4 minute read
რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე ხელოვნების გაზიარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო პროექტებზე - DIPLOMAT
ირინა, შენ ხარ კულტურის სფეროს წარმომადგენელი, რომლისთვისაც არც დიპლომატიაა უცხო, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატის ოჯახიდან ხარ. რა როლი აქვს კულტურას დიპლომატიაში?
ისე მოხდა, რომ სწორედ დიპლომატია და საერთაშორისო პროექტები აღმოჩნდა ჩემთვის შემოქმედებითი ინტერესის წყარო. ხელოვნება ეკუთვნის ყველას, ის არ უნდა იყოს გამოკეტილი ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებში. აუცილებელია გაზიარებაც, საერთაშორისო კოლაბორაციაც და, რაც ჩემთვის მთავარია, ხელოვნება უნდა იყოს რელევანტური დღეს.
Advertisement
ვთვლი, რომ ხელოვნებას თუ სწორად გამოიყენებ, მას აქვს ძალა რამე შეცვალოს. შეიძლება ეს ცვლილება არ იყოს სწრაფი, მაგრამ ხანდახან წვეთ-წვეთად ამ ხელოვნების ნიმუშს შეუძლია იქონიოს გავლენა ადამიანის გულებზე, გონებაზე და ფიქრებზე.
მაგალითისთვის ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში შემოდის სერიალები კონკრეტულად ერთი ქვეყნიდან, მოსახლეობა უყურებს, ერთობა და შედის ამ სერიალის გმირების ემოციურ მდგომარეობაში, ერთგვარი სიმპათიით იმსჭვალება მათ მიმართ. ამას ჰქვია კულტურული ექსპანსია, როდესაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნიდან ხდება სხვა ქვეყნის კულტურულ ბაზარზე გაბატონება. ხალხი უკვე განწყობილია ამ კონკრეტული ქვეყნის მიმართ. მითუმეტეს, თუ ეს სერიალები ისტორიულია, სადაც მაყურებელს უკვე ცრუ პატრიოტიზმის გრძნობები უჩნდება. „ცრუ“, რადგან ეს მისი ქვეყანა არაა, არამედ სერიალით თავს მოხვეული სხვა ქვეყნის ისტორიაა. ასეთივე ძალა აქვს ლიტერატურას. პოპკულტურაზეც იგივეს ვიტყვი, მის გავლენაზე ახალგაზრდებზე. მოკლედ, მიმაჩნია, რომ ხელოვნება შეიძლება იყო პოლიტიკის იარაღი.
დავიწყოთ ბავშვობიდან, რას ნიშნავს იყო დიპლომატის შვილი, როგორ გახსენდება ის პერიოდი როცა სხვადასხვა ქვეყნებში გიწევდა ცხოვრება?
ალბათ იმ ფაქტით უნდა დავიწყო, რომ ჩემს ოჯახში დიპლომატიით პირველი მე დავინტერესდი, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე. დიპლომატობას ვაპირებდი. მაშინ მამაჩემი ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში და წიგნებს წერდა. როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პირველად მაშინ დანიშნეს მამაჩემი ელჩად და უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი წავედი უცხოეთში, როგორც ელჩის შვილი. პირველი ქვეყანა იყო ისრაელი. შემდეგ მე მოსკოვში მაგისტრატურაზე ჩავაბარე ოპერის და დრამატული თეატრის რეჟისურის განხრით. მამაჩემი დაახლოებით 20 წელი იყო ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში და მე ხშირად ვსტუმრობდი ხოლმე ჩემს მშობლებს. აქედან გამომდინარე დიპლომატის ცხოვრება ჩემი ბუნებრივი ყოფის ნაწილი გახდა.
რატომ აირჩიე ხელოვნების სფერო, ხომ შეიძლებოდა შენც დიპლომატიის გზას გაჰყოლოდი?
მე ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დიპლომატი ვარ. ასე მომწონს, არავისზე ვარ დამოკიდებული და ჩემი საერთაშორისო პროექტები მაქვს. გარდა ჩემი პროექტებისა, ყოველი ჩემი უცხოეთში დადგმული სპექტაკლი ერთგვარი დიპლომატიაა, რადგან მე კულტურულად საქართველოს წარმოვადგენ, და ვისთანაც ვთანამშრომლობ ისინი ჩემი სახით საქართველოსაც ეცნობიან.
შენი სახელი ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტს უკავშირდება, რომელია ის სამი პროექტი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ?
ყველა ჩემი პროექტი მიყვარს, მაგრამ რადგან კულტურულ დიპლომატიაზე ვსაუბრობთ და ჩემი პროექტებიდან 3 მაქვს ამოსარჩევი, მაშინ დავასახელებდი მოცარტის ოპერა „დონ ჟუანს“, რომელიც 2009 წელს დავდგი ერევნის სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჩემი მიზანი იყო ეს დადგმა სომეხი მომღერლებით ჩამომეყვანა საქართველოში, ჩამერთო ქართველი და აზერბაიჯანელი მომღერლები და კავკასიის ხალხების გაერთიანება შემდგარიყო ოპერის ფრთის ქვეშ. ამ ამბიციური და უტოპიური გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა. მე მინდა მჯეროდეს, რომ მოვა დრო, როდესაც ხელოვნება მშვიდობის მოტანასაც შეძლებს!
მეორე პროექტად დავასახელებდი ქართული დრამატურგიის ფესტივალს, რომელიც 2017 წელს ჩავატარე ნიუ იორკში. ინგლისურად ნათარგმნი 11 ქართული პიესა დავადგმევინე 11 ამერიკელ რეჟისორს. დავპატიჟე ნიუ იორკის, და არა მხოლოდ ნიუ იორკის თეატრები, რომ ისინი დაინტერესებულიყვნენ ქართული დრამატურგიით და შემდგომ დაედგათ თავიანთ თეატრებში. ამ ფესტივალს შედეგიც მოჰყვა, მომდევნო წელს ერთი თეატრი დაინტერესდა ქართული პიესის დადგმით და დათო ტურაშვილის პიესა, რომელიც, სხვათა შორის, ეხებოდა 1921 წელს საქართველოდან ჩვენი პირველი მთავრობის ემიგრაციას, დადგეს. ამასთანავე ჩემი ფესტივალი მოიცავდა ორ ქართულ კონცერტს, ხოლო თეატრის ლობიში ქართული დამწერლობის ნიმუშების ასლები იყო გამოფენილი. ქართული კულინარია და ქართული ღვინის დეგუსტაციაც შედიოდა ჩვენს პროგრამაში.
მესამე პროექტად დავასახელებდი „ოპერა რეგიონებში“, რომელიც 2019 წელს საქართველოში განვახორციელე. ეს იყო ამერიკელი კომპოზიტორის, ჯან კარლო მენოტის ოპერა „ტელეფონი“, რომელიც დავდგი ქართველ მუსიკოსებთან ერთად ავსტრიაში, ვენის „ფოლკსთეატრში“ (Volkstheater) და შემდეგ საქართველოს რეგიონებში ჩამოვიტანე. გარდა იმისა, რომ პროექტი ემსახურებოდა ოპერის პოპულარიზაციას, ამავე დროს ეს იყო დასავლური, კერძოდ ამერიკული კულტურის ნიმუში. როგორც ზემოთ ვთქვი, კულტურული ექსპანსიის მე ძალიან მჯერა. ვფიქრობ რეგიონებში ის არაჩვეულებრივი ხალხი, ვინც დაესწრო ამ სპექტაკლს და ისიამოვნა, მათ მეხსიერებაში პოზიტიურ მოგონებად დარჩება ამერიკული ოპერით ჩვენი მათთან სტუმრობა.
მომავლისთვის მაქვს კიდევ არაერთი საერთაშორისო პროექტის გეგმა, მათ შორის საქართველოში ამერიკული დრამატურგიის ფესტივალი, რომელზეც უკვე მეორე წელია ვმუშაობ და იმედია მალე ამ პროექტსაც განვახორციელებ.
ამ ეტაპზე მუშაობ ბორის აკუნინის პიესა „ჰამლეტი. ვერსიაზე“, რომელიც უკვე დადგი ნიუ იორკში. რით არის განსხვავებული ეს „ჰამლეტი“ და რა ეტაპზეა პროექტის განხორციელება საქართველოში?
ბორის აკუნინის პიესა „ჰამლეტი. ვერსია“ არის შექსპირის კლასიკის განსაკუთრებულად ორიგინალური გადამუშავება. ნიუ იორკში ამ პიესის მსოფლიო პრემიერა დავდგი და დიდი წარმატება ხვდა წილად, როგორც მაყურებლების, ისე პრესის მხრიდანაც. მედიაში დაიწერა 12 პოზიტიური გამოხმაურება, მათ შორის დადებითად გააშუქა The New York Times-მა. ამ ეტაპზე ქართულად ვდგამ ქართველი მსახიობების მონაწილეობით. პრემიერა შედგება წელს, 25 ნოემბერს. მე მჯერა, საქართველოშიც ისეთივე ინტერესი იქნება ამ დადგმის მიმართ, როგორც ნიუ იორკში იყო. პროექტის გენერალური სპონსორი თბილისის მერიაა, მაგრამ მაინც პატარა ფინანსური პრობლემები გვაქვს და დამატებითი სპონსორების მოზიდვას ვცდილობ. რეალობაა ის, რომ ხელოვანებს ფინანსებზე ფიქრიც უწევთ.
ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გადის, ეს იქნება სპექტაკლის გასტროლი, კინოფესტივალზე ფილმის გატანა თუ წიგნის თარგმნა და გამოცემა, ეს ყველაფერი კულტურული დიპლომატიაა, და ჩვენ ხელოვანები, ვერც კი ვხვდებით, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც ჩვენდაუნებურად ჩვენი ქვეყნის დიპლომატები ვხდებით ხოლმე.