10 minute read

ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

თურქეთის ელჩი საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წელზე, სავაჭრო კავშირებსა და სამომავლო პერსპექტივაზე

საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 100 წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, საინტერესოა იმის დანახვა, რომ ბოლო დროს, სულ უფრო ძლიერდება.

Advertisement

მომავალი პერსპექტიულად გამოიყურება და ამ ინტერვიუში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან, გაზიარებული იქნა მნიშვნელოვანი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად, მომავლის გადასარჩენად და იმისთვის რომ შემდგომი 100 წელი კიდევ უფრო ლამაზი იყოს თურქებისა და ქართველების მომავალი თაობებისთვის.

წელს 100 წელი შესრულდა თურქეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. რა მიღწევებს გამოყოფდით ამ გზაზე?

ეს იყო 1921 წელს, პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, ძალიან მშფოთვარე დროს. ჩვენი ამჟამინდელი საზღვრების დადგენა დაემთხვა ამ პერიოდს, და 13 ოქტომბერს ასევე გადის 100 წელი ყარსის ხელშეკრულებიდან. მანამდე, საქართველოს პირველმა ელჩმა ანკარაში რწმუნებათა სიგელი გადასცა მუსტაფა ქემალ ათათურქს, თურქეთის მაშინდელ მთავარსარდალს (არა პრეზიდენტს), რომელიც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის ომს. საქართველომ აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობის ომი და მთავრობა ანკარაში, როგორც ახალი სახელმწიფო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამის შემდეგ, ათათურქმა საფუძველი ჩაუყარა ჩვენს პოლიტიკას კავკასიისა და საქართველოსადმი 1921 წელს. ახლა, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ 1921 წლიდან ჩვენ ვატარებთ ამ პოლიტიკას, სწორედ ეს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლისთავზე. ეს არ ეხება მხოლოდ ორ თანამედროვე სახელმწიფოს. სამწუხაროდ, საქართველოს, საბჭოთა კავშირის მმართველობის გამო, ცოტა ხნით მოუწია თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ ურთიერთობებს მყარი საფუძველი ჩაეყარა 1921 წელს და ჩვენ შევძელით, მასზე დაყრდნობით, ურთიერთობის განახლება საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ.

100 წელი გავიდა და ვზეიმობთ, მაგრამ კონკრეტულად რას ვზეიმობთ? ჩვენ ვზეიმობთ გამძლეობას, ქართველებისა და თურქი ხალხის ნებისყოფის სრულ გამოვლენას მშვიდობის შენარჩუნებაში, სტაბილურობის უზრუნველყოფაში და კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებაში. ყველა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა აღნიშვნის ღირსია, მსოფლიო ომების, ცივი ომის, რევოლუციების, კონტრრევოლუციებისა და კიდევ რამდენიმე საინტერესო მოვლენის მიუხედავად.

თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი. რა არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და სად ხედავთ უფრო მეტ პოტენციალს?

ვამზადებთ თურქეთსა და საქართველოს შორის ყველაზე აქტიური კომპანიების ჩამონათვალს, ანუ მათ, ვინც ახორციელებს ექსპორტს, იმპორტს და ეწევა რეგულარულ საქმიანობას ორივე ქვეყანას შორის. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ვართ ორიენტირებულნი ქართულ კომპანიებზე, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ეს არ ეხება მხოლოდ სამშენებლო მასალებს ან ტანსაცმელს, ის მოიცავს ყველაფერს. ვითარდება თანამშრომლობა ფარმაცევტულ პროდუქტებზე, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე, ასევე ვითარდება ჩვენი ფინანსებისა და მომსახურების სფეროები, ასევე - ტრანსპორტი და ციფრული ვაჭრობა. დაასახელეთ ნებისმიერი მიმართულება, აქ ყველაფერს იპოვით. ეს არის ჩვენი ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, გვსურს, რომ თურქეთში უფრო მეტი ქართული პროდუქტი იყოს ექსპორტირებული და ჩვენ ამას მხარს აუცილებლად დავუჭერთ. გვსურს, დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს, რომელთაც სურთ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა თურქეთში, რადგან გვაქვს ძალიან კარგი შეთანხმება, რომელიც, რა თქმა უნდა, უკეთესი გახდება და გაძლიერდება ახალი მოლაპარაკებებით. ვგულისხმობ საწარმოო მრეწველობას, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაზე ან შესაძლოა, ნახევარფაბრიკატებზე, თურქეთში ან საქართველოში. გვჭირდება მეტი ინვესტორი და იმედია, ელექტროენერგიის წარმოება, მრეწველობა, ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიები კვლავ იქნება დღის წესრიგში.

ამჟამად, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 1,6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობითაა, მაგრამ მე და საქართველოს ელჩს თურქეთში - ჩემს მეგობარ გიორგი ჯანჯღავას - დავალებული გვაქვს ვაჭრობის სამ მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ცხადია, არც ერთს შეგვიძლია ამის გაკეთება მარტო, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ასე რომ, ვიმედოვნებ, ქართული ღვინო, მალე, ხელმისაწვდომი იქნება თურქეთში. და გახარებული ვარ იმ ამბით, რომ ბორჯომის წყლები უკვე წარმოდგენილია თურქეთში.

მოდით, ვისაუბროთ თურქულ ინვესტიციებზე საქართველოში. რა იზიდავთ თურქ ინვესტორებს საქართველოში და რა დაბრკოლებებს აწყდებიან ისინი აქ, ბიზნესის კეთებისას?

არის რამდენიმე რამ, რაც იზიდავთ თურქ ინვესტორებს საქართველოში. შეიძლება, ეს იყოს ნაკლები გადასახადი, ვიდრე ისაა თურქეთში? უფრო ეკონომიური, თუ კომფორტულია, საქართველოში სამუშაო ძალის გამოყენება, თურქეთთან შედარებით? ეს არის ახალი ბაზრების წვდომა? ან მარტივი ბიუროკრატია არა მხოლოდ სტარტაპებისთვის, არამედ ჩამოყალიბებული ბიზნესისთვის. ეს არის რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც თურქ ინვესტორებს იზიდავთ საქართველოში. ასევე უნდა ითქვას, რომ მათ ინვესტიციას საქართველოში თან სდევს ემოცია, რადგან ჩვენი ზოგიერთი ბიზნესმენი, ვინც საქართველოში ინვესტირებას ახდენს, ქართული ეთნიკური წარმოშობისაა, მათ „ჩვენებური“ ჰქვიათ. მათ დატოვეს საქართველო მე-19 საუკუნეში რუსეთის ოკუპაციის შემდეგ. შემდეგ კი საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, დაბრუნდნენ თავიანთ, ვთქვათ, ბებია-ბაბუის მიწაზე და სურვილი ჰქონდათ, გამხდარიყვნენ ხიდი ორ ქვეყანას შორის. ჩადეს ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, დაიწყეს სამშენებლო ბიზნესი. იმ დროს, საქართველოში ეს სექტორები არ იყო ძალიან განვითარებული და ამ წლების განმავლობაში, საქართველომ განავითარა საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი კაპიტალი და საკუთარი სამუშაო ძალა.

რაც შეეხება თურქ ინვესტორებს, ხშირია მათი ინვესტიცია ტურიზმის სექტორში, მცირე წარმოება, სხვადასხვა ინდუსტრიის ერთიანობა, სოფლის მეურნეობა და ენერგიის წარმოება. გვყავს სამი კომპანია, რომლებმაც დაიწყეს მშენებლობა და ორმა მათგანმა უკვე დაასრულა თავისი ჰესი (ჰიდროელექტროსადგური). შემდეგ გვყავს გარკვეული კომპანიები, რომლებიც ელოდებიან ხელშეკრულების გაფორმებას ქარის ენერგიის სექტორში. არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც რეალურად აშენებენ საქართველოში, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ძირითადად, თურქი ინვესტორები გახდნენ მნიშვნელოვანი ხიდები ჩვენს ეკონომიკას შორის და ერთი ძალიან კარგი მაგალითია სამშენებლო მასალების სექტორში. როდესაც ვაკვირდები „გორგიას“ საქმიანობას, ვხედავ მათ მცდელობას, გაამრავალფეროვნონ თავიანთი მიწოდება არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

რაც მთავარია, თურქი ინვესტორები ჩამოვიდნენ საქართველოში იმიტომ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ. თუ ისინი არ გრძნობენ თავს მიღებულად, არ მოდიან. ქართველი და თურქი ხალხი ამაყი და ძალიან ემოციურია. ზოგჯერ, გათვლა გვერდით რჩება და მას ემოცია ანაცვლებს. მათ უყვართ საქართველო, რადგან ეს ჩვენი მეზობლის სახლია და ჩვენ ვცხოვრობთ იმავე ქუჩაზე. ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია და ბაბუა ერთსა და იმავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ჩვენ ეს ვიცით. ეს არის გრძნობა.

რას იტყვით ნამოხვანის ჰესის პროექტზე და იმაზე, რომ თურქი ინვესტორი წავიდა? რა არის თქვენი წუხილი ამასთან დაკავშირებით?

ვშიშობ, რომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება კომპანიასა და მთავრობას შორის. ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ ყოველგვარი კომენტარისგან.

როგორ შეაფასებდით ანტითურქულ რიტორიკას? როგორ ფიქრობთ, ის იღებს ფესვებს ქართული საზოგადოების შიგნიდან, თუ ფიქრობთ, რომ ის პროვოცირებულია გარე აქტორების მიერ?

ვიტყვი, რომ ეს იმდენი ხანია, გრძელდება, არის სამწუხარო განცდა, რომ ეს არის ცრურწმენა ან დეზინფორმაცია ქართველი ხალხის გონებაში, თურქების შესახებ. ბევრმა ქართველმა არ იცის, ვინ არიან თურქები, როგორია ჩვენი ისტორია და ასე შემდეგ. იგივე შეიძლება, ითქვას თურქი ხალხის მიერ ქართველების აღქმაზე, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად შეინიშნება. ახლა, ეს წარმოდგენა ალბათ იმიტომ არსებობს, რომ რუსეთის იმპერიის კავკასიაში გაფართოების დროს ისინი ომობდნენ ოსმალეთთან. იმ ომების დროს ბევრი ქართული ოჯახი იყო რუსეთის იმპერიის მხარეზე და გაცილებით ცოტა - ოსმალეთის მხარეზე, და პროპაგანდის გავრცელებისთანავე ემოციური განშორება ან მიჯაჭვულობა გახდა ომის ნაწილი. ასე რომ, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ანტითურქული პროპაგანდა, მაგრამ მათ რეალურად დაიწყეს ანტიოსმალური/ანტითურქული პროპაგანდით ძალიან ადრეულ XIX საუკუნეში.

ცხადია, ჩვენ გვქონდა ომები ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ განსხვავდებოდა სხვათაგან. გერმანელებს, ფრანგებს, ავსტრიელებს, შვედებსა თუ ნორვეგიელებს ერთმანეთთან ომში თავიანთი სამართლიანი წილი აქვთ. ჩვენი ომის ბნელი მხარე არის რუსეთის იმპერიის მიერ პროპაგანდის ელიტაში გავრცელება, განსაკუთრებით - მწერლების, პოლიტიკური ელიტისა და საქართველოს ადრეული ნაციონალიზმის მამოძრავებელი პირების მიერ. მოგვიანებით, ჩვენ დავიწყეთ იმის დანახვა, თუ როგორ იცვლებოდა მათი ტონი. მაგალითად, მათ პირველად აღწერეს ქართული იდენტობა რელიგიის საფუძველზე, შემდეგ კი, ილია ჭავჭავაძის პერიოდიდან, მათი განმარტებები შეიცვალა. ქართული ნაციონალიზმის შემოქმედნი (ან როგორც ზოგი მათ უწოდებს საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებს და დედებს) რეალურად მიხვდნენ, რომ მრავალმხრივი (მულტიეთნიკური, მულტირელიგიური) საქართველო იყო საჭირო.

თუმცა, საბჭოთა კავშირს მტერი სჭირდებოდა და ეს ცივი ომის სახით იყო წარმოდგენილი. 1946 წელს, როდესაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სტალინმა გაიმარჯვა, მას სურდა, გადახედილიყო რეგიონში პირველი მსოფლიო ომის გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამიტომ მან გამოიყენა ქართული ელიტა თურქეთთან საქართველოს ტერიტორიის პრეტენზიებისათვის. ამის საპასუხოდ, საბჭოთა კავშირი მიჰყვა რუსეთის იმპერიის ნაბიჯებს და გამოიყენა თურქეთი (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა) ოსმალეთის ნაცვლად პროპაგანდისთვის, როგორც პანისლამისტური, პანთურანისტური ექსპანსიონისტური ძალა, რაც ჩვენ არ ვართ.

ყველა ამ მოვლენამ დატოვა კვალი საქართველოზე და ახლა, 30 წლის შემდეგ, ისევ დავბრუნდით, დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა და უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან ეს არ მოხდება ავტომატურად. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თურქი ტურისტების ჩამოყვანა, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართულნი კულტურაში, ბუნებაში, ეთნოგრაფიაში და, ანალოგიურად, ქართველი ტურისტების წაყვანა თურქეთის სხვადასხვა ადგილის შესასწავლად. აკადემიური გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი ამბების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამის მისაღწევად. ის უწყვეტი უნდა იყოს.

ცოტა ხნის წინ BBC-ზე ვუყურე გადაცემას, სადაც საუბარი იყო სამცხე-ჯავახეთის ქართულ ღვინოზე. წამყვანმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთის ღვინო გაქრა, რადგან მე-16 საუკუნეში ოსმალეთის თურქები სამცხე-ჯავახეთში შემოიჭრნენ. და გავბრაზდი, რადგანაც ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ოსმალები არ იყვნენ ღვინის ექსპერტები, მაგრამ ისინი ყოველთვის ინახავდნენ ღვინოსა და ღვინის წარმოებას სავაჭროდ მათ მიერ დაპყრობილ რეგიონებში და იღებდნენ მათგან გადასახადს. ამგვარი ისტორიული ჭეშმარიტება ძალზედ მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთხოვოთ ჩვენს ხალხს, თურქსა და ქართველს, იყვნენ ძალიან ფრთხილად იმასთან დამოკიდებულებით, რასაც ისმენენ სოციალურ მედიაში. უპირველეს ყოვლისა, როგორც ნამახვანის ჰესის პროექტის დროს დავინახეთ, რომ გვჭირდება პასუხი არა მხოლოდ მედიის ან ხალხისგან, არამედ ჩვენ გვჭირდება სამთავრობო ძალისხმევა სიძულვილის ენის მზარდ ომებთან გასამკლავებლად. გვჭირდება კოლექტიური ძალისხმევა სიძულვილის ენის ყველანაირ ფორმასთან გასამკლავებლად, რადგან ისაა მიმართული თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად და უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ერთ რამეს დავაკვირდი, როდესაც ვსაუბრობ თურქეთის მხარდაჭერაზე, ან რომელიმე თურქი მინისტრი ან პრეზიდენტი საუბრობს თურქეთის მხარდაჭერაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, „ფეისბუკის“ ზოგიერთი ახალი არხი დაუყოვნებლივ იწყებს ანტითურქული პროპაგანდის გავრცელებას, მაგრამ ეს მხოლოდ მათ ადგება, ვინც ეს საქმე ბიზნესად აქცია.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა პრეზიდენტ ერდოღანს, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს. იცით, რა იყო მათი შეხვედრის ძირითადი საკითხებიდა რა იქნა მიღწეული შეხვედრის შედეგად?

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრა ასევე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ამ ზაფხულს გამართული წარმატებული ვიზიტის გაგრძელება და იყო კარგი შესაძლებლობა, გაეცვალათ შეხედულებები პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს განხილულ საკითხებზე. მეორეც, მათ განიხილეს რეგიონალური საკითხები. ჩვენი რეგიონი, კავკასია გადის ძალიან დელიკატურ პერიოდს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანული მიწების გათავისუფლების შემდეგ, გასულ წელს. ახლა გვაქვს რეალური შანსი, განვავითაროთ რეალური რეგიონალური თანამშრომლობა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და სტაბილურობის მიმართულებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა 30 წლის შემდეგ და მშფოთვარე 90-იანი წლების შემდეგ და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს და ორივე ხელმძღვანელობას სურს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

საქართველოს აქვს კონკრეტული როლი, რადგან მას ყოველთვის უჭირავს განსაკუთრებული ადგილი კავკასიაში, თბილისი უკვე გამოირჩევა, როგორც ძალიან ფერადი, მრავალეთნიკური ქალაქი. გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ, რომ ყოველთვის არსებობდა რუსეთის იმპერიის თბილისისადმი, როგორც კავკასიის ცენტრისადმი, მიზიდულობის მიზეზი. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ყველა ეს საკითხი წარმოადგენს ბუნებრივ ფონს ჩვენი ლიდერებისთვის, რომ ხშირად ისაუბრონ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ამ რეგიონში ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ სტაბილური, უსაფრთხო და კეთილდღეობის მომტანი შესაძლებლობა მომავალი თაობებისთვის.

ჯერჯერობით, თუ დაფიქრდებით იმაზე, რაც მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს მუდმივი არეულობაა და ჩვენი შვილები, რომლებიც ცხოვრობენ ამ რეგიონში, უკეთესს იმსახურებენ. მათი მომავალი განსხვავებული იქნება, მაგრამ ჩვენი სამუშაოა, რომ საფუძველი შევუქმნათ. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მოიცავდა ყველა ამ ზემოხსენებულ იდეას და როგორ ვიმუშაოთ საქართველოსთან ერთად ჩვენი საერთო მიზნისთვის - ეს არის უსაფრთხო, ჯანსაღი და დაცული კავკასიის ჩამოყალიბება.

იგეგმება თუ არა მაღალი დონის ვიზიტები თურქეთსა და საქართველოს შორის? ვგულისხმობ, თურქ ლიდერებს, რომლებიც შესაძლოა, საქართველოში ჩამოვიდნენ.

დიახ, ცოტა ხნის წინ ვმასპინძლობდი თურქეთის თავდაცვის მინისტრის მაღალი დონის დელეგაციას. თავდაცვის მინისტრის ვიზიტამდე ჩვენ გვქონდა იუსტიციის მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი და ეს გაგრძელდება. დიპლომატია გვირგვინდება მაღალი დონის სხვადასხვა ვიზიტით, ბიუროკრატია მუშაობს, ქმნის საფუძველს და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებთან ერთად ვაღწევთ შედეგს. ეს არ არის უბრალოდ ხელმოწერები, ეს არის დადასტურება, რომ გაგრძელდეს მუშაობა კონკრეტული შედეგებისთვის.

ასე რომ, ჩვენ განვაგრძობთ ამ ტენდენციას და პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ის კარგად მიდის. ჩემი კოლეგა ანკარაში, ელჩი ჯანჯღავა, და მე ძალიან კმაყოფილები ვართ ვიზიტების სიხშირით. გასულ თვეში, ანკარაში იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასე რომ, ეს კიბეს ჰგავს და ჩვენ განვაგრძობთ მშენებლობას.

რა არის მნიშვნელოვანი სამომავლო მიზანი თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში?

როგორც უკვე აღვნიშნე, ვფიქრობ, უნდა გადავდგათ ნაბიჯები მომავალი თაობებისთვის საჭირო პროექტების აქტუალიზაციისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ხალხი მოდის ახალი ხედვით და უნდა მოვამზადოთ ისინი მომავლისთვის იმ შეთანხმების მიხედვით, რასაც ჩვენ მივაღწევთ. ეს ეხება ხელმისაწვდომობას. თქვენ იცით, ქართველებსა და თურქებს შეგვიძლია, ვიმოგზაუროთ ერთმანეთის ქვეყნებში პირადობის მოწმობით. შენ შეგიძლია, გადაწყვიტო დღეს, ჩაალაგო ბარგი, იყიდო ბილეთი და წახვიდე თურქეთში, თუ ბილეთს ვერ იშოვი, შეგიძლია, მანქანით წახვიდე.

უკვე ვამყარებთ ამ ურთიერთობას ჩვენს ორ ხალხს შორის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას შორის. ვიცნობ ბევრ ახალგაზრდა თურქს, რომლებიც აქ მოდიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე, ელექტრონული მუსიკის მოსასმენად, კლუბებში გასართობად და სიმართლე ისაა, რომ მათი ცხოვრება სრულიად განსხვავდება ჩვენი ახალგაზრდობის პერიოდისგან. ასე რომ, უნდა დავუტოვოთ მათ თავისუფლებისა და გაცვლის სამართლიანი საძირკველი.

ვაჭრობის თვალსაზრისით, დიახ, უნდა გავზარდოთ ჩვენი ვაჭრობა, მაგრამ ასევე უნდა გავზარდოთ ერთობლივი ინვესტიციები და ერთობლივი ვაჭრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა აღმოვაჩინოთ მესამე ბაზრის შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს თავსებადი ეკონომიკა და შეგვიძლია მათი გამოყენება.

რაც შეეხება მეოთხე პუნქტს, რომელიც ასევე პირველის ნაწილია, უნდა გავზარდოთ ჩვენი განათლების ხარისხი ისე რომ ის პასუხობდეს იმ დასაქმების შესაძლებლობებს, რაც მომავალში გამოჩნდება. განათლება დაგვეხმარება, გავზარდოთ რეგიონის ისტორია და მისი სწორი გაგება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცრურწმენების აღმოფხვრას. თურქეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ ინკლუზიურ განწყობას, ორივე ქვეყანამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, თავიდანვე წაახალისეს რეგიონალური ინკლუზიურობა.

ასევე სასიამოვნოა, აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ობიექტურ ინტერესს ვაყენებდით პრიმიტიული იდენტობის პოლიტიკაზე მაღლა. ვითარების მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სამყარო არ არის ქრისტიანების, მუსულმანების, მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების შესახებ. სამყარო, ეს არის უფლებები და თავისუფლებები. ეს ეხება ყველასთვის თანაბარ კანონს და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, სუვერენიტეტის პატივისცემას, რადგან ეს არის პრინციპები, რომელთაც ვიცავთ.

ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ პრინციპების გაძლიერება ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის გაერთიანება ამ პრინციპების ირგვლივ, რადგან სამყარო გადის ძალიან მღელვარე პერიოდს, ფინანსური სამყაროს სწრაფი ცვლილებით. იცვლება მსოფლიო წესრიგი. სამყარო იცვლება ჩვენ თვალწინ და პანდემიის მიუხედავად, ცვლილებები კიდევ უფრო სწრაფად მიმდინარეობს და ერთადერთი მოსაზრება, რაც ახლა გვაქვს, არის, დავიცვათ უახლოესი ადამიანები. ეს არის რეგიონალიზმის არსი და ეს არის ის, რაც საქართველომ და თურქეთმა უნდა იღონონ ახლა. ჩვენ უნდა ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და დაველოდოთ, სანამ ეს ცუნამი გადაივლის.

This article is from: