყვარულოდ ცხოვრება, მგონი, წარმოუდგენელია. მე არ ვგულისხმობ აუცილებლად სიყვარულს ადამიანის მიმართ. რაღაცის შექმნაში, აღმოჩენაში შეიძლება, ვიპოვოთ ის. სიყვარული არის ამოსავალი წერტილი - საკუთარი თავის, საქმის, ქვეყნის, ადამიანების, სამყაროსი. ასევე, როდესაც რაღაც გიყვარს, მეტია ინტერესიც; გინდა, უფრო და უფრო მეტად შეიცნო, გამბედაობა და ენერგიაც მეტი გაქვს. საქმე, რომელიც სიყვარულით არ კეთდება, ძალიან საშიშია. მაგალითად, ექიმი, რომელსაც არ უყვარს ადამიანი და საკუთარი საქმე, საკმაოდ ტრაგიკული მოცემულობაა. ან ბაღის აღმზრდელი, რომელსაც არ უყვარს ბავშვები. თუნდაც, პოლიტიკა: ხშირად, პოლიტიკაში მიდიან ჯიბრის საფუძველზე, პირადი ინტერესის საფუძველზე. ამას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი. შესაბამისად, სიყვარულის გარეშე ძალიან ძნელია, რამე ღირსეული შექმნა.
სიყვარულის დეფიციტი თუ არის დღეს სამყაროში?
კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაშია, ალბათ, სიყვარულის ნაკლებობა. შეიძლება, ითქვას, რომ სიყვარულის ნაკლებობა ბადებს ისევ სიყვარულის ნაკლებობას. მაგალითად, ბავშვი, რომელიც არ უყვარდა მშობლებს, იშვიათად ახერხებს, გაარღვიოს ეს აგრესიის ჯაჭვი, და პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ ის აგრესიული არ იქნება, ძალიან დაბალია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სოციუმში ხარ. ხანდახან ადამიანებს არ უმართლებთ, არასწორ დროში, სივრცეში არიან, უცრუვდებათ იმედი, ტკივათ, ესეც გასაგებია, ადამიანურია, მაგრამ ამის მერე მანძილი გაბოროტებამდე და სიყვარულის ნაკლებობამდე ძალიან მცირეა. მჯერა, ნებისმიერი საქმე, რომელსაც ვემსახურებით, რასაც ვაკეთებთ, უნდა გვიყვარდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ მწვერვალების დაპყრობას.