7 minute read
ევროკავშირის ელჩი: გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ერთად იმუშავეთ ევროკავშირის წევრობისთვის
2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა საქართველოს „ევროპული პერსპექტივის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობამ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ევროსაბჭომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, მას შემდეგ რაც შესრულდება ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საქართველოში დიდად არ აღინიშნა, რადგან მოლოდინი უპირობო კანდიდატის სტატუსი იყო, ისევე როგორც ეს მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.
ჩვენ ვესაუბრეთ პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოში, რათა გაგვერკვია, შეძლებს თუ არა საქართველო ამ პრიორიტეტების შესრულებას წლის დასასრულამდე და რა მოლოდინები აქვს მას ამ კუთხით.
Advertisement
მოცემული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, საქართველომ დააკმაყოფილოს აღნიშნული 12 პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ რეკომენდაციას ვუწოდებთ ქართულად და როგორ მოხდება პროგრესის შეფასება?
ევროპის საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 ლიდერისგან, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრებისგან შედგება, ივნისში ერთობლივად მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გადაცემის გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, ეს მართლაც ისტორიული მომენტია; ასე რომ, ყველა ეჭვი საქართველოს ევროკავშირის წევრობის უფლებასთან დაკავშირებით გაიფანტა და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცა. ახლა ქართულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ მზად არის ამ გამოწვევისთვის, შემდეგი ნაბიჯი კი ამ პრიორიტეტების განხორციელებაა.
საქართველოში ჩემი ოთხკვირიანი ვიზიტისა და როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბრების საფუძველზე, ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, თუმცა ეს თითოეული დაინტერესებულ მხარის ერთად მუშაობას მოითხოვს. რამდენადაც ვიცი, პარლამენტში მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, სხვადასხვა კომიტეტში, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე და ამისათვის დაწესებულია ამბიციური ვადები.
როგორც ევროკავშირის ელჩი, რა თქმა უნდა ვაცხადებ, რომ ჩვენ აქ ვართ დასახმარებლად და რჩევების მისაცემად, მაგრამ ქართულმა მხარემ თავად უნდა შეასრულოს საშინაო დავალება. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ როდესაც ევროკომისია მომავალ წელს შეაფასებს პროგრესს და ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი კვლავ განიხილს ამ საკითხს, პროგრესი შესაბამის ვადებში მიღწეული იქნება და გადაწყვეტილება იქნება დადებითი.
თქვენ დაინიშნეთ ევროკავშირის ელჩად საქართველოში, ქვეყანაში რომელსაც, არცერთი ევროკავშირის ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, თუმცა ამავდროულად აქვს ძალიან დიდი მისწრაფება ევროკავშირის წევრობისაკენ, ეს მისწრაფება კი საუკუნეებს ითვლის, ქართველი ხალხი საუკუნეებია მიიჩნევს თავს ევროპული ოჯახის წევრად, ამას ამყარებს ქვეყნის კულტურა და ისტორია, როგორ აფასებთ ამ მოცემულობას?
ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ევროპაში და ევროპული ღირებულებების ერთგულია, შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ივნისში მიღებული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გეოგრაფიული მდებარეობის განხილვა აღარ არის დღის წესრიგში, საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე მიენიჭა, წერტილი!
რაც შეეხება ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრების არარსებობის საკითხს, შემიძლია მოგიყვანოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითები, რომლებაც ასევე არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირის სხვა წევრებთან, მაგ. ირლანდია, კვიპროსი და მალტა. ამიტომ, გეოგრაფია არ არის პრობლემა, რადგანაც იგი არასდროს ყოფილა პრობლემა და ვინაიდან ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე მიანიჭა, ეს საკითხი აღარ არის განხილვაში.
ამავდროულად, და ეს ის არის, რითაც მე ნამდვილად ვამაყობ - ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ საქართველოს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან დასაახლოებლად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პროექტი სწორედ კავშირების დამყარებაა და ჩვენ მათ ვქმნით შავი ზღვის ფსკერზე, ასევე, საბორნე კავშირების სახით შავ ზღვაზე, ასე რომ, როგორც კი ყველა ეს პროექტი განხორციელდება, იმედი მაქვს, რომ გეოგრაფიული მანძილის პრობლემა წარსულს ჩაბარდება.
რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც დაჟინებით აცხადებს და გამოხატავს, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში, რომელიც თავად არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით უკმაყოფილო, თუმცა გამოსავალსაც ვერ ხედავს?
როდესაც საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადებოდი, ჩემთვის გასაოცარი მაჩვენებელი იყო ევროკავშირის მიმართ 70-80 პროცენტიანი ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რაც უკიდურესად დამამშვიდებელი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპის ნაწილად აღიქვამს და სურს გახდეს მისი ნაწილი.
შესაბამისად, ამ საკითხზე ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებელია ინკლუზიური, ღია, გამჭვირვალე პროცესის შექმნაზე და ოპოზიცია მასში კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს. როდესაც ვფიქრობ ჩემს ქვეყანასა და სხვა ქვეყნებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ ევროკავშირს, მათთვისაც რთული იყო პოლიტიკური ხაზების გადალახვა, მაგრამ თითოეული ჩვენგანისთვის ეს შესაძლებელი იყო.
საქართველოს შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ ეს მიზანი, რომელსაც მოსახლეობის ასე ფართო მხარდაჭერა აქვს, შექმნის სიტუაციას, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე გაერთიანდება და ერთად იმუშავებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის.
თქვენი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს და მის პოლიტიკურ სიტუაციას კარგად იცნობთ, თქვენი აზრით როგორ მოვედით აქამდე? როგორ ხდება, რომ გვყავს იგივე მთავრობა რამდენიმე ვადით და რაც უფრო დიდხანს რჩება ერთი პოლიტიკური ძალა მთავრობაში, მით უფრო სუსტდება ოპოზიცია და დემოკრატიული მმართველობა ქვეყანაში?
საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც თავად ხალხი წყვეტს ვინ წარმოადგენს მათ. როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან ჩემი მრავალი დისკუსიის შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაინტერესებულია ევროკავშირისკენ სვლაში, რაც ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ყველა ტრანსფორმაცია გამოწვევაა და დგება დრო, როდესაც რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, მაგრამ მჯერა და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიაღწევენ კომპრომისს და მიუხედავად ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის ბუნებრივი განსხვავებებისა, ყოველ შემთხვევაში ამ ერთი საკითხის, ევროინტეგრაციის გარშემო, შეიკრიბებიან და ერთად კონსტრუქციულად იმუშავებენ.
ევროკავშირი დიდ როლს ასრულებს საქართველოს პროგრესისა და დემოკრატიული განვითარების პროცესებში, თუმცა უკვე ოცდაათი წელია ვერ ვიხილეთ მრავალპარტიული მმართველობა, სასამართლოს რეალური რეფორმა და ეკონომიკური განვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს უზრუნველყოფს, როგორ ფიქრობთ რა უნდა შეიცვალოს როგორც ევროკავშირის ისე საქართველოს მხრიდან, რომ საქართველოში კიდევ უფრო ხელშესახები ცვლილებები ვიხილოთ?
ნათელია, რომ ბოლო ათი წლის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, მათ შორის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო რეჟიმი; ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ლიდერების ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიმდინარე წლის ივნისში.
ასე რომ, ვფიქრობ, მიმდინარეობს სტაბილური პროცესი და ამ ტენდენციას არა მხოლოდ გაგრძელება, არამედ დაჩქარებაც სჭირდება; საქართველოს აქვს შესაძლებლობა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ევროპული პერსპექტივის მინიჭება ერთგვარი ღია კარია და საქართველოს აქვს შანსი ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობით. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობაც და ოპოზიციაც გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით ერთად იმუშავებენ.
2008 წლის ომის გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. როგორ აფასებთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას სწორედ ამ გადმოსახედიდან და როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად მოხდა ამ გადაწყვეტილების კომუნიცირება საქართველოს მოსახლეობასთან, რომელსაც ისედაც გატეხილი აქვს გული, ნატოსგან მაპ-ის (MAP) არ მინიჭებით და ახლა უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კიდევ დამატებითი პრიორიტეტების მიღებით?
რადგან 2008 წლის ომი ახსენეთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებითაც. აღვნიშნავთ რა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან 14 წლისთავს, დღესაც აქ ვართ ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს და სეპარატისტული რეგიონების სტაბილურობა და თანდათან ნორმალიზება. ჩვენ ასევე ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე და ვიმედოვნებთ, რომ რაღაც დროს აუცილებლად ვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის ხელშესახებ შედეგებს საქართველოში.
ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული მომენტი იყო; ის საქართველოს აძლევს უნიკალურ შანსს, დააჩქაროს გზა ევროკავშირისკენ; შემუშავდა 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) და იმედი მაქვს, რომ სამუშაოები დასრულდება და საქართველოს მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ახლა იდეალური დროა, რადგან არ ვიცი რამდენ ხანს იქნება ეს ფანჯარა ღია, ამიტომ ყველა შეხვედრისას განმავლობაში მოვუწოდებდი ხელისუფლებასაც და ოპოზიციას: გამოიყენეთ ეს შანსი, ეს ისტორიული მომენტია თქვენი ქვეყნისთვის.
ჩვენ ღია ვართ თქვენთვის, მაგრამ გელოდებით, რომ შეასრულებთ 12 რეკომენდაციას. ეს თქვენზეა დამოკიდებული, ეს თქვენი ქვეყანაა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მიიღწევა.
და ბოლოს, თქვენ გაეცანით მთავრობის გეგმას 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, შეხვდით ოპოზიციას თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ამ ეტაპზე როგორ აფასებთ, რამდენად რეალურია რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
ვინაიდან სულ რამდენიმე კვირაა რაც აქ ვიმყოფები, ეს დრო საკმაოდ დატვირთული იყო ჩემთვის. მე შევხვდი ბევრ თანამოსაუბრეს, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასევე, იმედი მაქვს რომ საქმე ეხება არა მხოლოდ კანონების მიღებას, არამედ ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელებას.
ჩემი გზავნილი ოპოზიციას - დარჩით პარლამენტში, ჩაერთეთ კონსტრუქციულად, მიაწოდეთ ახალი იდეები. იმედია ეს ყველაფერი გამოიწვევს 12 პრიორიტეტის განხორციელებას. საქართველოს პარლამენტში პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მე ჯერ კიდევ ვეკონტაქტები, ვცდილობ შევხვდე, მოვუსმინო და ვისწავლო იმისგან, რისი გამოცდილებაც ჯერჯერობით მივიღე. იმედი მაქვს, რომ მთავრობა გახდის პროცესს ინკლუზიურს, ღიას და გამჭვირვალეს, რომ საერთაშორისო სტანდარტების დამწესებლები, როგორიცაა ODIHR და ვენეციის კომისია, ამ ყველაფერში ჩაერთონ, და საქართველომ გაითვალისწინოს მათი რჩევები და კონსულტაციები.