5 minute read

სალომე ზურაბიშვილი: ნიკო ნიკოლაძე დამოუკიდებლობამდე ქმნიდა სახელმწიფოს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატთან ინტერვიუში საუბრობს თავისი დიდი ბაბუის ნიკო ნიკოლაძის როლზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში, იხსენებს ემიგრაციაში გატარებულ წლებს და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა სამუდამოდ არავის ეძლევა, რისთვისაც მუდმივი ბრძოლაა საჭირო.

როგორ შეაფასებთ თქვენი დიდი ბაბუის ნიკო ნიკოლაძის როლს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში?

Advertisement

ჯერ გავიხსენოთ, რომ ნიკო ნიკოლაძემ მიიღო მონაწილეობა უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. ცნობილია, რომ ჟორდანია და სოციალდემოკრატები ორჭოფობდნენ და ვერ წყვეტდნენ დამოუკიდებლობის საკითხს, როცა 1918 წლის მარტში ბათუმის მოლაპარაკებებში მონაწილეებმა ნიკოლაძემ და ჩხენკელმა წარუდგინეს მთავრობას უალტერნატივო გზა, დამოუკიდებლობის გამოცხადება როგორც ერთადერთი საშუალება თურქეთის მიერ დაყენებული ულტიმატუმისგან დაღწევისა (ან რუსულ თურქულ ბრესტლიტოვსკის ტრაქტატის აღიარება და თურქეთისთვის ბათუმის დათმობა ან თურქეთი ძალით დაიკავებდა ამ ტერიტორიებს). ბათუმიდან თბილისში გზავნილი მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული: “დამოუკიდებლობა კარზეა, როგორ არ მივესალმოთ მას გულმხურვალედ... თუ ეს წამი გავუშვით ხელიდან, რა პასუხს გავცემთ ხვალ იმათ ვინც ჩვენს მერე მოვლენ”.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ნიკოლაძის და ჩხენკელის არგუმენტები და მართლაც მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ამავე წლის 26 მაისს. თუმცა შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩავთვალოთ ნიკოს წვლილი დამოუკიდებლობის აღდგენის მზადებაში, თავისუფალი და ევროპული აზროვნების გავრცელებაში. ნიკოლაძის მრწამსი იმით განსხვავდებოდა მისი თანამებრძოლეებისგან, რომ მას უფრო სჯეროდა პრაქტიკული საქმისა ვიდრე სიტყვის და ვიდრე იდეოლოგიისა. სანამ ილია მომავალი სახელწიფოს ეროვნულ იდეოლოგიას აყალიბებდა, ნიკომ მოიარა ევროპა და იქ ეძებდა მეცნიერებაში თუ ახალ ტექნოლოგიებში, ეკონომიკურ მოდელებში თუ კერძო საკუთრებისადმი ან შრომისადმი დამოკიდებულებებში იმ საიდუმლოს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განვითარების და თვითმ- ყოფადობის ნიადაგს შეუქმნიდა... პრაკტიკულ გზებს ეძებდა როგორ უნდა მოეპოვებინა ქართულ სახელმწიფოს საკუთარი რესურსებით თავისუფლების გზა. ძიებით არ შემოიფარგლა და კიდევაც საქმეში გამოავლინა თავი: ფოთის პორტის მშენებლობა, ტყიბულის ქვანახშირი, ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მარგანეცი, პირველი რკინიგზა, ... დამოუკიდებლობამდე ქმნიდა იგი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინაპირობებს...

დაიბადეთ და გაიზარდეთ საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში, მაშინ როცა საქართველო იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რა განწყობა იყო მაშინ ემიგრაციაში და როგორი იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის?

ბრძოლა ემიგრაციაში დამოუკიდებლობის აღდგენისთვის საკმაოდ რთული იყო, როცა ყველა ბერკეტი უკვე დაკარგული ჰქონდა პოლიტიკურ ემიგრაციას: 1934 წლის შემდეგ აღარც დიპლომატიური წარმომადგენლობა ფუნქციონირებდა, აღიარებული აღარ იყვნენ ყოფილი მთავრობის წარმოამდგენლები მთავარი ევროპული ქვეყნების მიერ... ანუ დიპლომატიური, პოლიტიკური ბერკეტები აღარ ჰქონდათ... ფინანსური არც არასოდეს ჰქონია ქართულ ემიგრაციას და სამხედრო ძალა ხომ არ გააჩნდა... ასე რომ, ძირითადად ეს ბრძოლა ვითარდებოდა მორალურ დონეზე, პრინციპების შენარჩუნების დონეზე. ეს ნიშნავდა საქართველოს სახლემწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის იდეის დაცვას ყოველდღიურად უცხოურ და ქართულ ემიგრანტულ პრესაში... ყველგან გახსენება საქართველოს ოკუპაციის ფაქტის, წითელი არმიის მიერ ძალით დაპყრობის, საერთაშორისო იურიდიული პრინციპების დარღვევით. ასევე ყველა დონეზე საქართველოს სახელის დაცვას, სადაც მხოლოდ საბჭოთა კონტექსტში ან რუსებად იყვნენ მოხსენებულნი სპორტსმენები, მუსიკოსები... ესე იგი ჭეშმარიტების დაცვას ისტორიული გაყალბების და პროპაგანდის წინაღმდეგ... კიდევ ქართული კულტურის გაძლიერება. ემიგრაციაში გამოდიოდა უამრავი პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთი... პრინციპების დაცვის კატეგორიაში ასევე იწერებოდა საბჭოთა კავშირის არ აღიარება, მისი წარმომადგენლობის არ ცნობა და მის დოკუმენტებზე (ვიზა ...) უარის თქმა, რაც ასევე ნიშნავდა სამშობლოში ჩასვლაზე უარის თქმას. ამ ბრძოლამ ასევე მიიღო ომის პერიოდში სამხედრო სახე, როცა ნაწილი ემიგრაცია ჩაერთო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანელების მხარეზე, იმ იმედით რომ გერმანელების გამარჯვება საქართველოს განთავისუფლებას მოიტანდა. მეორე ნაწილი ემიგრაციის პირიქით დასავლეთის მხარეზე ჩაება ბრძოლაში, რწმენით რომ ერთი ტოტალიტარიზმის დამარცხება მეორე ტოტალიტარიზმსაც შეურყევდა საყრდენს. თუმცა, არც ერთი გამართლდა, არც მეორე. ომის შემდგომ პერიოდში ბრძოლამ მიიღო კიდევ ახალი ფორმა: იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო შეეგუა საბჭოთა სისტემის უკვდავობას, ემიგრაცია ჯიუტად ატარებდა საბოლოო გამარჯვების იმედს და საბჭოთა იმპერიის დაშლის რწმენას. მამაჩემისგან გარდაცვალებამდე სხვა არაფერი მომისმენია და ყოველ ახალწელს ერთმანეთს ულოცავდნენ - ამ წელს გვენახოს თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო. ასევე ყოველწელს 26 მაისს ზეიმობდა ემიგრაცია არამხოლოდ პარიზში არამედ ბრიუსელში, გერმანიაში, ამერიკაში თუ არგენტინაში ანუ სადაც ქართველის სათვისტომოები არსებობდა. ეს იყო ქართული სიმღერითა და ცეკვით გაფორმებული საღამოები, რომლის მთავარი დატვირთვა დამოუკიდებლობის აზრის და მნიშვნელობის გახსენება იყო თვით ემიგრანტებისთვის და მათი უცხოელი სტუმრებისთვის. და ბოლოს ქართული ეკლესია, წმინდა ნინოს პარიზის ეკლესია 1933 წელს დაარსებული იყო ამ დამოუკიდებლობის სულის გამამხნევებელი კერა სადაც მთელი თავისუფალი მსოფლიოდან ემიგრაციაში მყოფი ქართველები მოდიოდნენ და დამოუკიდებლობისთვის ლოცულობდნენ.

როგორ აფასებთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, რა იყო მთავარი შეცდომები და წინსვლა?

ჩვენი სახელმწიფო ისტორია ითვლის არა ერთს არამედ მრავალ საუკუნეს, იმის მიხედვით თუ რა ათვლის წერტილს ავირჩევთ... სამაგიეროდ ბოლო ასი წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოდ მხოლოდ სამ წელს და ბოლო 26 წელს ვითვლით. ასე რომ სახელმწიფოს შეცდომებს და წინსვლებს 100 წელზე ვერ შევაფასებთ, რადგანც ამ 100 წლიდან 70 წლის მანძილზე არც ცუდზე და არც კარგზე პასუხს არ ვაგებთ. თუმცა შეგვიძლია შევაფასოთ, თუ 3 წლის დამოუკიდებლობამ რა შესძინა ქვეყანას რამაც გააძლებინა შემდეგ ტოტალიტარული სისტემის 70 წელი, ისე რომ ერი არ განადგურდა და ქვეყანა არ გადაშენდა.... აღდგენილმა დამოუკიდებლობამ და გაცოცხლებულმა თავისუფლებამ ერს დაუბრუნა არა მხოლოდ პოლიტიკური თვითმყოფადობა არამედ შემოქმედებითი ენერგია: მხატვრობა, მწერლობა, პოეზია, თეატრი გაცოცხლდა და მას შემდეგ ათეული წლების მანძილზე კვებავს ეროვნულ სულს. უცხოეთში დამოუკიდებელი მთავრობის მიერ გაგზავნილი კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, გრიგოლ რობაქიძე ... ბრუნდებიან და დიდხანს აცოცხლებენ თავისუფლების უკვდავ ცეცხლს თავიანთ შემოქმედებაში. დამოუკიდებლობის მოპოვებული განძი დიდხანს მოჰყვება საქართველოს და 20-30 იანი წლების აჯანყებები და ბრძოლები დაუმონებელი სულისკვეთების მოწმედ გვევლინებიან. თუნდაც 56 წლის გამოსვლები თუ 9 აპრილის სახელმწიფო ენის დასაცავად გამოსული საზოგადოება ადასტურებს, თუ რა ღრმა და ძლიერი იყო სახელმწიფოებრიობის აღდგენა და რა კვალი დაუტოვა შემდეგ თაობებს. შეიძლება ითქვას, რომ 1991 წლის დამოუკიდებლობის ისევ გამოცხადება და რეფერენდუმის ჩატარება ასევე 1918 წელს კვალს მოჰყვება. თუმცა რამდენად გავიაზრეთ და გამოვასწორეთ იმ პირველი წლების შეცდომები (პარტიული მიკერძოება და საზოგადოების პარტიულ გამყოფ ხაზზე დაშლა, სამხედრო ძალის მოუმზადებლობა, გაურკვეველი სტრატეგია ევროპასთან და რუსეთთან დაკავშირებით) ძნელი სათქმელია და ზოგჯერ პირიქით ისე ჩანს, რომ სულ ერთი და იგივე შეცდომას ვუშვებთ: სახელმწიფოს კონსოლიდაციას, საზოგადოების ერთიანობას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ვიდრე პარტიულ თუ პიროვნულ ამბიციებს.

როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის?

სწორედ ამ საუკუნის და საქართველოს წინა საუკუნეების ისტორია იმის დასტურია, რომ დამოუკიდებლობა არასოდეს სამუდამოდ მოცემული არაა და ყოველთვის დასაცავია. დღესაც კარგად ვხედავთ, რომ დიდი ნაწილი ჩვენი საზღვრებისა ჯერ კიდევ არა თუ დაცული არამედ დადგენილი და აღიარებული არაა და ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია ჯერ მისაღწევია. თუმცა ტერიტორიაზე, საზღვრებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ის შინაგანი თავისუფლებაა, რომლის გარეშე თავისუფალი საზოგადოება და მასში მყოფი თავისუფალი პიროვნებები არ ჩნდებიან. მათ გარეშე ვერც თავისუფალი ქვეყანა იარსებებს. მონურად განწყობილ ადამიანებს ყოველთვის მიდრეკილება ექნებათ, რომ შიგნით ვინმეს დაემონონ და გარეთ უფრო ძლიერი სახელმწიფოების ჩრდილს ამოეფარონ. ამის საფრთხე არსებობს როცა ჩვენს ინტერესებს ხმამაღლა ვერ გამოვთქვამთ, როცა ვერ ვბედავთ განსხვავებული აზრის დაცვას და ჩვენი საკუთარი განვითარების გზის დადგენას. ეს ადამიანის ცხოვრებისეულ გზას ეხება, როგორც სახელმწიფოს განვითარებისა. ახლო წარსულმა, იმპერიული რუსეთის კოლონიალურმა წყობამ და სწორედ ბოლო საუკუნის 70 არა-თავისუფალმა წლებმა დაგვიტოვეს ის დაღი, რომლისგანაც ბოლომდე უნდა განვთავისუფლდეთ, რათა დავიბრუნდოთ ჩვენი თავის ნდობა, ჩვენი ძალების იმედი და ჩვენვე დავიჯეროთ, რომ ქვეყანა ტერიტორიული თუ დემოგრაფიული საზომით არ იზომება არამედ იმითი თუ რამდენად შეუძლია საკუთარი ინტერესები ჩამოაყალიბოს, და ამის მიხედვით იმოქმედოს.

This article is from: