10 minute read
ქართველი ქოუჩი საერთაშორისო ასპარეზზე
რუსუდან კვაჭანტირაძე - ქართველი ქოუჩი საერთაშორისო ასპარეზზე
ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი ადამიანური კაპიტალია. თანამედროვე სამყაროში კი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ორგანიზაციის წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის. დღეს, როდესაც ადამიანები არამხოლოდ სამსახურს იცვლიან ხშირად, არამედ სამსახურის გამო, ქვეყნებსაც, გადადიან ერთი კორპორაციული კულტურიდან მეორეში, უწევთ სხვადასხვა გარემოსთან თუ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება, საჭიროა დამხმარე საშუალება, რომელიც ადამიანს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას თუ ურთიერთთანამშრომლობას გაუადვილებს და მას, ამა თუ იმ ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად აქცევს.
Advertisement
წარმატებული ორგანიზაციები ბევრს მუშაობენ თანამშრომელთა განვითარებაზე, რაშიც მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლება არ იგულისხმება. იმისთვის რომ თანამშრომელი პროდუქტიული იყოს, ცოდნასთან ერთად გარკვეული უნარები სჭირდება, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს. ამ მხრივ ქოუჩინგს, რომელსაც ადამიანების განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ალტერნატივა არ აქვს. რა არის ქოუჩინგი და ვის და როდის სჭირდება ქოუჩის მომსახურება, ამ საკითხზე საერთაშორისო ასპარეზზე მომუშავე ქართველ ქოუჩს რუსუდან კვაჭანტირაძეს ვესაუბრეთ.
რუსუდანი ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) მიერ აკრედიტებული PCC ქოუჩი; სერტიფიცირებული საერთაშორისო მენტორი; ბრიტანული ორგანიზაციის Thrive Partners-ის ქოუჩი, მენტორი და ტრენერი; Erickson Coaching International-ის აზიისა და კავკასიის წარმომადგენლობის მენტორ-ქოუჩი; თსუ-ს ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების დოქტორანტი და ქოუჩინგის მსოფლიო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ.
იმდენად, რამდენადაც ქოუჩინგი ახალი სფეროა, ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს იმაზე თუ რას გულისხმობს ქოუჩინგი, როგორია ქოუჩინგის თქვენეული განმარტება?
ქოუჩინგი არის პიროვნული და პროფესიული განვითარების ეფექტური და სწრაფად მოქმედი მეთოდი. ქოუჩინგში მთავარი ყურადღება ეთმობა ადამიანის შინაგანი პოტენციალის გახსნას, რადგან, ყველა ადამიანს აქვს რესურსი მიაღწიოს იმას, რაც მას სურს და ჩვენი გონება არასოდეს გვიბიძგებს გვინდოდეს ის, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეგვიძლია. ანუ, თუ რაღაცაზე დავიწყეთ ოცნება, გვაქვს იდეა და სურვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მისი განხორციელების რესურსიც გაგვაჩნია.როდესაც ვიცით რა გვინდა, რისი მიღწევა გვსურს, ძალიან ხშირად ვიგებთ სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებებს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ამისთვის. გვაძლევენ რჩევებს, გვასწავლიან, ან სხვების მაგალითებს ვეცნობით, თუ როგორ შეძლეს მათ იგივე, მაგრამ ბუნებრივია ყველა ადამიანი განსხვავებულია, შესაბამისად მიზნისკენ სავალი გზაც ყველამ თავისით უნდა დასახოს, ის, რაც მისთვის მისაღები და კომფორტული იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს, რომ ბოლომდე უერთგულოს მას.
სწორედ აქ იკვეთება ქოუჩინგის როლი და მნიშვნელობა. ქოუჩინგი გვეხმარება რომ გავიაზროთ რა გვსურს, ჩამოვაყალიბოთ მიზნები, და შემდეგ ამ მიზნის მისაღწევი გზები შევიმუშავოთ.
ბევრი მსგავსებიდან გამომდინარე, ხშირად ერევათ ქოუჩინგი მენტორინგსა თუ ტრენინგში. როგორ უნდა განვასხვავოთ და მივხვდეთ რა გვჭირდება?
ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება რაც უნდა დავინახოთ არის ის, რომ ქოუჩინგი განსხვავებით მენტორინგისა და ტრენინგისა, რჩევებისგან, შეფასებისა და სწავლებისგან სრულიად დაცლილი სივრცეა. ქოუჩინგში ადამიანი თვითონ ქმნის ახალ ცოდნას. ამიტომ მისი გამოყენება ეფექტურია მაშინ როდესაც გვსურს გადაწყვეტილების მიღება, ახალი განვითარების გზების მოძიება და ჩვენთვის საუკეთესო ხედვის და სტრატეგიების შემუშავება.
მენტორინგი იმ შემთხვევაში არის საჭირო, როდესაც ადამიანს აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ მათი კიდევ უფრო გაფართოება და გაღრმავება სურს საკუთარი მუშაობის ხარისხის შეფასების გზით. შესაბამისად, მენტორი აფასებს და ეხმარება მენტის გაიაზროს მისი ძლიერი მხარეები და განვითარების ზონები, თან რჩევას აძლევს და ასწავლის რა როგორ უნდა გაკეთდეს და ამასთან ერთად ეხმარება, რომ ახალი ცოდნის და უნარების გამოყენებისთვის საუკეთესო მეთოდები შეიმუშავოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მენტორი იმ სფეროს ექსპერტი იყოს, რა მიმართულებითაც მენტორინგს ატარებს.
მაგალითად, მე ვმუშაობ როგორც მენტორი ქოუჩებთან, რომლებსაც სურთ აკრედიტაციის ამაღლება ან დაადასტურება, ან სულაც აკმაყოფილებთ თავიანთი აკრედიტაციის ხარისხი, მაგრამ მუდმივი განვითარების რეჟიმში ყოფნა სურთ. მენტორინგის ჩასატარებლად საჭიროა სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება სფეროში, ნიუანსების ამოცნობის უნარი, როდის და როგორ გამოავლინა პროფესიული კომპეტენციები მენტიმ და ასევე თვითონ მენტორინგის პროცესის ცოდნა: აქ მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემის მეთოდები, მენტორინგის სესიის წაყვანის თავისებურებები, ხედვა როდის რა ტიპის ხელშეწყობა და მიმართულების მიცემა სჭირდება მენტის. საინტერესოა რომ ხშირად ასევე შედეგიანია მენტორინგი, როდესაც მენტის მენტორზე მეტი კვალიფიკაცია აქვს, რადგან ამ შემთხვევაში მთავარია, მენტორმა სხვა ხედვების და მეთოდების შესაძლებლობა დაანახოს მენტის.
რაც შეეხება ტრენინგს, ტრენინგის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ახალი ცოდნის და უნარების მიღება ან არსებულის გაუმჯობესება გვსურს. ტრენინგში დიდი მნიშვნელობა აქვს ტრენერის გამოცდილებას და შესაძლებლობას, გუნდი მართოს და გუნდის წევრებს შეუქმნას ერთმანეთისთვის დამხმარე და ხელშემწყობი გარემო, როდესაც ისინი არამარტო ტრენერისგან იღებენ საჭირო ინფორმაციას, როგორ უნდა განავითარონ ახალი ცოდნა და უნარები, არამედ ერთმანეთის გამოცდილებასაც იზიარებენ, როგორც ახალი ცოდნის შესაძლებლობას.
ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ როდის რა სჭირდება ადამიანს. მაგალითად, ორგანიზაციაში მართვითი უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობა შეიძლება დავიწყოთ ტრენინგებით, ტრენინგებიდან რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ როდესაც ადამიანებს დაუგროვდებათ გარკვეული ცოდნა ჩავრთოთ ქოუჩინგი. ქოუჩინგი შეიძლება ორი მიმართულებით გაკეთდეს: ერთი არის როდესაც ვატარებთ ქოუჩინგის ინდივიდუალურ სესიებს და მეორე, ასევე ძალიან ქმედითია « shadow coaching », რაც ნიშნავს იმას რომ ქოუჩი ესწრება მმართველის შეხვედრებს და მისი საუბრის პროცესს თანამშრომლებთან, რომ დააკვირდეს რა არის ის რასაც ადამიანი თვითონ ვერ ამჩნევს და შემდეგ ამას უბრუნებს უკუკავშირის სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა სესიის ფორმატში და საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება ჩაერთოს მენტორინგიც მართვით უნარებთან დაკავშირებით. ვის და როდის სჭირდება ქოუჩინგი? ქოუჩინგი სჭირდება ყველას ვისაც სურს რომ რაღაც შეცვალოს ან გააუმჯობესოს, შეინარჩუნოს დადებითი დინამიკა ორგანიზაციაში ან კიდევ უფრო წინ წავიდეს. ქოუჩინგს მიმართავენ, როდესაც პიროვნული განვითარების და უნარების გაუმჯობესების, ახალი ხედვის ჩამოყალიბების გზით უნდათ ორგანიზაციული წინსვლა, ორგანიზაციული კულტურის შეცვლა. აქედან გამომდინარე ქოუჩინგის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, მაგრამ უფრო ნათელი რომ იყოს რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.
მაგალითად ესეთია ორგანიზაციის სწრაფი ზრდა, რადგან აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებას მოითხოვს დიდი ორგანიზაციის მართვა, თანამშრომლებს ახალ როლებთან და პასუხიმგებლობებთან უხდებათ ადაპტაცია.
ქოუჩინგის საჭიროება დგება მაშინაც, როდესაც არის სერიოზული ცვლილებები ორგანიზაციაში, ეს შეიძლება იყოს მართვის სტრუქტურის შეცვლა, მაგ. „agile“ მეთოდზე გადასვლა. ამ შემთხვევაშიც ძალიან საჭიროა ქოუჩინგი, რადგან პოზიტიური ცვლილებების დროსაც კი, ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული ხელისშემშველებელი ვინც კიდევ უფრო მარტივად გაატარებს ამ გზას.
შეიძლება იყოს სიტუაციები როდესაც განგაში ჩაირთო და ვხვდებით რომ რაღაც ისე კარგად არ მიდის. მაგალითად ეს არის ორგანიზაციული კულტურის გაუარესება, მოტივაციის დაქვეითება, ან შედეგების გაუარესება. ამ ბოლო დროს ხშირად ვმუშაობ ორგანიზაციებთან, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ თანამშრომლების მოტივირებაში დისტანციურ რეჟიმზე გადასვლიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანებმა მუშაობის ახალი მიდგომები უნდა შეიმუშაონ ეფექტიანობის გასაზრდელად.
ან როდესაც შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე საჭიროა ახალი სტრატეგიების, მიმართულებების შემუშავება, ბიზნესის ინტერესების გასამართლებლად. ორგანიზაციული ხედვის, ღირებულებებისა და მისიის შემუშავებისთვის ასევე ეფექტური მეთოდია გუნდური ქოუჩინგი.
რატომ ითვლება რომ ქოუჩინგი არის მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის და როგორ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება არა ორგანიზაციულ არამედ პიროვნულ დონეზე? შესაძლოა აქაც მოხდეს არევა ფსიქოლოგის მომსახურებასა და ქოუჩინგის საჭიროებებს შორის.
ქოუჩინგი არის ტრანსოფრმაციული პროცესი. ქოუჩინგის შედეგად ადამიანები თავადაც მნიშვნელოვნად იცვლებიან და თავიანთ გარემოშიც ხელშესახებ ცვლილებებს ახორციელებენ. იმისთვის რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს მაქსიმალურად კომფორტულად ორგანიზაციაში ქოუჩინგის დანერგვა უნდა დაიწყოს პრინციპით - ზემოდან ქვემოთ. ძალიან ხშირად ხდება, რომ როდესაც იმუშავებ აღმასრულებელი დირექტორის, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან, მათ ტრანსფორმაციას და მათ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს იმდენად ტალღური ეფექტი აქვს რომ, სხვა პოზიციებთან მუშაობის აუცილებლობა აღარ დგას. თუმცაღა არიან ორგანიზაციები, რომლებიც ყველა პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებთან ამჯობინებენ ქოუჩინგის ჩართვას.
პიროვნულ დონეზე აქაც ყველაფერი იწყება რაღაცის შეცვლის სურვილით, მაგალითად ახალი გამოწვევების მიღება, ახალი ხედვის განხორციელება, პიროვნული ზრდა, პირადი შეხედულებების შეცვლა. მაგალითად ადამიანებს ცხოვრებისეულად გვიყალიბდება ძალიან ბევრი რწმენა-წარმოდგენა, რომელიც თავიდან ჩამოყალიბების პროცესში გვეხმარება, მაგრამ შემდეგ უკვე იქცევა შემზღუდავად, როდესაც რწმენა-წარმოდგენა შემზღუდავია და არ მაძლევს საშუალებას განსხვავებულად ვიმოქმედო და რაღაც განსხვავებულად გავაკეთო, ასეთ დროს საჭიროა ქოუჩინგი. ქოუჩინგი გვეხმარება პირადი ურთიერთობების დალაგებაშიც, მათ შორის ოჯახში. ძალიან გავრცელებულია მშობლების ქოუჩინგი, რომლებმაც შესაძლოა კარგად იციან როგორ აღზარდონ შვილები, თუმცა ამდენი ზრუნვის და პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სხვაგვარად იქცევიან. ასევე, ხშირად გვხვდება ქოუჩინგი პიროვნული თვისებების და უნარების განსავითარებლად, როგორიც შეიძლება იყოს კომუნიკაციის გაუმჯობესება, აუდიტორიის შიშის გადალახვა და სხვ.
ქოუჩებს მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ფსიქოლოგებთან. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დეტალია მაგრამ ყველაზე მარტივი რომელიც ადამიანს მიახვედრებს ამ ორს შორის განსხვავებას არის შემდეგი: ფსიქოლოგი გვჭირდება როცა აწმყოდან წარსულში გვინდა საკითხის დამუშავება. ქოუჩი გვჭირდება მაშინ როცა აწმყოდან მომავალში გვსურს თემის დამუშავება. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფაქტორია რის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას ქოუჩი სჭირდება თუ ფსიქოლოგი და ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ფსიქოლოგებთან როდესაც მეც შეიძლება ჩემთან მოსულ ადამიანს ვურჩიო, რომ კონკრეტული საკითხი ჯობია ფსიქოლოგთან დაამუშავოს და პირიქით ფსიქოლოგმა მასთან მისული ადამიანი გადმოამისამართოს ქოუჩთან.
თქვენ რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქოუჩინგში და როგორია თქვენი ქოუჩინგის წარმატების მაგალითები?
ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ქოუჩინგის შედეგად ადამიანები იქაც კი პოულობენ შესაძლებლობებს სადაც ეგონათ, რომ საერთოდ არანაირი წინსვლის ან მინიმალური ცვლილების შესაძლებლობაც კი არ იყო. და ასევე მომწონს ის რომ ქოუჩინგი ადამიანებს ეხმარება თავად აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ცხოვრებაზე, მართონ და უკეთესობისკენ მიმართონ როგორც თავიანთი ასევე მათი გარშემომყოფების რეალობა, ცხოვრების ხარისხი.
კონფედენციალურობა არის ქოუჩინგის ამოსავალი წერტილი, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევებს გაგიზიარებთ, რომლებზეც როგორც ორგანიზაციისგან ასევე, კლიენტისგან მიღებული მაქვს ამის უფლება.
ერთ-ერთი კარგი მაგალითია როდესაც ადამიანი ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავიდა მმართველ პოზიციაზე სამუშაოდ და უკიდურესად უკმაყოფილო დარჩა ახალი გუნდის წევრების პროფესიონალიზმით და უნარებით. მუშაობა დავიწყეთ თითოეულ წევრთან კონკრეტული უნარების: შედეგების მართვა, დროის მართვა, დელეგირება, პრიორიტეტიზაცია, ფართო სურათის დანახვა და სხვ. გაუმჯობესებაზე. სესიების დაწყებისთანავე კი გამოიკვეთა, რომ პრობლემების საწყისი უნარებში კი არა ახალი მენეჯერის განსხვავებული მართვის სტილი იყო. სხვა ქვეყნიდან და კორპორაციული კულტურიდან მოსული მენეჯერის მართვის მეთოდები იმდენად უცხო და შფოთის მომგვრელი აღმოჩნდა გუნდისთვის, რომ მათ არ ესმოდათ ერთმანეთის, ვერ ხვდებოდნენ მისი დავალებების არსს და მის ბევრ მოთხოვნას ამ ადამიანის პიროვნულ თვისებას, მის ახირებას მიაწერდნენ. შედეგად, საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მივიდა.
როდესაც მენეჯერმა გაიაზრა, რომ პრობლემა იყო მიდგომებიდან გამოწვეული მისკომუნიკაცია და სინამდვილეში ორივე მხარეს ერთი და იგივე მიზნების მიღწევა სურდათ, მიხვდა თუ რა იქნებოდა ის დამოკიდებულება რაც გუნდის წევრებს სჭირდებოდათ რომ მათ ერთმანეთის გაეგოთ და შეცვალა დამოკიდებულება. შეცვლილ დამოკიდებულებას მოჰყვა ქცევის შეცვლა და ძალიან მალე ეს ადამიანები გადაიქცნენ შეკრულ გუნდად და შესაბამისად ეფექტურ ორგანიზმად, რომელმაც ერთ წელიწადში ბიზნესის 45%-იანი ზრდა აჩვენა.
კიდევ ერთი მაგალითი, ეხება აღმასრულებელ დირექტორს, რომლის გამოკვეთილად ძლიერი მხარე იყო სტრატეგიული ხედვა და მოლაპარაკებების წარმოება, მაგრამ მიუხედავად ამისა, პარტნიორ ორგანიზაციასთან დაახლოებით 8-9 თვის განმავლობაში მოლაპარაკებები იყო ჩიხში შესული და ვერაფრით ვერ ახერხებდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ქოუჩინგის სესიების შედეგად მან შეძლო დაენახა ისეთი მომენტები რაც მანამდე უბრალოდ ვერ ხვდებოდა მის თვალსაწიერში, შესაბამისად დააკორექტირა მისი მიდგომა და ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდა win-win მდგომარეობით, როდესაც შეთანხმებას მიაღწიეს და ორივე მხარე შედეგით კმაყოფილი დარჩა.
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი არის როგორ გავლენას ახდენს ჩვენი პიროვნული თვისებები ჩვენი მართვის სტილზე. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვასწავლიდნენ რომ ადამიანმა უნდა მოვახერხოთ სამსახურის და პირადის დიფერენცირება, რომ მათ შორის კავშირი არ არის, მაგრამ ხშირად სწორედ ჩვენი პირადი საკითხები ახდენს გავლენას ჩვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე. ქოუჩინგს აქვს ადამიანის ჰოლისტიკური აღქმა, ქოუჩინგი ადამიანს არ უყურებს დანაწევრებულად. მაგალითად მყავდა ერთი კლიენტი, რომელიც მუშაობდა დარგის მოწინავე ორგანიზაციაში წამყვან პოზიციაზე, და პირად სფეროში გარკვეული სტრესული პერიოდის შედეგად, ეს ადამიანი რომელიც თავის პიროვნულ თვისებებს იქამდე უმკლავდებოდა და მართავდა, ვეღარ მოახერხა სიტუაციის გაკონტროლება, შედეგად, იყო თავდაცვით პოზიციაში და თანამშრომლები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მის ქცევას აგრესიულად აღიქვამდნენ. მის განყოფილებაში შედეგები დრამატულად შემცირდა, პარტნიორები ღიად აფიქსირებდნენ უკმაყოფილებას. ორგანიზაციამ გადაწყვიტა ეს პრობლემა ქოუჩინგით მოეგვარებინა. რა თქმა უნდა, ეს თემა რამდენიც არ უნდა დაგვემუშავებინა სამსახურის, მხოლოდ თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმატში, არ მოხდებოდა ის დიდი გარღვევა რაც შემდეგ მოხდა, რადგან ყველაფრის სათავე პიროვნული საკითხები იყო.
ქოუჩმა უნდა მიაგნოს პრობლემის საწყისს, რა არის ე.წ. root cause. საწყისი პრობლემა უმეტესად შეფარულია და ყოველ სესიაზე უნდა ეცადო, რომ ჩახვიდე პრობლემის სათავესთან. შედეგად, ამ ადამიანმა საკითხის დამუშავებით მიაგნო საწყისს, დაამუშავა პრობლემა, მოაგვარა და შედეგად სრულებით შეცვალა თანამშრომლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა.
საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ, მან არა მხოლოდ სამსახურეობრივ, არამედ პირად სფეროშიც განახორციელა ცვლილებები, ისწავლა საკუთარი თავის მართვა და სესიების დასრულებისას თქვა ბოლოს და ბოლოს ბედნიერი ვარ და ისევ ეფექტური გავხდი სამსახურშიო. რაღაც პერიოდის შემდეგ კი დამირეკა, უნდოდა გაეზიარებინა რომ კომპანია ძალიან რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და დარწმუ- ნებული ვარ ქოუჩინგამდე რომ მე ეს სიტუაცია შემხვედროდა იმდენად დემოტივირებული ვიქნებოდი, რომ ვერ გავუმკლავდებოდიო. ახლა კი ვუყურებ ჩემ თავს და უბრალოდ მსიამოვნებს აი ამ სირთულეში როგორ შემიძლია მშვიდად გავაკეთო ყველაფერი და დამხმარე ვიყო არა მარტო საკუთარი თავის არამედ სხვებისთვისაც ხელშემწყობი გარემოს შევქმნაო.
და ბოლოს, როგორ უნდა მოვიძიოთ ქოუჩი, რომ მის კვალიფიკაციაში არ შევცდეთ?
მიუხედავად იმისა რომ ქოუჩინგი ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანი შეხებია ქოუჩინგს, მაინც მუდმივად ისმის კითხვა რა არის ქოუჩინგი და როგორ ავარჩიოთ კვალიფიციური პროფესიონალი ქოუჩი.
ქოუჩის პროფესიონალიზმის დადასტურების ყველაზე საიმედო საშუალება ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF)-ის მიერ გაცემული აკრედიტაციაა. ICF-ში ძალიან მაღალ დონეზე არის დარეგულირებული პროფესიული სტანდარტები, აკრედიტაციის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნებია შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების დადასტურება და გამოცდის ჩაბარება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკრედიტაცია მუდმივი არ არის და მისი დადასტურება საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ. მსოფლიო ფედერაცია სთხოვს ქოუჩებს რომ ისინი მუდმივად მუშაობდნენ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. აკრედიტებულ ქოუჩებს შეუძლიათ წარმოგვიდგინონ შესაბამისი დოკუმენტი, ჩვენთვის საინტერესო ქოუჩის აკრედიტაციის ხარისხი კი შეგვიძლია ICF-ის საიტზე შევამოწმოთ, ასევე შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენს რეგიონში არსებული ქოუჩები მათი კვალიფიკაციის მიხედვით.
ქოუჩის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ რა სერთიფიკატებს ფლობს ქოუჩი და რა არის მისი ექსპერტიზის სფერო.
როდესაც საქართველოში მომუშავე ქოუჩები მივხვდით რომ მოსახლეობაში არ იყო ნათელი წარმოდგენა ქოუჩინგზე, მის გამოყენებასა და შესაძლებლობებზე, გავერთიანდით და დავაფუძნეთ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობა, იმისთვის რომ პროფესიის და დარგის მიმართ ჩამოყალიბებულიყო სწორი აღქმა და შესაძლებლობა გვქონოდა შეგვექმნა სივრცე სადაც ერთმანეთს დავეხმარებოდით განვითარებაში.
ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის გამოვყოფდი ორს: პირველი არის ქოუჩინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება იმისთვის, რომ რეალურად იცოდეს მოსახლეობამ რა არის ხარისხიანი ქოუჩინგი და რას ნიშნავს პროფესიონალი ქოუჩი. მეორე კი, ქოუჩებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ჩვენი წევრები არიან როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები ქოუჩები. ხშირად გვაქვს შეხვედრები, სადაც განვიხილავთ პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ვაზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას. ასევე, აქტიური კონტაქტი გვაქვს მსოფლიო ფედერაციასთან და მის სხვადასხვა წარმომადგენლობებთან, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ერთმანეთს გავუზიაროთ მიღწევები და შესაძლებლობები, პროფესიაში არსებული სიახლეები.