5 minute read

ინტერვიუ "ტავ ჯორჯია"-ს გენერალურ მენეჯერთან

"ტავ ჯორჯია" ყოველთვის მზადაა წვლილი შეიტანოს ქართული ავიაციის განვითარებაში

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“-ს ახლადდანიშნული გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, „დიპლომატთან“ ინტერვიუში საუბრობს კომპანიის ისტორიულ წვლილზე საქართველოს განვითარებაში. მიუხედავად მიმდინარე გამოწვევებისა, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს „ტავ ჯორჯია“-ს მზაობას საქართველოში სამომავლო ინვესტირებაზე.

Advertisement

პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე დანიშვნა და გისურვოთ წარმატებები. კომპანიას ქართველი და თან ქალი მენეჯერი პირველად ჰყავს, 2005 წლიდან კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდით, და როგორია თქვენი გეგმები ახლა უკვე გენერალური მენეჯერის როლში?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. გენერალური მენეჯერის პოზიციაზე დანიშვნა ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა. გარდა იმისა რომ ვარ პირველი ქართველი და ამავდროულად ქალი გენერალური მენეჯერი, წარმოვადგენ საავიაციო სფეროში მსოფლიო ბრენდს საქართველოში და პროფესიონალ გუნდთან ერთად ვმართავ ქვეყნის ორ მთავარ, სტრატეგიულად მნიშნველოვან აეროპორტს. 2005 წლიდან, ტავის საქართველოში შემოსვლის დღიდან კომპანიაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს ვიკავებდი და გზა გენერალურ მენეჯერობამდე ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, თუმცა სტერეოტიპი რომ ავიაცია მამაკაცების სფეროა დამატებით მოტივაციას მაძლევდა დასახული მიზნების მიღწევასა და განხორციელებაში და ამავდროულად არსებულ გამოწვევებს უფრო მიმზიდველს ხდიდა. კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობამ საშუალება მომცა უკეთ გამეცნო ჩემთვის სრულიად ახალი და უცხო სფერო, ტავში მოსვლის დღიდან ვცდილობდი ჩართული ვყოფილიყავი ყველა დეპარტამენტის საქმიანობაში რათა უკეთ გამეცნო და შემესწავლა აეროპორტის ოპერირება.

პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ავიაცია კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, შესაბამისად, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აეროპორტში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, რაც მგზავრს მისცემს შესაძლებლობას, თავი დაცულად იგრძნოს. ამისთვის, პრიორიტეტულია აეროპორტებში გვქონდეს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ჩვენი კომპანია მსოფლის 26 ქვეყნის 92 აეროპორტში სხვადასხვა სერვისებითაა წარმოდგენილი და ყველა აეროპორტში ამ ნაწილს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. მნიშვნელოვანია არ შემცირდეს მომსახურების ხარისხი. ასევე, პრიორიტეტულია ისიც, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც ახლა შემოდიან ამ ბაზარზე და არ იცნობენ საქართველოს, მათთვის ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე, რათა მათ ამ ბაზრის დატოვება აღარ მოუნდეთ.

კომპანიამ პირველი ინვესტიცია საქართველოში 2005 წელს განახორციელა, 2017 წელს კი „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ კომპანიად დასახელდა, როგორია კომპანიის სრული საინვესტიციო პორტფელი და როგორ აფასებთ საინვესტიციო გარემოს საქართველოში მაშინ და ახლა?

საქართველო, ტავ ჰოლდინგისთვის პირველი უცხოური პროექტი იყო. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, წვლილი შეგვეტანა თბილისისა და შემდგომ ბათუმის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში. ამისათვის ჩვენ თავდაპირველად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განგვეხორციელებინა, ახალი ავიაკომპანიები მოგვეზიდა და მათთვის მაღალი ხარისხის მომსახურება შეგვეთავაზებინა. ამ ყველაფრის განხორციელება ნამდვილად დიდი გამოწვევა იყო ტავისთვის, რადგან საქართველოში ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით. 2005 წლიდან დღემდე ტავ ჯორჯიამ საქართველოში ინვესტიციის სახით 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. როდესაც ჩვენ თბილისში ოპერირება დავიწყეთ წლიური მგზავრთნაკადის რაოდენობა 500 000, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 40 000 იყო, აეროპორტების მართვის სწორი და ინოვაციური პოლიტიკისა და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად კი ამ ციფრმა 2019 წელს ორივე აეროპორტში 4 400 000 მიაღწია. ჩვენს მართვად აეროპორტებში როგორც მგზავრთა, ისე საჰაერო ხომალდების მომსახურების მიმართულებით ახალი, საერთაშორისო დონის სტანდარტები დავამკვიდრეთ.

ქვეყნის საინვესტიციო გარემო დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველოსთან ერთად ჩვენ არაერთ გამოწვევას გავუმკლავდით, 2008 წლის ომი და ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური ტურბულენტობა, პანდემია... ამ ყველაფრის მიუხედავად მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად არ შეგვიჩერებია არცერთი პროექტი. წლების განმავლობაში ტავ ჯორჯიამ, როგორც ერთ-ერთმა უმსხივლესმა ინვესტორმა, ვფიქრობ ნამდვილად გაამართლა ქვეყნის მოლოდინები.

როგორი იყო პანდემიის წელი თქვენი კომპანიისთვის? როგორ შეძელით არსებულ გამოწვევებთან გამკლავება?

როგორც იცით, პანდემიამ ფინანსურად ყველაზე მეტად ავიაცია და მასთან დაკავშირებული სფეროები დააზარალა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაკეტილი იყო, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სატვირთ და სარეპატრაციო რეისებს ემსახურებოდა. საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით ავიაცია 2019 წლის ციფრებს 2023-24 წლებისთვის დაუბრუნდება, შესაბამისად პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ რჩება კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ჩვენმა გუნდმა დროულად მოახდინა კრიზისის და მისგან გამოწვეული შედეგების შეფასება და პრიორიტეტების გადაფასება. პანდემიის გამოცხადებიდან უმოკლეს დროში ჩვენს მიერ მართვადი აეროპორტები პასუხობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ყველაზე მაღალი დონის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტებს. გარდა ქართული საავიაციო ბაზრის, პანდემიამდე არსებული მაჩვენებლის დაბრუნებისა, დღესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისა და ჩვენი თანამშრომლებისთვის, უსაფრთხო/კომფორტული გარემოს შემქნაა.

მთავრობა დაინტერესებულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებით, იგეგმება თუ არა ახალი ინვესტიციების განხორციელება „ტავ ჯორჯიას“ მიერ და რა გაკეთდა ბოლო წლებში ამ აეროპორტების განვითარების მიმართულებით?

10 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირება ფაქტიურად გაჩერებული იყო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ აეროპორტის გაფართოების პროექტი გადაგვედო, რადგან პანდემიიდან გამოწვეული ფინანსური პრობლემები ამის საფუძველს გვაძლევდა. თუმცა ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, ზუსტად შეაფასა სამომავლო რისკები და კრიზისის ფონზე ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტში 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და აეროპორტის გამტარუნარიანობა 500 000-დან 1 200 000მდე გავზარდეთ. შედეგად განახლებულმა ბათუმის საერთაშორსო აეროპორტმა, აჭარის რეგიონის ტურისტულად მზაობის პროცესში დიდი წვლილი შეიტანა.

მოგეხსენებათ აეროპორტი ცოცხალი ორგანიზმივითაა და ის ყოვეწლიურად განახლებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოითხოვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წელს ახალი სამიმოსვლო ბილიკი (G) მოვაწყვეთ, რაშიც დამატებით 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ახალი სამიმოსვლო ბილიკით გაიზრდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიენობა, ავიაკომპანიებისთვის აეროდრომზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება, ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი ექნება. როგორც იცით 2016-17 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტურქტურული პროექტები განვახორციელეთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებს, ავაშენეთ ახალი მოფრენის ტერმინალი, აეროდრომზე დავამატეთ საჰაერო ხომალდების დამატებით ახალი სადგომები.

ამ ეტაპზე რამდენი ავიაკომპანია ოპერირებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში და გაქვთ თუ არა მოლაპარაკება სხვა ავიაკომპანიებთან?

დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 33 სამგზავრო 10-მდე სატვირთო ავიაკომპანია ოპერირებს. პანდემიის გამო სხვადასხვა ქვეყნის საზღვირს კვეთის რეგულაციები არ აძლევს ბევრ ავიაკომპანიას დაბრუნდეს ჩვენს ბაზარზე. ვიწყებთ ზამთრის სანავიგაციო სეზონს და იმედი გვაქვს არსებული ავიაკომპანიები შეინარჩუნებენ სიხშირეებს და მგზავრებს სრული დატვირთვით მოემსახურებიან. აქტიურად ვართ ჩართულები ავიაკომპანიებთდან ყოველდღიურ მოლაპარაკებებში. ჩვენთვის ყველა ავიაკომპანია, თანასწორად პრიორიტეტულია. პანდემიამ დააზარალა არამარტო აეროპორტები, არამედ ავიაკომპანიებიც, შესაბამისად ჩვენ ვითვალისწინებთ არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ჩვენს სფეროში და დღემდე ახალ თუ უკვე არსებულ ავიაკომპანიებს ოპერირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ვთავაზობთ. წელს თბილისის საერთაშორისო ოპერირება ოთხმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. მათ შორის არის Eurowings-ი, რომელიც ფრენებს დუსელდორფიდან კვირაში ორჯერ ასრულებს და ახლად დაფუძნებული Bees Airline, რომელიც კიევიდან და ხერსონიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთჯერ ოპერირებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო, ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო (Air Astana, Bees Airline, LOT Airlines, Aircompany Armenia, FlyJordan). ასევე რამდენიმე წლიანი შუალედის შემდეგ აეროპორტს დაუბრუნდნენ ავიაკომპანიები Ukraine International Airlines-ი, Pegasus Airlines.

როგორ ხედავთ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებას მომავალში?

ტავ ჯორჯიას ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა სააეროპორტო საქმიანობაში კვალიფიციური კადრის შექმნაა. თამამად შემიძლია ვთქვა რომ ტავ ჯორჯიამ საავიციო სფეროში, კერძოდ სერვისის კუთხით, პროფესიული განათლების მიღებას და განვითარებას დაუდო საფუძველი. რა თქმა უნდა აეროპორტების ინფრასტრუქტურა და მისი გამტარუნარიანობის გაფართოება მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე პრიორიტეტულია კვალიფიციური ადამიანური რესურსის შექმნაც. ამისათვის ჩვენ ყოველწლიურად ათობით სტუდენტს ვასაქმებთ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მათი პროფესიული განათლების ამაღლებაზე ვზრუნავთ. გარდა ამისა ჩვენი ტრენინგ ცენტრი ყოველწლიურად სახელმწიფო თუ კერძო სექტორში მომუშავე ათასობით პირს ამზადებს, რომლებიც საავიაციო საქმიანობიაში არიან ჩართულები.

პანდემიის დასრულების შემდეგ ჩვენ მზად ვართ მთავრობას წარვუდგინოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების სამეტაპიანი გეგმა. სახელწიფოსთან ამ გეგმაზე მოლაპარაკებებს მას შემდეგ დავიწყებთ, როგორც კი პანდემია დასრულდება. პანდემიამ დაგვანახა, რომ სატვირთო გადაზვიდებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, შესაბამისად გვსურს მომავალში ჩვენს მართვაში მყოფი აეროპროტების ინფრასტრუქტურა სატვირთო რეისებს მოვარგოთ და სერვისი გავაუმჯობესოთ. ამ პერიოდში გაიზარდა ასევე კერძო თვითმფირნავებით განხორციელებულმა რეისემბაც, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ პრიორიტეტული მგზავრებისთვის ცალკე ტერმინალის მოწყობასაც.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას, როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის მიმართულებით. "ტავ ჯორჯია" ნამდვილად არის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური და სანდო პარტნიორი, რაც ნათლად გამოიხატება წლების განმავლობაში საზოგადოებისა და ავიაკომპანიების მიერ გამოცხადებულ ნდობასა და მხარდაჭერაში.

This article is from: