![](https://assets.isu.pub/document-structure/180516180816-8f69359a6be6a11f1a2321cf68fc7c78/v1/a491798c7f29fa3edbd7b2363ac91642.jpg?width=720&quality=85%2C50)
4 minute read
ქართული სოციალური დემოკრატია
from Diplomat May
დღეს სოციალიზმი მიჩნეულია მოძველებულად, ფუნქციადაკარგულად და კაცობრიობის თავისუფლების საზიანოდ. ცოტა ქართველი თუ უყურებს სერიოზულად სოციალიზმის იდეებს, იმის მიუხედავად განვითარდა თუ არა ისინი. სოციალიზმი, სოციალური დემოკრატია და სოციალურად ტოლერანტული ლიბერალიზმიც კი მიიჩნევა დრომოჭმულ იდეებად. ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ქართული სოციალური დემოკრატიის ფილოსოფიისა და პრაქტიკაში მისი განხორციელების არასწორი შეფასება. შედეგად, ბოლო 25 წელია, მსოფლიოს პირველ, დემოკრატიული გზით არჩეულ სოციალურ-დემოკრატიულ რესპუბლიკას ჯერ კიდევ არ უჭირავს სათანადო ადგილი თანამედროვე ევროპის ისტორიაში. საქართველოს მოქალაქეებს თითქმის არ აქვთ წარმოდგენა თუ რა ადგილი უჭირავს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს მათი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში.
Advertisement
საქართველოს რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის თავზე საჭიროა მეტი გახსნილობა და ნაკლები ცრურწმენა ქართულ სოციალურ დემოკრატიასთან დამოკიდებულებაში. საქართველოს სოციალურ დემოკრატიულ ლიდერებს სოციალიზმის განსაკუთრებული გაგება ჰქონდათ. ისინი პრაგმატულები, პრაქტიკულები, ეროვნულები იყვნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლებმა მამებმა წააგეს დამოუკიდებლობის ომი, მაგრამ მათი მიღწევები დღეს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის არის ცენტრალური.
როდესაც ქართული სოციალიზმი პირველად ჩამოყალიბდა, იგი მიიჩნეოდა როგორც ემანსიპატორული, ევროპული მიმართულება სიახლეების დანერგვისა და მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით. 1918 წლისთვის ქართველ სოციალ-დემოკრატებს მხარს უჭერდა საქართველოში არსებული მთავარი სოციალური ჯგუფების უმეტესობა. ვლადიმირ ვოიტინსკი თავის წიგნში „ქართული დემოკრატია“ წერს, რომ „ქართული ხასიათის თვითმყოფადობამ“ გამოიწვია „ხალხის პარტიის“ მიმართ ესოდენ დიდი მხარდაჭერა. საქართველოს ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გარემომ, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა რუსეთისგან, მისცა ქართულ სოციალურ დემოკრატიას ჰეტეროდოქსული ხასიათი. ქართველმა სოციალ-დემოკრატიულმა ლიდერებმა უარყვეს ბოლშევიზმის ცენტრალიზირებული და კონსპირატორული ხედვები. ისინი დემოკრატიულ სოციალიზმში ქვეყნის რეგრესის გადალახვის, კოლონიალური დაქვემდებარებისგან, პოლიტიკური და კულტურული საფრთხისგან გათავისუფლების და მშვიდობის დამყარების გზას ხედავდნენ თავიანთ პატარა ერსა და რეგიონში, რომელიც მრავალეთნიკური მეტოქეობით ხასიათდებოდა.
საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა 1918 წელს სახელმწიფოებრიობისათვის მოდელი წარადგინეს. ამ მოდელის მიხედვით, სოციალიზმს შეეძლო ემუშავა არასამრეწველო სისტემებში, გაერთიანებულიყო ნაციონალიზმთან, გაეერთიანებინა სოციალური კლასები და გაეძლიერებინა კოლექტიური და ინდივიდუალური თავისუფლება. 1920 წელს, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პირველი ლეიბორისტული პარტიის პრემიერ-მინისტრმა რამსეი მაკდონალდმა დაწერა, რომ სოციალურ-დემოკრატიულ საქართველოში არ იყო პროლეტარიატის დიქტატურა, სოციალურ კლასებს შორის შეიარაღებული ბრძოლა, თავისუფლების, პრესისა და ასოციაციის შეზღუდვა.
სოციალიზმის ქართული მოდელი ეროვნული მდგომარეობის ფონზე აღმოცენდა და არ იყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე კლასზე. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა პროლეტარიული პარტია სახალხო პარტიად გარდაქმნეს. ამ მოდელში პატარა და დიდ ერებს შესაძლებლობა ექნებოდა თანაბრად განვითარების. ნოე ჟორდანია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი, 1915 წელს წერდა: „ახლა ერის ძირითადი განვითარება მის აღორძინებაში, გაძლიერებასა და ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მდგომარეობს... ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს ამ პროცესს, სანამ ყველა წინააღმდეგობა და ზღვარი არ გადაილახება და განადგურდება.“
1918 წელს, ქართველი სოციალ-დემოკრატები მცირე ერების სასარგებლოდ უფრო იხრებოდნენ, ვიდრე ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ჟორდანია წერდა: „ქართველებს სჭირდებათ სახელმწიფო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ერებს ჰქონდეთ არსებობის გარანტია.“ ინტერნაციონალიზმიც სწორედ იმის საფუძველზე ჩამოყალიბდა, რომ თითოეულ ერს ჰქონოდა კულტურული განვითარების შესაძლებლობა.
ქართველ სოციალ-დემოკრატებს სჯეროდათ, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყო. ამ ფაქტს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. სწორედ ამიტომ, სოციალ-დემოკრატებმა თავიანთ სამოქმედო გეგმად აირჩიეს პლურალიზმი, ადამიანის და მის მიერ კერძო საკუთრების ქონის უფლებების დაცვა.
შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯი მოიცავდა სახელმწიფო მოწყობის საპარლამენტო სისტემის, კანონიერი ვაჭრობის და შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებას. ქართველები თანმიმდევრულად მიჰყვებოდნენ ევროპასთან გაერთიანების ეტაპებსაც. ამით აიხსნება ქართველი სოციალ-დემოკრატების ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულება. 1918 წლისათვის საქართველოს ლიდერები აღარ იყვნენ მენშევიკები, ისინი ქართველი სოციალ-დემოკრატები გახდნენ. მათ სჯეროდათ, რომ პატარა სახელმწიფოებს უნდა ახსოვდეთ საკუთარი ისტორია. პარტია იყო არა პროლეტარული ორგანიზაცია, არამედ ქართული მოძრაობა, რომელმაც წინა პლანზე წამოსწია არა სოციალური კლასები, არამედ მოქალაქეები (მათ შორის ქალები და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები). ქართველი სოციალ-დემოკრატების კრიტიკოსების ნაციონალისტების, ნაციონალ-დემოკრატების კრიტიკის მიუხედავად, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მე-20 საუკუნის ევროპაში შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოებრივი მოდელი პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით.
თუმცა ქართველი მმართველების ამბიციური გეგმები ძალიან მალე აღმოჩნდა ძალაუფლების შენარჩუნებისა და გადარჩენის აუცილებლობის წინაშე. სახელმწიფოს წინ იდგა ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, მეზობელი ქვეყნების მტრობა და საერთაშორისო არასტაბილურობა. მთავრობას უნდა შეენარჩუნებინა ძლიერი სახელმწიფო ფინანსური რესურსის, გამოცდილებისა და უცხოური მხარდაჭერის გარეშე. ამის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ქალებს მიანიჭა ხმის მიცემის უფლება, განაცალკევა სახელმწიფო და ეკლესია, შექმნა მრავალპარტიული პარლამენტი, კერძო საკუთრების იდეა, უზრუნველყო უფასო განათლების ხელმისაწვდომობა, დააწესა დახმარება უმუშევართათვის და სახელფასო მინიმუმი, და გაათავისუფლა პრესა ზეწოლისგან. მთავრობა შეეცადა დაებალანსებინა სამეწარმეო უფლებები (პრივატიზაცია სოფლად), რაც წარმოადგენდა დიდ სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას ღარიბი მოქალაქეების მიმართ. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს ნიშნავდა პროტექციურ ტარიფებს, ლიცენზიებს იმპორტის და ექსპორტისთვის, შიდასახელმწიფოებრივ მონოპოლიას, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა იმ კანონის თანხლებით, რომელიც იცავდა დასაქმებულის უფლებებს და არ ზღუდავდა პროტესტის გამოხატვის უფლებას.
საჭირო გახდა გაერთიანებული მიდგომების დაფიქსირება. ნოე ხომერიკმა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გამოაცხადა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, სოციალურ სამართალთან ერთად, რომელიც შეიძლება მიღწეულიყო „სოციალური წარმოების დახმარებით და არა კერძო ინიციატივების შეზღუდვის მეშვეობით“. მაგრამ ვერც თავისუფალი ბაზრის პოლიტიკა და ვერც რადიკალური სოციალიზმი იყო მდგრადი, მასობრივი უმუშევრობის, ეკონომიკური კრიზისისა და საგარეო ვაჭრობაზე და ინვესტიციებზე დამოკიდებულების პირობებში. სახელმწიფოს მხარდაჭერა მრეწველობაში, გაერთიანებული ეკონომიკური ლიბერალიზმის პრინციპებთან ერთად, ფართოდ იყო გავრცელებული პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებში.
ამ პოლიტიკას დიდი შიდა და გარე დაბრკოლებები შეექმნა, თუმცა ის ინარჩუნებს საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს საფუძველს. მთავრობა ყოველთვის არ იცავდა თავის ყველა დემოკრატიულ პრინციპებს, მაგრამ მათ შექმნეს კონსტიტუციურობის, ლიბერალური დემოკრატიის და ეკონომიკური პლურალიზმის დასაწყისი საქართველოში. ქართული სოციალური დემოკრატია იყო პოლიტიკური მოწყობის ინოვაციური მოდელი, რომელიც დაფუძნებული იყო შერეულ ეკონომიკაზე, უფლებამოსილ მთავრობაზე, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე საზოგადოების კეთილდღეობისა და ქონების სამართლიან გადანაწილებაზე. ეს იყო სოციალ-დემოკრატიული მოდელის წინამორბედი, რომელიც გავრცელდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დღესდღეობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა მეტ ყურადღებას იმსახურებს ქართველი ისტორიკოსებისგან და ბევრად ნაკლებ ცრურწმენას პოლიტიკოსებისგან.