7 minute read

ნინო კირთაძე: რისი გვჯერა შეუძლებლის შესახებ

რა არის ადამიანი და როგორ უნდა მიხვდე, ვინ ხარ... ერთ-ერთი გზა ალბათ სწორედ ის არის, რომ წახვიდე სახლიდან და შენი თავი გამოსცადო

რისი გჯერათ?

Advertisement

შეუძლებლის, რადგან ეს, ცხოვრებას სხვა დანიშნულებას აძლევს. ხელოვნებაში, ეს არის მცდელობა დასაზღვრულის გადალახვის, მოცემულობის მიღმა წასვლის სურვილი... ზოგი ამბობს ჩემზე, რომ დღესაც ზღაპრების მჯერა, ალბათ - ზღაპარიც ხომ ესაა, შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა.

რა იყო თქვენს ცხოვრებაში ის შეუძლებელი, რაც გადალახეთ და შესაძლებლად აქციეთ?

თუ გადავხედავთ ჩემს ცხოვრებას, მთელი ცხოვრება იყო შეუძლებლის შესაძლებლად ქცევის მცდელობა. თუნდაც ის, რომ დღეს ვცხოვრობ პარიზში და აქ ვმუშაობ... კარგად მახსოვს როგორ ჩამოვედი 1996 წელს რადგან გადავწყვიტე, რომ მაინტერესებდა რეჟისურა და პირველი ფილმიც საფრანგეთში გავაკეთე. ანუ, მე პარიზში არ ჩამოვსულვარ როგორც შემდგარი რეჟისორი, ყველაფერი დავიწყე ნულიდან და გამომივიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერც კი წარმომედგინა, რომ არ გამომივიდოდა, მაშინ ეს აზრადაც არ მომდიოდა. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ომის ჟურნალისტიკის მიმართულებით დავიწყე მუშაობა ჩეჩნეთში.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ მინდოდა გავსულიყავი დაცული სივრციდან, სახლიდან და გამეგო, ვინ ვარ. ზღაპრებშიც ხომ ასე ხდება: თუ გმირი, პერსონაჟი არ წავიდა სახლიდან, ვერ იგებს ვინაა, სწორედ გზაში პოულობს საკუთარ თავს. ეს თავისთავად ძალიან საინტერესოა, ღრმა ფილოსოფიური აზრი დევს ამაში. რა არის ადამიანი და როგორ უნდა მიხვდე, ვინ ხარ... ერთ-ერთი გზა ალბათ სწორედ ის არის, რომ წახვიდე სახლიდან და შენი თავი გამოსცადო.

თქვენი ცხოვრება როგორ დაუკავშირდა პარიზს?

1996 წელს დაიწყო გადაღება ნანა ჯორჯაძის ფილმისა „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“, ეს იყო ფრანგულ-ქართული პროექტი და გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ჩამოვსულიყავი პარიზში. ამ დროს უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა დოკუმენტური ფილმის გაკეთება ჩეჩნეთის ომზე, რომელსაც იქამდე ვაშუქებდი, რადგან ვფიქრობდი, რომ ყველაზე საინტერესო, ყველაზე უფრო ამაღელვებელი და ღრმა რჩებოდა ჟურნალისტური რეპორტაჟის მიღმა. ამდენად, ეს იყო შესაძლებლობა გამომეცადა, მენახა რა გამომივიდოდა.

ბუნებრივია, პარიზში დამხვდა სრულიად განსხვავებული გარემო, არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რასაც მე ვიცნობდი საქართველოში. იყო მოულოდნელად დამაფრთხობელი სიმშვიდე, ყოველნაირად აწყობილი ცხოვრება, მშვიდი ხალხი... და ფიქრობ, ამ დალაგებულ სამყაროში სად არის შენი ადგილი და არის თუ არა საერთოდ... და გული გისკდება... მაგრამ, მგონია მაინც ახალგაზრდობის დამსახურებაა ეს სიძლიერე რომ შიში გადალახო, ახალგაზრდობას აქვს ეს საოცარი ძალა - გგონია რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს შეძლებ, რასაც კი მოინდომებ. კი, მეშინოდა, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ არ გამომივიდოდა. ასე თითქმის გაუცნობიერებლად მიდიხარ რაღაცისკენ, რაც გიხმობს და გეძახის. ამ უნარს რომ კარგავ, ალბათ მაშინ მოდის სიბერე. ახალგაზრდას სიფრთხილის განცდა არ გაქვს... ფიქრობ, რომ უძლეველი ხარ. და ამიტომ ალბათ მართლაც უძლეველი ხდები. განწყობის თეორიის არ იყოს, რისიც გჯერა, ბოლოს ის ხდები.

როგორ მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ აირჩიეთ ომის ჟურნალისტიკა?

სტუდენტობის პერიოდში სტატიებს ვწერდი სხვადასხვა ჟურნალებისთვის, მახსოვს, რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტი გავიცანი. ერთ-ერთმა მათგანმა გროზნოში წასვლა შემომთავაზა, რასაც დავთანხმდი. წავედი, ისე დაიწყო როგორც ხდება ხოლმე ზღაპარში... არჩევანი რომ არის: „მარჯვნივ წახვალ ასე იქნება, მარცხნივ წახვალ - ისე.”

1992-94წწ-ში მუდმივად მივდიოდით გროზნოში და მერე უკან მოვდიოდით. ერთხელაც ომის გამო ვეღარ წამოვედით უკან, საქართველოში. თავიდან ოპერეტას ჰგავდა ის სიტუაცია, რაც მაშინ გროზნოში იყო. დუდაევი იყო პრეზიდენტი, დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა ხალხი... მომავლის სჯეროდათ... რაღაც სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი. და შემდეგ, ვნახე როგორ წაილეკა, როგორ განადგურდა ყველაფერი... მე ეს ძალიან კარგად მახსოვს. აქედან გაჩნდა სურვილი დოკუმენტალისტიკაში წასვლის. წარმოუდგენელ რაღაცეებს ვხედავდი, ძალიან ახლოს ვიდექი იმ საიდუმლოსთან, რასაც ჰქვია სიკვდილი. მერე ფიქრობ, რა პასუხისმგებლობას განიჭებს ეს, რა მსოფლმხედველობას გიყალიბებს, როდესაც ასე ახლოს ხარ იმ ზღვართან, რასაც ჰქვია არყოფნა. როგორ ხდება სიცოცხლისა და სიკვდილის ჭიდილი. რა გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღო, რისი შეიძლება გეშინოდეს ან არ გეშინოდეს, როგორ იქცევი და ამ დროს ადამიანი როგორ ავლენს თავს.

მახსოვს თავიდან ჩეჩნეთში არ მჩხრეკდნენ, რადგან ქალი ვიყავი. როცა მეორე ომი დაიწყო, ეს ასე აღარ იყო. მახსოვს როგორ განადგურდა ქალაქი, როგორ შემოვიდა რადიკალური ისლამი, შარიათის კანონი. რაღაცნაირმა განწირულებამ მოიცვა ყველაფერი... სამწუხაროდ, ეს ის ისტორიაა, რომელიც სულ მეორდება და მეორ- დება სხვადასხვა ადგილებში და ქვეყნებში.

მონტაჟი რომ დამთავრდა “ჩეჩნური იავნანის” ( Chechen lullaby) ფილმის დახურული ჩვენება მოეწყო ვაშინგტონში, კაპიტოლ ჰილში, პრეზიდენტ ბუშის და პუტინის პირველი შეხვედრის წინ. ითქვა, რომ ამერიკელები ამას ვერ დადებდნენ „მაგიდაზე“, რადგან უკვე მომხდარი იყო 9/11 და ამერიკისთვის საჭირო იყო რუსეთთან თანამშრომლობა. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს „რეალპოლიტიკა“. მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა და რწმენა იმისა, რომ სამყარო თუ გაიგებს რაც ხდება, ეს აღარ მოხდება, ასე ვფიქრობდით ყველა, ვინც იმ დროს ჩეჩნეთში ვიყავით და ომს ვაშუქებდით.

როგორ აღმოჩნდით ომიდან გადასაღებ მოედანზე?

ეს იყო საოცრება. ამ პერიოდში ვმუშაობდი France-Presse-ში, პირველი ომი დასრულდა და გაიმარჯვეს ჩეჩნებმა. რუსები იძულებულნი გახდნენ, რომ რაღაც დათმობებზე წასულიყვნენ. ჩეჩნები საკუთარ ქვეყანას იცავდნენ და მათ მოახერხეს, რომ უზარმაზარ რუსეთის არმიას დაახევინეს უკან. ესეც შეუძლებლის შეძლება იყო ერთგვარად. მაშინ ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რომ რუსეთმა მხოლოდ დრო მოიგო და რევანშისთვის ემზადებოდა. მაშინ იყო, როცა მოვიდა მთავრობაში პუტინი, პირველი და მეორე ომის შუალედში და მერე მეორე ომი დაიწყო, ბევრად უფრო საზარელი და სასტიკი.და დღეს იგივე ხდება უკრაინაში.

როცა პიერ რიშარის ჩამოსვლის ამბავი გავიგეთ, საქართველოში დავბრუნდი, ნანა ჯორჯაძის ფილმის შესახებ რეპორტაჟზე ვფიქრობდით. ეს იყო პირველი ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია და შესაბამისად, ინტერესი იყო ძალიან მაღალი. მერე დამირეკეს და სინჯებზე მთხოვეს მისვლა. მეც მივედი და მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი არ ვიყავი, მთავარ როლზე დამამტკიცეს. უცხო ენაზე თამაში დიდი გამოწვევა იყო, ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა რაიმე ტექსტი და ყოფილიყო დამაჯერებელი. დღემდე მაქვს განცდა, რომ ესაა სხვისი კაბა, რომელიც უნდა მოირგო. ქართულად თამაში ბუნებრივია ჩემთვის, ბევრად ადვილია, ვიდრე ფრანგულად. მთავარ როლზე როცა მოვხვდი კი ვინერვიულე, დიდი პასუხისმგებლობა იყო, მაგრამ მაინც გავბედე.

ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? იპოვეთ თქვენი გზა თუ ისევ სიახლის ძიებაში ხართ?

დოკუმენტალისტიკა ჩემთვის იყო დიდი აღმოჩენა, რადგან აქ ერთიანდება ლიტერატურა, მუსიკა, მხატვრობა...ყველაფერი ერთადაა ამ საქმეში. შემდეგღა გავიაზრე, რომ ყველაფერი გამომადგა, კამერის წინ დგომაც, სიკვდილთან სიახლოვეც, ლიტერატურის სწავლა, პროფესორები... ზურაბ კიკნაძე, რეზი თვარაძე, რეზი სირაძე... ბევრი რამ მომცა ამ ხალხთან ურთიერთობებმა.

ახლა მინდა, რომ მხატვრული ფილმების მიმართულებით წავიდე, რადგან ამოვწურე ჩემი თავი დოკუმენტურ ფილმებში, და თან, ვფიქრობ გამიჭირდება მუშაობა კონფლიქტის ზონაში, რადგან ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ სიკვდილზეც და პასუხისმგებლობებზე იმათ მიმართ, ვისთვისაც ძვირფასი ვარ...

იქნებ ეს მხოლოდ ასაკის ბრალი არაა და იმითაც არის განპირობებული, რომ საფრანგეთში ცხოვრობთ, აწყობილ ქვეყანაში, და უფრო ძნელია ასეთი ქვეყნიდან კონფლიქტის ზონაში წასვლა? მაშინ როცა ჩეჩნეთში წახვედით საქართველოშიც ხომ სხვა რეალობა იყო.

შესაძლოა, თუმცა საფრანგეთში ვცხოვრობდი მაშინაც, როცა რუსეთში წავედი „Durakovo“-ს გადასაღებად. არ დამავიწყდება ეს გადაღება. იქამდე მეგონა, რომ მესმოდა სტალინის პერიოდი რა იყო. მაგრამ ამ ფილმის გადაღებისას ფიზიკურად გამოვცადე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს პერიოდი. გავიგე, როგორ შეიძლება ადამიანი დაშალო მარტივ მამრავლებად, ისეთი შიშის ქვეშ ამყოფო დიდხანს, რომ სრულიად გაანადგურო, ხერხემალში გადატეხო. ადამიანი ყველაფერს ვერ უძლებს, რომც გაუძლოს, რაღაცეებს სამუდამოდ ანგრევს ეს გაძლების პროცესი. ყველაფერი რაც არ გკლავს არ გაძლიერებს. ამას თავისი ფასი აქვს მუდამ და საკმაოდ ძვირი.

სულ მეშინოდა, რომ თავდასხმა არ ყოფილიყო გადამღებ ჯგუფზე „Durakovo“-ს გადაღებისას. ამ კაცმა, ფილმის მთავარმა გმირმა ისეთი ტერორი შექმნა თავის გარშემო, რომ ამას ჯგუფიც გრძნობდა. ასევე მახსოვს, გროზნოში უკანონოდ როცა შევდიოდით, რამხელა შიში იყო როგა უცებ მანქანა სამაშკის ტყესთან გაგვიჩერდა. იყო შემთხვევები, როცა ჩეჩნები ტყიდან გამორბოდნენ და ეჭვმიტანილ რუსებს ანადგურებდნენ.

სასოწარკვეთილება ხშირად იწვევს ძალადობას, ძალადობა ძალადობას შობს. იმ ტყესთან ყოფნის დროს მივხვდი, რომ აღარ მინდა ასე გაგრძელება. რაღაცამ მითხრა ალბათ, რომ უნდა მოვისვენო, სიკვდილთან თამაშს მოვეშვა. რადგან ასეთი შემთხვევის დროს, როცა იღებ, გგონია, რომ არაფერი მოგეკარება... ბევრი ჩემი ახლობელი გადაჰყვა ამას.

ზღაპარს რომ წერდეთ, ვინ იქნებოდა თქვენი ზღაპრის გმირი, რა გამოწვევები შეხვდებოდა და როგორ დაასრულებდით ამ ზღაპარს?

იცით, მხატვრულ ფილმს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ, თითქმის ზღაპრის სტრუქტურა აქვს. მთავარი პერსონაჟი არის მზრუნველი, წესიერი მამა, სანდო ადამიანი, რომელიც თავის საქმეს სერიოზულად აკეთებდა და აკეთებს. თუმცა მიიღო ბრძანება, რომ ამოჟლიტოს ერთი ოჯახი, და ამაზე მიდის... იმიტომ, რომ იმას აკეთებს, რასაც უბრძანებს იერარქია. მეორე ნაწილი ფილმის არის დანტეს ჯოჯოხეთივით, რადგან ეს კაცი თავის თავს არწმუნებს, რომ სწორად მოიქცა, თუმცა ზუსტად იცის, რომ არასწორია.

მართლაც, როგორ ხდება, რომ ადამიანში ნათელი და ბნელი თანაცხოვრობს, რა მომენტში ხდება ისე, რომ ბნელი გადაწონის... ეს ზღაპარი ცუდად მთავრდება, მაგრამ ტოვებს ისეთ კითხვებს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობასთან ახლოს მოდის. რა განაპირობებს იმას, რომ ადამიანი საათის ზამბარასავით გაწყდება, როცა საბედისწერო ნაბიჯს დგამს, სადღაც მიდის სიბნელეში, და უკან ვეღარასოდეს ბრუნდება... აი ესაა ჩემი მომავალი ზღაპარი.

This article is from: