3 minute read

ინტერვიუ ნოე ჟორდანიას შვილთან რეჯებ ჟორდანიასთან

ნოე ჟორდანია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნამდვილი დემოკრატი, დიქტატორული იდეებისგან თავისუფალი ადამიანი იყო. თავისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდში ნოე ჟორდანია ისმენდა ოპოზიციის ხმას და შექმნა ეროვნულ-დემოკრატიული ქვეყანა. ნოე ჟორდანიას მმართველობის დროს მთავრობამ რესპუბლიკის ოფიციალურ ენად სცნო ქართული და, ამავდროულად, ახლადდაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართულენოვან უმაღლეს სასწავლებლად გამოაცხადა. ჟორდანია ხშირად მოგზაურობდა ევროპაში და, შესაბამისად, იცნობდა უცხოელ მმართველებსაც. მან ევროპელი ქვეყნების სახელმწიფო მოხელეები დაპატიჟა საქართველოში, მათ შორის რამსეი მაკდონალდი - იმ დროს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ კაუცკი - გერმანელი სოციალ-დემოკრატების ლიდერი. ჟორდანიამ მოახერხა მოეპოვებინა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ისეთი ევროპული ქვეყნებისგან, როგორებიცაა: გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, შვეიცარია. ორი წლისა და რვა თვის დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველო გაუმკლავდა ბევრ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამხედრო გამოწვევას. ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ შეუძლებელი შეძლეს: 115 წლიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ მათ შექმნეს თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება მსოფლიოში პირველი სოციალურ-დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკურ ანტურაჟში.

Advertisement

ასი წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, მამაჩემმა, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა თბილისში, მაშინდელი ვორონცოვის რეზიდენციის სარკეებიანი დარბაზიდან გამოაცხადა. ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე ღირსშესანიშნავი თარიღი 700 წლის მანძილზე, 1238 წელს, მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე პირველად, 1918 წელს საქართველო გაერთიანდა და იქცა თანამედროვე ქვეყნად, რომელსაც უძღვებოდა გამჭრიახი მთავრობა პრეზიდენტ ნოე ჟორდანიას მეთაურობით. საქართველოს გაერთიანება გრძელი და რთული პროცესი იყო. ქართველებს ძლიერი კულტურა აქვთ, თუმცა მათ ეროვნულობის ჭეშმარიტი შეგრძნება არ გააჩნდათ. ეს ცნება არ არსებობდა შუა საუკუნეებში, როცა ფეოდალური წყობა ნორმად იყო ქცეული. იმ დროს, როცა 1805 წელს რუსეთმა ქვეყანა დაიპყრო, საქართველო დაყოფილი იყო სამთავროებად და სამეფოებად. მაგალითად შიდა-ქართლი, სამეგრელო, იმერეთი. ფრანგმა და ამერიკელმა ხალხმა ეროვნულობის შეგრძნება რევოლუციების შედეგად მოიპოვა, მაშინ როცა საქართველოს მსგავს მოვლენებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. როგორც ვიცით, ის დაპყრობილი და გაერთიანებული იყო ცარისტული იმპერიის დიქტატორული მმართველობის ქვეშ ზუსტად მაშინ, როდესაც ნაციონალიზმი ვრცელდებოდა დასავლეთ ევროპაში. შედეგად, ეროვნულობის იდეამ ჩვენს ქვეყანაში ფესვები ვერ გაიდგა. მე-19 საუკუნის ბოლოს ქართველის შეგრძნება საკუთრების მიმართ ვრცელდებოდა მხოლოდ მის ოჯახზე, სოფელსა და, საუკეთესო შემთხვევაში - პროვინციაზე. ათწლეულები დასჭირდა ერის შეხედულებების შეცვლას ცარიზმისა და ნაციონალიზმის მიმართ. ქართველი პატრიოტების ძალისხმევის, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატების საიდუმლო მოღვაწეობის შედეგად, 1918 წელს საქართველო გაერთიანდა.

1918 წელს პრაქტიკულად ყველა ქართველი, სოციალური კლასის მიუხედავად, მხარს უჭერდა იმდროინდელ მთავრობას. შედეგად, 1990 წლის შემდგომი მოვლენებისგან განსხვავებით, ქვეყანაში არ მომხდარა გამანადგურებელი სამოქალაქო ომი; საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და, რა თქმა უნდა, აჭარაც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი იმ დიდი სოციალური ძვრების ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთის გარშემო სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა; შეტევები ხორციელდებოდა დენიკინის თეთრგვარდიელების მიერ, რომელთა რიგებში იყვენენ ის პოლონელი და რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფი ჯარისკაცები, რომლებიც ოტომანის იმპერიის (სამხრეთ ოსმალეთი) და საქართველოს სამხრეთ ნაწილში იმყოფებოდნენ. 1917 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად ისინი, მიტოვებულები და უფუნქციოდ დარჩენილები თეთგვარდიელებს შეუერთდნენ. მათ მხარს უჭერდა ბრიტანეთი. ეს ყველაფერი დიდ კონტრასტს ქმნის 1990-91 წლებში დამოუკიდებლობის მეორედ გამოცხადებასთან დაკავშირებულ მოვლენებთან. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო, რეგიონში ომი არ მძვინვარებდა და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა. ამის მიუხედავად, 1990 წელს საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია არეულობა: პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, არჩევიდან 8 თვის შემდეგ, თბილისიდან გააქციეს. დაიწყო სამოქალაქო ომი, რის შედეგად განადგურდა დედაქალაქის ცენტრი; ათასობით ქართველი დაიღუპა ძმათამკვლელ ბრძოლებში; აფხაზეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომლის შედეგადაც საქართველოს 300000 ლტოლვილი დარჩა!

საქართველო გადარჩა და ახლა დასავლეთზე ორიენტირებული დემოკრატიული ქვეყანაა. თუმცა, დემოკრატიის ცნება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ ტექსტებსა და სამთავრობო ინსტიტუტებში. ის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რაც ჯერ-ჯერობით საქართველოში მიუღწეველია, რადგან აქ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის დაპირისპირება სტალინის კომუნიზმსა და დასავლური რეალიზმის მიმდევრებს შორის. ყოფილი საბჭოთა კავშირის მცხოვრებნი ნაკლებად იზიარებენ აზრს, რომ დასავლური ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს სოციალური ინსტიტუტების მიხედვით, რომლებიც შეიქმნა მე-20 საუკუნეში. ეს პროცესი დაიწყო რამსეი მაკდონალდის ლეიბორისტული პარტიით დიდ ბრიტანეთში, Front Populaire საფრანგეთში, სკანდინავიურ ქვეყნებში, ფრანკლინ რუზველტის ახალი კურსით ამერიკაში და ისეთი ინსტიტუტებით, როგორიცაა: საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ანაზღაურებადი შვებულება, სამედიცინო დაზღვევა, კეთილდღეობა, უმუშევრობის დაზღვევა და მრავალი სხვა. პოლიტიკური დაღვინება თავისით არ ხდება, დრო სჭირდება აზრების ევოლუციას. დასავლეთის ყველა ისტორიკოსი აღიარებს საქართველოს რესპუბლიკისა და მათი მმართველობის მიღწევებს, თუმცა ლანჩხუთის გარდა, სადაც ნოე ჟორდანია დაიბადა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ, ქართველი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი აფასებს და აღიარებს ამ ფაქტს. მაგრამ ყველაფერი იცვლება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიმართ ინტერესის განახლება, რისი მოწმეც გავხდით, უნიკალური სოციალური მოვლენაა ჩვენს ისტორიაში. საუკუნეების მანძილზე პირველად, გვყავს ახალი თაობა, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა გარემოში და არ უგრძვნია უცხოური გავლენა. ისინი თავისუფლდებიან კომუნიზმის ხილული თუ უხილავი ჩარჩოებისგან, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს წინა თაობებზე. მათ ვერ შეძლეს დაეფასებინათ ნამდვილი პატრიოტები. ისინი, ვინც შექმნა თანამედროვე, დემოკრატიული საქართველო პირველი მსოფლიო ომის ქაოსის ფონზე. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ საფუძველი დაუდო 1991 წლის დამოუკიდებლობას, კომუნისტების 70 წლიანი ბატონობის შემდეგ. ჩვენ აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის შექმნის 100 წლის იუბილეს. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო 25 წელზე მეტია თავისუფალი ქვეყანაა, რაც შუა საუკუნეების შემდეგ დამოუკიდებლობის ყველაზე ხანგრძლივი დროა. დაე, სამუდამოდ ასე გაგრძელდეს. გაუმარჯოს საქართველოს.

This article is from: