4 minute read

ბულგარეთის ელჩი: გზა ევროკავშირის წევრობამდე რთული და ხანგრძლივია

წელს ბულგარეთი ევროკავშირში გაწევრიანების 15 წლისთავს აღნიშნავს. ბულგარეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი „დიპლომატისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ქვეყნის განვითარების ტრაექტორიაზე წევრობის შემდგომ.

მიუხედავად მრავალი პრობლემისა სასამართლო სისტემასთან, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ბულგარეთი 2007 წელს ევროკავშირის წევრი გახდა, როგორ ფიქრობთ რატომ გაუხსნა ევროკავშირმა ბულგარეთს კარი იმ პერიოდში?

Advertisement

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ ბულგარეთისთვის არ იყო დამახასიათებელი. ასეთი შემთხვევები იყო სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც. ეს სოციალური დაავადებები ძალიან მდგრადია და ძნელია მათი სამუდამოდ აღმოფხვრა. ამას დრო სჭირდება და ბულგარეთისთვის ევროკავშირის კარების გახსნის გადაწყვეტილების მიღმა გარკვეული მსჯელობაც სწორედ ამას ემყარებოდა. მიჩნეული იყო, რომ ყველასთვის უფრო მომგებიანი და ეფექტური იქნებოდა ამ პრობლემებზე მუშაობა ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის წევრის შემთხვევაში. გარდა ამისა, ე.წ. მე-5 გაფართოება დასრულდა ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად 2007 წლის იანვარში.

თუმცა, ბულგარული წარმატების ეს ისტორია ძირითადად განპირობებული იყო როგორც ბულგარეთის პოლიტიკური ელიტის, ისე მოსახლეობის მკაფიო და მტკიცე ერთგულების ევროპული ინტეგრაციისადმი. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ასე რომ, ბულგარეთის გაწევრიანების გადაწყვეტილება ასევე შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასოცირების პროცესში და განსაკუთრებით გაწევრიანების მოლაპარაკებების დროს ჩვენ შევძელით ბულგარეთის, როგორც სანდო და კონსტრუქციული პარტნიორის იმიჯის ჩამოყალიბება, რომელთანაც წევრ ქვეყნებს შეეძლოთ წარმატებით ემუშავათ. ეს ყველაფერი განხორციელდა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთელი ბულგარეთის საჯარო სამსახურის შრომის შედეგად, რომლის წევრობითაც ძალიან ვამაყობ.

რას ფიქრობთ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უპირობოდ, როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში?

მე ამას ვუყურებ, როგორც მიმდინარე პროცესს, რომელიც, როგორც წესი, ხანგრძლივი და გამოწვევებით სავსეა. მე ვირჩევ წინსვლისკენ მომართულ, უფრო სტრატეგიულ მიდგომას სიტუაციის მიმართ. საქართველომ უნდა გამოიყენოს მისთვის მიცემული შესაძლებლობა ევროპული პერსპექტივის აღიარებით. ფაქტობრივად, საქართველოსთვის გაიხსნა გზა სასურველი საბოლოო დანიშნულებისკენ - ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გზა არის, ე.ი. არსებობს ნება!

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდით ბრიუსელში, ასევე მონაწილეობდით ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში, რას ურჩევდით საქართველოს რა მოიმოქმედოს, რომ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი იყოს?

დავესესხებოდი გამოთქმას ჩოგბურთში და ვიტყოდი: თვალი გეჭიროთ ბურთისკენ! გააგრძელეთ რეფორმები და განახორციელეთ 12 რეკომენდაცია, შეასრულეთ დავალება, რათა საქართველო გახდეს თანამედროვე, აყვავებული და მიმზიდველი ქვეყანა. იმ პირობით, რომ თქვენი ქვეყანა არ გადაუხვევს არჩეული კურსიდან - ერთადერთი გზა არის ევროინტეგრაციის პროცესში მომდევნო, უფრო მაღალ დონეზე ასვლა.

საქართველოში გვაქვს მსგავსი პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ჰქონდა ბულგარეთს ევროკავშირში გაწევრიანებამდე, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მრავალპარტიული სისტემის არარსებობის და ა.შ. როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემები?

ტოტალიტარული მოდელის უკან მოტოვება არასოდეს არის ადვილი. საჭიროებს ეროვნულ კონსენსუსს, თუ რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ, ახალი მოდელის შექმნას, მოტივირებულ პოლიტიკურ ძალას და დახმარებას პარტნიორებისა და მეგობრებისგან. წარსულთან გამკლავება და მომავლის აშენება და თან ამავდროულად აწმყოს მართვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა! ჩვენთვის ეს იყო უსწორმასწორო გზა, რომელიც პერიოდულად აღინიშნებოდა ძალიან რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მტკივნეულ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. შედეგები, უფრო სწორად, მიღწევები იყო შესანიშნავი და ღირდა ამ ძალისხმევად!

ბულგარეთი უკვე 15 წელია ევროკავშირის წევრია, რა შეიცვალა თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით?

ბულგარელები ხედავენ ეკონომიკურ სარგებელს ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, მაგრამ ასევე პოლიტიკურ მიღწევებს, როგორიცაა ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობა და უფრო მეტი უსაფრთხოება. არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს ასევე ევროკავშირში ყოფნის სურვილის ასრულების მნიშვნელობა, მასიური სამშვიდობო და ტრანსფორმაციული პროექტი ჩვენს კონტინენტზე.

დღეს, ჩვენი გაწევრიანების 15 წლის შემდეგ, ბევრი, თუ არა უმეტესი, ბულგარელი გეტყვით, რომ ჩვენს ქვეყანას მეტი შეუძლია. ჯერ კიდევ გვაქვს გზა გასავლელი რამდენიმე საკვანძო საკითხთან დაკავშირებით და დიახ, ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო უკეთესები გავმხდარიყავით. თუმცა აშკარაა პროგრესი, მშპ გაორმაგდა, ხელფასები სტაბილურად იზრდება, ჩვენ ვსწავლობთ უკეთ ვიმუშაოთ დემოკრატიულ გარემოში და გავზარდოთ ის, ვიყოთ აქტიური და უკეთესი მოქალაქეები. ბულგარელები რჩებიან პროევროპულებად და მზად არიან გადავიდნენ უფრო ღრმა ინტეგრაციაზე.

ჩემთვის ამჟამად უპირველესი მნიშვნელობისაა გადავლახოთ ის სოციალურ-ეკონომიკური უფსკრული რომელიც შეინიშნება უფრო განვითარებულ წევრ ქვეყნებთან და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ირჩევდნენ დარჩენას, ვიდრე წასვლას საზღვარგარეთ უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად.

მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნეთ ბულგარეთის ელჩად საქართველოში, როგორ დაახასიათებდით ამ ქვეყანას და მის ხალხს?

თუ ერთი სიტყვით უნდა დავახასიათო, ვიტყოდი რომ ჯადოსნურია, ესაა პირველი რაც მახსენდება! გასაკვირი არ არის, რომ მაგიური რეალიზმის ელემენტები მოიძებნება თქვენი ზოგიერთი მწერლის შემოქმედებაში, მაგალითად, ოთარ ჭილაძის, ასევე კინორეჟისორების და სხვ.

აქ თავს კარგად და სახლში ვგრძნობ და ამით უკვე ნათქვამია თუ როგორ დავახასიათებდი საქართველოს და მის ხალხს! საინტერესოა იმის ცოდნა, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი!

This article is from: