vano CxikvaZe
axadelebis rZali 1
2
ვ ვანო ჩხიკვაძე
ახადელების რძალი
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2018 წ.
3
4
გავარდა მეხი თუ მეხზე უფრო უარესი. ელვის შუქზე მოქნეული ცელი გაკაშკაშდა და ახადელების სათიბში მარტოხე აბოლდა. დაფრთხა, აიყალყა ხეზე გამობმული ცხენი. შესჭიხვინა ნისლებით დამძიმებულ, მოკუპრულ სივრცეს. ტოტებს მოდებული ცეცხლის სვეტი ცისკენ გაიწელა. გაშლილ ფაფარში ახრჩოლებულმა მუგუზალმა ულაყი სულ გადარია, გამოგლიჯა ორკაპს გამოდებული აღვირი, სიმწრით კბილებდაკრეჭილი მიწაზე დაგორდა და დალორთხილ ბალახში ჩააქრო ფაფარს მოდებული ალი. ირგვლივ დამწვარი ბეწვის და ხორცის სუნი დადგა. ცხენი როცა წამოდგა, გაშავებულ, ალანძულ კისერზე, ალაგ-ალაგ, ლოპოსავით გადასძრობოდა კანი. ტკივილმა თუ რაღაცის მოლოდინმა გაარინდა. იქუხა, კიდევ იქუხა და... სიჩუმე ჩამოვარდა. ეს უკვე აღარ ჰგავდა მეხის ხმას. მიწაში წარჭობილმა ცელმა ქვაზე ხრჭიალი მოიღო. ,,ნინო! ნინო!.. ნიინ!..'' – ჩიტივით შეფრთხიალდა ძახილი. ტახტზე ფეხმორთხმულ გოგოს საქარგი თითებში შეაცივდა – ახადელების სარძლოს დამფრთხალი მზერა
5
წვიმით დაჩხაპნილ სარკმელს მიაწყდა, სმენა მიადევნა ხელგაშვებულ ძაფის ბოლოსავით გაქცეულ ძახილს. ,,ნიინ...'' – ხმა კიდევ უფრო გაიწელა, გაწვრილდა, ნემსის ყუნწში გაძვრა. ყველა ნერვი აუფორიაქდა, მოუსვენრობა ტანში გაუჯდა. აქედან შორს, დაფერდებულზე დაკიდული, კვლებით დაზოლილი საბოსტნე ნაკვეთების ზემოთ, ტყისპირა სათიბში დასრესილ ბალახზე, მკლავებგაშლილი ბიჭი გულდაღმა ეგდო. გარდიგარდმო წამხობილს წვიმის და წყაროს ნაჟური დაეგუბებინა. მიწა მოეფხოჭნა. ბალახისთვის ხელი ჩაევლო, მაგრამ სიკვდილს დაესწრო, ვეღარ მოეგლიჯა, ეგრევე ჩარ-ჩენოდა მუჭში ჩაბღუჭული. ცხენმა აღმართი აირბინა, წაქცეულს თავს დაადგა, ტანზე დაყნოსა და აკანკალდა, აუთახთახდა ფერდები, ფლოქვი გამეტებით დასცხო მიწას. ყამირის გაყოლებაზე, ერთბაშად ატეხილი იფანის და მუხის კორომიდან, სროლის ხმაზე ჩამოიხვეწა კოჭლი ტყისმცველი. გადააბრუნა უსულო სხეული და მუხლი მოეკეცა – ახადელების გიორგი შერჩა ხელში – ვიღაცას, ეტყობა, ტყისპირიდან დაესვა ბიჭი ნიშანზე და კეფა გაეხვრიტა. ,,ვინ გაგიმეტა, სოფლის თვალო ვაჟკაცო!'' – ამოიგმინა და საწვიმარის სველი კაპიუშონი უკან გადაიგდო, ბიჭი შედარებით მშრალზე გადააჩოჩა. 6
ორი ტყვია ზედიზედ გავარდა. სროლის ხმაზე ქვემოთ დაშვებულ ტყისმცველს ხმელი ტოტების ლაწალუწი მოესმა – ვიღაც საპირისპირო მხარეს მირბოდა. მზერა ვერ მიატანა, ვერ იცნო, ვინ იყო, მხოლოდ შეფოთლილ ხეებშორის წამიერად გაჰკვესეს მგლური დაუნდობლობით აფორიაქებულმა თვალებმა და, ამ თვალების პატრონი, სალოცავებქვემოთ, შამბიან ხევში ჩაილეწა, ჩაიფარცხა, გადაიკარგა. ბიჭს გაოცებული თვალები დაუხუჭა. რატომ არ მიყევიო, აკორიკავდა დამოკლებულ ფეხზე, გამწარებულმა მკერდი ჩაიმჯიღა და მხრიდან გად-მოგდებული ცალლულიანი შეთქმულივით დადუმებულ უღრანს ესროლა. სათიბში ჯერ კიდევ ხრჩოლავდა ძახილის ნიშანივით შავად ასვეტილი, ნამეხარი ალვა. ახადელების ბიჭი მოუკლავთო, დახევდა სოფელში მუხლის მომკვეთი ზარი. ,,ნინო!.. ნინო!..ნიინ!..'' საფენთან ფეხმორთხმული დედა სამზითვო მატყლს პენტავდა, ოთახში შემოსულმა, სახედაძმარებულმა მამამ, გულისგამაწვრილებლად აჭრაჭუნებული ჩექმებით რომ გაიარ-გამოიარა. რაღაც იცი და არ გვეუბნებიო, ვითომ გაეხუმრა შეფიქრიანებული ცოლი. 7
მე რომ ვიცი, რა ხეირი მაყრია, თქვენც არ გახაროთო. გული ჩამოსავარდნად დაკონწიალდა, დაეკიდა და უნებურად გარედან შეაშველა ხელი, ჩვილ ძუძუს ნები ამოუდო. გაისუსა, ვერ გაიგო, რატომ აუჩქროლდა. არ გაუხედავს, მაგრამ ზურგით იგრძნო მამამ დედა თვალის ჩაკვრით გარეთ როგორ გაიხმო. ქალმა საპენტი სახრე მატყლზე მიაგდო, სიჩქარეში ცალ-ცალ ჩუსტს წაუყარა ფეხი და ქმარს გაჰყვა. ,,ნინო!.. ნინო!.. ნიინ!..'' – მოდის, მოიშლება შავი ღრუბელი, მოდის, ეფარება და აბნელებს ნინოს მზით სავსე გულს. რა ხდება? დარდის მატლი რატომ აფუთფუთდა, აირია, რას უმალავს დედ-მამა? ნამაისევს, რამდენიმე დღეში, ნინო და ახადელების გიორგი ჯვარს დაიწერენ. დამთავრდება მოლოდინი, შეაშრება მონატრების ცრემლი და დაისვენებენ დანიშნულის გზას მიჩერებული თვალები. თეთრი, თოვლივით საპატარძლო ფატა მზადა აქვს, კაბასაც ხვალ-ზეგ მოუმთავრებენ... მაშ ამ გაავებულ ღრუბელს რა უნდა, ელვით გადაპობილი შუბლით კარს რომ აწვება, აბნელებს ფანჯრებს და ატორტმანებს კედლებს. ,,ის ქალი სადღა დაიკარგა, - რატომღაც დედაზე გაჯავრდა, - მზითვის ლოგინსაც ხომ უნდა მოსწრება.''
8
თითში ნემსი იჩხვლიტა. ამოჟონა სისხლის ბურთულამ. ტუჩებით დასწვდა, გამოწოვა ნანემსარი. გაუმლაშდა პირი, დაგვალულივით ჩაუხმა ყელი. გადმოიტანა ტახტზე მოკეცილი ლამაზი, სწორი ფეხები, გამოაღო კარი და შემოვარდა ამბავი – ჩაძინებულივით თავჩაქინდრულ, ერთბაშად დაბერებულ ცხენს აღვირის ნაწყვეტი დაჰკონწიალებდა. ,,ცხენის ტირილი ვის გაუგია?'' – გაკვირვებულმა საქმროს დაუწყო ძებნა და უნებურად ამოხდა: ,,მხედარი რა უყავ, უბედურო, მხედარი შავ დღეზე გაჩენილი!..'' მოწურულ მკერდზე ხელები თავისთავად დაეკრიფა და გაირინდა. თავსხმა წვიმა ცდილობდა ხევგაღმა ლავად ამოხეთქილ ქალის გავარვარებული ხმის გაგრილებას: ,,რად დაგეხარბა სიკვდილი, შვილო, ალბათ შენი შნო და ლაზათი შეშურდა!..'' ,,მხედარი რა უყავ, უბედურო...'' დაფრთხენ, შეეშინდათ ერთმანეთის ცხენსა და გოგოს. ოხრად დარჩა ყველაფერი: მზითევი, მომლოდინე თვალები, ხელები, სხეული, ფიქრები, ოცნებები...
9
ოხრად... ოხრად... სამუდამოდ გაქრა მომფერებელი ხმით ნათქვამი:''ნიინ!..''
ბიჭის
გამაოგნებელმა სიცარიელემ აავსო, ამოქოლა, გამწარებული სულისთვისაც აღარ დაუტოვა სხეულში ადგილი, დაიკუნტა, დაბეჩავდა, შიგნიდან გამიბუგა და, თვალის დახამხამებაში, სიცოცხლე აუტანელ უაზრობად იქცა. მხოლოდ ცოცხალმა მკვდარმა იცის, სიკვდილზე უარესი უბედურებაც რომ არსებობსო, გაიფიქრა და უნებურად მატყლის საპენტ სახრეს დასწვდა. გამეტებით დაიქნია, გადაიწნა ზურგზე, ერთხელ, მეორედ, მესამედ... ჩითის კაბის ქვეშ, უგრძნობელ სხეულს, მხოლოდ წითელი ზოლები დაეტყო, ტკივილი არ უგრძვნია, ტკივილი სადღაც გამქრალიყო. ვითომ არც გაუგია გარეთ რა მოხდა, ფეხები ისევ ტახტზე აიკეცა, დასეტყვილი ხელეურებივით ჩაუცვივდა კალთაში მკლავები და, ერთბაშად მოხრილს, კუზებამოყრილს, ციებიანივით კბილს კბილზე აცემინებდა. მეორე დილით, დედამ შვილს რომ შეხედა, გული ჩაეგლიჯა - გოგოს თმაზე ჭაღარას ჩანჩქერის ქაფივით გადაევლო: ყველაფერი ღვთის ნებაა... განა არ იცი, ყველამ ერთად თავებიც რომ დავიხოცოთ, მაინც ვერაფერს
10
ვუშველითო, მუხლები.
საცოდავად
ატირდა,
გამოითქვიფა
ვერც დედის მოთქმამ მოჰგვარა ცრემლი, იჯდა გამშრალი და მკერდზე ჩამოშლილი თმის ბოლოებს ძენძავდა. შაბათს ჯვარი უნდა დაეწერათ. სოფლის მღვდელი მამა ელიზბარიც ხომ შეიგულეს და შეიპირეს: შაბათს ლხინის თონე უნდა გაეხურებინათ - ჭირის შოთ-ლავაში ამოიყრება. ,,შაბათს!.. შაბათს!.. კიდევ რა უნდა მომხდარიყო შაბათს?'' – თითები მიიჭირა საფეთქლებზე, მაგრამ სხვა ვერაფერი გაიხსენა... ვერ დაიჭირეს, ვერ დააბეს ცხენი. გაგარეულებული მირბოდა და მორბოდა. მოადგებოდა ჭიშკარს, აჭიხვინებულს ჩამოსტიროდა წვიმით სველი თავ-პირი და, როგორც კი გახედავდნენ, გაიქცეოდა. ისევ ტყისმცველმა იმარჯვა, დაყვავებით მიეპარა, აღვირში ჩაავლო ხელი. აღარც ცხენი გასძალიანებია, მორჩილად გაჰყვა, შაბათი ახადელების გომურში გაითენა.
11
*** მეხუთე დღე იყო, ცა ჩამოიქცა, სოფლის ამღვრეულ ხევაზე გადებულ ბოგირზე წყალი ზემოდან გადადიოდა. ახადელების სახლსა და დერეფანში თავშეყრილი, დაკრძალვაზე მისული ხალხი გადაკარებას ელოდებოდა, ეზოში ნინო რომ შემოვიდა. წელამდე დაშვებული, თავზე მოხურული ძაძიდან თვალებიღა მოუჩანდა. ადე, ბიჭო, დანიშნული მოგივიდაო, შიგნით ვიღაცამ დაიხავლა. აქვითინდა, აბღავლდა ყველა და, დაყირავდა სანთლებით განათებული ოთახი, ჩაცურდნენ, ჩაიკარგნენ უფსკრულში ცოცხლებიც, მკვდარიც, წესის ასაგებად მოსული მღვდელიც და მის უკან ადევნებული, სახენაყვავილარი, საცეცხლურიანი მორჩილიც. თავბრუდახვეულმა ზღურბლზე წაიფორხილა, წამით შეყოყმანდა, შეებრალა თავისთავი ამ უძირო უაზრობაში ჩასანთქმელად, მაგრამ ხელი რომ შეაშველეს, გამოფხიზლდა, წელში გასწორდა, გაიმართა, დაეწმინა მზერა. შუა ოთახში დასვენებული საქმრო უფრო დიდი და ლამაზი ჩანდა. უფრო დაემშვენებინა ყვრიმალიდან დაწყებულ ნაიარევს, ტყვიას ნიკაპამდე რომ ჩაეგლიჯა, სახე შუაზე გადაეტეხა და მოკუმულ ტუჩებში სიმწრის ღიმილი ჩაექცია. 12
დაიხარა, დაკრეფილ ხელებზე აკოცა. არა, ოდნავ შეახო ტუჩები, თითქოს შიშობდა, არ გაეღვიძებინა. ზარის ხმამ უფრო იმატა, ვერ დაეტია ოთახსა და დერეფანში. ახადელების საპატარძლო იდგა თავდახრილი, მიცვალებულს ჩაჩერებული. ბოლოს, როგორც იქნა, ამოიხედა, ასწია თავი, მოატარა თვალი მწუხარებით დაღრეცილ სახეებს. მზერა მამა ელიზბარზე შეაჩერა,წვიმით გაჟღენთილი შალი უკან გადაიგდო და მხრებზე ჩამოცურებული ძაძა გოგოს ფეხებთან შავად შეგუბდა. უცებ სიჩუმე ჩამოვარდა, განცვიფრების, გაოგნების შიშით მოგვრილი სიჩუმე, თითქოს რაღაც უფრო უარესი მოხდა, იმაზე მწარე ცეცხლი დაენთო, ვიდრე ჭირისუფლებს სწვავდათ – ახადელების საპატარძლოს, თავსაფარქვეშ აკეცილი, თეთრი საქორწინო ფატა ჩამოეშალა, ჩამოეფინა ანგელოზ სახეზე. – მღვდელო, დაგვწერე ჯვარი! – დაიჩურჩულა გოგომ და ეს ჩურჩული ყველა კუთხე-კუნჭულს მისწვდა. დაბნეულმა მამა ელიზბარმა, მუჭში მოქცეული წვერი, აკანკალებული ნიკაპიდან გვერდზე მიხვეტა: – ჯვარი?.. როგორ, რანაირად... არ გაგონილა და არ თქმულა! 13
– დაგვწერე, ჯვარი, მამაო! – შესთხოვა ხელმეორედ. საქმროს თავთან დაუდგა და სახეზე ისეთი ღიმილი დაეფინა, თითქოს მთელი ქვეყნიერების ბედნიერება, მისთვის დაებერტყა გამჩენს. მღვდელმა ჭაღარა თავი შეარხია – გულით უნდოდა ამ უცნაური სიზმრიდან გამორკვევა, მაგრამ რადგან ,,არსმენილი და არგაგონილი'' არ ეშვებოდა, ვერ მოიცილა, პირჯვარი გადაისახა და ისედაც ჩია, ახლა მთლად დაპატარავებულ მორჩილს საცეცხლური ჩამოართვა... თავსხმა ერთბაშად მინელდა. გარღვეული ღრუბლიდან გამოჟონილი ერთადერთი სხივი ფანჯარას დააკვდა და წვიმის წვეთებზე აციაგდა...
*** ახადელების სახლის გაყოლებაზე, ჩაბნელებულ გომურში, აყალყული ცხენი ტყუპი ფეხით მიაწყდა გარედან გადარაზულ კარს, ჩარჩოიანად გადმოანგრია, გამოვარდა, ძეძვის ღობეს გადაევლო და ქვიან დაღმართზე დიდხანს ისმოდა დანალული ფლოქვების ხათქახუთქი. გარბოდა, გარბოდა ცხენი, რათა გადაკარგულიყო და აქაურობა სამუდამოდ დაევიწყებინა.
14
15
16