5 minute read
ვაკე რეზიდენსი - გუმბათი ჰოლდინგის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი -Diplomat
ღირებულებები და ნდობა განსაზღვრავს ჩვენს კომპანიას - ინტერვიუ გუმბათი ჰოლდინგის დირექტორებთან
კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 8 წელია საქმიანობს, ამ ხნის განმავლობაში წარმატებით დაასრულა 4 პროექტი და 3 მიმდინარე მშენებლობა აქვს, მათგან ერთი წლის ბოლოს სრულდება.
Advertisement
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის მშენებლობა ვაკეში, ყიფშიძის ქ. #1-ში მიმდინარეობს. „ვაკე რეზიდენსის“ მშენებლობა „გუმბათი ჰოლდინგისთვის“ განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი კომპანიის მიერ 2008 წელს შეჩერებული პროექტი, რომლის დასრულებაზეც პასუხისმგებლობა „გუმბათი ჰოლდინგმა“ აიღო. კომპანიამ 200 დაზარალებულ მობინადრეს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა იგივე ფართები, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ.
რა საინვესტიციო მოცულობის არის პროექტი და რით გამოირჩევა ბაზარზე არსებული სხვა მშენებლობებისგან, ამის შესახებ კომპანია „გუმბათი ჰოლდინგის“ დირექტორებს სოსო მაჩაიძეს და ნატო ბოჭორიშვილს ვესაუბრეთ.
მოგვიყევით „გუმბათი ჰოლდინგის“ ისტორიის შესახებ, იმ ღირებულებების შესახებ, რასაც ეფუძნება კომპანია და რაც გამოარჩევს მას სხვებისაგან.
სოსო მაჩაიძე: „გუმბათი ჰოლდინგი“ 2014 წელს შეიქმნა და უკვე განხორციელებული და დასრულებული აქვს ოთხი პროექტი, მათ შორის გვაქვს მიმდინარე პროექტები, მაგალითად „ვაკე რეზიდენსი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის.
ასევე, ბაკურიანშიც გვაქვს მიმდინარე პროექტი.
მთავარი ღირებულება ჩვენთვის არის ხარისხი და კომფორტი, რომელსაც ვარგებთ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ჩვენი მობინადრეები ხდებიან. საინტერესოა, რომ ჩვენი სხვადასხვა პროექტის მყიდველთა უმრავლესობა ერთი და იგივე ადამიანები არიან, რადგან ნახეს ხარისხი და კვლავ უნდათ იყვნენ ჩვენთან ერთად, გახდნენ ჩვენი მობინადრეები. ვთვლით, რომ სწორედ სანდოობაა ყველაზე დიდი ღირებულება. როცა ადამიანი გვენდობა, ჩვენც მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს და ამ პასუხისმგებლობით მივყვებით შემდეგ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებთ.
გუმბათი ჰოლდინგს აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება, ამ გამოცდილებასა და დასრულებულ თუ მიმდინარე პროექტებზე რომ გვესაუბროთ.
სოსო მაჩაიძე: აშენებული გვაქვს მრავალფუნქციური კომპლექსები, ამჟამად ექსპლუატაციისთვის ვამზადებთ „იპოდრომი რეზიდენსს“, რომელიც სტრატეგიულად საკმაოდ კარგ ადგილასაა, იმდენად მაღალი იყო ამ პროექტზე მოთხოვნა, რომ გაყიდვების პროცესი, ფაქტობრივად მშენებლობის დაწყებისთანავე დასრულდა. ასევე აშენებული გვაქვს „ვერე ბიზნეს ცენტრი“, სადაც სტაბილურად ერთი და იგივე დამქირავებლები არიან, საკმაოდ ბევრი საერთაშორისო კომპანია ინტერესდება ჩვენი საოფისე ფართებით.
ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი პროექტი არის „ბულვარის კარიბჭე“, რომელიც მდებარეობით, ვიზუალური მხარითა და ხარისხით გამოირჩევა. ბაკურიანში ჩვენი პროექტი „ვილა კოხტა მიტარბი“ ასევე ადგილდებარეობით არის საინტერესო როგორც საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ, სწორედ ამიტომ არის მიმზიდველი როგორც ქართული ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.
კომპლექსი მოიცავს სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, მთლიანად რეკრეაციულ სივრცეშია ჩაფლული და მარტივად მორგებადია იმ ადამიანების საჭიროებებზე, რომლებიც ბაკურიანში დასასვენებლად ჩადიან.
აღსანიშნავია ის, რომ კომპანია განსაკუთრებული აქტიურობით ბოლო პერიოდში გამოირჩევა. რითია განპირობებული ეს აქტიურობა?
ნატო ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში გავაქტიურდით იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყეთ ძალიან მასშტაბური პროექტი ვაკეში, „ვაკე რეზიდენსი“, რომლის განაშენიანება მიმდინარეობს 1 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე, ჯამში უნდა აშენდეს 100 000 კვადრატული მეტრი, შესაბამისად ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც შედის როგორც კომერციული ფართები, ასევე საოფისე სივრცეები და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ბინები.
სოსო მაჩაიძე: „ვაკე რეზიდენსი“ არის ძალიან მასშტაბური პროექტი არა მარტო იმიტომ, რომ მისი მდებარეობაა საუკეთესო. აქ ძალიან დიდი გამოწვევა იყო ის, რომ ეს იყო 2000-იან წლებში დაწყებული მშენებლობა, რომელშიც უკვე 200-მდე მობინადრე უნდა ყოფილიყო, რომლებმაც ამ პროექტში ფართი შეიძინეს. სამწუხაროდ, 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე, მშენებლობა ვერ განხორციელდა.
რაც ყველაზე მთავარია, მთლიანად დავშალეთ ყველა ის კონსტრუქცია, რაც არსებობდა, 20 000 კვადრატამდე იყო უკვე აშენებული. რადგან ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხარისხი და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არ იყო იმ დონეზე აშენებული, რაც ჩვენი სტანდარტია, ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და ბოლომდე გასუფთავდა ტერიტორია. ნულიდან დავიწყეთ ჩვენი მშენებლობა და ამიტომ ეს აქტიურობა ჩვენს გარემო ფაქტორებშიც აისახა, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენთვის, არამედ იმ 200 ადამიანისთვის, ვინც ამდენი წელია ელოდებოდა ამ კორპუსის მშენებლობას.
ნატო ბოჭორიშვილი: ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მომავალშიც იგეგმება პროექტების დამატება, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, რომ ვაკეში გაყიდვების ოფისის გახსნა დასაწყისია და სამომავლოდ, სხვა ლოკაციებზეც გავხსნით გაყიდვების ოფისებს. ვთვლით, რომ ძალიან საინტერესო პროდუქტების შეთავაზება შეგვიძლია მომხმარებლებისთვის.
უნდა ითქვას ისიც, რომ პროექტს გამოარჩევს კორპუსისთვის დამახასიათებელი არასტანდარტული სარეკრეაციო სივრცე, სართულებს შორის ტერასები. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სიახლეების დანერგვა ქართულ ბაზარზე.
სოსო მაჩაიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს რეკრეაციული სივრცეების არარსებობის პრობლემა, მითუმეტეს შუაგულ ვაკეში რთული იყო მიგვეღწია იმისათვის, რომ ყოფილიყო შესაბამისი დასასვენებელი ადგილი. ჩვენ შევქმენით ისეთი სივრცე, რომელსაც გამოიყენებს ყველა მობინადრე, დაახლოებით 7 000 კვ. მეტრამდეა მოსასვენებელი სივრცე, არის დახურული ეზო, საბავშვო მოედნები. ასევე ჩვენი მონაპოვარია ის ორდონიანი ტერასა, რომელიც არის შუაგულ კორპუსში სადაც მოეწყობა სივრცეები სხვადასხვა აქტივობებისთვის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ნატო ბოჭორიშვილი: აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტში გათვალისწინებულია სამდონიანი ავტოსადგომი, რომელიც დაახლოებით 600 ავტომანქანაზეა გათვლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროექტი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნების უმრავლესობას, რაც დღეისთვის აქტუალურია საზოგადოებაში. მაგალითისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსასვენებელ ზონებს, ასევე ავტომანქანის განთავსება არის მნიშვნელოვანი მოთხოვნა ჩვენი მომავალი მობინადრეებისაგან. ამ ორი კრიტერიუმის გარდა, კომპლექსში კიდევ ძალიან ბევრი, საინტერესო ელემენტია გათვალისწინებული, გვაქვს როგორც დიდი ვიტრაჟული ბინები, ასევე სხვადასხვა ხედები როგორც ვაკის, ასევე საბურთალოს მხარეს. ამასთან ერთად, გვაქვს ისეთი ბინები, რომლებსაც საკუთარი ტერასა მოყვება.
როგორია პროექტის საინვესტიციო მნიშვნელობა?
ნატო ბოჭორიშვილი: ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ დოლარზე მეტია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის 200-მდე ოჯახი, რომლებიც ელოდებიან თავის ბინებს, მიიღებენ ზუსტად იმ მოცულობის ფართებს, რომლებიც თავის დროზე ჰქონდათ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა პირიქით, გაფართოებაც კი გადაწყვიტა ამ პერიოდში, რაც ნამდვილად მისასალმებელია.
მშენებლობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად მასშტაბურობისა, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 3 წლის ვადაში დავასრულოთ, იგულისხმება როგორ შავი კარკასის მშენებლობა, ასევე ეზოს და ინფრასტრუქტურის მთლიანი მოწყობა. იმედი გვაქვს, და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ უახლოეს მომავალში ვაკეს ძალიან ლამაზ და ფუნქციურ კომპლექსს შევმატებთ.