ეული ტრიტონის სიმღერა

Page 1

1


შესავალი ბანქო: მეფე აზარტული თამაშებისა. ოდითგანვე ცნობილი და საყოველთაოდ გავრცელებული. ფუძე ათასობით სახეობისა. მიზეზი ტრაგედიებისა. ელეგანტური და მიმზიდველი. ერთგული და მატყუარა. იმედი და სასოწარკვეთა... თემა ნოველებისა, გაცნობის საშუალება, ჰანგები სიმღერისა, მცოდნე ქალთა ბედ-იღბლისა, ტრანსპორტის ამაჩქარებელი, ძვირფასი დროის ვერაგულად მძარცველი, მკვლელი მძიმე საათებისა... მავანმა ტურისტმა თქვა, რომ ბანქოს თანმიმდევრობის კანონზომიერებები ცხოვრების გზებზე გაცილებით რთულნი და მრავალფეროვანნი არიან. იმდენად რთულნი, რომ ამოუხსნელნი და საიდუმლონი რჩებიან. განა შეიძლება ადამიანის გამოგონილმა დახატულმა ფურცლებმა და რაღაც წესებმა თვითონვე ის მოამწყვდიონ ჩიხში ?! _ იკითხავს ტურისტის ნათქვამში დაეჭვებული, _ განა ტუზებზე, ჯვრებზე და რაღაც ცხრიანებზე, ქალებსა და მეფეებზე პრიმიტიული არსებობს რამე?! ბანქოს საიდუმლო ხანმოკლეა. ის ხშირად იხსნება, ყოველი თამაშის დასრულებისას ბანქოს გახსნასთან ერთად, მაგრამ ძვირი ჯდება. წუთისოფლის კანონების საიდუმლო მხოლოდ ერთხელ, ბოლოს იხსნება, რამდენიმე წუთით ადრე და თვით სიცოცხლის ფასს უტოლდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა 2


მომეთხრო ერთი შეუმჩნეველი ცხოვრებისეული ისტორიის თუ ტრაგედიის შესახებ, ახალგაზრდას რომ გადახდა თავს. ...იჩქარეთ, იწამლეთ ბანქოთი, განცდების უნარდაკარგულნო! ის შეგიძლიათ იაფად იყიდოთ, გამდიდრების მსურველნო! ბანქოს შეძენა ნებისმიერ უნივერსალურ მაღაზიაში შეიძლება, მდიდარნო! იჩქარეთ, იჩქარეთ! წუთს ნუ დაკარგავთ! ბანქო! ინებეთ ბანქო!

3


პირველი თავი "სპარტაკს სადარდებელი არაფერი აქვს", _ ამბობდნენ სტუდენტები. სპარტაკი კი ფიქრობდა: სადარდებელს რა გამოლევსო და თუმცა საქმე არა ჰქონდა რა, მაინც გამოცხადდებოდა ხოლმე ინსტიტუტში საქმიანი იერით. კონსულტაციაზე მისულ თანაკურსელებს ეუბნებოდა, რომ გამოცდაზე მთავარი იქნება იუმორის გრძნობის შენარჩუნება და ასე ამხნევებდა მათ. ხმაურიანი ქალაქის ხმაურიანი ქუჩის პირას მდგარ მრავალსართულიან სახლში წყნარი, სამი წევრისგან შემდგარი ოჯახი ცხოვრობდა: მამა, დედა და ის. მამა, ომარ ჩაჩაევი, პროფესიით ხელოსანი ორმოცდაათს გადასცილდა. თავისი შვილის არჩეულ გზას უკმაყოფილოდ არ უყურებდა, რადგან იცოდა დროულად მიღებული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. სპარტაკის დედა _ ოლღა მეათე წელი გადიოდა რაც საპარიკმახეროში მუშაობდა, თუმცა სპეციალობით პარიკმახერი არ იყო. ახალგაზრდობაში მედდად მოეწყო კლინიკაში. ოცდაერთი წლისამ თავი ანება მედიცინას, სამხატვრო აკადემიაში სცადა ჩაბარება, პირველ წელს გამოცდაში ჩაიჭრა, მეორე წელს ქულა დააკლდა, მესამე ცდაზე ჩაირიცხა. ორი კურსიც არ ჰქონდა დახურული, რომ ომარმა ამოიღო თვალში და მოსვენება არ მისცა. გაცდენების გამო ოლღა გარიცხეს და ერთ კვირაში ხელიც მოაწერეს. მალე ბიჭი შეეძინათ, მაშინ ომარი, ოცდაათი წლის ბრგე ვაჟკაცი, ხელშეკრულებით მუშაობდა ხელოსნად. ხან 4


კალატოზად და ხან კედლებს აპირკეთებდა. ყველაზე მეტ დროს კი თავის საამქროში კარფანჯრის მასალის დამუშავებას ანდომებდა. მერე, წლები რომ გავიდა ამ საქმიანობას შეეშვა და მშენებლობაზე გადავიდა. ბრიგადის ხელმძღვანელად დანიშნეს და მრავალი წლის განმავლობაში შესანიშნავად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. არა ერთი და ორი შენობა წამოიჭიმა მისი მონაწილეობით. სპარტაკმა საშუალო სკოლის პარალელურად ფორტეპიანოს კლასიც დაამთავრა და იმავე წელს ინსტიტუტში ჩააბარა. _ შეუმჩნევლად შევაბერდით ერთმანეთს, ოლღა! _ ეუბნებოდა მოწყენილობის ჟამს ომარი მეუღლეს. მართლაც, ისე უცბად გაიქროლა წლებმა, როგორც ფურცელზე ჩამოწერილ მოკლე ბიოგრაფიას ჩაიკითხავს კაცი. სპარტაკი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდა დადგა. ხან, ღამე შინ რომ არ ბრუნდებოდა და შეეკითხებოდნე ნ: სად გეძინა წუხელო, ის პასუხობდა, რომ ბავშვობის ასაკიდან კარგა ხანია გამოვიდა. ამის მიუხედავად ინსტიტუტში წარჩინებული სწავლით გამოიჩინა თავი. სხვადასხვა კონკურსებსა თუ კონფერენციებზე იწვევდნენ. იმდენ დროსაც არ ართმევდა მეცადინეობა, რომ გართობას მოჰკლებოდა. ვიდეოსალონების და ღამის თავყრილობების ხშირი სტუმარი იყო. თანაკურსელებთან ჭადრაკს თამაშობდა. ჭადრაკი სკოლაში, დაწყებით კლასში ისწავლა, როცა 5


თავიანთი დიდი სამუშაო დღის გამო დედ-მამა გახანგრძლივებულ ჯგუფში ტოვებდა. იქიდანვე მოჰყვებოდა სპარტაკს ის პრაქტიკა, რომელიც მიუხედავად ფიცხი ბუნებისა, ყოყლოჩინობის და ჩხუბის დროს ეხმარებოდა თავისი მოქმედება აეწონდაეწონა. მეხუთე კურსის დასაწყისიდანვე ლაპარაკი იყო, რომ სპარტაკი ინსტიტუტში დარჩებოდა, მაგრამ, აი, უკვე სახელმწიფო გამოცდებიც მიიწურა და ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა. დამატებითი საშტატო ერთეული ვერ გამოყო ვერც კათედრამ და ვერც ლაბორატორიამ. სამაგიეროდ ერთ იმედს აძლევდნენ, რომ თუ მიზნობრივ ასპირანტურაში ჩაირიცხებოდა ინსტიტუტის მიმართვით, მაშინ სწავლის დამთავრების შემდეგ ძალაუნებურად მიიღებდნენ სამუშაოდ. აღმოჩნდა, მთლად ზუსტი არ იყო სტუდენტების ნათქვამი, რომ სპარტაკს სადარდებელი არაფერი ჰქონდა, ან უნდა დაეწყო მომზადება ასპირანტურაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად, ან თავისუფალი დიპლომით მოეძებნა სამუშაო (როგორც დედისერთას თავისუფალი დიპლომი მიანიჭეს), ან განაწილებით წასულიყო იქ, სადაც ახალგაზრდა სპეციალისტებით ვერ შეავსეს მოთხოვნილი ადგილების რაოდენობა. დრო ჰქონდა და, სანამ ამ სამიდან ერთ-ერთ გზას აირჩევდა, სპარტაკი დასასვენებლად აგარაკზე წავიდა. _ ცოტაც იუმაქნისე და შეები ცხოვრებას! _ უთხრა მამამ, აგარაკზე მარტო რომ ტოვებდა. სპარტაკმა წიგნის კითხვაში გაიყვანა დღე. დილით 6


მეზობლებს დაეხმარა ხილის მოკრეფაში. მალე მოსწყინდა აგარაკზე ცხოვრება და ორჯონიკიძეში დაბრუნდა. სახლში არ მისულა. ბებია, რომელიც გარეუბანში ერთსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა, სამკურნალოდ უნდა წასულიყო. მისი ბინა ცარიელი იქნებოდა. სპარტაკი ტაქსით იქით გაემართა. მართლაც ბებია შინ არ დახვდა. ეზოში გადაძვრა, სახლს შემოუარა და სამზარეულოს ფანჯარა გააღო, მერე გადაიფიქრა, სახლში დაბრუნდა, დედას გამოართვა გასაღები. უთხრა, _ აგარაკზე მომწყინდა და ცოტა ხანს ბებიას სახლში ვიცხოვრებ მარტო, განაწილებით სხვაგან რომ გამიშვან, ხომ მიჩვეული უნდა ვიყო მარტო ცხოვრებასო. სპარტაკმა ამხანაგები შეკრიბა და დუსიას სახლი მხიარული შეძახილებით აივსო. ბიჭებმა სასმელიც მოიტანეს. მეორე დღეს ბიჭებს გოგოები მოყვნენ. სპარტაკმა დუსიას მეზობლად მცხოვრები ის ახალგაზრდები გაიცნო, ადრე მხოლოდ თვალი რომ ჰქონდა მოკრული. ნაცნობებს ნაცნობები მოჰყავდათ, მათ კი თავიანთი ნაცნობები. სპარტაკი ისე მიეჩვია სტუმრებს, ვეღარ ატყობდა, რომ თანაკურსელები სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოჩნდებოდნენ ხოლმე. დღე და ღამე უჩვეულოდ სწრაფად გადიოდა. ბიჭები თავს გადამხდარი, გაგონილი, თუ მოგონილი ამბების თხრობას ერთმანეთს არ აცდიდნენ. კარტის თამაში რომ მოსწყინდებოდათ, დომინოთი აგრძელებდნენ გართობას, შემოათენდებოდათ და იტყოდნენ "რა კარგია, ერთი ღამეც მოვპარეთ დათვლილ წუთებსო". 7


ზედიზედ ღამისთევას მიუჩვეველი სპარტაკი ხან განმარტოვდებოდა და ეძინა, როცა გვერდით ოთახიდან დომინოს ქვების კაკუნი და აყალმაყალი გამოდიოდა. თანდათან შეეჩვია, დღეღამეში ოთხიხუთი საათი ეძინა, ისიც მაშინ, როცა მარტო დარჩებოდა ხოლმე. სახლიდან კონსპექტები და სახელმძღვანელოები მოიტანა. ასპირანტურისთვის დაიწყო მზადება. თამაშის შემდეგ წაგებული წყვილი იცვლებოდა. სპარტაკი წაგებიდან ახალი თამაშის დაწყებამდე, თავისი ჯერის მოლოდინში, კონსპექტებს გადახედავდა. მაგრამ ამას არაფერი შედეგი არ მოყვებოდა, რადგან რევანშის აღების სურვილით ანთებულს ცალი თვალი თამაშისკენ ეჭირა და ვინმეს რომ ეკითხა: რის შესახებ კითხულობდი ერთი საათის წინო? _ პასუხს ვერ გასცემდა, ასეთი შეკითხვისთვის კი არავის ეცალა. საგმირო საქმეებზე ყვებოდნენ. ბევრი მათგანი სცნობდა ვინმე მურზას _ კავშირის მასშტაბით განთქმულ მოთამაშეს. ყვებოდნენ მის შესახებ და ზოგი მთხრობელი მასთან ახლო მეგობრობას იბრალებდა. ამაყობდნენ მურზას შესახებ ახალი ინფორმაციის ცოდნით და უპირატესობის გრძნობით გადასცემდნენ მას მსმენელებს. ფულს კრიბავდნენ და თამაშის წინ წაგებულს ბაზრიდან ან მაღაზიიდან საჭმლის მოტანას ავალებდნენ. შემდეგ საჭმლის მომზადებაზე თამაშობდნენ. სიცოცხლე დუღდა დუსიას მიტოვებულ სახლში. მეზობლები ხმაურს უჩიოდნენ... რამდენიმე ხანში თვით მურზაც გამოჩნდა 8


თავშეყრის ადგილზე. ამხანაგმა მოიყვანა. ეჩქარებოდათ, წამით შემოვიხედეთო, თქვა. მურზამ სიგარეტი სთხოვა ბიჭებს, კარტის თამაშს თავი რომ ანებეს. ორმა ერთდროულად გაუწოდა სიგარეტი. მოუკიდეს და თამაში გააგრძელეს. _ რას თამაშობთ? _ იკითხა მურზამ, მას ოცი წლის ბიჭის შესახედაობა ჰქონდა. _ ჯოკერს. _ კი არ ვიცი ჯოკერის თამაში კარგად, _ თქვა მურზამ. _ სახლის პატრონი გაიცანი, მურზა, _ გააცნო ამხანაგმა სპარტაკი. _ რა გქვია ძმაო? _ ჩამოართვა ხელი. _ სპარტაკი. _ სპარტაკი? _ ჰო. _ მე მურზას მეძახიან. _ სპარტაკი ასპირანტურაში აბარებს, _ თქვა მურზას ამხანაგმა. _ ოო, ეს კარგი საქმე წამოგიწყვია ძმაო, ნეტავ მეც რამისთვის მომეკიდა ხელი, გადავყევი ამ ოხერ კარტს, მოუკვდა ამას მომგონი, დროზე უნდა შევეშვა. _ დიდი ხანია თამაშობ? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ შენ გამომძიებელი ხომ არ ხარ, ძმაო? _ ჩაეცინა მურზას. ამ დროს წაგებული წყვილი ადგა და სპარტაკი დაჯდა სათამაშოდ. მურზას შესთავაზეს: თუ გინდა მეოთხე იყავიო. მურზაც დაჯდა და ერთი პარტია ჯოკერი კიდევ ითამაშეს. თამაში ერთ საათამდე 9


გაგრძელდა. წაგებულებს პური უნდა მოეტანათ მაღაზიიდან. ახალმა წყვილმა წააგო, მურზას, როგორც სტუმარს, არ უშვებდნენ ბიჭები, მაგრამ "წაგება _ წაგებაა!" აიჩემა და პურის მოსატანად წავიდა. სპარტაკიც წამოეწია, მოერიდა, ასეთი ავტორიტეტული პიროვნება მარტო გაეშვა. წყლის არხზე რომ გადადიოდნენ, მურზამ არხის ფსკერზე ტალახში გადაბრუნებული კარტის ნაგლეჯი დაანახვა და ჰკითხა: _ აბა თუ მიხვდები, რა კარტია? სპარტაკს გაეცინა და ჯვრის რვიანიო _ ალალბედზე უპასუხა. _ ფერი სწორად გამოიცანი, მაგრამ რვიანი კი არა ქალია. _ საიდან იცი? _ კვლავ გაეცინა სპარტაკს. _ რა, არ გჯერა? _ ჰკითხა მურზამ, ბუჩქს ტოტი მოატეხა და კარტი გადმოატრიალა. ტალახით გათხიპნილი ჯვრის ქალი გულმოწყალედ იყურებოდა მაღლა. პურის მაღაზიამდე სპარტაკს ხმა არ ამოუღია, მურზა ლაპარაკობდა, კითხვებს უსვამდა და თვითონვე პასუხობდა. სახლისკენ რომ ბრუნდებოდნენ, კვლავ გაუმეორა კითხვა სპარტაკმა: _ დიდი ხანია, რაც თამაშობ? _ სულ მაგაზე ფიქრობ? _ გაეცინა მურზას, _ ბავშვობიდან, ძმაო, რაც თავი მახსოვს, სულ ვთამაშობ, კარტის მეტი, წაგების და მოგების მეტი მე არაფერი მინახავს. _ მართალია, რასაც შენზე ყვებიან? _ რას ყვებიან ჩემზე? _ გაიკვირვა მურზამ და 10


დააყოლა, _ ჭორებსა და სინამდვილეს შორის ზუსტი საზღვარი არასდროს გაივლება. მურზას მოულოდნელ გამოჩენას მოულოდნელი ინციდენტი მოყვა. პური რომ შინ მიიტანეს, მურზა და მისი ამხანაგი იქ მყოფთ დაემშვიდობნენ (სადილზე უარი თქვეს). მურზას კარტით ფოკუსის ჩვენება სთხოვეს. მანაც არ დაიზარა და ერთის მაგივრად ორი ფოკუსი ჩაატარა. ის იყო უნდა წასულიყვნენ, კარები წიხლით შემოანგრია ვიღაცამ. _ ახლა ხომ მოგაგენი, ძმაო! _ ამოიხრიალა დანით ხელში შემოვარდნილმა წვერგაუპარსავმა კაცმა. ვერავინ გაიგო ვის მიმართავდა უცნობი. კაცი ჯიქურ მიიწევდა მურზასკენ, რომელიც კუთხეში იდგა და გასაქცევი გზა არ ჰქონდა. ის იყო დანა აღმართა ჩასარტყმელად, იქვე მდგარმა სპარტაკმა იხელთა და წყლით ნახევრად სავსე ბოთლი დაუშვა თავში. მოასწრო, დანამ მიზნამდე ვერ მიაღწია. ხმაურზე სხვა ოთახიდანაც გამოვიდნენ, ვერ იგებდნენ რა ხდებოდა. კაცი დაბარბაცდა, მუხლი ეკეცებოდა, უცბად შეეცვალა მრისხანე სახე, დანა გაუვარდა ხელიდან. ნელ-ნელა შეტრიალდა უკან, უნდოდა დაენახა ვინ ჩაარტყა თავში. გაფითრებულ სპარტაკს ბოთლის ყელიღა ეჭირა აკანკალებულ ხელში. კაცს სისხლი ჩამოსდიოდა სველ სახეზე. ჯერ არაფრისმთქმელად შეხედა ბოთლის ნატეხებს. მერე სპარტაკზე გადაიტანა მზერა. მოულოდნელი გაკვირვებით თვალები სიმწრით მოჭუტა და ბარბაცით გავიდა კარში. _ ვინ იყო, რა მოხდა?! _ ატყდა გადაძახილები. 11


სპარტაკს არაფერი ესმოდა, მურზას "შენ გადამარჩინე ძმაო"_ც ვერ გაიგონა. კაცის გაკვირვებულ გამოხედვას ვერ იცილებდა თავიდან და ვერც სიმწრით მოჭუტულ თვალებს. ჭრილობის სიმწარეს არ ჰგავდა ეს. ცოტა ხნის მერე მურზასაც გამოუტყდა: _ კი არ მეშინია, მისი გაკვირვებული გამოხედვა მაფიქრებს. ვინ იყო, ვინ? _ წარმოდგენა არა მაქვს, ყველა შეშლილი მე უნდა გადამეკიდოს, _ უთხრა მურზამ. _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. _ კარგი რეაქცია გქონია, ცოტაც რომ დაგეგვიანა, ოხრად დამრჩებოდა ნეკა თითზე გაქლიბული ფრჩხილი. სპარტაკმა ვერ გაიგო. რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ ძილის წინ სპარტაკს კიდევ ის სახე წარმოუდგებოდა ხოლმე თვალწინ. "ღმერთო, ოღონდაც გამაგებინე, რატომ ჰქონდა გაკვირვებული გამოხედვა! ოღონდაც ეგ გამაგებინე და მერე თუნდაც მომკალი", _ შესთხოვდა ღმერთს ღამე, ძილი რომ არ ეკარებოდა. _ მურზასთან რა აღარ გადაგხდება! _ უთხრა ამხანაგმა. მურზა სპარტაკის ხშირი სტუმარი გახდა. მხიარულება და დროსტარება მისი სამყარო იყო, ბავშვივით ანცობდა. ფულს ჩადიოდა, რომ წაგებულს შამპანური მოეტანა. თავისი ცოდნის გამჟღავნებას არ იშურებდა, აფიორების და მომტყუებლების შესახებ უყვებოდა ბიჭებს. ფოკუსებს უჩვენებდა ბანქოთი და შემდეგ მათ საიდუმლოებას უხსნიდა, კარტში ათი 12


თავით მაღლა იდგა, მაგრამ თამაშის დროს უპირატესობას არ იყენებდა. როცა აგებდა, სხვა დამარცხებულების მსგავსად ჩაბუქვნებს და ხელებზე აწევას არ თაკილობდა. როცა მოიგებდა მხიარულად წაიმღერებდა: "ირო-რე-რე, ირო-რე-რე". მურზას გამოჩენამდეც გაგონილი ჰქონდა სპარტაკს ამ ჩვევის შესახებ. როცა ეკითხებოდნენ _ "რას ნიშნავს ეგ ირო-რე-რე?" პასუხობდა: "როგორ, არ გაგიგონიათ?! ეს ხომ ცნობილი სიმღერაა". ვინ მღერისო? რომ ჰკითხავდნენ, ხუმრობის გარეშე მიუგებდა _ "ცნობილი მომღერალი". ბებო დუსია მკურნალობდა, მაგრამ მალე სამწუხარო ცნობა მოვიდა სახლში, რომ მისი ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ომარი და ოლღა სასწრაფოდ გაეშურნენ, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს. დუსიას დაღლილმა სხეულმა სამუდამოდ დაისვენა. ნეშტი ორჯონიკიძეში ჩამოასვენეს. სწორედ იმ დროს მიადგა ნეშტიანი ავტომობილი სახლს, მხიარულება ექსტაზში რომ შედიოდა, სასმელით აღტკინებულნი ისე გაჰყვიროდნენ, ზარის ხმა ვერ გაიგეს. ვიღაც სამზარეულოში გავიდა და მხოლოდ მაშინ გააღო კარი. _ ვინ გნებავთ? _ ჰკითხა ომარს. _ მე სპარტაკის მამა ვარ, სად არის თვითონ? _ ჩუმად იყავით, _ თქვა ოთახში შებრუნებულმა, _ სპარტაკ, მამაშენი მოვიდა. სპარტაკი შესასვლელში მამას შეეგება. _ კარგია, მოგმრავლებია ამხანაგები, _ უთხრა ომარმა. _ როგორ ხარ, მამა? 13


_ როგორ ვიქნები?! ბებია აღარ გყავს ცოცხალი. _ მართლა? _ ელდა ეცა სპარტაკს, _ რა მოუვიდა,... რატომ? _ მე და დედაშენმა მოვილაპარაკეთ, რომ ნეშტი აქ დავასვენოთ. _ ჰო, ბიჭები ახლავე წავლენ, _ თქვა სამწუხარო ცნობაში ჯერ კიდევ გაურკვეველმა სპარტაკმა. ბიჭები კუბოს შინ შეტანაში დაეხმარნენ. დაიშალა მხიარული კომპანია. დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ ბინაში დუსიას დისშვილები დასახლდნენ. სპარტაკი იმ ხმაურიან დღეებში გაცნობილ ხალხს იშვიათად ხვდებოდა. გამოცდებისთვის ემზადებოდა. გადაწყვიტა ასპირანტურაში ჩაებარებინა. ერთხელ მურზას შეხვდა შემთხვევით. მურზა ვილნიუსიდან დაბრუნებულიყო, მხარზე ჩანთა გადაეგდო და სასტუმროსთან ვიღაცას ელოდებოდა. შეხვედრით გახარებულნი ერთმანეთს გადაეხვივნენ, შეხვედრა სასტუმროს რესტორანში აღნიშნეს. სასმელი რომ მოეკიდათ სპარტაკს ბანქოს შესახებ გაუცხოველდა ინტერესი, მურზას _ სტუდენტობის და გამოცდების შესახებ. სპარტაკის კითხვაზე მურზა პასუხობდა, რომ კარგად არეულ დასტაში ბანქოს თანმიმდევრობა საიდუმლოთა საიდუმლოებაა. ამ საიდუმლოთი არსებობდა ბანქოს გენია. _ კარგი ქალაქია ვილნიუსი, ორჯონიკიძეს ჯობია? _ ეკითხებოდა სპარტაკი. _ შედარებაც არ შეიძლება. _ რა მხრივ? _ შენ რა მხრივ გაინტერესებს? 14


_ სილამაზით. _ ძალიან სუფთა ქალაქია, ტალინზე სუფთა. _ მე ორჯონიკიძის გარდა არსად არ ვყოფილვარ, _ სიცილით თქვა სპარტაკმა. _ ხუმრობ? _ სერიოზულად. _ აა, წელს ალბათ, არა? _ არა, საერთოდ. _ როგორ, ქალაქიდან არ გასულხარ? _ გასვლით როგორ არა, აგარაკზე მივდივარ ხოლმე. _ მაკვირვებ, ხომ იცი! არ მოგწყინდა ერთი და იგივეს ყურება? _ შენ წარმოიდგინე, არასდროს მიფიქრია მაგაზე, აქ ვინ მოგაწყენს. _ შავ ზღვაზე მივდივარ დასასვენებლად, თუ გინდა, შენც წამოდი. _ როდის მიდიხარ? _ დღე-დღეზე ვაპირებ, აქ რაღაც პატარა თამაშებს დავამთავრებ და წავალ, მეც მინდა დასვენება. _ ერთ კვირაში გამოცდები მეწყება, არ მეცლება. _ გამოცდებს როდის დაამთავრებ? _ თუ კარგად ჩავაბარე და ჩავირიცხე, ერთი თვე თავისუფალი დრო მექნება და შეიძლება მართლა სამუშაოზე წავიდე. თუ ვერ ჩავირიცხე, მაშინვე განაწილებით წავალ სამუშაოდ. _ სად განაწილებენ? _ არ ვიცი, რუსეთის ქალაქებში ალბათ, რა ადგილებიც დარჩება. ჯერ აქ მინდა ჩაბარება, თუ არა და, წავალ, ქვეყანას მაინც ვნახავ. _ თუ წასვლის არჩევანზე მიგიდგა საქმე, მე მკითხე, 15


სად ჯობია, შემოვლილი მაქვს კავშირის ყველა ქალაქი. _ მგონი უნდა ჩავაბარო. მიზნობრივ ასპირანტურაში ადვილია. _ ჰო, მიხედე სწავლას, სანამ ახალგაზრდა ხარ. _ შენთვისაც არაა გვიან, ჩააბარე უმაღლესში. _ ჩაფიქრებული მაქვს ეგეც გულის სიღრმეში, მაგრამ ვერა და ვერ მოვიცალე, მალე უნდა შევეშვა თამაშს. ნეტა ვინ რა ხეირი ნახა, მე რომ ვიხეირო. თერთმეტ საათამდე მასლაათობდნენ, სადღეგრძელოებს ამბობდნენ და კონიაკს სვამდნენ. მერე, რესტორანიც ამთავრებდა მუშაობას და გავიდნენ. ღამის ქალაქში ცენტრალური ქუჩის ორიოდე კვარტალი ფეხით გაიარეს, სპარტაკი ასეთი მთვრალი ჯერ არ ყოფილა. მურზამ ტაქსი გააჩერა და სპარტაკი რომ მიაცილა, თავის გზაზე გაეშურა. გამოცდებამდე სამი დღით ადრე გამოუცხადეს სპარტაკს, რომ მისთვის გამოყოფილი ადგილი მიზნობრივ ასპირანტურაში შეკვეცილია და მხოლოდ შემდეგი წლისთვის ექნებოდა ჩაბარების საშუალება. ახლა იგი საფიქრალს მიეცა: სამი წლით განაწილებით წასულიყო თუ ერთი წელი სადმე ემუშავა და შემდეგ კვლავ ასპირანტურაში ეცადა. მშობლებმაც ვერაფერი ურჩიეს. იმედი ჰქონდათ, სპარტაკი თვითონ მიიღებდა სწორ გადაწყვეტილებას. საქმის მოულოდნელი შეტრიალებით განაწყენებულ სპარტაკს არც სწავლა უნდოდა და არც მუშაობა. ამხანაგებთან დადიოდა. მისი ჯგუფიდან უმრავლესობა განაწილების 16


ადგილზე წასულიყო ცხოვრების და სამუშაო პირობების შესამოწმებლად. დანარჩენებიდან, ვინ ორჯონიკიძის ზოგიერთ საწარმოში მოეწყო, ვინ ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად ნაცნობებს აწუხებდა. ისინი, რომლებმაც დიპლომი ვერ დაიცვეს, კვლავ სტუდენტის მერხს მიუსხდნენ. ყველა რაღაც საქმით იყო დაკავებული. სპარტაკს მობეზრდა უქმად ხეტიალი და სამსახურის ძებნა დაიწყო. ფიქრობდა, რომ ერთი წელი იმუშავებდა, მერე ასპირანტურაში გააგრძელებდა სწავლას. მამამ შესთავაზა, თუ გინდა მშენებლობაზე მოგაწყობო, მაგრამ სპარტაკს უნდოდა თავისი პროფილით ემუშავა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა. სექტემბრის მიწურულს მურზას შეხვდა, მხარზე ჩანთაგადაკიდებული ქუჩაზე გადმოდიოდა. მისალმების შემდეგ სპარტაკმა ჰკითხა: _ როგორ დაისვენე ზღვაზე? მურზამ ჩაიცინა პასუხად. _ რა, ჯერ არ წასულხარ? _ როგორ არა, ვიყავი, მაგრამ ზღვა თვალითაც არ მინახავს. ოთახიდან გარეთ არ გავსულვარ, ბოლო ორი დღე და ღამე სკამიდან არ ავმდგარვარ და ახლა კუსავით დავდივარ. _ რა გაჭირვება იყო მაგისი? _ ჩემთვის კი არა, ბიჭებმა მთხოვეს და იმათ ვათამაშებდი. კაპიკი რა არის, კაპიკი არ წამომიღია. შენ რას შვრები? _ ჩემი საქმეები ცუდად წავიდა, _ უთხრა სპარტაკმა. _ რატომ, ვერ ჩააბარე? ასპირანტურაში გინდოდა 17


მგონი. _ "ვერ ჩავაბარე" კი არა, არ ჩამაბარებინეს, გამოცდის წინა დღეებში მითხრეს უარი. _ რატომ? _ არ ვიცი, მაგათ თავსა და ბოლოს ვერ გაიგებ. ყველაფერი დღითი-დღე იცვლება, მომავალი წლისათვის დამპირდნენ. _ მაშინ კიდევ არა უშავს რა, ერთი წელი არაფერია, ხალხი ხუთი და ათი წელი ემზადება უმაღლესში ჩასაბარებლად. _ წესიერი სამუშაოც ვერ ვიშოვე, დავდივარ აქეთიქით. _ აკი ამბობდი, რუსეთში წავალო?! _ განაწილებით ყველა ადგილი შეივსო. იმ ხალხს ველაპარაკე, ვინც პირობებმა ვერ დააკმაყოფილეს და უკან დაბრუნდნენ. იქ წასვლას სულაც უმუშევრობა მირჩიეს. _ არა, ადამიანი რაღაცით უნდა იყოს დაკავებული. ცოტა ხნით ორივე ჩაფიქრდა. _ საით მიდიოდი? _ ჰკითხა მურზამ. _ დავხეტიალობ ტყუილ-უბრალოდ. _ ფული რომ მქონდეს, ზღვაზე შეიძლებოდა წასვლა. ახლა ყველაზე კარგია ზღვა. _ ზღვა ალბათ კარგია, მაგრამ ჩვენები წუხან, რომ სამუშაოდ ვერ მოვეწყვე. _ შენც ადექი და უთხარი, რომ განაწილებით წახვედი. _ მოვატყუო? _ განა შენ თვითონ არ ამბობდი: განაწილებით წასვლას უმუშევრობა ჯობიაო?! 18


_ ახლაც ზუსტად მაგიტომ დავდივარ, იქნებ რამე სამსახურს მივაგნო აქვე ორჯონიკიძეში, მე ხომ თავისუფალი დიპლომი მაქვს. _ თუ დრო გქონდეს, გამოიარე, აქ, სასტუმროში ვიქნები, შეიძლება ფულიც ვიშოვნო რამდენიმე დღეში, მარტო ხომ არ წავალ დასასვენებლად, ვერავინ ვნახე, ყველას ახლა აუდუღდა საქმე. _ გამოგივლი, მურზა, მე მაინც ვარ მოცლილი. ასე ლაპარაკ-ლაპარაკში სასტუმროს მიუახლოვდნენ და დაემშვიდობნენ. მურზას იქ ნაცნობები ელოდებოდნენ. რამდენიმე დღეში სპარტაკიც ასევე ელოდა მურზას. ერთ-ერთი ორგანიზაციიდან უარით გასტუმრებულმა ყველაფერზე ხელი აიღო. მშობლებს უთხრა, განაწილებით წავალო. ინსტიტუტში შეიარა და იმ განაწილებების მისამართები ჩაიწერა, საიდანაც ახალგაზრდა სპეციალისტები უკან დაბრუნდნენ. როგორც ინსტიტუტში აუხსნეს, იქ, ტიუმენის და სვერდლოვსკის ოლქში სპეციალისტები აკლდათ და განაწილების ფურცლის გარეშეც დიდი სიხარულით მიიღებდნენ და ყველა შესაძლებელ პირობებს შეუქმნიდნენ. სპარტაკმა არ იცოდა სვედლოვსკამდე აეღო სამგზავრო ბილეთი თუ _ ტიუმენამდე. მურზას ნახვა უნდოდა, იქნებ მას ერჩია რამე. გვიან ღამით გამოჩნდა მოთამაშე. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მაჯაზე ჩანთას მოაკონწიალებდა. სპარტაკის დანახვა გაუხარდა, ჩანთა გახსნა და ჩაახედა. ჩანთა ფულით იყო სავსე. გროვად ეყარა 19


სხვადასხვა კუპიურები, ხურდა ფულის ჩხაკუნიც ისმოდა. სპარტაკმა მოგება მიულოცა და თავის ამბავზე ჰკითხა, რომელ ოლქში ჯობდა წასვლა. _ ვაი, ვაი, ვაი, _ თავში ხელი შემოირტყა მურზამ, _ თანაც ოლქი, უი, უი, ეგეთი ქალაქები არც გამიგონია. _ ნუ დამცინი, რა ვქნა, სხვა ადგილი ვეღარ ვიშოვნე. მომბეზრდა ეს ხეტიალი და წავალ, რამეს მაინც ვნახავ. მურზამ დაარწმუნა, რომ სამუშაოდ გამგზავრება საჩქარო არ იყო და შრომით ფერხულში ჩაბმის წინ ცოტა უნდა დაესვენა. ლაპარაკს შეყვნენ და, რომ გაიგო, სპარტაკი ჯერ ქალს არ გაკარებოდა, კარგა ხანი ხმა ვეღარ ამოიღო გაკვირვებულმა. ერთი კვირის შემდეგ მანქანით გაემართნენ სოჭში. მანქანის პატრონი მურზას ახალი გაცნობილი ჰყავდა. იგი სოჭში რამდენიმე დღე დაყოფდა ბიჭებთან ერთად და გორკისაკენ გაეშურებოდა, რათა დეფიციტური ავტონაწილები შეესყიდა. უკან დაბრუნებისას სოჭში შეუვლიდა დასვენებულებს და მურზასთან ერთად გააგრძელებდა გზას ორჯონიკიძემდე. სპარტაკი სოჭიდანვე უნდა გამგზავრებულიყო ტიუმენში. მურზას გაცნობით სპარტაკმა ახალი სამყარო გაიცნო. ეს სამყარო სხვადასხვა აზარტულ თამაშებში თაღლითობის და მოტყუების ხერხების ერთობლიობას წარმოადგენდა, რომელთა არსებობაზეც უწინ არა იცოდა რა. არ იცოდა რას ნიშნავდა სინამდვილეში მოთამაშისთვის მარტივი თამაში. _ კამათელი? _ უხსნიდა მურზა, _ კამათელში 20


მოტყუების ორი გზა არსებობს: გაკეთებული კამათლით სუფთა თამაში და სუფთა კამათლით თამაშის დროს დასმა, საჭირო ციფრზე გაგორება. გამოცდილი მოთამაშე მაგიდიდან იღებს რა კამათელს, ბრმად ატრიალებს თითებში და სასურველ მდგომარეობაში მოიქცევს გაგორების წინ. სრიალა ზედაპირზე უფრო ადვილია დასმა. ვითომ იმიტომ, რომ კამათელი არ გაჭუჭყიანდეს, გაზეთსაც გააფენენ ხოლმე. გაზეთი მოთამაშის ოცნებაა და ხელი თუ გაიმართა, იტყვიან, "დაიჭირა კამათელი"_ო. "დაჭერისთვის" ხელის შეშლის მიზნით კამათლებს ჭიქიდან აგორებენ. ამ შემთხვევაში კარგი მოთამაშე ორიდან ერთ კამათელს სვამს სასურველ ციფრზე. დასმიდან გაკეთებამდე ერთი გარდამავალი ფორმაა, ეს ალბათობის თეორიაშიც ისწავლება, ნებისმიერი ციფრის მოსვლის ალბათობა ერთი მეექვსედია, ე.ი. ყველა ციფრს ერთნაირი შანსი აქვს. დავუშვათ კამათელი არ არის იდეალურად სიმეტრიული, მისი ერთ-ერთი წიბო მოკლეა ან გვერდია შეუმჩნევლად დაფერდებული, მაშინ ზოგიერთი ციფრის მოსვლის ალბათობა სხვებისგან განსხვავდება. თუ ეს ციფრი, მაგალითად ოთხიანია, კამათელს "ჩარის" კამათელს უწოდებენ, მხოლოდ ხანგრძლივი თამაშისას თუ გამოვლინდება სხვებთან შედარებით რომელიმე ციფრის უპირატესობა. საკუთარი კამათლით ნარდის თამაშისას ამ ცოდნით პატიოსანი, ოჯახის კაცებიც სარგებლობენ და სანამ მოწინააღმდეგე გაუგორებს, განსაზღვრულ უჯრებს აქცევენ ყურადღებას. კამათლის გაკეთება ხელოვნებაა, გამომგონებლები 21


ტექნიკის უახლეს მიღწევებს იყენებენ. უმარტივეს გაკეთებულ კამათელს ორ, სამ, ან ყველა გვერდზე ექვსი წერტილი აქვს, მას, როგორც სხვა გაკეთებულ კამათელს, გახურებულ თამაშში გაგორების წინ აპარებენ მოთამაშეები. თითებს შორის, ან სახელოში აქვთ დამალული და აიღებენ რა სხვას, გააგორებენ თავისას, კარგი მოთამაშე რამდენიმე კამათელს მალავს ერთდროულად. კამათელი შიგნიდანაც კეთდება. ბურღავენ და სასურველ ადგილზე რკინის ან მაგნიტის ნატეხს ჩადებენ. ასეთ კამათელს გაკეთებული დაფა, ან მუხლებზე შარვლის ქვეშ დამონტაჟებული რელეები ჭირდება. რელეებს ჯიბიდან მართავენ ხოლმე. ასე მომზადებულებს ჯორკოზე ჯდომის და ნარდის დაფის მამაპაპურად მუხლებზე დაჭერის სურვილი უჩნდებათ. გაკეთებულ კამათლის შეპარების შემჩნევაზე წინასწარ დათქმულ თანხას იხდის მოთამაშე, კამათელს ან მაგნიტით ამოწმებენ, ან ტეხავენ. თუ შეცდა ეჭვიანი და კამათელი სუფთა აღმოჩნდა, მაშინ თვითონ იხდის თანხას. ეს თავისებური თამაშში თამაშია. პირველადი თამაშის ფუნქციები უფერულდება. "მასწავლე თამაში!" _ სთხოვს ერთერთი, "წააგე ოციათასი და ისწავლი" _ პასუხობს ერთეული. "მე ახლა მხოლოდ თხუთმეტიათასი მაქვს", _ ვერ ჩასწვდა ერთეულის სიტყვების სიღრმეს ერთ-ერთი, ეგონა, რომ ოციათასს სთხოვდნენ სწავლებაში. "მდიდარი ყოფილხარ! მაშ ასორმოცდაათიათასი უნდა წააგო" _ დაარიგა ერთეულმა და მტევანმოჭრილი მაჯა გამოსამშვიდობებლად გაუწოდა. 22


_ დომინო? _ უხსნიდა მურზა, _ დომინო ერთგვარი პრიმიტიული თამაშია, დამწყებებისთვის იმიტომ, რომ ისინი ჯერ ვერ ხვდებიან ფიქრის საჭიროებას, მათთვის დომინოს ფილოსოფია ციფრზე ციფრის მისმით იფარგლება. მცოდნეებისათვის იმიტომღაა დომინო პრიმიტიული, რომ ისინი აღარ გრძნობენ ფიქრის საჭიროებას. ისინი დაგროვილი პრაქტიკის ხარჯზე ერთგვარი მექანიკური მიმდევრობით აკეთებენ სვლებს. დომინოში აფიორაც პრიმიტიულია, ერთი ქვის კუთხის მეორეზე გასმას დიდი მოხერხება არ ჭირდება, კარგად გავარჯიშებული მახსოვრობით ყველა ოცდარვა ქვას ნახევარ საათში დანიშნავს ვისაც უნდა. _ სათითე? _ უხსნიდა მურზა, _ სათითეთი კერვისას ნემსის თითში ჩხვლეტისგან იზღვევენ თავს. გარდა ამისა მასიური გართობის საშუალებათაც იხმარება. სამი სათითით სანახაობები მოქალაქეთა თავშეყრის ისეთ ადგილებში იმართება, როგორიცაა ბაზარი, ვაგზალი, სადაც ბევრია მიმსვლელი, მომსვლელი... აბა, ვის აქვს საუკეთესო მახსოვრობა? ვინ გამოიცნობს სამიდან რომელ სათითეში ჩადო ბურთულა ოსტატმა ადგილების შეცვლის წინ? ვინ აიტკივებს აუტკივარ თავს? იგებენ მსახიობები _ ოსტატის შეგირდები და თანამოსაქმეები, აგებენ ამ მოგებებით აღტაცებულნი და წაგებით გულმოსულნი. აფიორა სათითეებში მარტივი და შესასრულებლად იოლია, ყველაფერი ბურთულის ერთი სათითიდან მეორეში შეუმჩნევლად გადატანაზე ან თითებში დამალვაზეა აგებული. სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში, პატიოსანი 23


მოქალაქეებიც თვითცნობიერდებიან და თამაშის ეს სახეობა ძალაუნებურად განიდევნება ასპარეზიდან. მოთამაშეები გაუთვითცნობიერებელ საზოგადოებიან ახალ ობიექტებს ეძებენ. კონკურენციის გამო ზოგი გაბანკროტებული ოსტატი თამაშს ყიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ თანახმაა მსურველს გარკვეული თანხის საფასურად შეასწავლოს ხელობა. თამაშის გაყიდვაც დროულად უნდა მოხდეს, თორემ აქაც კონკურენციაა და სათითეებიდან ამ უკანასკნელ გამორჩენასაც დაემშვიდობება მოთამაშე. სათითეებს მასიურობით ერთი ორიგინალური სახეობა წააგავს, რომელმაც ვერ ჰპოვა გასაქანი მოთამაშე ხალხს შორის. მოხატულ დაფაზე ოსტატი ყულუფებად და სპეციალურ ფიგურებად დააფენს ზონარს. შემდეგ მსურველი ჩადის ფულს და თითს ისეთ ადგილზე დააჭერს დაფას, რომ ოსტატმა ბოლოებით ზონარი ვერ გამოწიოს. ოსტატი წევს ზონარს, თითი ცალკე რჩება, ზონარი ხელში აქვს და ფული ჯიბეში. როგორ? _ უკვირს მსურველს, ისე, რომ თითს ცარიელი დაფიდან არ იღებს. ეგრე! _ პასუხობს გუნებაში გვერდით მდგომი, შემდეგ სეანსზე თვითონ გადაიქცევა მსურველად და ისეთ ყულუფში ადებს თითს, აუცილებლად რომ გამოედება ზონარი. ოსტატი ფიგურების დაურღვევლად ზონარის ბოლოებს სადღაც გაატარ-გამოატარებს და ეუბნება: _ გამოვწიო თუმანში? მსურველი ფიქრობს, თვალით მთელ სიგრძეზე შეამოწმებს ზონარის ხვეულებს, ის ჭკვიანია, მაგრამ ვერ ხვდება, ხან ზონარის მაგივრად მოხატულ დაფაზე რომ უცდება მზერა. _ ხუთ 24


თუმანში გამოწიე, _ პასუხობს ის და ორმოცდაათ მანეთს იღებს ჯიბიდან თავისუფალი ხელით. ოსტატი ზონარის ბოლოების ნელი გამოწევით სიამოვნებას იგრძელებს. თითს აქეთ-იქიდან თანდათანობით სცდებიან ყულუფები. ნუთუ ერთი მაინც არ წამოედება? _ ფიქრობს გაკვირვებული მსურველი. _ ბანქო? ბანქოთი იმდენი თამაშია, მე რომ ენა არ გავაჩერო და მწერალმა კალამი, რამე მაინც დარჩება მოუხსენებელი. იმიტომ, რომ ამ საკითხში საპატენტო სამსახური არ არის, სხვადასხვა ხალხი სხვადასხვა თამაშს იგონებს. რა შანსებია მოკლედ გეტყვი: ჩაწყობა, დანიშვნა, გაქლიბვა, კუთხის ჩამოჭრა, დაღუნვა, სარკე, ბეჭედი და სხვა ოპტიკური საშუალებები, ხელებში დამალვა და ზედმეტი ქაღალდის გაპარება და კიდევ ბევრი სხვა, რაც კონკრეტული თამაშის სახეობიდან და სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარეობს. სოჭში ცხოვრების ორი კვირის შემდეგ მურზას თავის ნაცნობთან შელაპარაკება მოუხდა, რომელიც ამის შემდეგ დაუყონებლივ გაემართა გორკში. შელაპარაკების მიზეზი ფინანსური უთანხმოება იყო. ავტონაწილებისთვის გადადებულ ფულს კაპიკი არ აკლდებოდა, მაშინ როცა მურზას ჩანთა გაუნახევრდა. როცა გამოუცდელმა სპარტაკმა თავისი გულუბრყვილო მოქმედებით ეს ნახევარიც დაკარგა, მძღოლმა წასასვლელად დაიწყო მზადება. მურზას არ მოეწონა მისი ქცევა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და ორი ათასი მანეთი სთხოვა ვალად. მძღოლმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: თქვენ რომ 25


ორი ათასი დაგიტოვოთ, მე გორკში რიღათი წავიდეო? ის დღე ერთად გაატარეს, მაგრამ საღამოთი რაღაც უბრალო წვრილმანის გამო წაიჩხუბნენ და მძღოლი მაშინვე გაეშურა. სპარტაკს ხმა არ ამოუღია. იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა, კარგი გაკვეთილი მიიღო, მომტყუებლის ხრიკზე ახლა ადვილად აღარ წამოეგებოდა. მითუმეტეს მურზა ჰყავდა გვერდით, რომელიც ფულის დაკარგვას კი არ ნანობდა, არამედ იმას, რომ არ ასწავლა ამ ხრიკების შესახებ. "ჩემი ბრალია ძმაო!" _ ამბობდა ის და გაორკეცებული მონდომებით უყვებოდა სხვადასხვა შემთხვევებზე. სოჭში მოთამაშეების, ქურდბაცაცებისა და მომტყუებლებისათვის საუკეთესო პირობები იყო შექმნილი. მიუხედავად ამისა დამსვენებელი მაინც ეძალებოდა ამ საკურორტო ქალაქს და თვითნებურად პირობები უფრო უმჯობესდებოდა. სპარტაკი, როცა გოგოს გამოელაპარაკებოდა, დაბნეული ბუტბუტებდა და გაურკვეველ ფრაზებს ამბობდა. გოგო ნათქვამის ზუსტად გასაგებად აქეთ უსვამდა შეკითხვებს. ხან გოგოების გუნდი შემოეხვეოდა ხოლმე გასართობად სიცილ-კისკისით, მორცხვობას რომ ამჩნევდნენ. ამით სარგებლობდა შორიახლოს ჩასაფრებული მურზა და სპარტაკს გაცნობაში ეხმარებოდა. ეს მაშინ, როცა ბანქოს მეოხებით გაცნობის საშუალება არ ჰქონდა, ამ მეთოდს კი პლაჟზე იყენებდა მურზა. დაახლოვების მაგიერ ზოგს აფრთხობდა დეკორატიულად აჩეხილი დასტის შარიშური. რამდენიმე ხანში მურზას მამაკაცებთანაც უწევდა მსგავსი პასაჟების გაკეთება, 26


ამჯერად, როგორც თვითონ თვლიდა, შედარებით სერიოზული მიზნების გამო. სპარტაკი ერთხანობა დაშორდა მურზას. გაცნობილ ტიუმენელ გოგონას დასდევდა, უნდოდა მომხიბლავი თანამგზავრი ყოლოდა გვერდით, შორს რომ წავიდოდა სამუშაოდ, მურზა კი აზარტულ დამსვენებლებში ტრიალებდა. სპარტაკი ნანობდა, რომ არაფერი არ შეეძლო, მის გამო დაკარგულ ფულს რომ ვეღარ დაუბრუნებდა მურზას. მაგრამ თან ამის მიმართ მურზას გულგრილობა აკვირვებდა, რომელიც მთელი ღამე თამაშობდა ორასი-სამასი მანეთის გულისათვის და გამთენიისას ნერვებაშლილი ბრუნდებოდა, მსხვილ თანხაზე რომ ვერ გადაიყვანა მოთამაშენი. აცივდა. მზისგან გაშავებული ტურისტები ამაყად ეშურებოდნენ თეთრ თანამოძმეებთან. ხალხმა ქალაქის ქუჩებში და პლაჟებზე იკლო. სამაგიეროდ სასტუმროებში ნაკადმა იმატა და მურზა ყოველ დილით ოცდახუთმანეთიანს უტენიდა ჯიბეში ადმინისტრატორს გასახლების ვადა ერთი დღით რომ გადაეწია, ისე, როგორც გმირი ჭაბუკი ქვესკნელიდან ამომყვან ფასკუნჯს ყოველ დაყივლებაზე ერთ ნაჭერ ხორცს უდებდა პირში... საით მიფრინავდნენ ბიჭები?! სპარტაკის გოგო წავიდა. ახლა სულ ერთად იყვნენ. სპარტაკი ვერც ტელეგრამას, ვერც წერილს ვერ გზავნიდა სახლში, რადგან საფოსტო ბეჭდით დაეჭვდებოდნენ რასაც შეატყობინებდა _ იმის სიმართლეში სპარტაკს კი მხოლოდ და მხოლოდ ის უნდოდა ეთქვა: "სამუშაოდ მოვეწყვე, კარგად ვარ, ჩემზე ნუ იდარდებთ". თვითონ ფიქრობდა, განა რა 27


საჭირო იყო ერთი წელი სადღაც გადაკარგულში მუშაობა. ტიუმენელი გოგონა და მასთან დაკავშირებული გეგმა სხვამ შეცვალა, ის სხვა _ სხვამ და ასე გადიოდა დრო. ამნაირად დაუდგათ ზამთარი. სპარტაკს ერთი სადარდებელი ახსენდებოდა ხანდახან, სახლში რომ ვერაფერი აცნობა. მურზა ეუბნებოლა, რომ ბარემ სოჭში შეხვედრილიყვნენ ახალ წელს შამპანურის შადრევნით, მერე ტიუმენში წასულიყვნენ (სადაც შამპანური შეიძლებოდა არც ყოფილიყო საერთოდ) და წერილიც იქიდან გაეგზავნათ. თამაშებით მოგებული ფულის დიდი ნაწილი საახალწლო სამზადიზში დაიხარჯა. ახალ წელს სარკეებიან დარბაზში შეხვდნენ. ლატვიელი ტურისტების მთელი ჯგუფი დაპატიჟეს. შამპანური ყუთებით შთაინთქა. მურზა არყევდა და ზათქით ხსნიდა ბოთლებს. "ირო-რე-რე", _ სიმღერით პასუხობდა გაწუწული მანდილოსნების განაწყენებულ კავალრებს. _ მაინც რა არის ეგ "ირო-რე-რე"? _ ეკითხებოდა სპარტაკი. _ სახელი მავიწყდება, მსოფლიოში ცნობილი ანსამბლი მღერის, არ შეიძლება, რომ გაგონილი არ გქონდეს. რას არ მისცემდა რესტორნის ანსამბლს, ეს სიმღერა რომ შეესრულებინა, მაგრამ არათუ სპარტაკმა, ყოველგვარი შეკვეთისთვის მომზადებულმა დამკვრელებმაც ვერ დაასახელეს, რა ცნობილი სიმღერა ჰქონდა მურზას მხედველობაში. ორი დღე და ღამე დგებოდა ახალი წელი. 28


მეორე თავი (გასტროლები) სოჭის სარკინიგზო სადგური უცნაურად გამოიყურებოდა. ორი თვის წინ გასამგზავრებლად გამზადებულებს ხალხის სიმრავლე აშინებდათ. სველი ქარი ძვალ-რბილში ატანდა, ამიტომ მურზა და სპარტაკი სასადილოდან არ გამოდიოდნენ. მატარებლის შემოსვლამდე ერთი საათიღა რჩებოდა. _ მოსკოვში ჯობია წასვლა, მაგრამ პასპორტის გარეშე სახიფათოაო, ამბობენ, _ თქვა სპარტაკმა. _ ჰო, სასტუმროში ვერ მოვეწყობით, _ დაეთანხმა მურზა, _ სასტუმროს გარეშე მე დასვენება არ შემიძლია, როსტოვის სასტუმრო მოსკოვისას არ შეედრება, მაგრამ იქ მოწყობის შანსი გაცილებით მეტია, ძველ ნაცნობებს დავატრიალებ, ჯერ ჩავიდეთ... ისინი ყავის მსგავს სასმელს სვამდნენ და გეგმებს ადგენდნენ, "როსტოვი ის როსტოვი აღარ არის", _ ამბობდა მურზა. მატარებლის შემოსვლამდე ნახევარი საათით ადრე მურზამ სალაროში ბილეთები აიღო. დანარჩენი დრო მოსაცდელში გაიყვანეს. მურზამ განუყრელ ჩანთაში გასტროლებისთვის საჭირო ნივთებს გადაავლო თვალი. ესენი იყო: სხვადასხვა ფერის ტუშის ფლაკონები, კალმის წვერები, რამდენიმე ბანქოს დასტა, კამათლები, სარკის ნატეხები, უცხოური სიგარეტები, ორი ბოთლი შამპანური, ერთიც რუსული არაყი და გამოსაცვლელი კვართები. 29


"თბილისი-მოსკოვის" დამატებითი მატარებელი ჩამოდგა. გამცილებლებმა კარები გააღეს, ზოგიერთ მათგანს გადმოსვლა დაეზარა, რადგან სოჭში ამომსვლელები ბაქანზე ახლომახლო ვერ დაინახეს. მურზა და სპარტაკი მეოთხე ვაგონში ავიდნენ. გამცილებელმა ბილეთები ჩამოართვა, მატარებელი რამდენიმე წუთის შემდეგ დაიძრა. გამცილებელს ჭიქები სთხოვეს და დაპატიჟეს. _ წლევანდელი მატარებელიც დაიძრა! _ თქვა მურზამ მუხრუჭები და ბორბლები რომ აჭრიალდა და შამპანური გახსნა. სადგური მალე მიეფარა თვალს. _ ახალ წელს გაუმარჯოს! _ შესძახა მურზამ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. _ გაუმარჯოს, ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენთვის! _ დაამატა სპარტაკმა და თვითონაც დალია. გამცილებელი გამოჩნდა თუ არა მაშინვე ჭიქა შეუვსეს. მას ნუგზარი ერქვა, ჯერ გაიცნო მგზავრები, მერე ბედნიერი ახალი წელი უსურვა და შამპანური შესვა. _ დამატებითი შემადგენლობის გამცილებლებიდან სამწუხაროდ არავის არ ვიცნობ, _ უთხრა მას მურზამ, _ სამაგიეროდ ძირითადი ჩქარი მატარებლის გამცილებლების ნახევარი ჩემი ძმებია. _ ვის იცნობ იმათგან? _ ჰკითხა ნუგზარმა. _ კარტუზას, ნამიჩეიშვილ ზაურას, სიდოროვს, ვახტანგის, ლექსოს, ანდღულაძეს... _ შენ იმათთან ხომ არ მუშაობდი? _ შეაწყვეტინა ჩამოთვლა გამცილებელმა. 30


_ ჰო, ხუთიოდე წლის წინ დავყვებოდი აქეთ-იქით. _ მაშ არ გეცოდინება, კარტუზა რომ ქურდობაზე დაიჭირეს, ახლა ორწლიანში ზის. _ არ ვიცოდი. _ ვახტანგა თეთრეულის გულისათვის სცემეს მგზავრებმა და უფროსს, წილს რომელიც თხოვდა, ცხელ გულზე სიფათში შემოსცხო. კინაღამ ისიც დაიჭირეს, სამი ათასი დაუსვა უფროსმა ერთი გარტყმა. ახლა მგონი თამბაქოს ქარხანაში მუშაობს. გარიკას ხომ იცნობდი? _ ეგ რომელი? _ ვერ გაიხსენა მურზამ. _ ბოსტანჯიანი გარიკა, "ბოსტანას" ეძახდნენ ხოლმე, _ შეახსენა ნუგზარმა. _ ჰო, გამახსენდა, შუახნის კაცი იყო, არა? _ გარიკა ახლა "ერევან-მოსკოვზეა". ამბობს უფრო შემოსავლიანიაო. მატარებელი შავი ზღვის პირას მიჰქროდა, ქვიან და ბეტონის მასივებიან პლაჟზე თოლიები იბუზებოდნენ. ნუგზართან მეზობელი ვაგონის გამცილებელი მოვიდა. ნუგზარმა იგი ბიჭებს გააცნო. სამსონმა, გამხდარმა, ულვაშებიანმა, რკინიგზელის სამხრეებიანმა, ოცდაათიოდე წლის ბიჭმა ახალი წელი მიულოცა მათ და უსურვა ყოველთვის კეთილ გზაზე სიარული. მურზა სოჭის სადგურის სასადილოში სპარტაკს ეუბნებოდა _ "მატარებელში ყმაწვილკაცობას გავიხსენებ, ავივლ-ჩავივლი, იქნებ ვინმეს კარტის თამაშის სურვილი აღეძრას", ახლა კი გადაიფიქრა, დაეზარა ვაგონიდან ვაგონში ძრომიალი, რადგან 31


მატარებელი თითქმის ცარიელი მიდიოდა. ნუგზარს ლაპარაკში წამოსცდა გამცილებლები ვიკრიბებით და სეკას ვთამაშობთ, ისე ამხელა გზას რა გაგვაძლებინებსო, და მურზამ კიდევ ერთხელ გაივლო გულში "დაიძრა წლევანდელი მატარებელი". თუმცა თამაში არ შემდგარა. შამპანურს არაყი მოყვა, სამსონმა კარტით ფოკუსები უჩვენა, მერე ეშმაკური გამოცანები დაუსვა ასანთის ღერებით. მურზამ ზოგი რამ პირველად ნახა, მაგრამ გაკვირვებული ამით კი არ იყო. მას ის აოცებდა, რომ გამცილებელმა, რომელიც მშვენივრად ფლობდა ბანქოს, ერთი სიტყვა არ დაძრა თამაშის შესახებ, არაფერი შესთავაზა. მურზას წარმოდგენაში არ არსებობდა ისეთი გამცილებელი მრუდე ხელი ან თვალი რომ არ ჰქონოდა. ნუგზარიც ისეთივე პატიოსანი აღმოჩნდა, თურმე მგზავრებთან არასდროს არ ეთამაშა ფულზე. როსტოვამდე ისე ჩავიდნენ, არც გაუგიათ. ნუგზარს მოჰქონდა და მოჰქონდა არაყი, რომელიც მოსკოვში ნაცნობებისთვის იყო განკუთვნილი. სამსონმა თავისი ექვსწლიანი სტაჟიდან მოიგონა შემთხვევები. იგი უცოლშვილო იყო. ნუგზარს ცოლი და ორი წლის გოგო ელოდებოდნენ სახლში, თბილისში. ერთი გამოძინება ყველამ მოასწრო. ნუგზარმა დააღვიძა და მოატყუა: როსტოვში გაჩერდა მატარებელიო, როცა როსტოვამდე ოთხი საათის სავალი იყო. მაგიდაზე არაყი, ძეხვი და მოხარშული კვერცხი გაჩნდა და გაგრძელდა საახალწლო ქეიფი. როსტოვში გამცილებლები გადაკოცნეს, გამოემშვიდობნენ და ისეთი მთვრალები 32


ჩამოვიდნენ, რომ ყინვა არ უგრძვნიათ. როსტოვის სადგურში სხვა მდგომარეობა იყო. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს ირევა ხალხი. მურზა თამაშის ჟინმა აიტანა. "წელს კარტისთვის ხელი არ მიხლია", _ ამბობდა ის და ხალხს ათვალიერებდა. მთვრალებმა ერთმანეთი მხედველობის არიდან დაკარგეს და მხოლოდ მეორე დღეს შეხვდნენ. სპარტაკს სადგურის მოსაცდელში სძინებია, მურზა ჯგუფს აეკიდა, აეროპორტამდე გააცილა და ავტობუსში დაეძინა. დილით სადგურში იპოვეს ერთმანეთი. მურზას ვიღაც კლიენტი ეშოვა, ბუნდოვნად ახსოვდა დათქმული შეხვედრის ადგილი. "მგონი ექვს იანვარს სასტუმრო აქსინიასთან საღამოს შვიდ საათზე უნდა მოვიდეს, ალბათ სახეზე ვეღარც ვიცნობ, მითხრა _ მოყვარული ვარ თამაშისაო", _ მოუყვა სპარტაკს. ბიჭები "აქსინიაში" გაეშურნენ ნომრის ასაღებად. ბედზე ერთი ნომერი იმ დილით განთავისუფლდა (ახალი წლის შესახვედრად ჩამოსული წყვილი წავიდა) და იქ შესახლდნენ, მურზას სასტუმროს მუშაკი დაეხმარა. მურზასთვის უიღბლოდ დაიწყო წელიწადი, ნაცნობი მოთამაშეები მოძებნა, ემიგრაციაში მყოფი უსაქმურებიდან ზოგი ვალებს გამოქცეოდა თავისი მშობლიური ქალაქიდან. ისინი ამბობდნენ, რომ ვალის გასასტუმრებლად ამ გადასაკარგავში ფულს აგროვებდნენ. ზოგი საბჭოთა მართლმსაჯულებასთან დამალობანას თამაშობდა. გასტროლიორები ერთი საღამოთი ჩაეწერნენ მათ რიგებში, მხოლოდ ერთი საღამოთი, რადგან მურზას 33


აზრით მათ "ჭიან კაკალს ვერ გააგდებინებდა". მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა ემიგრანტებისგან თავის დაღწევა. მათი მარშრუტი ყოველდღე სასტუმროში, ბიჭების ნომერში გადიოდა. ამ საეჭვო ნაცნობობას არაფერი კარგი არ მოყვებოდა, ორგანოს მუშაკების ყურადღების გამახვილების გარდა. ამიტომ მურზა შეეცადა შეეწყვიტა არაფრისმთქმელი ვიზიტები. ამისათვის მან რამდენიმე ემიგრანტს მოსატანი ფული მოუგო. საერთო ჯამში სულ რაღაც ორასი მანეთი, ამის მერე ისინი თვალით აღარ უნახავთ. სხვებს რომ შეხვდებოდნენ ქუჩაში, მურზა დიდის ამბით შეახსენებდა ხოლმე: "ძმებს ხომ არ დაავიწყდათ, ძველ ახალ წელს ფული რომ უნდა მომიტანონ?!" მერე ისინიც გაქრნენ. გასტროლიორები დარჩენილი ხუთასი მანეთით დროს ატარებდნენ. ექვს იანვარს მოულოდნელად გაახსენდათ, ვიღაც ბანქოს მოყვარული რომ უნდა მოსულიყო სასტუმროსთან. მურზა ფოიეში მოსეირნე კაცს დააკვირდა, იცნო და მყისვე აღიდგინა თავის მეხსიერებაში მასთან საუბარი. როგორსაც ელოდა სპარტაკი, ისეთი არ აღმოჩნდა უცნობი მოთამაშე. იგი ტიპიური მოქალაქის იერით ვიტრინებს ათვალიერებდა. მურზა მიუახლოვდა და მიესალმა, შემდეგ სპარტაკი წარუდგინა, როგორც მეგობარი და სამივენი სასტუმროს ჰოლიდან გავიდნენ, რათა დროულად მანქანა გაეჩერებინათ. ტიპიური მოქალაქე თავისთან ეპატიჟებოდა სათამაშოდ, გააფრთხილა, რომ ქალაქიდან მოშორებით წავიდოდნენ და ამიტომ უნდა ეჩქარათ, თორემ გვიან ღამე უკან დასაბრუნებელ ტრანსპორტს 34


ვეღარ იშოვნიდნენ. მურზამ იქვე, სასტუმროს სადგომთან მწვანე ფერის "მოსკვიჩი" გააჩერა. მძღოლს წინასწარ მოურიგდა, დაითანხმა, რომ ადგილზე წაიყვანდა და სამი საათის შემდეგ იქვე მივიდოდა უკან წამოსაყვანად. ქალაქიდან რომ გავიდნენ, მძღოლი აწუწუნდა, გზას უჩიოდა. მგზავრებს ისეთი გრძნობა ჰქონდათ, მანქანა ნაწილ-ნაწილ დაიშლებოდა. თოვლ-ჭყაპით ამოვსებულ ორმოებზე გადასვლისას ტრაქტორივით მორახრახე ძრავის ხმას რესორების ჭახანი ერთვოდა. მძღოლი, უსაშველოდ სქელი პენსიონერი, ყმაწვილური სიმარდით ატრიალებდა საჭეს, მაგრამ ბორგავდა და ხვნეშასაც აყოლებდა. უკვე ბინდდებოდა და ტრასიდან მიხვეულ-მოხვეულ გზაზე რომ გავიდნენ, ლანძღვა-გინებაზე გადავიდა. _ რა გააჭირე საქმე ბოლოს და ბოლოს? _ უთხრა მურზამ, _ ფულს გიხდით და წყნარად ატარე მანქანა. მძღოლმა მურზას შეხედა, პასუხის მაგივრად შეიგინა და მერე რამდენი ორმოც გადაიარეს იმდენი გინება ჩაიმარხა გულში. _ მოვედით, _ თქვა ბანქოს მოყვარულმა. მანქანა შენობის წინ გაჩერდა, რომელიც ტრიალ ადგილზე წამოწყებული უზარმაზარი მშენებლობის უკვე მომთავრებულ ნაწილს წარმოადგენდა. მურზამ ხუთჯერ მეტი გადაუხადა იმაზე, რაც ჩვეულებრივ ტაქსს დაჭირდებოდა, თან დაამატა: _ ამდენსაც წასაყვანად რომ მოხვალ, მაშინ მიიღებ. მძღოლს გზა გაახსენდა და გუნებაში კიდევ ერთხელ შეიგინა. _ მოვალ, _ მიუგო მურზას, რის ვაი-ვაგლახით 35


თოვლში "სახედარი" მოაბრუნა და ძრავის გუგუნით გაუდგა გზას. _ აქეთ მოდით, მე მომყევით, _ თქვა მოყვარულმა, _ შუქები არ ანთია, ბიჭები არ მოსულან, დღეს არც ვაპირებდით შეკრებას. მან რკინის კარებს კლიტე ახსნა, შესულებმა სიბნელეში ასანთს გაჰკრეს. _ ასანთის ნამწვები ძირს არ დაყაროთ, _ გააფრთხილა მასპინძელმა. რკინის ვიწრო კიბით მეორე სართულზე ავიდნენ. ახალ შენობაში ცემენტის და ხის სუნი იდგა. _ მე აქ მშენებლობაზე ვმუშაობ, _ ოთახში შუქი რომ აანთო მაშინღა თქვა მოყვარულმა, _ ბრიგადირი ვარ, აი, აქ ვიკრიბებით ხოლმე ბიჭები. თქვენ ცოტა ხანი მომიცადეთ, კლიტეს დავკიდებ და მალე მოვალ. იგი დაბლა ჩავიდა, კარები კლიტით გარედან დაკეტა, შენობის გვერდით ისეთივე წვრილ რკინის კიბეს აყვა და იქიდან პატარა რკინის კარით შევიდა მეორე სართულზე. _ ხაფანგში ხომ არ გაგვაბი, ძმაო? _ ჰკითხა მურზამ. _ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რა ვიცი, ვიღაც ინტრიგანი გაივლის და მიჩივლებს? ედოს კარებს კლიტე, ფანჯრებსაც კარტონს... ავაფარებთ... აი, ასე! მან კარტონი ისე მოათავსა რაფაზე, რომ გარეთ შუქი არ გასულიყო. მხოლოდ ამის მერე დაიწყეს თამაში. მურზამ მის მიერ შეთავაზებული ბანქო გადაფურცლა და შეამოწმა, სპარტაკი კედელზე გაკრულ ტექნიკის უსაფრთხოების სტენდებს ათვალიერებდა. მოყვარულმა იეჭვიანა და სთხოვა: ან გასულიყო ოთახიდან, ან მურზას გვერდით 36


დამჯდარიყო. _ სპარტაკი მოთამაშე არ არის, _ დაამშვიდა მურზამ. _ მაინც, რა საჭიროა ჩემ კარტში ვიღაცა იხედებოდეს. _ მაშინ ეს სარკეც ჩამოვხსნათ, კედელზე რომ დაგიმაგრებია, _ მიანიშნა სპარტაკმა მურზას უკან კედელზე მიმაგრებულ მომცრო სარკეზე, თან უკვირდა, _ მურზამ რატომ ვერ შეამჩნიაო. _ მოვხსნათ და მოვხსნათ, _ თქვა მოყვარულმა, ადგა და სარკე ჩამოხსნა. სპარტაკი მურზასთან დაჯდა. მურზა ბანქოს მოხერხებულად უჭრიდა ტუზებზე და ერთ საათში მოყვარულმა ასი მანეთი წააგო, ახლავე შემოვალო, თქვა და ოთახიდან გავიდა. _ ისწავლა ხალხმა თამაში, აღარ ტყუვდება, დიდ თანხებს აღარ ჩამოდის, _ წუხდა მურზა და ოთახში დაბრუნებულმა მოყვარულმა რომ განაცხადა: ფული აღარ დამრჩენიაო, ბრაზისგან თითქმის ყვირილი დაიწყო: _ აბა, ასი მანეთისთვის მოგყავდით ამ დასაკარგავში?! თოვლი, ჭყაპი, ფუჰ... ას მანეთს ერთ დარიგებაზე ჩადიან... ამდენ ხანში ათას მანეთს მაინც მოვიგებდი... შენც იტყვი თამაში მიყვარსო?! წამოდი სპარტაკ, წავიდეთ, მეგონა კაცს შევხვდი. ნორმალურად ვითამაშებთ მეთქი, ტყუილად ნერვებიც მოვიშალე... მურზას მონდომებამ შედეგი გამოიღო, მოყვარულმა თავი დამნაშავედ იგრძნო და გამართლება დაიწყო. _ სულ აქ ვტოვებდი ხოლმე ფულს, სამუშაო ფორმაში ჩამრჩენია-კი, სახლში რომ წავუღე ცოლს გასარეცხად. 37


_ წავიდეთ მერე, თუ ასეა. რა, შორს ცხოვრობ? _ ფეხით ვერ წავალთ ამ თოვლ-ჭყაპში. მურზამ სულგრძელობა გამოიჩინა და თითქოს დაწყნარებულმა უთხრა: _ ჯანდაბას, სპარტაკისაგან ისესხე ფული. _ კეთილი, თუ მასესხებ ძმაო, ხვალვე ჩაგაბარებ, _ უთხრა მოყვარულმა სპარტაკს, რომელმაც ჯიბეზე გაიკრა ხელი და ხუთმანეთიანი ამოიღო. მურზას სიცილი აუტყდა, ასი მანეთი გადაუთვალა მოყვარულს, მაგრამ მან ორმოცდაათი უკან დაუბრუნა, უთხრა ჯერ მეტი არ მინდა, თამაში უნდა შევატრიალოო. "გაუკეთე კაცს კარგი საქმე", _ ფიქრობდა მურზა, რადგან მოყვარული ახლა უფრო წუწურაქობდა და გაუბედავად თამაშობდა. ამ ორმოცდაათი მანეთის მოგებას კიდევ საათნახევარი მოუნდა. თამაშის დროს მურზა წამოიძახებდა ხოლმე: "ის ღიპიანი სადღა დაიკარგა", მძღოლი ყავდა მხედველობაში. ერთხელ წამოდგა, ფანჯარას კარტონი მოხსნა და გადაიხედა. _ კარტონიც ხომ მიაფარა, გეგონება მილიონებზე ვთამაშობთ... აგერ ბუთხუზიც მოთუხთუხებს, _ თქვა მურზამ. მანქანა დათქმულზე ადრე მოვიდა. _ გააღე ძმაო ჭიშკარი, _ უთხრა მოყვარულს. მასპინძელმა შუქი ჩააქრო, კარები გაიკეტა და უსიამოვნო სტუმრები დერეფნით გაიყვანა რკინის ვიწრო ბაქანზე. _ მე ტრასამდე გამოგყვებით, _ თქვა მან, კიბეზე რომ ჩავიდნენ. 38


მძღოლს ახლა უფრო გაუჭირდა მობრუნება. პირველად მანევრირებისას მანქანის ბორბლებს ადგილი აეტალახებინა და ახლა სხვა მანევრი ჩაატარა მგზავრების დახმარებით. ტრასამდე რომ გავიდნენ, მოყვარულის სახლთან გაჩერებისას აქამდე უცხო ხმაური გაისმა, წვიმამაც მაშინ დასცხო. _ საბურავი დაეშვა! _ აღმოხდა მძღოლს და მანქანიდან ისეთი სისწრაფით გადავიდა, თითქოს კოსმოსური ხომალდის კორპუსზე, მეტეორების სეტყვაში უწესრიგობა უნდა აღმოეფხვრა. წინა საბურავი დაშვებულიყო. მოყვარული მეტეორების წვიმისგან თავის შესაფარებლად სახლში გაიქცა. მურზა გასაცილებლად გაეკიდა. სპარტაკიც გადავიდა მანქანიდან და სახლისკენ წავიდა. _ მოდით, მომეხმარეთ, უსაქმურებო! _ დაიძახა მძღოლმა. _ სპარტაკ, წადი, მიეხმარე, მე ძმას გამოვემშვიდობები. მურზა შინ შეფარებულ მოყვარულს ელოდებოდა, უნდოდა ბანქოთი ფოკუსი ეჩვენებინა. სანამ სპარტაკი და მძღოლი ხელსაწყოებით გავსებულ საბარგულიდან ახალ კამერას ამოათრევდნენ, მურზამ ახალი ბორბალი მოაგორა. _ ფოკუსმა წარმატებით ჩაიარა, ეს დავაყენოთ და ძველი ძმას დავუტოვოთ. მძღოლმა იუარა, ჩემ ბორბალს არავის დავუტოვებო, მაგრამ მერე ახალი დაათვალიერა და დათანხმდა. ბორბალი უცებ დაამაგრეს. მწყობრიდან გამოსული მურზამ მოყვარულს წაუღო, კარი დაკეტილი დახვდა. 39


_ ძმაო ბორბალი მოგიტანე... იქნებ რესტორანში წამოსულიყავი, _ დაიძახა მურზამ. მძღოლი მურზასკენ წავიდა, ბორბლის უკან წამოღება უნდოდა, მაგრამ მურზამ არ დაანება, უთხრა, რომ ძმა განაწყენდებოდა. მძღოლმა ბიჭები სასტუმროსთან მიიყვანა და უკან დაბრუნდა. ის იყო კარებთან მიჭყაპუნდა და ბორბლისთვის ხელი უნდა წაევლო, მოყვარულმა გამოიხედა სახლიდან, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ამის დანახვაზე პენსიონერმა ხელი უკან წაიღო და ჰკითხა: _ ჰა, აიღებ თუ არა? მოყვარულს ძალიან მოუნდა, რომ პენსიონერი შეეშინებინა, ბორბალი შინ შეაგორა და დანა გამოიტანა. _ რა გინდა? _ ჰკითხა შეშინებულმა მძღოლმა, როცა მოყვარულმა დაქოქვა არ აცალა და კარები გაუღო. _ აბა, მოხსენი ჩემი ბორბალი თორემ..! _ დაემუქრა მოყვარული. _ იმ ძაღლებმა ფულის მაგივრად ბორბალი რომ გამომიცვალეს, იმაზე ხომ არ მეუბნები? _ აბა, ტყუილებს თავი დაანებე, თორემ... მძღოლმა აღიარა, რომ მგზავრებმა ფული გადაუხადეს, ხოლო საბურავის გამთელება ეს მგზავრის ფოკუსი იყო. _ ბაბუა, შენ ჰალუცინაციები ხომ არ გაწუხებს, რა ფოკუსი?! ბორბალი მომიხსენი. პენსიონერი ვირზე შეჯდა, მაღალ ვირზე. _ მეც ვიცი ფოკუსები, _ თქვა გაწბილებულმა მოყვარულმა და დანით ახალ ბორბალს ეტაკა, თუმცა ფოკუსის ჩატარება გაუჭირდა, ის ხომ მოყვარული 40


იყო. მძღოლი მანქანიდან რომ გადმოვიდა, საბურავი სიკვდილისწინა ხროტინს გამოსცემდა. მოყვარულმა სახლის კარები ჩაკეტა და მძღოლის ალერსიან ხმაზე რეაგირებას არ ახდენდა. თოვლჭყაპში დგომის უსარგებლობაში რომ დარწმუნდა, პენსიონერი ხვნეშით კამერის გამოცვლას შეუდგა. სპარტაკი და მურზა ამ დროს რესტორანში ლამაზმანებთან ისხდნენ. უიღბლო ინციდენტი მურზას სველი ფეხსაცმელებით შეახსენებდა ხოლმე თავს. როდესაც ლამაზმანებმა გაიგეს, რაშიც იყო საქმე და ჰკითხეს: _ მურზა, რატომ დაგიწყვეტია გული, მოიგე, ხომ არ წააგე?! მან უპასუხა: _ ასეთ მოგებას წაგება მერჩივნა. _ რატომ? _ კაცი რომ აგებს, ამით სწავლობს, რაღაცას იძენს. _ მაინც, სულ არაფერს ასორმოცდაათი მანეთი არ ჯობია? _ არა, ტრაბახში არ ჩამომართვათ, ასეთი ფულის მოგება საკუთარი თავის უპატივცემლობაა, ჩემი გამოცდილებისა. მურზა გოგოების კომპანიაში, როგორც თვითონ ამბობდა, "ინტელექტუალი" ხდებოდა. ორკესტრმა დაუკრა, მურზა არასდროს ცეკვავდა და გოგონებმა სპარტაკი გაიტაცეს. მურზასთან ნაცნობები მივიდნენ, ცოტა ილაპარაკეს, თითო ჭიქა კონიაკი დალიეს და დაემშვიდობნენ. მურზა სპარტაკს ადევნებდა თვალს და ეცინებოდა. 41


_ კარგად ცეკვავ, ძმაო! _ უთხრა როცა მიუახლოვდნენ. გოგონები რამდენიმე წუთით დაეთხოვნენ და ბიჭები აივანზე გავიდნენ, რათა სუფთა ჰაერთან ერთად სიგარეტის ნეტარი ბოლი შეესუნთქათ. _ როგორ იყო, დღეს სარკე რომ მოახსნევინე ჩემს უკნიდან? _ გაეცინა მურზას. _ ჰო, მართლა, როგორ ვერ შეამჩნიე?! ძალიან გამიკვირდა. მურზას კიდევ გაეცინა. _ რატომ გეცინება? _ დაიხსომე, შენს უკან სარკე არასდროს არ უნდა მოხსნა, იმიტომ, რომ როცა საჭირო იქნება მოწინააღმდეგეს შენ კარტს დაანახვებ. _ ვერ გავიგე?! _ ერთხელ ტამბოვში ვითამაშე, ჩემს უკან კარადა იდგა, შიგ კაცი ჩამისვეს, რომელიც ჭუჭრუტანიდან ჩემ კარტს ხედავდა და კარადის ახდილი თავიდან უჩვენებდა მოწინააღმდეგეს. ამით უფრო უარესს აკეთებდნენ თავისთვის. ოცი ათასი მოვიგე, შვიდი ავიღე ნაღდი, დანარჩენი რაღაცეებში გაიქვითა. _ როგორ? _ აი, როგორ: მე ხომ "აი-იასავით" ვკითხულობდი მაღაზიაში ნაყიდ კარტს. როცა ანიშნებდნენ ძმას ჩემი ცუდი ქულების შესახებ, დიდ თანხას ჩამოდიოდა, რომ დავეშინებინე და კარტი დამეყარა, მაგრამ ზოგჯერ ვიცოდი ჩემზე ნაკლები ქულა რომ ჰქონდა და გამოვიჭერდი, ორჯერ ვზრდიდი თანხას. ის ფიქრობდა, რომ მეც დასაშინებლად ვაკეთებდი ამას და კიდევ ზრდიდა... ბოლოს მე გავეხსნებოდი 42


თერთმეტით მას კი ათი ჰქონდა. ნახევარ საათში ოცი ათასი მოვუგე. ოღონდაც ეს მეთოდი ყოველთვის არ უნდა გამოიყენო, თორემ ეჭვს აიღებენ. ახლა ხომ მიხვდი რაშია საქმე? _ მივხვდი, ეგ იგივეა, რაც შენ რომ სცნობდე მოწინააღმდეგის დანიშნულ კარტს, _ უთხრა სპარტაკმა. _ იგივეა, მაგრამ დაუნიშნავი კარტის სარკიდან შემთხვევით დანახვება უფრო ეფექტურია. გოგოები აივანზე გამოვიდნენ, მურზა ინტელექტუალად იქცა და ისინი სასტუმროს ნომერში დაპატიჟა შამპანურზე, გოგოები დათანხმდნენ. კიბეებზე რომ ადიოდნენ, მურზამ სპარტაკს გადაულაპარაკა. _ ძმაო, ხვალ გამოგვყრიან ნომრიდან. _ მეორე კლასის ნომერში გადავიდეთ. _ ვნახოთ, იქნებ კლიენტი გამოვიჭირო ვინმე, მოთამაშეებთან რომ წავიდე, მაინც მოსატანზე უნდა ვითამაშო, ჩვენ კი ნაღდი გვინდა, მაგათ რომ მოვუგო კალინინგრადიდან კრასნოიარსკამდე უნდა სდიო მთელი სიცოცხლე, რომ ჩაგაბარონ. _ ახლა არაფერი დაგრჩა? _ არა, ასორმოცდაათი მანეთი დავტოვე რესტორანში. _ მოყვარულს ორმოცდაათი მანეთი აქვს მოსატანი. _ არ მოიტანს. სპარტაკმა ნომრის კარი გააღო და გოგოები შეიპატიჟა. მურზა, როცა ინტელექტუალი ხდებოდა, მაშინაც არ ივიწყებდა ბანქოს. მერე კი, ცალი ხელით ლამაზს რომ ეფერებოდა, მეორეში ბანქო ეჭირა და წყებას 43


ოთხ ნაწილად ჩეხდა. გოგოები ამდენმა სასმელმა ისე გაახალისა, რომ ახლა ისინი ყველაფერზე თანახმა იყვნენ, მურზას შეთავაზებული თამაშებიდან. რამსი ითამაშეს. მურზა ამბობდა, რომ ინტელექტუალი უფრო ცუდი მოთამაშეა. მერე აღმზრდელობითი გრძნობები მოეძალა, უყურებდა რა სპარტაკის მოქნილ, გრძელ თითებს. შუაღამისას გოგოები თავიანთ მოლიპულ გზაზე გაუშვა და სპარტაკს კარტით სამი-ოთხი პასაჟი ასწავლა. სპარტაკმა მალე აითვისა ბანქოს ხელებში დამალვა და მიმდევრობით ჩაწყობა. მურზამ ისეთი იერი მიიღო, თითქოს პირველად ხედავდა ამხანაგს. _ ძძმმაო, შენგან დიდი მაფიოზი დადგება, რაც შენ ახლა გააკეთე, მე სამი წელს განმავლობაში ვისწავლე, _ უთხრა აღტაცებით სპარტაკს. _ ის სამი წელი სულ აგებდი? _ არა, მაშინ პატარა ვიყავი, სოფელში ვთამაშობდი კაკლებზე. შემოდგომით ხეებზე არც ერთი კაკალი აღარ რჩებოდა, სულ ჩვენ სარდაფში გროვდებოდა ხოლმე. _ პირველად ფულზე როგორ ითამაშე? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ ფულზე არ მითამაშია, მაშინ მერვე კლასში ვიყავი, ერთ ბიჭს რვაასი კაკალი მოვუგე, ერთი დიდი ტომარა გამოვიდოდა, სოფელში ვეღარსად იშოვა კაკალი, ტყეშიც სულ ჩამოეკრიფათ ჩემ მეტოქეებს. ჰო და მომელაპარაკა, რაღა ბაზარში ვიყიდო, პირდაპირ ფულს მოგცემო, სამასი მანეთი მომცა, ბაზარში ალბათ ორი იმდენი დაეხარჯებოდა. აი, მაშინ დაიძრა ჩემი ყინული. ცოტა ხანში დიდძალი 44


ფული დამჭირდა. ოცდასამიათასი წავაგე და თავის მოკვლაც მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ კარტმა მიშველა, ბიჭები ქურდობაზე მეძალებოდნენ, ჩემგან ქურდი არ დადგა, ჭიანი ვაშლი არ მომიპარია. იმ წაგებამ მასწავლა თამაში და თითქოს მადლობელიც ვარ, ვინც მაშინ მომიგო, იმისი. დავდიოდი მატარებლებში, სადგურებში, ბაზრებში, მშენებლობებზე, სტადიონებზე, ქორწილებში ... და სად აღარ, რომ წაგებული გამესტუმრებინა. ორ წელიწადში ნახევარი გადავიხადე, დანარჩენი მევალესვე მოვუგე და გავთავისუფლდი, მაგრამ მე უკვე ავად ვიყავი. ბანქოთი ავადმყოფი, ორი წელი დედ-მამის უნახავი ორ საათს ვერ გავჩერდი მშობლიურ სახლში, ძველ ნაცნობ მოთამაშეებთან წავედი, გაზრდილიყვნენ, მაგრამ ჭკუა არ მომატებოდათ, ყველა ჯიბეცარიელი დავტოვე და, სანამ სოფლიდან ქალაქში ჩავიდოდი, ჩემი სახელი უკვე ბევრმა იცოდა. არ ვინდობდი დიდს და პატარას, ვიგებდი ასებს, ათასებს და ათიათასებს. გამოცდილი მოთამაშეებიც მე მიყენებდნენ შემსრულებლად, კლიენტს მოძებნიდნენ და მე შემახვედრებდნენ. კარგად ვცხოვრობდი, თუმცა ფულით ჯიბედატენილს დიდხანს არ მივლია, ამ ხნის კაცი ვარ და ბინა ვერ ვიყიდე. რომ ვიყიდო, მაინც ფსონზე უნდა დავახურდავო, რამდენს ვლაპარაკობ?! სამი კონიაკი და ორი შამპანური დავლიეთ ორმა, ჰეე... ირო-რე-რე... ხვალ საფუნთუშეში თორმეტ კაპიკიან ფუნთუშას შევჭამთ, ირო-რე-რე... სპარტაკს უნდოდა, რომ მურზას კიდევ რამე 45


მოეყოლა თავის თავზე, მაგრამ მურზა ხუმრობის გუნებაზე დამდგარიყო, ახალი კოლოფი გახსნა, კალამი და სამელნე გაამზადა და ხატვა დაიწყო, ბანქოს ქაღალდის გარეკანზე გამოსახულ ხეებზე სხვადასხვა ჩიტებს სვამდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი იყო, მურზა ოსტატურად ხმარობდა კალამს, მისი მონახატი ფაბრიკულისგან თითქმის არ გამოირჩეოდა. სპარტაკმა გაკეთებული დასტის თვალიერება დაიწყო და გადაიხარხარა. _ მერცხალი ხეზე არ ჯდება, _ თქვა სიცილით. _ იცინე, იცინე და ნახავ ამ კარტმა თუ არ მოგვაგებინოს, მთავარია ლამაზად გაკეთდეს საქმე, შედეგს კი იმდენი მნიშვნელობა აღარ აქვს, ბევრი ამაში ცდება და ცხოვრებას აგებს, შედეგს არასდროს არ უნდა გადასწვდე აზრით, მოვლენებს არ უნდა გაუსწრო. მთავარია, ლამაზად აკეთო, მაშინ იქნები სუპერპროფესიონალი. _ მე ერთი გამოთქმა გამიგონია, თუ იგებ პროფესიონალი ხარ, თუ აგებ _ არიფი. _ ეგ სწორია, პროფესიონალი უნდა იგებდეს, სუპერ, სუპერპროფესიონალმა კი შეიძლება წააგოს, მაგრამ მაინც სუპერპროფესიონალია, იმიტომ, რომ ყველაფერს პრიმიტიულად კი არა, ლამაზად აკეთებს. სხვათა შორის კარგი წაგება მოგებაზე ძნელია. _ ვნახოთ, ამ ჩიტებით მგონი არაფერი გამოვა. მურზამ გულიანად გადაიხარხარა, ბანქო კოლოფში ჩაალაგა, ფრთხილად დააწება და ჯიბეში ჩაიდო. _ მოდი დაგენიძლავო, ხვალ ამ კარტმა მოგვაგებინოს. 46


_ დავნაძლევდეთ, რაზე? _ წაგებულმა გოგოები მოიყვანოს. _ კეთილი. საათი სამს უჩვენებდა. ბიჭებმა ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს და დაიძინეს. იცრუა მურზამ მოპარვის თაობაზე და სანამ დაიძინებდა კიდევ გაახსენდა ერთი უსიამო ისტორია, ხშირად რომ აწუხებდა. ორნი იყვნენ. ნაციხარს ნაღდი ცნობა ჰქონდა, რომ სახლში ათი ათასი ინახებოდა. ერთი დღე უთვალთვალებდნენ ოჯახის ყოფა-ცხოვრებას. მეორე დღეს ვეღარ მოითმინეს და ხალხი სამსახურში რომ გაიგულეს, სადარბაზოში შეიჭრნენ და მესამე სართულზე რკინის კარებს წვალება დაუწყეს. კარის გაღების მაგიერ კედელი გამოანგრიეს. სახლში ოთხი წლის ბიჭუნა აღმოჩნდა, რომელიც შიშისგან კუთხეში მიკუნჭულიყო. ნაციხარმა მურზა ბიჭს დაუყენა ყარაულად, თვითონ კი ფულის ძებნას შეუდგა. მურზას ნაქურდალის ერთი მესამედი ყველა შემთხვევაში ეკუთვნოდა, ამიტომ ბავშვი საძილე ოთახში გაიყვანა, საწოლზე გვერდით მოისვა და ლაპარაკით გართობა სცადა. ნაციხარმა გადააქოთა სახლი, მაგრამ ფოტოაპარატის მეტი ვერაფერი იპოვა. _ მოვიხიეთ! _ გაბრაზებულმა დაუძახა მურზას, რომელიც ბავშვს ეთამაშებოდა. წასვლის წინ მურზას შემთხვევით ხელი ბალიშზე მოუხვდა, სადაც ფული ინახებოდა და სწრაფად ბალიშის გადასაკრავიდან ფულის დასტა ჯიბეში გადაანაცვლა. ბავშვს ეს არ გამოპარვია და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მურზას. 47


_ მასესხე, რომ გაიზრდები მერე დაგიბრუნებ, _ უთხრა მურზამ, თავზე საბანი გადააფარა და გაიქცა. _ მაგრად ვჭამეთ! _ კბილებში გამოსცრა ნაციხარმა, იმ ტერიტორიას რომ მოშორდნენ, _ ობელინს ყელს გამოვჭრი! მურზამ დამალა ფულის პოვნა. ეგონა ახლა მაინც გამოვძვრები ვალებიდანო, მაგრამ მარტო დარჩენილმა დასტაში მხოლოდ ორი ათასი გადათვალა და ინანა, რომ არ გაუმხილა ნაციხარს. ობელინის ყურს, იგივე გზებით, რა გზითაც ფულის არსებობა შეიტყო, ორიათასის აწაპვნის შესახებ მიწვდა ხმა და ნაციხარს პრეტენზიებზე იქით მოსდო შარი, ჩემი მესამედი მომეციო. ნაციხარი მურზას მივარდა, ფული ხომ არ გამოგიტანია სახლიდანო. მურზამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. დიდი დავის შემდეგ მიწყნარდა ეს ამბავი, მაგრამ მურზას ეს ორმაგი ქურდობა და ბავშვი არ ავიწყდებოდა. ნანობდა ასე რომ მოიქცა, მაგრამ სხვა გამოსავალი მაშინ არ ჰქონდა, მარტო იყო, ბანქო მოგვიანებით ამოუდგა მხარში. ამ ამბავს არავის უმხელდა, რადგან ერთის მხრივ მოთამაშის სახელს უფრთხილდებოდა, მეორე მხრივ ეშინოდა, ნაციხარის ყურამდე რომ მიეღწია ხმას, არ აპატიებდნენ. მურზას მეტი მართლაც არა მოუპარავს რა, თუმცა ასეთ საქმეზე ბევრჯერ წასულა. ბანქოს დიდოსტატი მიუჩვეველი იყო ღამის საათებში ძილს და მისი გონება მომგებიანი და წამგებიანი გარიგებების ვარიანტებს გამომთვლელი მანქანასავით ანგარიშობდა. დილით მევახტის კაკუნმა გააღვიძა ისინი. 48


_ ოთახი გაანთავისუფლეთ! _ სთხოვა მან, _ სპორტსმენების ჯგუფი ჩამოგვივიდა. _ აღსდექი ჩაგრული ხალხის წინამძღოლო! _ ყურში ჩასჩურჩულა სპარტაკს მურზამ და სწრაფად ჩაიცვა. სპარტაკმა გვერდი იცვალა, მურზამ მევახტეს კარი გაუღო და უთხრა: _ ჩემი მეგობარი ავად გახდა და ვერ დგება. _ აქ საავადმყოფო კი არაა, _ მიუგო მევახტემ და მოურიდებლად შეაბიჯა ოთახში. ჭუჭყიანი კვართები, ყველა კუთხეში მიმოფანტული ბანქოს დასტები და სხვა წვრილმანი ჩანთაში ჩაალაგეს და ლუქს-ნომერს გამოეთხოვნენ. სასტუმროს ჰოლში ახალგაზრდები ირეოდნენ. მურზამ გახარებულმა ჩაულაპარაკა სპარტაკს, ქართველი სპორტსმენები ჩამოსულანო და ერთ ჯგუფს მიუახლოვდა. _ ჩამოხვედით, ძმებო? _ ჰკითხა ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ დაიბნენ და მოგვიანებით გასცეს პასუხი: _ ჩამოვედით. _ როგორ იმგზავრეთ, დაიღლებოდით გზაში. _ ღამე აეროპორტში გავათიეთ. _ აქ აეროპორტში? _ არა, თბილისში, პირველი რეისით გადმოვფრინდით. _ ფორმაში ხომ ხართ. აქ ცოტა... სტადიონი ვერაა წესრიგში, ბალახი მოსაჭრელია... _ სტადიონი რა შუაშია? ჩვენ მოჭიდავეები ვართ. _ არა, ვერ გამიგეთ, ტატამი მქონდა მხედველობაში, _ გამოასწორა მურზამ. 49


_ რა წონაში ჭიდაობთ, _ ჩაერია სპარტაკი. _ ორმოცდაათიდან ოთხმოცამდე. მცირე გაბაასების მერე არამკითხე მეამბეებისათვის ცნობილი იყო, რომ იუნიორთა შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები ოთხი დღით ჩამოსულიყო. ცნობამ იმის შესახებ, რომ ნაკრებს მძიმე წონის ხალხი აკლდა, მურზას აღშფოთება გამოიწვია და შემდეგი სიტყვები წარმოათქმევინა. _ ძმა ძმისთვისაო, _ ხომ გაგიგონიათ, ჩვენ რიღასი მაქნისები ვართ ძმებო, რესპუბლიკას ახლა ვჭირდებით, მზად ხარ, სპარტაკ? სპარტაკმა, მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობა ჭირივით სძულდა, თავი დაუქნია. მურზა, სპარტაკს რომ არ დაეჭირა, აპირებდა ტატამზე გავარდნილიყო და მეტოქე ნაწილ-ნაწილ დაეშალა. _ ჩვენ ნაკრებში აპირებთ გამოსვლას? _ ჰკითხეს სპორტსმენებმა. _ ეს ჩვენი ვალია! _ უპასუხა შეკითხვით შეურაცხყოფილმა მურზამ. _ აგერ მწვანე რეიტუზებში მწვრთნელი დგას და იმას ელაპარაკეთ. მურზამ ამისგან თავი შეიკავა და ამაყად უთხრა: _ ის თვითონ მოვა ჩვენთან. ჯგუფს რომ გაშორდნენ მაშინღა გახსნა წარბები მოთამაშემ. _ მგონი გვეშველა სპარტაკ, ნაკრებში ჩავეწერებით, სასტუმროში ადგილი გვექნება და გავერთობით კიდევაც, მერე იქნებ თამაშიც გავაჩაღოთ. _ ვინ ჩაგწერს ნაკრებში?! ხალხი წლობით ვარჯიშობს. 50


_ ოღონდაც ახლა საპარიკმახეროში უნდა შევიდეთ და გავლამაზდეთ, რომ იუნიორებად ვიქცეთ. საპარიკმახეროდან გამოსულები ფოიეში დასხდნენ და მწვრთნელი რომ მათკენ გამოემართა, მურზამ სპარტაკს გადაულაპარაკა. _ თავიდან უარი უნდა ვუთხრათ. ამაო აღმოჩნდა ეს გაფრთხილება, მწვრთნელი სულაც არ აპირებდა მათ ნაკრებში მიწვევას. _ შვილო, საიდანა ხართ, პატრონი არა გყავთ?! _ მიმართა მოახლოვებულმა მწვრთნელმა. მურზას სიბრაზისგან ნეკი აუცახცახდა, მაგრამ გარეგნულად სიმშვიდე არ დაუკარგავს. _ ძია-კაცო, ჩვენც გვინდა რესპუბლიკის ღირსება დავიცვათ, _ უთხრა მწვრთნელს, რომელიც სინამდვილეში ორი-სამი წლით უფროსი თუ იქნებოდა მასზე. _ აბა, რას ლაპარაკობთ, თქვენ რომ ტატამზე გაგიშვათ, ხომ მომეჭრა თავი?! _ გაეცინა მწვრთნელს, _ წადით ახლა აქედან, ბიჭები არ შემიწუხოთ, მათ დასვენება უნდათ. _ წავიდეთ, სპარტაკ, ჩვენ კიდევ დავჭირდებით აქ! _ უთხრა მურზამ ამხანაგს და გამოუმშვიდობებლად გაეცალნენ მწვრთნელს. _ მე მურზა არ ვიყო, ეგ თუ სათამაშოდ არ დავისვა და არ გავბერო, _ იმუქრებოდა იგი, სასტუმროდან რომ გამოვიდნენ. _ შენი საქმე თამაშია, აბა, რა გეგონა, ჭიდაობა რომ მოინდომე?! _ ნუ მასწავლი, რა არის ჩემი საქმე, _ იწყინა მურზამ, _ ჭიდაობაც თამაშია, სადაც გამარჯვება და 51


დამარცხებაა ყველაფერი თამაშია, რომ იცოდე, ცხოვრებაც თამაშია. ერთხანს ჩუმად მიუყვებოდნენ ხალხმრავალ ქუჩას, საქმეზე მიიჩქაროდა დიდი და პატარა, ქალი და კაცი, გოგო და ბიჭი. ზოგს სამსახური ელოდა, ზოგს სკოლა, ზოგს უმაღლესი სასწავლებელი. _ ხომ არ დავბრუნდეთ სახლში? _ იკითხა სპარტაკმა. _ უფულობისა შეგეშინდა? _ ჩაიცინა მურზამ. _ არა. _ მოგწყინდა? _ ჰო. _ როგორც გინდოდეს, ძმაო, თუ გინდა, წადი, ძალიან კარგად იცი, რომ მე სახლი არა მაქვს, ჩემი სახლი კარტია, დღეს რომ აქ ვარ, ხვალ სად ვიქნები _ არ ვიცი. _ ამხანაგებს ვნახავ და ჩამოვალ. _ ზოლიანი კარტი ჩამომიტანე, თქვენ ინსტიტუტთან ფარდულში რომ იყიდება, მხოლოდ ის, სხვა არ მინდა, ათი დასტა აიღე. მურზამ სპარტაკი ავტოსადგურიდან გააცილა. საღამოთი სპარტაკი უკვე სახლში იყო და ამხანაგებს "გასტროლების" შესახებ უყვებოდა. რომ ჰკითხეს თუ რატომ დაბრუნდა? მან უპასუხა: _ ფული დაგვჭირდა სასწრაფოდ, თან ზოლიანი კარტიც გამოგველია, _ იცრუა სპარტაკმა, უინტერესო მოეჩვენა უსაქმოდ ყოფნა და ამიტომ დაბრუნდა, თუმცა მგზავრობის დროს უკვე ნანობდა ამას. _ რამდენი დაგჭირდათ? _ ჰკითხა ერთმა, მეტსახელად ნეკას რომ ეძახდნენ. _ ორიათასი! _ თამამად მიუგო სპარტაკმა. 52


_ დღეს უნდა ავიღო ფული, ორიათასხუთასი, თერთმეტ საათზე ჩამაბარებენ, თუ წამომყვები, შემიძლია გაგატანო, მე და მურზას შორის არაფერი იკარგება. სპარტაკი მახეში გაება. იძულებული იყო გაჰყოლოდა. ფული ინსტიტუტის ეზოში უნდა მოეტანათ. მომტანი იგვიანებდა, ღამის თერთმეტი საათი დაიწყო. _ ქურდული ათი წუთიც დაველოდოთ, _ თქვა ნეკამ. მალე ორი ბიჭი გამოჩნდა, ერთმა ნეკა დაიმარტოხელა. სიბნელიდან ლაპარაკი ისმოდა. სპარტაკი და მომტანის თანამგზავრი უხმოდ იდგნენ. მომტანმა რომ დაამთავრა რაღაცის ახსნა-განმარტება, ნეკამ დაიწყო აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარება (მურზა ასე მოიხსენიებდა ხოლმე წაგებულთან ლაპარაკს, ამბობდა, რომ ასეთი სამუშაოები აუცილებელი იყო, რათა მორიგი წაგების შემთხვევაში უტვინო შეცდომა არ დაეშვა და ვალს არ დამალვოდა). კარგა ხანს ლაპარაკობდა, მერე მეგობრულად დაემშვიდობა და სპარტაკთან ერთად იქაურობას გასცილდნენ. _ სპარტაკ, ათასრვაასი მომიტანეს, ორასიც შენ დაამატე სადმე, რა ვქნა? პატარა ბიჭები არიან, ვაპატიე. ნეკამ სპარტაკი სათამაშოდ წაიყვანა. სანამ მოთამაშეები მოვიდოდნენ სპარტაკმა გუშინდელი ნასწავლი პასაჟები უჩვენა, რითაც ნეკა აღფრთოვანებული დარჩა. მან თქვა, რომ მურზას მეტი ამ მოძრაობებს სუფთად ვერავინ ასრულებდა. მოთამაშეები რომ მოვიდნენ, სპარტაკი მალე ადგა და 53


გამოემშვიდობა. ნეკამ გაამართლა: _ მაგან ხვალ დილამდე ორასი მანეთი უნდა იშოვნოს. _ მერე და ამაზე კარგ ადგილს სად ნახავს, ფულის შოვნა სადაც შეიძლება?! _ გულწრფელად გაუკვირდათ მოთამაშეებს. სპარტაკმა ყოფილ თანაკურსელთან გაათია. გასული დღე მურზასთვის ბედნიერი აღმოჩნდა, იმის დროც არ დარჩენია გახარებულს "ირო-რე-რე" წამოეძახა. დილით ქალაქის ქუჩებში თავგადასავლის მაძიებელს ისევ ის სპორტსმენები შეხვდნენ. სცადა შეუმჩნევლად გვერდი აეარა, მაგრამ შემთხვევით ერთ-ერთს მხარი გაკრა. თვითონ წაიქცა და სანამ წამოაყენებდნენ, მოჭიდავეებმა იცნეს სასტუმროში ნანახი მამულიშვილი. მურზამ ქალაქი კარგად იცოდა და ბიჭებს "კარგ სასადილოში" გაყოლაზე არ დაზარდა. სულ რვანი იყვნენ. ლომებმა ოთხ-ოთხი პორცია პელმენი დაუკვეთეს, ამან მურზას გული სიამაყით აავსო. "გვეზრდება თაობა", _ იფიქრა მან და ჯიბეზე ხელი გაიკრა საუზმის დანახარჯის გადასახდელად. მოჭიდავეებმა არ დაანებეს, ხელი გაუკავეს და, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, ნაწყენი თვალებითღა შეხედა არწივებს. სასადილოდან გამოსულებმა პარკში გაისეირნეს. ლაპარაკს შეუყვნენ ხის გრძელ სკამზე მოსვენებულები. ერთმა მოჭიდავემ სკამის ქვეშ, თოვლში ბანქოს ახალი დასტა იპოვა და მხიარული შეძახილები მორთო. მურზას ფრიად გაუკვირდა, ბედნიერის ნაპოვნი მშრალი რომ იყო. _ საღამოთი ჯოკერს ვითამაშებთ სასტუმროში, _ 54


თქვა ბედნიერმა. _ მოდი, ბარემ აქ ვითამაშოთ, მანამ საუზმესაც მოვინელებთ, _ თქვა მეორემ. ყველა თანახმა იყო მურზას გარდა, ის ამბობდა, რომ ჯობდა სასტუმროში წასულიყვნენ სათამაშოდ. ბიჭებს არ უნდოდათ სასტუმროში მისვლა, ქალაქის დათვალიერება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ატუზეს, რადგან ჯოკერის თამაში მხოლოდ ოთხ კაცს შეეძლო. მურზას ტუზი არ შეხვდა და ბანქოს იმ ნაწილით რაც ჯოკერში არ გამოიყენება თამაშგარე დარჩენილ სამ მოჭიდავეს ფოკუსი უჩვენა. ერთი ნაწილიც არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ ჯოკერის თამაში მიატოვეს და მურზას ფოკუსების ტყვეებად იქცნენ ოთხნიც. მერე სეკა ჩამორიგდა. ბიჭებს პირველად თავშესაქცევად მოეჩვენათ ფულის მაგივრად საჭმელის ტალონებით თამაში, მაგრამ რამდენიმე ხანში ოთხი დღის ტალონები მურზას ჯიბეში რომ აღმოჩნდა, საქციელი წაუხდათ. მწვრთნელი აღარ გასცემდა ტალონებს. ზაური ერქვა მწვრთნელს. მკაცრი მწვრთნელი იყო ზაური. სპორტული ფორმა რომ არ დაეკარგათ მის ვეშაპებს, ფულის ჩამორთმევით სხვადასხვა სიამოვნებათა მიღების უნარი მოუსპო. დაპირდა, რომ საყიდლებისათვის შეჯიბრების ბოლო დღეს დაუბრუნებდა ფულს. ბიჭებმა მურზას ზურგი შეაქციეს. სადილობისას ნაკრების სხვა წევრებს სთხოვეს ტალონები. ამ ამბავმა ზაურის ყურამდეც მიაღწია. ზაური ახალგაზრდა, მაგრამ მკაცრი მწვრთნელი იყო. ვესტიბულში შემთხვევით შეხეტებული მურზა 55


იპოვა და რისხვა დაატეხა თავს: _ ხალხი რესპუბლიკის სახელით გამოდის ამ დასაკარგავში, ისეთი უღირსი თანამემამულე კი, როგორიც შენ ხარ, კარტს ეთამაშება და პირიდან ლუკმას აცლის... ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... _ თვითონ მოინდომეს თამაში, მე ხომ არ დამიძალებია?! _ თავი იმართლა მურზამ. _ ო, რა გაიძვერა ხარ! _ აღმოხდა მწვრთნელს, _ ახლავე დამიბრუნე ტალონები. _ თუ შენი ლომთევზებისთვის გული გერჩის, მეთამაშე და ისე დაიბრუნე უკან. _ ლომთევზიც ხარ და ნადირხვლიკიც! _ ვერ მიუხვდა ზაური ქების მხატვრულ ტერმინს, _ წამოდი ნომერში, ბურა გეთამაშო. ისეთ პრიმიტიულ თამაშებში, როგორიც "ბურაა", მურზას იმდენი უპირატესობა ჰქონდა, მის ათ "კუშს" ერთის წინააღმდეგ რომ ეთამაშა, ტომარა ქვიშას ცალობით მოუგებდა. მიუხედავად ამისა მაინც გაურიგდა, რომ "ბურას", ამ ურთულეს სახეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეთამაშებოდა, თუ თავისი საუზმის ან ვახშმის ტალონი მწვრთნელის სადილის ტალონის ტოლი იქნებოდა. ზაური უარზე იდგა, მაგრამ სანამ მურზა ტაქსში ჩაჯდებოდა, დაეწია და უკან, სასტუმროში დააბრუნა. ზაურმა ნაკრების ტალონები წააგო. ახალგაზრდა მწვრთნელის სხეული ზიზღით აივსო მურზას მიმართ, როცა მან დიდსულოვნად სულ დაუბრუნა ტალონები. _ მეც ვარ მამულიშვილი! _ თქვა მურზამ ამ დროს. 56


_ თუ არავის არ ეტყვი, შენი სურვილით რომ დამიბრუნე ტალონები, შეიძლება მძიმე წონაში გაგიყვანო, _ თქვა ზაურიმ. მურზას ეცოდებოდა ასეთი ხალხი, პატივმოყვარეობისათვის ვიღაც თაღლითებს რომ ანდობდნენ სამშობლოს პრესტიჟს, მაგრამ გარეგნულად არაფერი გამოუხატავს და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. _ როდისაა პირველი შეხვედრა? _ დღეს, საღამოს ექვს საათზე. _ ჩემი ფორმით მოვიდე თუ... _ ფორმას მე მოგცემ, სხვისი გვარით მოგიწევს გამოსვლა, პასპორტიც თან მაქვს. _ ჩემი პასპორტი არ გამოდგება? _ არა, განაცხადი უკვე შეტანილია, ორმა მძიმე წონის მოჭიდავემ ტრავმა მიიღო და აღარ წამოვიყვანე, შეხვედრაში წაგებას არ გამოცხადებით წაგება ჯობია, როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გუნდის პრესტიჟისთვის. _ კეთილი, ესე იგი მეორე კაციცაა საჭირო. _ არა, ესეც სახიფათოა, ამხელა რისკზე მივდივარ, საქმე რომ გამისკდეს მწვრთნელობას უნდა გამოვეთხოვო, გუნდი კი დისკვალიფიკაციას აიკიდებს. _ რა თქმა უნდა, გასაგებია, მაშ ხუთ საათზე აქ ვარ, _ დაამშვიდა მურზამ და წამოდგა. _ ბიჭებთან არაფერი წამოგცდეს, ტალონების ამბავი მოკვდა, დაადევნა ზაურმა. _ კარგი, მახსოვს! _ მიუბრუნებლად ჩაილაპარაკა მურზამ და იმაზე დაიწყო ფიქრი რა ჯანდაბად 57


უნდოდა ჩემპიონატში მონაწილეობა, მან ხომ ისიც არ იცოდა, ჭიდაობის რომელ სახეობაში იყო შეჯიბრება. მურზას მოგება, ისევე, როგორც წაგება, ჭირივით სძულდა. მოგება თითქმის ყველა შემთხვევაში აფუჭებდა დამოკიდებულებას. ეს იყო უსიამოვნო დანართი მოგებისა, ამას უფრთხოდა მურზა და ბევრჯერ წასულა დათმობაზე, მაშინ როდესაც მას არავინ უთმობდა. მოჭიდავეებთან საქმის გამოსწორებაზე ფიქრობდა. შემთხვევა აქაც დაეხმარა მას. ერთმა მოჭიდავემ, მწვრთნელთან რომ იყო შესახლებული და გვერდით ოთახში ეძინა, მათ ლაპარაკს მოუსმინა და თავის ამხანაგს მოუყვა. იმან სხვას გადასცა და მთელ გუნდს მოედო ამბავი. ხუთ საათზე მურზასთან მივიდნენ მოჭიდავეები და უთხრეს: _ ძმაო, მოდი კიდევ ეთამაშე ზაურის, იქნებ ჩვენი ფულიც მოუგო, მერე რესტორანი ჩვენზე იქნება. აი, ასე დაუმეგობრდა მურზა მოჭიდავეებს. სპორტის სასახლეში ავტობუსით გაემგზავრნენ. ფორმა რომ მისცეს მურზას, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ კლასიკურს იჭიდავებდა. სპორტსმენები ზუსტი სასწორით აწონეს. მურზას თავის წონით კატეგორიამდე ნახევარი კილო აკლდა. ბიჭებს ტალონები გამოართვა, ბუფეტში წონა შეივსო და ხელმეორედ შედგა სასწორზე. იგი ელგუჯა გარაყანიძის სახელით გამოდიოდა. ექვსი რესპუბლიკის ნაკრები გუნდები ერთმანეთს მიესალმნენ. ჩემპიონატი გაიხსნა. კენჭისყრით საქართველოს ნაკრები პირველ დღეს უკრაინის და 58


ბელორუსიის ნაკრებ გუნდებს ხვდებოდა. მურზა ბიჭებს ამხნევებდა. ისინი მაშინ გამხიარულდნენ მურზამ რომ თქვა: წესები მე არ ვიცი, სოფელში დღეობაზე ვჭიდაობდი ხოლმე ბავშვობაში-ო. ბელორუსიის ნაკრები საერთოდ არ გამოცხადდა, ამბობდნენ, რომ ამინდის გამო ვერ ჩამოფრინდნენ. უკრაინის ნაკრებს კი მძიმე წონის ხალხი აკლდა და მურზას ავტომატურად ორი მოგება ჩაეწერა ცხრილში. _ როგორი დასაწყისია? _ ჰკითხა მან ზაურს გასახდელში, როცა სკამზე გაწოლილი კუნთებს იდუნებდა. ზაური თვლიდა, რომ გუნდმა წარმატებით დაიწყო შეჯიბრება. ბელორუსიასთან ყველა მოგება, უკრაინასთან კი რვა მოგება და ოთხი წაგება ჩაეთვალათ. სამ მოჭიდავეს არ მიუღია მონაწილეობა, რადგან მათი წონითი კატეგორიები საერთოდ მოხსნეს. მურზა ოთხ ამხანაგს შეეკედლა, რადგან სხვა ადგილი ზაურს წინასწარ არ აეღო და ახლა შეკვეთილ ცალკე ნომერში ღამით დარჩენა ჭირივით ეზარებოდა. _ ჩემ რეჟიმზე უნდა გადაგიყვანოთ, _ ეუბნებოდა ბიჭებს, _ ჩემი რეჟიმი სპორტულ ფორმას შეგინარჩუნებთ, ადრე ვიძინებ, ძმებო, დილის ოთხ საათზე. კარტის თამაში რომ მოსწყინდათ, ანეგდოტების მოყოლა დაიწყეს. მოჭიდავეები თვითონ იყვნენ ანეგდოტები. ერთი მოეტყუებინათ, რომ მოსკოვიდან საზღვარგარეთ გაფრინდებოდნენ, უნგრეთ59


რუმინეთში. მას გაუგია, რომ იქ საბჭოთა ელექტრონაწარმს გასავალი აქვს და რვა უთო წამოუღია გასაყიდად. მურზას ბიჭებმა ჭიდაობის რამდენიმე ილეთი ასწავლეს. ხმაურით შეწუხებულმა ქვედა სართულზე მცხოვრებმა ითმინა, ითმინა და ღამის პირველ საათზე კარზე მიუკაკუნა. კარი რომ გაუღეს და დაინახა ნომერში ახალგაზრდები სახლობდნენ, მამაშვილურად მიმართა: _ ბიჭებო, ამ შუაღამისას რა ფერხული გაგიჩაღებიათ, თუ არ გეძინებათ, ანეგდოტები მოყევით, ან კარტი ითამაშეთ, ხალხი მივლინებაშია ჩამოსული და თქვენ არ აძინებთ. მურზა, ეგონა რა, რომ მორიგე მოვიდა შესამოწმებლად, კარადაში დაიმალა. "კარტის" გაგონებაზე, ჯერ არ გამოსულიყო, იქიდან გამოსძახა: _ გვასწავლეთ თამაში და ვითამაშებთ. _ ვინ ყვირის მოგუდულივით? _ იკითხა ცალწარბიანმა კაცმა. მურზა გამოვიდა, წინ დაუდგა და თხოვნა გაუმეორა. კაცმა ახედ-დახედა და თვალები მოჭუტა, რაღაცას იხსენებდა. მურზამ მაშინვე იცნო, მათ ტულაში სამი წლის წინ ჰქონდათ ერთმანეთის გაცნობის სიამოვნება. ხუთი მოთამაშიდან ოთხი საიდუმლოდ იყო შეკრული ცალწარბას წინააღმდეგ, რომელმაც ამის შესახებ აქ, ღამის პირველ საათზეც არ იცოდა. მაშინ ჩვიდმეტი ათასი წააგო ცალწარბამ. მურზას იქიდან ორნახევარი შეხვდა. _ შენ ტულელი სტუდენტი არ ხარ? _ ჰკითხა მან მურზას. 60


_ დიახ, ახლა ჩემი ინსტიტუტის ღირსებას ვიცავ ჭიდაობაში. _ აი, შეხვედრა, საიდან-სადაო! მე აქ მივლინებით ვარ, 511 ნომერში ვცხოვრობ, ლუქსში, მარტო ვარ, შენ ახლა გაიზრდებოდი, დაჭკვიანდებოდი... მურზამ თავი დახარა. _ აბა, ღამე მშვიდობისა, ბევრს ნუღარ იხმაურებთ, შრომით დაქანცულ ხალხს ეძინება, _ გამოემშვიდობა ცალწარბა ბიჭებს. _ ძმებო! _ დაიძახა მურზამ, კარები რომ მიხურა. ყველამ მას მიაპყრო ყურადღება, ბუზის გაფრენა გაისმებოდა, სამუშაო დღე იწყებოდა, _ ამ ცალწარბას ტულაში სამი წლის წინ ჩვიდმეტიათასი მოვუგე, მაშინ წარბი მიწებებული ჰქონდა. კიდევ სამი კაცი მეჯდა წილში და ამიტომ სამიათასზე ნაკლები დამრჩა. მივლინებაში! ჰმ, ვიცი მე მაგის მივლინება, კარტის ავადმყოფია ჩემსავით, ახლა ჩავალ და დილამდე გავგუდავ. მაგრამ ფული რომ არ მაქვს?! ნაღდი ფულის გარდა ცალწარბა არაფერზე არ თამაშობს. უნდა დამეხმაროთ, დილამდე მასესხეთ ფული, _ სთხოვა მურზამ, თუმცა ძალიან კარგად იცოდა არცერთს კაპიკი არ უჩხაკუნებდა ჯიბეში. _ აბა, როგორ?! ჩვენ ფული ზაურმა ჩამოგვართვა, _ თქვეს ბიჭებმა დანანებით. _ სამი მანეთი მაქვს გადამალული, _ თქვა უთოების პატრონმა. _ ეგეც საზღვარგარეთ ხომ არ უნდა გადაგეტანა, _ გაეცინა მურზას, _ ზაურს რომ ვთხოვო? _ თუ მოგცა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ, _ თქვა მოჭიდავეებში ასაკით უფროსმა, _ ოთხივეს ფული 61


ათას მანეთამდე იქნება, უფრო სწორად _ ცხრაასოცი მანეთი აქვს ჩვენი. _ კარგი, მაშ მე ვთხოვ ზაურს, _ თქვა მურზამ და წავიდა. ზაურს არ ეძინებოდა, გვერდს იცვლიდა, თითქოს კარზე მორიდებულ სამ დაკაკუნებას ელოდა. _ ზაურ, ბიჭების ფული უნდა მომცე, _ უთხრა ღამის საცვალში მდგარს მურზამ. _ რაა? _ გაიკვირვა მწვრთნელმა, _ რა უფლება მაქვს, ბიჭების ფული როგორ უნდა მოგცე?! ეს უკვე მეტისმეტია. _ ვერ გამიგე! შენ იმის უფლება არ გაქვს კუთვნილი დაუჭირო, ხალხს ფული წამოუღია, იქნება რამე ჩასაცმელის ყიდვა უნდათ, შენ კი ჩამოართვი და ტალონების ამარა დატოვე. ფულს რაშიც უნდათ იმაში დახარჯავენ, ეს იმათი საქმეა, მთავარია სპორტული ფორმა არ დაკარგონ, ამის გარანტიას მე მოგცემ. _ რა, ბიჭები შენ მოგცემენ ფულს? _ გაუკვირდა მწვრთნელს. _ მასესხებენ დილამდე. _ აბა, დაუძახე. მურზა ბიჭებთან გაიქცა, ხუთივე სირბილით შევიდნენ ზაურთან. ზაური მეორე ოთახში გავიდა "დიპლომატი" გახსნა და ცხრაასოცი მანეთი გამოუტანა, თან ბიჭები გააფრთხილა: _ იცოდეთ, უკაპიკოდ დარჩებით და მერე თქვენი ხმა აღარ გავიგო. ახლა წადით. ბიჭებმა ფული მურზას გადასცეს. _ ერთი კაცი შემიძლია წავიყვანო, _ თქვა მურზამ. 62


ოთხივეს მოუნდა წასვლა, ატუზეს და უთოების პატრონს დაეცა პირველი ტუზი. _ უთოც წამოიღე ძმაო ყოველ შემთხვევისთვის, ფსონში იქნებ ჩავიდეთ, _ უთხრა მურზამ. _ თუ ფული გაგვითავდა ჩამოვიტან, მაშ ტყუილად ხომ არ წამოვიღე. _ კარგი ტიპი ხარ შენ, იქნებ რა ფეხზე წამომყვე, შეიძლება ბლომად ფული მოვიგოთ. არ გეწყინოს და როგორც შენი ამხანაგები გეძახიან, ისე უნდა დაგიძახო, ძალიან გიხდება მეტსახელი. ბიჭები სიცილით იჭაჭებოდნენ. _ ჯანდაბას, დამიძახე, შენ რა, არ გაქვს მეტსახელი? _ ჰკითხა უთომ. _ მურზა მქვია, მეც არ მახსოვს ნამდვილი სახელია თუ მეტსახელი, პასპორტი არ მაქვს, რომ ჩავიხედო და გითხრა. ეგ კი არა, დაბადების წელიც არ ვიცი. მურზამ თავისი ჩანთიდან ბანქოს კოლექცია გამოფინა. სხვადასხვა ფერის და მოხატულობის ბანქოს დასტა ჯიბეებში გაინაწილა, რათა ხელსაყრელ მომენტში თავისი გაკეთებული ბანქოთი შეეცვალა მოწინააღმდეგისა. ღამის ორ საათზე 511 ოთახის კარებზე მიაკაკუნეს. კარი მაშინვე გაიღო. _ მოხვედი? _ საქმიანად იკითხა ცალწარბამ, _ ეს ვიღაა? _ ეს უთოა. _ კარგი, შემოდით... ვინ არის? _ დააფიქრა სახელმა ის. _ უთო ჩვენი კაცია. _ თამაშობს? 63


_ ისე, ხანდახან, _ უპასუხა უთომ. _ გეტყობა შენც კარგი ოხერი ხარ, თავს ნუ იკატუნებ, ეგ ძველი ნომრებია. უთომ შეიფერა და პასუხი აღარ გაუცია. სამივენი მაგიდას მიუჯდნენ. მურზამ სხვადასხვა ჯიბიდან ფულები ამოიღო, ადგილები შეუცვალა, მერე მსხვილი კუპიურების დასტასაც ამოაყოფინა თავი ხალათის ჯიბიდან. ბოლოს კი შარვლის უკანა ჯიბეზე მოისვა ხელი, რათა დარწმუნებულიყო "მთავარი თანხის" შენახვის საიდუმლოებაში. უთოსაც გადაულაპარაკა: სულ წამოიღე? ეს მურზას საჩვენებელი გამოსვლა იყო. დიდი თამაშისთვის ამზადებდა მოწინააღმდეგეს, ფულის გამოჩენით თავს უხურებდა. _ იმედი მაქვს ახალი კარტიც გექნება, _ უთხრა მურზამ მეტოქეს. _ ჰო, დღეს შემთხვევით ვიყიდე, უფრო სწორად ხურდაში მომცეს, პირის საპარსს ვყიდულობდი და ხურდაში მომცეს... "პირის საპარსი კი არა, წარბის საპარსი უნდა გეყიდა! მოტყუების ნიჭიც არ გაქვს, როდის იყო ხურდაში ორ და ოცდათხუთმეტ კაპიკიან კარტს აძლევდნენ?! აბა მომაწოდე, შევამოწმო" _ იფიქრა მურზამ და ის ჯიბე გაიხსენა, რომელშიც მსგავსი ბანქო ედო გამზადებული. _ აჰა, თუ გინდა შეამოწმე. მურზამ კოლოფი გამოართვა, დაათვალიერა და ხმამაღლა წაიკითხა: _ კარტი იგრალნიე, სუვენირნიე, ლენინგრადსკი კომბინატ ცვეტნოი პეჩატი. 64


ამ დროს მეორე ხელში თავისი კარტი ეჭირა. სანამ ცალწარბა მდიდარი ფანტაზიით პასუხს გასცემდა რომელ მაღაზიაში მისცეს კარტი, მურზამ უთოს თავისი გადააწოდა გასასინჯად, ცალწარბასი კი შეუმჩნევლად იმავე ჯიბეში ჩაიდო. ხელს ყოველ შემთხვევისთვის ცხვირსახოცი ამოაყოლა. ზოგი ფრთხილი მოთამაშე ყოველ მოძრაობას ეჭვის თვალით უყურებს. მურზას აზრით მთავარი იყო თამაშის დაწყებისას არ გაეფუჭებინა რეპუტაცია, თორემ თამაშის დროს, თუ აგებდა, მოწინააღმდეგე თავისებურ შოკში ვარდებოდა და პატარა ხელმრუდ მოძრაობებს ვეღარ ამჩნევდა. ცალწარბას თხოვნით უთომ კოლოფი გახსნა და ბანქოს ფურცლები დაათვალიერა. მან ვერაფერი ზედმეტი შენიშნა ფურცლების გარეკანზე გამოხატულ მრავალფრად აელვარებულ ფარშევანგებზე. ყველა წვეთი წყალივით ჰგავდა ერთმანეთს. სეკის თამაში დაიწყო. ცალწარბა ერთობ შემცბარი გამოიყურებოდა, ნაცნობ ნიშნებს რომ ვერ წააწყდა ფარშევანგებზე. "დალახვროს ეშმაკმა, ნუთუ შეცდომით დაუნიშნავი კარტი წამოვიღე?!" _ ფიქრობდა ის. მურზამ დასცხო და დასცხო. ერთ საათში ცალწარბამ რვაასი მანეთი წააგო. თვითონვე შესთავაზა მურზას: ერთი-ერთზე გავაგრძელოთ თამაშიო. არ იცოდა, რომ ერთი-ერთზე ბანქოს სტიქიის წინაშე დარჩებოდა, სტიქია კი ადამიანზე ყოველთვის ძლიერია. მურზა ხშირად ამბობდა, რომ კოლექტიური თამაშის დროს მისი ტექნიკა თანამზრახველების ტექნიკის ნაკლის დასაფარავად 65


იხარჯებოდა, ამიტომ მალე მიიღო ცალწარბას წინადადება და უთო თავის ნომერში გაუშვა. ერთი სართულით მაღლა მოჭიდავეებს არ ეძინათ, აყურადებდნენ, იქნებ რამე ჩქამი მაინც გაეგონათ ქვემოდან. კარზე რომ დააკაკუნეს, სამივენი მისცვივდნენ გასაღებად. _ რა ჰქენით, მურზა სად არის? _ დააყარეს შემოსულს შეკითხვები. _ ეჰ, _ ხელი ჩაიქნია უთომ, მაგრამ სახით ვერ დამალა მოგებით გამოწვეული სიხარული. _ დროზე, გვაღირსე, როგორაა საქმე? _ ვეღარ ითმენდნენ ბიჭები. _ ჯერჯერობით რვაას მანეთს ვიგებთ, _ თქვა უთომ და ბიჭები ერთბაშად გაჩუმდნენ, უთომ ცოტა დაახანა და გააგრძელა: _ ახლა მარტო ეთამაშება, მითხრა, რომ დილის ცხრა საათამდე არსად წავიდეთ. _ ცხრა საათამდე არ წავალთ, თორმეტ საათზე კი სპორტის სასახლეში უნდა ვიყოთ, _ თქვა უფროსმა. ბიჭები დაწვნენ, მაგრამ გამთენიამდე ძილი არ მიეკარათ, კარი ღია დატოვეს. ათასხუთასამდე რომ წააგო, ცალწარბამ სხვა დასტა გამოაჩინა. ფარშევანგები თვალებს მიჭრიალებენო და ლომებიანი ბანქო ემჯობინებაო, _ არწმუნებდა მურზას. "ჯანდაბას შენი თავი, ლომებიანიც მაქვს, _ გაიფიქრა მურზამ, _ ამას ცოტა ხნის შემდეგ შემოგაპარებ, შოკი რომ დაგეწყება". თუმცა ბანქოს გამოცვლა არც დაჭირდა, რადგან რამდენიმე დარიგების მერე უკვე ისწავლა ცალწარბას დანიშნული ბანქო. ხვადი ლომები თვალს 66


უკრავდნენ მურზას. მალე ცალწარბა მიხვდა, რომ ძალიან მოზრდილ "ძეხვს აგდებდა", მეტოქის ძალები ვერ შეაფასა, და კვლავ შეცვალა ბანქო. ახალი უფრო ფაქიზად იყო დანიშნული, მურზა მხოლოდ ტუზებს და ჯოკერს არჩევდა. რამდენიმე გაბედული მანევრის შემდეგ მურზამ ათიათასი დაიხვია ხელზე. იგი იმის შიშში იყო, რამე არ ჩამკრას თავში ამ სერიოზულმა ადამიანმა ფულის გულისთვისო და ხშირად ნაცნობი თუ გაგონილი მოთამაშეების, მაფიოზების, ბანდიტების და ხულიგნების სახელებს ახსენებდა. ხუთი საათი ხდებოდა. "ინათლებს, უკვე ძილის დროა, გვეყოფა დაწვრილმანება", _ იფიქრა მურზამ და ფსონი გაზარდეს. რა დააძინებდა?! შოკის დიაგნოზი რომ დაუსვა, თავისი ბანქოს შეპარება სცადა, ჯიბეში კოლოფი გახსნა და დარიგების წინ ბანქო შეცვალა. შეცდომის გამოსწორება გვიან იყო, ყვავილებიან ნახატის ნაცვლად ხეებიანი ნახატი ჩამორიგდა. "ის კარტი წამომიღია, სპარტაკთან ერთად რომ მოვხატე გასართობად", _ ტუჩზე იკბინა მურზამ, თუმცა ცალწარბას შოკში შოკი დამართვოდა და ბანქოს შეცვლას ვერ მიხვდა, მითუმეტეს _ დანიშვნას. ხეებზე სხვადასხვა ფრინველს მისი მხედველობის სისტემა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამდა. ექვს საათზე, საბჭოთა კავშირის ჰიმნმა რომ დაჰკრა რადიოში, ცალწარბა ოცდათხუთმეტ ათასს აგებდა, ჰიმნის მძლავრმა აკორდებმა მივლინების წმინდა მიზანი შეახსენეს და მაშინღა შეამჩნია ხეზე ორთავიანი არწივი. 67


_ ეს რა კარტია?! _ იყვირა მან. _ არ ვიცი, შენი მოტანილია. _ მე არ მქონია ასეთი კარტი. _ მაჩვენე! _ თითქმის გამოგლიჯა ხელიდან ბანქო მურზამ, რათა სხვა ქაღალდებიც არ დაეთვალიერებინა, ცინიზმი შოკიდან გამოსულს სახიფათოდ ააღელვებდა, _ თუ შენივე კარტი არ მოგწონს, ჩემით ვითამაშოთ, ამას კი აი... რას ვუზამ! მურზა ადგა, პატარა სარკმელი გააღო და ბანქო გაისროლა. ბანქოს ფურცლები გაიშალნენ და ფრიალით, ფანტელებივით გაინავარდეს ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ქალაქში. ზოგ ფანჯარაში შუქი ენთო, ხალხი სამუშაო დღისთვის ემზადებოდა, მაღვიძარას ზარის შემდეგ სააბაზანოში გადიოდა, კბილებს იხეხდა... ცოტას რომ ინათლებდა ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით მიმავალნიც გამოჩნდებოდნენ, სუსხისგან თავდასაცავად ქურქის საყელოაწეულები... თუმცა, სიმძიმის ძალის გავლენით, ფურცლები შორს არ წასულან. ყველა სასტუმროს ჰოლის სახურავზე მიმხმარ-მიყინულ თოვლს დაეფარა. წლების მერე წვიმისგან, ქარისგან და თოვლისგან გახუნდა და გაქრა. ცალწარბას დაშოშმინება იოლი არ აღმოჩნდა, მურზამ გამთენიისას შვიდი ათასი დათმო,. _ დღეს გვეყოფა თამაში, _ თქვა მურზამ. _ კიდევ ვითამაშოთ, იგებ, მეტი რა გინდა?! _ არა, შეჯიბრება გვაქვს, ცოტა უნდა გამოვიძინო, თორემ ტატამზე დამეძინება. _ რომელ საათზე მოხვალ? 68


_ საღამოთი. _ პირდაპირ აქ მოდი, ერთი ფულიანი ამხანაგიც ჩამომივა დღეს. მურზა გამოემშვიდობა და ბიჭებთან ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეძინებოდა მხიარულ განწყობილებაზე იდგა და ნომერში შესულმა იყვირა: _ ლომებო! ოთხივე მოთამაშემ თვალი გაახილა და წამოიწია. _ რა ჰქენი? _ ჰკითხეს ერთხმად. _ ირო-რე-რე, ირო-რე-რე, _ წაიმღერა მურზამ. _ მოიგე? _ მუსიკა მინდა ძმებო, ჩართეთ მაგნიტოფონი! _ მაგნიტოფონი რომ არ გვაქვს?! _ მაშინ უთოები ჩართეთ! ბიჭები გამხიარულდნენ. _ გახსენით შამპანური! _ სად არის შამპანური?! _ მაშ აღსდექით არწივნო, მე ვიცი სადაცაა შამპანური! პირველი რომელიც ადგა, მურზა ტანსაცმლიანი იმის ლოგინში გაიშხლართა და თვალები დახუჭა. _ მურზა! _ შეეხმიანა უთო. _ მმმ! _ აღმოხდა მას, _ მეძინება, დაიცათ ცოტა ხანი. _ რამდენი მოიგე? _ ოცდაორი ათასი. ბიჭები ადგნენ, თერთმეტ საათამდე წყნარად დადიოდნენ ოთახში ღამის გმირი რომ არ შეეწუხებინათ, მერე ფრთხილად გააღვიძეს. _ მურზა, დღეს არ იჭიდავებ? მურზას ძილშიც ახსოვდა ვისი გორის იყო და 69


მსწრაფლ წამოხტა. _ დღეს რომელ მოძმე რესპუბლიკის ნაკრებ გუნდებს ვხვდებით? _ სომხეთს და აზერბაიჯანს. _ ჰა ეს? _ იკითხა მურზამ სომხურად. _ ჩე, _ სომხურადვე უპასუხეს ბიჭებმა. _ მაშინ წავიდეთ. მურზა წამოდგა, ფეხსაცმელები ჩაიცვა და შამპანურისათვის ბიჭები რესტორანში წაიყვანა. მოჭიდავეებმა მხოლოდ ლიმონათი დალიეს, სამაგიეროდ წონაში მომატებისა არ შეეშინდათ და კარგად შეექცნენ საფირმო კერძებს. მურზა ერთ ბოთლ შამპანურზე გაჩერდა, გაახსენდა საპასუხისმგებლო შეხვედრა რომ ელოდა მოძმე რესპუბლიკების გუნდებთან. პირველის ნახევარზე ტაქსით მივიდნენ სპორტის სასახლეში. ზაური მწვანე სპორტული ფორმით და აღელვებული, საქმიანი იერით ბოლთას ცემდა. ბიჭების დანახვისთანავე მათკენ გაექანა და გასახდელისკენ წაიყვანა (თითქოს ისინი მარტო ვერ გააგნებდნენ გზას). მურზამ განუყრელი ჩანთიდან ფორმა ამოიღო, ჩაიცვა და ზაურის გულის მოსაგებად მოთელვები ჩაატარა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. ამჯერად ორივე მეტოქე გამოცხადდა. სომხეთის ნაკრების წარმომადგენელთან, რომელიც ყველაზე სუსტ მონაწილედ ითვლებოდა, მურზამ საჯარიმო ქულებით წააგო. აზერბაიჯანის წარმომადგენელთან შეჭიდებისას გახარებული იყო მოულოდნელი შეხვედრით. ერთმანეთს რომ ეცნენ მხრებში მურზამ 70


მეტოქეს წასჩურჩულა: _ სად არის ის ათასი მანეთი?! მეტოქეს კუნთები მოუდუნდა და პასუხს არ სცემდა. _ სად არის მეთქი?! _ გაუმეორა მურზამ და უბიძგა. _ ბიჭებს გადავაბარე და ... _ თქვა მეტოქემ, ხმაზე ეტყობოდა, რომ ცრუობდა. _ დაწექი ზურგზე! _ კატეგორიულად მოსთხოვა მურზამ. მეტოქე აყოვნებდა. _ წაიქეცი მეთქი! _ კიდევ ერთხელ შეახსენა მან და თავისი აზრით ილეთი ჩაუტარა. მეტოქე ზურგზე წამოწვა, ქართველმა გულშემატკივრებმა ტაშისცემა ატეხეს, მურზამ სუფთად გაიმარჯვა. გათამაშების ცხრილის მიხედვით მურზა და აზერბაიჯანელი ერთნაირ ქულებს აგროვებდნენ. ასე, რომ მათი შეჯიბრების შედეგის მიხედვით პირველობა მურზასი იქნებოდა. მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ ტარდებოდა, უზბეკი მოჭიდავე ჯერ აზერბაიჯანელს ხვდებოდა, მერე მურზას. თუ აზერბაიჯანელთან დამარცხდებოდა, მაშინ გამარჯვების თეორიული შანსი ეკარგებოდა, რადგან ახალჩამოფრენილ ბელორუსელთანაც წააგო და შეიძლებოდა მურზასთან შეხვედრაზე უარი განეცხადებინა. მურზა და ბელორუსელი ერთნაირ ქულებს დააგროვებდნენ და პირველ დღეს არგამოცხადებით წაგების გამო ჩემპიონობა მურზას დარჩებოდა. _ თუ ხვალ უზბეკს არ მოუგებ, იცოდე, რაც გაცვია გაგხდი და ისე გაგიშვებ ბაქოში! _ გამოემშვიდობა 71


მურზა ძველ არმომტანს. დამეგობრებული ოთხი მოჭიდავე და მწვრთნელი რესტორანში დაპატიჟა. ბიჭები შამპანურს არ სვამდნენ, მწვრთნელის ეშინოდათ. მერე, ზაური რომ დათვრა, თითო-თითო ჭიქა დაცალეს. მურზას გაახსენდა, რომ განუყრელი ჩანთა სპორტის სასახლის გასახდელში დარჩა. მაშინვე ტაქსით გაემართა, მაგრამ სამწუხაროდ შესასვლელი უკვე დაეკეტათ, რადგან იქ შვიდ საათამდე მუშაობდნენ. მურზას სულ რაღაც ოცი წუთით დააგვიანდა. რესტორანში ზაური რესპუბლიკის შერცხვენას აპირებდა, მურზას რომ არ მიესწრო. მან მიკროფონი გამოსტაცა და დაპირებული ქართული სიმღერის ნაცვლად შეკრებილ საზოგადოებას ახალ წელს შრომით ვახტზე წარმატებები უსურვა. მიკროფონის ჩამორთმევით განაწყენებულმა ზაურმა ცეკვა სამმანეთიანთან შეასრულა, სამმანეთიანი დააგდო და გარს უვლიდა. სასტუმროში თორმეტის ნახევარზე დაბრუნდნენ. მწვრთნელის თხოვნით მოჭიდავეებმა ფოიეში შესვლისას სპორტული იერი მიიღეს. მურზამ სავარძელში სპარტაკი დაინახა, მთელი დღის მგზავრობით დაღლილს ჩასძინებოდა. იქვე მჯდარმა ცალწარბამ და უცხომ მურზას შემოსვლისთანავე შეწყვიტეს ლაპარაკი. მურზა სპარტაკისკენ რომ გაემართა, ცალწარბას ეგონა ჩემსკენ მოდისო, ადგა უცხო კაციც ააყენა და შეეგება. _ კანტორის დირექტორია, გაიცანი, _ წარუდგინა მას. _ მურზა! _ ვასილ პეტროვიჩი! 72


_ ძალიან სასიამოვნოა, ხომ კარგად ბრძანდებით? ვასილ პეტრეს ძეს არ მოეწონა შეკითხვა, მისთვის ეს მოულოდნელი იყო, აქამდე სერიოზულ თანხაზე სერიოზულ მოთამაშეებს ხვდებოდა. _ კანტორაში ძროხები ხომ კარგად ძოვენ... მურზა ერუდიციის გამოვლენას აგრძელებდა, მის ხმაზე სპარტაკს გაეღვიძა და გახარებული მისკენ გაემართა. _ ჩამოხვედი ძმაო? _ ჰკითხა მურზამ. _ ჰო, არც უნდა წავსულიყავი. _ რა გითხრეს სახლში? _ სახლში არც მივსულვარ. _ რატომ? _ არ ვიცოდი რა მეთქვა, თან დილითვე ვაპირებდი წამოსვლას და არ გამომიშვებდნენ. _ ტყუილად წახვედი, მეც მაგას გეუბნებოდი, აქ გუშინ და დღეს დიადი გარდაქმნები მოხდა... ცალწარბა დაბნეული შეჰყურებდა ამ შეხვედრას, მისთვის გაუგებარ ენაზე რომ ლაპარაკობდნენ. ნანობდა, ეს ბიჭი, ერთი საათი რომ იქვე იჯდა, სათამაშოდ რომ არ დაპატიჟა. _ კარტი ჩამოიტანე? _ ჩამოვიტანე, მოიგე რამე? _ რამდენს მოვიგებდი, აბა, თუ მიხვდები? იმ ხეებიანი კარტით ვეთამაშე, მაშინ რომ ვხატავდით. _ იმ კარტით? _ ოცდაორი ათასი, ძმა, ათი ნაღდი მიდევს ჯიბეში, თორმეტი ამაღამ უნდა მივიღო. _ ვის ეთამაშე? _ ორი გმირი რომ მელოდება ამათგან ერთს ცალი 73


წარბი მიწებებული აქვს. _ მაგას მოუგე? _ ჰო, დღეს კიდევ უნდა ვეთამაშო, _ მურზამ თავში ხელი შემოიკრა, _ ჩანთა სპორტის სასახლეში დამრჩა, წიგნები იმაში მქონდა... _ საზოგადოებაში გაურკვეველ ენაზე ლაპარაკი უზრდელობაა, _ ჩაერია ვასილ პეტრეს ძე. _ უზრდელობისთვის ციხეში არ სვამენ, _ კვლავ შეაცბუნა მურზამ კანტორის დირექტორი და ქართულად განაგრძო სპარტაკთან ლაპარაკი, _ ამათაც საზოგადოება უნდა ერქვათ?!... როგორ მოვიქცე, ამ შუაღამისას წიგნი სად ვიშოვო?! ემიგრანტებთან რომ წავიდე დამემალებიან. _ მაინც არ გაძლევენ მოგებულს და მაგიერში კარტი მაინც გამოართვი, _ უთხრა სპარტაკმა. _ დამემალებიან მეთქი, ხომ გეუბნები. _ რა გინდოდა სპორტის სასახლეში? _ მაგას ხვალ გაიგებ. _ მივდივართ თუ არა, ბოლოს და ბოლოს?! _ ჩაერია ამჯერად ცალწარბა. _ ჰო, მივდივართ, თქვენ ნომერში დაგველოდეთ, ჩვენ ახლავე მოვალთ, ეს ჩემი ამხანაგია, გაიცანით! _ წარუდგინა სპარტაკი მოთამაშეებს. მოჭიდავეებმა ზაური ლოგინში რომ ჩააწვინეს, კვლავ დაბლა დაეშვნენ და შორიახლოდან უთვალთვალებდნენ მურზას შეხვედრას. _ ყველაფერი რიგზეა ვეშაპებო! _ დააწყნარა მურზამ ისინი, _ ნომერში ავიდეთ. ლიფტში სპარტაკი გააცნო მოჭიდავეებს, სპარტაკის მოტანილი ბანქოს დასტებიდან ორი ჯიბეში ჩაიდო, 74


წყვილებში თამაშის დროს ეშმაკობები შეახსენა და ხუთასთერთმეტში ჩავიდნენ. მოთამაშეებმა ლოდინში სამ-სამი ღერი პაპიროსი მოწიეს. ოთახი ბოლით გაივსო. _ ამას რას ეწევით?! _ თქვა შესვლისას მურზამ და ორი კოლოფი "მარლბორო" დააწყო მაგიდაზე, _ გავანიავოთ, სული მეხუთება. ცალწარბამ სარკმელი გამოაღო. _ ასე გავცივდებით. ცალწარბამ სარკმელი დაკეტა. მურზას ზოლებიანი ბანქო მოთამაშეებმა არ მიიკარეს. _ მაგ კარტით ვინღა თამაშობს, ჩვენ ახალი კარტი გვაქვს, გახსენით, დაათვალიერეთ, მშვიდად მიუგო ვასილ პეტრეს ძემ. მურზა იძულებული იყო მიწოდებული კოლოფი გაეხსნა და ბანქო დაეთვალიერებინა, თვითონ ნაკლი ვერ აღმოაჩინა, სპარტაკს გადააწოდა და სანამ სპარტაკი შეამოწმებდა, აზრებს მოუყარა თავი. "წავაგებთ, _ უკვე იცოდა მან, _ ჩემი კარტის გარეშე, წავაგებთ". თამაში წვრილი ფულით დაიწყო, რაც მურზას ჭირივით სძულდა და თვითონვე გაზარდა ფოსტა. სპარტაკი ერთი საათი თამაშობდა, მერე მარტო მურზამ გააგრძელა. ათიათასამდე რომ წააგო, წუხანდელი მოგებული თორმეტი მოითხოვა. ცალწარბამ მაშინვე ჩაუთვალა ფული. _ სპარტაკ, წადი სპორტის სასახლეში, იქნებ ღამის დარაჯს გააღებინო კარი, დაუსახელებ ჩანთაში რაც მიდევს და გაგიღებს. წადი წიგნები მომიტანე 75


თორემ, ხომ ხედავ ვიღუპები, ბიჭები წამოგყვებიან, _ უთხრა მურზამ სანამ თამაშს გააგრძელებდა. სპარტაკი ბიჭებთან ავიდა და საქმის ვითარება ამცნო. ოთხივენი გაყვნენ სპორტის სასახლეში. ტრანსპორტი არ გამოჩნდა და ფეხით სანამ მივიდოდნენ ღამის ორი საათი შესრულდა. დარაჯის ასავალდასავალი ვერ გაიგეს, დიდი შუშის კარები დაკეტილი იყო. ხელცარიელი დაბრუნებულიყო?! სპარტაკს სოჭში დაშვებული შეცდომაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეყოფოდა სასირცხვილოდ... უზარმაზარი ვიტრინიდან სხვადასხვა წელს სპორტულ შეჯიბრებებში მოპოვებული თასები, ვიმპელები და სიგელები იმზირებოდნენ, ჩემპიონებს რომ აჯილდოვებენ. მშობლიური კლუბის ვიტრინებში თაროებზე ამაყად განისვენებდნენ. ბანქოთი მოთამაშის ჯილდო რაა? სადაა მისი თავსაყუდელი? ჯილდო თამაშით ავადმყოფობაა და მშობლიური კლუბი უსაქმურთა ან საზოგადოებრივ უსარგებლო საქმიანობის მოყვარულთა არმიაა? სპარტაკმა ვიტრინა ფეხით ჩაამტვრია და შენობაში გადაძვრა, თაროებზე განლაგებული თასები დაფის გვერდით გაწევისას ჟღარუნით ჩამოცვივდნენ. მოჭიდავეები სპარტაკისგან ასეთ მოქმედებას არ ელოდნენ და გაშეშებულები იქვე იდგნენ, სანამ ვიღაც ღამის მგზავრი არ დაიყვირებდა: " რას აკეთებთ მანდ!". ბიჭები გაიქცნენ, სპარტაკი კი ჩაბნელებულ დერეფანში გასახდელს ეძებდა. აი, ისიც, ასანთის ალზე ჩარჩოში ჩასმული წარწერა გამოჩნდა. დაკეტილ კარს ხელით რომ მიაწვა, იგრძნო, ადვილად გაიღებოდა. გაქანდა და ფეხი 76


დაარტყა, მაგრამ გაღების მაგივრად ფანერა გასკდა და ფეხი წვალებით გამოაძრო, მეორედ ადგილიდანვე დაარტყა, ქურქი გაიხადა, იქვე მიაგდო და გასახდელში გადაძვრა. ასანთს გაკრა, კედელზე ამომრთველი მოძებნა და შუქი აანთო. სამი მხრიდან კედლებზე ფანერის ვიწრო კარადები ჩამწკრივებულიყვნენ მიჯრით. ზოგი ღია, ზოგი კი დაკეტილი დახვდა. სპარტაკმა ყველა გააღო მაგრამ გაქუცული ბეწვიანი ქუდის გარდა ვერაფერი იპოვა. შუქი ჩააქრო. კარში უკან გაძრომა უფრო გაუჭირდა, კიდევ გამოტეხა ფანერა. გადმოძვრა, ქურქი ჩაიცვა, ჩაბნელებულ დერეფანში გაიარა და განათებულ ჩამტვრეულ ვიტრინებთან გავიდა. მოჭიდავეები ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან უთვალთვალებდნენ სპორტის სასახლეს. სპარტაკმა ისინი ვერ შენიშნა, რადგან გამოსვლისთანავე სწრაფად გაიქცა. ორი კვარტალი რომ გაირბინა, ბიჭები წამოეწივნენ და უკნიდან დაუძახეს, სპარტაკი შეჩერდა. _ იპოვე? _ ჰკითხეს აქოშინებულმა მოჭიდავეებმა. _ აღარ,... აღარ იყო, _ სპარტაკი სულს ვეღარ ითქვამდა, _ ალბათ დამლაგებელმა გაიტანა. ერთად გააგრძელეს გზა აჩქარებული ნაბიჯით. სასტუმროში რომ მივიდნენ, დილის ოთხი საათი სრულდებოდა, სპარტაკი პირდაპირ ხუთასთერთმეტში ავიდა და დააკაკუნა. _ ვინ არის? _ მოესმა მურზას ხმა. _ მე ვარ. წამში კარები გაუღო მურზამ და ჰკითხა: _ რა ქენი, მოიტანე? სპარტაკს გაუჭირდა პასუხის გაცემა. 77


_ მოიტანე თუ არა? _ აღელვება დაეტყო მურზას. _ არა, დარაჯი ვერ ვნახეთ, ვიტრინები ჩავამტვრიე და გასახდელის კარი გავტეხე, მაგრამ უკვე წაღებული იყო. _ კარგი, ეგ არაფერი. _ როგორ არის საქმე? _ ცუდად, სამასი მანეთიღა დამრჩა. მურზა სპარტაკის არყოფნაში თავიდან იგებდა, მერე ერთბაშად ექვსიათასი მანეთი წააგო. თამაშის დროს ფრჩხილით დანიშნა ქაღალდი, მაგრამ მიუხვდნენ და ახალი კოლოფი გახსნეს. როცა შეატყო, რომ სხვა ბანქოთი თუ არ ითამაშებდა მალე ყველაფერს წააგებდა, წინდახედულება გამოიჩინა, ზაური გააღვიძა და მოჭიდავეების ცხრაასოცი მანეთი დაუბრუნა. _ ორჯონიკიძიდან ნეკამ ათასრვაასი მანეთი გამოგიგზავნა, _ უთხრა სპარტაკმა, _ ორასიც ყოფილ თანაკურსელს გამოვართვი. _ ვაჰ, ნეკას ვენაცვალე! _ წამოიძახა მოულოდნელი საჩუქრით გახარებულმა მურზამ, _ ასი მანეთი დაიტოვე და დანარჩენი მომეცი, ამათ ვუჩვენებ სეირს, ვაჰ, ნეკას ვენაცვალე!.. _ გინდათ თამაში, თუ არა?! _ გაისმა ოთახიდან ცალწარბას ხმა. სპარტაკმა მურზას ფული მისცა და შევიდნენ, მურზამ თავისი ზოლებიანი ბანქო ამოიღო და კატეგორიულად განუცხადა, რომ მათი ბანქოთი აღარ ითამაშებდა. _ არ ითამაშებთ და ნუ ითამაშებთ! _ თქვა გულგრილად ვასილ პეტრეს ძემ. 78


სიჩუმემ დაისადგურა. _ მაშინ ნაღდი უნდა ვეთამაშო, _ გადაულაპარაკა მურზამ სპარტაკს, _ ღია კარტს დავარიგებთ, ვისაც ბედი აქვს, ის მოიგებს. _ ხვალ ეთამაშე, მაღაზიაში ვიყიდოთ კარტი და დანიშნე. _ როგორ, ჯიბეში ფული მედოს და წაგებული ავდგე?! _ გაუკვირდა მურზას სპარტაკის იდეა, _ თუ ამასაც წავაგებ მოსატანზე აღარ ვითამაშებ, ხვალ კი დავცხებ და დავცხებ. თამაში ღია ქაღალდით დაიწყეს, მურზამ მალე სულ წააგო ფული და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. მოჭიდავეებს არ ეძინათ. _ გუშინ ამ დროს რა კარგ ხასიათზე ვიყავი! _ თქვა მურზამ ოთახში რომ შევიდნენ და ამით ბიჭებისთვის ყველაფერი გასაგები გახდა, მათ ზედმეტი შეკითხვები არ მიუციათ. _ ნუ მოიწყენთ, ლომებო! _ შესძახა მურზამ, _ დღევანდელი დღე ჯერ არ დამთავრებულა, წამოხტით, შამპანური მივირთვათ! ამჯერად არავინ მოტყუვდა და მურზა უთოს ჩაუწვა ლოგინში. _ გოგოებს რომ გიშლით ზაური, მეც გოგო ხომ არ ვარ?! _ უთხრა უთოს და თვალები დახუჭა. მოჭიდავეებს გაუკვირდათ მისი სიმხიარულე და იფიქრეს, _ ალბათ მოიგო და ხუმრობსო. _ ჩვენი ფულიც წააგო? _ რომელი "თქვენი ფული"? მე არაფერი არ ვიცი, _ გაუკვირდა სპარტაკს. _ ზაურს აქვს თქვენი ფული, _ ჩაილაპარაკა 79


ნახევრად მძინარე მურზამ. სანამ მურზას ეძინა, სპარტაკს მისი სპორტული წარმატებები ამცნეს. მოჭიდავეები დილის ათ საათზე იყვნენ დაბარებულნი სპორტის სასახლეში, რადგან ბოლო შეხვედრები, შედეგების შეჯამება და ჩემპიონატის დახურვა ერთ დღეში უნდა მოსწრებულიყო. მურზას გასაღვიძებლად თვით ზაურმაც მიიღო ზომები. _ დაიცათ ხალხო, რა დროს ჭიდაობაა?! უნივერმაღში უნდა გავიქცე, კარტი ვიყიდო, _ არ დგებოდა მურზა. _ კარტს მე ვიყიდი, _ უთხრა სპარტაკმა, _ წადი, თორემ წაგება ჩაგეთვლება. _ წაგებაზე ცუდი არაფერია, _ თქვა მურზამ და წამოჯდა, _ თუმცა დაამატა, _ გააჩნია რა შემთხვევაში, _ და ისევ დაწვა. რაღას იზამდნენ მოჭიდავეები?! მძიმე წონის გარეშე წავიდნენ. სპარტაკმა სავარძელში ჩასთვლიმა. მურზას ძილი აღარ მიეკარა, სასტუმროს ბუფეტში წაიხემსეს და ტაქსით სპორტის სასახლეში გაემართნენ. იქ სასიამოვნო ცნობა ელოდათ. აზერბაიჯანელს უზბეკისთვის ხელი მოუტეხია, ასე რომ იგი მურზასთან ბრძოლას ვეღარ შესძლებდა. გათამაშების ცხრილის და წესების მიხედვით მურზა ჩემპიონი ხდებოდა. საკმარისი იყო ფორმა გადაეცვა და ტატამზე გასულიყო. ფორმის სათხოვნელად თანაგუნდელებთან მივიდა. ბიჭებმა უთხრეს, რომ მისი ჩანთა გასახდელში ხელუხლებელი იდო, გაკვირვებული მურზა უმალ გასახდელში გაიქცა. მართლაც, ჩანთა ხელუხლებელი იყო. სიმწრით გახსნა კოლოფი, გაკეთებულ ბანქოს დახედა 80


აათამაშა და ჩანთაშივე ჩაყარა. ფორმა ჩაიცვა და დარბაზისკენ გაემართა. იქვე ქალთა "გასახდელის" დამტვრეული კარები შენიშნა და ყველაფერს მიხვდა, სპარტაკის ამ შეცდომამ გაამხიარულა, მაგრამ მისთვის არა უთქვამს რა. _ ელგუჯა გარაყანიძე! _ გამოაცხადა რუპორმა. მურზა აყოვნებდა, ტაშისცემამ იმატა. _ ელგუჯა გარაყანიძე! _ გაიმეორა რუპორმა. მურზა მოედანზე გავიდა, აქამდე მხიარულს, უცხო უხერხულობის გრძნობა აედევნა, ერთი სული ჰქონდა, ხალხის მზერას მოსცილებოდა და დაჯილდოების ცერემონიალი თავიდან აეცილებინა. დარბაზს საპატიო წრეს რომ არტყამდა, ერთი მილიციონერი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა მას. პოსტის მიტოვება რომ შესძლებოდა (იგი ტრიბუნებიდან ჩამოსასვლელ კიბესთან იდგა თავშეუკავებელი მაყურებლის შესაკავებლად), ტატამს გადაირბენდა და მაჯაში ხელს წაავლებდა ჩემპიონს. მურზამ შეამჩნია იგი და ერთი უსიამო შემთხვევა გაახსენდა, ძლივს რომ დაიძვრინა თავი, ამიტომ მთავარი მსაჯის მიერ გამოწვდილ ვიმპელს სპორტული სირბილით გვერდი აუარა და პირდაპირ გასახდელისკენ გაიქცა. ტრიბუნაზე აქა-იქ სტვენა გაისმა. მილიციელმა გადამცემის ანტენა დააგრძელა. მურზამ გზაჯვარედინთან ტაქსი შეაჩერა, უკანა სავარძელში მოთავსდა და მძღოლს უთხრა, სპორტის სასახლის წინ შეყოვნებულიყო ცოტა ხნით. სპარტაკს დაუძახა, რომელიც მურზას ამაო ძებნის შემდეგ გარეთ გამოვიდა და აქეთ-იქით იყურებოდა. 81


იგი გამოიქცა და ტაქსში ჩაჯდა. _ სასწრაფოდ აქსინიაში! _ მიმართა მძღოლს მურზამ და მანქანა ადგილიდან მოწყდა. _ რა მოხდა? _ იკითხა სპარტაკმა. _ ერთი ძველი ნაცნობი ძაღლი დავინახე, მაგან რომ ჩამავლოს, ციხე არ ამცდება. მოვუგე და ისეა ჩემზე გადამტერებული, რაღაც დანაშაულს შემატენის. იცრუა მურზამ. ამ მილიციონერს არ უთამაშია მასთან. ერთხელ ქურდობის მცდელობაზე ხელიდან დაუძვრა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), გაექცა, შორიდან მოუარა, რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდზე ავიდა და იქიდან უწმაწური სიტყვები აკადრა მცდარი მიმართულებით მიმავალს. _ როგორ დამემართა?! _ სპარტაკმა ჩანთაზე ანიშნა, _ ქალების გასახდელი შემიმტვრევია. _ ჰო, მეც ვნახე, ეგ არაფერი, ფორმულების წერაში ხომ გაქვს ნიჭი. სპარტაკს ეწყინა. _ ნეკას რა პასუხს გასცემ? _ ჩვენთან ფული არ იკარგება, _ გაეცინა მურზას, _ ახლა მთავარია ცალწარბას არ ავცდეთ, კაცს თამაში უნდა, სასტუმროში კი მილიცია დაგვადგება ზაურთან ხელჩაკიდებული, ცალწარბას შეხვედრა უნდა დავუთქვათ და აქედან გავქრეთ. _ მე სახლში დავბრუნდები. _ დროგადასული ხომ არაფერი გიჭამია?! _ გაკვირვებულმა შეხედა მურზამ. _ არა. _ აბა, ხან მოხვედი, ხან წახვედი... რა არის?! _ ის რაღაა, ოცდაორიათასი მოგებული გაქვს და 82


კიდევ უჯდები სათამაშოდ, თან იცი, რომ წააგებ?! _ ვეღარ მოითმინა სპარტაკმა. _ ნუ ყვირიხარ, ეგ თამაშის კანონია. სასტუმრომდე ხმა არ ამოუღიათ. 511 ნომრის კარი ვასილ პეტრეს ძემ გააღო. _ ვინ გნებავთ? _ იკითხა მან. _ საღამოს ბრიგადა მოვიდა ელგუჯა გარაყანიძის წინამძღოლობით. _ ვინ გნებავთ? _ გაიმეორა ვასილ პეტრეს ძემ. _ ცალწარბა გვინდა, ვასილ პეტროვიჩ. _ არავითარ ცალწარბას მე არ ვიცნობ, ასე, რომ კეთილი ინებეთ და მიბრძანდით, თუ ძალიან გააჭიანურებთ, ტელეფონით მილიციას გამოვუძახებ! _ თქვა და კარი ჩაკეტა. _ მილიციის შენ თვითონ უნდა გეშინოდეს რქიანო! _ დაუძახა მურზამ. _ მაწანწალას უფრო უნდა ეშინოდეს, თუ _ კანტორის დირექტორს! _ გამოსძახა დამცინავი ხმით ოთახიდან. მურზამ ბრაზით წიხლი დაარტყა კარს, მაგრამ ინანა, დერეფანში ჩქარი ნაბიჯით მომავალმა ორმა ფორმიანმა უფრო აუჩქარა ფეხს. სპარტაკთან ერთად დერეფნის მეორე ბოლოსკენ გაიქცა. მილიციელებს ეგონათ, რომ ჩიხში მიიმწყვდიეს ობიექტები. დევნილები დამატებითი გასასვლელიდან კიბეზე დაეშვნენ, მერე მურზამ გადაიფიქრა, ზემოთ გაიქცა და დაბნეულ სპარტაკს მიაძახა მესამე სართულის ლიფტის კარებთან დამელოდეო. ორგანოს მუშაკებმა მურზა რომ ვეღარ შენიშნეს, სპარტაკს დაედევნნენ. სპარტაკს, დრო რომ მოეგო, მეორე სართულის 83


დერეფანი გაირბინა და მთავარი კიბეებით მესამეზე ავიდა. მურზა ლიფტის ღია კარებით უცდიდა. მუშაკებს რამდენიმე წამით დააგვიანდათ. მათ ლიფტის კარები გაწიეს, ოდნავ დააშორიშორეს და კაბინა პირველ და მეორე სართულს შორის შეჩერდა. _ ოპერატიულ ჯგუფს უნდა გამოუძახოთ და ყველა სართულზე დავაყენოთ, _ მიიღო გადაწყვეტილება ჩინით უფროსმა. უმცროსმა გადამცემი ჩართო. გასტროლიორებმა ლიფტის კარი რომ გააღეს ძალით, თავიანთი უიმედო მდგომარეობა მაშინ აღიქვეს. მეორე სართულის იატაკიდან კაბინის სახურავამდე პატარა ადგილი იყო დარჩენილი. მათ წინ შახტის კედელი აღმართულიყო. სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს. მურზამ სპარტაკი აწია, რომელმაც მეორე სართულის კარი გააღო. ვიწრო გასასვლელიდან რომ გაძვრა, მურზას ხელი მოკიდა და ამოათრია. ლიფტის კარებში მოყოლილი ფეხი მურზამ ადვილად გაითავისუფლა. კარები დაიკეტა, მაგრამ კაბინა არ დაიძრა, რადგან მესამე სართულზე მილიციელები ხულიგნობდნენ, კარებში ფეხსაცმლის ლანჩი ჩაეჭედათ და ოპერატიული ჯგუფის მოლოდინში ასე აფერხებდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებას. მეორე სართულის დამატებითი ჩასასვლელიდან დევნილნი სამზარეულოში აღმოჩნდნენ. _ არ მოგშივდა ძმაო?! _ ტაფიდან შემწვარი ქათმის ფრთა დაითრია მურზამ. _ შიმშილის დროა? გვიჭერენ! _ ააჩქარა სპარტაკმა. სამზარეულო გაიარეს და რესტორნის დარბაზი 84


გადაჭრეს, მორიგეს კარი გააღებინეს და ოპერატიული ჯგუფის ვილისს რესტორნის შესასვლელთან სიგარეტზე მოკიდების დროს მოჰკრეს თვალი. _ ბეწვზე გადავრჩით! _ თქვა მურზამ. _ აქ დგომა ხეირს არ დაგვაყრის. _ ეჰ, წავიდა როსტოვი, მომბეზრდა, გუშინ კარგა წამოვიკიდე, მაგრამ... ბიჭები რკინიგზის სადგურისკენ გაემართნენ, ტიუმენში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ბაქანზე მისულებმა დაინახეს, რომ მატარებელი უკვე იძვრებოდა და ლოდინში ეკლებზე ჯდომას არჩიეს დაუყონებლივ გაცილებოდნენ როსტოვს. _ მეტი რა გინდა? _ როსტოვმა ჩემპიონობა მოგიტანა. _ სიგელი არ მომცეს და ეგ რა ჩემპიონობაა, კარტში რომ ჩაატარონ ჩემპიონატი, ეს მესმის,.. ბიჭებს რომ ვერ გამოვემშვიდობეთ! _ გაახსენდა მურზას. _ კარტში არასდროს არ ჩატარდება. _ ვითომ რატომ? _ იმიტომ, რომ აზარტული თამაშია. _ რას ნიშნავს "აზარტული"?! ყველა შეჯიბრება აზარტულია. როცა კაცი თავის მოწინააღმდეგეს ხვდება, ძალის გარდა ათასგვარ ხრიკს და ეშმაკობას ხმარობს, რომ დაამარცხოს. თუნდაც ჭადრაკი ავიღოთ. ყველაფერი მოწინააღმდეგის მოტყუებაზეა აგებული. თუნდაც ჭიდაობის ილეთები ავიღოთ. ყველაფერი ამ მიზანს ემსახურება. კარტმა რაღა დააშავა?! _ სპორტულ თამაშებში თანასწორი ხალხი ხვდება და იმარჯვებს ჭკვიანი ან ძლიერი, ეშმაკი ან სწრაფი, 85


აზარტულ თამაშებში კი მოგება შეიძლება შემთხვევითი იყოს, იქ ყველაფერი უკვე იღბალზეა დამოკიდებული. _ სპორტული იღბალი არ გაგიგია? _ ეგ ძალიან იშვიათია. _ ლაგრანჟის თეორემა როგორღაა? _ ჩამოვაყალიბო? _ ჩამოაყალიბე,.. კი, მაგრამ საით მივდივართ? მგონი დიდი ვოლგოგრადისკენ გვიჭირავს გეზი. გასტროლიორები მოსკოველ სტუდენტებთან ერთად ჩამოვიდნენ, თხილამურებით სრიალში რომ უნდოდათ არდადეგების გატარება. სოფელში არავის უკითხია: ვინ იყვნენ, საიდან ან საით მიდიოდნენ ან რა უნდოდათ. ყველა კანტორა სამეურნეო ანგარიშსწორებაზე იყო გადასული. ბანქო და დომინო განსაკუთრებით უყვარდათ სამეურნეო ანგარიშსწორებაზე გადასულთ. ფულზე რომ უარი თქვეს, მურზა მათ თოვლის მოხვეტაზე ეთამაშებოდა და გაიძახოდა: _ ახლა ხომ ვეწევი საზოგადოებრივ სასარგებლო საქმიანობასო. სტუდენტები საღამოობით პრეფერანსის სათამაშოდ იკრიბებოდნენ. სპარტაკი თამაშობდა და მურზა "ბაზარში" დახურულ ბანქოს ანიშნებდა ხოლმე "ვიცოდე ბაზარი _ არ ვიმუშავებდი" _ წამოიძახებდნენ ხოლმე სტუდენტები, რაზეც გასტროლიორებს გულში ეცინებოდათ. მათი ყოველდღიური შემოსავალი ათი მანეთის ფარგლებში მერყეობდა. ათი მანეთი ორი საბჭოთა მოქალაქის მოკრძალებული ხელფასია, მაგრამ განა მოთამაშე გაძლებდა სტაბილურ ეკონომიურ და 86


გეოგრაფიულ მდგომარეობაში? მურზამ სხვა აზარტული თამაშების დანერგვა სცადა სტუდენტებში, მაგრამ ვერ დააინტერესა და ცხოვრების ამაოებაზე ჩაფიქრებული, განუყრელი ჩანთის სამგზავროდ მზადებას შეუდგა. ვოლგოგრადი, ო, ვოლგოგრადი, სამხრეთელი ემიგრანტების ქვეყანა! დააპირეს თუ არა, რომ ცენტრალურ ქუჩათა და სხვა ხედების დათვალიერებით პატივი ეცათ ქალაქის გმირული წარსულისათვის, მაშინვე თანამოსაქმეთა მზრუნველ ატმოსფეროში მოექცნენ. _ რესტორანი კოსმოსი ქე რომაა, იქანე წავიდეთ, _ ასეთი იყო მათდამი მიმართული პირველი ფრაზა. ქალაქში მოთამაშეთა მთელი თაობები იზრდებოდა. მარტო ბანქოს ოცამდე ბანალური სახეობა იყო ხალხში გავრცელებული. ვიწრო წრეებში კი სტოქსს, პოკერს და ბრიჯსაც თამაშობდნენ. ვოლგოგრადი სამხრეთის ქალაქების შემდეგ პირველია, სადაც კამათლის პოპულარიზაცია ბანქოსას დიდად არ ჩამოუვარდება. მურზას გადმოცემით კამათელში გადაუხდელი ფულის გულისთვის რამდენიმე წლის წინ აქ ქურდისთვის თავი მოუჭრიათ. პირველ შემხვედრ ემიგრანტთან ერთად რესტორნიდან რომ გამოვიდნენ, მურზას ნაოხარი ადგილების ნახვის სურვილი გაუჩნდა. ემიგრანტმა სტუმრები იმ ერთადერთი სახლისკენ წაიყვანა, რომელიც სამამულო ომის რისხვას გადაურჩა. იგი ლაპარაკად იღვრებოდა, მაგრამ არ იცოდა, რომ "ნაოხარ ადგილებში" მურზა წლების წინ ბანქოთი "დანგრეულ" კოლექტივთა თავშეყრის ადგილებს 87


გულისხმობდა. ემიგრანტმა წითელი აგურით ნაშენები ძველი შენობა დაანახვა ხეობის გადასახედიდან და დაეთხოვა. _ ამ ნანგრევებშიც მითამაშია კარტი, _ თქვა მურზამ, _ აქ ფერდობებზე კანაფი იზრდებოდა და ნარკომანები ეტანებოდნენ ძირითადად. ნანგრევებში უქიშინებდნენ, ჯანმრთელობას ნარკოტიკს უტოვებდნენ, ფულს კი _ კარტს. "ნაოხარი ადგილის" მოძებნა არ გასჭირვებია მურზას. ბაზრის გვერდით კომუნალურ ბინაში გაუღეს კარი. მასპინძელს ყურებიდან ჯერ კიდევ ბოლი ამოდიოდა. _ გამარჯობა მურზა! _ მიესალმა მაშინვე მასპინძელი. _ ძმაო! _ ინტერესით შეათვალიერა მურზამ და კომპლიმენტი ესროლა: _ გაზრდილხარ, გალამაზებულხარ, ვერ გიცანი, ვასკა! _ ეგ კარგია, გავმდიდრდები. _ ბოლო-ბოლო, დასახლდი ვოლგოგრადში? _ შემოდი სახლში. ბიჭები ოთახში შეყვნენ. _ დავსახლდი, ეგრე გამოდის, მაგრამ ნატაშასთან ხელი ჯერ არ მომიწერია, _ თქვა ვასკამ. _ რას უცდი?! _ რა მეჩქარება?! _ მანქანა იყიდე? _ არა. _ რატომ? _ ფული არ არის. _ უნდა ითამაშო. _ თამაშს თავი გავანებე. 88


_ სწორად მოქცეულხარ, მეც უნდა შევეშვე. _ რაიმე კოოპერატივი გახსენი, ხალხი გამდიდრდა. _ ვფიქრობ მაგაზე, ეს გაიცანი, ჩემი ამხანაგია, _ წარუდგინა სპარტაკი და სპარტაკს ვასკაზე მიუთითა, _ მე და ამ კაცმა დიდი ომები გადავიტანეთ, გავაშელს, ნეკას..., ჩვენ ბიჭებს _ ყველას იცნობს. _ სათამაშოდ ჩამოხვედით? _ არა, უფრო სწორად _ ჰო, სპარტაკი არ თამაშობს. _ ახლა ისეთი თამაში აღარ მიდის, ადრე რომ მიდიოდა, მაგრამ ხანდახან დიდი ფოსტები იჩითება, წრეები გეხსომება ალბათ. _ რესტორნებს ჩამოვივლი. _ ნეფტუნიდან დაიწყე, ყველა იქ იკრიბება, ან თეთრი წეროდან. _ შენ, ესეიგი აღარ თამაშობ? _ ჰკითხა მურზამ. _ არა, თამაშში ხეირი ვერ ვნახე. მურზამ "ნეფტუნიდან" დაიწყო. შუადღის საათებში იქ "ფუჭი" საზოგადოება იკრიბებოდა და მურზა ნაცნობ მეტრდოტელთან ხანმოკლე გასაუბრების შემდეგ სპარტაკთან ერთად ქალაქში სამოგზაუროდ გაემართა. სპარტაკი დაარწმუნა, რომ ამ მიზნისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ _ ავტობუსი გამოდგებოდა. ავტობუსიდან სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებდნენ და მათთან დაკავშირებულ ისტორიას ყვებოდა მურზა. დაანახვა სასტუმრო, რომლის მერვე სართულიდან ზანგი გადმოვარდა, აღელვებული იმით, რომ ვიღაც ხელმრუდმა ნივთები მოჰპარა. დაანახვა მსუბუქი ყოფაქცევის 89


გოგოს სახლი, რომელიც უცხოელს გაყვა ცოლად და ვენერიული სენი შეყარა. გაიხსენა ის ბედნიერი დღე, როცა უკანასკნელი ექვსი კაპიკით ამავე ავტობუსში ერთჯერადი მგზავრობის უფლების მიმნიჭებელი ბილეთი აიღო და ღია სარკმელთან მდგარი დაკარგულ ათიათასებზე დარდს იქარვებდა... სანამ ავტობუსი სრულ მარშრუტს შემოწერდა, ორ საათში, გასტროლიორებს რიგით მეშვიდე ემიგრანტი გამოემშვიდობა. მურზას ერთგვარ სიამოვნებას გვრიდა სხვადასხვა ჯურის და ტიპის ხალხთან მასლაათი. აოცებდა მათი მრავალფეროვნება. სპარტაკსაც გადაედო ეს ჩვევა, ხან მარტო ყოფნისას კონტაქტში შესვლის მაგივრად საჩოთირო კითხვებით აბნევდა შემხვდურთ. საღამოთი უკვე საზოგადოების გარკვეული ფენები მოგროვდნენ რესტორანში. ნახევარს ადგილობრივი თუ ემიგრანტი უსაქმურები, მოთამაშეები, ლოთები და სხვა საეჭვო პროფესიის ხალხი შეადგენდა. დანარჩენი ადგილები კი მსუბუქი ყოფაქცევის კეკლუცებს და ვოლგოგრადში მივლინებით ჩამოსულთ ან საიუბილეო დღის აღსანიშნავად შეკრებილ თანამშრომლებს ეკავათ. მურზას ყოველი მხრიდან ესალმებოდნენ. მას ძირითადად სამ შეკითხვაზე უხდებოდა პასუხის გაცემა: "როდის ჩამოხვედი?", "როდის მიდიხარ?", "როგორ ხარ?". ბოლო შეკითხვაში ფინანსური მდგომარეობა იგულისხმებოდა, მოგებული ხარ, თუ _ წაგებულიო, და მურზა პასუხობდა, რომ დიდი ხანი გასულიყო, რაც არ ეთამაშა. ერთი ემიგრანტი მიუჯდა მათ მაგიდას, თვალებს 90


ბასკერვილების ძაღლივით აბრიალებდა. _ მურზა, როგორ ხარ? _ რიხიან დინჯ ხმას გაკვირვებული ტონიც დაკრავდა. _ რა მიშავს ძმაო, ვცოცხლობ. _ ეს მშვენიერი ახალგაზრდა საიდან ჩამოგიყვანია? _ უფრო გაკვირვებულმა აუწია ხმას, თვალების დაჭყეტით კი აღტაცების გამოხატვა თუ უნდოდა. _ სპარტაკი ორჯონიკიძიდანაა... _ ოჰ, ორჯონიკიძე ჩემი მშობლიური ტერიტორიაა, _ შეაწყვეტინა აღელვებულმა, _ სპარტაკ, რა ადგილზე ცხოვრობ, სად მუშაობ? _ კოოპერატივის დირექტორია, _ უპასუხა სპარტაკის მაგივრად მურზამ. ემიგრანტმა თვალების თეფშზე გადმოყრა დააპირა, მაგრამ ბოლო დროს გადაიფიქრა და გაკვირვებულმა იკითხა: _ შამპანურს ვერ ვხედავ თქვენს მაგიდაზე! ახლავე შევუკვეთავ და ფიზიკურად დავუკავშირდეთ შუშხუნა სითხეს, ვიცი მურზას სიცოცხლის ხანგრძლივობას უძლიერებს. ემიგრანტს მურზას სიცოცხლის ხანგრძლივობა სულ ფეხებზე ეკიდა, მისი ფიქრები "კოოპერატივის დირექტორს" დასტრიალებდა. _ სპარტაკი კარტის დამამზადებელი კოოპერატივის დირექტორია, _ სიტყვის ბანზე აგდება არ აცადა მურზამ, _ მე საამქროს უფროსი ვარ. ემიგრანტი მიხვდა ხუმრობას, მაგრამ არ შეიმჩნია. _ ო, ეს კარგი საქმე წამოგიწყვიათ, საჭირო საქმე. რა უქმად ვზივართ?! მოვატანინოთ ოფიციანტს შამპანური და გოგოებში გავცანცალდეთ, შემდეგ 91


ჰაერის ტერიტორიაში გავინავარდოთ მაღლა-მაღლა. ემიგრანტმა სიყვარულით ბიჭებს ხელი გადახვია და ხალხური სიმღერა წამოიწყო, რითაც კოოპერატივის შორიდან შემოვლა გააგრძელა. _ საამქროში მუშები გვაკლია, _ არ უთმობდა მურზა. იმით გახარებული, რომ სხვა სიმღერები აღარ დაჭირდა, ემიგრანტი საქმეზე გადავიდა: _ ამიყვანეთ მეც კოოპერატივში, ჯანი მაკლია თუ ღონე. _ იმუშავებ? _ გამომცდელად შეეკითხა მურზა. პასუხად გაკვირვებულმა ემიგრანტმა თვალები გადმოკარკლა, თანხმობის გამოხატვა უნდოდა, ბუნებრივად მიმიკა კი უცხო სიტყვამ "მუშაობამ" შეუცვალა. _ საბუთები წესრიგში გაქვს? _ ვაჰ, წინა შაბათს დავკარგე პასპორტი, მურზა! _ მაჯაში ხელი წაავლო ემიგრანტმა, _ არ გჯერა?! მისმინე... ამ დროს ოფიციანტმა შამპანური მოიტანა და ემიგრანტმა სადღეგრძელოს მაგივრად პასპორტის დაკარგვის მხიარული ამბავი წამოიწყო. _ ჩვენ კარგა ხანი დავრჩებით ვოლგოგრადში, პასპორტის დუბლიკატს როცა აიღებ, გვნახე ან მე, ან სპარტაკი და ჩაგწერთ სიაში, _ დააიმედა მურზამ. ემიგრანტს უნებლიედ გაეღიმა, იმდენად არარეალური იყო დუბლიკატის აღება და მითუმეტეს კოოპერატივში მუშაობა. _ უპასპორტოდ არაფერი გამოვა? _ იკითხა იმედგადაწურულმა. _ მაშინ სამხედრო ბილეთი მაინც უნდა იქონიო. 92


ემიგრანტს კვლავ გაეღიმა და თქვა: _ თქვენ მე სიცოცხლის ხანგრძლივობას დამისუსტებთ! იგი ცოტა ხანს კიდევ იჯდა მათთან და შემდეგ სხვა მაგიდების ტერიტორიებში გაცანცალდა, რათა მაღლა-მაღლა ჰაერში გაენავარდა. _ ამ კაცს მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩხირი არ გადაუბრუნებია, _ თქვა მასზე მურზამ. უცბად ელვასავით გავარდა მკვლელობის ამბავი, ხალხი აჩოჩქოლდა. მურზასთან ნაცნობები მოდიოდნენ, ყველას ვოლგოგრადელი ყომარბაზის და მაფიოზის მკვლელობა ეკერა პირზე. ფულის გულისათვის მოუკლავთ. რა ფული იყო ეს, ამაზე სხვადასხვა ვერსიები არსებობდა. მკვლელი შურისძიების შიშით თავისი ფეხით გამოცხადებულა ორგანოში. გასტროლიორები სასტუმრო "იუჟნაიაში" დასახლდნენ. გლოვას მოეცვა მაფია. თამაში ჩაკვდა ქალაქში. თუმცა არ უთამაშია, მურზა კარგად იცნობდა განსვენებულს და დაკრძალვის პროცესიის წინა რიგებში მიაცილებდა უკანასკნელ გზაზე. აუარება ხალხი მოვიდა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაკრძალვაზე. ავტომობილების ერთდროულმა სიგნალმა გააყრუა ქალაქი. გზაჯვარედინზე ცერემონია საგზაო წესების დარღვევისას წარმოქმნილმა "საცობმა" შეაჩერა. აუტანელი ხმაური იდგა. მილიციელთა რაზმი გააძლიერეს. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა მურზამ: 93


_ ჩვენ სხვადასხვა გზა გვქონდა, _ უთხრა სპარტაკს, _ მაფიოზის ბოლო შუბლში ტყვიაა, მოთამაშისა კი _ ავადმყოფის სარეცელი. მაფიოზი სახელს, ძალას და მისადმი მოკრძალებას იხვეჭს, მოთამაშე კი მხოლოდ თამაშობს... თუმცა, მახსოვს, მე ხანდახან მშურდა მისი პოპულარობისა, მომწონდა _ გოგოები მასთან ღამის გათევას რომ იბრალებდნენ, რესტორნებში მისი სახელით რომ ურიგოდ უშვებდნენ, მორიდებულად რომ ესალმებოდნენ უცნობები. ბავშვი ვიყავი, პოპულარობაზე ხელისშემშლელი ჩემთვის თურმე არაფერი ყოფილა. _ როგორც ადამიანს თუ აფასებდი? _ ასეთ ახლო კონტაქტში მასთან არ ვყოფილვარ. ცდილობდა ყოველთვის ჩვეულებრივი მოქალაქის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. პირველად, სანამ გაიგებდა _ ვინ ვიყავი, ყომარი გამომიცხადა, მერე გადაავიწყდა. _ ითამაშებდი? _ რატომაც არა, მაშინ ვეთამაშებოდი... ერთ საქმეში რომ გავედით, იმის მერე ჩვენში აღარ მოვიდოდა თამაში... დრო გავიდა. მაფიაში გადაადგილებები მოხდა და სხვა სახელები აღმოცენდა. თამაშის კერები მალე განახლდა და მურზას ერთი წუთი თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა. უმეტესად მარტო თამაშობდა, ხანდახან სპარტაკსაც დაიხმარებდა ხოლმე. პირველად დამოუკიდებლად სპარტაკმა სრულიად უცნობთან ითამაშა. მურზა იმავე ოთახში ნარდს აგორებდა (მას გასაგები მიზეზების გამო ზოგჯერ ბანქოს არ ეთამაშებოდნენ). იგი ხანდახან 94


გადახედავდა ხოლმე სპარტაკის მდგომარეობას, მერე ნარდმა ჩაითრია და ყურადღება ვეღარ მიაქცია. სპარტაკი ცდილობდა დანიშნული ბანქო დაემახსოვრებინა, მაგრამ მთელი ყურადღება წაკითხვაზე როცა გადაჰქონდა, თამაშში აგებდა. ტუზები სანამ დაიმახსოვრა ორასი მანეთი უკვე წააგო. იმ საღამოს ორივემ ერთად სამიათასამდე წააგეს. დროთა განმავლობაში სპარტაკმა თამაშის კანონები ისწავლა, ბევრს აღარ აგებდა. პატიოსნად თამაშობდა. რაწამს რაღაც მაქინაციის ჩატარებას დააპირებდა, სახეზე ალმური აჰკრავდა ხოლმე და იბნეოდა. მურზას ნასწავლ ხრიკებს ადვილად ითვისებდა, მაგრამ თამაშის დროს ვერ იყენებდა. _ სახეზე როცა აღარ გაწითლდები, მაშინ ვიტყვი, რომ თამაში გისწავლია. მაგრამ ეგ არასდროს მოხდება, იმიტომ, რომ შენ თავს ვერ შეცვლი, _ უთხრა მურზამ. მართლაც, სპარტაკი უშედეგოდ ებრძოდა გაწითლებას. გაზაფხულის პირველ დღეებში ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა მურზას ცხოვრებაში. კვირა დღეს ბაზარში წასვლა გადაწყვიტეს ტანსაცმლის შესაძენად. ელექტრომატარებლით სულ რაღაც ოცი წუთის სავალზე იყო გახსნილი სავაჭრო ცენტრი, სადაც უამრავი გადამყიდველი და მყიდველი, ქურდბაცაცა და სათითეებით მოთამაშე, საქმოსანი და უსაქმური იკრიბებოდა. ბიჭებს საკმაოზე მეტი ფული ჰქონდათ (შეეძლოთ ნახევარი ბაზარი შეესყიდათ), ამიტომ 95


მხიარულად შევიდნენ რკინიგზის სადგურში ბილეთების ასაღებად. მგზავრები სხვადასხვა სალაროებთან მოგროვილიყვნენ. მურზამ სპარტაკი მეზობელი რიგისკენ მიახედა. იქ ერთი ბიჭი იდგა, რომელიც საოცრად წააგავდა მურზას, ოღონდაც მისგან განსხვავებით შავი თმა ჰქონდა. ჩაფიქრდა გენია, იგი უნდა ეთამაშოს თავის ორეულს, ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ელექტრომატარებლის განრიგით გასვლა. მატარებელში შემთხვევით ბიჭების წინ სკამზე მოხვედრილი ორეული ფანჯრიდან იყურებოდა. საგაზაფხულო კურტაკი თუ უნდოდა ეყიდა ბაზრობაზე, მოძველებულ გახუნებულ "დუბლიონკაში", რომელიც მას ეცვა, ძალიან ეცხელებოდა. გასტროლიორებმა თამაში წამოიწყეს. ორეულს ბანქო არ ეხერხებოდა, მაგრამ შეასწავლეს და ათ წუთში კურტაკის ფული მოუგეს. ვაგონში სპეცადამიანი შემოვიდა. მისი დანიშნულება ათკაპიკიანი ბილეთების გაყიდვა იყო. ბილეთით ნებისმიერ მოქალაქეს უფლება ეძლეოდა ბაზრობაზე ძველმანებით ევაჭრა. მის დანახვაზე ორეულს თავისი მგზავრობის მიზანი გაახსენდა და შეცბა, რადგან მატარებელში ჯდომის უაზრობა აღმოაჩინა. _ ძმაო, _ დაბნეული მდგომარეობიდან გამოყვანა სცადა მურზამ, _ მე დაგიბრუნებ შენ ფულს, ვიცი, რაღაცის ყიდვა გინდა, ოღონდაც გირაოდ პასპორტი დამიტოვე. სპარტაკი ახლაღა ჩასწვდა ეშმაკურ განზრახვას. ორეულმა პასპორტი ამოიღო და სამას მანეთად 96


დააგირავა. მურზამ თავისი მუდმივი საცხოვრებლის მისამართი ჩააწერინა, თუმცა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ორეული, ამ მისამართზე მურზას მოძებნის და სამასი მანეთის დაბრუნების ნაცვლად ამჯობინებდა დაუყონებლივ ეცნობინებინა შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო განყოფილებისთვის და პასპორტის დაკარგვისათვის ორმოცდაათ მანეთამდე ჯარიმა გადაეხადა. _ ეს იცი რას ნიშნავს?! _ გადაულაპარაკა მურზამ სპარტაკს, როცა გახარებული ორეული შეცდომით ერთი გაჩერებით ადრე ჩავიდა. _ ფეხს ავიდგამთ. მურზას სპარტაკის ნათქვამი არ გაუგონია, იგი პასპორტს ფურცლავდა. _ მურზა აღარ არის, აღარც ელგუჯა გარაყანიძეა, გრე-გო-რიი... კონ-დრა-ტიუკ, _ წვალებით ამოიკითხა პასპორტიდან ორეულის სახელი და გადაიხარხარა. _ თმებიც უნდა შეიღებო. _ თუ საჭირო იქნება, რატომაც არა?... გამეხსნა გზა, როგორც იქნა, _ ზეიმობდა მურზა, _ ამოვედი ტალახიდან. იგი საჰაერო გზებით სარგებლობის უფლების შეძენას გულისხმობდა. _ თბილისში ხომ არ გადავფრენილიყავით? _ შეახსენა სპარტაკმა ერთი საჭირო რეისი. _ ამ დღეებში წავიდეთ, მაგ საქმის გადადება აღარ შეიძლება. ბაზრობაზე ბლომად ხალხი მოგროვილიყო. ზოგი კოჭებამდე ტალახში დადიოდა, ზოგი საცალფეხო 97


ბილიკზე ახერხებდა შემხვედრთა გვერდის ავლას. ბიჭები ჩასაცმელს ირჩევდნენ. თბილისში ამ დროს საუცხოო ამინდი იდგა. ხალხმა ხალვათად ჩაიცვა. კულტურის და დასვენების პარკებში კარუსელი ამუშავდა. მაგრამ მზე და სითბო როდი იზიდავდა გმირებს თბილისში. თანხა მწიფე ვაშლივით ხეზე ეკიდა, რომელსაც ხელით მოწყვეტაღა უნდოდა. ვოლგოგრადში ერთ დროს თამაშობდა ვინმე _ ოლეგი, რომელმაც სიბერით განუტევა სული. ცხონებული თავის სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისში ასაღები დიდძალი ფულით ტრაბახობდა, მაგრამ არავის სჯეროდა მისი, რადგან ბებერი მოთამაშე ღატაკი დაიარებოდა. მოგებული ფულის მიღების დათქმულ თარიღს ვერ მოესწრო საწყალი. წესის მიხედვით ამ შემთხვევაში ფული ქურდს უნდა ჩაბარდეს, რომელიც გამოუნახავს პატიოსან გზებს. რადგან ბოლოჟამს ვოლგოგრადში კანონიერ, ქურდებში, მაფიაში, მოთამაშეებში, ქურდბაცაცებსა და ორგანოს მუშაკებში ერთგვარი აღრევა შეიმჩნეოდა, ფულის პატრონი, ოლეგის ნებისმიერი ახლობელი ან ნათესავი შეიძლებოდა გამხდარიყო. ახლობელი ან ნათესავი, რომელიც დაიჯერებდა იმ დიდი თანხის არსებობას და ხელს გაიწვდიდა ვაშლის მოსაწყვეტად. მაგრამ, იმდენად იოლი იყო ეს მოძრაობა, ყველას არაფრის მომტანად მიაჩნდა მისი შესრულება. თბილისში გამგზავრება მურზას პასპორტის შოვნამ დააჩქარა, მაგრამ ჯერ საჭირო იყო გაგება _ ვის მოუგო ოლეგმა? ვაშლები განა თავისით ცვივიან? 98


ისინი შემოდგომის ყვითელი ფოთლით დაფარულ ხის შუაგულში იმალებიან. ეს "ხე" მილიონიანი ქალაქი იყო. აი, რატომ გახშირდა მურზას ვიზიტები ოლეგის პლეადის მოთამაშეებში. ისინი ისე ხნიერნი იყვნენ, დანიშნულ ჭადრაკით თამაშობდნენ ხოლმე ეზოში. ოლეგის მოგება ბუნდოვნად ახსოვდათ: "ოცდათხუტმეტ წელში",.. "სამოცდათერთმეტ,... არა ვცდები, ეს ორმოცდაერთში იყო...", "გახსოვს, ორმოცდათორმეტში...", "ათას ცხრაას..." _ ასე იწყებდნენ თავიანთი ცხოვრების ეპიზოდების გახსენებას. ოთხმოცდაორ წელს ვოლგოგრადელ ბოტანიკოსებს ახალი ჯიშების გამოყვანაში გამოცდილების გაზიარების მიზნით თბილისიდან დელეგაცია ეწვია. მივლინების პროგრამის ამოწურვის შემდეგ დელეგაცია მასებს რომ ხვდებოდა, მისი ხელმძღვანელი, მებაღე კოპეიკინის მიღწევებმა დააინტერესა. იქ, ბაღჩაში, ჭარხლისა და ბოლოკის რიგებში შედგა მისი სავალალო გაცნობა ოლეგთან. ოლეგი კოპეიკინის ბავშვობის მეგობარი იყო და შემთხვევით დაესწრო დელეგაციის სტუმრობას, როცა, ცოლის მიერ ბაზარში გაგზავნილი, ამხანაგის ბაღჩისეულ ბოლოკს აგროვებდა სათლში და ცელოფნის პაკეტიდან ლუდს ყლურწავდა. ზედიდ თანხებზე უბრალო (არამოთამაშე) ხალხი თამაშობს, მაგრამ ეს უბრალოება უმეტეს შემთხვევაში გარეგნულია და მასში უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება იმალება. მურზა დარწმუნებული იყო, რომ ასეთ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. სამწუხაროდ იძულებულნი იყვნენ 99


მცირე ინფორმაციის ამარა წასულიყვნენ თბილისში, რადგან მოხუცები სხვადასხვა წლის ამბებს ერთმანეთში ურევდნენ და ოლეგის თანხასთან დაკავშირებულ ისტორიას საეჭვოდ აგრძელებდნენ. თავიდან ბიჭებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ მებაღეობასთან ამ საქმეს არაფერი კავშირი არ ჰქონდა. მოძებნეს მებაღე კოპეიკინი, რომელიც ცელულოზით დახურულ სათბურში მოღვაწეობდა, პამიდვრის ჩითილებს ეზოში გადასარგავად ამზადებდა. კოპეიკინს დელეგაცია კარგად ახსოვდა, "დიდი პურმარილი გავუმართეო", მაგრამ ამბობდა, რომ თამაშის შესახებ არაფერი არ იცოდა. ის იდუმალი სუპერ-სუპერპროფესიონალი იყო (თუმცა არასდროს არ ეთამაშა). კოპეიკინთან ვიზიტის შემდეგ ბილეთები შეიძინეს აეროპორტში. გაფრენის წინ მურზამ თმები შავად შეიღება. ის ფიქრობდა, რომ თბილისში ერთ კვირაზე მეტს არ დაყოფდნენ, ამიტომ სასტუმროში ვადა გააგრძელეს, დაბრუნებულებს ბინა საძებნი რომ არ ჰქონოდათ. ბილეთების რეგისტრაციის დროს მურზა მგზავრთა შორის უბედნიერესი იყო, აწვდიდა რა მუშაკს პასპორტში ჩადებულ ბილეთს, ამას თან თვითმფრინავით მგზავრობის ბავშვური სიხარული დაერთო. მურზას ხომ ხუთი წელი ტრანსპორტის ამ სახეობით არ უსარგებლია. იგი მოქალაქე მგზავრის მთელი პასუხისმგებლობით მგზავრობდა საათნახევრის განმავლობაში. დროულად იკრავდა და იხსნიდა უსაფრთხოების ღვედს, არ ეწეოდა სალონში, არ სარგებლობდა ტუალეტით, როცა 100


უკანასკნელი დაკავებული იყო. თვითმფრინავმა დაშვება რომ დაიწყო, უკვე ბნელოდა. თბილისის თავზე მანევრირებისას აქეთ-იქით რომ იხრებოდნენ, სარკმლებში ხან ვარსკვლავები ჩნდებოდა, ხან ციმციმა ღამის თბილისი. მგზავრს რომ მოულოდნელად გადახრის ორიენტაცია დაეკარგა, შეიძლებოდა ვერ მიხვედრილიყო თვითმფრინავის რომელი გვერდიდან ჩანდა ვარსკვლავები და რომლიდან _ თბილისი. საქართველოს დედაქალაქში უფრო თბილოდა და ნიავი უბერავდა. "გენაცვალე" იყო პირველი სიტყვა, რაც გასტროლიორებმა გაიგონეს თბილისში. _ გენაცვალე, რომელი რეისია? _ ჰკითხა ვიღაცამ შემხვედრებიდან, რომლებიც აეროპორტიდან ქალაქში გასასვლელთან მოგროვილიყვნენ. ასეთმა მიმართვამ ჩამოსულები დააბნია, ძლივსღა მოახერხა სპარტაკმა ეთქვა "ვოლგოგრადი". თბილისი სტუმართმოყვარე ქალაქია. მისი კარები ფართოდაა გაღებული სხვადასხვა ჯურის და ხელობის, იოლი გამდიდრების მსურველთათვის. აქ ძველი უბნების გარდა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება სათითეებით სანახაობების გამართვა, მაშინ, როცა მილიციის მიერ იგივე შევიწროვების პირობებში ვოლგოგრადელ სათითეებით მოთამაშეთა ჯგუფებს თავიანთ მოქმედებათა სფეროებად ჰქონდათ ქალაქი დაყოფილი და უცხო პირი ხელს ვერ გაიმართავდა. მურზამ საღებავის ჩამოსაცლელად თავი დაიბანა და სპარტაკთან ერთად აეროპორტიდან ნაცნობ წერტში 101


გაემართა მანქანით. წერტის ბინადრებს არ ეძინათ, ოთახებიდან ღრიანცელი ისმოდა, ვიღაცა ტიროდა, კამათლის, ნარდის და დომინოს ქვების ჭახუნი ერთმანეთს ეპასუხებოდნენ სხვადასხვა კუთხიდან. ამ მასშტაბებისთვის ცნობილი მოთამაშე და მასპინძელი, მეტსახელად "ჟანგიანი" სტუმრებს ატყავებდა. იგი ჭადრაკში და ნარდში სტუდენტებთან ერთდროულ სეანსს ატარებდა, გარდა ამისა თანამზრახველს მოწინააღმდეგის ბანქოს ანიშნებდა ამისათვის მოხერხებულ ადგილზე მოკალათებული. "ზარ, ფერლიშ, მაოკო" _ გაიძახოდა ბულგარელი სტუდენტი, მეტსახელად "სოფიას" რომ ეძახდნენ. მეზობელ ოთახში გარყვნილი ქალები მოეყვანათ ორგანოს მუშაკებს, ერთი ბოთლი არაყი უნდა დაელიათ და თავიანთ საქმეს რომ იზამდნენ, მოთამაშეებს შეუერთდებოდნენ... მურზამ ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი, თუმცა ბევრს არ იცნობდა და მისთვის არ ეცალათ. _ მოჭადრაკე მოგიყვანე, _ უთხრა ჟანგიანს. _ არა, მურზა, მე ისე, გასართობად ვთამაშობ, _ ხელი ჩაიქნია მან. _ მე მურზა აღარ მქვია, _ სიცილით შენიშნა მურზამ და ჟანგიანს პასპორტი უჩვენა, _ გრეგორი მქვია. _ ეს ძალიან კარგია. _ ვიცი, ერთი წუთი თავისუფალი დრო არ გექნება. _ ჰო, ბიჭებს თამაში უნდათ, მოდი აბა ძმაო, მეორე დაფაც გავშალოთ, _ უთხრა მან სპარტაკს, _ ძლიერად თამაშობ? 102


_ არც ისე, მოყვარული ვარ, _ უპასუხა სპარტაკმა. _ ალბათ ფული დაგჭირდა, არა? მათი საუბარი ერთი სტუდენტის გამოსვლამ შეწყვიტა, რომელმაც პროტესტის ნიშნად კარტი ჭერამდე აყარა და წასასვლელად წამოდგა. _ ცხრაას მანეთზე გავჩერდეთ, _ მოულოდნელად გარეგნული სიმშვიდით მიმართა მან მეტოქეს. _ როგორც გინდა, ძმაო, თუ ფულის შოვნა არ შეგიძლია, თქვი, უხერხული აქ არაფერია, გავჩერდეთ და გავჩერდეთ, _ უთხრა მეტოქემ. _ ფულის შოვნაში კი არ არის საქმე! _ კვლავ აენთო სტუდენტი. _ განა გეუბნები რამეს, როგორც გინდა _ მეთქი. _ ჰო და კარგად იყავი, წაგებულს მიიღებ. _ ლევან, მიდიხარ?! _ შეაჩერეს ამხანაგებმა. _ წავალ, სიას შევადგენ, _ არხეინად მიუგო მან. სტუდენტები წაგების შემთხვევაში ჯგუფში კრებდნენ ხოლმე ფულს. ხან, საჭიროზე მეტი ფული რომ მოგროვდებოდა, წაგებული, გადახდის შემდეგ, სამოგზაუროდ ან დასასვენებლად მიდიოდა. ლევანს ამჯერად დასვენება არ ეწერა, რადგან თავისი თამაშის პატარა სტაჟში სია რამდენჯერმე უკვე შეედგინა და ამჯერად გადასახდელ ფულსაც ვერ მოაგროვებდა. გასასვლელთან სტუდენტი მურზამ შეაჩერა და ურჩია, რომ ამ ცხრაასი მანეთის გადახდის შემდეგ აღარ ეთამაშა. სტუდენტი გაღიზიანდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ხელი ჩაიქნია და უხმოდ გავიდა. _ ეგ რომ ხელში ჩამივარდეს, ცხოვრებას წააგებს, _ უთხრა შემდეგ მურზამ სპარტაკს, _ მეცოდებიან, ჯერ 103


შავს და თეთრს ვერ არჩევენ. _ მეც ხომ სტუდენტი ვიყავი, _ უთხრა სპარტაკმა, _ მაგრამ ფული არასდროს წამიგია, ხან სანიძლაოებს თუ წავაგებდი, საზამთროს, სახინკლეს. _ აზარტი ისეთი რამეა, ერთი თუ ჩაგითრია!.. შენნაირი ხალხი გაფუჭებულა?! კაცმა მილიონი წააგო და მხოლოდ ვალის გადახდისთვის ცოცხლობს და მუშაობს. _ ლევანი მეტზე რომ არ შეყვა, ცოტა ჭკუა ჰქონია. _ მეტზე რომ არ შეყვა, ეს _ მოწინააღმდეგის სისუსტეა, სხვა არაფერი. ჟანგიანმა სპარტაკთან ერთი ოცმანეთიანი პარტია ითამაშა ჟადრაკში და წააგო, რის შემდეგაც თავის ტკივილი მოიმიზეზა და თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. იგი არც მურზას შეხვედრია. მურზამ გასართობად კამათელი გააგორა ორგანოს მუშაკებთან, ისინი ზომიერად ჩამოდიოდნენ თანხებს და ცოტა ხანში მიატოვეს თამაში, პოსტზე აგვიანდებოდათ. ისინი რომ წავიდნენ გარყვნილ ქალებს სოფია და მისი ამხანაგი ეწვივნენ. სოფიას ხელმომჭირნეობით გაჰყავდა სტუდენტობის წლები, დიდი მოგებით და წაგებით არასდროს ანებივრებდა თამაში. ეს მოთამაშეებმაც იცოდნენ და უცხოელს გამოწველის ნაცვლად ზოგჯერ, შედარებით ამხანაგურადაც უდგებოდნენ, რითაც სოფია სარგებლდბდა, საერთო ორომტრიალში წვრილმან მოგებებს გამორჩებოდა ხოლმე. აგერ, ქალიც დაითრია ერთი ღამით. ქალთან ღამის გათევაც ფულია, ზოგი წაგებული ახალგაზრდა, რესპუბლიკის ფარგლებს სცილდებოდა და უფასოდ 104


ქალთან ღამის გათევის საშუალებით ცდილობდა წაგებული თანხის უკან ამოღებას (თბილისის ზოგიერთ სასტუმროში და საეჭვო ბინებში ხომ ერთი ღამე ოცდათხუთმეტი ან მეტი მანეთი დაუჯდებოდა). მურზამ და სპარტაკმა, როგორც სტუმრებმა, ერთ საწოლში დაიძინეს. ჟანგიანი სავარძელში მოთავსდა, ფეხები სკამზე გაჭიმა და მაღვიძარა ექვს საათზე დააყენა. მისი სამუშაო ასეთ რეჟიმს მოითხოვდა. დილით ქარმა წამოუბერა, ჟანგიანი ტანსაცმლით ჩაუწვა ლოგინში სტუმრებს. თანხის მაძიებლებმა რომ გაიღვიძეს, სახლში ორმოციოდე წლის ქალის მეტი არავინ იყო. ის იპრანჭებოდა, ჩაი მოითხოვა. მურზამ მხიარული რომანი გააბა: წადი ქა, შენ სოფელში დალიე ჩაიო, _ ეუბნებოდა. მაგიდაზე ჟანგიანის წერილს წააწყდნენ: "გრეგორი, როცა გაიღვიძებთ, ეგ ბოზი გააგდეთ წასვლის წინ, გასაღები კარებშია, დაკეტეთ და თან წაიღეთ, მე შეიძლება დღეს ვერ მოვიდე. ზვიადი." ნაწერი ბატის ნაფეხურს ჰგავდა, მაგრამ ქალი მიხვდა, მის შესახებაც რომ იყო გაკრულად ნათქვამი და გაბრაზებულს არაფრის გაგონება არ უნდოდა, ამაყად სარკეში თმები შეისწორა, ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გაიჭრა. მურზამ სიცილი დაადევნა. ქალი მალე დაბრუნდა და თავის სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა. _ რამდენი ძირი ვაშლი გიდგიათ სოფელში? _ არ ეშვებოდა მურზა. 105


_ რას გადამეკიდე შე ლაწირაკო?! _ ბრაზობდა ის, თუმცა მურზას უფრო ახარებდა, _ მომეცით ორი ღერი სიგარეტი. _ ჰავანა არ გინდა? თქვენ სოფელში არის ჰავანა? _ ხარობდა მურზა, მერე კოლოფი "მარლბორო" აჩუქა, რამდენიმე ღერი რომ იყო დარჩენილი და სოფელში ძროხებთან მოკითხვა დააბარა. _ ყოჩაღ! _ უთხრა საჩუქრით გაკვირვებულმა და წასვლა გადაიფიქრა, სიგარეტი გააბოლა საწოლზე ჩამომჯდარმა. _ სპარტაკ, დარჩი თუ გინდა, მე მარტო წავალ, ძველ ნაცნობებს ვნახავ, რამდენი ხანია არ მინახია, გავიგებ როგორ არიან, _ უთხრა მურზამ. _ რამდენ ხანში მოხვალ? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ არ ვიცი, აბა როგორ გითხრა, ერთ ან ორ საათში, პური ვჭამოთ და შუადღიდან იმ ამბავზე დავიწყოთ ჩალიჩი. იქნებ ზოგი რამე ბიჭებისგანაც გავიგო. _ კარგი, წადი, მე აქ დაგელოდები, _ დაეთანხმა სპარტაკი. _ მე ხომ გამაცილებ? _ თავი წამოყო ქალმა. მურზამ გაკვირვებულმა გადახედა: _ აუხსენი რაშია საქმე, _ უთხრა სპარტაკს და წავიდა. სპარტაკი ოცდათხუთმეტამდე წლის ქალთან ჩამოჯდა ლოგინზე და ჰკითხა: _ რა გქვია? _ ლეილა, შენ? _ მე სპარტაკი. ცოტა ხნით სიჩუმემ დაისადგურა. _ მართლა კი არ იფიქრო, რომ სოფლიდან ვარ ჩამოსული, _ თქვა ოცდაათიოდე წლის ლეილამ. 106


_ სად ცხოვრობ? _ სპარტაკი უფრო ახლოს მიუჩოჩდა. _ მამიდასთან, _ უპასუხა ლეილამ, რომელიც ოცდახუთიოდე წლის იქნებოდა. _ სად მუშაობ? _ ბოტანიკურ ბაღში. სპარტაკმა თმები შეუსწორა, უცბად ელვასავით რაღაც აზრმა გაურბინა თავში და კვლავ შეეკითხა: _ სად, სად მუშაობ? _ ბოტანიკურ ბაღში, _ დაბეჯითებით გაიმეორა ლეილამ, ის აშკარად ორმოციოდე წლის ქალს მიაგავდა. _ ოლეგი გაგიგონია? _ ჰკითხა სპარტაკმა, თუმცა სანამ ლეილა პარტნიორებიდან ამ სახელს იხსენებდა, შეკითხვის უსაფუძვლობას მიხვდა და გამოასწორა, _ ვინ არის თქვენი უფროსი? _ თამაზი. _ რა ხნისაა? _ ახალგაზრდაა, უცოლო ბიჭია. _ დიდი ხანია, რაც თქვენთან მუშაობს? _ დაკითხვას ხომ არ მიწყობ?! ერთი წელია, რაც მოვიდა. _ მანამდე ვინ იყო? _ ევგენი ტარიელოვიჩი. _ ის? _ რა? _ ის რა ხნის იყო? _ ის ასაკში იყო და პენსიაზე გავიდა. _ შენ დიდი ხანი მუშაობ ბოტანიკურ ბაღში? _ ადრე ვმუშაობდი, მერე თავი გავანებე, ახლა ისევ 107


იქ ვარ. _ მივლინებაში დადიხარ ხოლმე? _ კი, რაიონებში დავდივართ. _ რესპუბლიკის გარეთ? _ იშვიათად, ადრე ვიყავი სარატოვში, ვოლგოგრადში, ახლა მოსკოვში მპირდებიან მივლინებას. _ ვოლგოგრადში რას აკეთებდი? _ მახსოვს კი?! _ მაინც? _ რაღაც კონფერენცია იყო, მე იქ რა მინდოდა?! რესტორნებში ვიგრიალე... ბაზრობიდან შმოტკები ჩამოვიტანე. სპარტაკმა სიხარულისგან ლოყაზე უჩმიტა და ლაპარაკი სასურველ თემას მოაცილა. _ თბილისში არ არის ბაზრობა? _ შენ, რა, თბილისელი არ ხარ? _ არა, ორჯონიკიძელი ვარ. _ ირონ დე? _ ირონ დენ? _ გაკვირვებით უპასუხა სპარტაკმა და გახარებულმა ოსურად გააგრძელა "დაკითხვა", თუმცა ლეილამ სულ რამდენიმე ფრაზა იცოდა. მალე ყველა შესაძლებელი ცნობა მიიღო ევგენი ტარიელის ძის შესახებ, ოცდათხუთმეტიოდე წლის ლეილა მორცხვობდა, "დაკუხტა ბახუს" _ სიცილით ეუბნებოდა სპარტაკს, როცა იგი სხვადასხვა შესაკრავის მოქმედების პრინციპით ინტერესდებოდა. მურზამ დაიგვიანა. უცხო ხალხი მოდიოდა წერტში. ხან ვის კითხულობდნენ, ხან _ ვის, დაჯდებოდნენ, 108


სიგარეტს გააბოლებდნენ, ზოგი პლანს ცრიდა, ეწეოდა და მალევე მიდიოდნენ, ორმა ბიჭმა დააყოვნა წასვლა, წამალი ჩამჩაში ხარშეს და საჭირო მასაზე დაყვანის შემდეგ ნემსი რომ გაიკეთეს, ერთერთს ლეილა მოუვიდა თვალში. შენო, თბილისის მზეთუნახავი ხარო, _ ეუბნებოდა. სპარტაკმა, იმის შიშით, რომ ნატვრისთვალი არ წაერთმია ტკბილ ენაზე მოსაუბრეს. ოსურ ლაპარაკში გაართო ლეილა. ამან მეტოქე დააბნია და რადგან მან ოსური არ იცოდა, იტალიურად დაიწყო სიყვარულის ახსნა. ამ ენაზეც რომ ვერაფერს მიაღწია, რა დონეაო, _ ჩაილაპარაკა და ხელი ჩაიქნია. ვირთხისგან შეშინებულ, სკამში გაჭედილ ამხანაგს გამოძრომაში დაეხმარა. ქსელში როგორ გაები ძმაოო, უკვირდა. შუადღით სპარტაკმა ლეილა რესტორანში დაპატიჟა. მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, მსუბუქმა შიშის გრძნობამ მოიცვა, მას არასდროს ეპყრობოდნენ ასე. რესტორნიდან მალე დაბრუნდნენ, კარი ღია დახვდათ, მაგრამ შინ არავინ იყო. მალე ჟანგიანი გამოჩნდა, თაროები გადააქოთა, ჭუჭყიანი თეფშები და ტანსაცმელი ერთმანეთში ირეოდა. სპარტაკი ვერ იცნო და ჰკითხა: _ სად გაგიცანი ძმაო? _ გუშინ, _ დაიბნა სპარტაკი, _ ჭადრაკი გეთამაშე. _ აა, _ გაახსენდა მასპინძელს, _ მაპატიე მეჩქარება, გრეგორი სად არის? მას პასუხისთვის არ მოუცდია, საჭირო ნივთი რომ იპოვა, უკანმოუხედავად გაიქცა. მოგვიანებით ნაცნობები გამოჩნდნენ. სტუდენტებს ერთი ასაკში 109


შესული კაცი მოყვა, რომელმაც სპარტაკის ნაკვთებში მოწყენილობის იერი დაიჭირა და უთხრა: _ ცოტა კარტი ხომ არ წაგვეთამაშა მეგობარო, გავმხიარულდეთ, მეტი რა შეგვრჩება ამ ცხოვრებაში. სპარტაკი, რომელიც მთელი დღე ლეილას გვერდიდან არ იცილებდა, ახლაც იმის შიშმა შეიპყრო, რომ თამაშის დროს იგი ვინმე ძველ ნაცნობს არ მიეთვისებინა და არ დაეკარგა. სიფრთხილეს თავი არა ტკივაო, _ იფიქრა და ლეილასთან ერთად დაიწყო თამაში. დანარჩენი მოთამაშეები ამან დიდად გააკვირვა, სოფიამ წამოუსტვინა კიდეც. ცოტა ხანი ისინი თვალყურს ადევნებდნენ უცნაურ შეხვედრას, სუსტი სქესის წარმომადგენელიც რომ წურავდა ბანქოს. ლეილა ბუნებით ამაყი ქალი იყო და ქულები რომ არ ჰქონდა მაინც ჩადიოდა თანხას (სპარტაკის ჯიბიდან) მოწინააღმდეგის შესაშინებლად. ასაკში შესულმა კაცმა ექვსიათასი მანეთი მოიგო და წავიდა, მეჩქარებაო, _ თქვა წასვლის წინ, _ ჩაის ლიქიორი უნდა ვიყიდო, მაღაზია კი შვიდ საათზე იკეტებაო. სპარტაკი სასიამოვნო ნობათს ახვედრებდა მურზას, ტარიელის ძის კოორდინატების ცოდნით, მაგრამ გადაწყვიტა მარცხის (უკვე მერამდენე) დასაფარავად, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, წაგებული თანხა უკან ამოეღო. დარჩენილი ოთხასი მანეთით სოფიას ზარი ეთამაშა. სოფია შარიანი მოთამაშე გამოდგა. წამდაუწუმ წამოხტებოდა და ბულგარულ-რუსულ-ქართული სათამაშო ტერმინებით ჭინჭყლობდა. ბანქოში რომ ფული წააგებინა, ლეილა თავს დამნაშავედ გრძნობდა, 110


თამაშში აღარ ერეოდა, მაგრამ ბულგარელის გამოხტომებზე სპარტაკის დასაცავად ხმას იმაღლებდა. საღამოთი მოქეიფე ხალხი მოვიდა წერტში. თხუთმეტი ბოთლი სახალისო შუშხუნა, იაფფასიანი ძეხვი და თონის პური მოიტანეს. მოთამაშეები შევიწროვდნენ, რადგან წარამარა სუფრაზე იწვევდნენ დასალევად. თამაშის დროს სმა კი, სტუდენტებმაც იცოდნენ, რომ დიდი შეცდომა იყო. არსებობს ბანგის ისეთი სახეობა, რომელსაც ბევრი მოთამაშე დაუღუპია, ბანგიანი სასმელის მიღების შემდეგ მოთამაშე შავს და წითელს ვეღარ არჩევს, საკუთარი თავის მტერი ხდება და ცდილობს რაც შეიძლება მეტი წააგოს. იგი ისეთ ახალბედა მოთამაშეს ემსგავსება, რომლისთვისაც ჯერ ბანგი არაა საჭირო... აი, ამიტომ ერიდებოდნენ სუფრას. თუმცა მიწვევაზე უარის ნამდვილ მიზეზს არ აცხადებდნენ და ზოგმა ვენერიული სენი დაიბრალა, ზოგი დედას ბიჭად იქცა და სახლში ღვინის სუნით დაბრუნების შეეშინდა. ვიღაც უცხო შეემატა სუფრას, კარებში შემოსულმა თავისი სახელი და გვარი ისროლა ხელის აწევით. წარდგენის შემდეგ ზიზღით გახედა ძეხვს და შეიცხადა: "ამას რა გაჭმევთ, ბიჭო?!", თუმცა ყველაზე დიდი ნაჭერი ამოირჩია და ყბაში გააქანა. შემოსწრებულს ღვინით სავსე მოზრდილი სასმისი მიანიჭეს. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოსო! _ რიხით შესძახა, ჯამი მოიყუდა, დაცალა და გადმოპირქვავებული თავზე დაიკაკუნა. ამ დროს ასაკში შესული კაციც გამოჩნდა ჩაის ლიქიორით. 111


სპარტაკსოფიას შეხვედრას დააცქერდა, თავი გადააქან-გადმოაქანა და სუფრას კუთხეში მიუჯდა. სპარტაკმა მოგების მაგიერ დარჩენილი ოთხასი მანეთიც წააგო და განაწყენებული მეორე ოთახში გავიდა ლეილასთან ერთად. იქ ორი თავგამოდებული სტუდენტი სიბნელეში აგორებდა ზარს, ხელი რომ არ შეეშალათ, სტუდენტებმა წყვილი მარტო დატოვეს. საწოლზე რომ დასხდნენ, ვიღაცამ წამოიყვირა. გადასაფარებლის ქვეშ სიყვარული გაეჩაღებინათ. რაღას იზამდნენ? გავიდნენ ოთახიდან. თავგამოდებულმა სტუდენტებმა ისევ სიბნელეს მიაშურეს. ბულგარელი ხარობდა, ფულებს აფრიალებდა და ჯიბიდან ჯიბეში ინაწილებდა, კიდევ სურდა თამაში. სპარტაკმა ლეილა სასეირნოდ წაიყვანა. თბილმა გაზაფხულის წვიმამ წამოწინწკლა და ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ. მურზა მოსულიყო და მოუთმენლად ელოდა სპარტაკს. _ სად დაიკარგე?! _ უსაყვედურა მან და პასუხსაც არ დაელოდა, დაამატა, _ ჩქარა, ფული მომეცი! _ ფული წავაგე, _ უპასუხა სპარტაკმა. _ ვისთან წააგე? _ შენ რა უყავი ფული? _ ძველი ვალი გავისტუმრე. ვინ მოგიგო? _ აგერ, ჩაის ლიქიორს რომ სვამს, მაგან. _ მე ახლა გავრბივარ, ეგ არსად გაუშვა, დაუჯექი და, რაც შეიძლება, მეტი დაალევინე, მოვალ და დავიბრუნებთ ფულს. მურზა შეკრებილთაგან ვიღაცას მიესალმა და გაიქცა. _ ის ამბავი გავიგე! _ მიაძახა სპარტაკმა. 112


_ რა ამბავი? _ შეჩერდა მურზა. _ რისთვისაც ჩამოვედით, ბოტანიკოსის მისამართი. _ მოიცა, რა დროს ბოტანიკაა?! დიდი თამაშები მელის, _ ხელი ჩაიქნია მურზამ, სანამ კარს გაიხურავდა, კიდევ ერთხელ მოტრიალდა და ჰკითხა: _ როგორ გაიგე? _ მოხვალ და გეტყვი. _ კარგი, ორ საათში მოვალ. ორ საათში ჟანგიანი მოვიდა, სპარტაკს მურზას დანაბარები გადასცა, რომ არსად წასულიყო, დალოდებოდა. ლეილას სახლში წასვლა მოუნდა და სპარტაკმა ხვალისთვის დაუთქვა შეხვედრა. თვითონ მოთამაშეს გვერდიდან არ ცილდებოდა და ლიქიორით სავსე ჭიქაზე შუშხუნით სავსე სასმისს უკაკუნებდა. _ შენ კარგი კაცი ყოფილხარ, _ ეუბნებოდა ასაკში შესული, _ ახლა სულ სხვანაირად უნდა გეთამაშო. მოგვიანებით სუფრას კიდევ ერთი წევრი შეემატა. მის ტანს საჭადრაკო მხედრის მოყვანილობა ჰქონდა. ერთი ჭიქა რომ დალია, სიარულიც იმავე ფიგურისა გაუხდა: ორი ნაბიჯი წინ, ერთი მარჯვნივ, ორი წინ, ერთი მარცხნივ, _ ასე გავიდა საჭირო ოთახში. _ ხუთი წელი, _ ეუბნებოდა სპარტაკს იგი, სუფრა რომ აიშალა, _ ხუთი წელი გავიდა, რაც ჭადრაკისთვის ხელი არ მიხლია. სპარტაკს სასმელი მოეკიდა და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა: მოთამაშეს რომ უთხრა, ჩემი ამხანაგი მალე მოვა და იმას ეთამაშეო, ბოთლში ჩარჩენილი ჩაის ლიქიორიანად დაკარგა. "მხედარს" 113


კი უფულოდ დაუჯდა ჭადრაკის სათამაშოდ და ვერ ამჩნევდა მის ოსტატობას, ხელის უსწრაფესი მოძრაობით რომ გაამწკრივა ფიგურები დაფაზე, კი არ ალაგებდა, თითქოს გაწვრთნილი ყავდა, ჰაერში შეისროდა და ისინი თვითონ პოულობდნენ ადგილს. ასმანეთიანი პარტია დაიწყეს. "მხედარი" ხშირად იმეორებდა, რომ ხუთი წელი საჭადრაკო დაფას მხოლოდ ტაქსის კარებზე ხედავდა. მურზამ ენდშპილში მიუსწრო პარტიას. დაფაზე დარჩენილი ფიგურები დათვალა, მიხვდა უპირატესობა ვის მხარეზეც იყო და ასეთი სიტყვა ჩააგდო: _ მე ჭადრაკის თამაში არ მინდა, მაგრამ როგორც ნეიტრალური მოთამაშე, ერთ პირობას შემოგთავაზებთ. _ ძმაო, ამ პარტიას დავამთავრებთ და მერე ვილაპარაკოთ, _ უთხრა "მხედარმა". _ არა, აქ ძალიან საინტერესო პოზიციაა, ვდებ ხუთას მანეთს. "მხედარი" შეფიქრიანდა და პოზიციას ორმაგად ჩაუკვირდა. _ რა პირობაა? _ ჩაიხვიხვინა მან. _ თუ ახლა თეთრები მოიგებენ ... რა გქვია ძმაო? _ სპარტაკი. _ თუ სპარტაკი მოიგებს ხუთას მანეთს ვაძლევ! თუ ადგილებს გაცვლით და ... რა გქვია ძმაო? _ გარიკა. _ ... და გარიკა მოიგებს, ვაძლევ აგრეთვე ხუთას მანეთს, თუ არც პირველი ვარიანტი გამართლდა და არც მეორე, თქვენ მაძლევთ ორასორმოცდაათ 114


მანეთს. მურზამ წყალი აამღვრია და შედეგიანადაც. გარიკა პოზიციას სამმაგად ჩაუკვირდა. მურზამ ბოლთის ცემის დროს მოკარტავეებს ჩამოუარა, გადახედა რა თანხებს გადიოდნენ, ლოდინი მობეზრდა და სპარტაკს ჰკითხა: _ რამდენს აგებ? _ ას მანეთს. _ მურზას ჩაეცინა, ხელი ჩაიქნია და გარიკას უთხრა. _ აიღე ასი მანეთი და წადი, სახლში იფიქრე. _ ვინ ხარ და როგორ მელეპარაკები?! _ აღშფოთდა გარიკა. _ რა ამბავია?! _ ბანქო მიატოვა და ჩაერია მურზას ნაცნობი. _ ასი მანეთი მომეცი, _ სთხოვა მურზამ და რომ გამოართვა, გარიკას დაუგდო დაფაზე. _ შენთვის ხომ არ მომიგია, ამ კაცს მოვუგე?! _ გადადო ასმანეთიანი გარიკამ, _ საერთოდ, ვინ გკითხავს, ცხვირს რომ ყოფ სხვის საქმეში?! _ აიღე ფული და აითესე, თორემ დაგიშვი თავში! _ ბოთლი მოუღერა მურზას ნაცნობმა. გარიკამ ფული ჯიბეში ჩაიდო და მხედრის სვლის მაგივრად ახლა ლაზიერივით გაიჭრა გარეთ. _ რას ერჩით? _ იკითხა ჟანგიანმა, მაგრამ პასუხისთვის არ მოუცდია, არ უნდოდა დაეჭვებულიყვნენ მისი მოგზავნილი რომ იყო მოჭადრაკე. სპარტაკი და მურზა ბნელ ოთახში გავიდნენ. _ რა გაიგე? მომიყევი. _ ეგ ქალი ბოტანიკურ ბაღში მუშაობს, 115


ვოლგოგრადშიც ყოფილან კონფერენციაზე, ყველაფერი ემთხვევა, ახლა ძველი დირექტორი პენსიაზეა, სახლის მისამართი გავიგე, ლეილა სახლში წავიდა, ხვალ მოვა. _ მართლა? _ სიხარულით შესძახა მურზამ. _ ჰო. _ ლეილა რაღად გვინდა?!.. თუმცა, დაგვჭირდება. _ ფული რომელმაც მომიგო, როგორღაც გამეპარა, ცოტა ბულგარელთანაც წავაგე ზარში. _ მაგას ზარი როგორ ეთამაშე?! თვალები დუიაქივით გაურბის, კაპიკს ვერ გააგდებინებ. _ შენ რაღა დაგემართა? _ მოიცა, მოგიყვე, რომ გითხრა არ დამიჯერებ, საჭმლის ფულიც აღარ დამრჩა... სპარტაკ, კაცი მომიყვანეს, ჩემი კარტით ვეთამაშე. ერთი ზედმეტი მანეთი არ ჩამოსულა, მე ხომ კარტს ვკითხულობდი, ვერ მივხვდი, რომ ისიც კითხულობდა. ფრთხილად თამაშობდა, თან ასეთი გაკეთებული კარტით თბილისში არც მითამაშია, რომ ვინმეს დაეხსომებინა და ესწავლებინა. მთელი ფული წავაგე და აქეთ რომ მოვდიოდი ტაქსის მძღოლმა მითხრა, _ ჰიპნოტიზიორი მოთამაშე გაჩნდა ქალაქში, ხალხს ატყავებსო. მაშინვე უკანვე მივაბრუნებინე მანქანა, მაგრამ ვეღარ მივუსწარი, წასულიყო. ჩემ ამხანაგებსაც გაგონილი ჰქონიათ, მაგრამ სახეზე არ ცნობდნენ და ვერ მიხვდნენ _ მას რომ ვეთამაშებოდი. ახლა ცდები უნდა ჩავატარო. სამი კარტი დაიჭირე და თუ გამოვიცნობ, რა კარტი გაქვს. ეს ყველაფერს უხურავს, ჰიპნოზი უნდა ვისწავლო. მურზასთვის ტელეპატია უცხო მეცნიერება იყო და 116


არ იცოდა, რომ მართლაც შეიძლებოდა ასეთი თვისებების შეძენა, სწავლა (თუმცა ამისათვის მოთმინება მაინც არ ეყოფოდა). ცდებმა უშედეგოდ ჩაიარეს, პირველ ცდაზე ერთი კარტი გამოიცნო და გამხიარულდა, მაგრამ დანარჩენმა ცდებმა რომ ამ გამოცნობის შემთხვევითობა დაადასტურეს, სინანულით ამოიოხრა და თავის ბედს, ჩვეული რთული გზებით მოგების ძიებას შეურიგდა. იმ ღამით მურზამ სამასი მანეთი მოიგო. ასი ძველ ნაცნობს დაუბრუნა. ევგენი ტარიელის ძის რესტორანში დაპატიჟებას აპირებდნენ. გამთენიისას სპარტაკი და მურზა იქვე დაწვნენ, სადაც წინა ღამეს, ახლა წვიმა ჩამოდიოდა და ციოდა. ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს მთაწმინდის ფერდობზე კერძო სახლი და მიწის პატარა ნაკვეთი ჰქონდა. თავის პროფესიას არ ღალატობდა მარტოხელა ბოტანიკოსი, ბოსტანში ათასი ჯურის ჰიბრიდი ღვივდებოდა მიწაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩაფლული თესლიდან. ეს გაზაფხული კარგს პირდებოდა მიწათმოქმედებს, ტარიელის ძე შარშანდელ ცდებს აუმჯობესებდა, იმ შეცდომებს ასწორებდა, პრაქტიკამ რომ დაანახვა. მხოლოდ ერთი, ერთი შეცდომა ვერ გამოსწორდებოდა ვერანაირად, წლების წინ ვოლგოგრადში დაშვებული შეცდომა, სამი მეფით სამ ტუზს რომ შეეჭიდა. ამიტომ გამოსწორების მცდელობის ნაცვლად ეს შეცდომა უბრალოდ დავიწყებას იყო მიცემული. კოპეიკინის ბაღში მოსული კიტრის გემო მხოლოდ ძილის დროს თუ ახსენდებოდა ტარიელის ძეს. _ ჩვენ სტუდენტები ვართ, თუ ცოტაოდენი დრო 117


გაქვთ, გვიამბეთ რამე თქვენი პრაქტიკიდან, _ სთხოვა ორმა ახალგაზრდამ სპორტული ფორმით კარში გამოსულს. პენსიონერს ყოველთვის აქვს დრო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მოყოლას ეხება. რესტორანში წაყოლაზე უარი უთხრა და შინ შეიპატიჟა ბიჭები. სტუდენტებს განსაკუთრებით მოძმე რესპუბლიკებთან ურთიერთობა-თანამშრომლობა და შუა ვოლგისპირეთის მცენარეული საფარი აინტერესებდათ. ყოფილი დირექტორის ნაამბობი შემთხვევები კოპეიკინის ეზოში მოფუსფუსე ოლეგს ისე უვლიდა გვერდს, როგორც წვრილი თევზების გუნდი _ უეშმაკო სატყუარას. მურზამ ვეღარ მოითმინა და შეახსენა: _ კოპეიკინების ოჯახში პური გიჭამიათ, ბატონო ევგენი! ყოფილი დირექტორი შედრკა, არ მოელოდა. _ ოლეგიც ნუ დაგავიწყდებათ, ფულის დარდმა გადაიყოლა საწყალი! _ დაამატა მურზამ. _ არაფერი მესმის! _ გაიკვირვა ევგენიმ, _ მე რა შუაში ვარ?! _ შუაში კი არა, თავში ხარ, წამოდი და ამოგვითხარე ბოსტანში ჩამარხული ფულები! _ რა ფულები, საიდან ფულები?! _ ბანქოს ვალი ღირსების ვალია! _ არავითარი ვალი მე არ მაქვს! _ შენი მოკლულია ოლეგი, შენი, ან შენი მიგზავნილისა, რამდენი გადაუხადე საინტერესოა, თქვი, ათასი? ათიათასი? ასიათასი? თუ თანხის ნახევარი? 118


მურზა მრისხანდებოდა, ჩვეულებრივმა ერთფეროვანმა სამუშაომ ამჯერად მოულოდნელი შედეგი გამოიღო. პენსიონერი გაფითრდა და საზურგეს გადააწვა უმოძრაოდ. რა იყო ეს: მძიმე წარსულის ერთბაშად მოზღვავება და გულზე დაწოლა, თუ უმაღლესი აქტიორული ნიჭის გამოვლენა, ფიქრის დრო არ ჰქონდა მურზას. _ წავიდეთ, ეს მაინც არაფერს მოგვცემს, _ უთხრა ნაუცბათევად სპარტაკს და პირველი თვითონ გავიდა ოთახიდან. _ რამე ხომ არ დაემართა? _ ჰკითხა სპარტაკმა სახლიდან რომ გამოვიდნენ. _ რა თქვი? _ თითქოს არ უსმენდა, შეეკითხა მურზა, _ მოხუცია, ვერ გაიგებ მაგისას. (ერთი წლის მერე მურზა მარტო ავა მთაწმინდის ფერდობზე. სახლის ეზოდან ბავშვების ჟრიამულს გაიგონებს, ბებია გაუღებს კარს. ევგენი ცოცხლებში აღარ ეწერა, სახლში სხვა ოჯახი დასახლებულიყო.) ბიჭები წერტში საღამოთი დაბრუნდნენ, ვიღაცას მაწანწალა ძაღლი დაება ბაწრით საწოლის ფეხზე, ბაწარი კისერზე უჭერდა და ცოტაც რომ დაეგვიანათ გამოხსნა, დაიხრჩობოდა. ძაღლმა კუდი ამოიძუა და ხმაამოუღებლად გავიდა. უცნაური სიჩუმე იდგა გარყვნილების ბუდეში. _ დაიკარგა თანხა! _ წარმოთქვა სპარტაკმა. მურზას უსაქმოდ ყოფნისგან სასო რომ არ წარკვეთოდა, სპარტაკს ახალი თამაში ასწავლა ბანქოთი. ერთი საათი გავიდა, რაც არავინ გამოჩენილა. მურზამ წასვლა დააპირა, ამ დროს ლეილამ შემოანათა ოთახში. 119


_ ლეილას გაუმარჯოს! _ გაიხარა მურზამ, _ ტალახია სოფელში? როდის ჩამოხვედი? _ რას გადამეკიდე, კაცო?! _ აღშფოთდა იგი. _ მურზა საპირფარეშოში გავიდა, იქიდან სპარტაკი იხმო და უთხრა, როგორმე თავიდან მოეშორებინა ქალი. საპირფარეშოდან გამოსულს ლეილა აღარ დახვდა. _ რამე ხომ არ იეჭვა? _ ჰკითხა სპარტაკს. _ არა, _ უპასუხა მან. _ ხალხი სადღა დაიკარგა, რამდენი ხანი უნდა ველოდო? წავიდეთ, ერთ ადგილზე წაგიყვან. _ მე მივხვდი, როგორ უნდა ეთამაშო ტელეპატს, _ შეაჩერა სპარტაკმა. _ იმას ჩემი მტერი ეთამაშა! _ ჩაეცინა მურზას, თან ძალიან დაინტერესდა, რას შესთავაზებდა არაპროფესიონალი. _ მოიცა, მისმინე, ის ხომ მაშინ იცნობს შენ კარტს, როცა ჩითავ? ის შენ აზრს კითხულობს. კარტი რომ არ გაჩითო საიდან მიხვდება რა გყავს?! _ შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე კარტი რომ არ გავჩითო, მაინც ვიცი რა მყავს და ჩემ აზრს მაინც წაიკითხავს. _ შენც ნუღარ დახედავ კარტს ზემოდან. თამაშის დროს კი სამი დაბალი კარტი დამალე ხელში და მათ უყურე. ეგრე შეცდომას დაუშვებს. _ ოო, ეგ აზრია, _ ჩაფიქრდა მურზა, _ მერე, ჯიგარო, კარტი რომ გავხსნა და ნაკლები ქულა აღმომაჩნდეს?! _ იმის კარტი ხომ გეცოდინება?! როცა დაბალი ქულა ექნება მაშინ აწიე ფოსტები. მურზა კიდევ ჩაფიქრდა, მერე გახარებული წამოხტა, 120


თავში ხელი შემოიკრა, _ ეგ როგორ ვერ მოვიფიქრეო, _ თქვა და განუყრელი ჩანთიდან უსარგებლო ნივთების ამოლაგების შემდეგ სახლიდან გავიდნენ. "ჯერ ადრეა ირო-რე-რე", _ მოუთმენლად აფრთხილებდა თავს მურზა. ტაქსს რომ ელოდებოდნენ ჩქარი ნაბიჯით წერტისკენ მიმავალი ორი ნაცნობი შენიშნეს. მურზა ქუჩაზე გადავიდა და ჰკითხა, რა იყო ხალხის გაქრობის მიზეზი? მათ უპასუხეს, რომ ყველა მილიციაში წაიყვანეს დაკითხვაზე, რომ ისინი ჟანგიანმა გამოგზავნა წერტში სხვადასხვა ფაქტების აღმოსაფხვრელად. _ დაიკეტა წერტი, ჩვენი სიგარეტებიც დაიკარგა, ყველა მილიციას აუყვანია, _ უთხრა მურზამ სპარტაკს ქუჩაზე რომ გადმოვიდა. _ მივიდეთ, წამოვიღოთ. _ გვიანაა, ბეწვზე ვართ გადარჩენილები. მართლაც, მურზას სიტყვების დამადასტურებლად ჭიშკართან მილიციის მანქანა გაჩერდა. ოთხი ფორმიანი გადმოვიდა და მალე ხელებამობრუნებული ორი წარგზავნილი გამოიყვანეს სახლიდან. ორმა ჩხრეკა განაგრძო. მალე ტაქსი გამოჩნდა, ბიჭები ჩასხდნენ და საეჭვო წერტისკენ მეტად აღარ გაუხედიათ. (მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მურზა მარტო გაივლის ციხიდან ახალ გამოსულ ჟანგიანთან. აქეთურიქითურს გაიხსენებენ. იმ საწოლს დაათვალიერებს, სპარტაკთან ერთად რომ ეძინა, მკბენარს იპოვის და ჟანგიანს უჩვენებს, რომელიც არხეინად მიუგებს: _ იყვნენ, რას გიშავებენ?! არაფერს არ ვნებს ადამიანს, იყოს ოჯახში ფაუნა...) 121


ტაქსშივე შეიტყვეს მკბენარი რომ აიკიდეს გარყვნილების ბუდიდან. _ ხომ არ გექავება? _ ჰკითხა პირველმა მურზამ, ის ამ საქმეებში გამოცდილი იყო. _ მექავება, _ უპასუხა სპარტაკმა, _ შენც? _ მგონი რაღაც ავიკიდეთ ჟანგიანთან. ტაქსის მძღოლმა გინება გამოსცრა კბილებში, მანქანა მარჯვენა ზონაში გადაიყვანა და გააჩერა. _ აბა, დატოვეთ მანქანა! _ უბრძანა მგზავრებს. _ ვხუმრობთ, ბიძაჩემო, _ უთხრა სიცილით მურზამ, თან ფხანა არ შეუწყვეტია. _ გაეთრიეთ მეთქი! _ დიხლოფოსს მიისხამ, ნუ გეშინია, ან ბენზინი და იმისი ჯანი, _ იხუმრა მურზამ. სპარტაკი გადავიდა და კარები მიაჯახა. მძღოლმა სავარძლის ჯიბეში რაღაცის ძებნა დაიწყო. _ ცოტა ბენზინი ჩამოგვისხი, _ ხუმრობას აგრძელებდა მურზა, მაგრამ მძღოლის ხელში დანა დაინახა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. სხვა მძღოლთან იშოვეს ბენზინი, ჩაბნელებულ სადარბაზოში შევიდნენ, ასანთის შუქზე დაითვალიერეს ტანი და მკბენარი აღმოაჩინეს, ცხვირსახოცი ბენზინში ჩაასველეს და მკბენარმოდებულ ადგილზე წაისვეს. მურზა სიმწრისგან დახტოდა, თან სიცილით იჭაჭებოდა და სპარტაკს ამხნევებდა, რომელიც არანაკლებ შეეწუხებინა ბენზინს. პირველ სართულზე კარი გაიღო და კიბეებზე მამაკაცის ფიგურა გამოჩნდა. რამე უფრო ცუდი რომ არ ეფიქრათ მათზე კედლისკენ იბრუნეს პირი, 122


თუმცა კიბიდან ჩამოსულმა მურზას მაინც მოჰკრა თვალი და სიხარულით შესძახა: _ მურზა, საიდან-სადაო?! _ ოო, ძმაო, _ ხმაზე იცნო მურზამ ძველი ამხანაგი და მორიდებულად შორიდან ჩამოართვა ხელი. გოგიმ მაინც იგრძნო ბენზინის სუნი, მაგრამ არაფერი უთქვამს, სახლში შეიპატიჟა. სტუმრები დედას გააცნო. ქალმა, ნაშრომს რომ თარგმნიდა იაპონური ლექსიკონის გამოყენებით, სამუშაო გვერდით გადადო და სამზარეულოში გავიდა სტუმრების ტკბილეულით გასამასპინძლებლად. გოგის უფროსი და ფორტეპიანოზე მოცარტს ასრულებდა. მურზას მუსიკის გაგონებაზე ისეთი გამომეტყველება მიეცა, თითქოს ლიმონის დიდი ნაჭერი დებოდა პირში. _ მანქანა გაგვიფუჭდა, ვაკეთებდით და სულ ბენზინით ვართ ამოთხვრილები, _ უადგილოდ თქვა მან. გოგომ ტაქტი ბოლომდე მიიყვანა, დაკვრა შეწყვიტა და ძმას შენიშვნა მისცა: _ რა მოგდის გოგი?! გაიყვანე აბაზანაში, ხელები დააბანინე სტუმრებს. გოგი სტუმრებს აბაზანისკენ გაუძღვა, პირსახოცი შეაწოდა და სანამ ისინი დახოცილ თუ დარეტიანებულ მკბენარს გაიცლიდნენ, დასთან ერთად ოთხ ხელში პრელუდია შეასრულა. _ აქ სად მოვხვდით?! _ იცინოდა აბაზანაში მურზა და ცდილობდა მკბენარი უნიტაზისთვის არ აეცილებინა. _ სკამზე არ დაჯდე, თორემ შეიძლება დავტოვოთ და მოგვეჭრება თავი, _ ეუბნებოდა სპარტაკი. 123


მას უფრო მრავლად ყავდა პარაზიტი მწერი და ძალიან რომ შეაგვიანდათ, მურზამ ურჩია: ცოტა საჯიშედ დაეტოვებინა. დიასახლისმა ხილეული შეიტანა სასტუმრო ოთახში, გოგი ანეგდოტს მოყვა, გოგის დამ სპარტაკს შესჩივლა: _ ღმერთო ჩემო, რატომ გაჩუმებულხართ?! და სპარტაკმაც ანეგდოტი მოყვა, მურზა ყურებს არ უჯერებდა, ანეგდოტის შინაარსი ასეთი იყო: როცა ქუჩაში ტრამვაი გაივლის ოთახში კარადის კარები ჭრიალებს, დიასახლისი ოსტატს გამოუძახებს, ოსტატი ბევრს უტრიალებს კარადას, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გაიგებს, იტყვის, შიგნით უნდა შევიდე, რომ ვნახო რა ჭრიალებსო. იგი შევა და ელოდება როდის გაივლის ტრამვაი. ამ დროს სამუშაოდან ბრუნდება ქმარი, აღებს კარადას და თავზარდაცემული უცხო კაცს ეკითხება: _ რას აკეთებ აქ?! _ ტრამვაის ველოდები, _ პასუხობს ოსტატი. ანეგდოტი ქალებს მოეწონათ, გოგომ ტაში შემოსცხო. _ სპარტაკი პიანინოზეც უკრავს, _ თქვა მურზამ. სპარტაკს გაუკვირდა, საიდან იცოდა მურზამ ამის შესახებ. მოიბოდიშა, რომ დიდი ხანი გასულიყო, რაც ფორტეპიანოს არ გაკარებოდა, მაგრამ დედა-შვილს დაჟინებულ თხოვნაზე უარი ვეღარ უთხრა. "მთვარის სონატის" პირველი ნაწილი შეასრულა. შემდეგ და-ძმამ დაუკრა ოთხ ხელში. მურზა ლიმონს ღეჭავდა. აზარტულ თამაშებს ამ წმინდა ოჯახშიც შეეღწია. გოგიმ "ჯენერალი" ასწავლა სტუმრებს. დედა 124


იაპონურიდან თარგმნას დაუბრუნდა. ახალგაზრდები ექვს კამათელს აგორებდნენ ჭიქიდან და ქულებს ითვლიდნენ. მალე ოჯახის უფროსი მოვიდა სახლში. ცოლს და გოგოს ყვავილები მიართვა, სტუმრებს მიესალმა და აღშფოთდა, ეს რა ღარიბული სუფრა გქონიათო. მურზამ მოიბოდიშა, რომ ეჩქარებოდათ და უნდა წასულიყვნენ. გოგი მათთან ერთად გამოვიდა სახლიდან. _ საით მიდიხართ, მურზა? _ ჰკითხა მან. _ მანქანას უნდა მივხედოთ. _ მაპატიეთ, ვერ დაგეხმარებით, პაემანზე მაგვიანდება, ყვავილებიც საყიდელი მაქვს. _ კარგად იყავი! _ დაემშვიდობნენ ბიჭები და ტაქსის გასაჩერებლად გზაჯვარედინისკენ წავიდნენ. _ გოგიმ დამაჩვია ყვავილების ყიდვას, _ თქვა მურზამ. _ თამაშობს? _ ჰკითხა სპარტაკმა. მურზას პასუხად ჩაეცინა. _ პროფესიონალია? _ არიან ინტელექტუალური მოთამაშეები, მაგრამ გოგი მათ რიცხვს არ ეკუთვნის. ერთხელ კინაღამ ჩაითრიეს თამაშში, მე გადავარჩინე. კაცმა სამხატვრო აკადემია დაამთავრა, სტუდენტობის დროს ყვავილებით დამარბენინებდა ხოლმე თანაკურსელ გოგოებთან. ამ დროს თეთრმა "ჟიგულმა" გაუჩერა მათ და ტელეპატის საძებნელად გაეშურნენ. ტელეპატი დიდად დაკავებული აღმოჩნდა, ბანქოს თამაშთან ერთად მასიურ ჰიპნოზს ატარებდა. 125


დამსწრეთ ეჩვენებოდათ, რომ ოთახში ფორმიანი მილიციელები დადიოდნენ, ერთმანეთს სალამს აძლევდნენ, მაგიდასთან ჩერდებოდნენ და თამაშს თვალყურს ადევნებდნენ. მურზამ ორიათასი მანეთი ისესხა და თამაშში ჩაერთო. მალე სხვები შემოეცალნენ და ტელეპატთან პირისპირ დარჩა. სპარტაკთან მოლაპარაკებული ხერხებით ატყუებდა მოწინააღმდეგეს, მაგრამ ორგანოს მუშაკების მოჩვენებები ბორკავდნენ და თამამად ვერ ჩადიოდა თანხებს. დროთა განმავლობაში შეეჩვია ამ ხალხს, დაუკითხავად ცხვირს რომ უყოფდნენ ბანქოში, თან, ალბათ, ტელეპატზე ხშირმა მარცხმა ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა, მოჩვენებათა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ამ დროს თბილისის სხვადასხვა უბანში ტელეფონის ზარი წკრიალებდა, "ტელეპატს მურზა გუდავს" _ ვრცელდებოდა ინფორმაცია უბნის ბირჟაზე თუ თამაშის კერებში... აზრებით დიალოგისას მურზას თავგასულობამ უმაღლეს წერტილს რომ მიაღწია, მას ერთი მოჩვენება _ მილიციელი მიუახლოვდა, რომელმაც სპეციფიკური ტონით ჰკითხა: _ პასპორტი თან გაქვს? მურზამ ხელი აიქნია აჩრდილის მოსაცილებლად, მაგრამ მილიციელი არ ქრებოდა. _ ადექი და შენი ნებით გამომყევი ორგანოში? _ მყარი ხმით უბრძანა მოჩვენებამ, ისეთი მყარი ხმით, რომ მურზას ეჭვი შეეპარა: ხომ არ მეჩვენება, რომ მოჩვენებასთან მაქვს საქმეო. 126


მყის განთავისუფლდა აფიორის უსაზღვრო ლაბირინთიდან, თამაშის დროს რომ ქსოვდა და ყოველი შემთხვევისთვის პასპორტი გაუწოდა მოჩვენებას. მან ხელის ბუნებრივი მოძრაობით ჩამოართვა და გადაფურცლა, ასეთივე, ნამდვილი ადამიანისთვის დამახასიათებელი მზერით შეადარა პასპორტში ჩაკრული სურათი მურზას. _ იქ გავარკვევთ, როგორი "კონდრატიუკი" ხარ. ვერავითარი მოჩვენება ვერ აითვისებდა ამ წინადადების ჟღერადობას და ინტონაციას. მურზა ხუმრობის გუნებაზე აღარ იდგა, კარებამდე მოკლე გზას ზომავდა. _ შენც წამოდი დოყლაპიავ! _ უთხრა მილიციონერმა ტელეპატს. ტელეპატი მიმართვამ ისე აღაშფოთა, რომ ჩაფიქრებული ოპერაცია გადაავიწყდა და მილიციელის სახება გააქრო. მურზა ყველაფერს მიხვდა, ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, თითქოს "ბეშის" საპასუხოდ "შაში" გაეგორებინოს. ტელეპატს შეხედა და გიჟური ხარხარი აუვარდა. ჩაქრა მოწინააღმდეგეში ფენომენი. ის ახლა უბრალო, აზარტს მოკლებული მოთამაშე იყო. მურზამ სახელოში დამალული ბანქო მოიცილა და "ირო-რე-რე"_ს შეძახილებით გააგრძელა თამაში. ტელეპატს კოზირმა რომ არ გაუჭრა და მერე საერთოდ დაკარგა, ცოტაღა ითამაშა. სანამ გაკვირვებული მარცხზე ფიქრობდა, წაგებულმა სწრაფად იმატა, ამიტომ ჯადოსნური ჯოხი, ბიოსადენები, ბრჭყვიალა სფერო და სხვა 127


ხელსაწყოები დიპლომატში ჩააწყო. მომცრო მაგნიტოფონი, სადაც ჰიპნოზისთვის აუცილებელი ფონოგრამა იყო ჩაწერილი, უხეშად გამორთო დენიდან, ამოიიღლიავა და უხმოდ დატოვა სარბიელი. ჩამორჩენილი მოჩვენებები, მათ შორის სახელმწიფო სახაზინო ბილეთების ოცდახუთ, ორმოცდაათ და ასმანეთიანი კუპიურები მთელი საათის განმავლობაში ტოვებდნენ სარბიელს. _ ვაი! _ თავში ხელი შემოიკრა მურზამ როცა ბოლო მოგებული ათმანეთიანიც გაუქრა ხელში, _ რას აღარ ნახავს კაცი, ყველა სასწაული მე როგორ უნდა გადამხდეს?! ვაი! მოდი, ძმაო, ხელი შემახე, მეც მოჩვენება ხომ არ ვარ?! მურზამ ორი ათასი მანეთი დაუბრუნა მოთამაშეებს, რომლებიც ვერ მიხვედრილიყვნენ მხიარულების მიზეზს. _ სად მოვხვდით, სპარტაკ! _ უთხრა გასამხნევებლად ქუჩაში რომ გამოვიდნენ. _ თბილისში ძნელია ფულის მოგება. _ მართალია, აქ ყველა თამაშობს, ტექნიკაც მაღალ დონეზეა. _ ტექნიკა რა შუაშია? _ მაგიდებს აკეთებენ სარკეებით, გადამცემებს აწყობენ, ტელეკამერებს დგამენ ოთახში. ნებისმიერ ინსტიტუტში მიეცი შეკვეთა ლაბორატორიაში და ტელეკამერას აგიწყობენ, თუ გინდა ოთხმოცდაათგრადუსიანი ხედვით, თუ გინდა ასოთხმოცგრადუსიანს გააკეთებენ, ხალხი აზროვნებს... _ მაშ გავაკეთებინოთ და თან წავიღოთ, იქ უცხო 128


ხილი იქნება. _ ეგ კი არა, _ აგრძელებდა მურზა, _ რაღაც სითხე გამოიგონეს, კარტს ქვემოდან წაუსვამ და ყველა კარტზე სხვადასხვა ხმით რეაგირებს აპარატი, იმ სითხეს ვიშოვიდი, იზოტოპებს ეძახიან, მაგრამ სმენა არ მაქვს. ეგ კი არა, თეთრი მაგნიტი მაქვს საშოვნელი, ხომ იცი თეთრი მაგნიტი როგორია? ერთი მეტრიდან მოქმედებს კამათელზე. _ მაგნიტს რელე არ ჯობია? _ მაგხელა ძალის რელეს ხმა აქვს, ბზუილი გაუდის. ისე, სუსტი რელე ჯობია ჩვეულებრივ მაგნიტს... თეთრი, თეთრი მაგნიტი უნდა ვიშოვოთ, ოცდაათჯერ ძლიერია ჩვეულებრივზე... ფული რამდენი დაგვრჩა? დავთვალოთ... ასოცდახუთი მანეთი გადათვალეს. აეროპორტის სალაროები ვოლგოგრადის უახლოეს რეისზე ბილეთებს არ იძლეოდნენ. ოთხიდან რვა საათამდე მოსაცდელ დარბაზში ეძინათ. დილით აეროპორტის მახლობლად მდებარე სახინკლეში შევიდნენ და მთელი დღე ლუდს სვამდნენ. ვოლგოგრადის რეისის ბილეთების რეგისტრაცია რომ მოახლოვდა, სექციასთან მივიდნენ და დაელოდნენ, იქნებ ვინმე გასაფრენად არ გამოცხადებულიყო. ბედზე აეროფლოტის მუშაკს საშუალება მიეცა გაემგზავრებინა სწავლას მოწყურებული სტუდენტები, გამოცდაზე რომ აგვიანდებოდათ, ფიზიკურად დაეკავშირებინა ვოლგოგრადში გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავისათვის. ვოლგოგრადში ჩვეული სიცივე დახვდათ ხელმოცარულ დაბრუნებულთ, ისეთივე სველი 129


ასფალტი, გაძარცვული ხეები და არაფრისმთქმელი შენობები ელოდნენ. მაგრამ დღე-დღეზე ფული უნდა აეღოთ და იმედიანად გაეშურნენ რესტორანში. რესტორანთან გოგოები სიგარეტს აბოლებდნენ და მათ თვალს არ აცილებდნენ. სპარტაკი მიუახლოვდა. _ შემოგვიერთდით, საღამო ერთად გავატაროთ, _ უთხრა მოულოდნელად ზურგშექცეულებს. _ საღამო! _ ირონიულად და მრავლისმთქმელად ჩაიცინა ერთმა, რომელსაც შემდეგ საუბარში მონაწილეობა არ მიუღია (ეტყობოდა დაქალის ყოველ ფრაზას იზიარებდა). _ მერე სხვა რამეც მოგინდებათ, _ დაამატა მეორემ. _ მარტო ხომ არ შევალთ რესტორანში?! _ უთხრა სპარტაკმა. _ ცოტაა გოგოები?! _ თქვენსავით ლამაზი არავინაა. _ ჩვენ სხვანაირად ვართ აღზრდილები. _ კაცი რომ გელაპარაკებათ და ზურგშექცეული დგეხართ, ეგ ვიღამ გასწავლათ? _ ჰკითხა მოახლოვებულმა მურზამ. გოგოები მათგან ასოთხმოც გრადუსზე უფრო მეტად მიტრიალდნენ, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს. _ სად მუშაობთ? _ დაინტერესდა მურზა. _ ვოლგოგრადსაქაჩში, _ იყო მტკიცე პასუხი, _ თითქოს ვაგზლის რეპროდუქტორი აცხადებდა. მურზამ სიცილით თავში ხელი შემოირტყა. გოგოები გაიქცნენ. _ მტკიცე გოგოები არიან, _ თქვა მურზამ, _ ახლა რესტორანში შევიდეთ და მაიონეზიანი სალათი შევჭამოთ, ან კვერცხი მაიონეზქვეშ. 130


სანამ რესტორანში შევიდოდნენ იქვე ჰოლში სიგარეტი გააბოლეს. _ ხან, რაღაცა არ გემართება _ ხოლმე? _ ჰკითხა მურზამ. _ რა მხრივ? _ სახლში ყოფნა მენატრება. აბა, რა ჯობია სოფელში, სახლში, აგიზგიზებულ ბუხართან ტაბლას რომ უზიხარ და დედა კეცებზე მჭადს აცხობს, ნიორწყალში ჩადებულ შემწვარ ქათამსაც მალე შემოიტანს. _ მშობლიურ ბუდეს არაფერი ჯობია... ბიჭებს ერთი წვერებიანი კაცი უსმენდა ყურადღებით, მურზამ კერძების ჩამოთვლა რომ გააგრძელა, ვეღარ მოითმინა და შეაწყვეტინა: _ როგორ, კუჭიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?! მურზას არ ეგონა, ახლომახლო ვინმეს თუ ესმოდა მათი ქართული ლაპარაკი. _ რა გინდა, ძმაო? _ ჰკითხა უცნობს. _ საჭმელების მეტი არაფერი გაკავშირებს შენ სამშობლოს?! _ ჯერ გაიგე, რაზეა ლაპარაკი! მივხვდით, რომ მამულიშვილი ხარ, _ მიუგო მურზამ. _ მე თვრამეტი წელი ვოლგოგრადში ვცხოვრობ და ყველაფერი კარგად მესმის. _ შენ რა გაკავშირებს საქართველოსთან? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ მე ხომ ამდენი ხანი აქ ვარ ... ენა მაკავშირებს და, მარტო ენა კი არა, როგორ გითხრა?... აი, მე, ისე მიყვარს საქართველო... აი, ქართულ პესნიას რომ ვუსმენ, ხუთწუთიანი სიმღერა ხუთი წლის 131


სიცოცხლეს მმატებს. _ თუ ეგრეა, რაღამ გაგაჩერა თვრამეტი წელი აქ, წასულიყავი სამშობლოში და უკვდავი გახდებოდი. _ არა, მე აქ იმიტომ ვარ, რომ რაც შეიძლება უკეთ გავიგო სამშობლოს ფასი, სადაცაა ორმოცს მივუკაკუნებ, დამიჯერეთ. წვერებიანი კაცი დაემშვიდობა და ჰოლიდან გავიდა. _ ვერ არის კარგად მაგის საქმე, _ თქვა მურზამ. _ რატომ?! უყვარს სამშობლო, _ შეეკამათა სპარტაკი. _ მაგას სამშობლოზე მეტად ბოზები უყვარს, აბა, თვრამეტი წელი აქ რამ გააჩერა?! _ იქნებ ცოლ-შვილი ჰყავს? _ ცოლ-შვილი არა! ვიცნობ რა ჩიტიც არის, გამახსენდა, ერთ კამპანიაში ვიჯექით ერთხელ, მაგან ვეღარ მიცნო. ბიჭები რესტორანში შევიდნენ. რომელიღაც ორგანიზაციის თანამშრომლები წვეულებას იხდიდნენ. პომადაწასმული ქალები და ულვაშებიანი კაცები წრეში ცეკვავდნენ, სამჯერ ტაშს უკრავდნენ, ბუქნავდნენ და ხელჩაკიდულნი სიცილკისკისით წაღმა-უკუღმა ატრიალებდნენ წრეს. _ ესენიც ვოლგოგრადსაქაჩიდან იქნებიან, _ თქვა შემთვრალმა სპარტაკმა და მურზას სთხოვა კიდევ რამე მოეყოლა ბუხართან დაკავშირებით. _ ორჯონიკიძეში ხომ არ წავიდეთ? _ ჰკითხა მურზამ. _ რა გვინდა ორჯონიკიძეში? _ ისე გკითხე. _ წავიდეთ და წავიდეთ, მაგრამ ახლა დიდი საქმეები რომ გვაქვს, დაგავიწყდა?! _ რა საქმეები? 132


_ ფული უნდა მოიტანონ, და კიდევ უნდა გვეთამაშა. _ ჰო, მართალი ხარ, კარტმა არ იცის ნოსტალგია, აზარტი ათ ნოსტალგიას უდრის. _ ერთ კვირაში წავიდეთ, ერთი კვირა რაღაა?! _ მაგ "რაღაამ" თითქმის მთელი ცხოვრება მატყუა, ნახავ შენ თვითონ, ერთი კვირაც მალე გავა. რესტორანში ჩხუბი ატყდა, მურზა ვიღაცას გამოექომაგა და სპარტაკიც ჩაერია ორომტრიალში. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაეგო. იქიდან რომ დაიძვრინეს თავი, სასტუმროში გაემართნენ, არ იცოდნენ, იქ რა ელოდათ. ფოიეში მოტყუებულთა თუ მომტყუებელთა მთელი თავყრილობა იცდიდა. ორი დღე და ღამე იცვლებოდა გუშაგი მურზას მოლოდინში. _ სპარტაკ, ვერ არის საქმე კარგად! _ შეაჩერა მურზამ, თვალი მოჰკრა რა შეკრებილ საზოგადოებას. _ რა მოხდა? _ ეს ხალხი მე მელოდება, ისეთი ნაკრებია, კარგი საქმისთვის არ მელოდებიან ალბათ. _ მივატოვოთ ჩვენი ნივთები, როგორც თბილისში და წავიდეთ. აქ მაინც ვეღარავისთან ვითამაშებთ, ყველა გვცნობს. _ ფულს რაღა ვუყოთ, ფული რომ გვაქვს ასაღები?! _ აგერ, მომტანიც მანდ დგას, _ დაანახვა სპარტაკმა. _ ჰო, ვხედავ თქვა მურზამ და ჩაფიქრდა, _ მაგათთან გამოჩენა სიკვდილია, დაიწყებენ: ეს რატომ იმას არ მიეცი, ქურდს რატომ არ გაუნაწილე, ამას რატომ ეთამაშე, ის წილში რატომ არ გაიყვანე,... სდიე და არკვიე ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ერთხელ ქურდები ჩამომიყვანეს, ეს რა ახვარი ყოფილაო _ 133


ჩემზე თქვეს, ხელი რომ მეკრა წელში გადატყდებოდნენ. ფული მე მქონდა მოგებული და იქით მთხოვდნენ მიცემას. მოსკოვში, თამაშის მეფეებს შევახვედრე, რომლებმაც გამამართლეს და იმის მერე მათთვის თვალი არ მომიკრავს, მაგის ნერვები ახლა აღარ მაქვს, ხალხი რომ მოვძებნო, ზოგმა შეიძლება არც გამამართლოს. _ პალტოები დაგვრჩა ნომერში, ახლა პალტოები მაინც აღარ გვჭირდება. _ მეტი არაფერი გვაქვს? _ მგონი არაფერი. _ წავიდეთ აქედან, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. როცა იქნება შევხვდები. ყელში ამომივიდა ეს ქალაქი, ორიოლში წავიდეთ, იქ ერთი ძველი მეტოქე მყავს მოსაკლავი. _ მატარებლით მოგვიწევს მგზავრობა, როსტოვის გავლით. _ ჰო, ას მანეთზე ნაკლები დაგვრჩა, სათამაშო ფულიც უნდა ვიშოვნო როგორმე, იქნებ საქართველოდანაც გამომიგზავნონ. რკინიგზის სადგურიდან მურზამ საქართველოში დარეკა ბიძასთან, ბიძა არასდროს ეუბნებოდა უარს ფულზე. ამჯერადაც დაჰპირდა, რომ სამ დღეში ორიოლის მთავარ ფოსტაში მისულიყო "მოკითხვამდე" ფულის მისაღებად. როსტოვამდე მგზავრობისას მურზამ სპარტაკს თავის ძველ მეტოქეზე მოუთხრო. ათი წლის წინ ისინი ამხანაგები ყოფილან, შეკრულნი თამაშობდნენ. სტასი კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, ფაქტიურად ქალაქის კოოპვაჭრობის ერთ-ერთ ხელმძღვანელს 134


წარმოადგენდა. ფული ბევრი ჰქონდა და ბანქო უყვარდა. მურზასგან შეისწავლა თამაშში ხელმრუდობა და ბევრი ხრიკი. რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საზოგადოების წრეებში და მოგებულ ფულს შუაზე იყოფდნენ. სტასს ერთი ზნე სჭირდა, ფულის დანახვაზე გონება ემღვრეოდა, ხარბობდა, ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ თამაშში მოგებული ფული მხოლოდ ქაღალდია, რომელიც მოთამაშეთა ხელიდან ხელში გადადიოდა, ან აკეთებდა მათ, ან _ ჰკლავდა. სტასში კომბინატორისა და მოთამაშის ხასიათი ჩაბუდებულიყო და ამას ვერ ეგუებოდა მურზა. განხეთქილების საბაბმაც არ დააყოვნა. როდესაც მურზა გაკოტრდა და სტასმა ფულზე უარი უთხრა, იმ დღის მერე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები გახდნენ. მურზამ დიდი ფული წააგო, შემდეგ ნაწილნაწილ უკან გამოუგო, შემდეგ კვლავ სტასმა იმარჯვა. "არ მესწავლებინა მაინც ზოგი რამ! _ ხშირად ნანობდა მურზა, _ ადრე რომ შევხვედროდი უკვე მოკლული მეყოლებოდა!" _ მაინც მოვკლავ! _ ემუქრებოდა მურზა და სპარტაკს ერთი შანსის შესახებ მოუყვა, _ ... ესეც თბილისის შანსია, სტასს არ ეცოდინება, მისმინე, აი, როგორ კეთდება, მაგიდაზე დადებულია შუშა და ქვემოთ სარკე. იმ სარკეს ჩამოწევ და რაც მაგიდაზე კარტი რიგდება ხელისგულივით ჩანს. _ მოწინააღმდეგე ხომ დაინახავს სარკეს?! _ არა, შუშა დაბურულია, ზემოდან არაფერი ჩანს. _ რა ვიცი, _ დაეჭვდა სპარტაკი, _ მე რომ მოთამაშე ვიყო, ეგეთ მაგიდას არ შევჭამდი. 135


_ შენ იმიტომ, რომ უკვე იცი, მას კი არც გაუგონია, აი ეგ მაგიდა რომ გავაკეთოთ, მაშინ ვეღარსად წამივა, მაგითი უნდა მოვკლა. _ არა მგონია, რომ შეთოხლოს. _ ფულს დავანახვებ და შეთოხლავს კი არა... ფულის დანახვაზე შუბლი უხურდება. როსტოვში დილით ჩავიდნენ და შუადღით გამვლელ მატარებელს გაყვნენ ორიოლამდე. ორიოლში დილის ხუთ საათზე იყვნენ. თორმეტ საათამდე სადგურში ეძინათ, მერე მთელი დღე მთავარ ფოსტაში ფულის ლოდინში გაატარეს. მეორე დღეს ფული აიღეს და სადგურში გაცნობილ ბინის გამქირავებლებს მიადგნენ ჩაწერილი მისამართით. ქირაზე გაურიგდნენ, ჩანთა მიაგდეს და ავეჯის მაღაზიაში გაემართნენ მაგიდის საყიდლად. ავეჯს რომ ათვალიერებდნენ, მურზამ კიდევ ერთხელ აუხსნა სპარტაკს მაგიდის მოქმედების პრინციპი. _ ინჟინერი კაცი ხარ, _ ეუბნებოდა ის, _ უნდა მიხვდე, როგორ კეთდება ეგ ყველაფერი. სპარტაკმა მაგიდა შეარჩია, შემდეგ სარკე და შუშა იყიდეს, ბინაში მიზიდეს და ჩაფიქრებულის აწყობას შეუდგნენ. მიზომ-მოზომეს, შუშის და სარკის ზომაზე მოსაჭრელად ალმასი ჭირდებოდათ, ანჯამები _ სარკის ასაწევად, მაქმანის ქაღალდი და წებო _ შუშის დასაბურავად. მურზამ ესენიც მოიტანა და დღის ბოლოსთვის მაგიდა მზად იყო. _ კუბოს არ დაემსგავსა ჩვენი მაგიდა?! _ იცინოდა სპარტაკი. _ ჰო, ეს სტასიკას კუბოა, _ ეუბნებოდა გახარებული 136


მკვლელი. სპარტაკის მოვალეობა დარიგებისას სტასის კარტის სარკეში დათვალიერება და მურზასთვის ნიშნება იყო. _ თუ მაქმანის ქაღალდით ვერაფერს მიხვდა, მაშინ მოვიგებთ, _ კიდევ ეჭვობდა სპარტაკი. _ ვერ მიხვდება, მაგას წარმოდგენა არ აქვს ამ შანსზე, _ არწმუნებდა მურზა, _ უნდა გავგუდო ოთხმოცათასში და მერე ჩაიდოს თითი პირში და წუწნოს გაკვირვებულმა. თამაშს რომ მოვრჩებით გადავუხევ ამ მაგიდაზე მაქმანს და ვეტყვი: ჩაიხედე შე თითისმწოველო სტასიკა სარკეში, რას გევხარ _ მეთქი, _ უხაროდა მას. _ მერე, არ დაგცხებს რამეს? _ რაღა უნდა დამცხოს?! შეთოხლავს? _ მორჩა! საქმე წასულია. _ მილიციაში რომ გიჩივლოს? _ ერთხელ იჩივლა მილიციაში და ასწავლეს ჭკუა, იმდენი ურტყეს, რომ რუმბივით გახადეს, ეხლა რომ იჩივლოს, თვითონ დაიჭერენ, ეგ ისეთ საქმეებს ატრიალებს, მილიციაში მისვლას ცოლის გაბოზება ურჩევნია. მურზა აღტაცებას ვერ მალავდა ისე კარგად ჩანდა მაგიდაზე დაფენილი კარტი სარკეში. _ ჩაიხედე, ზღაპარი გეგონება, რა მკვეთრად ჩანს, "ირო-რე-რე" _ იძახის ქვევიდან, "ირო-რე-რე" _ პასუხობს ზემოდან, ბომბია, ბომბი! შუაღამემდე ვარჯიშობდა სპარტაკი კარტის ხანმოკლე ანარეკლის დაჭერაში. იმედიანად დაწვნენ დასაძინებლად. ბინის პატრონი ერთი თვით 137


ცოლეურში გადავიდა საცხოვრებლად. დილით ბაზარში წავიდნენ, კოოპვაჭრობის დახლებს ჩამოუარეს და ხორცი შეისყიდეს, ყოველ დახლთან ასმანეთიანს ახურდავებდნენ ერთი პატარა ნაჭრის გულისთვის. _ სტასს ამბავი მიუვა და თვითონ მოგვძებნის, _ იმედოვნებდა მურზა. სახლში დაბრუნებულებმა მწვადი შეწვეს და დანაყრდნენ. საღამოთი სასტუმრო "ორიოლის" ფოიეში ელოდნენ. სტასი თერთმეტ საათზე გამოჩნდა და საქალაქთაშორისო ტელეფონ-ავტომატისკენ გაემართა. "ვიცი რა დარეკვაც გეჩქარება, _ გაიფიქრა მურზამ, _ უკვე გახურებული გაქვს შუბლი". _ ოჰ, მურზას ვახლავარ! _ თითქოს შემთხვევით მოეკრას თვალი, ისე წამოიძახა სტასმა და მათკენ იცვალა გეზი, ორივე ხელი ჩამოართვა ასაკისათვის შეუფერებელი სიმარდით, _ სასწრაფოდ მოსკოვში უნდა დავრეკო, ტელეგრამა მომივიდა... მურზამ მისალმების შემდეგ მოურიდებლად გადათვალა ფულის დასტები, ჯიბიდან ჯიბეში გადააწყო, რათა სტასის შუბლის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით კიდევ აწეულიყო. _ სად მოეწყე, რომელ ნომერში ხარ? _ აღელვებას ვერ ფარავდა საქმოსანი. _ აქ არ ვცხოვრობ, ბინა ვიქირავეთ, სამი-ოთხი დღე ვაპირებთ დარჩენას. _ აქ ვინმეს ელოდებით? _ იქნებ გოგოებთან გავერთოთ _ მეთქი, მაგრამ ისე გვეძინება... წუხანდელი ღამენათევები ვართ. 138


_ რა დროს ძილია?! _ წამოიძახა სტასმა. ამ დროს მას მოსკოვში დარეკვა ისევე ახსოვდა, როგორც ჯიბის ქურდს _ უნებლიედ მოპარული საბუთების პატრონისათვის დაბრუნება. _ არა, არა, უნდა დავიძინოთ, _ ჩაერია სპარტაკი. _ ეს ვიღაა? _ იკითხა სტასმა. _ ამ კაცის ფული მაქვს ჯიბეში. _ ჰო, მაშინ დავიძინოთ, ძილის დროა, ფული არსად დაკარგოთ, ათასი ოხერი დადის. მანქანით ხომ არ წაგიყვანოთ? _ წაგვიყვანე, უარს არ გეტყვით. სტასმა "ვოლვოს" მარკის მანქანაში ჩასხა "ძილმორეულნი" და მახისკენ გააქანა. _ აი, ამიტომ ჯობია მანქანას, თუნდაც უცხოურს, უბრალო ცხენი , _ თქვა მურზამ ქართულად, _ ცხენი მახეს იგრძნობდა, ხვიხვინს დაიწყებდა და პატრონს უფსკრულთან არ მიიყვანდა. მოსაკლავმა ცხენის ეს თვისება რომ იცოდეს, დახლზე ცხენის ხორცს აღარ გაუშვებდა საქონლის ხორცის სახელით. მურზამ ჩაიზე მიიპატიჟა სტასი. სხვა მაგიდები წინასწარ დაეშალათ და გადაემალათ მდგმურებს, ამიტომ გასული წლების გასახსენებლად კარტიც სამზარეულოში დაარიგეს. _ რა არის, იგინებოდა მურზა ბინის პატრონის მისამართით, _ ერთი წესიერი მაგიდა არ უნდა ჰქონდეს სახლში?! სპარტაკს თვალები ეხუჭებოდა, ხან თავს ქვემოთ ჩაქინდრავდა ხოლმე. _ რაღაცას ვჭამ, რაღაცას ვჭამ! _ ეჭვობდა სტასი თამაშის დროს. 139


ბანქოს წაკითხვისგან დაზღვევის მიზნით დარიგებისას მეტოქეები ერთმანეთს აიძულებდნენ თვალებში ყურებას. თვალებით ალერსი რომ მოსწყინდებოდათ ცდილობდნენ მაღლა, ზეცისკენ ეყურებინათ. ურთიერთნდობის ამ ფორმას მხოლოდ კომუნალური ბინის დაბალი ჭერი ეღობებოდა. მიუხედავად კონტროლის მკაცრი ზომისა სტასი მაინც ეჭვობდა. _ რაღაცას ვჭამ, რაღაცას ვჭამ! _ იმეორებდა აღელვებული. "ვოლვო" ბორდიურთან ახლოს ეყენა და თავის მბრძანებელს ელოდებოდა. ის ახლა, ღამის ფარნის შუქზე, ბოთლში ჩამწყვდეულ ჯინს ჰგავდა, ერთადერთი ფრაზა რომ აქვს გაზეპირებული: "საით, ჩემო მბრძანებელო?". ცხენს უცხო კაცი როცა მოაჯდება, დაიხვიხვინებს და ყალყზე შედგება, მანქანისთვის კი, როგორც გარყვნილი ქალისთვის, სულ ერთია ვინ მოარგებს გასაღებს, მიიღებს პასუხს თავის გაზეპირებულ შეკითხვაზე და მიჰქრის ბენზინის უკანასკნელ წვეთამდე. ნაღდი ფული რომ გამოელია, მოსატანზე დაიწყო თამაში სტასმა. თორმეტი საათი არ ამდგარან ჯადოსნური მაგიდიდან. იმდენი წააგო, რომ საქმოსნის გონებით უცბად აწონ-დაწონის შემდეგ უყოყმანოდ დაუთმო გადაადგილების საშუალება, ბორდიურთან რომ ელოდა მბრძანებელს. მანქანის გადაფორმება იყო საჭირო. სტასი არ ჩქარობდა, მისი შუბლის ტემპერატურა კელვინის, ფერენგაიტის ან ცელსიუსის მაგივრად რაღაც ახალი სკალით თუ გაიზომებოდა. 140


_ ჯერ არ მომკვდარა, _ ამბობდა მურზა, _ ბოლომდე უნდა მოვკლა. სანამ გახურებულია, ახლა ყველაფერზე თანახმა იქნება, ოღონდაც ვეთამაშო და ჩემ მანეთში მანეთნახევარს გამოვა. რამდენი ფული აქვს? ნეტავ გამაგებინა. _ ჯერ მანქანა გავაფორმოთ, _ აწყნარებდა სპარტაკი მოგებით აღტკინებულ მოთამაშეს. _ მანქანა შენზე უნდა გავაფორმოთ, ჩემი პასპორტი, ხომ იცი, საშარო საქმეა. ასეც მოიქცნენ, სტასი მიეხმარა მანქანის გადაფორმებაში იმ პირობით, რომ უპირატესობის გარეშე გააგრძელებდნენ თამაშს. _ ეს არ მოგვშორდება, სანამ თავს არ შემომაკლავს, _ თქვა მორიგი თამაშის დამთავრებისას მურზამ, სტასი რომ ფულის მოსატანად გაეშურა. _ მკვდრის აკიდება რად გინდა, იქნებ მოაგებინო ცოტა და დააწყნარო. _ ეს ვიმყოფინო?! არა, ბოლომდე უნდა მოვკლა, იქნებ ესეც ფსიქიატრიულში წავიდეს, ერთი ვორკუტელი როგორც გავგზავნე. _ არ მოგეშვება. _ კარგი, აბა, დავთვალოთ: მანქანა, ოცი ნაღდი, ოცდაათიც მოსატანი, რამდენი მოვაგებინო? მოსატანი რომ მოვაგებინო, მაინც არ დაწყნარდება, ფულის ხარბია, ნაღდ ფულს რომ ხედავს გიჟდება, ესეიგი ნაღდიც უნდა მოვაგებინო. ბიძაჩემსაც უნდა გავუგზავნო ფული, რამდენი დაგროვდა წლების მანძილზე მისი ვალი, ვინ მოთვლის?! _ მანქანა ხომ დაგრჩება? _ მანქანა, იცი რამდენი ხარჯია? მანქანას თავისი 141


გოგოები მოყვება, შამპანური, მუსიკა, ირო-რე-რე, ბენზინის და რემონტის გახსენებაც არ მინდა. _ მაშ, გავყიდოთ. _ გავყიდით, აბა რას ვიზამთ, ხუთი მანქანა გამოვიცვალე და თვეზე მეტი არცერთი მიტარებია. სპარტაკი კვლავ არწმუნებდა, რომ შეჩერება აჯობებდა. _ შენ ალბათ დაიღალე. ვიცი, დაძაბული ხარ, ყოველ წამს შეიძლება გაგვიხეთქოს მაგიდა. ერთი ნაცნობი მყავდა, დიდ ფოსტებს რომ გავდიოდი, დაძაბულობისგან თავი წითელი პამიდორივით უხდებოდა. _ არა, მაგ მხრივ არა, გაწითლებით არ ვწითლდები... _ მოვრჩეთ, მანქანა რა, ცუდია?! ხვალვე გავუგზავნი ბიძაჩემს ფულს. მაგიდას სარკე მოვხსნათ და ცოტა ისე მოვაგებინოთ, ოღონდაც შენ ისე დარჩი, როგორც იჯექი, თორემ რამეს იყიდის. სარკის მოხსნა და სტასის მოსვლა ერთი იყო. ჩვეულებრივზე აღელვებული და აღგზნებული ჩანდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ სტასმა მაქმანის ქაღალდი აახია. _ რა არის ეს, ეს რა არის, რა არის ეს?!... _ ისმოდა ქაღალდის ფხრეწასთან ერთად. _ შუშა ყოფილა, სტას, რა დაგემართა?! შუშაა. _ მერე, შუშაში ხომ ჩანს კარტი! _ ვინ უყურებს კარტს, მაგიდაში ვინმე ხომ არ ზის?! _ სიცილით იგერიებდა მურზა, _ თან ისე ამბობ: "რა არისო?!", თითქოს ჩემი მოთრეული იყოს ეს მაგიდა. წადი მაღაზიაში, მაქმანი იყიდე და დააკარი როგორც იყო. ან შენ გაეცი პასუხი ბინის პატრონს. 142


_ სკამზე დავარიგოთ, სკამზე, _ თითქოს დაწყნარდა სტასი, ქვეცნობიერად გაუხარდა გაბითურებული რომ არ იყო და წაგება უიღბლობას დააბრალა, თუმცა ეჭვი მაინც ღრღნიდა, _ გეყოფა, რაც მომიგე, სულ შანსებით მომიგე, შენ ხომ თამაში არ იცი. სკამზე მურზამ ნაღდი და მოსატანი პირწმინდად წააგო და გამოაცხადა: _ მოვრჩი თამაშს. სტასი ფეხს ითრევდა, მანქანაც უნდოდა გამოეგო. რამდენიმე დღის შემდეგ დაუთქვა მურზამ შეხვედრა და ფეხით გაუშვა, რადგან ბენზინი ნოლზე იყო დასული. _ ვახ, როგორ აძლევს კარტს, გაგიჟებას ვარ! _ თქვა მურზამ მარტო რომ დარჩნენ. _ შენ ყველა ქულით თამაშობდი, ის კი არ რისკავდა. _ "მოაგებინეო" და აჰა, ესეც მოვაგებინე. _ "ვოლვო" ხომ შეგვრჩა, გავყიდოთ და ბიძაშენს გაუგზავნე ფული. მაგ მანქანას კარგი ფასი ექნება. _ ჰო, ეგ მართალია, ოცდაათად ულაპარაკოდ გაიყიდება, გოთვერანმა სტასმა სამოცში ჩამიტოვა. თითქოს ჩემ მანეთში ორმოცდაათ კაპიკს გამოდიოდა. მაინც მოვკლავ, სხვა შანსს გავაკეთებ. ტელეკამერას დავუდგამ, ასოთხმოცგრადუსიან კუთხეს იჭერს, ოთახში რაც ხდება _ ყველაფერი ჩანს. გასაღები მეზობელს დაუტოვეს და ბინის პატრონს ტელეფონით დაემშვიდობნენ. "ვოლვო" სასტუმროსკენ გაქანდა. სასტუმროში ადგილები ჭირდა. ადმინისტრატორი საღამომდე ოთახის გამოძებნას დაჰპირდა. ორი უცხო სილამაზის გოგო მოიხიბლა უცხოური 143


მანქანით და საღამომდე ქალაქის ქუჩებში სახეტიალოდ გაყვნენ. საჭეს მურზა უჯდა. ქალაქგარეთ რომ გავიდნენ, გოგომ თხოვა საჭესთან დაესვა და მურზამ ადგილი გაუცვალა. გამოუცდელმა მძღოლმა სახიფათო მოსახვევში სიჩქარის მოუკლებლად შეაგდო მანქანა, გადაყირავებულებმა გზის ჯებირი გადაამტვრიეს და მიწაყრილიდან გადაეშვნენ. სახურავზე დავარდნილ დაჭეჭყილ მანქანიდან პირველად გოგო გამოძვრა, ტალახში ამოსვროდა დახეული კურტაკი. _ ლუდა, ლუდა! _ შეშინებული ეძახდა დაქალს, მანქანას მოუარა და მძღოლის მხარეს კარების გაღება სცადა. ლუდა მწარედ იგინებოდა, ფეხი გასჭედვოდა. დაქალის დახმარებით როგორც იქნა გამოძვრა ჩატეხილი ფანჯრიდან. მხარზე დაეყრდნო და კოჭლობით სასწრაფოდ გზაზე ავიდნენ. პირველივე მანქანამ გაუჩერა. _ ოხ, თქვენი! ... _ ამოიოხრა მურზამ მოკრა რა თვალი როგორ ჩაუსხდნენ ქალაქისკენ მიმავალ "ჟიგულს". მთელი სიმძიმე თავზე აწვებოდა და შეეცადა გადმობრუნებულიყო. მერე აზრები მოიკრიბა და შეშფოთებული სპარტაკს შეეხმიანა: _ სპარტაკ, ხმა ამოიღე სპარტაკ! ძალადაბრუნებულმა ორიენტაცია აღიდგინა, სპარტაკს კურტაკში ხელი ჩაავლი და შეანჯღრია, სპარტაკი გონზე მოდიოდა. _ სად ვართ, რა მოგვივიდა? _ სპარტაკ, იქნებ გამოძვრე როგორმე, მე 144


მოგეხმარები, _ მურზამ დიდი წვალებით კარი გახსნა და სპარტაკი მანქანიდან გადმოათრია, _ როგორ ხარ, ძმაო? _ გოგოები სად არიან? _ იკითხა სპარტაკმა. მურზას სიცილი აუტყდა. _ რა გაცინებს?! _ გაუკვირდა სპარტაკს. მურზა სიცილს ვერ იკავებდა, თან ტკივილისგან იღრიჯებოდა. _ კაცი სიკვდილს ძლივს გადაურჩი და კიდევ გოგოებზე იწევ?! გამოდი, მანქანას გავეცალოთ, ბენზინის სუნი დგას და არ ავფეთქდეთ. ისინი გზაზე ავიდნენ, ჯებირზე გზისგან ზურგშექცევით დაჯდნენ. _ ეგეც შენი "ვოლვო", _ თქვა მურზამ. ლაპარაკობდნენ და ელოდნენ როდის აფეთქდებოდა მანქანა. მანქანა არ აფეთქდა. საღამოთი ქალაქიდან სატვირთო მანქანა წაიყვანეს დამტვრეული "ვოლვოს" გზაზე ამოსათრევად. მის მაგივრად ცხენი რომ გადაჩეხილიყო, სვავები, ჭვავები და ყვავყორანი გამოჩნდებოდა უმალ. ახლა ავტოინსპექციის მუშაკები დასტრიალებდნენ შემთხვევის ადგილს. მურზას გაკეთებული მართვის მოწმობა ჩამოერთვა. "ვოლვო" კერძო სახელოსნოში მიიტანეს. თათარი ოსტატი ორიათასს ითხოვდა ხელდახელ შეკეთებაში. ის იყო მუშაობა დაიწყო, ოსტატმა თამაში გამოუცხადა მურზას, რომელიც დაუფიქრებლად დათანხმდა და ორიათასი მანეთი მოუგო. ოსტატი ვალდებული გახდა უფასოდ გაეახლებინა მანქანა, მაგრამ დრო გადიოდა, შუბლწაკრული უსაქმოდ დადიოდა, თაღლითობდა 145


და დაპირებული ერთი კვირის ნაცვლად ალბათ წელიწადს გააჯანჯლებდა საქმეს. ხან კარბიდი გამოელეოდა, ხან ხელსაწყოებს კარგავდა, ხან ფითხი გამოდგებოდა უხარისხო. სხვა ოსტატთან წაყვანა მურზას არ უნდოდა, რადგან თათარი წაგებული ფულის გადამხდელი არ იყო, შეკეთებისთვის საჭირო თანხა კი აღარ დარჩათ, ხუთი დღე ისე ხელგაშლილი ცხოვრობდნენ. მორიგი მიზეზებით შუბლწაკრული თავის გამართლებისას ოსტატმა მურზას უთხრა, რომ "ვოლვოს" მყიდველი კლიენტი გამოუჩნდა, რომელიც რვა ათასს არ დაიშურებდა. ბიჭებს ნაავარიები მანქანის გაყიდვა ჭკუაში დაუჯდათ და მოლაპარაკების შემდეგ ათი ათასი აიღეს. თათარმა თავისი წაგებული გაუქვითა ამ გარიგებაში და "კლიენტს" ასე აყიდინა მანქანა. კლიენტი მისი ბიძაშვილი იყო. ფაქტიურად ოსტატმა იყიდა მანქანა, სამ ოთხ დღეში შეაკეთა, შეღება და ასე მიუჯდა ახალი მბრძანებელი სტასის მანქანის საჭეს. სამი წლის შემდეგ მურზა ორიოლში მოხვდება. სადგურთან ტაქსის მომლოდინეს "ვოლვო" გაუჩერებს. _ ტაქსაობ, ძმაო? _ ჰკითხავს მურზა, იცნობს რა მძღოლს. თათარი მიხვდება, ვინც აიყვანა მგზავრად და სიტყვაძუნწობს. _ ღირსები არ ხართ, კაცმა ხელი გაგიმართოთ, _ ეტყვის მურზა გადმოსვლისას, მანეთიანს მიუგდებს და კარს მიუჯახუნებს. ორიოლში გასტროლიორები კიდევ ერთი კვირა 146


დარჩნენ. მურზამ ბიძას გაუგზავნა "ვოლვოში" აღებული ფულის მეტი ნაწილი. მომხიბლავ მეწყვილეებს გადაეყარნენ და მათთან ერთად ატარებდნენ დროს. გოგოებს, რომლებიც ერთ კურსზე სწავლობდნენ, სესიები ეწყებოდათ. ზოგო ჩათვლა წინასწარ ჩაებარებინათ, თავისუფალი ერთი კვირა გამოძებნეს და კავალერები მოსკოვში დასასვენებლად წასასვლელად აიყოლიეს. _ გასტროლებში გასტროლებს ვაკეთებთ, _ იცინოდა მურზა მატარებლის კუპეში შამპანურს რომ სვამდნენ, _ მოსკოვის დრო გვაქვს?! ტულაში და კალუგაში ხალხი მყავს დასახოცი. _ კალუგა სადღაა? _ იკითხა სპარტაკმა. _ კალუგა ტულიდან დაახლოებით საათნახევრის სავალზეა, _ აუხსნა გოგომ. _ ეს კოსმონავტიკის აკვანი-ქალაქია, _ თქვა მურზამ, _ მაგრამ როგორი კოსმონავტიკის აკვანია?! რომ კვდებოდეს ადამიანი, არა.. რომ კვდებოდეს, ერთ ბოთლ შამპანურს ვერ იშოვის. _ არ გვინდა კოსმონავტიკის აკვანში, _ სიცილით შეაწყვეტინეს გოგოებმა. მატარებელი ღამის წყვდიადში მიაქანებდა ოთხ ახალგაზრდას, არაფერი საზრუნავი რომ არ ჰქონდათ გარდა იმის არჩევანისა _ ვინ სად დაწოლილიყო. ბანქოს მიანდეს დავის გადაწყვეტა. გოგოებმა მეზობელ ვაგონიდან ნაცნობები გამონახეს. ჯერ სიგარეტს ეწეოდნენ და ემასლაათებოდნენ გასასვლელში, მერე გასტროლიორებისგან ნებართვა აიღეს და ნაცნობებს კუპეში გაყვნენ. მარტო რომ დარჩნენ, მოიწყინეს. მურზას ძილი 147


მოუნდა. სპარტაკი მეზობელ ვაგონში გავიდა, რათა გოგოებისთვის მიეხედა. იქიდან გულმოსული დაბრუნდა. _ ადექი, წადი, ნახე რა დღეში არიან, _ უთხრა მურზას. _ რა ხდება? _ ირო-რე-რეს გაიძახიან, მეც დამალევინეს ერთი ჭიქა კონიაკი. _ გასაგებია. თუ შეაგვიანდათ, დილით ჩვენც დავიძახებთ ირო-რე-რეს. ბიჭებმა დაიძინეს. თანამგზავრებს შეაგვიანდათ. დილით ტულას რომ უახლოვდებოდნენ მურზამ სპარტაკი გააღვიძა, სწრაფად ჩაიცვეს და ტულის სადგურში ჩამოვიდნენ. _ ჩემ ადგილზე რობე რომ ყოფილიყო, მაგათ ტიტვლებს გაუშვებდა მოსკოვში, _ თქვა მურზამ მატარებელი რომ დაიძრა. _ რობე ვიღაა? _ გვყავს ერთი მამულიშვილი, რობერტა, მაგარი მომპარავია, თან ქალების მუსუსი. ისეთი ენა აქვს, მინისტრის ცოლს შეახვევს. სანიძლაოებს იგებდა ხოლმე. დაუნიძლავდებოდნენ ამა და იმას თუ დაეუფლებოდა. რობე სანიძლაოს შესრულების ვადას უთანხმებდა: ერთი დღე, სამი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე,... დანარჩენი მისთვის სულ ერთი იყო, თუნდაც მახინჯი შეერჩიათ. თავბრუს ახვევდა ობიექტს და დათქმულ დღეს სახლში წაიყვანდა, რომ მონიძლავეს საშუალება ჰქონოდა ჭუჭრუტანიდან ეყურებინა თავისი დამარცხებისათვის. კარგი ხანია რობეზე არაფერი გამიგია, ჩიოდა ხოლმე: რასაც 148


სანიძლაოში ვიგებ, ორი იმდენი მეხარჯება მოგებაშიო. ხან ისეთ ქალს დაითრევდა, ბიჭები შურით გულზე სკდებოდნენ. რობე, რობე... თვალწინ მიდგას, რესტორანში გოგოს როგორ ეცეკვებოდა. ისეთ შეკითხვებს უსვამდა თავში ქარიშხალდატრიალებულთ, რომ სანამ პასუხს გასცემდნენ, კისერზე დაეკონებოდა, კბილებით ძეწკვს გაუწყვეტდა, პირში ჩაიხვევდა და ისე აგრძელებდა ცეკვას. ვერაგობას უგებდნენ, მაგრამ ერთხელ გაუვიდა და მეორე დღეს პაემანზე მისულ გოგოს დაკარგული ნივთის პოვნაში ეხმარებოდა. _ ფული რამდენი დაგრჩა? _ შეაწყვეტინა სპარტაკმა. _ მე ორასი მაქვს, შენ აღარ დაგრჩა? _ ხუთი თუმანი, შამპანურში წავიდა ფული. მოსკოვში ამით მივდიოდით ოთხი ადამიანი?! _ ეჰე, ვერ ყოფილა საქმე კარგად, მაშ, სწორედ მოვქცეულვართ, რომ ჩამოვედით, _ ეგ არაფერი, ღმერთი მაღალია, აბა უყურე, რამდენი ხალხი ირევა სადგურში. სადაც ხალხია, იქ თამაშიცაა, სადაც თამაშია _ იქ ფული. სასტუმროში დაბინავდნენ, "მოსაკლავი" კლიენტი ხანგრძლივ მივლინებაში აღმოჩნდა წასული. არ გამართლდა გენიის მოსაზრება, ხალხი იყო, მაგრამ თამაში _ არა. სადაც თამაშობდნენ იქ კი ხალხი არ იყო. მურზას, როგორც ცეცხლს, ისე გაურბოდნენ მოთამაშეები. შემსრულებლები წილში გაყვანასაც ერიდებოდნენ, რადგან გასულ წლებში მეწილეებსაც უგებდა კუთვნილის დანარჩენ ნაწილს. ტულის შავი სამყაროს თამაშის განყოფილებას მტკიცედ შეეკრა პირი მურზას წინააღმდეგ. ასეთი მახე დაუგეს: სამმა 149


მოთამაშემ წინასწარ მოილაპარაკა რა ტაქტიკით უნდა "მოეკლათ" მურზა. ერთმა მათგანმა წილში გაიყვანა იგი. თამაშის დროს თავისი ქულები უნდა ენიშნებინა პარტნიორისათვის. ნიშნები დანარჩენმა მოთამაშეებმაც იცოდნენ და მოურიდებლად სარგებლობდნენ ნაჩუქარი ინფორმაციით. მაგრამ ბოლომდე ვერ იმოქმედა მურზას მოსაკლავად გამზადებულმა მახემ, დროულად გამოვიდა წილიდან ყველაფრისმცოდნე და თამაში შეწყდა. სასტუმროს გასასტუმრებელი ფული რომ აღარ დარჩათ, მოხუც ცოლ-ქმარს შეეკედლნენ მდგმურებად. დიასახლისს დღედღეობით უვადებდნენ ბინის ქირის გადახდას. მოხუცი მთელი დღე პაპიროსს ეწეოდა და დანით ჯოხებს თლიდა. მდგმურებს მალე დაუახლოვდა და ტყუილ თუ მართალ თავგადასავალს უამბობდა. _ თორმეტი წელი ციხეში ვიჯექი, _ ყვებოდა ის მაგიდას რომ უსხდნენ და თვითნახად არაყს ყლურწავდნენ, _ ჩემ ამხანაგთან ერთად დავიწვი მკვლელობაზე, კაცი შემომაკვდა, მაღაზიის დარაჯი... რაც იყო, იყო, ყველაფერი მე ავიღე თავზე. ის შემთხვევითი მოწმის როლში გამოვიდა, მე კი თორმეტი წელი ვხეხდი ციხის კედლებს. ჰო და ამ ხნის განმავლობაში ერთხელ არ მოვიდა სანახავად ციხეში, არ მკითხა: რა მიჭირს, რა მილხინს, რით ვცოცხლობ? ციხიდან რომ გამოვედი, ქუჩაში შევხვდი. მაშინვე მიცნო და ძმაკაცურად გადამეხვია. დანა ამოვიღე და შიგ ფილტვებში გავუყარე ზურგიდან. უცბად ვერ მიხვდა რა გავუკეთე, რომ მომშორდა და სისხლიანი დანა დაინახა, მერეღა 150


ჩაიკეცა... დღე დღეს მისდევდა. უსაქმო გასტროლიორები ყურადღებით უსმენდნენ მოხუცს. დიასახლისი პირმოკუმული სწმენდდა სადილის მერე მაგიდას. მოსაგები ვარიანტები არ ჩანდა. კარგად რომ დათბა, მოხუცები აგარაკზე წავიდნენ. დიასახლისს ეგონა, რომ მდგმურები გაყარა, ქმარმა კი მისგან უჩუმრად გასაღები დაუტოვა ბიჭებს. _ ბიძაჩემს ვეღარ დავურეკავ, სირცხვილია, ნეტავ არ გაგვეგზავნა ის ფული. _ ბილეთები ვიშოვოთ და დავუბეროთ სახლისკენ. გასტროლების დასრულებაზე იყო კამათი. სანამ წავიდოდნენ მურზას უამრავი პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი. სპარტაკს კი წასვლა ეჩქარებოდა. რცხვენოდა ჯიბეებგამოფხეკილს გმირი ქალაქის გოგოებთან შეხვედრისა. პურის ფული რომ აღარ დარჩათ, ოჯახის ამბარს მიადგნენ, სადაც ფქვილი ინახებოდა და საცოდავ კვერებს აცხობდნენ. მეზობლების ეზოებში ნაადრევმა ავდარმა გააქრო ბოსტნეული. გამვლელებისთვის სიგარეტის თხოვნა რომ მოსწყინდათ, წევას თავი დაანებეს. გვიან დგებოდნენ და ადრე იძინებდნენ, ნაკლებად რომ ემოძრავათ და პრობლემების გადასაჭრელად ენერგია შემოენახათ. ერთხელ მურზა პაემანზე იცდიდა. შემთხვევით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მიმავალმა სპარტაკმა მკვეთრად დაინახა (ხან ბუნდოვნადაც ხედავდნენ), როგორ ეპარებოდა მურზა მტრედს. მტრედი არ ჩქარობდა, მურზაც ფრთხილი ნაბიჯით დაჰყვებოდა უკან. დევნა უშედეგოდ დამთავრდა, რადგან მტრედმა ფრთები 151


აიქნია და მოშორებით გადაჯდა, იქ მისვლა კი უზარმაზარ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალას მოითხოვდა. _ დაგინახე მტრედს რომ დასდევდი, _ უთხრა ღამით შინ დაბრუნებულს სპარტაკმა. _ ისე, გასართობად, _ გაეცინა მურზას. _ საქართველოში ჭამენ მტრედს? _ ზოგი ჭამს, ზოგი _ არა, თქვენთან? _ ჩვენთანაც ეგრე. _ გარეულ მტრედს ყველა ჭამს. _ ჰო, გარეული იჭმება, _ დაუდასტურა სპარტაკმა და დააყოლა, _ აქ ყველა მტრედი გარეულია, პატრონი არ ჰყავთ. _ მერე რა? მტრედი მშვიდობის სიმბოლოა. დილიდანვე გასტროლიორები ცენტრში გაემართნენ, სადაც უამრავი მშვიდობის სიმბოლო გროვდებოდა. საღამოთი მურზას ნაცნობი შეხვდა. გაიგო თუ არა, რომ ეს-ესაა ჩამოვიდა ტულაში, თავბრუ დაახვია. რესტორანში წავიდნენ, არაყი დალიეს და თამაშის საღერღელი რომ აეშალათ, სასტუმროში ნომერი აიღეს. სპარტაკი მარტო დარჩა მაგიდასთან. თერთმეტის ნახევარზე მუსიკის შეწყვეტის დრო ახლოვდებოდა, რომელიც რესტორნის დაკეტვას უძღოდა წინ. ოფიციანტები ეჭვით უყურებდნენ მას. მურზა დაბრუნდა, მაგიდას მიუჯდა და საჭმლით პირი გამოიტენა. _ ოთხი დღის მარხვა... _ მოუგე? _ ჯერ სამასი მანეთი, ერთ ბოთლ არაყს ავიღებ და მთელი ღამე ვეთამაშები, რამდენი ხანია აღარ 152


მითამაშია, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, უნდა გავგუდო დილამდე. _ რაც მოიგე, ეგეც არ წააგო, ჯობია ბილეთები ავიღოთ. _ როგორ უნდა წავაგო?! ჩვენ შორის იმხელა სხვაობაა, როგორც კრივში მუჰამედ ალისა და კასიუს კლეის შორის. _ მუჰამედ ალი და კასიუს კლეი ერთ ადამიანს ქვია, _ სიცილი აუტყდა სპარტაკს. _ ... ჯონ ფრეზერს შორის, _ შეასწორა მურზამ და კვლავ აამუშავა ყბები. _ მერე, რომელია ძლიერი? _ რა თქმა უნდა მუჰამედ ალი. _ აბა შენ იცი! _ ეგ ფორის გამცემია, ერთხელ "ა" კლასის მოთამაშე გვიყურებდა და სიცილს ვეღარ იკავებდა ისეთი ფორა მომცა, აი, მაგალითად "დურაჩკაში" კოზირის ტუზი და მეფე რომ მოგცენ, ან ოცდათერთმეტქულიან ბურაში სამი ქულა, ეგ ხომ დაღრჩობაა, _ ყელთან ორი თითი მიიტანა მურზამ და ხველება აუტყდა, რადგან ლაპარაკის დროს ჭამას არ წყვეტდა. _ ნელა, შენ არ დაიღრჩო. _ მოვრჩი, აჰა ფული, ხუთი თუმანი ეყოფა. _ მომიცადე, რესტორანი იკეტება! _ უნდა გავიქცე... სანამ ოფიციანტი მოვა?! შენ დაელოდე და ამოდი, 418 ნომერში ვარ, მეოთხე სართულზე, ერთხელ დააკაკუნე. ძალებმოკრებილი მურზა სამუშაო პოსტზე გაეშურა. სპარტაკმა ოფიციანტი გაისტუმრა და მალე ამოუდგა 153


მხარში მეგობარს. მარჯვენა მხრიდან მიუჯდა და ძილმორეულმა ცოტა ხანში თავი დაადო მაგიდას. დარიგებისას მურზა ოდნავ აცერავებდა კარტს. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ სპარტაკს მოწინააღმდეგის ქულა შეეტყო. ქულას ფეხის ხანმოკლე და ხანგრძლივი დაჭერით ანიშნებდა მურზას. მახეში ჩავარდნილს სპარტაკის პოზიცია არ მოეწონა, ხვრინვას ვერ ვიტანო, _ მოიმიზეზა და გააღვიძე შენი მეგობარიო, _ უთხრა მეტოქეს, რომელიც გონებაში ცნობილი მომღერლის ცნობილ სიმღერას იმეორებდა. _ ძმაო, _ შეანჯღრია მურზამ სპარტაკი, _ ძმაო დაწექი, საწოლზე დაიძინე, ამას ისედაც მოვკლავ, ახლა იმეებს წავართმევ, წეღან რომ გეუბნებოდი (ფორები ჰქონდა მხედველობაში). სპარტაკი თვალების ფშვნეტით ადგა და საწოლზე წამოწვა. მახეში ჩავარდნილს არც ეს პოზიცია მოეწონა. ამით აღშფოთებულმა მურზამ ბანქო დაყარა და მაგიდიდან ფული აკრიფა. _ სად მიდიხარ?! _ იყვირა მოწინააღმდეგემ. _ აღარ მინდა თამაში, _ თქვა მშვიდად მურზამ და მეორე საწოლზე წამოწვა, _ გვეძინება და აღარც დავიძინოთ?! _ ადექი, ნუ მიჰქარავ. _ ფული მაჩვენე და ავდგები. მურზამ ფული დაინახა, სიცილი აუტყდა და უთხრა: _ ვიცი, რომ სერიოზული კაცი ხარ, რატომ ცდილობ სულელად მოგვაჩვენო თავი?! _ რაშია საქმე? 154


_ რომელი ჭკუათმყოფელი გარისკავს და სამი ათასი მანეთით რაღაც ასორმოცდაათის წინააღმდეგ ითამაშებს, მოვრჩეთ ძმაო, გზის ფული მაინც დაიტოვე. მახეში გაბმულს ცეცხლი ეკიდებოდა და მახიდან გამოძრომის მაგივრად (რაც სამი ათასის ჩუმი გამოტირება დაუჯდებოდა) უფრო მეტად იხლართებოდა. _ მოვიტან ფულს! _ ცხარობდა ის. _ როცა მოიტან, ჩემი თავი გენაცვალოს, _ უთხრა მურზამ, _ მაგაზე თანახმა ვარ. _ ხვალის ფულზე ვითამაშოთ. _ ეეჰ, _ ხელი ჩაიქნია გენიამ და გადაბრუნდა. _ ას მანეთს დავამატებ და ხვალის ფულზე გეთამაშები. _ ხუთასი მანეთი! _ შენ ხომ არ გაგიჟდი?! _ თუ მე წავაგე _ ხუთასი მანეთი, _ არ გადათქვა მურზამ, _ შენ თუ წააგე, _ ყოველ მანეთში თხუთმეტი კაპიკი. _ სისხლს მწოვ ხომ?! დამაცადე, მეც ეგრე მოგექცევი, _ თქვა მახეში გაბმულმა და ოთახიდან გასვლისას კარი გაიჯახუნა. _ მოხვალ? _ დაადევნა მურზამ. _ მაშ სად წავალ?! _ თავისთვის ჩაილაპარაკა დერეფანში მიმავალმა. _ აღარ მოვა, _ თქვა სპარტაკმა. _ შენ მაგას არ იცნობ რა ავადმყოფიცაა, ერთ საათში რომ არ მოვიდეს _ ეს რაღაც სასწაული იქნება. _ კარტი დაუნიშნე სანამ მოვა. 155


_ არ შეთოხლავს, მაგრამ მაინც დავნიშნოთ, ტუშით დავნიშნოთ თუ სამართებლით? მაინც დავუნიშნავ, ყოველ შემთხვევისთვის. მურზამ ზოგიერთ ნახატზე ბურთულები ამოშალა და ბანქო ისევე დაყარა მაგიდაზე როგორც დატოვა მოწინააღმდეგემ. იგი მალე დაბრუნდა, პატარა, გამობერილი საფულე მაგიდაზე დააგდო და ახალ კოლოფს ხსნიდა. _ გაკეთებული კარტი მომიტანე?! _ უთხრა მურზამ, _ ძველი კარტით ვითამაშოთ, არა და _ მოვრჩეთ. _ მაგ კარტმა აქ ღამე გაათია, სულელი ხომ არ გგონივარ?! _ თუ ჩემთან ღამე გაათია, შენთან მთელი წელი ყოფილა, რა ვალდებული ვარ შენი კარტით ვითამაშო?!... არ მინდა თამაში, მოვრჩით. _ კარგი, მოვრჩეთ..., _ ამას გინება დააყოლა და მეორედ გაიჯახუნა კარი. _ მაინც მოვა, _ ეცინებოდა მურზას, მაგრამ მოუსვენრობა ეტყობოდა, განა თვითონ არ იყო ავადმყოფი? ცოტა ხანი იწრიალა, დერეფანშიც გაიხედა, მერე დაწყნარდა და ხუმრობა დაიწყო, _ კინაღამ მშვიდობის სიმბოლოების ჭამა დავიწყეთ! სად გადაგვარჩინა ამ ოჯახაშენებულმა! აქ სამ ათასამდე იქნება, შეიძლება მოსკოვშიც ამოვყოთ თავი. კარზე კაკუნი გაისმა. _ აი, მოვიდა, _ ჩაილაპარაკა მურზამ და რუსულად გასძახა, _ ვინ არის მანდ? _ სანთებელა დამრჩა, _ გაისმა ფორის გამცემის ხმა. _ სანამ არ ვეთამაშები, მათხოვარივით კარებთან 156


იდგება, _ უხაროდა მურზას კარს რომ აღებდა. _ სანთებელის წაღება დამავიწყდა, _ გაიმეორა ოთახში შემოსულმა და ძებნა დაიწყეს. _ დაჯე, დაჯე, ვითამაშოთ შენი კარტით, _ დაუთმო მურზამ. _ სანთებელა დამიბრუნეთ და ვითამაშებ. _ რომელი სანთებელა? _ ჩაეცინა მურზას, _ არ გინდა და წადი, კარი ღიაა. როგორც იქნა მიუსხდნენ მაგიდას. მეტოქის რამდენიმე შენიშვნის შემდეგ მურზამ ბანქოს მოაცილა აშკარა მზერა. ახლა დარიგებისას ხელებს წინ გაწევდა და დაბლა იყურებოდა, სადაც გახდილ ფეხსაცმელში ჩაწებებული სარკიდან ირეკლებოდა ბანქო. მეტოქეს ეჭვი რომ არ აეღო, ფეხსაცმელს იცმევდა და გაივლგამოივლიდა, საეჭვო ტერიტორიის დათვალიერების საშუალებას აძლევდა. "ჯონ ფრეზერს" დაავიწყდა სანთებელა რომ დაავიწყდა, ჯიბიდან ამოიღო და მალიმალ უკიდებდა სიგარეტს. მეშვიდედ რომ ადგა მურზა, მაგიდას აღარ დაბრუნებია, სააბაზანოში გავიდა, შხაპი ჩართო და იქიდან დაუძახა: _ მოსატანზე აღარ გეთამაშები, გაიგე?! გამწარებულმა მეტოქემ მაგიდას მუშტი დასცხო, ადგა და აბაზანის კარს დაეჯაჯგურა, კარი შიგნიდან ჩაეკეტა მუჰამედს. _ გააღე მურზა, გამოდი, ვილაპარაკოთ! _ გასაპნული ვარ ძმაო, წადი, ფული მოიტანე და მერე ვილაპარაკოთ. _ სალაროები ცხრა საათზე იღება. 157


_ გამოიტანე ცხრა საათზე ფული და ვითამაშოთ, რამდენი გაქვს წიგნაკზე? ხუთიათასზე ნაკლები არ დამანახვო. _ შენ რომ მიწოლილხარ მომაკვდავი გედივით, არ თამაშობ? _ სცადა სპარტაკთან ბედი ჯონმა. _ არა ძმაო, კარტს არა, ჭადრაკი შემიძლია გეთამაშო ფიგურას თუ მომცემ ფორად. _ მოიცათ, ხვალამდე მოიცათ, _ ჩაილაპარაკა მუქარით და კიდევ ერთხელ გაიჯახუნა კარი. _ წავიდა? _ გამოსძახა აბაზანიდან მურზამ. _ წავიდა, _ უპასუხა სპარტაკმა. შხაპის ხმა შეწყდა და მურზა გამოვიდა. ხელში ფულის დასტა ეჭირა. _ დავითვალე, შვიდიათასოთხასოცდაექვსი მანეთია, მეტი რა ვუყო, მართლა კრივი ხომ არ არის, რომ ნოკაუტში ჩავაგდო. სპარტაკმა ფანჯარა გააღო, ოთახში გრილი ნიავი შემოიჭრა და ფარდები ააფრიალა. _ "ჭ" კლასის მოთამაშე ყოფილა, _ თქვა მან, _ ჯერ ორი საათიც არ არის. _ თითო სიგარეტიც გავაბოლოთ და დავიძინოთ, _ თქვა მურზამ. შუქი ჩააქრეს, ლოგინებში ჩაწვნენ და ისე ეწეოდნენ სიგარეტს. ლაპარაკ-ლაპარაკში შემოათენდათ და დილის ექვს საათზე დაიძინეს. მურზა ხნიერ ებრაელთან თამაშის შესახებ უყვებოდა: _ დანიშნული წიგნები მქონდა შეპარებული, ჩემმა ძმაკაცმა მიჰყიდა. ჯერ ოცდაერთიათასი ნაღდი მოვუგე, მერე იაპონური მაგნიტოფონი, კურტაკი, ბეწვის ქუდი, ოქროს ბეჭდები,... მოკლედ, 158


გავაკოტრე. აღარაფერი რომ არ დარჩა, მეუბნება: _ ერთი ძვირფასი ნივთი მაქვს, ახლავე შემოვიტანო. კარგი, ვნახავ და თუ მომეწონება, გეთამაშები მეთქი, _ ვუთხარი. გავიდა და სახელოსნოდან ნაჯახი არ შემოიტანა გამწარებულმა! აბა, მაშინ უნდა გენახა პლეტი. მე და იმან, ვინც წილში მედგა, ისე მოვკურცხლეთ, სულ ერთმანეთს ვახტებოდით თავზე... მურზას იმდენი ისტორია შემთხვეოდა, რომ ზოგი ავიწყდებოდა და ზოგს კი რამდენჯერმე ყვებოდა ხოლმე. სპარტაკს ჩაეძინა. მურზა შეეხმიანა, პასუხი რომ ვერ მიიღო, გადაბრუნდა და თვითონაც დაიძინა. "ჯონ ფრეზერი" დაუკითხავად შემოვიდა კარში, დაკეტვა რომ დავიწყებოდათ. მძინარე "ალს" დახედა და უთხრა: _ მურზა, გაიღვიძე! გასტროლიორებმა ერთდროულად გაახილეს თვალი. მურზამ საათს დახედა, იგი ცხრა საათსა და ათ წუთს უჩვენებდა. მურზამ კედლისკენ იქცია პირი, მაგრამ საათის ნაჩვენებ დროზე ჩაფიქრდა და მისი მნიშვნელობა რომ გაიგო (სალაროები ცხრაზე იღებოდა) სწრაფად გამოფხიზლდა. _ რა არის? _ ჰკითხა მოსულს. _ აი, შეხედე, _ თქვა მან და ფულის დასტები ერთ სვეტად ააშენა მაგიდაზე, _ აქ ხუთი ათასია. მურზა ადგა, ჩაიცვა, პირი დაიბანა და მაგიდას მიუსხდნენ. _ სარკე ამოიღე ფეხსაცმლიდან მურზა ფეხი არ გაგეჭრას! სარკე ამოიღე, გეყოფა, რაც გუშინ მაჭამე! 159


მურზამ ულაპარაკოდ გაიხადა ფეხსაცმელი. იფიქრა ვინმეს მოუყვებოდა მეტოქე თამაშის შესახებ და ასწავლიდნენ რაშიც ტყუვდებოდა. სუფთა თამაში გაიმართა. მურზამ ტუზების გადაღუნვა სცადა, მაგრამ გაუგეს, ფრჩხილით დანიშვნა _ გაუგეს, გარდა ამისა მოწინააღმდეგე ბანქოს ჩამორიგებისას გვერდით აყურებინებდა. _ ორიოლის მაგიდა გვიშველიდა, _ თქვა მურზამ. _ ის მოაცემინე, ურჩია სპარტაკმა. _ ჯერ არ მომცემს, ერთი-ორ ათასს მოვუგებ და მერე გადავიყვან სხვა თამაშებზე. _ გეყოფა სხვა ენაზე ბაზარი, _ აღშფოთდა მეტოქე. _ უზრდელობისთვის ციხეში არ სვამენ, _ უპასუხა მურზამ. _ თქვენ მე მართობთ, იქნებ საწამლავიც ჩამიყაროთ ჭიქაში. _ დაარიგე, დაარიგე! _ შეაწყვეტინა მურზამ პროტესტი. სუფთა თამაში გაგრძელდა, მურზას იღბალმა ზურგი შეაქცია და მის მხარეზე დაყრილი ფასიანი ქაღალდების გროვა თანდათან შეთხელდა. დიდხანს გაგრძელდა თამაში. მურზამ დიდი ფორა მოსთხოვა, ასეთ ფორას ჯონსონი კუს არ მისცემდა. მეტოქემ გაკვირვებით შეხედა. მურზამ თამაში ჩაშალა და მახიდან ამომძვრალი ნაწყენი გაუშვა, რადგან ბოლომდე ვერ გამოიგო წაგებული. _ დღეს ჩვენი დღე არ არის, _ თქვა მურზამ მარტო რომ დარჩნენ. _ მაგრად მისცა კარტი, _ ამშვიდებდა სპარტაკი, მაგრამ მოთამაშე ისედაც მშვენიერ ხასიათზე იყო. 160


_ ახლა შხაპი მივიღოთ ძმაო, _ თქვა მან. ჯერ მურზამ იბანავა, მერე სპარტაკმა. ძილის გაგრძელება დააპირეს, მაგრამ მურზას ბრძნული აზრები აწუხებდა. _ თამაშისას საჭიროა დროის გრძნობა, _ ეუბნებოდა სპარტაკს, რომელსაც უკვე მშვიდი ძილით ეძინა, _ ამას პრეფერანსისტები აღნიშნავენ ხოლმე. მე რომ დროს ზუსტად ვგრძნობდე, კარტის გრძნობა აღარ დამჭირდება, მილიონერი გავხდები. ისე, სიმართლე გითხრა, მოგებული მოთამაშე არასდროს მინახავს, ყველას ცხოვრებაში მოგებულზე მეტი წაგებული აქვს. საჭიროა დრო იგრძნო, დროულად უნდა გამოხვიდე თამაშიდან და მოიგებ. ეს დაუწერელი კანონია, ყველამ იცის, მაგრამ არავინ იცავს, იმიტომ, რომ უფრო ხშირად მოგება წაგებას მოსდევს და არა პირიქით. ერთი შეხედვით საკვირველია: თუ ყველა აგებს, მაშ ვიღა იგებს? ყველა აგებს, ყველა წაგებულშია, ზოგი სულ მკვდარია, ზოგი დამხრჩვალ-გაგუდული, ზოგი სისხლამოწოვილი, ზოგი მსუბუქად დაჭრილი, ყველა, ყველა წაგებულშია, სადღა მიდის მოგებული? სინამდვილეში ეს მარტივად იხსნება: ერთმა წააგო მეორესთან, მეორემ მესამესთან, იმან მეოთხესთან, მეოთხემ პირველთან, პირველმა _ ისევ მეორესთან... ასე გრძელდება უსასრულოდ და მოგებულიც ამ მოძრაობაში მიდის, დროს მიაქვს მოგებული. ოთხივე წაგებულშია, ერთი მოკვდება _ სამი გააგრძელებს თამაშს, კიდევ ერთი _ ორი გააგრძელებს, კიდევ ერთი ... და ახალი მოთამაშეები დაიბადებიან, რომლებმაც ჯერ არ იციან რა 161


უსასრულო ბრუნვაში მოექცნენ ციკლის შესავსებად. კიდევ კარგი შენც არ დაიწყე თამაში. თამაშის მომგონის... გძინავს სპარტაკ? _ გაეხმიანა მურზა ამხანაგს. პასუხი რომ ვერ მიიღო, _ მეც უნდა დავანებო თავი-ო, _ გუნებაში დაამატა და დაამთქნარა. სპარტაკმა საღამოს გაიღვიძა. მურზა წასულიყო. ჩანთა იქვე ეგდო. მაგიდაზე წერილი დაეტოვებინა: "სპარტაკ, შვიდ საათზე რესტორანთან მოდი, გოგოები არიან". სპარტაკმა საათს დახედა. უკვე რვის ათი წუთი იყო. სწრაფად ჩაიცვა, პირი დაიბანა და რესტორნისაკენ გაემართა. მალე მურზა კარისკაცთან ერთად გამოჩნდა და მინის კარებიდან სპარტაკზე ანიშნა. კარი გააღეს და კვლავ ერთად იყვნენ გასტროლიორები. საღამომ ბრწყინვალედ ჩაიარა. "ფული არის, შამპანური არის, გოგოები არიან, ირორე-რე ისმის" იტყოდა მურზა ხმამაღლა, "ინტელექტუალი" რომ არ გამხდარიყო. გოგოები ნომერში მოიწვიეს და გამთენიისას გააცილეს გარყვნილების მოლიპულ გზაზე. ხელკავით მიჰყავდათ, ფეხი რომ არ დასცურებოდათ. სასტუმროში რომ მიტრიალდნენ, მურზამ სპარტაკს უთხრა: _ ორჯონიკიძეში ხომ არ დავბრუნდეთ, უკვე ზაფხული მოგვადგა, ნეკას ფულიც მისაცემი გვაქვს... სპარტაკი სიხარულით შეხვდა ამ წინადადებას. შხაპი მიიღეს და შუადღემდე მკვდრის ძილით ეძინათ. გადაწყვიტეს მატარებლით როსტოვამდე წასულიყვნენ და იქიდან ავტოტრანსპორტს 162


გაჰყოლოდნენ ორჯონიკიძემდე. ბარში ორი ფინჯანი ყავა დალიეს, შემდეგ სასტუმროს მოხელეს ანგარიში გაუსწორეს და მაღაზიაში წავიდნენ "წიგნების" საყიდლად. რკინიგზის სადგურში საღამოთი იყვნენ. კვლავ მოსკოვი-თბილისას მატარებელში აღმოჩნდნენ. ამჯერად მთავარი შემადგენლობის მეთხუთმეტე ვაგონში ტულიდან როსტოვამდე შფოთიანად იმგზავრეს. სამხრეთელი მგზავრების ტემპერამენტი აღშფოთებდა ბანქოს გენიას (პროფესიას დაევიწყებინა, თვითონაც სამხრეთელი რომ იყო). ორმოც წელს მიტანებული ულვაშებგადაგრეხილი ვაჟკაცური აღნაგობის კავკასიის მთის შვილი, ექვსი შვილის მამა, წამდაუწუმ გამოდიოდა და მომდევნო კუპეში მჯდომ მარტოხელა ქალს დაენახვებოდა ხოლმე მთელი ღირსშესანიშნაობებით. ყველა ასაკის ბავშვები მამას ფეხის ნაბიჯებს უთვლიდნენ და დედასთან (მეშვიდეზე რომ იყო ფეხმძიმედ) ამბავი მიჰქონდათ. მეოთხე კუპეში მყოფ ორ ახალგაზრდა მანდილოსანს კომის ავტონომიური ოლქიდან სოჭში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. მოსკოვამდე მშვიდობით ემგზავრათ, მოსკოვიდან კი უბილეთოდ გაებედათ წასვლა, მეათე ვაგონის გამცილებელს მოლაპარაკებოდნენ, რომელიც სიხარულით დათანხმებულა, შეუყვანია თავის კუპეში. ნახევარი საათის შემდეგ უთქვამს, მე ადგილები ალბათ აღარ მექნება და მომდევნო ვაგონში გადადითო. ტულამდე კიდევ ოთხი გამცილებლის დაპირების გამოცვლა მოასწრეს გოგოებმა. მეთხუთმეტე ვაგონში კი ქალმა გამცილებელმა დატოვა ისინი. აქ ქართველ 163


მოქალაქე მგზავრებს შორის გაიმართა კონკურენცია. მურზამ თავისი კოზირი _ ბანქო გამოაჩინა და ფოკუსებით ართობდა ხუთვაგონგამოცვლილთ. ამ დროს ასე, ორმოციოდე წლის კაცი შემოვიდა კუპეში, იმპორტული სვიტერი ეცვა და ალესილი ცულის გამოხედვა ჰქონდა. ხელი მაგიდისკენ გაიშვირა უხმოდ. ოთხივე კითხვის ნიშნად იქცა, რა უნდოდა შემოსულს? _ პიტ! _ წარმოთქვა მან ხრიალა ხმით. სამშობლოსათვის ბრძოლაში შუბით მკერდგახეული მთავარსარდალიც ვერ მოითხოვდა ასე წყალს. გოგოებმა სწრაფად ლიმონათი გახსნეს და ჭიქა შეუვსეს შემოსულს. _ რომელი უბნიდან ხართ? _ ჰკითხა ქართულად მურზას და სპარტაკს წყურვილი რომ მოიკლა. _ თბილისელები არ ვართ, ჩვენ ორჯონიკიძეში მივდივართ, როსტოვში ჩავალთ. _ ჰოო, აბა ჩვენ უფრო შორს მივდივართ, _ თქვა შემოსულმა (თავისი თავი და გოგოები ჰყავდა მხედველობაში). სპარტაკს, რომ არ გასცინებოდა, კუპიდან გავიდა და ფანჯარასთან დადგა. მალე მურზაც გამოვიდა, სიცილს ვერ იკავებდა, ქალის გულისთვის რას აღარ იზამენო _ ამბობდა. ცოტა ხნის მერე იმავე ასაკის ამხანაგი მოვიდა, კარზე მიუკაკუნა და ჰკითხა: _ შალვა, რაშია საქმე? _ ვჩალიჩობ, ათ წუთში შემოდი გიო, არაყიც წამოაყოლე, _ იყო პასუხი. გიო ვაგონ-რესტორნისკენ გაემართა. _ ხელი არ შევუშალოთ, უფროსები არიან, პატივი 164


ვცეთ მათ გრძნობებს, _ თქვა მურზამ. _ რა ხალხია, ქალს რომ დაინახავენ, აღარაფერი ახსოვთ სხვა. _ არც შენ ხარ ნაკლები, ის ვინ იყო, კინაღამ რომ დავიხოცეთ და გოგოებს კითხულობდა? _ მეც მიყვარს, მაგრამ ხალხში?... მთელი ვაგონის მგზავრები უყურებენ, ამხელა კაცებს არ რცხვენიათ? _ რა დროს სირცხვილია?! ქალი ბიჭო, ქალი! _ იცინოდა მურზა, _ ჯერ სადა ხარ, ტულამდე რაც გადახდათ, შეიძლება უარესი გადახდეთ ამ ვაგონში. იმ ღამეს რა მოხდა გასტროლიორებისთვის უცნობი დარჩა, დილით აყალმაყალმა გააღვიძა ისინი. _ მტერი ვარ შენი! _ ყვიროდა ახალგაზრდა. _ გამიშვით! _ იწევდა მეორე, _ მაინც თბილისში არ ჩამოხვალ, სად წახვალ?! _ ძმაკაცებმა დაჭამეს ერთმანეთი, _ გაეცინა მურზას. გამოვიდნენ, საპირფარეშოში რომ გაემართნენ გოგოების კუპეში შეიხედეს. ნაოხარი იყო იქაურობა. ბოთლის ნამტვრევები, სხვა ნაგავი, ლეიბები და თეთრეული ერთმანეთში არეულიყო, გოგოებს ზემოთა საწოლებზე ეძინათ. ცულის გამოხედვიანი და მისი ამხანაგი არ ჩანდნენ. გამთენიისას ოთხი ახალგაზრდა შეესახლებინა გამცილებელს. ერთი მათგანი ჩხუბის მერე სადღაც გაქრა, სამნი მოსაწევად გავიდნენ, საქმეს არჩევდნენ. _ კიდევ ერთია ზედმეტი, _ კვლავ იცინოდა მურზა. დილის ტუალეტი რომ მოამთავრეს, მატარებელი სადგურში შეჩერდა. სხვა ბევრი მგზავრის მსგავსად ბაქანზე ჩავიდნენ და სიგარეტი გააბოლეს. კომელი გოგოებიც ჩავიდნენ. სპარტაკმა ერთ მათგანს 165


მზესუმზირა გამოართვა. ამ მოქმედებამ სამეულში არასასიამოვნო ეჭვები აღძრა და გოგოები ვაგონში აიყვანეს. სპარტაკმა მზესუმზირაში პატარა წითელი ღილი აღმოაჩინა და არ გადააგდო. იფიქრა პატრონს დაუბრუნებდა. მალე მატარებელი დაიძრა და მგზავრები ავიდნენ. კომელების კუპეში ხუთნი იჯდნენ. ბიჭები ქართულად ლაპარაკობდნენ, სამიდან ერთ-ერთს უნდა დაეთმო და გასულიყო. ვერც ერთმა რომ ვერ გაიმეტა თავი, არაყი ამოიღეს და სმა დაიწყეს. ბრწყინვალე სქესის წარმომადგენლები არ სვამდნენ, მაგრამ ქართულ ადათ-წესს ვერსად გაექცნენ, რომლის თანახმად ზოგიერთ სადღეგრძელოზე სასმისი აუცილებლად ბოლომდე უნდა შეესვათ. ბიჭები დათვრნენ და მანდილოსნებისადმი მეტი ყურადღების გამოჩენაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. კარგი საბაბი მაშინ მიეცათ, სპარტაკმა ღილი რომ შეუტანა კუპეში პატრონს. _ ბიჭო, არ იტყვი, რა გინდა?! _ უთხრა გამომწვევი ტონით ერთერთმა. _ ვინ არის შენი "ბიჭო"?! შე მართლა ბიჭუნა, _ უპასუხა სპარტაკმა. _ ესა ნახე, რა?! ბიჭო, შენ რამე ხომ არ გეშლება?! აბა, დაითესე აქედან! _ მიაყარეს სპარტაკს. _ თქვენ არაფერი შეგეშალოთ, სამ ძმაკაცს ორი გოგო ვერ გაგიყვიათ, _ უთხრა სპარტაკმა და კუპიდან გამოვიდა. გამოსვლისას წიხლი მოხვდა უკნიდან და კუპის კარი დაიკეტა. სპარტაკს სისხლი მოაწვა და კარებს მტვრევა დაუწყო. სხვა მგზავრები გამოვიდნენ და 166


ვიღაც ხანდაზმული ეუბნება: _ აბა რას შვრები, როგორ შეიძლება, კარებმა რა დაგიშავა?! _ არ გინდა სპარტაკ! _ გამოიქცა მურზა მისკენ, _ ცოტა ხანს დაიცადე, თვითონ გააღებენ. მურზა კუპესთან დადგა და სპარტაკს სთხოვა, მოშორებოდა იმ ადგილს. მართლაც, სიჩუმემ რომ დაისადგურა, კარი გაიღო, მურზას ჯერ არ დაენახა ვინ გააღო კარი, ხელი მოიქნია და კუპეში შევარდა. გოგო გამოდიოდა, მაგრამ საბედნიეროდ ის ისეთი დაბალი იყო, მურზას მუშტმა თავსზემოთ გადაუქროლა. ვიღაცამ შიგნიდან კარს მიჰკრა, ხელი მოაყოლა და მურზამ ტკივილისგან იყვირა. მარჯვენას ვეღარ ამოძრავებდა. კუპეში შევარდა და ჯერ წიხლები წვივებში ურტყა, მერე ტკივილისგან მოკუნტულებს მარცხენათი დასცხო. გოგოები წიოდნენ: ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ეგონათ თვითონაც მოხვდებოდათ. სპარტაკი კუპეში ვერ შევიდა, ადგილი არ იყო. ყველა დაწყნარებული რომ დაინახა თვითონაც დაწყნარდა. _ კიდევ კარგი საქართველოს მატარებელში ვართ, _ თქვა მურზამ თავიანთ კუპეში რომ შედიოდნენ, _ მილიციის შიშით ახლა გაქანებული მატარებლიდან უნდა ვხტებოდეთ. _ ხელი როგორ გაქვს? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ ვაი, მგონი დავკარგე დავკარგე შრომის იარაღი, _ მურზას მკლავზე კანი გადაყვლეფოდა, _ წავიდე, წყალი შევისხა, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება! _ თქვა მან და საპირფარეშოში წავიდა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. 167


მის დაბრუნებამდე კუპეში მატარებლის უფროსი და გამცილებელი გამოცხადდნენ. _ აი ეს ახალგაზრდა და ამის ამხანაგი იყვნენ პავლოვიჩ, _ თქვა ქალმა. _ სად არის ბიჭო შენი ამხანაგი? _ ახლავე შემოვა, _ უპასუხა სპარტაკმა. _ სად გგონიათ თავი?! _ დაიწყო პავლეს ძემ, _ ჩადით მატარებლიდან პირველივე სადგურზე და თავ-პირი გიმტვრევიათ ერთმანეთისთვის. _ ჩვენ როსტოვამდე მივდივართ, ბილეთები გვაქვს, _ შეაწყვეტინა სპარტაკმა. _ ეს ვინ ყოფილა?! _ აღშფოთდა მატარებლის უფროსი. _ უნდა ჩამოვსვათ, _ მხარი აუბა გამცილებელმა. _ მე რაში მაინტერესებს სადამდე მიდიხარ და რად მიდიხარ? როცა მგზავრობ, უნდა იმგზავრო მგზავრივით. ახლავე შევადგინოთ ოქმი თამარა და თბილისში გავერკვევით. თუ, გგონიათ ჯარიმით გადარჩებით?! ათი იმდენი დაგიჯდებათ ხელების ქნევა! ვსიო, მოვრჩი ლაპარაკს, ან ჩახვალთ პირველივე გაჩერებაზე. სად არის მეორე? _ ჰკითხა გამცილებელს. _ აგერ, მგონი ეს არის, ჰო, ეს არის, _ თქვა, გავიდა რა დერეფანში, თამარამ, _ შედი ბიჭო, უფროსს ელაპარაკე, _ უთხრა მურზას. მურზამ შემადგენლობის უფროსს ნატკენი ხელი აჩვენა და უთხრა: _ შეფ, შეხედე რა მიქნეს. _ ჩვენ ოქმს შევადგენთ, _ თქვა უფროსმა, _ ვინ ვის რა უქნა, იქ ჩაიწერება, მარტო ჯარიმით რომ გადარჩეთ, 168


ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ. ხულიგნობთ, რა, თქვენი სახლი ხომ არ გგონიათ?! მურზამ ოცდახუთმანეთიანი ჩაუდო ჯიბეში. _... არ შეიძლება ბიჭებო ასე, არ შეიძლება, _ თქვა უფროსმა და სხვა ხულიგნების კუპეში გადაინაცვლა. იქ ოქმი შეადგინეს. გოგოებმა ყველაფერი უამბეს პავლეს ძეს. გულდათუთქულმა თავისთან წაიყვანა ორივე. სამი თბილისელი მეგობარი მეოთხეს ძებნას შეუდგა მატარებელში, თითქოს უიმისოდ შურისძიება ცოდვად ჩაეთვლებოდათ. როსტოვამდე ამაოდ ელოდნენ გასტროლიორები მათ. როსტოვში "როსტოვი-გროზნოს" მატარებელზე გადასხდნენ და ბესლანამდე იმგზავრეს. იქიდან ორჯონიკიძეში ნაცნობმა ჩაიყვანა მანქანით. სპარტაკთან მივიდნენ სახლში. კარი დედამ გააღო. _ შვილო! _ აღმოხდა მას და ჩაეკონა. დიდხანს ეალერსებოდა დაკარგულ შვილს. მურზას თავისი დედა გაახსენდა. მაგრამ წამიერი იყო ეს გახსენება, შორეული და ბუნდოვანი. სპარტაკმა ამხანაგი წარუდგინა დედას. _ მე წავედი სპარტაკ, _ თქვა შემდეგ მურზამ, _ საქმეები მაქვს. _ სად წახვალ, ჩემთან სახლში ჯერ არ შემოსულხარ?! _ იწყინა სპარტაკმა. _ არა, ხომ იცი, საქმეები მაქვს. _ მაშინ მოიცადე ცოტა ხანი და მეც წამოვალ. _ შემოდი, შვილო, სახლში, _ შეიპატიჟა ოლღამ. _ არა, გმადლობთ, _ უთხრა მურზამ, _ სპარტაკ, შენ 169


დარჩი, სახლში იყავი, გამოგივლი. _ კარგი, როგორც გინდოდეს. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სპარტაკი დედასთან დარჩა. _ როგორ მომანატრე თავი! _ კვლავ გადაეხვია დედა. _ მეც მომენატრე დედა! მამა სად არის? _ სამუშაოზეა, მალე მოვა, ერთი წერილი მაინც მოგეწერა, რას იქმ, როგორ მოეწყე! _ უსაყვედურა დედამ. _ ვერ მოვიცალე დედა, ცხელი წყალი გვაქვს? _ კი შვილო. _ შხაპი უნდა მივიღო, ნამგზავრი ვარ. _ რაც დაგჭირდება, შენ კარადაში აწყვია. სპარტაკმა შხაპი მიიღო, ისადილა. დედას სამსახურის შესახებ უყვებოდა. იმ სამსახურის შესახებ, ბოლო, ძილგატეხილ ღამეს რომ გამოიგონა მატარებელში, როცა მურზას ეძინა. _ ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ? _ ცოლისთვის სად მცალია?! დამანებე თავი. _ მოგვწყინდა, შვილო, მარტო ყოფნა, სამი წელი ასე რა გაგვაძლებინებს. ათ საათამდე სპარტაკი მურზას ელოდებოდა, შემდეგ ჩაეძინა. დედამ ლოგინი გაუშალა და ჩააწვინა. ომარი ღამე დაბრუნდა სამუშაოდან. საკიდზე უცხო კვართი დაინახა, ოთახის კარი შეაღო, მძინარე სპარტაკს დახედა და გახარებულმა ხმამაღლა წამოიყვირა: _ სპარტაკ, შე ძველო! ოლღას გაეღვიძა, გახარებულმა ცოლ-ქმარმა სამზარეულოში ივახშმეს, ოლღა შვილის ნაამბობს 170


უყვებოდა ქმარს. დილით, ცხრა საათზე ტელეფონმა დარეკა. სპარტაკს კითხულობდნენ. ომარმა გააღვიძა შვილი. _ ადე, შე ძილისგუდა! სპარტაკმა თვალი გაახილა, _ ვაჰ, მამა! _ შესძახა, წამოდგა და გადაკოცნა. _ როგორ ხარ მამა, სულ არ შეცვლილხარ. _ მიდი, ტელეფონს უპასუხე, მერე ვილაპარაკოთ. მურზა რეკავდა. _ საიდან გაიგე ტელეფონის ნომერი? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ შენი ამხანაგი შემხვდა წუხელ. _ რატომ არ გამომიარე საღამოთი?! ათ საათამდე გელოდი. _ ადგომა არ შეიძლებოდა, _ უპასუხა მურზამ, _ სპარტაკ, დღეს მივდივარ, შეიძლება ვეღარც გნახო. _ საით? _ შავზღვისპირა კურორტებზე, სოჭიდან დავყვები, მანქანით მივდივართ სამი კაცი. _ ნეკას მიეცი ფული? _ დაიჩურჩულა სპარტაკმა. _ ჰო, ახლახანს დავშორდით, გაიარე ხოლმე ბიჭებთან... სპარტაკ! _ რა არის? _ ის ვარიანტები გამომითვალე, ტულაში შიმშილობის დროს რომ გეუბნებოდი, ფორების ვარიანტები. _ კარგი, მურზა, _ გაეცინა სპარტაკს, _ ვეცდები, შენ როდისთვის ჩამოხვალ? _ აბა, როგორ გითხრა? გააჩნია როგორ წამივა საქმეები, დაგირეკავ ხოლმე. 171


_ ხომ იცი, მე შვებულებით ვარ და ერთ თვეზე მეტი ვერ გავჩერდები, _ კვლავ დაიჩურჩულა სპარტაკმა. _ ერთ თვეში ჩამოვალ, კარგად დაისვენე, ბიჭებთან გაიარე ხოლმე, გაერთობი. _ კეთილი მგზავრობა, დამირეკე, მაინტერესებს როგორ იქნები. ყურმილი რომ დადო დედამ ჰკითხა: _ ვინ არის ეგ მურზა? _ ამხანაგია. _ სადაურია? _ სადაური? _ ეუცხოვა შეკითხვა სპარტაკს, მურზას არასდროს უთქვამს სადაური იყო. სადაც წასულან, ყველგან ნაცნობი ხალხი ხვდებოდა. "აუცილებლად უნდა ვკითხო, სად არიან მისი მშობლები, _ იფიქრა მან, _ რა სოფელი იყო ის, კაკლებზე სადაც დაიწყო თამაში?" _ თბილისელია, _ უპასუხა დედას. "შვებულება" სპარტაკმა სახლში გაატარა. მოთამაშეებთან კვირაში ერთხელ მიდიოდა. მურზას თხოვნა შეასრულა, ყველა ქულის ალბათობა გამოიანგარიშა, მაგალითად ათი ქულა ყოველ ოთხხუთ დარიგებაში მოდიოდა და იგებდა ხუთას დარიგებაში ერთხელ, უძლეველი სამი შვიდიანი კი მოდიოდა და იგებდა ათასექვსასორმოცდაათ დარიგებაში ერთხელ. შემდეგ მურზასთვის რომ უნდა ეჩვენებინა ეს გამოთვლები, წინასწარ გამომცდელად ჰკითხა რა ქულა რამდენ დარიგებაში მოდიოდა და გაკვირვებისგან ხმა ვეღარ ამოიღო. მოთამაშემ, რომელსაც მათემატიკაში, კერძოდ ალბათობის თეორიაში ელემენტარული განათლება 172


არ ჰქონდა, ცოტა ფიქრის შემდეგ მრავალი ქულის მოსვლის ალბათობა ზუსტად დაუსახელა. მურზამ კი არ შეასრულა დაპირება, მხოლოდ ერთხელ დაურეკა, შუაღამით, მოგებით გახარებულმა. ორჯონიკიძეში ჩამოსვლას არ აპირებდა ალბათ. ერთი თვე რომ გავიდა, სპარტაკი მშობლებს გამოემშვიდობა და ბარგით ნეკასთან გადასახლდა. ახლა ძალაუნებურად ჩაერთობოდა ხოლმე თამაშში. დანიშნული ბანქოს "დაჭერაში" დახელოვნდა. მურზას ჩვეული ნიშნები შეაპარა ნახატებს, ბევრს შეუმჩნეველი რომ რჩებოდა. ნეკას ფული ტრიალებდა, მატულობდა და მატულობდა. _ რომ აღარ წითლდებოდე, ხელებში მოტყუებას ვერავინ გაგიგებს! _ ეუბნებოდა ნეკა თითის ოსტატი. სპარტაკი სარკესთან ვარჯიშობდა, მაგრამ გამომუშავებული თავდაჭერა თამაშის დროს აღარ არსებობდა და საკმარისი იყო თუნდაც გონებაში გაევლო რაიმე ფანდი, მაშინვე ალმური ედებოდა. ფრჩხილები მურზასავით გაიქლიბა, კანტები გაიკეთა დასტაში შეუმჩნევლად ქვედა ფურცლის შესაღუნად, მაგრამ გაწითლების გამო უძნელდებოდა ამის გამოყენება. სპარტაკი ნეკასთან ცხოვრობდა. ერთხელ, აგვისტოს დასასრულს მურზამ დარეკა და სპარტაკი იკითხა. _ სპარტაკ, როგორ ხარ? _ კარგად, შენ როგორ? ხმა დაგბოხებია. _ გავლოთდი, წყლის მაგივრად შამპანურს ვსვამ. _ მაშ, მაგრად იქნები. _ ჰო, ახლა მოგებულში ვარ. 173


_ საიდან რეკავ? _ იალტიდან, გუშინ ჩამოვედი, ერთი კვირა ფეოდოსიაში ვიყავი, დავიპყარი ყირიმი, შენ რას შვრები? _ აქ ყოველდღე გახურებული თამაშებია, ვმონაწილეობ. _ მანდ დიდი თამაში თვეში ერთხელ თუ გამოვა და მერე ყველა დახოცილია. იალტაში ხალხი მყავს ასაფეთქებელი, სამოცდაათი კაპიკი ჩემია, ახალი შანსებია, მერე მოგიყვები. _ სამი თვე სად იყავი? _ ახალ ტერიტორიებშიც მოვხვდი, მთელი ყირიმი მოვიარე, შენ ხომ არ მოგწყინდა ორჯონიკიძეში? _ ხომ იცი, შვებულება გამითავდა და სახლიდან წამოვედი, ხომ არ ჩამოვიდე? ის ვარიანტები გამოვთვალე, აქ უკვე ვიყენებთ, ნეკა გახარებულია, სულ გამოთვლილ ცხრილით დარბის და იზეპირებს. _ შენც ხომ არ დაიწყე თამაში?... ახლა გაითიშება, თხუთმეტ კაპიკიანები გამომელია. _ ხანდახან ვთამაშობ. _ რად გინდა, ვინ აშენებულა მაგით?! ჩამოდი იალტაში, მაგარი გრიალია, სახედარი მყავს, ვაზ ნოლთერთმეტი... კავშირი გაითიშა. _ რაო მურზამ? _ ჰკითხა ნეკამ სპარტაკს ყურმილი რომ დადო. _ იალტაშია, _ ხალხი უნდა დავხოცოო _ ამბობს. _ წახვალ? _ წავალ. _ მოგებული ფულიდან ნახევარი აიღე ძმაო, _ უთხრა 174


ნეკამ. _ მაგდენი რად მინდა?! მურზაც მოგებულია. _ აიღე რამდენიც დაგჭირდება. _ ერთს ავიღებ. _ კარგი, როგორც გინდა. სპარტაკმა ათასი მანეთი მოაკლო მოგებულ ფულს, თუმცა ღამე წააგო და კიდევ ხუთასი გამოართვა ნეკას. სამ დღეში იალტის ერთერთი ტურბაზის წითელ კუთხეში მოხდა შეხვედრა. სპარტაკმა ტურისტებთან შაშის თამაშს თავი ანება და ღია დარბაზში ჩავლილ წყვილს წამოეწია. _ გარყვნილების მოლიპულ გზაზე ფეხი არ დაგვიცდეს, _ ჩაილაპარაკა სპარტაკმა მურზას ზურგს უკან. მურზა მოტრიალდა. _ ძმაო, როგორ მომაგენი, _ შესძახა მან და გადაეხვივნენ ერთმანეთს. გრძელდებოდა გასტროლები. _ ორჯონიკიძე ხომ არ მოგენატრა? _ ჰკითხა მურზამ ერთი კვირის შემდეგ, _ წავიდეთ ძმაო, ფეოდოსიისკენაც არის სხვა ორჯონიკიძე, _ სიცილით შენიშნა მან. მურზა საბილიარდო კლუბში ყველაზე იოლად პოულობდა კლიენტებს. შევიდოდნენ, დადგებოდნენ მაყურებელთა კრებულში და მოთამაშეებს შენიშვნებს აძლევდნენ. ეს საფუძველს მოკლებული შენიშვნები და სხვის საქმეში ჩარევა მათ აღშფოთებდათ და ბილიარდის სათამაშოდ იწვევდნენ ფულზე. "ბილიარდი რა თამაშია?! კარტი 175


რომ იყოს კიდევ ჰო!" _ ეს ფრაზა ხუთჯერ გაიმეორა და ხუთჯერვე მიაღწია საწადელ შედეგს. თამაშს უცხადებდნენ, ან ამხანაგთან მიჰყავდათ, ან ვინმე წალაპარაკებას შესწრებული მოინდომებდა თავის გამოჩენას. აქ დიდი თამაში არ კეთდებოდა, მაგრამ მურზა ვარაუდობდა, რომ ამ გზებით დიდ თამაშსაც მიაკვლევდა, მსხვილი თევზიც გამოჩნდებოდა სატყუარასთან და ჩაჰკრავდა ტივტივა. ხელისშემშლელმა პოპულარობამ ამჯერად დადებითად იმოქმედა. ხალხმა თვალი შეაჩვია და აღარავინ ეთამაშებოდა. ამაყობდნენ ბილიარდში უპირატესობით და ბანქოში მურზას უპირატესობას აღიარებდნენ ასე გათანაბრებულნი. შენიშვნებს უკვე ხუმრობით პასუხობდნენ. "მანქანა ჰყავს, თამაშობს, ყოველთვის იგებს" _ ამბობდა იალტის პლაჟებზე მოფენილი მურზას სავიზიტო ბარათი. შავი ჯუჯა კაცი წააწყდება ერთ ცალს და ყოველ შემთხვევისათვის ჟილეტის ჯიბეში ჩაიდებს. ეს კაცი სამშენებლო კოოპერატივს მესვეურობდა და მის ბედის ფურცელში ახლა იალტაში, დაძაბული და საჩოთირო შრომის შედეგის რეალიზაცია იყო ჩაწერილი. ეს იცოდა და არც ცდილობდა ბედს წინაღდგომოდა. დადიოდა რესტორნებში, ვარიეტეზე, ათასგვარ საჩუქრებში ფლანგავდა ფულს, ამიტომ მანდილოსნებიც არ იყვნენ მისდამი გულგრილნი. საქმოსანთა დევიზი: "ფულმა ფული იცის" ყოველ საქმეში, ყოველ მოვლენაში წინ უძღვებოდა გამორჩენაზე ფიქრისას. საბილიარდოში შეიარა რამდენჯერმე, სავიზიტო ბარათი უწვავდა ჯიბეს, ორჭოფობდა. ერთხელაც, 176


ნაცნობობის მესამე დღეს გასტროლიორები პიკნიკზე დაპატიჟა თავიანთ თვალწარმტაც თანამგზავრებთან ერთად. დილის თერთმეტ საათზე ორი მსუბუქი ავტომობილი, "გაზ_24" ტიპის შავი და "ვაზ_21011" ტიპის თეთრი, ბუნების წიაღს შეერია. სუფრა გაიშალა, შამპანური შეისვა. სპარტაკი სამ გოგოსთან მარტო დარჩა. მურზა და ჯუჯა საქმოსანი განცალკევდნენ, ტანდაბალი ხის ძირში გადასაფარებელი გაშალეს, ზედ მოთავსდნენ და კამათელი გააგორეს. წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ხან ნაკლები ქულა იქნებოდა მომგებიანი, ხან _ მეტი, ისე, როგორც მოილაპარაკებდნენ გაგორების წინ. ერთ მომენტში, დიდი თანხა რომ გამოგროვდა ჯიბიდან გადასაფარებელზე, შავმა კაცმა აჰყარა კამათელი და დუ-ბეშის საპასუხოდ დუ-შაში გააგორა. მურზამ კამათელს ხელი დასტაცა და საათის სამაჯურს მიადო. კამათელში მაგნიტი არ იდო, მერე გადასაფარებელი აწია, მაგნიტს ეძებდა, ვერ იპოვა, კამათელი ფრჩხილზე დაისვა და შეარხია, სიმძიმის ცენტრის დარღვევაზე შეამოწმა. ამ მხრივ კამათელი სუფთა იყო. _ გაკეთებული გაქვს კამათელი უფროსო, დაასკვნა ბოლოს და მიუყარა. _ მაგნიტზე გინდა შემოწმება? თქვა შეურაცხყოფილმა, კამათელი აიღო და წამოდგა, _ წამოდი მანქანაში მაგნიტიანი ნათურა მიგდია სადღაც. _ მაგ კამათელს ახლა უკვე ღამე აქვს გათეული შენ ხელში, _ გაეცინა მურზას. 177


_ როგორც გინდოდეს, სუფთა კამათელია, _ აღარ შეედავა გულწრფელობაში ეჭვმიტანილი. _ წავიდეთ შეფ, შამპანი მივირთვათ, აღარ მინდა თამაში. "ფულმა ფული იცის" _ კვლავ ამოუტივტივდა გონებაში დევიზი მოგებულ საქმოსანს, მივლინების მსვლელობა ყოველთვის უმტკიცებდა ამ ფრაზის სიმართლეს. განცალკევებულნი კომპანიას შეუერთდნენ. გოგოებმა ბადმინტონის თამაშს თავი ანებეს. სპარტაკმა შეატყო განხეთქილება რომ მოხდა მოთამაშეთა შორის. შავი ჯუჯა მალე ადგა და ჩვენი წასვლის დროაო, _ თქვა. _ შეფ, ხვალ მოხვალთ საბილიარდოში? _ ჰკითხა მურზამ. _ ყოველთვის მზად ვარ გემსახუროთ, უპასუხა შავმა, თანამგზავრი მანქანისკენ წაიყვანა, კარი გაუღო, ჩასვა და სანამ თვითონაც ჩაჯდებოდა დარჩენილთ გაუცინა და ხელის აწევით დაემშვიდობა. _ ესეც კაცია?! _ თქვა მურზამ. _ მოგიგო? _ მომიგო. სიჩუმემ დაისადგურა, გოგოებიც მიხვდნენ უსიამოვნება რომ შეემთხვათ და შეკითხვებით არ აწუხებდნენ. _ მე მურზა არ ვიყო, _ გულზე ხელი დაიკრა დამარცხებულმა, _ თუ მაგას სისხლი არ ვადინო, მათხოვრად ვაქცევ! მთელი სამი თვე ვიძახი: "მაგნიტი მაქვს საშოვნელი", "მაგნიტი მაქვს საშოვნელი", და ერთი უბრალო მაგნიტი არ მიგდია 178


ჩანთაში, _ ბრაზობდა იგი. მალე მანქანაში ჩასხდნენ და იალტისკენ გაქროლეს. მურზა საჭეს უჯდა და არ ცხრებოდა, თავის თავს ლანძღავდა. _ რად მინდა ათასი ხარახურა რელე რომ მიყრია?! ბუნებაში ორასოცსაც ვერ იშოვი და მაგიდასაც, ქვეშ რომ შეუწყო ფეხები..., თან ისე უცბად წამოვედით,... უცბად მან ლაპარაკი შეწყვიტა, მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. _ ვაიმე, რა სულელი ვარ! _ აღმოხდა მას, _ ერთხელ მაინც გადამესროლა ჩემი რკინის კამათელი, ყოველ შემთხვევისთვის, ვაჰ, რა ვთოხლე! რომ არ მცოდნოდა კიდევ ჰო... _ რა თოხლე? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ აბა, ვთოხლე, მაინც ვთოხლე. ადრე, პატარაობაში, ქუთაისელი ბიჭები მოყვნენ: საღორიას ტყეში ხალხი მიჰყავთ და მიწაში ჩამარხულ მაგნიტზე ათამაშებენ ზარსო. ანეგდოტი მეგონა, გამეცინა, მაგრამ აი,... მე თვითონ ვჭამე. მურზამ მანქანა მოაბრუნა. დაბრუნდნენ, ტანდაბალი ხე მოძებნეს და ქანჩსაჭერით მიწის თხრა დაიწყეს. მართლაც, სამიოდ გოჯის სიღრმეზე ქანჩსაჭერი ვეება ნახევარწრიულმა მაგნიტმა მიიკრო. მაგნიტი ამოაძრეს, მიწისგან გაწმინდეს და წამოვიდნენ. _ მაგნიტიც ვიშოვნე, _ ხარობდა მურზა, _ რვაათას მანეთად. ტურბაზაში მისულებმა დაიძინეს. საღამოთი მურზამ კამათლები გამოფინა ჩანთიდან. კოლექცია, რომელიც ადრეც ენახა სპარტაკს, გაზრდილიყო და გამრავალფეროვნებულიყო. მურზა უჩვენებდა და 179


უხსნიდა: _ ეს სამი ცალი, მაგნიტით არის გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის დავათრევ, ამას არავინ ჭამს, საათის სამაჯურს გადაატარებს და "წკაპ" _ მიასკუპდებიან. ეს ოთხი _ რკინით არის გაკეთებული, ორი წაგებაზე თამაშობს, ორი _ მოგებაზე, ამასაც არავინ ჭამს ძლიერი მაგნიტი თუ აქვს ხელზე. ამათ სიმძიმის ცენტრი აქვთ გადახრილი, აი, ამას ორგან აწერია შაში, ეს კი ... ოო, ეს ფასიანი კამათელია, შენ ესეთი არ გინახავს, აბა გააგორე, _ მიაწოდა სპარტაკს კამათელი. სპარტაკმა ოთხიანზე დასვა. _ კიდევ გააგორე! კამათელი ყოველთვის ოთხიანზე ჯდებოდა. _ ცენტრი აქვს დარღვეული, _ თქვა სპარტაკმა, _ ჩარის კამათელია. _ ჰეე! _ გაეცინა მურზას, _ ხელებში მიყურე, რომ არ გამოგიცვალო. მან კამათელი გამოართვა და ცოტა ხნის მერე გააგორა, ახლა სამიანი მოდიოდა ყოველ გაგორებაზე. _ აკი ჩარისააო, საით აქვს ცენტრი გადახრილი! _ უხაროდა მურზას. სპარტაკი თვალებს არ უჯერებდა, გამოართვა და თვითონაც გააგორა, სამიანი მოვიდა, მაგნიტზე კამათელი არ რეაგირებდა. _ ეს ტექნიკის მიღწევაა, თუ გამოიცნობ რაშია საქმე? სპარტაკმა წახნაგებით თითებში მოიქცია და დააბზრიალა. _ ცენტრი აქვს გადახრილი, მაგრამ ჩარზე როგორღა 180


ჯდებოდა წეღან? _ უკვირდა მას. _ თუ გინდა იაქს გავაკეთებ. მურზამ გამოართვა და ცოტა ხნის მერე მართლა იაქი გააგორა. _ ეს ბომბი ყოფილა! _ თქვა აღტაცებულმა სპარტაკმა. _ ბომბია, გამოიცანი, ინჟინერი კაცი ხარ. სპარტაკმა ვერ გამოიცნო და ბევრი ხვეწნის მერე მურზამ აეხსნა რაშიც იყო საქმე. კამათელი შიგნიდან ბლანტი სითხით იყო ამოვსებული, რომელშიც პატარა ტყვიის ბურთულა დაცურავდა. ექვსი წამი ჭირდებოდა ბურთულის ფსკერამდე ჩაძირვას და სიმძიმის ცენტრის სასურველ მხარეს გადასაადგილებლად. _ ადრეც მქონდა ასეთი, ოღონდაც უფრო მარტივი. იმაში სფეროს მაგივრად ცილინდრი იყო ამოჭრილი და კამათელიც მხოლოდ ორი მიმართულებით იცვლიდა ცენტრს. ის მარტო სამ მაღალ ან სამ დაბალ ქულაზე ჯდებოდა. ამას კი რაზეც გინდა იმაზე დასვამ. _ ტყეში რატომ არ წამოიღე?! _ გაუკვირდა სპარტაკს. _ ეს ერთადერთი მაქვს და რომ გაექნია ხელი და მოესროლა, სად მეძებნა მერე?! _ ეს რა ყოფილა?! _ აღტაცებას ვერ ფარავდა სპარტაკი და აგორებდა კამათელს, იყენებდა რა ნასწავლ ხერხს. _ ხვალ დავბომბავ ჯუჯას, _ თქვა მურზამ, ყურადღება რომ სხვა რამეზე გადავატანინო, ჯერ კარტს შევთავაზებ. ჯუჯა მეორე დღეს არ მივიდა საბილიარდოში. სასტუმროში მიაკითხეს რევანშის ასაღებად. 181


დამანახვეთ ფულიო, _ უტიფრად მოსთხოვა საქმოსანმა. მურზამ მანქანა დაანახვა ფანჯრიდან. _ მე მყავს მანქანა, _ ჩაიცინა ჯუჯამ, _ ათასი მანეთი წინასწარ და გეთამაშები მანქანის ფულზე. მურზამ რვაას მანეთამდე დააკლებინა, გადაუხადა და ბანქო ამოიღო. _ ჰეჰ, _ გაიცინა ჯუჯამ და უკან გაუწოდა ფული, _ კარტი საბილიარდოში ითამაშე. _ უკვე მომსპო, _ ჩაილაპარაკა მურზამ და კარტი შეინახა. სათამაშოდ მაგიდას მიუსხდნენ, ნათალი ჭიქებიდან ყრიდნენ კამათელს, ცოტა ხანში მურზას ხასიათი გამოუკეთდა. რელეები გამოყარა მაგიდის ქვემოდან, ჟურნალების თაროზე წიგნებში რომ იყო ჩამონტაჟებული. ეს რა კარგი ლიტერატურა გქონიაო, _ შავს ეუბნებოდა, _ მეც მაქვს ჩანთაში ბიბლიოთეკაო. შიგადაშიგ მაგნიტის კამათლებს უშვებდა თამაშში, რასაც ჯუჯა უმალ ხვდებოდა და აცვლევინებდა. ასე მთელი ყურადღება კამათლის მაგნიტური თვისებების შემოწმებაზე გადაატანინა და გრავიტაციული თვისებები მხედველობიდან გამოაპარა. შეაგორა ბომბი-კამათელი, უკან გამოუგო წაგებული და ზედ კუპიურების ხუთი შეკვრაც მიამატა. ჯუჯა წამოხტა, ყელში სწვდა და დაღრჩობა დაუპირა, მურზამ ცოტა ხანს ითმინა, იფიქრა არ ეწყენინებინა წაგებით გამწარებულისათვის, მაგრამ რომ შეატყო _ იგუდებოდა, მუშტი დასცხო, ჯუჯა გადავარდა და ცხვირიდან სისხლი წასკდა. _ ვაი, _ იყვირა მან, _ ტანსზემოთ გაიხადა, კუნთები დაბერა და კრიჭაშეკრულმა ქშენა დაიწყო. 182


_ ეს ვინ ყოფილა?! _ თქვა მურზამ, კისერს იზელდა. ჯუჯას თითქოს არ ესმოდა, ქშენას უმატა და კვლავ მიახტა მურზას დასაღრჩობად. ამჯერად მურზამ ახლოს არ მიუშვა, კიდევ მოსცხო სახეში მუშტი და გასისხლიანებული ჯუჯა ძირს დაეცა. კარგა ხანს ეგდო და კვნესოდა. _ წავიდეთ, შარს არ გადაგვკიდოს, _ უთხრა სპარტაკმა. _ მოიცა, სპარტაკ, მგონი ესეც ავადმყოფია, ოღონდაც სხვა სიმპტომები აქვს. _ ჩვენ კი საქმოსანი გვეგონა. _ საქმოსნობიდან ჭლექამდე ერთი ნაბიჯია, ორიოლელი სტასიკაც თითქოს რაღაცის დირექტორია. ჯუჯა წამოდგა, აბაზანაში შევიდა და პირი დაიბანა. სისხლისდენა რომ შეუწყდა, მხოლოდ მაშინ გამოვიდა, მურზას ხელი ჩამოართვა და ბოდიში მოუხადა, უთხრა, რომ მართალი არ იყო. შემდეგ ერთმანეთი გადაკოცნეს და სათამაშოდ დასხდნენ. ამ წუთიდან მურზას მოგებულ კუპიურათა რაოდენობა ზრდადი გეომეტრიული პროგრესიის კანონებს ემორჩილებოდა. ერთხელ კიდევ მოინდომა ჯუჯამ ძმურად გადახვეოდა მეტოქეს, მურზაც გულღიად მიენდო და ჯუჯას ალერსიან ხელებში მოექცა, რომლებიც ყელში სწვდნენ. სპარტაკი დროულად რომ არ დახმარებოდა, ხორხს გამოგლეჯდა კოტიტა თითებით. ჯუჯას ფული გაუთავდა. მურზას რომ მოგლიჯეს და წიხლი მიიღო, სასტუმროდან გაიქცა და გასტროლიორების მანქანას მინები ჩაუმტვრია, ერთი 183


მინა არ დატოვა მთელი. ლაწალუწის ხმა გაიგეს, მაგრამ სანამ გამოვიდოდნენ, ჯუჯა "ვოლგაში" ჩამჯდარიყო და მათკენ მოაქანებდა მანქანას. ძლივს მოასწრე განზე გაწევა. მურზა ცუდად გრძნობდა თავს. _ ახლა მილიცია გაჩნდება აქ, _ თქვა მან. მანქანა შუშის ნამტვრევებით იყო სავსე. სპარტაკი მიუჯდა საჭეს, შუქნიშანთან შეჩერდნენ. უკანა კარი გაიღო და ავტოინსპექციის მუშაკი დაუკითხავად ჩაჯდა, თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. _ აბა ბიჭებო! _ თქვა მან მხიარულად, _ აგერ იმ მანქანას მიჰყევით, "32_02"_ს, სად მიგეჩქარებათ, ხუთი წუთი მოგდევთ და ვერ დაგეწიეთ. სპარტაკი ძალაუნებურად გაყვა ლურჯზაფრანისფერ "ჟიგულს". მტკიცე შენობასთან შეჩერდნენ. _ აი, აქ გააჩერეთ! _ უბრძანა "საი"-ს მუშაკმა, მე ხალხს ჩამოვიყვან თქვენი საზაფხულო სალონის დასათვალიერებლად. _ წავიდეთ, სპარტაკ! _ თქვა მურზამ, მტკიცე შენობის კიბეებზე მიმავალ მილიციელს რომ მოჰკრა თვალი და მანქანიდან გადმოვიდა. _ რატომ?! მანქანა დავტოვოთ? _ ეს მანქანა კი არა, ჯართია! ათი ამდენი მანქანა მოვიგე, ვკვდები, კისერს ვეღარ ვამოძრავებ. კერძო ავტომობილის მომსახურებისგან გათავისუფლებულნი ტურბაზაში ტაქსით გაემგზავრნენ. ნაცნობებს არ გამომშვიდობებიან. რკინიგზის სადგურიდან მატარებელს 184


კრასნოდარამდე გაყვნენ ქერჩის სრუტის გადალახვით. კრასნოდარიდან მანქანა იქირავეს ორჯონიკიძემდე. მგზავრობის დროს მურზა ხშირად უჩიოდა ყელის ტკივილს. ორჯონიკიძეში ნეკამ სახლში ექიმი მოიყვანა, რომელმაც ერთკვირიანი მკურნალობა დაუნიშნა. ერთ კვირაში ყირიმში მოგებული ფულის დიდი ნაწილი დაიხარჯა. ყელში დაჭრილი გმირი საწოლიდან წამოუდგომლად გასცემდა ფულს. ისტუმრებდა ძველ ვალებს და წაგებულ მოთამაშეებში გაასესხებდა. საერთო ამხანაგს მოსკოვში, სასტუმრო "მოსკოვში" დაჯავშნული ნომერი გაუჩნდა და გმირს დასვენება შესთავაზა. _ უკვე ფორმაში ვარ, _ უთხრა მურზამ სპარტაკს, _ რაკი მოსკოვში ვერა და ვერ მოვხვდით, მოდი ამ შემთხვევას ნუ გავუშვებთ და გავინავარდოთ სანამ ცოტა ფული დაგვრჩა. ოთხიღა დაგვრჩა. ორ-სამ დღეში ესეც აღარ გვექნება, მოსაგები ხალხი კი მე აქ არ მეგულება. თქმა და გაკეთება ერთი იყო. სასტუმროს ფული წინასწარ გადაიხადეს, სამგზავრო ბილეთები აიღეს და გაფრენის წინ თავს უფლება მისცეს ნახევარი საათით თამაშში გართობილიყვნენ. ეს სიამოვნება რამდენიმე მსხვილი კუპიურა დაუჯდათ, სამაგიეროდ თვითმფრინავში ნათელი განწყობილებით ჩასხდნენ. მოსკოვი თბილი ამინდით შეხვდა გასტროლიორებს. სასტუმროში მოეწყვნენ თუ არა, რესტორანში ისადილეს და ქალაქში გაისეირნეს. მურზას ხასიათი 185


გაუფუჭდა და ამის მიზეზად დღისით თვითმფრინავით მგზავრობას მიიჩნევდა. მეგობარი რომ გაემხიარულებინა, სპარტაკმა წამოიწყო: _ ქუჩაში გაცნობილ ქალს სულ სხვა ეშხი აქვს. _ საბოლოო ჯამში, სად გაიცნობ, ეგ სულ ერთია, ბოზი ბოზად შეგრჩება, პატიოსანი _ პატიოსნად. _ აგერ იმ გოგოს გამოველაპარაკები, _ ანიშნა სპარტაკმა ლამაზ გოგოზე, ფარდულთან რიგი რომ დაეკავებინა. _ გამოელაპარაკე, მე წინ წავალ, _ მიუგო მურზამ და მარტო გააგრძელა გზა, _ რამდენი გოგოც მომეწონება, ყველასთან თუ შევჩერდი საქმეს ვიღა მიხედავს?! _ ჩაილაპარაკა თავისთვის. სპარტაკმა გოგოს შემდეგ რიგი დაიკავა და ლაპარაკის გაბმა სცადა: _ ლამაზი გოგოს გაცნობა ძნელია? გოგომ გაიცინა და ხმა არ გასცა. _ დუმილი კარგი ნიშანია. _ თქვენ ამხანაგს ვეღარ დაეწევით, _ ანიშნა მურზაზე, როცა ის წამით მოტრიალდა. _ თქვენი გაცნობის სანაცვლოდ ამხანაგიც კი მივატოვე. _ რაკი ასეა, დავუშვათ, მე ვალია მქვია. _ მე კი, დავუშვათ, სპარტაკი. _ ძალიან სასიამოვნოა. _ ჩემთვისაც. _ კიდევ რა ცნობებს ინებებთ? ვსწავლობ, სიგარეტს ვეწევი, სპორტს და მუსიკას არ მივდევ, მიყვარს კინო. 186


_ ამ საღამოთი თავისუფალი ხართ? _ დავუშვათ, თავისუფალი ვარ. _ მაშინ უმჯობესი იქნება სასტუმრო "მოსკოვთან" შევხვდეთ ერთმანეთს ექვს საათზე. გოგო დაფიქრდა. _ შენ ამხანაგთან ერთად მოდი, ის უფრო მომეწონა, _ უთხრა ვალიამ და შემცბარ სპარტაკს გაუღიმა. სპარტაკმა ხელი ჩაიქნია, იფიქრა ამასთან არაფერი გამოვაო და გამოემშვიდობა. მურზას გზაჯვარედინთან წამოეწია. მწვანე შუქის მოლოდინში ბანქოს გენიის გონება ათასგვარ ფიქრს მოეცვა. _ რაღას უდგეხარ?! _ შეეხმიანა სპარტაკი, მწვანე შუქნიშანი რომ აინთო. _ მოხვედი? _ გამოერკვა მურზა, _ შენ გელოდებოდი, წამოდი, ერთი ადგილი გამახსენდა. ისინი ქუჩაზე აღარ გადასულან, უკან დაბრუნდნენ და ტაქსი გააჩერეს. მურზამ მძღოლს მისამართი აუხსნა და დაიძრნენ. _ იმ სახლში ხუთი წლის წინ ვიყავი, თათრები ცხოვრობდნენ ნაქირავებში, ბინის პატრონს სამზარეულოში ეძინა. მიხრწნილი მოხუცი იყო ვიაჩესლავ აფანასევიჩი, მაგრამ სმას მაინც არ ეშვებოდა, შეიძლება ცოცხალი აღარცაა. _ თუ ის ცოცხალი არაა, მაშინ მდგმურებიც აღარ იქნებიან, _ უთხრა სპარტაკმა. _ არ ვიცი, მგონი ოთახის ყიდვას აპირებდნენ. მივალთ და ვნახავთ. ტაქსი მთავარ ქუჩაზე გააჩერეს და ფეხით გააგრძელეს გზა. მურზა შეუცდომლად იხსენებდა 187


ეზოების გავლით მისადგომს. _ მგონი ეს სადარბაზოა, _ ანიშნა სპარტაკს კორპუსის კუთხის სადარბაზოზე, _ პირველ სართულზე ნანგრევები იყო, მეორეზე _ რკინის კარები, მესამეზე კი ვიაჩესლავ აფანასევიჩი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სართულზე ნანგრევები არ ჩანდა, მეორე სართულზე მართლაც რკინის კარები დახვდათ, მესამეზე კი ზარი რომ დარეკეს მოხუცმა გააღო. სასმელის სუნი გამოიჭრა. მოხუცს ერთთავად ეცინებოდა. _ გამარჯობა, შეფ! _ ხომ მაგრად ბრძანდები? _ მოიკითხა მურზამ და რადგან მოხუცს მხიარული გამომეტყველება არ შესცვლია, დაამატა: _ მე ვერ მიცანი, ვიაჩესლავ აფანასევიჩ?! _ გიცანი,... მუუზა, _ წაიჩიფჩიფა მოხუცმა, ისე, რომ ღიმილი არ მოსცილებია. _ მურზა, მურზა! _ შეუსწორა მოთამაშემ. _ ეს ... ვერ ვიცანი! _ მოხუცი ახლა სპარტაკს შესციცინებდა. _ ეს სპარტაკია, მეცნიერი კაცია, _ წარუდგინა მურზამ ამხანაგი. _ ვიაჩესლავ აფანასევიჩი! _ თქვა მოხუცმა და უფრო გაუხარდა რაღაცა, შემოდით, შემოდით! _ შეიპატიჟა შინ სტუმრები. _ თქვენი მდგმურები სად არიან? ჰკითხა მურზამ, გახუნებულ სავარძელში რომ მოთავსდა. _ წავიდნენ, ყველანი წავიდნენ, მარტო ერთი დარჩა, მას მანქანა ჰყავს, ცოლ-შვილი ჩამოიყვანა და აქ ერთ ოთახში ცხოვრობენ. თითქოს მოხუცის სიტყვებს ადასტურებდა, 188


მეზობელი ოთახიდან ბავშვის ჭყიპინის ხმა გაისმა. _ ერთი ბოხვერა თათარი იყო, ალბათ ის დარჩა, _ გადაულაპარაკა მურზამ სპარტაკს. _ თამაშობს? _ კი, თამაშობდა. _ ეს ოთახი თუ გინდათ, იაფად მოგაქირავებთ, ცარიელია, _ შესთავაზა მოხუცმა. _ არა, ჩვენ სასტუმროში ვცხოვრობთ, შენი მდგმური ახლა სადაა? _ ქალი და ბავშვი... თვითონ სამსახურშია, ექვსზე მოდის, ისინი აქ არიან... _ მოხუცი, მიუხედავად იმისა, უჭირდა ლაპარაკი და წინადადებებს ერთმანეთში ურევდა, გაჩუმებას არ აპირებდა, ძველ ამბებს იხსენებდა, თუ როგორ ცხოვრობდა სამზარეულოში, რა ჯურის ხალხი იკრიბებოდა მის ბინაში, თავისი ახალგაზრდობაც მოიგონა, მეც მეცნიერებას მივდევდიო _ ამბობდა, ქარხანაში მუშაობდა, სადაც ახლებური ტურბინები დანერგილა და დისერტაციისთვის თემა დაუწყია, მერე ეს ყველაფერი მიფუჩეჩებულა და ხილბოსტნეულის გადამამუშავებელ კომბინატში გადასულა ვიაჩესლავი. მურზამ მასპინძელს წყალი სთხოვა. მოხუცმა, რაკიღა მსმენელი იშოვა, მურზა სამზარეულოში გაგზავნა, თვითონ კი ლაპარაკი არ შეუწყვეტია. მურზას სამზარეულოში ნაცნობი უწესრიგობა და სუნი დახვდა. წყალი რომ დალია, გამოვიდა და შემთხვევით მეორე ოთახში შეაბიჯა. იქაც უწესრიგობა სუფევდა, ნახევრად შიშველმა ქალმა რაღაცა მიიფარა მკერდზე, არეულ ლოგინზე 189


მძრომიალე ბავშვმა გაკვირვებული თვალებით გამოხედა. _ ქმარი არ არის სახლში, _ უთხრა ქალმა. მურზა გამოვიდა და კარი მიხურა. სავარძელში ჩაჯდა, ცოტა ხანი მოხუცის არეულ-დარეულ ამბებს უსმენდა, მერე კი სპარტაკს გადაულაპარაკა: _ წავიდეთ, აქ ჩვენი ადგილი არ არის. _ დაველოდოთ, უკვე ხუთი საათია! _ არა, არ მინდა თამაში. _ მაშ, წავიდეთ. მურზა წამოდგა და მოხუცს შეაწყვეტინა. _ აბა, ვიაჩესლავ აფანასევიჩ, ჩვენ წავალთ! _ მოიცა, რატომ?! ჯერ ადრეა, სად წახვალთ? _ გაუკვირდა მოხუცს და ახლაღა მოსცილდა ღიმილი, თუმცა დროებით, როცა ემშვიდობებოდა კვლავ აუთამაშდა ათინათი სახეზე. _ არაყი დარჩა დასალევი, _ მიუხვდა გამხიარულების მიზეზს მურზა. სასტუმროში დაბრუნება დააპირეს. გზაში სპარტაკმა უამბო, რიგში გაცნობილმა გოგომ მურზას რომ მიანიჭა უპირატესობა, რითაც ძალიან გაამხიარულა. _ მაშინვე მაინც გეთქვა, ეგ გოგო ხელიდან გასაშვები არ იყო. _ კი დავიბარე ექვს საათზე, მაგრამ მგონი არ მოვა. _ ოო, თუ მოვიდა ეს ყველაზე საინტერესო შეხვედრა იქნება, ასეთი რამ სეზონში ორჯერ არ ხდება. სასტუმროსთან რომ მივიდნენ, ეს ამბავი გადაავიწყდა, რადგან ორჯონიკიძიდან "ფეხდაფეხ" მოყოლილი ნაცნობები დახვდათ და მურზა დაიმარტოხელეს. სპარტაკი იქვე ელოდა. ჯგუფიდან 190


კამათის ხმა მოდიოდა. მურზა რაღაცას ამტკიცებდა, სხვები უხირდებოდნენ, ერთმა დასარტყმელად გაიწია. სანამ სპარტაკი მივარდებოდა დანარჩენებმა მოჩხუბარი გააჩერეს. _ მაგ ხელის მოქნევას ძვირად დაგისვამ! _ ცხარობდა მურზა. _ მალე გაირკვევა, ვინ არის მართალი! _ ვალში არ რჩებოდნენ ისინი. _ გაარკვიეთ, გაარკვიეთ! მე კი გამომძიებელი არ ვარ, რომ თქვენი ფულები ვეძებო, _ თქვა მურზამ და ჯგუფს გამოსცილდა. _ იცოდე, სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც მოგძებნით, _ დაედევნა ხმები. _ ჩვენ აქ ვართ და არ ვიმალებით, _ უთხრა მურზამ, სპარტაკს ხელი გადახვია და სასტუმროში შევიდნენ, _ რა ხალხი გადავიკიდე, რა საჭირო იყო, _ ნანობდა შეცდომას იგი. _ ვინ არიან და რა უნდოდათ? _ ჰკითხა სპარტაკმა. მურზას პასუხი არ გაუცია, რადგან სპარტაკის გაცნობილი გოგო დაინახა. _ აგერ, მოვიდა, _ იდაყვი მიჰკრა სპარტაკს. _ როგორ მოვიქცეთ? _ ერთად მივიდეთ. _ არა, მე რა მინდა?! _ უთხრა სპარტაკმა, _ მე სხვას მოვძებნი. _ აბა, მარტო რომ მივიდე, რა ვუთხრა? _ მიდი, მიდი, ნუ გეშინია, მერე რესტორანში წაიყვანე და ოთხი კაცისთვის შეუკვეთე მაგიდა, მეც მალე მოვალ, ვინმეს შემოვიყვან. _ ერთად მივიდეთ... 191


ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ გოგო თვითონ გაემართა მათკენ, რითაც მურზა გაკვირვებული დარჩა. სპარტაკმა ისინი ერთმანეთს გააცნო და მარტო დატოვა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შეეჩეხნენ ერთმანეთს. _ მეშვიდე სართულზე ვიქნებით, რესტორანში, _ ჩაულაპარაკა მურზამ, _ ვინმე ნახე და ამოდი, გელოდები. ახალგაცნობილი წყვილი ლიფტთან რომ მივიდა, რესტორნის მსურველები მაშინ გროვდებოდნენ, რადგან იქ შვიდ საათამდე შესვენება იყო. მალე ლიფტის კაბინა გაივსო, ხალხი დერეფანში ვეღარ ეტეოდა. _ გადით, შვიდ საათამდე მაინც არავის ავიყვან! _ ყვიროდა მელიფტე, _ ახლავე მილიციას გამოვუძახებ! ლიფტიდან არავინ გადიოდა. მაშინ ვიღაც წესრიგის მაძიებელი გამოჩნდა და ხელკავით დაიწყო ხალხის გამოყვანა. რიგი რომ არ დაეკარგათ, კაბინიდან გამოსულები იქვე იჭყლიტებოდნენ. მურზა და მისი თანამგზავრი ერთმანეთს მუჯლუგუნებს თავაზობდნენ, რაც ბედნიერი ნაცნობობის ნიშნად მიაჩნდათ და უდარდელად ელოდნენ რესტორანში შესვლას. რა ჭედვაა, კარტის ასაჩეხი ადგილიც არ არის, _ ფიქრობდა მურზა და ვალიას ეუბნებოდა, _ ამ გაწამაწიას ხომ არ ჯობდა ქალაქგარეთ გასულიყვნენ და კოცონზე მწვადი შეეწვათ. _ ახლა მალე გააღებენ, _ თქვა ვალიამ. მართლაც მელიფტემ გამოაცხადა, რომ რიგი მოეწესრიგებინათ, მალე გაუშვებდა ხალხს. ეს არც 192


ისე იოლი აღმოჩნდა. ორმა ჩოფურა გოგომ, გადაჭარბებული პარფიუმერიით რომ იქცევდნენ ყურადღებას, რიგის გულისთვის წივილი მორთეს. ერთმა ხელი კრა წინ მდგომ მანდილოსანს, რომელმაც საპასუხოდ ტერფზე ქუსლი დაჰკრა. სათვალეებიანი მამაკაცი აღშფოთებას გამოთქვამდა ინციდენტის მიმართ. მაგრამ მას ყურადღებას არავინ აქცევდა. _ ეს როგორი წესია, _ წუხდა სათვალეებიანი, _ ახლახანს ჩემს უკან არ იდექით?! პასუხი რომ არ აღირსეს, ნაწყენმა თავიღა გადააქნია. მას ბავშვურ, გულუბრყვილო იერთან ერთად მეცნიერ-მუშაკის მკაცრი ნაკვთები ახასიათებდა. თმები სკოლის მოსწავლესავით შეეკრიჭა, თეთრი კვართი და წითელი ჰალსტუხი ემოსა, ხელში კი ფოსტალიონის თუ კონტროლიორის ტყავის ჩანთა ეჭირა. "ეს ინტელექტუალია, _ იფიქრა მურზამ, _ ნეკა თითზე ფრჩხილს მოვიჭრი თუ ვტყუვდებოდე". მალე პირველი ათეული გაემგზავრა და ლიფტის მოლოდინში იგივე გრძნობების ტყვედ მეორე ათეული იქცა, რაღაც სასწაულით დარჩენილი ორი ჩოფურა გოგო გესლიანად ქსუტუნებდა. მელიფტემ მეორე ათეული მიიწვია, სადაც მურზა და ვალია მოხვდნენ. რესტორნის დარბაზში შესულებს მეტრდოტელი მიესალმა და კუთხის მაგიდაზე მიანიშნა. სანამ ოფიციანტი მენიუს მიიტანდა, მურზამ დრო არ დაკარგა და ბანქოთი ვალიას ფოკუსები უჩვენა. _ მე არ მიყვარს კარტი, _ თქვა ვალიამ, რითაც მის გარეგნობას მურზას თვალში ელფერი მოაკლდა. 193


კავალერის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გაიგო, რომ რესტორანს შამპანური არ გააჩნდა. გულმოსულმა კონიაკი შეუკვეთა. _ მე ბევრს არ ვსვამ, _ თქვა ვალიამ, რითაც მისი გარეგნობა კიდევ შეიცვალა. _ გაცნობის აღსანიშნავად ცოტა დავლიოთ, ლამაზო, _ უთხრა მურზამ. საპირფარეშოში მოწესრიგებული და დაწყნარებული ორი გოგო ახლაღა შემოვიდა დარბაზში. მათი მედიდური იერი იმ ეფექტს აჭარბებდა, უხვი პარფიუმერიის სახეზე დატანა რომ პირდება ქალებს. ანგელოსთა კდემა მოჰფენოდათ მაღლა აწეულ თავებს, სიარული კი გაუბედავი ნიავის ქროლას მოგაგონებდათ. მურზამ სასმისები შეავსო და პირველი სადღეგრძელო წარმოსთქვა. _ ამ ჭიქით ყველა ბედნიერ შეხვედრას გაუმარჯოს!.. ამ დროს სპარტაკი, ბევრი ხეტიალის შემდეგ შესაფერისი მეწყვილე რომ ვერ მოძებნა, ადგილობრივ როსკიპებს მიადგა, სასტუმროს ფოიეში კლიენტებს რომ ელოდნენ. _ ვის უნდა საღამო გაატაროს ჩემთან? _ იკითხა სპარტაკმა და თავისი სითამამე გაუკვირდა. _ შენ რა, ძალიან ბევრი ფული გაქვს? _ ჰკითხეს გამომწვევად. _ ერთ საღამოს ეყოფა. _ რის შემოთავაზება შეგიძლია? _ ჰკითხა მაღალმა, გამხდარმა გოგომ, ვარდისფერი ფლამინგოსავით ცალ ფეხზე რომ იდგა. _ რესტორანში წავიდეთ, აქვე, მეშვიდე სართულზე, 194


მერე ... ვნახოთ. გოგოებმა ერთხმად გაიცინეს. _ ჩვენგან რომელი მოგწონს მტრედუნა? _ გიყურებთ და ვერ გადამიწყვეტია, _ უპასუხა სპარტაკმა. _ მაშინ ყველა წაგვიყვანე! _ ერთხმად წამოიძახეს გახარებულებმა. _ ყველას სხვა დროს წაგიყვანთ. _ ეეჰ! _ დაიწყო ერთმა და სხვებიც აყვნენ, _ ეეჰ, ოოჰ, ოოჰ, ეეჰ!... _ ეს მელოდიური პროტესტი რომ ჩაამთავრეს, კისკისი აუტყდათ. სპარტაკმა გაიფიქრა _ ამათთან ვერაფერს გავაწყობ, ძალიან ჭკუამხიარული ხალხიაო და გაბრუნდა, მაგრამ ფლამინგომ მეორე ფეხიც აღირსა ჰოლის გაპრიალებულ პარკეტს და წამოეწია. _ მტრედუნა, მართლა გინდა საღამო გაატარო? _ წავიდეთ პირდაპირ მეშვიდე სართულზე, _ სპარტაკმა მას მხარზე ხელი მოხვია. _ აბა, ეგეთები არ იყოს! _ იწყინა ფლამინგომ და ხელი მოიშორა, _ რა გინდა მეშვიდე სართულზე? _ იქ ჩემი ამხანაგია გოგოსთან ერთად, ორი ადგილი უნდა შეენახა. _ აჰა, ამხანაგი გელოდება? მაშინ ჩვენთან რაღას მოდიოდი?! კარგად ბრძანდებოდე. _ მოიცა, მერცხალო, შენ რას ისურვებდი? _ შენ შემომთავაზე და მე ამოვირჩევ. _ ამ რესტორანში? _ რას ამოგიჩემებია ეს "რესტორანი", მართლა ბევრი ფული გაქვს? 195


_ მაშ, ჩვენთან ნომერში ავიდეთ. _ ოჰო, რა ვაკეთოთ ნომერში? _ შამპანური დავლიოთ. _ მდაა, კარგი აზრია, მაგრამ ვწუხვარ, რომ ვერ წამოვალ, მე აქ კლიენტს ველოდები. _ მე რა, კლიენტი არ ვარ? _ თქვა სპარტაკმა, რითაც ფლამინგოს გულიანი სიცილი გამოიწვია. _ არა მტრედუნა, შენ სანამ კლიენტად იქცევი,.. ჰეე,.. ჩემ ადგილზე უკვე ის გოგო იდგება, ახლა საბავშვო ბაღში რომ დახტის. ფლამინგომ კიდევ გადაიკისკისა და თავის თანამოაზრეთ დაუბრუნდა. გაწბილებული სპარტაკი სასტუმროდან გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. დიდი ელექტრონული ტაბლო დროს _ ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთს უჩვენებდა, ჰაერის ტემპერატურას _ პლიუს თხუთმეტ გრადუსს. იქვე ხელიხელჩაკიდებული წყვილი მიდიოდა წყნარად და ჩურჩულებდა. რესტორნის ქუჩიდან შესასვლელთან სამიოდე კაცი იდგა. ერთი შუშაზე მონეტით უკაკუნებდა მორიგეს. არ იცოდა, რომ ამ კარს არასდროს არ აღებდნენ. სპარტაკს ნახევარიც არ ჰქონდა მოწეული, რომ გოგო გამოვიდა სასტუმროდან. _ რა კარგი საღამოა! _ თქვა მან. "მგონი ესეც კლიენტს ელოდება", _ გაიფიქრა სპარტაკმა და გადაწყვიტა ხმა არ გაეცა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა. _ ხომ არ გავისეირნოთ? _ გავისეირნოთ? _ შეიძლება, მე წინააღმდეგი არ ვარ. მათ სასტუმროს გარშემო შემოუარეს, სპარტაკმა 196


ნომერში წაყოლაზე დაითანხმა, რესტორანში ორი ბოთლი შამპანური აიღო და სხვა შესასვლელიდან ავიდნენ სასტუმროში. სპარტაკს არ უნდოდა როსკიპებს დაენახათ და სიცილი აეტეხათ. მურზას თვალწარმტაცი მეწყვილე ფუმფულა ტუჩებს ოდნავ თუ აკარებდა სასმელს, როცა მურზამ ერთი გრაფინი გამოცალა და მეორე მოატანინა ოფიციანტს. ვალია სმას უშლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა ყოველი ასი გრამის მიღების შემდეგ როგორ იკვეთებოდა მისი გახუნებული სილამაზე მურზას თვალში. ორკესტრმა დაუკრა. ვალიას ცეკვა უნდოდა, კავალერი კი არ ცეკვავდა. ვალია ვიღაც პოლონელმა საცეკვაოდ გაიწვია, მაგრამ უარი მიიღო. მურზას მოსწონდა ეს ჩვიდმეტი წლის გაბედული კომკავშირელი გოგო. დარბაზის მოპირდაპირე მხარეს სათვალეებიანი "მეცნიერმუშაკი" შენიშნა, ქვემოთ, ლიფტთან რომ იჭყლიტებოდა რიგში. _ ხედავ ინტელექტუალს? _ ანიშნა მასზე ვალიას, _ ახლავე მოვიპატიჟებ. მურზა მისკენ გაემართა და მაშინ მიხვდა ვალია _ ვინ ჰყავდა მხედველობაში ნასვამ კავალერს. _ ბატონო, ერთის წუთით მომაქციეთ ყურადღება, _ მიმართა მურზამ სათვალეებიანს, რომელიც გაცხარებით ეკამათებოდა აოხრებულ მაგიდასთან შემორჩენილ ერთადერთ თანამესუფრეს. _ მე თქვენ გისმენთ, _ ყურადღების ნიშნად სათვალეები შეისწორა მან. _ ძალიან გთხოვთ ჩვენ მაგიდასთან გვეწვიოთ, აგერ, მოპირდაპირე მხარეს ვზივართ! _ თვალით მიანიშნა 197


მურზამ და "მეცნიერმუშაკი" გაკვირვებული დატოვა. _ მოვა, _ უთხრა მურზამ ვალიას, _ ინტელექტუალი ნასვამია, ღმერთო! მოპატიჟებული მოვიდა და სანამ დაჯდებოდა ასეთი რამ თქვა: _ უკაცრავად, მე მაინტერესებს ჩემი მოწვევის მიზეზი,უფრო სწორად _ მიზანი. თუ დაცინვის ობიექტად შემარჩიეთ, ძალიან შემცდარხართ, გერჩიათ სხვა მოგეძებნათ. ეს თუ ასე არაა, მაშ რაღაშია საქმე? მე ძალიან გამიკვირდა ეს მოწვევა... ინტელექტუალი მაღალფარდოვანი ფრაზებისათვის შესაბამისი თეატრალური ინტონაციით და ამავე დროს ნაზი, აღელვებული თუ აღტაცებული ხმით ლაპარაკობდა. _ როგორ გეკადრებათ?! _ შეაჩერა მურზამ, _ მე და ჩემ გოგონას ამ დარბაზში ყველაზე საინტერესო ადამიანად მიგვაჩნიხართ და სურვილი დაგვებადა ახლოს გაგვეცანით. _ მეგობრებო, ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო ეს მოწვევა!.. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ, თქვენ, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენთ! მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, რომ ვინმეს შევემჩნიე, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ კი ყოველთვის უკანა პლანზე, ჩრდილში ვიდექი. დღეს, ამ მშვენიერ დღეს,.. ო, რა ბედნიერებაა! თქვენ ამ საზოგადოებაში მე ამომირჩიეთ. _ თქვენი სახელი? _ შეაწყვეტინა მურზამ. _ მე რუსლანი მქვია. _ მე _ მურზა, ჩემ გოგოს _ ვალია. 198


_ სასიამოვნოა, თქვენ თავიდანვე მიიქციეთ ჩემი ყურადღება. _ რუსლან, ამ ჭიქით ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ, მოდით, ინტელექტუალს გაუმარჯოს! მურზამ ამ სიტყვის მნიშვნელობა არც თუ დაზუსტებით იცოდა, ხანდახან "სენტიმენტალ"_ში ერეოდა ხოლმე, ამიტომ თემიდან გადაუხვია და სულ სხვა საკითხი წამოჭრა. მიუხედავად ამისა რუსლანს მხოლოდ "ინტელექტუალი" დაახსომდა და სადღეგრძელოში წარმოთქვა: _ ინტელექტი, მარტო აღზრდა არ არის, მე აღმზარდეს, მერე მიმატოვეს, მერე ლიტერატურამ აღმზარდა. რუსლანმა თავისი ცხოვრების სხვა ეპიზოდების დაწვრილებითი გადმოცემისგან თავი შეიკავა და კონიაკი გადაჰკრა. _ რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ! ჩემ მაგიდასთან შემთხვევითი ნაცნობები სხედან, რომელთაც არ მოვწონვარ. თუ ნებას დამრთავთ, წავალ და ჩემ ერთ ბოთლ ღვინოს მოვიტან. _ აქ საკმაოდაა, კონიაკი გვეყოფა, ვალია არ სვამს, _ უთხრა მურზამ. _ სახლში ვთქვი, რომ დღეს უნდა დავისვენო, მართლაც რა საუცხოო საღამო გამოდგა?! არა და, წარმოიდგინეთ, ახლა ისევ იმ მაგიდასთან ვიჯდებოდი, სადაც ვერავინ მიგებდა, მერე სახლში წავიდოდი, _ განცდით ლაპარაკობდა რუსლანი, _ როგორ მშურს თქვენი, რა ბედნიერნი ხართ, თქვენ ჯერ არ იცით. მოდით, მე მინდა ერთი სადღეგრძელო 199


შევსვა, მაპატიეთ, მე უკვე მთვრალი ვარ. მურზამ სასმისები შეავსო. _ თქვენ გაგიმარჯოთ, ბედნიერო წყვილო! ლამაზო ჭაბუკო და თვალწარმტაცო გოგონავ. ვალია, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა ბედნიერი ხართ ასეთი მომხიბლავი ვაჟკაცის გვერდით, თქვენი მე მშურს, რომ იცოდეთ _ მშურს! ოღონდაც სხვანაირად ნუ გამიგებთ, დიახ მშურს. _ კომპლიმენტები გოგოს უფრო უხდება, _ გაეცინა მურზას. _ მე მგონი, ვალიას ჰყავს ამ მოვალეობის შემსრულებელი, _ თქვა რუსლანმა და დაამატა, _ ერთი წუთით, მე დაგტოვებთ, მხოლოდ ერთი წუთით... ახლავე აქ გავჩნდები. რუსლანი არეული ნაბიჯით თავის მაგიდისკენ გაეშურა. ასაკის მიუხედავად ბავშვის ფიგურა და მოძრაობა შეენარჩუნებინა. _ მეტს ნუღარ დალევ, უკვე მთვრალი ხარ! _ უთხრა მურზას ვალიამ. _ მოიცადე, რუსლანი მოდის, დანიშნული კარტი გამისკდეს თუ ვცდებოდე, ეს ინტელექტუალი კი არა, სენტიმენტალიც ყოფილა. რუსლანი არაუმოკლესი გზით დაბრუნდა და ფოსტალიონის ჩანთა მოიტანა. იქიდან სქელი ბლოკნოტი ამოიღო. _ ჩემო ძვირფასებო, მე მინდა ლექსი წაგიკითხოთ, მისმინეთ! _ თქვა მან და ამაღლებული გრძნობით დაიწყო: მე ვიდექ დიდხანს...არა, ეს არა ... თქვენი ვედრება ზეცაში დაიკარგა... 200


და აღარც ერთი... და რატომღაც... რუსლანს დაავიწყდა და ბლოკნოტი გადაშალა, ლექსი რომ ვერ იპოვა, დამწუხრებულმა ბოდიში მოიხადა, ბლოკნოტი ჩანთაში ჩადო და ადგა. _ მე თქვენზე დავწერ ლექსს, აი, ახლავე, ცოტა ხანი დამელოდეთ, _ თქვა მან და ჩანთით გასასვლელისკენ გაემართა. _ იშვიათი ეგზემპლარია, _ თქვა ვალიამ. _ თურმე ჩვენ ბედნიერები ვყოფილვართ. _ მხოლოდ უცნობს მოეჩვენება ასე, ჩვენ ხომ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს! _ შენ ძალიან გაბედული და კარგი გოგონა ხარ... აგერ რუსლანიც გამოჩნდა. რუსლანი ჩქარი ნაბიჯით მოვიდა და განაცხადა: _ მაპატიეთ, არაფერი გამომდის, ალბათ გრძნობათა სიჭარბის გამო აზრები ვერ მოვიკრიბე, პირობას გაძლევთ მე დავწერ თქვენზე ლექსს, თუ გინდათ გაჩვენებთ, ახლა რაც შევთხზე, აი, ინებეთ. რუსლანმა ჩანთიდან ბლოკნოტი ამოიღო, გადაფურცლა და მურზას წინ დაუდო. ფურცელზე სათაური და ხუთი ასო ეწერა ვერტიკალურად. სათაური _ "მურზა და მუზა", სტრიქონებზე კი _ "ვ ა ლ ი ა". _ ეს ორიგინალური იქნებოდა, _ ამბობდა ავტორი, _ თითოეული სტროფი იმ ასოებით დაიწყებოდა, რომლებიც ვერტიკალურ სვეტში "ვალია"_ს შეადგენდნენ. მე აუცილებლად დავწერ როდესმე თქვენზე ლექსს. მანამდე, ნება მიბოძეთ ერთი ლექსი წაგიკითხოთ, ეს ჩემი არ არის, ბორის პასტერნაკისაა. 201


_ თითო ჭიქაც შევსვათ, _ შეაჩერა მურზამ და სასმისები შეავსო. მისთვის დღეში ორი პოეტი მეტისმეტი იყო. რუსლანმა რომ სახლში დაპატიჟა ვალიასთან ერთად, ვერაგულმა აზრმა გაურბინა: სავიზიტო ბარათით ხომ არ დაეჯილდოვებინა, მაგრამ აწონ-დაწონა რა მისი სოციალურ-მატერიალური მდგომარეობა, უმცროსი მეცნიერ-მუშაკის მცირე ხელფასი (თან პასტერნაკის სხვა ლექსებიც აშინებდა), მყისვე უკუაგდო ეს აზრი. ორკესტრმა დაუკრა და რუსლანმა ვალიასთან ცეკვა მოინდომა. _ ეცეკვე, _ გადაულაპარაკა მურზამ ვალიას. ვალიას არ უნდოდა ინტელექტუალთან ცეკვა. _ მაშინ, წავიდეთ, ყველამ ერთად ვიცეკვოთ, _ თქვა რუსლანმა. _ ყველამ ერთად? წავიდეთ მურზა, ვიცეკვოთ, _ სთხოვა ვალიამ. _ ჯანდაბას, წავიდეთ, მთვრალი ვარ, დავთვერი, ირო-რე-რე, ირო-რე-რე, _ მურზა მათთან ერთად ღიღინით გაემართა საცეკვაო მოედნისკენ. რუსლანი მათ ჩამორჩა და ცეკვის დროს მურზა გაკვირვებული შედგა: _ ინტელექტუალს ქალი სურს, ღმერთო! რუსლანი ხან ერთ ქალთან მივიდოდა, ხან _ მეორესთან, მაგრამ არავინ გაყვა საცეკვაოდ, ბოლოს მურზას და ვალიას მახლობლად მოხვდა. წითელჰალსტუხიანი მამაკაცი გედივით ნაზად შლიდა ხელებს, ხან კი უწყინარ მედუზასავით მოძრაობდა, ბედნიერი იყო ბედნიერთა გვერდით. ეს 202


მხიარული ცეკვა აღმოჩნდა. მაგიდას რომ დაუბრუნდნენ, რუსლანმა მოწევის ნებართვა აიღო, მაგიდაზე დადებულ კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა და უკუღმა ჩაიდო პირში, ფილტრზე რომ აპირებდა მოკიდებას, მერეღა გამოასწორა შეცდომა. ახლა კი ვეღარ შეიკავეს სიცილი და უხამსობის დასაფარავად მურზამ სთხოვა პასტერნაკის კიდევ ერთი ლექსი წაეკითხა. სამწუხაროდ რუსლანმა ფოსტალიონის ჩანთა ვეღარ იპოვა და ამით აღშფოთებულმა ორად ორი სიტყვა წარმოთქვა: _ ჩემი ჩანთა! მურზამ ბოლო ჩამოასხა და ჩვეულებისამებრ, ხვალინდელი დღის სადღეგრძელო დალია. _ თქვენ ხვალ ვალიაზე ლექსი უნდა დაწეროთ! _ უთხრა რუსლანმა მურზას. _ აკი თქვენ აპირებდით?! _ არა, ნუ მეკამათებით! თქვენ ვალდებული ხართ. თუ ამას გააკეთებთ, მაშინ მე ვიტყვი, რომ არ შევმცდარვარ. სახელიც ხელს გიწყობთ: მურზა _ მუზა, დიდებულია, რა ბედნიერი ხართ, მე მშურს თქვენი, ო, რა საოცარი დღე გათენდა! წავალ, სახლში დავრეკავ და ცოლს გავაფრთხილებ სტუმრების მისაღებად გაემზადოს. ჩემ გოგოს, ის მეშვიდე კლასშია, შესანიშნავი კოლექცია აქვს თანამედროვე მუსიკისა, ხან მეც დიდი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე... _ როგორმე სხვა დროს, _ უთხრა მურზამ, _ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. _ ზღაპარში მგონია თავი, _ თქვა რუსლანმა, 203


საზურგეზე გადაწვა და თვალები მილულა. _ ალბათ დაეძინა, _ თქვა ვალიამ. _ ძმაო! _ წამოსცდა მურზას და მაშინვე გამოასწორა: _ ბატონო! რუსლანს ჩასძინებოდა. იგი ახლა ტალღის მოლოდინში ცხელ ნაპირზე გარიყულ მედუზას წააგავდა. რესტორანი იკეტებოდა. ვალიას თხოვნით მურზამ არ გაუწყვიტა ტკბილი ძილი რუსლანს და ეს მისია ოფიციანტს გადააბარა. _ სახლამდე ჩემ გაცილებას შეძლებ? _ როგორ, სახლში აპირებ წასვლას?! მე შენ გაბედული გოგონა მეგონე! _ მოეშვი სისულელეების ლაპარაკს! _ არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ, ცოტა ხანი მაინც შემოდი სტუმრად, ორი სართულით დაბლა ვცხოვრობთ. _ კარგი, თუ ძალიან გინდა წამოვალ, მხოლოდ ნახევარი საათით. მურზამ ვალია ნომერში წაიყვანა. იქ მაგიდაზე ერთი ცარიელი და ერთიც გაუხსნელი ბოთლი შამპანური იდგა. მურზამ სიხარულით გახსნა და ჭიქები შეავსო. _ ვალია, დღეს შენ ბედნიერი გამხადე! მე მინდა, უბრალოდ, მადლობა მოგახსენო და ბორის პასტერნაკის ერთი ლექსი წაგიკითხო, მოიცა, ახლავე, სად არის ჩემი ჩანთა? ვალიაც მხიარულ განწყობილებაზე იდგა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა. _ არ დაგავიწყდეს, ხვალ ლექსი უნდა მომიძღვნა, _ თქვა სიცილით მან, _ სახელიც ხელს გიწყობს: მურზა 204


_ მუზა. შამპანური დაიცალა. ვალიას სასმელი მოეკიდა და უფრო გათამამდა. დათქმული ნახევარი საათის შესახებ გადაავიწყდა და რაღაც სასწაულით ლოგინში აღმოჩნდა მურზას გვერდით. მაშინ დაიწყო მურზას "წამება". გოგო ამბობდა, რომ მამაკაცი მისთვის უცხო იყო, მურზას ეს ვერ დაეჯერებინა, წვალობდა და ხანდახან გაიფიქრებდა: ახლა სადაცაა სპარტაკი მოვა და ჩამეშლება საქმეო. მაგრამ ტყუილად ღელავდა, სპარტაკი ამ დროს ქალაქის ცენტრს მოშორებულ რაიონში სტუმრად იყო და ნომერში დაბრუნებას არ აპირებდა. იგი ახალგაცნობილს გაყვა სახლში. სასტუმროს უცხო გარემოში უხერხულად გრძნობდა თავს ზოია. ერთი ბოთლი შამპანური დალიეს და წავიდნენ. გზადაგზა გოგო ტელეფონ-ავტომატით სადღაც რეკავდა ხოლმე, ხან რას მოიმიზეზებდა, ხან _ რას. სპარტაკს ტაქსის გაჩერება უნდოდა, მაგრამ ზოიამ მეტროთი წასვლა არჩია. სპარტაკმა კი გაიფიქრა: ნეტავ ვის ჭკუაზე დავდივარო, მაგრამ თან აინტერესებდა, რა გადახდებოდა ღამე და დაყვებოდა. _ სახლში მშობლები ჩამოსულან აგარაკიდან, ამიტომ ერთ ჩემ ამხანაგ გოგოსთან წაგიყვან, _ უთხრა ზოიამ. სადღაც გადაკარგულ კორპუსში მერვე სართულზე ავიდნენ და ზარი დარეკეს. კარს არ აღებდნენ. _ ასე მოტყუება შეიძლება?! _ ბრაზობდა გოგო, _ წეღან დავრეკე და დამპირდა სახლში დამხვდებოდა. _ როგორ მოვიქცეთ, სასტუმროში ხომ არ დავბრუნდეთ? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ უკვე თორმეტი საათია, სანამ იქ გავალთ... მე აღარ 205


შემიშვებენ. _ ამხანაგის ბარათს გამოვიტან და იმითი შემოხვალ. _ მე იქ მიცნობენ, ეგ ვარიანტი არ გამოდგება, სახლშიც ვეღარ მივალ. _ მაშ, მთვარეზე გავფრინდეთ! _ ერთი ამხანაგი გამახსენდა, აქედან არც ისე შორს ცხოვრობს, მაგრამ მისი ვალი მაქვს გადაუხდელი და როგორ მიმიღებს?! _ რამდენი გაქვს ვალი? _ ოცი მანეთი. _ ეს წვრილმანებია, მე მოგცემ, თან მიზეზიც გექნება და მიგვესვლება. _ ჰოო, რა კარგი ბიჭი ხარ! წავიდეთ. ოც წუთში სხვა მრავალსართულიან კორპუსს მიადგნენ. _ ფული წინასწარ მომეცი, სხვანაირად არ გაიგოს ჩემმა ამხანაგმა, _ უთხრა გოგომ ერთერთ სადარბაზოსთან რომ შეჩერდნენ. სპარტაკმა დასტა ამოიღო (ოთხას მანეთამდე ქონდა), ერთი ოცდახუთმანეთიანი კუპიურა გაუწოდა და ჰკითხა: _ მარტო ცხოვრობს შენი ამხანაგი? _ ჰო, მარტო, შენ ცოტა ხანი აქ დამელოდე, ჩამოვალ და აგიყვან. იცი, ვალოდია მოსკოვის ჩემპიონია კრივში. სპარტაკმა ვეღარ მოასწრო რამის თქმა. გოგო დერეფანში გაუჩინარდა. "ამას თავი როგორ უნდა მოვატყუებინო?! _ ფიქრობდა სპარტაკი, _ ახლა თუ არ გამოჩნდა სასტუმროს ბოზებისგან გავიგებ კოორდინატებს. ვაჩვენებ კრივს!". რაც უფრო მეტი 206


ხანი ელოდებოდა, უფრო რწმუნდებოდა, რომ გოგო არ ჩამოვიდოდა. ის იყო ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ წასვლა დააპირა, რომ კიბეებზე ფეხსაცმელების კაკუნის ხმა გაიგონა და მოიცადა. _ ბევრი გალოდინე, არა? _ დაუძახა ზოიამ კიბიდან. _ არა უშავს, როგორაა საქმე? _ წამოდი. სპარტაკი მესამე სართულზე აყვა, კარი შეაღეს და ბინაში შევიდნენ. სასტუმრო ოთახი ლამაზად იყო მოწყობილი. იაპონურ რადიო-ტელე აპარატურას, უზარმაზარ სავარძლებს და ხალიჩებს ღამის ფარნის ნაზი შუქი მოჰფენოდა. იქვე, კედელზე კრივის ხელთათმანები და სიგელები ეკიდა. _ დაჯექი, ჩემ ამხანაგს გოგო ჰყავს საძინებელ ოთახში, ახლავე გამოვა. შენზე მოვუყევი, განსაკუთრებით იმან დააინტერესა, სასტუმროში ფოკუსები რომ მიჩვენე. _ კარტი რომ არ წამომიღია?! _ ალბათ მასაც ექნება. მალე მასპინძელი შემოვიდა, საღამო მშვიდობისა უსურვა სპარტაკს და თავი წარუდგინა. _ ზოია მიყვებოდა, რაღაც დაუჯერებელი ფოკუსები გცოდნიათ, _ თქვა ვალოდიამ და თავის გოგოს გასძახა, _ ლენკა, გვაქვს ოჯახში კარტი? _ მგონი გვაქვს, _ გაისმა კედლის იქიდან, _ წიგნების თაროზე ნახე. _ აი, რა ჭკვიანი დიასახლისი მყავს, ყველაფერი იცის, სად რა დევს, _ თქვა ვალოდიამ და ბანქოს დასტა აიღო. სპარტაკმა ბანქო გადაშალა, აათამაშა, შეატყო 207


გაკეთებული რომ იყო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. დაპირებული ფოკუსები უჩვენა ვალოდიას, რომელმაც მოწონების ნიშნად ტაშიც კი შემოსცხო. მერე თვითონ ჩაატარა პატარა ფოკუსი და სპარტაკს შესთავაზა: _ კარტი ხომ არ წაგვეთამაშა, ჯერ ბავშვების ძილის დროა. სპარტაკი დათანხმდა და სეკის თამაში დაიწყეს, ჩასული თანხის საზღვრები მანეთიდან ათ მანეთამდე დააწესეს. ზოია კარგა ხანს უყურებდა, მერე ლენასთან გავიდა. დაახლოებით ღამის სამ საათზე კარზე დააკაკუნეს. სტუმარი მოვიდა, რომელსაც თამაშში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს. ვალოდიას ახლო ამხანაგი უნდა ყოფილიყო, რადგან თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ყველა თემა ამოეწურათ და საქმით იყვნენ დაკავებულნი _ ცით მოვლენილი ბედნიერება ხელიდან არ გაეშვათ. თუმცა ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეგონათ... ვალია არ ნებდებოდა მურზას და წასვლასაც არ აპირებდა. მურზას ალკოჰოლი გაუნელდა, ახლა უკვე ძილბურანში წვალობდა რაღაცას და ის ჩვეული გრძნობა დაეუფლა, ყოველთვის რომ უჩნდებოდა ქალთან სიახლოვისას. მესამე ადამიანის გრძნობა იყო ეს. საწოლში ორნი იწვნენ და როცა ამ ქვეყანაზე მათ გარდა არავინ არ უნდა ყოფილიყო, მაინც ჩნდებოდა მესამე, ის მურზა იყო, ლოგინში კი "მე"_ს მექანიკური შემსრულებელი იწვა, რომელსაც ყოველთვის აღიზიანებდა მესამის ჩარევა. მურზამ 208


იცოდა ვინ იყო ეს მესამე, ძილბურანში რომ ჩნდებოდა და მექანიკურად აქცევდა, ეს ადამიანი _ ბანქო იყო. ჩვეულებრივი მოკვდავი ამ დროს ბანქოსთან შედარებით გაცილებით პრიმიტიულად იყო მოწყობილი. ამიტომ ხდებოდა გაორება, ამიტომ ხდებოდა მურზას ლაპარაკი და ალერსი მექანიკური. მაგრამ, დახეთ საოცრებას, ერთ პატარა, გაბედული, კომკავშირელი გოგონას წინაშე ბანქო უძლური აღმოჩნდა, გაქრა მესამე ადამიანი და ორნი დარჩნენ. ეს გამთენიისას მოხდა. _ ახლა გათენდება, ამის... _ იფიქრა ძილგარეულმა მურზამ საათს რომ შეხედა. _ მცივა, _უთხრა მოულოდნელად ვალიამ. _ მეორე საბანი მოგიტანო? _ არ არის საჭირო. მურზა მოეხვია და ისევე მექანიკურად დამთავრდებოდა ეს ბანალური ეპიზოდი, რადგან გოგო წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. _ მურზა, _ თქვა ვალიამ. მურზამ იფიქრა, _ კიდევ თავიდან მიშორებსო, და გულმოსულმა ზურგი შეაქცია. _ შენ გაჩერდი, მე თვითონ გაკოცებ, _ თქვა ვალიამ მოულოდნელად. მურზა გაჩერდა და მხარზე ნაზი თითები რომ იგრძნო, მესამეს გაქრობასთან ერთად მექანიკურად წარმოსათქმელი სიტყვები და მოძრაობებიც გაქრა. _ გაჩერდი, გაჩერდი! _ ჩურჩულებდა გოგო, მაგრამ აღარ შეეძლო მურზას შეჩერება, _ მეტი აღარ შემიძლია! _ კვნესოდა და სიმწრისგან ტუჩებს იკვნეტდა. 209


გონზე რომ მოვიდა, დაინახა მურზა სავარძელში სიგარეტს ეწეოდა. თამბაქო ტკაცანით იწვოდა. სადღაც რადიოდან საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაისმა. რაოდენ ახლობელი იყო ეს ხმა ადამიანისათვის, რომელსაც უბრალო, საბჭოთა მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი საბუთიც არ გააჩნდა! ქვეყანაში რადიოფიცირების მაღალი დონე განაპირობებდა ამას. მურზას ის იყო ჩაეძინა, კარებზე დააკაკუნეს, შიშველმა ვალიამ მურზა შეანჯღრია, ხელში ჩარჩენილი ფილტრამდე ჩამწვარი სიგარეტიდან ფერფლი იატაკზე დაიყარა. _ ჯერ არ გააღო, ნუ მიყურებ! ვალია ღელავდა და ნაუცბათევად იცმევდა ტანზე. გაიქცა და სანამ აბაზანის კარს მიკეტავდა, ხელით ანიშნა _ გააღეო. მურზამ კარი გააღო. _ ხუთი მანეთი მომეცი, ტაქსი მელოლდება, _ უთხრა სპარტაკმა. _ რა მოხდა, სად იყავი, ფული ხომ არ წაგართვეს?! _ მოგიყვები, მოიტა ხუთი მანეთი. მურზამ ფული მისცა და სპარტაკი ტაქსის გასასტუმრებლად დაეშვა. ვალიამ დრო იხელთა, აბაზანიდან გამოვიდა, მურზას გვერდი აუარა, კარი წვალებით გააღო და გამოუმშვიდობებლად წავიდა. მურზამ დერეფანში რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ ვალია არ მობრუნებულა. ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს თითით დააწვა და არც დალოდებია, კიბეებს დაუყვა. ჰოლში სპარტაკს შეეფეთა, თავჩაღუნულებმა ჩაუარეს ერთმანეთს. 210


სპარტაკის მოლოდინში მურზამ სიგარეტს მოუკიდა და ბანქო აათამაშა, ორ ნაწილად გაყოფილ დასტის ფურცლებს ერთი-ერთზე ერთმანეთში ჭრიდა და დეკორატიულ, მოძრავ ფიგურებს აკეთებდა. ახლაც აღარ არსებობდა ოთახში მესამე ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კი არ გამქრალიყო, არამედ მურზას დაბრუნებოდა. გრძნობდა რა ამას "ირო-რე-რე, ირორე-რე" _ მღეროდა გამთელებული ორგანიზმი და სპარტაკის თავგადასავალს ელოდებოდა. _ წავაგე! _ იყო სპარტაკის პირველი სიტყვა. _ რამდენი? _ სულ, ოთხასი მანეთი, ჯერ ვიგებდი, მერე სულ წავაგე. _ ვის ეთამაშე, სად იყავი? _ ერთმა გოგომ წამიყვანა, ვითომ თავის სახლში, მატარა, მატარა და ამხანაგთან მიმიყვანა, მოსკოვის ჩემპიონია კრივში. თვითონ გამომიცხადა თამაში. შენ რა ქენი, _ ვალიასთან ურთიერთობა აინტერესებდა სპარტაკს. _ მოიცა, რა დროს ეგ არის?! საქმეზე ვილაპარაკოთ. _ ადვილად დაგთანხმდა ღამე დარჩენაზე? _ არ ეშვებოდა სპარტაკი. _ ჰო, მაგრამ არ დამიჯერებ, პატიოსანი აღმოჩნდა. _ მერე? _ რა "მერე"? _ შეკითხვა შეუბრუნა მურზამ და სპარტაკმა "საქმის" შესახებ გააგრძელა. _ იმ ტიპს, მოკრივეს, კარტი ჰქონდა დანიშნული, ზოგიერთს ვკითხულობდი. _ როგორი კარტი იყო? _ შეაწყვეტინა მურზამ. _ არწივებიანი. 211


_ ჰო. _ ცოტა რომ მოვუგე ამხანაგი მოთამაშე მოუვიდა, სანამ გოგომ გარეთ მალოდინა მაშინ დაურეკეს ალბათ. _ იმ გოგომ იცოდა, ფული რომ გქონდა? _ იცოდა. _ გამოგიჭირეს კლიენტი, მე მაგათ ვუჩვენებ სეირს! _ დაემუქრა მურზა. _ მესამეც რომ შემოგვიერთდა უფრო ფრთხილად ვთამაშობდი, ორას მანეთს ვიგებდი, მერე სულ წავაგე, ის გოგოც დაიკარგა, როდის წავიდა, ვერ გავიგე. _ სახლი ხომ გახსოვს სადაც ითამაშე? _ კი, "კაშირსკაიასთან" ახლოს ვიყავი, კარგად მოწყობილ ბინაში ცხოვრობს, ვიღაც მზეთუნახავი გოგოც ყავდა, თავის "მეორე ნახევარს" ეძახდა. _ ვინც წაგიყვანა, ის სად გაიცანი? _ ზოია? აქ, სასტუმროს შესასვლელთან, ორი ბოთლი შამპანური ავიღე და აქ ამოვიყვანე, ერთი დავცალეთ და ჩემთან წამოდი სახლშიო _ მითხრა. _ მეორე ბოთლი მე და ვალიამ დავლიეთ, რესტორანში არ სვამდა, იქ კონიაკით გავითიშე, ლექსი უნდა დავწერო დღეს, _ ყველაფერი ერთად გაახსენდა მურზას და გამხიარულდა, _ ერთი ინტელექტუალი გავიცანი... ოჰ, როგორ მეძინება. _ მეც მეძინება, ღამის ცვლაში ვიმუშავე. _ ცუდად იმუშავე. ისე, პრინციპში, შეიძლება "ძეხვის დაგდებაში" ჩაგვეთვალოს ეგ წაგება. ვნახოთ, პირდაპირ სახლში მიკითხვა სისულელეა, რაია უნდა მოიძებნოს. 212


_ ზოია, _ შეუსწორა სპარტაკმა. _ ჰო, ზოია, რაკი აქ ნახე, ბოზებს აუცილებლად ეცოდინებათ. გასტროლიორებმა საღამოსთვის ოპერაცია ჩაიფიქრეს და ღრმა ძილს მიეცნენ. დაზგებს გრიალი გაუდიოდათ, ჩარხებიდან ლითონის ბურბუშელა ცვიოდა, შემდუღებლების მუქი შუშის ფარები ცეცხლის ნაპერწკლებს ირეკლავდნენ. საბეჭდი მანქანები ტყვიამფრქვევებივით კაკანებდნენ, ოპერის მომღერალი რეპეტიციაზე ისე გაჰკიოდა, მერცხლები ბუდეს ტოვებდნენ, ინჟინერი ხაზავდა, ეკონომისტის მიკროკალკულატორის ციფერბლატზე მწვანე ციფრები ელვასავით იცვლებოდნენ, სკოლის ბუფეტში მოსწავლეების ყიჟინა იდგა, მატარებლის მემანქანეები გაჩერებისას მაგნიტურ ფირს რთავდნენ, სადაც სადგურის სახელწოდება იყო ჩაწერილი, ორგანიზაციის შესასვლელში კარუსელი ტრიალებდა, ჩერდებოდა და მყისვე ტრიალებდა. სამუშაო დღე ჩქეფდა, ჩქარდებოდა მეცნიერულტექნიკური პროგრესი. ვალია ფეხით მივიდა სახლში. ბებიასთვის ხმა არ გაუცია. ხელჩანთა მოისროლა და აბაზანაში ჩაიკეტა. _ სად იყავი? _ ჰკითხა ბებიამ მოგვიანებით. _ ამხანაგთან, რა, არ შეიძლება?! _ კატიასთან თუ ლენასთან? _ ბები, დამეხსენი, იცი, როგორ მეძინება?! ვალიას თუთიყუში რომა და ბებია დაყვებოდნენ ოთახიდან ოთახში, ბებია ფლოსტებს აფრატუნებდა, რომა მტკიცე სამხედრო ნაბიჯით დადიოდა და 213


აღშფოთებულ ხმებს გამოსცემდა. გოგო დაწვა და საბანი გადაიფარა თავზე. ბებია ერთხანს იქვე იდგა, მერე ოთახიდან გავიდა. რომა საბანზე ახტა, ვალიას ტანზე გადი-გამოდიოდა. იმით გაკვირვებულმა, რომ პატრონმა თავი არ გამოაჩინა და ლაპარაკი არ გაუბა, ჩხავილი მორთო. ვალიას ძილი არ ეკარებოდა, ლოგინში წრიალებდა. რომასთან ლაპარაკიც არ უნდოდა და საბნის ქვეშ იგუდებოდა. ეგონა პირველად იწვა თავის ლოგინში. როდის-როდის ჩაეძინა, რომა ლოგინიდან ჩამოხტა და სამზარეულოში გავიდა, გარეგნული სერიოზულობით იგი სასაცილო ფრინველი იყო. ვალიას მშობლების ახლო ამხანაგი ამრავლებდა თუთიყუშებს და ბაზარზე ყიდდა. მაშინ მერვე კლასში იყო გოგო, ერთი დედალი თუთიყუში რომ აჩუქეს. მერე შავი ყუთით მამალიც მოიყვანა ამხანაგმა, სახელად "რომა", ამბობდა: შავ ყუთში იმიტომ გამოვზარდე, რომ როცა გამოვუშვებთ დედალზე ლამაზი ჯერ არაფერი ჰქონდეს ნანახი და ძლიერ შეუყვარდესო. დედალმა იბარტყა. ბარტყებს ვალია და რომა ზრდიდნენ, ფრენას ასწავლიდნენ. რომა იატაკიდან აფრინდებოდა სკამზე, რამდენიმე ბარტყი მას მიჰბაძავდა, დანარჩენებს გოგო აისროდა ხოლმე ხელით. ქვემოთ დაუხმარებლად ეშვებოდნენ ბარტყები. სამწუხარო ამბავმა ბოლო მოუღო უზრუნველ ბავშვობას, ვალიას დედ-მამა ავტოკატასტროფაში დაეღუპა და ბებიის ამარა დარჩა. თუთიყუშები ბაზარზე წაიყვანეს და გაყიდეს. მხოლოდ ერთი, ნაბოლარა დარჩა და მასაც "რომა" დაარქვეს. თუმცა არასდროს ჩაუსვამთ გალიაში, 214


რომამ ფრენა ვერ ისწავლა და უკვე მესამე წელი ოთახიდან ოთახში დადიოდა და ყოველი მოვლენის და საგნის მიმართ თავის დამოკიდებულებას არკვევდა... და ვალიას ქცევა უკვირდა რომას და ლამბაქის კიდეზე მდგარი ამაზე ფიქრობდა, უთვალთვალებდა რა ბებიას საქმიანობას სამზარეულოში. ბებია სადილად წვნიანს ხარშავდა, ონკანს წყალი ეპარებოდა, ერთი კვირის წინ საგოზავით ამოლესეს, მაგრამ წყალმა მაინც გზა მონახა, ფიქრში წასულ რომას ხანდახან თვალი ეხუჭებოდა, ის ხომ შუახანს გადაცილებული თუთიყუში იყო. საღამოთი მურზამ ათასი მანეთი გადასცა სპარტაკს, რომელიც სასტუმროს ჰოლში დაეშვა. როსკიპების დასანახავად მსხვილი კუპიურით მეკარისგან უცხოური სიგარეტი შეიძინა, მურზას ინსტრუქციით მოქმედებდა. თვით ფლამინგოსაც ეს თავშესაქცევად მოეჩვენა და სპარტაკი მისალმების ღირსად ჩათვალა. შედარებით დაბალხარისხოვანი ორი მსუბუქი ყოფაქცევის გოგო სპარტაკს მოსაწევ ოთახში გაყვა. სპარტაკმა ორის მაგივრად ოთხი ღერი მისცა. მათ ზოიას შესახებ არაფერი იცოდნენ. მურზა ნომერში ტელეფონის ზარს ელოდებოდა. სპარტაკს ზოია უნდა მოეძებნა და თუ იმ ბინისკენ წავიდოდნენ, უნდა დაერეკა მურზასთვის, რომელიც მაშინვე გზას დაადგებოდა და "შემთხვევით" შეხვდებოდა ქუჩაში. ტელეფონის ზარს კი ელოდებოდა, მაგრამ კარზე მოულოდნელი კაკუნი გაისმა. ასეთი სტუმარი მართლაც მოულოდნელი იყო მურზასთვის, ზღრუბლზე ვალია იდგა და ხმას 215


არ იღებდა. მურზამ ხელი მოკიდა და შეიყვანა. სავარძელში რომ ჩასვა, შამპანურის მოსატანად პირველი სართულის რესტორნისკენ გაიქცა. ჰოლში სპარტაკი ვერ დაინახა. სპარტაკი ამ დროს ზოიას მშობლიურ ტერიტორიებისკენ, რესტორან "პრაღა" და "არბატისკენ" ეშურებოდა. ეს კოორდინატები ყველაფრის მცოდნე ფლამინგოსგან გაიგო. სულზე მოუსწრო თავის ტურფას. ის ის იყო, ორმა აზერბაიჯანელმა, როგორც იქნა, დაითანხმა რესტორანში საღამოს გატარებაზე, სპარტაკი ჩაერია საუბარში. ზოიას ელდა ეცა მის დანახვაზე და სანამ სპარტაკი ახალგაცნობილ კავალერებთან საქმეს არკვევდა, გაპარვა სცადა, მაგრამ შორს ვერ წავიდა. _ იპარება შენი საცოლე! _ შენიშნეს აზერბაიჯანელებმა სიცილით. სპარტაკი ზოიას გამოეკიდა. მაჯაში რომ ხელი წაავლო მსხვილი კუპიურები ამოუცვივდა ჯიბიდან. ზოია რომ არ დახმარებოდა აკრეფაში, შეიძლებოდა ვინმე გამვლელს მოეთბო ხელი. ზოიამ დარეკა, დიდხანს ლაპარაკობდა ტელეფონზე. შემდეგ სპარტაკმა დარეკა სასტუმროში. _ მოვძებნე ზოია, ახლა რესტორან "პრაღასთან" ვართ და იქ მივდივართ, _ უთხრა ტელეფონზე მურზას. _ სპარტაკ, მე ვერ წამოვალ, შენ წადი, ითამაშე, თუ წააგებ _ ეგ არაფერი, _ მოესმა პასუხად. _ რა მოხდა? _ გაუკვირდა სპარტაკს. _ ვალია მოვიდა. სპარტაკი გაჩუმდა. _ მარტო ხომ ვერ გავუშვებ?! _ დაამატა მურზამ და 216


ტელეფონი გაითიშა. ჯიხურიდან გამოსულს ზოია წუხანდელი მიტოვების მიზეზს უყვებოდა, მაგრამ სპარტაკს ეს არ ესმოდა. იგი მთლად დააბნია მურზასთან ლაპარაკმა. ვალოდიასთან წავიდნენ. ღამის სტუმარი უკვე იქ იყო. ოთახში რომ განმარტოვდნენ, ზოიას წაკეკლუცებისათვის ყურადღებაც არ მიუქცევია სპარტაკს. ათას მანეთამდე ედო ჯიბეში და, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მურზას ჩაურევლად უნდა მოეგო, ან არ უნდა წაეგო. ლენამ ჩაი მიართვა ძვირფას სტუმრებს. ჩაის სმა ჯერ არ დაემთავრებინათ, ბანქო ჩამორიგდა. ამჯერად ზოია აღარ გამქრალა. იგი მთელი არსებით სპარტაკს გულშემატკივრობდა, რომელსაც დღესაც ხელი მოეცარა. კარგი ქულა როცა მოსდიოდა, მოწინააღმდეგეები პასს აცხადებდნენ. იფიქრა _ კითხულობენო, ორჯერ გამოაცვლევინა ბანქო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. ხუთას მანეთს უცბად გამოემშვიდობა. უკვე შეურიგდა იმ აზრს, რომ კვლავ დამარცხებული დაბრუნდებოდა სასტუმროში და მურზას აბრალებდა ამას. მოულოდნელად ღამის ორ საათზე ვალოდიას სტუმრები ეახლნენ და სპარტაკმა შესასვლელიდან ნაცნობი ხმა გაიგონა. _ თქვენი ბინა ბატონმა სალეცმა მოგვასწავლა, _ ამბობდა მურზა. _ მობრძანდით, _ შემოიპატიჟა ვალოდიამ. მურზას ვალია ახლდა. მასპინძელმა მოთამაშეებს ბოდიში მოუხადა, ცოტა ხნით დაგტოვებთო და ღამის სტუმრები 217


სამზარეულოში გაიყვანა. _ რამდენი გინდათ? _ ჰკითხა ჩუმად მურზას. _ არა, ჩვენ მაგაზე არ მოვსულვართ, _ უპასუხა მან. _ სუფთა აღარ მაქვს, _ ხელები გაასავსავა ვალოდიამ, _ ჩემ მეორე ნახევარს გეფიცებით! _ ჰოო, _ დაფიქრებით წარმოთქვა მურზამ, გაერკვა რა საქმის ვითარებაში, მას ნარკოტიკი არასდროს არ აინტერესებდა, მაგრამ ახლა ეს საყრდენი წერტილი ხელიდან არ უნდა გაეშვა. ოდესღაც ყურმოკრული მეტსახელი "სალეცი" სრულიად შემთხვევით გამოადგა. იღბალი მის მხარეს იყო, _ მაშ როგორ მოვიქცე? ამდენი ფული ოხრად მრჩება. _ ერთ კვირაში შემოიარეთ. _ ხვალ მივფრინავ სამხრეთში, _ დანანებით წარმოთქვა მურზამ. _ დღეს ვერაფრით დაგეხმარებით, უკვე შუაღამეა, სალეცის ხათრით ერთ ამპულას მოგცემთ, უკანასკნელი დამრჩა, ყოველ შემთხვევისათვის. მურზამ ფულის დასტა ამოიღო და ორი ასმანეთიანი გაუწოდა. ვალოდიამ ერთი გამოართვა, ეყოფაო _ უთხრა და სასტუმრო ოთახში გავიდა ამპულის მოსატანად. _ ჩვენ აქ კარტს ვთამაშობთ, _ უთხრა დაბრუნებულმა, ჩაუდო რა ამპულა ჯიბეში, შეგიძლია შემოგვიერთდე შენ გოგოსთან ერთად. _ მე?.. დაიბნა მურზა, _ მე სუსტად ვთამაშობ, მაგრამ კომპანიისთვის შეიძლება ცოტა ვითამაშოთ, არა ძვირფასო? ჰკითხა ვალიას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მას შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა. მურზამ ხელი მოხვია და უჩურჩულა: 218


_ თუ, სახლში წახვალ, ჩემი პატარა გოგო? _ სახლში წავალ, _ თქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვალიამ. _ მობრძანდით ოთახში, სანამ ტაქსს გამოვიძახებ, _ უთხრა მათ ვალოდიამ და სასტუმრო ოთახში შეუძღვა. _ გაიცანით დედაქალაქის სტუმრები! _ წარუდგინა მოთამაშეთ, რომლებმაც სათითაოდ ხელი ჩამოართვეს. ვალოდიამ ახლაღა გაიგო მათი სახელები. _ მურზა, სპარტაკიც სამხრეთელია, იქნებ გაუგოთ კიდევაც ერთმანეთს. _ ქართველი ხარ? _ ჰკითხა რუსულად მურზამ. _ არა, ოსი, _ უპასუხა სპარტაკმა და ქართულად დააყოლა: _ როგორ მომაგენი? _ სამწუხაროდ მე ოსური არ მესმის! _ რუსულად განაცხადა მურზამ. დილით მოუყვა ამხანაგს, რომ ვალოდიას სახლი "კაშირსკაიასთან" ნასვამი უსაქმურებისგან გაიგო. უკითხია მოსკოვის ჩემპიონი კრივში და მიუსწავლებიათ. მალე გამოძახებული ტაქსი მოვიდა, მურზამ ვალია გააცილა და დაბრუნდა. ოთხნი თამაშობდნენ. მურზამ თავისი ბანქო შეაპარა. ზოია კვლავ სპარტაკს გულშემატკივრობდა. _ მოიშორე ეგ დამპალი! _ ქართულად წაიღიღინა მურზამ, მის მახვილ თვალს არ გამოპარვია, რომ გოგოს გამოქნილი გრძელი ფეხები მამაკაცის გაღიზიანების გარდა სხვა ფუნქციასაც ასრულებდა, მაგიდის ქვემოდან სპარტაკის ქულების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა. 219


სპარტაკს ზოიას მოშორება ერთობ გაუჭირდა. ერთხელ ისეთი რადიკალური ზომა მიიღო, მურზას სიცილი კინაღამ წასკდა. თვითონაც არ ნახა თავისი ბანქო, დახურული თამაშობდა. ამით მეტოქეებიც გაკვირვებული დარჩნენ. ზოია კი აღელდა სპარტაკზე აზარტის ასეთი ზეგავლენით და უთხრა დაენახვებინა ბანქო, ოღონდაც თვითონ ნუ დახედავდა, ნერვებს რომ არ ემტყუნათ. მურზა ფეხსაცმლის შესაკრავში ჩამაგრებული სარკის ნატეხით ზოიას ფეხს ადევნებდა თვალყურს და სიგნალების საიდუმლოება მალე ამოიცნო. მაგალითად ოცდაერთი ქულის საჩვენებლად ჯერ ორჯერ დააჭერდა ფეხზე ვალოდიას, მერე ერთსაც გვერდიდან მიარტყამდა. ამ ხულიგნობის აღსაკვეთად მურზამაც გაჭიმა ფეხები მაგიდის ქვეშ... ჩვეულებრივი გოგოს ინსტინქტით, შეხებაზე ზოიამ ადგილი რომ დაუთმო, მურზა იქცა მაგიდისქვეშეთის ბატონ-პატრონად. გარდა იმისა, რომ მაგიდაზე ბანქოს ბელადი იყო, ქვემოთაც დაიწყო მოქმედება, ვალოდიას ცრუ სიგნალებს აწვდიდა. ერთხელ, დიდი თანხა რომ დაგროვდა, კარტი გაიხსნა და სპარტაკს სიგნალით გადაცემული "ოცდაცხრის" ნაცვლად "ოცდათორმეტი" აღმოაჩნდა. ვალოდიამ განმგმირავი თვალებით შეხედა ზოიას. ფუნქციაჩამორთმეული ზოია, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდა. მასპინძელმა იგი სამზარეულოში გაიწვია. იქიდან ყრუ ხმები ისმოდა. მერე ზოია ქვითინ-გინებით გამოვარდა და შესასვლელ კარს ეცა. ვალოდიას სტუმრების დაფრთხობის შეეშინდა, ზოიას კარის გაღებაში მიეხმარა და თავაზიანად 220


დაემშვიდობა. ხმაურზე ლენა გამოვიდა საძილე ოთახიდან სარაფნის ამარა. _ რა ხდება? _ იკითხა მან თვალების ფშვნეტით. _ შენი დაქალი წავიდა, საყვარელო, დაიძინე, _ დაამშვიდა ვალოდიამ. მურზამ დასცხო და დასცხო. მოწინააღმდეგეთ ნაღდი ფული რომ შემოელიათ, მოსატანზე დაიწყეს თამაში. ოთხი საათისთვის სპარტაკს ხუთი ათასი ჰქონდა მოგებული, მურზას _ სამასი. მოსატანი თანხა სწრაფად იზრდებოდა. ერთ შეცდომას შეიძლებოდა საბედისწერო შედეგი მოჰყოლოდა: მათ ქართულად გადაულაპარაკეს ერთმანეთს. ამის შემდეგ მოწინააღმდეგეებმა პასიურად იწყეს თამაში. სტუმრებმა მოწევის ნებართვა აიღეს და აივანზე გავიდნენ. _ სპარტაკ, ავითესოთ აქედან! _ უთხრა მურზამ და აივნიდან ძირს ჩასასვლელი გზები შეამოწმა. _ რა მოხდა? _ მომყევი, მაგის დრო არ არის, დაგვხოცავენ და გადაგვყრიან სადმე. მურზამ მოაჯირზე გადააბიჯა, აივანს ხელებით დაეკიდა და მეორე სართულის აივანზე ჩახტა, იქიდან პირველზე, სპარტაკმაც იგივე გაიმეორა. პირველ სართულზე მცხოვრები შუახნის კაცი გამოვიდა (ალბათ მურზას ჩახტომის დროს გაეღვიძა), ზემო სართულის მოაჯირზე დაკიდებულ სპარტაკს ფეხებში ხელები მოხვია და ყვირილი დაიწყო: _ მილიცია! მილიცია! მილიციაში დარეკე, ქალო! _ 221


დაუყვირა თავის დიასახლისს. ზემოდან სტუმრების დაკარგვით შემცბარმა ვალოდიამ გადმოიხედა და მურზას მოჰკრა თვალი. _ ყელებს დაგჭრით! _ დაუყვირა მან და ოთახში შებრუნდა. მურზამ კიბეებზე დგაფუნის ხმა გაიგო, ორივე მორბოდა მათ დასაჭერად. _ მესამეზე გაქურდეთ ხომ?! _ უფრო მაგრად უჭერდა ხელებს შუახნის მამაკაცი სპარტაკს. _ სპარტაკ, რამე ქენი, თორემ ცუდადაა ჩვენი საქმე, _ ღელავდა მურზა, რომ ვერაფრით ეხმარებოდა, პირველი სართულის აივანზე ქვემოდან ვერ აძვრებოდა. სპარტაკმა აქამდე ფეხების განთავისუფლებას რომ ცდილობდა, ხელი უშვა აივანს და კაცი მოულოდნელი სიმძიმისგან თუ დარტყმისგან დაბარბაცდა. ამით სპარტაკმა ისარგებლა, დაუძვრა და მოაჯირიდან გადახტა. _ დაიჭირეთ ხალხო! _ ყვიროდა კაცი. ერთი ფეხის ნაბიჯზე გაასწრეს გავერაგებულ ვალოდიას და მის ამხანაგს. _ აქეთ, აქეთ გაიქცნენ! _ მიასწავლა მეზობელმა სახლის კუთხისკენ. ამასობაში ოპერატიული ჯგუფიც მოადგა ციმციმა ნათურიანი "ვილისით" ეზოს. მილიციიდან რაციით გადაეცათ მომხდარის შესახებ. ვალოდიას ამხანაგი დევნას გამოეთიშა, რადგან თავისი ბნელი წარსულის გამო მილიციას ემალებოდა და თუნდაც მოწმედ მისი ორგანოში მოხვედრა არა ერთ და ორ წელს უდრიდა გისოსების მიღმა. ვალოდიას კი გაახსენდა 222


მურზასთვის გადაცემული ამპულა და ოპერატიული ჯგუფის ოპერატორს სულ სხვა მიმართულება უჩვენა, საით მიდიოდნენ ქურდები. თუმცა მშვენივრად ხედავდა როგორ ცდილობდნენ ეზოს კარიბჭესა და კედელს შორის გაძრომას. ცრუ კვალზე დაყენებით სამკაციანი ჯგუფი რომ მოშორდა, მერეღა გაეკიდა, მაგრამ გვიან იყო, ის ღრიჭოში ვერ გაეტეოდა, ხოლო სანამ ჭიშკრიდან შემოუვლიდა, დევნილნი თვალს მიეფარებოდნენ. ვალოდია ოპერატიულ ჯგუფს შეუერთდა. ზოია, ზოია იყო საყრდენი წერტილი. ვალოდია მილიციაში ჩვენებას აძლევდა. მურზამ სასტუმროდან თავისი ჩანთა გამოიტანა და "ვდნხ"_ს სასტუმრო კომპლექსში გაემართნენ, მისი აზრით იქ უშფოთველი ცხოვრება ელოდათ. ვალოდია გაწბილებული დააბიჯებდა სასტუმრო "მოსკოვის" ჰოლში. იქ ხალხს არ იცნობდა, მხოლოდ ზოიასგან თუ გაიგებდა ოთახის ნომერს. რვა საათზე მომსახურე პერსონალი გამოჩნდა. მათგან ვერაფერი გაარკვია. თავის მეგობრებს დაუკავშირდა ტელეფონით და ზოიას მოძებნა დაავალა. თვითონ სასტუმროში საღამომდე დარაჯობდა. ადმინისტრატორი საჭირო ცნობებს ვერ აძლევდა. საღამოთი შემთხვევით მეორე საყრდენი წერტილი გამოჩნდა. ეს ვალია იყო, უშიშრად რომ შეაბიჯა სასტუმროს ვესტიბიულში... ვალია გაბედულთან ერთად უცნაური გოგოც იყო, იმ წინა დღეს გაიღვიძა თუ არა, თავს პირობა მისცა, რომ მურზას არასდროს შეხვდებოდა, მაგრამ ბებიას და 223


რომას დატუქსვას ვეღარ გაუძლო და სასტუმროში გაემართა. თავს არწმუნებდა, თითქოს შემთხვევით გაევლოს იმ რაიონში. მურზა რომ არ გამოჩნდა, თვითონ ავიდა ნომერში. თან ფიქრობდა, შეიძლება სულაც წასული იყოსო, მაგრამ მურზა ელოდა. _ ღამე ვერ დავრჩები, ბებია გამიბრაზდება, _ უთხრა ვალიამ. მურზას ღილების შეხსნა არ შეუწყვეტია. ვალია სუსტად ეწინააღმდეგებოდა და ცნობილი სიტყვებით მართლდებოდა თავის თავთან: "თუ დგახარ უფსკრულის პირას და ფიქრობ გადახტე თუ არა, მაშინ _ გადახტი!" შუაღამისას მურზა ადგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. გოგოს არ ეძინა. _ სად მიდიხარ? _ ჰკითხა მან. _ დაიძინე, დაიძინე, პატარავ, საქმე მაქვს, ორ-სამ საათში მოვალ. _ მეც წამოვალ. _ თუ ძალიან გინდა, წამოდი, ოღონდაც არაფერი გაგიკვირდეს. _ სად მიგყავარ? _ ჰკითხა ვალიამ, როცა იცმევდა. _ სპარტაკს უნდა მივეხმარო. სასტუმროს წინ ტაქსში ჩაჯდნენ და მეტრო "კაშირსკაიასთან" მივიდნენ... მასპინძელმა კარგად დაიმახსოვრა ვალიას სახე და ვესტიბიულში შემოსულს გახარებული ეახლა. _ მურზა რომელ ნომერში ცხოვრობს? _ ჰკითხა მან. _ ხუთასორში, _ დაუფიქრებლად უპასუხა გოგომ. _ წავიდეთ, მურზამ დამიბარა, ნომრის მოცემა კი დაავიწყდა. 224


მეხუთე სართულზე ავიდნენ. ნომრის კარი დაკეტილი დახვდათ. _ ნეტავ სად იქნება? _ ეშმაკურად იკითხა ვალოდიამ. _ წარმოდგენა არ მაქვს, თქვენგან გვიან წამოვიდნენ? _ ჰო, გვიან, _ უთხრა ქალაქის ჩემპიონმა და ცოტა ჩაფიქრების მერე შეეკითხა: _ მურზა და სპარტაკი ერთ ნომერში ცხოვრობდნენ თუ ცალკ-ცალკე? _ ისინი? _ ვალია დაიბნა და პასუხი დააყოვნა, _ ისინი მგონი არც იცნობდნენ ერთმანეთს. სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ძლიერი დარტყმისგან თვალთ დაუბნელდა და იატაკთან მხრით შეხება იგრძნო. _ სსუჩკა! _ გამოსცრა კბილებიდან ვალოდიამ, წაქცეულს ფეხი წაკრა და გაეცალა. მერე რაღაც იაზრა, უკან დაბრუნებულმა გოგოს მკლავში ხელი მოკიდა და შეანჯღრია. ვალია გრძნობაზე მოდიოდა. მოძალადემ წამოაყენა და გასასვლელისკენ წაიყვანა. ხელს მარწუხივით უჭერდა. ვალია ცრემლად იღვრებოდა და სთხოვდა გაეშვა. _ ტყავს გაგაძრობ თუ წყნარად არ იქნები, _ დაემუქრა ვალოდია და რადგან ლიფტი დაკავებული იყო, კიბეებით დაეშვნენ. ჩქარობდა. მის ამღვრეულ გონებას მოქმედების გეგმა შეემუშავებინა. ფოიედან ნაცნობებს დაურეკა ტელეფონით, შემდეგ ვალია გარეთ გაიყვანა და მანქანაში ჩასვა. _ სად მიგყავარ?! _ ქვითინებდა გოგო. გაქანებული მანქანიდან გადმოხტომა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი მუშტი მიიღო და ბედს შეურიგდა. გასტროლიორები სასტუმრო კომპლექსის მისაღებ 225


კორპუსში ისხდნენ და ნომრის განთავისუფლებას ელოდნენ. _ ვალიას ვეღარ ნახავ? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ არ ვიცი, ისე, კარგი გოგო იყო, შეიძლება ვნახო, ერთი ვარიანტია, ასიდან ერთი პროცენტია ნახვისა. ამ დროს მათ ჩასუქებული ქოსა კაცი მიუახლოვდა, ცისფერი ველვეტის კოსტიუმი ემოსა. _ ჭირს ბინა? _ ჰო, თავისუფალი ნომრები არ არის, _ უპასუხა მურზამ. _ რად გინდათ თავისუფალი ნომერი? _ აბა, როგორი ნომერი უნდა გვინდოდეს. _ არ შეგიძლიათ, ბინა იქირავოთ? _ ჩვენ აქ არავის ვიცნობთ. _ ნაცნობები რად გინდათ?! წამოდით ჩემთან, ოროთახიანი ბინა მაქვს, თავის ტელეფონით და ტელევიზორით, რა თქმა უნდა. რად გინდათ ნაცნობები?! თქვენ ისეთი კარგი ბიჭები ჩანხართ, ბინის ქირასაც არ გამოგართმევთ, თქვენთან ცხოვრება მთელი სიცოცხლე იქნება. სპარტაკმა მურზას ფეხი მიჰკრა. ქოსა პირობების ჩამოთვლას აგრძელებდა. _ რა ვქნათ, სპარტაკ, _ გამხიარულდა მურზა, _ გავყვეთ? _ გავყვეთ, რას ვკარგავთ?! ვინ იცის, სასტუმროში როდის განთავისუფლდება ადგილები. _ ჩვენ თანახმა ვართ, _ მიუგო ქოსას მურზამ. ქოსას გაუხარდა და ბიჭები სახლში წაიყვანა. სასტუმროდან შორს არ ცხოვრობდა. მდგმურებს გასაღები დაუტოვა და თვითონ სამსახურში წავიდა, 226


რადგან შესვენების დრო ამოეწურა და დაგვიანება თავისი საამქროს მუშებისთვის ცუდი მაგალითი იქნებოდა. ქოსა ნაყინის დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდა. ერთ-ერთ, კერძოდ, ნაყინის საჭმელ ჯოხ-კოვზების მომჭრელ საამქროს ბრიგადას მეთაურობდა და გასამრჯელოს ნაკლებობასაც არ უჩიოდა. ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე, სინამდვილეში რთულ ინდივიდთა რიცხვს ეკუთვნოდა. ქოსა ორი ცხოვრებით ცხოვრობდა. ქარხანაში მუშაობის გარდა ბნელ საქმეებს ატრიალებდა. საეჭვო ხალხთან ჰქონდა კავშირი. იმ ფულთან შედარებით, რასაც ამ საქმიანობით იღებდა, მისი ხელფასი სავსე ჯიბიდან სარჩულში გამძვრალ კაპიკიანს ჰგავდა. საზოგადოებრივი საქმიანობის ორი უკიდურესობის გარდა ქოსა ერთი სქესობრივი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა ხოლმე, რაც მრავლისმნახველმა მურზამ უცბად შენიშნა და სპარტაკს უზიარებდა ეჭვებს. მაგრამ ჯერ ვერ ხვდებოდნენ მდგმურები, ვის შეეკედლნენ. მალე მოყვებიან მაფიის ამოძრავებულ ბორბლის ქვეშ და შეწყდება უზრუნველი გასტროლები, მალე შეიცვლება მხიარული "ირო-რე-რე" სხვა სიმღერით, ზეცაში ნავარდი _ მაზუთიან ჭაობში მოძრაობით. ვალია ორი დღე და ღამე აშიმშილეს და როცა დარწმუნდნენ, გამოსასყიდად დათქმულ ადგილზე მურზა არ მივიდოდა, გაუშვეს. ვალიას ბებიამ ჯერ მეზობლები მიიყვანა გამომძალველების მიერ ფულის მისატანად დანიშნულ ადგილზე, შემდეგ, არავინ რომ არ გამოეხმაურა, მილიციას მიმართა. 227


მილიციაც ამაოდ გაისარჯა. ფულზე მეტად მურზა ჭირდებოდათ, ვალია იმ პირობით გაუშვეს, რომ ერთ კვირაში მოძებნიდა კავალერს. გოგო საგონებელში იყო ჩავარდნილი. მან არ იცოდა, სად უნდა ეძებნა მურზა. მილიციაში ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა არაფერს არ შესცვლიდა. მურზა თვითონ შეეცადა ეპოვნა ვალია. ზოოლოგიურ ბაზარში ჩიტების გამყიდველებთან მივიდა, ავარიაში დაღუპულ ცოლ-ქმრის შესახებ კითხულობდა. მათ ახლობელს მიაკვლია, რომელსაც, შეკითხვებით დაეჭვებულს, მხოლოდ გვარი გამოსტყუა ვალიასი. გვარით და სახელით მისამართის გაგება მურზამ შეუძლებლად ჩათვალა და ძებნას თავი დაანება. ცოტა მოთმინება რომ გამოეჩინა, ბაზრის დაკეტვამდე მოეცადა და მეჩიტეს შეუმჩნევლად გაჰყოლოდა, პირდაპირ ვალიას სახლში მივიდოდა. ვალიას უცხო რომ აღუწერეს, მიხვდა ვისზეც იყო ლაპარაკი და სთხოვა: თუ კვლავ მოვიდოდა უცნობი, აუცილებლად მიეცა მისამართი. მურზას მეტად აღარ გაუვლია ზოოლოგიურ ბაზარში. სპარტაკს უკვირდა მისი გულგრილობა ვალიას მიმართ, როცა იცოდა მურზას გემოვნება და გოგოს პატიოსნებისადმი დამოკიდებულება. ვერ ხვდებოდა, რომ ეს გულგრილობა გარეგნული იყო, მურზა ნამდვილ გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებდა. ქოსასთან ცხოვრების მეოთხე საღამოს, ჩაის რომ სვამდნენ, ასეთი დიალოგი გაიმართა მეგობრებში: _ ნეტავ ის გოგო სად არის? _ წამოიწყო სპარტაკმა. _ რომელი? _ ვალია, ვითომ არ გახსოვს? 228


_ მე ყველა მახსოვს, ვისაც ვავიწყდები. _ გგონია დაგივიწყა? შენ ხომ პირველი მამაკაცი იყავი მისთვის. _ პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი. რატომ მეკითხები? _ დაინტერესდა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მურზა, _ ხომ არ მოგეწონა? _ კარგი გოგო იყო, არ უნდა დაშორებულიყავი, შენს მაგივრად მე დამენანა. _ რას ვიზამთ?! _ თქვა მურზამ და თემა შეცვალა, _ ეჰ, მომბეზრდა, სპარტაკ, ყველაფერი, როდისღა დავანებებ თამაშს თავს?! სულ დაძაბული ვარ, სულ რაღაცის მოლოდინში, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. _ მუშაობა უნდა დაიწყო ძმაო, _ გაუმეორა ადრეც რამდენჯერმე ნათქვამი სპარტაკმა, _ მეც ვერ ვძლებ ასე, ყველაფერს თავი და ბოლო აქვს, მეც დავიწყებ მუშაობას, ჯანდაბას ასპირანტურა. თუ გინდა ერთად მოვეწყოთ სამუშაოდ. _ სად ვიმუშაო, ასოც მანეთიან ხელფასზე?! _ რატომ, კოოპერატივებს ხსნის ხალხი, კარგი შემოსავალი აქვთ, დღეში ოცი - ოცდაათი მანეთი რომ გქონდეს... _ მე კოოპერატივში არავინ მიმიღებს, თან დღეში ასი მანეთი რომ იყოს, შეიძლება იფიქროს კაცმა. _ მაშ, ხალხი როგორ ცხოვრობს ასოც მანეთიან ხელფასზე?! ზოგი შვილებსაც არჩენს. _ მე არ შემიძლია ყოველდღე ოთხი მანეთი ვიმყოფინო, _ უცბად გაიანგარიშა დღიური ხელფასი მურზამ, _ ყოველდღე მაიონეზიანი კვერცხი ვჭამო სასადილოში და მანეთი კიდევ ბანკში გადავრიცხო, რომ ორი თვის შემდეგ რაღაც ძველმანი ვიყიდო. 229


ასეთ ყოფნას სულ შიმშილი მირჩევნია. განა არ მიშიმშილია, ერთი კვირა მარტო ჩაის ვსვამდი, მაგრამ ვერ ვიმუშავებ, ყოველდღე ერთი და იგივე ოთხი მანეთისათვის ვერ ვიმუშავებ. _ მაშ, ვერ დაანებებ თამაშს თავს. _ მაინც დავანებებ, რაღაც ძველ ვალებს გავისტუმრებ, ერთი-ორ კაცს მოვკლავ და დავანებებ, მომბეზრდა... _ როგორ წარმოგიდგენია სხვა ცხოვრება? _ თუ გგონია იმ მილიონებში ჩავეწერები, რომ მუშაობენ და ვითომ ხალხისთვის რამე სასარგებლოს აკეთებენ? არა ძმაო, არ ვიმუშავებ. წავალ კავკასიონის მთებში, ჯერ მარტო რა ბუნებაა, არც ოთხი მანეთი მინდა, არც _ ოთხი მილიონი, ადამიანი ბუნების შვილია და ბუნებასვე უნდა დაუბრუნდეს. _ კარტის გარეშე იქ როგორ გაძლებ? _ იქ ღმერთებთან ახლოს ვიქნები, ღრუბლებში გავაფრიალებ კარტს... ღამე მურზას აბოდებდა. სპარტაკმა გარკვევით გაიგონა: "ვაი, დედა! როდის დამთავრდება ეს ყველაფერი?!". გაიგონა და დიდხანს ვერ დაიძინა. დილით მურზამ სთხოვა, _ სანამ პირს დავიბან, წიგნები დამიწებეო და აბაზანაში შევიდა. სისხამ დილიდან ემუშავა მოხატვის ოსტატს, დანიშნული ბანქოს დასტებით მოსაკლავი ხალხისთვის აკლდამა აეშენებინა დაბალ მაგიდაზე. დიდი ხანი იყო, რაც არ ეთამაშა ავადმყოფს და ძილი გასტყდომოდა. სპარტაკმა გახსნილ კოლოფებზე, სადაც უკვე გაკეთებული ბანქო ელაგა, ქაღალდის წებოთი იმოქმედა და პირვანდელ გარეგნულ მდგომარეობას 230


დაუბრუნა. ვეღარ დაესწრება სპარტაკი ამ პროდუქციის საქმეში რეალიზაციის პროცესს. ქოსას დასვენების დღე ჰქონდა ქარხანაში და გადაწყვიტა უფრო ახლოს გასცნობოდა მდგმურებს. ჯერ აბაზანის ჩაკეტილი კარი მოსინჯა, შემდეგ სპარტაკთან შევიდა. _ იბანს შენი ამხანაგი? _ ჰკითხა მას. _ დიახ, _ უპასუხა სპარტაკმა. _ კარგია დაბანა, სუფთა ადამიანმა სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა იბანაოს. როგორ ისვენებთ, რა ნახეთ მოსკოვში? სამუშაო კვირა მქონდა და ყურადღება ვერ მოგაქციეთ, ფული ხომ არ შემოგაკლდათ? ქოსა ლაპარაკობდა, ჩუსტებიდან გამოდგმულ ფეხის თითებს ათამაშებდა და დასცქეროდა. _ არა, ფული საკმაოდ გვაქვს, იქნებ ბინის ქირაზე მოგველაპარაკა? _ ჰა, ჰა, _ გაიცინა ქოსამ და სპარტაკს მუხლზე ხელისგული დაჰკრა მსუბუქად, _ ბინის ქირა, ეს... მეათე საქმეა, ხალხი დასასვენებლად ჩამოსულხართ დედაქალაქში და ქირაზე ლაპარაკით თავს როგორ შეგაწყენთ?!... აბაზანაში შხაპის ხმა შეწყდა და ქოსას ყურადღება გაეფანტა. ადგა, გაიარ-გამოიარა და სპარტაკს უთხრა: _ დღეს საშუალება მეძლევა თქვენთან ერთად ვისაუზმო. თუ არ გეწყინება, გთხოვ, აი, ეს ათი მანეთი გამომართვა, პელმენი ამოიტანე, აქვე, გასტრონომში იქნება. სპარტაკმა ფული არ გამოართვა, სანამ გავიდოდა 231


მურზას შესძახა: _ პელმენზე მივდივარ, მალე მოვალ, წიგნები დაგიწებე და ჩანთაში ჩავაწყვე. _ შამპუნიც წამოიღე! _ დაუძახა აბაზანიდან მურზამ, შამპანური ჰქონდა მხედველობაში. სპარტაკი გასტრონომისკენ გაემართა, რომელიც ქოსას ბინიდან ორიოდ წუთის სავალზე თუ იქნებოდა. მერეღა გაახსენდა, გასტრონომში "რემონტი" რომ მიმდინარეობდა. ტაქსი გააჩერა და მოშორებით მდებარე მაღაზიაში გაემართა. ქოსა მურზას აბაზანის კართან შეეგება. _ შენი ამხანაგი პელმენზე წავიდა, მაგრამ ალბათ დააგვიანდება, რადგან ჩვენ გასტრონომში რემონტია, _ მიმართა თანაგრძნობით და ღიმილით. ამ გრძნობისა და მიმიკური ჟესტის ერთობლიობამ მურზას რამდენიმე დღის წინანდელი ეჭვები გაუძლიერა და ღიმილითვე მიმართა: _ დაველოდოთ, მეტი რა დაგვრჩენია?! _ აი, ასე, _ ჩაილაპარაკა პასუხით კმაყოფილმა ქოსამ და ოთახში შეუძღვა მდგმურს. _ მეტი რა დაგვრჩენია?! დაველოდოთ, დასვენება ხომ არ გინდა? _ არა, გმადლობთ, დასვენებული ვარ. _ რამე ხომ არ გჭირდებათ ჩემგან? რატომღაც არაფერს მეუბნებით! _ გმადლობთ, ჯერ არაფერი დაგვჭირვებია, ისე ერთი... _ მითხარი, მითხარი. _ როგორც მოსკოველს, ერთი რამე უნდა გკითხოთ. _ გისმენ! 232


_ მარტო სახელით და გვარით მოსკოვში ადამიანის მოძებნა თუ შეიძლება? _ ჰა, ჰა, _ გაიცინა ქოსამ და ხელისგულის მსუბუქი დაკვრით გაამხნევა მურზა, _ მოსკოვში ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც ისეთი შეუძლებელი რამ, რაც შენ გაინტერესებს, გავაკეთებთ, ნუ გენაღვლება, ეს მეათე საქმეა. _ მე დღესვე მინდა ამ ადამიანის მოძებნა. _ იყოს დღესვე, ეგ საქმე მე მომანდე, ცნობათა ბიუროში დავრეკავ და უმალ გავიგებ, ოღონდაც ყოველ ცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს: რა მოხელია, რომელ რაიონში ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, ტელეფონი და სხვა... მურზას ვალიას ნახვის იმედი გაუჩნდა და მოუთმენლად შეაწყვეტინა: _ პირველ კურსზეა, მაგრამ რომელ სასწავლებელში ეგ არ ვიცი, ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისაა, დედ-მამა ორი თუ სამი წლის წინ დაეღუპა ავტოკატასტროფაში, ბებიასთან ცხოვრობს, ვალია ლებედევა. ქოსას სახე შეეცვალა და ჰკითხა: _ გოგოა? _ გოგოა. _ რად გინდა გოგო?! _ როგორ "რად მინდა"?! _ გაუკვირდა მურზას. _ მდდა! _ წარმოთქვა ცოტა ხნის შემდეგ ქოსამ. ადგა, ფანჯარასთან მივიდა და ხმაურიან ქუჩას გადახედა, სადაც რა უცბად შეიცვალა ცისარტყელასფრად აელვარებული სამყარო ცივილიზაციის შავ-თეთრი, 233


მტვრით მოფენილი მონაპოვრით. რამდენიმე წამში მოხდა ეს, სანამ მურზა სახელს წარმოთქვამდა. წამიერი იყო ცვლილებით გამოწვეული გულისტკივილი. ასეთ შემთხვევებში ქოსა პირადული ცხოვრების ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა ხოლმე. გარეგნულად ძნელი იყო ამ ცვლილების შემჩნევა, წარბები რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა სევდიანად აზიდულნი მრისხანედ დაეჭიმა. _ ვალია, ვალია, _ ჩაილაპარაკა მან. მურზამ იგრძნო აღფრთოვანებული ტონის შეცვლა, მასპინძლის წყენინება არ უნდოდა და მოკრძალებულად მიმართა: _ გთხოვთ! ქოსამ შემოსასვლელში ჩამოკიდებული ტელეფონით დარეკა. _ დილა მშვიდობისა, ვალია ლებედევას საცხოვრებელი მისამართი გამიგე საყვარელო, მგონი შარშანწინ დაეღუპა მშობლები ავტოკატასტროფაში... პირველკურსელია, ... სად სწავლობს არ ვიცი... კარგი, დაგელოდები. _ მალე დარეკავენ, _ თქვა მან დაკიდა რა ყურმილი და თავის ოთახში შევიდა. დადებითი უკიდურესობების დასვენების დღე უარყოფითი უკიდურესობებისათვის სამუშაო დღეს წარმოადგენდა. სპარტაკი რომ დაბრუნდა, ტელეფონის ზარი მაშინ გაისმა. ქოსამ თავის ოთახში აიღო ყურმილი. მდგმურები სამზარეულოში შევიდნენ. პელმენის მოსახარშად წყალი დადგეს გაზქურაზე. ქოსამ 234


ლაპარაკი დაამთავრა და კიდევ სადღაც დარეკა. შემდეგ სამზარეულოში კოსტიუმით შევიდა და ბიჭებს უთხრა: _ აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, უჩემოდ ისაუზმეთ. ქოსა რომ წავიდა, სპარტაკმა ჰკითხა მურზას: _ რამე ხომ არ აწყენინე? _ არა, _ უპასუხა მან და ქოსას გამოედევნა, კიბეებზე დაეწია და ჰკითხა _ რამე ხომ არ გაიგო? ქოსა წამით შეჩერდა, სახეზე დააკვირდა და უთხრა: _ რომ მოვალ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა ყველაზე თვალნათელი იყო ცვლილება. მურზა ჩაფიქრებული დაბრუნდა. _ თამაში გამოვუცხადე და გაბრაზდა, _ დაასწრო სპარტაკს. _ ეგ გასაბრაზებელი კაცი იყო?! _ გაეცინა სპარტაკს, _ ან რომელი მოთამაშე ეგ ნახე?! _ ჰოო, რა ვიცი, მილიციაში არ წავიდეს! მურზა მართლა შეაფიქრიანა ქოსას ქცევამ. ვალიას მისამართი იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც ამ კაცის გამოცნობა. იქნებ მართლაც საჭირო იყო თამაშის გამოცხადება? შვიდმილიონიანი ქალაქის რომელი ცნობათა ბიურო მიიღებდა ასეთი მონაცემებით შეკვეთას?! საუზმის შემდეგ ნაცნობებს დაურეკეს და შეხვედრა დაუნიშნეს, შუადღემდე ქოსას ელოდნენ. შეხვედრაზე რომ წავიდნენ, კარი დაკეტეს. ღამით გოგოებთან ერთად დაბრუნდნენ. მასპინძელი შინ იყო. _ ჩემთან შემოდი, ერთ ახალგაზრდას შენი ნახვა 235


სურს, _ უთხრა მან მურზას და ოთახში შეუძღვა. _ გამარჯობა, _ მიესალმა მურზა. _ გამარჯობა მეგობარო, _ უპასუხა ვალოდიამ და სავარძელში გაიშალა. _ რაზე შეწუხებულხარ? _ რატომღაც ადრე წახვედით შენ და შენი მეგობარი, არ მოგეწონათ რამე? თქვენს გამო მილიციაში მაყურყუტეს. _ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. _ შენი გოგო გვყავს მძევლად, ასე რომ ... იფიქრე, ნუ გავამწვავებთ დამოკიდებულებას, ეს შენთვისაც საზიანოა. შესაძლებლობას გაძლევ თანხით დაფარო ყველაფერი, როგორია? ცოტაოდენ ქაღალდს მოიტან და ჩიტივით თავისუფალი იქნები. _ არ გამაცინო, _ უთხრა მურზამ, _ მე ყოველთვის თავისუფალი ვარ. ქოსამ, რომელიც გაზეთს კითხულობდა, თავი აწია და ისევ გაზეთს დაუბრუნდა. ... _ იმ გოგოსთან კი არაფერი მაკავშირებს, არც ცოლია ჩემი, არც _ საცოლე, არც _ და, არც _ შვილი, შენც გინახია რა მძევალი! ჩემგან მძევლად კარტს თუ წაიღებ, კარტის მეტი მე არავინ მყავს. _ კარტი თუ კიდევ დაინახე, ღმერთს მადლობა შესწირე. _ მუქარა არ არის საჭირო! _ შეაჩერა ქოსამ ვალოდია, რომელიც წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. _ მოსკოვიდან ვერ გახვალ! _ არ ცხრებოდა იგი, _ მელოტს ფეხებს უნდა უკოცნიდე, ახლა წყნარად რომ გელაპარაკები. მურზას სადღაც გაეგონა ეს მეტსახელი, იქნებ 236


"სალეცის" გვერდითაც. _ ამ ბიჭებს ვიცნობ, _ თქვა ქოსამ, ვალოდია რომ წავიდა, _ გრძელი ხელები აქვთ, წყენას არავის შეარჩენენ, ნახევარ მილიონში შეგეშვებიან ალბათ, ძველი ფულით, რა თქმა უნდა. _ მაგ ასაკიდან ბიძაჩემო, ფულებს რომ ტყუილად ვიხდიდი, დიდი ხანია გამოვედი, სხვა არიფები უნდა ეძებონ, _ გაეცინა მურზას და ოთახიდან გავიდა. _ მე ჩემი გითხარი, როგორც გინდოდეს, _ დაადევნა ქოსამ და მურზა მიტრიალდა, _ იმ გოგოს შენ თვალწინ აწამებენ და ვერ მიეხმარები, მოსკოვიდან წასვლა გენდომებათ და ვერ წახვალთ, დარჩენას მოისურვებთ და საცხოვრებელ ადგილს ვერ იპოვით, ციხეში წახვალთ და იქაც მოგწვდებიან, მე რჩევის მოცემა მინდოდა მხოლოდ. _ სად არის ვალია? _ ჰკითხა მურზამ კარიდან. _ ჰმ, "ვალია", ეგ ვალოდიას უნდა ჰკითხო, მე სხვის საქმეში ცხვირს არ ვყოფ. _ რამდენი უნდა მოგცეთ ბინის ქირა? _ ასი მანეთი. მურზამ ქოსას ფული მისცა და მეგობართან გავიდა. სპარტაკი გოგოებთან ფეხბურთს თამაშობდა, წინდებისგან შეკრულ ბურთს დასდევდნენ და ქვემო სართულზე მცხოვრებთ ძილს რომ უფრთხობდნენ, აზრად არ მოსდიოდათ. _ ნახეთ, რა, დრო სათამაშოდ! _ თქვა მურზამ. _ ვინ იყო? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ გვეუბნებიან, რომ აღარ დაგვედგომება მოსკოვში. _ ვინ გვეუბნება?! _ გაეცინა სპარტაკს. 237


_ იმ მოკრივემ მოგვძებნა, "კაშირსკაიასთან" რომ ცხოვრობს. ახლა აქ იყო და წავიდა. სპარტაკს უცბად შეეცვალა მხიარული გამომეტყველება. _ როგორ მოგვძებნა? _ არ ვიცი, ალბათ შემთხვევით, ამასთან ჰქონდა კავშირი, "მელოტი" დაუძახა. _ რა მინდაო? _ ქოსა მეუბნება ორმოცდაათში გამოძვრებითო. _ ეგ გიჟი ხომ არ არის?! _ შენ გიჟი უძახე, დიდი გაიძვერა ჩანს. _ წავიდეთ, რაღა დაგვრჩენია, ამაღამ ხომ არ გაგვყრის?! _ ქოსა კი არ გვყრის, ჩვენ უნდა ავითესოთ აქედან სანამ დროა, ბინის ქირა უკვე მივეცი, ასი მანეთი მომთხოვა, _ რა ამბავია ასი მანეთი?! _ რას იზამ?! _ ხვალ დილითვე წავიდეთ. _ არა სპარტაკ, ახლავე უნდა მოვცილდეთ მოსკოვს, ნებისმიერ ღამის მატარებელს უნდა გავყვეთ. _ ამათ რა ვუყოთ? _ ამათი დარდი მაქვს? ხვალვე მოძებნიან შენნაირს, _ უთხრა მურზამ და გოგოებს რუსულად მიმართა: _ აბა, გოგოებო, ფეხბურთი ქუჩაში უნდა ვითამაშოთ, წინდა არ დაგრჩეთ. გოგოებმა იფიქრეს, _ ჩვენმა კავალერებმა, როგორც ყოველთვის, სიურპრიზი მოგვიმზადესო და გახარებულნი გაემზადნენ ქუჩაში ჩასასვლელად. მურზამ განუყრელი ჩანთიდან ნივთები ერთს 238


გადაუწყო, თვითონ ჩანთა კი დაკეცა და მეორეს ჩაუტენა ხელჩანთაში. _ სპარტაკი გაგაცილებთ! _ მიაძახა გოგოებს ქოსას გასაგონად, თვითონ კი სამზარეულოში შევიდა. ნაყინს მიირთმევდა ნაყინის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენელი და ნაბეჭდ ფურცლებს ათვალიერებდა. მურზას დანახვაზე ფურცლები შეინახა და ნაყინზე მიიპატიჟა. მურზამ დიდი სიამოვნებით დაიწყო ჭამა. _ გადავწყვიტეთ ხვალ წავიდეთ, _ თქვა მან, სიჩუმე რომ ჩამოვარდა. _ თქვენი ნებაა, თუ დარჩენას მოისურვებთ, ამ სახლის კარი ყოველთვის ღია იქნება თქვენთვის. მურზა სპარტაკის შეგვიანებით წუხდა, მხოლოდ ტაქსში უნდა ჩაესხა გოგოები, ნეტავ სად დაიკარგაო, _ თქვა და შესახვედრად გაემართა. კარი გაიხურა თუ არა, ქოსა ტელეფონთან მივიდა დარეკა და ამცნო: _ ჩემგან გავიდნენ. _ ხალხი დაყენებული მყავს, _ იყო პასუხი. _ იცით რას გეტყვით?! _ ხმას აუწია ქოსამ, _ მე თქვენი დისპეტჩერი არ ვარ, რომ გაუწყოთ, როდის გავიდნენ და როდის მოვიდნენ, უთქვენოდაც ბევრი საქმე მაქვს! _ მეტად აღარ შეგაწუხებთ, მელოტო, ჩვენ საქმეს ჩვენ მოუვლით, მაგ ბიჭებს თვალით ვეღარ ნახავთ. _ ისე, იცოდეთ, ჩემთან ტყუილად კი არ ყოფილან, თქვენი ბოსი ნახეთ და ის გეტყვით, რაში გვჭირდებოდა ჩამოსული ხალხი. გოგოებს ქუჩაში გამვლელები აეკიდნენ. სპარტაკმა მთვრალების ჩამოცილება მოინდომა და გარტყმა239


გამორტყმა გაიმართა, კიდევ ხუთი კაცი გამოჩნდა. გოგოები შეშინებულნი გაიქცნენ, შორიახლოს თამბაქოს ფარდულს მოეფარნენ და იქიდან უყურებდნენ ჩხუბს. ნაცემი კავალერები მიკროავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს. სპარტაკმა გაიბრძოლა, მაგრამ მტკიცედ ყავდათ დაჭერილი. _ ჩემი ჩანთა! _ აღმოხდა მურზას. ოცი წუთი მოძრაობდა მანქანა ღამის მოსკოვის ქუჩებში. მოძალადეებმა ჯიბეები დაუცარიელეს. გაკვირვებულნი იყვნენ კუპიურათა რიცხვით და მსყიდველობითი უნარიანობით. ვალოდიამ ბოსი შეაწუხა შუაღამისას, ქოსას საქმის შესახებ კითხულობდა. უნდოდა უშეცდომოდ ემოქმედა. ბოსმა დააყოვნა პასუხის გაცემა, ნამძინარევი ალბათ აზრებს იკრებდა. _ რამდენი აქვთ? _ ბიჭებს წაურთმევიათ, ზუსტად ვერ გეტყვით. _ მანქანებზე ამუშავე, ორი-სამი მანქანის შემდეგ ამოჰკარი პანღური და გაუშვი საიდანაც მოსულან, მელოტი სხვასაც მოძებნის, ბიჭების მოძებნა არ გაუჭირდება, _ ჩაიცინა ბოსმა და ღამის აბაჟური ჩააქრო, ხვნეშით დაიწყო გვერდის შეცვლა, რასაც საწოლის ჭრაჭუნი მოყვა. ვალოდია ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან, შეწუხებისათვის დიასახლისს ბოდიში მოუხადა და დაემშვიდობა. იცოდა, რომ წართმეული ფული არ დაიკარგებოდა და ბოსთან გაჩნდებოდა, მაგრამ ბოსს ვერ გაუბედავდა იმის თქმას, რომ ეს მისი ფული იყო. დაჭერილნი არც უნახია, მაშინვე დაავალა, წაეყვანათ 240


საქმეზე. დაიძრა ღამის ბრიგადა. მურზას შრომის იარაღი მისცეს და ავტოსადგომთან გადაგზავნეს. იგი მალე დაბრუნდა, ძალაყინი მანქანასთან დაეტოვებინა. _ ძალა არ მყოფნის, ერთი კაცი მომაშველეთ, _ თქვა მურზამ. მიკროავტობუსში ერთმანეთს გადახედეს. _ ამხანაგი მივახმაროთ, _ თქვა ერთმა სპარტაკზე. _ მაგის გაშვება არ იქნება, მე წავალ, _ თქვა მეორემ. _ შენი წასვლა არაა აუცილებელი, ჩიჟიკი წაყვეს, _ თქვა მესამემ. ცოტა ხანს ითათბირეს და ძალაყინით შეიარაღებული სანდო "ჩიჟიკი" გააყოლეს, ყველაზე წვრილმან და ჭუჭყიან საქმეებში ჯერჯერობით სუფთად რომ მუშაობდა. მანქანას რომ მიუახლოვდნენ, მურზამ სთხოვა, კარში ბერკეტივით გაყრილ ძალაყინს მისწოლოდა. თავისი ძირს დადო და კარებში გაყრილს მიაწვა დამხმარე ძალა. მურზამ გადაწყვიტა ძალაყინი აეღო და თავში ჩაერტყა კერძო ავტოტრანსპორტის ქურდისთვის, მაგრამ გადაიფიქრა ბლაგვი იარაღის გამოყენება, ორი ხელი შეაერთა და მთელი ძალით კეფაში დასცხო. ამ წამშივე მოქმედების ახალმა გეგმამ გაუელვა: დარეტიანებული თავისივე გაღებულ კარში შეეგდო, გვერდით სავარძელზე გადაეთრია, მანქანის საკეტიდან ელექტროსადენები ამოეშალა, შეეერთებინა და სპარტაკის სანაცვლო მძევალი ბრიგადის წინ ჩაეტარებინა მანქანით... მაგრამ, მაგრამ ორი ადამიანი გაჩნდა მოულოდნელად შემთხვევის ადგილზე. შუახანს გადაცილებული 241


ცოლ-ქმარი მოსულიყო თავისი ქონების დასაცავად მილიციით ზურგგამაგრებული. ოპერატიულად იმოქმედეს ღამის ცვლის მუშაკებმა. ხელბორკილი მოიტანეს ძალაყინით მომუშავე გამტაცებლის შესაპყრობად. _ კარგად მოვარტყი, _ მიაგება მურზამ მომხდურთ, _ ასეთი ნაძირალები მეტის ღირსნი არ არიან, სიბნელით სარგებლობენ და კერძო საკუთრებას ხელყოფენ. _ თქვენ რა მომენტში მოუსწარით? _ ჰკითხა მანქანის პატრონმა. _ აი, ხომ ხედავთ! _ ხმას აუწია გათამამებულმა, _ კარი ღიაა, შესვლას აპირებდა, ძალაყინი დავინახე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რაც უნდოდა და კარგად მოვადე. ქურდი გრძნობადაკარგული ეგდო. სერჟანტმა მკლავებში ხელები ამოუყარა და მანქანისკენ წაიყვანა. _ თქვენ ორნი წამოხვალთ მილიციაში, _ თქვა ლეიტენანტმა, _ ქალი აღარაა საჭირო. _ მე რა მინდა მილიციაში?! _ აღშფოთდა მურზა. _ ჩვენების მისაცემად! _ აქვე მოგცემთ ჩვენებას. _ აქ არ შეიძლება, იქ უნდა გაკეთდეს ეგ ამბავი. _ მეჩქარება, უფროსო. _ წამოდი და წყნარად იყავი, თორემ ხულიგნობა არ მოგეწეროს, ვინ გკითხავდა რომ ურტყამდი?! ჩვენ რიღას მაქნისები ვიყავით?! _ მე თავს ვიცავდი. _ წამოდი, წამოდი, ნუ გეზარება, _ გაეცინა უფროსს. 242


_ "მოქალაქე, რას სჩადი" _ მეთქი, ვუთხარი და შემომიტია. _ ეგენი იქ მოყევი. სანამ ამ სჯა-ბაასში იყვნენ, მიკროავტობუსი დაქოქეს და იქაურობას გაეცალნენ. ახალ ხალხს აბრალებდნენ ღამის სამსახურის უიღბლოდ დაწყებას. მეგობრის მიტოვებისა არ ედარდებოდათ "ჩიჟიკი არ დაიკარგება" _ ამხნევებდნენ ერთმანეთს. ხელმძღვანელის წინადადებით სვლა შეანელეს და სპარტაკი წიხლისკვრით გადააგდეს მანქანიდან. სპარტაკი წამოდგა თუ არა შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, რაც შეეძლო, ჩქარი ნაბიჯით, მაგრამ იმასღა მოჰკრა თვალი მურზა მილიციის მანქანაში რომ ჩასვეს, კარი მიუხურეს და დაიძრნენ. ახლა შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში თუღა ნახავდა მურზას. იმედი ჰქონდა დაზარალებულთა როლში აღმოჩნდებოდნენ. მთელი ღამე იხეტიალა სანამ მილიციას მიაგნებდა. მანქანები არ აჩერებდნენ. ფეხით მოსიარულეთ ასეთი დაწესებულებისათვის თითქოს ყურიც არ მოეკრათ. თავგზააბნეულმა ტელეფონ-ავტომატით მილიციაში დარეკვაც ვერ მოიფიქრა, რომ მისამართი ეკითხა. გამთენიისას ბულვარზე სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტი გააბოლა და ჩაეძინა. სპარტაკი ხალხის ხმაურმა გააღვიძა. სულ რაღაც ნახევარი საათი თუ ეძინა ღია ცის ქვეშ. ამოძრავებულიყო ქალაქი. დღის სინათლეზე დაიხედა ტანსაცმელზე და ქუჩაში ყოფნისა შერცხვა. გაიგო, მილიცია არც ისე შორს ყოფილა. ტრამვაის გაჩერებასთან ლამპიონის ბოძს მიეყრდნო. ხალხი 243


სამსახურში ჩქარობდა. უცებ ყველაფერი შეჩერდა. მხოლოდ ქუჩაში რაღაც ფურცლებს მიაფრიალებდა ქარი. გოგო მოდიოდა ჩქარი ნაბიჯით. ქარი-გოგო. ჩანთა მხარზე გადაეკიდა და კაბაზე მიკრულ ფურცლებს იშორებდა. ის გოგო მოდიოდა, ერთი კვირა თვალწინ რომ ედგა სპარტაკს. ვალია ლექციებზე ეშურებოდა. ტანსაცმელშემოხეულმა ადამიანმა მისი ყურადღება მიიპყრო. იცნო სპარტაკი და მისკენ გაემართა. სპარტაკს გული გაუნათდა და უთხრა: _ ცხოვრებაზე ხელი მქონდა ჩაქნეული, შენ რომ დაგინახე, სულ დამავიწყდა რა მდგომარეობაში ვდგავარ გამზირზე. _ მურზა სად არის? _ ჰკითხა მოულოდნელად ვალიამ. სპარტაკს ახლაღა გაახსენდა, სად აპირებდა წასვლას. _ მურზა? არ ვიცი. _ როდის დაშორდით? _ გუშინ. _ სად მოვძებნო, ღმერთო, ასე დაკარგვა გაგონილა?! _ ნუ იდარდებ, მურზას სხვა საქმეები გამოუჩნდა და შეიძლება აღარც იყოს შენთვის საჭირო მისი მოძებნა. _ რას ნიშნავს "საჭირო"?! _ საჭირო რომ ყოფილიყო თქვენი შეხვედრა, თვითონ მოგძებნიდა. _ მეძებდა! _ თქვა თვალებანთებულმა გოგომ. _ არა მგონია, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. _ თქვენ ხომ არ იცით, რა გადამხდა მურზას გულისთვის? სპარტაკი ამ საუბარს არ ელოდა, თითქოს რაღაცის 244


თქმას აპირებდა, არც იცოდა _ რის, მაგრამ ვალიას ნაამბობმა შეაცბუნა. თხუთმეტიოდე წუთი ლაპარაკობდნენ. დაშორებისას სპარტაკმა მისამართი გამოართვა, უთხრა _ მურზას გადავცემო. მილიციაში სპარტაკმა ღამე მანქანის გატაცების მცდელობაში დაკავებულნი იკითხა. ამ რაიონში ასეთი შემთხვევა ერთადერთი იყო და ახლა დაკითხვა მიდიოდა. სპარტაკმა ძლივს მიაგნო გამომძიებლის ოთახს, დააკაკუნა და კარი შეაღო... გრეგორი კონდრატიუკმა ჩვენება მისცა და სასწრაფოდ დატოვა მკაცრი ორგანიზაცია. მანქანის პატრონი დაედევნა და სახლში წაყვანა შესთავაზა, ფეხით ხომ არ გაუშვებდა მისი გულისთვის შეწუხებულ მოქალაქეს?! მძარცველ-გამტაცებელი ამ დროს გრძნობაზე იყო მოსული და ბოღმით სავსე, დაკითხვის მოლოდინში დილამდე "პრიმას" ეწეოდა. მურზამ ალალბედად სასტუმრო დაუსახელა და მიენდო ბედნიერ კერძო მფლობელს. სასტუმროსთან ორკაპიკიანი სთხოვა, მადლობა გადაუხადა და გულთბილად დაემშვიდობა. მონეტა ტელეფონავტომატის ჭრილში ჩაუშვა და იმ გოგონას ტელეფონის ნომერი აკრიფა, ჩანთა რომელსაც გაყვა. ჩანთის და ნივთების დაკარგვის შიში აეკვიატა, ჩანთა იყო საჭირო, განუყრელი ჩანთა, ტელეფონს კი არავინ იღებდა. ... _ ეს არის! _ იყვირა დაკითხვაზე გამომძიებლის ოთახში მყოფმა დამნაშავემ, _ ამან და მისმა თანამზრახველმა მუქარით წამიყვანეს დასახმარებლად. გამომძიებელმა დაბნეულ სპარტაკს თავისთან 245


მოუხმო. _ გვარი, სახელი? _ ჰკითხა უცბად. _ სპარტაკ ჩაჩაევი. _ დოკუმენტები გაქვს? _ გუშინ დავკარგე. _ მეორე სად არის? _ არ ვიცი, მე აქ მეგონა. _ გვარი, სახელი? სპარტაკი დუმდა. _ ვინ იყო შენთან ერთად? _ გაუმეორა გამომძიებელმა. _ მალავს უფროსო, _ ჩაერია ჩიჟიკი. _ შენ არ გეკითხებიან! _ გააჩუმა გამომძიებელმა. _ გრეგორი კონდრატიუკი, _ თქვა სპარტაკმა. გამოძიება სტანდარტული ფორმით წარიმართა. ვალოდია, ქოსა და მანქანის პატრონი დაკითხეს, კონდრატიუკი უგზო-უკვლოდ გაქრა. გამოძიების მსვლელობა ჩვენებებისა და ფაქტების გარდა, რაღაც სხვა ფაქტორებსაც ემორჩილებოდა, რომელთა გამოც სპარტაკის ჩვენებები დაკითხვაზე დამაჯერებლობას კარგავდნენ. სპარტაკის უმუშევრობა მხოლოდ საბაბი იყო ასეთი მიდგომისათვის. მშობლების ყურს ეუწყა უსიამო ხმა. მარტოობით დადარდიანებულნი უცაბედად შიშმა მოიცვა. სასამართლო პროცესისათვის დანიშნულ დღემდე ერთი დღით ადრე ჩავიდნენ მოსკოვში. სპარტაკი შეხვედრაზე არ გავიდა. უკანასკნელ დაკითხვაზე რომ დაიბარეს, მაშინ შეხედეს ერთმანეთს. შვილმა მშობლების მზერას ვერ გაუძლო და თავი ჩაღუნა. ასეთი კატეგორიის დანაშაული, დღეში რამდენიმე 246


იხსნებოდა პროკურატურაში, ამიტომ ერთი სასამართლო პროცესი ბევრ დროს არ იკავებდა. სასამართლოზე ყველაფერი გადაწყდა. ადვოკატი მოუხერხებლად იყენებდა ფაქტებს, რის გამოც მისი ვერსია ჩიხში შედიოდა. მშობლებისთვისაც გაუგებარი დარჩა საქმის ვითარება. სპარტაკს ორი დღის შემდეგ გადაგზავნიდნენ ტამბოვის ოლქში. _ რატომ გვატყუებდი, შვილო?! _ ჰკითხა დედამ. _ ვინ დაგვღუპა?! _ ჰკითხა მამამ. სპარტაკს არ შეეძლო პასუხის გაცემა. _ ჩემი ბრალია, მაგრამ მე არ ვარ დამნაშავე, დამიჯერეთ, მე არ ვარ დამნაშავე! _ ყვიროდა სპარტაკი, _ მოწყობილია ეს ყველაფერი, ქოსამ და ვალოდიამ მოაწყვეს! მშობლები სასამართლოზე სპარტაკის ემოციური გამოსვლებითაც ხვდებოდნენ, რომ იგი დამნაშავე არ იყო, მაგრამ ვერ წარმოედგინათ, ვის ან რატომ უნდა დაჭირვებოდა მისი დადანაშაულება. ვალოდია სალაპარაკოდ ვერ მოიხელთეს. ქოსა კი შეუვალი კლდე აღმოჩნდა, მშრომელი მოქალაქე მხოლოდ ნანობდა, მძარცველები რომ შეისახლა რამდენიმე დღით. სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. მესამე თავი ქალაქი ოთხ კვადრატულ კილომეტრ ფართობს იკავებდა ტამბოვის ოლქში. მოუწესრიგებლად განლაგებულ ქუჩებში და კვარტლებში ათი 247


ათასამდე მცხოვრებს შეეძლო თავი ქალაქის ბატონპატრონად ეგრძნო. ამაზე მიუთითებდა განთქმული ავეჯის ქარხნის წინ გამოკრული ორი აბრა: "ჩვენი ქალაქი _ ჩვენი საზრუნავია" და " ჩვენი ქარხანა _ ჩვენი საზრუნავია". ქარხანა იყო ქალაქის სულისჩამდგმელი. მცხოვრებთა უმეტეს წილს ქარხანა აძლევდა შრომის და ანაზღაურების პროცესის გარანტიას. ამბობდნენ, რომ მალე ფერმას ააშენებდნენ. ამ შემთხვევაში მეორე საყრდენი გაუჩდებოდა მშრომელ მოსახლეობას და გაძლიერდებოდა ქალაქი. ახალგაზრდული კლუბი და კინოთეატრი, ბიბლიოთეკა და სპორტული ოთახი, ორსართულიან კულტურის სახლში შეყუჟულიყო. ახალი თაობა ერთ საშუალო და ერთ რვაწლიან სკოლაში იზრდებოდა. ქალაქი, ავეჯის ქარხნის გარდა, ციხე-კოლონიითაც იყო ცნობილი კავშირის სხვადასხვა კუთხეში. აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე ოთხსართულიანი შენობა მთლიანად პატიმრებს და მომსახურე პერსონალს (სამხედრო დაცვა და ადმინისტრაცია) ეკავათ. ციხის ტერიტორია მავთულხლართის ღობით იყო გამიჯნული ბეტონის კედლისგან, რომელიც თავის მხრივ მოქალაქეთა ყველა უფლებით მოსარგებლე ხალხის დანახვის საშუალებას არ აძლევდა სასეირნოდ გამოსულ პატიმრებს. ჩრდილოეთის მხრიდან ამ როლს ავტოსადგომ-სახელოსნოს ბოქსები ასრულებდნენ. ბოქსებს შორის გასასვლელებიდან ათასგვარი უვარგისი ხარახურა გამოჰქონდათ და ჭანჭრობში ყრიდნენ, ნაწილობრივ კოლონიის ტერიტორიაზე 248


რომ იჭრებოდა. ავტოსადგომის ეს ნაწილი სამხედრო ტრანსპორტს ემსახურებოდა. თუ მოახერხებდნენ მოლაპარაკებას, პატიმრის კეთილმსურველებს შეეძლოთ არმიელის ხელით გაეგზავნათ აკრძალული ნობათი ციხეში: არაყი, პურში ჩატენილი ნარკოტიკები, ფული ან დანა. არმიელს დათქმულ დროზე ბოქსებს შორის გასასვლელიდან შეკრულის გატანა, ჭანჭრობს შემოჯარულ ჩირგვებში გაძრომა და მავთულხლართის ღობეზე გადაგდება უნდა მოეხერხებინა ისეთი ძალით, რომ შეკრულა წყალში არ ჩავარდნილიყო. მესამე და მეოთხე სართულებიდან პატიმრებს შეეძლოთ ეკლესიის გუმბათის გარდა ქალაქის არქიტექტურისათვის და ტრანსპორტის მეჩხერი მოძრაობისთვის ედევნებინათ თვალი. აგრეთვე ჰორიზონტის ხაზი და მას აქეთ მდებარე ტყე-ველებიც მათ განკარგულებაში იყო. კოლონია შრომა-გასწორების რეჟიმში სუნთქავდა. აქ ძირითადად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში ჩადენილ სამასამდე დანაშაულის ავტორთა გამოსწორება მიმდინარეობდა იძულებითი შრომის მეთოდით. სპარტაკ ჩაჩაევის დანაშაულის სიმძიმე და სასჯელის მოხდის ვადა დაახლოებით შუა ადგილს იკავებდა მრავალფეროვან სიაში, აღრიცხვის ჟურნალებსა და საქმეებში, კოლონიის უფროსის მაგიდას რომ ამძიმებდნენ. კოლონიის მასულდგმულებელს, დანაშაულის გარდა, სამხერხაო წარმოადგენდა, ისევე როგორც ქალაქისას _ ავეჯის ქარხანა. სამხერხაოშიც ისევე იყო მოწესრიგებული ცვლები, როგორც ქარხანაში. დღე249


ღამის განმავლობაში სამი ბრიგადა ენაცვლებოდა ერთმანეთს. სამხერხაო კოლონია ტერიტორიის ერთ მეოთხედს იკავებდა. ერთი მეოთხედი დასამუშავებელი მასალისთვის იყო განკუთვნილი, ხის მთლიანი ვარჯები ტრაქტორით შემოჰქონდათ და დიამეტრის მიხედვით ორ ნაწილად აგროვებდნენ. სამხერხაო ყველა იმ ფუნქციას ასრულებდა, რაც ნედლეულს ჭირდებოდა, ავეჯის ქარხნისთვის საჭირო მასალად რომ ქცეულიყო. ყველაზე მძიმე სამუშაოდ ნედლეულის და მასალის საამქროდან საამქროში გადატანა ითვლებოდა. შიგ საამქროებში კი მოხერხებულნი კამათლის გასაგორებელ დროსაც ნახულობდნენ და ადგილსაც. სპარტაკს მშობლები დახვდნენ ბანაკის შესასვლელთან. გამომშვიდობებისას მამამაც დაღვარა ცრემლი. სპარტაკი გარეგნულად ცივად შეხვდა მძიმე წუთებს. მან ჯერ არ იცოდა, რა ზღვარს აბიჯებდა. ციხის ცხოვრება გასეირნებით დაიწყო. რეჟიმის დამრღვევთათვის განკუთვნილ საჯარიმო ვადის მოსახდელ ბარაკს უვლიდნენ გარშემო. ამ ბარაკში მოხვედრილთ სასადილოს და საპირფარეშოს ხეხვა ევალებოდათ. მწვანემოდებულ ჭანჭრობს ნაპირებზე გამხმარი წყალმცენარეების საფარი შემოსწყობოდა. წვრილმან ხულიგანთა, მომტყუებელთა და გამტაცებელთა თაიგული იყო შეკრული კოლონიაში. მურზას დაშორებული სპარტაკი აქ რამდენიმე პატიმარს დაუახლოვდა, არ იცოდა, ვინ იყვნენ ისინი ცხოვრებაში. სუსევი სიამოვნებით იხდიდა სასჯელს. პირველად 250


რამდენიმე წლის წინ ავტომობილიდან მაგნიტაფონის მოპარვისთვის მხოლოდ ერთი წელი მიუსაჯეს, რადგან არ იყო ცნობილი რამდენიმე გაქურდვა რომ ჩაატარა მანამდე. სუსევი განსაკუთრებული გემოვნების დამნაშავე იყო, მხოლოდ რადიოაპარატურაზე მუშაობდა. გაიტაცებდა მანქანას და სადღაც დასაკარგავში მიატოვებდა, ამოიღებდა რა მაგნიტოფონს. ამტვრევდა კარებს, მრავალუჯრიან განჯინას გვერდს უვლიდა და აპარატურის ტექნიკურ მონაცემებს ამოწმებდა. შევიდოდა კაფეში და ცხელი ყავის ნაცვლად ვიდეოკასეტებამდე მანძილის ზომვით იცხელებდა გულ-მუცელს დახლთან მაღალ სკამზე შემომჯდარი. ჩაივლიდა პლაჟზე და ზღვის ჩქამით აღტაცების ნაცვლად იმ მაგნიტოფონების ბედი აწუხებდა, რომლებთანაც ზოგიერთი უმადური დამსვენებელი ზურგშექცევით იჯდა. მაგნიტომანიით იყო ავად სუსევი, აპარატურომანიით. პირველი სასჯელის მოხდის დროს ციხეში რეპროდუქტორები მოიპარა და მეზობლის საწოლის ქვეშ დამალა. აპატია ხელისუფლებამ, იფიქრა _ გამოსწორდებაო და ვადა ცოტათი გაუზარდა. ციხიდან გამოსული სუსევი პროფესიონალთა წრეში ხვდება და კავშირის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას. თავის საკბილოს, აპარატურას, არავის უთმობდა მანიაკი. ტალინში დელიკატურ საქმეზე ჩავარდა მთელ ჯგუფთან ერთად. საკომისიო მაღაზიაზე აწყობდნენ თავდასხმას. ჯერ მთელი საქონელი უნდა შეესყიდათ სხვადასხვა პირებს, დაცვით გაუმაგრებელი 251


სალაროს გაძარცვა კი სიძნელეს არ წარმოადგენდა. აპარატურის გადაგზავნას სუსევი ხელმძღვანელობდა. საკომისიო მაღაზიის გამგეს საეჭვოდ მოეჩვენა ერთ დღეში ამდენი მყიდველი და ინსტრუქციის მიხედვით მილიციას დაუკავშირდა. სალაროს აღების დროს გასკდა საქმე. უკვე გატანილ აპარატურას კონფისკაცია გაუკეთდა. სუსევმა ამჯერად ოთხწლიანი ვადა აიღო გამოსასწორებლად. მანიაკმა ციხეშიც არ მოისვენა, ორი შუშის ქილა მავთულით ერთმანეთს გადააბა და ყურსასმენებად მიჰყიდა ერთ-ერთ გამოსასწორებელს. იმ დღესვე მოჰპარა, მუშაობით დაღლილ პატრონს, ქილებით ზღვის ხმაურს რომ ისმენდა, ჩასძინებოდა. ებრაელი დავითი თავის ნატიფი ხელობის ნაცვლად მეხუთე წელი ხეხდა ციხის კედლებს. სამუდამოდ წასულიყო ის დრო, სამ სიფრიფანა ფურცელს ერთმანეთზე რომ აწებებდა. ხუთი წელი აშორებდა იმ დათარსულ დღეს, ოცდაათმანეთიან კუპიურაზე ბელადის თავი შეცდომით კეპში რომ გამოხატა. მანამდე კი მრავლდებოდა ყალბი ფული ლეიბმუთაქებში და წიგნების თაროებში, თუმცა ამ ფულს ცნობილი ხუთი ფუნქციიდან არცერთი არ გააჩნდა, იგი მეექვსე, მოტყუების ფუნქციას ასრულებდა. მაგალითად, აქვს კაცს მუთაქაში ორმოცდაათი ათასი მანეთი ორმოცდაათ დასტად შეკრული და თავს იტყუებს, რომ მდიდარია, ან კარგად ყიდის მანქანას და თავს იტყუებს, რომ მყიდველი მოატყუა. ტყუვდებოდნენ მექრთამეები, მოთამაშეები. მხოლოდ ერთხელ სცადა დავითმა ყალბი ფული სახელმწიფო ბრუნვაში გაეშვა, ასანთის საყიდლად 252


მაღაზიაში შევიდა. გამყიდველმა ოცდაათმანეთიანს შუქზე გახედა და კეპიანი ბელადის დანახვაზე ასანთის მოსატანად საწყობში გაემართა. შემდეგ, ფულს რომ უხურდავებდა, მაღაზიაში შემთხვევით შემოხეტებულმა ორმა მილიციელმა გააკონტროლა ეს პროცესი. დახლიდან გისოსებამდე დავითი ბევრს ცდილობდა, მაგრამ ვერ უშველა თავისივე ფულმა. ის ხომ საზოგადოებრივ ხუთ ფუნქციას არ ასრულებდა. "გაჩერდი, ნუღარ ფრთხიალებ", _ უთხრა მილიციელმა. ვოვა. მის საქციელს შეიძლებოდა უცხო კაცში არასერიოზული შთაბეჭდილება დაეტოვებინა. "პირველი, მესამე, მეშვიდე!" _ ყვიროდა და გაცრეცილ მანეთიანს ჩაჰკირკიტებდა. ფულს ჯიბეში შეინახავდა და ცოტა ხნის მერე, თითქოს რაღაცა დაჰკრეს თავშიო, წამოიძახებდა: "მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე", იმავე მანეთიანს სხვა ჯიბიდან ამოიღებდა და ამოწმებდა გახარებული. არც ისე ცუდად იყო ვოვას საქმე, როგორც უცხო იფიქრებდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ვოვამ მინის ტარის მიმღებ პუნქტში დაიწყო მუშაობა. იქ ვიღაც ლოთმა კუპიურის ნომრით თამაშში გაანათლა. ფულის უნახავად აირჩევდა რამოდენიმე ციფრს ნომრიდან, დანარჩენი ციფრები მოწინააღმდეგეს რჩებოდა. არჩეული ციფრების ჯამს ათზე ყოფდნენ და ნაშთების შედარებისას მეტი იგებდა წინასწარ დათქმულ თანხას. სამი წელი ამ თამაშში ფლანგავდა ხელფასს ვოვა. დრომ გამოცდილება მისცა, მოწინააღმდეგისგან ორ ქულას 253


იღებდა ფორად (შეეძლო ორი მიემატებინა ან გამოეკლო ციფრთა ჯამისთვის), რის სანაცვლოდაც სამმაგი უნდა გადაეხადა წაგების შემთხვევაში. მის ხელში ბევრი წვრილი ფული ტრიალებდა და არჩევდა წაუგებელ ნომრიან კუპიურებს. ჩაბარებული ბოთლების საფასურზე ეთამაშებოდა ლოთებს და უკაპიკოდ უშვებდა. მინის ტარის მიმღები პუნქტი გეგმას აჭარბებდა. ვოვამ ფართო ასპარეზზე სცადა გასვლა. სადგურებში, საზოგადოებრივ ტუალეტებში იღებდა ფორებს და ატყუებდა უნახავთ. დროთა განმავლობაში გათვითცნობიერდა ნაცნობი კლიენტების წრე. ერთზე მეტს აღარ აძლევდნენ ფორას. ვოვა ორი წელი ეძებდა წაუგებელ ნომერს, მის ხელში ასიათასობით კუპიურამ გაიარა. ახურდავებდა მსხვილიდან წვრილზე, წვრილიდან მსხვილზე. ბოლოს იპოვა სასურველ ნომრიანი მანეთიანი, მაგრამ წარმოდგენილი მოგება მან ვერ მოუტანა, რადგან მასები შემოეცალა, თამაში მოდიდან გადავიდა. სანამ წესებს გაიგებდა, ახალი კლიენტი მოთმინებას კარგავდა. ვოვამ თამაშს თავი ანება, მაგრამ ფულის ჩითვა დასჩემდა. მაღაზიაში ხურდას რომ უბრუნებდნენ, ჯერ ნომერს ამოწმებდა, მერე ხურდას ითვლიდა. წაუგებელი მანეთიანი სულ თან დაჰქონდა. ბევრჯერ შიმშილობდა უფულო, მაგრამ მანეთიანს არ ხარჯავდა. ერთხელ უბილეთო მგზავრობისას ჯარიმის გადაუხდელობისთვის მილიციაში ამოყო თავი. იმდენი იდავა, რომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოიხვეჭა. მანოლისი. მისი აზრით ფული ისეთი ქაღალდი იყო, 254


რომლის ქონაც კაცს აწუხებს, ზედმეტ სიფრთხილის გრძნობას უჩენს, თავზე წარმოდგენა ეცვლება, უჩნდება რა უამრავი ამხანაგი. "კაცი მაშინ ხდება ბედნიერი, ფულს როცა იშორებს, ან რესტორანში მიაფლანგავს, ან ნივთებს შეიძენს", _ ამბობდა მანოლისი და ცხოვრების წმინდა მიზნადაც ის დაესახა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაებედნიერებინა, ჩამოეშორებინა შემაწუხებელი ფურცლებისაგან. თუმცა ამ ქველმოქმედების აღსასრულებლად ხან ძალის გამოყენებაც კი უხდებოდა, განა შეიგნებდა ზოგიერთი, ჭეშმარიტებას აზრისას?! მანოლისის ბოლო ობიექტი დუშანბელი მილიონერი იყო. მარტო მოიხელთა სახლში. შებოჭა და წამება დაუწყო, ფულის და ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა რომ გაეგო. ელექტროსარჩილავი შარვალში, ლაჯებში გაუტარა და დენში ჩართო. ჯიუტმა მოხუცმა ტკივილებს ვერ გაუძლო და სული ისე განუტევა, სამალავი არ გათქვა. მანოლისმა სარჩილავი გამორთო, მაგრამ გვიანღა იყო. ოთახები დაიარა, გამწარებულმა კარადები, ტუმბოები და განჯინები გადააქოთა და დაამტვრია, ლოგინები აწეწა, სარკე-ჭაღები დალეწა. ბოროტების მშობელს დიასახლისმა შეუსწრო. მანოლისს მოწმის დანახვაზე ერთადერთმა სწორმა გადაწყვეტილებამ გაუელვა თავში, მაგრამ სანამ ბროლის ვაზით ბრძოლის ხაზზე გაჩნდებოდა, ქალმა იმარჯვა, გარეთ გავარდა და ყვირილი მორთო, მიშველეთო. უშველეს, ერთით შემცირდა მოქმედ ქველთა რიცხვი... ავტოსადგომის წყალობით ჭანჭრობს მაზუთი არ 255


აკლდა, მაგრამ მაინც მოასხეს, კოღოების გამრავლებისათვის ხელი რომ შეეშალათ. ძალადობდნენ აბეზარი მწერები, გუნდებად დაფრინავდნენ. საღამოობით კამერებიდან გინება და ტყაპა-ტყუპი ისმოდა, კოღოებს ხოცავდნენ. ციხე მხოლოდ პატიმრებისთვის იყო ჰერმეტული, კოღოები თავისუფლად მოძრაობდნენ. წლობით ნაჯდომი პატიმრები სისხლისმწოვლების ერთ თვეში გაქრობას ვარაუდობდნენ. რამდენიმე კვირა სპარტაკი დაძაბულად ცხოვრობდა. სამხერხაოში ცვლის ბოლომდე მისაყვანად ნერვები ვეღარ უძლებდნენ პატიმრის მუშაობას. ხშირად ხმის გამცემი არავინ ჰყავდა. ისეთ ხალხს შორის იყო, მოტყუებისა და გამოძალვის მეტზე რომ არაფერზე ფიქრობენ. აქ მოთამაშეებიც მრავლად ერივნენ. ნებით თუ უნებლიედ სპარტაკმაც მიჰყო თამაშს ხელი ფულზე, რომელიც არ გააჩნდა. ეს იძულებას უფრო ჰგავდა. სხვანაირად ციხეში ვეღარ გაძლებდა. ფრთხილობდა, რომ გამოცდილ მოთამაშეებთან მარტო არ მოხვედრილიყო. არაერთხელ გაეგონა ციხეში ფულის წაგების სიმწარეზე. მურზა ენატრებოდა. დრომ თავისი გაიტანა, პატარა წარმატება დიდმა სიმწარემ შეცვალა. ნეკას წერილით ფული სთხოვა. პასუხი იგვიანებდა. წაგებულის ჩაბარების ვადა ელვისებურად მცირდებოდა. თამაშს ერთხანობა თავი ანება. სამხერხაოში აღარ უჭირდა. წაგებით დაბოღმილ გულს მუშაობას გადააყოლებდა ხოლმე. რამდენიმე პატიმართან ერთად ათ მეტრიან ხის ვარჯებს ეზიდებოდა და სახერხ დაზგას უმარჯვებდა. 256


ნეკასათვის გაგზავნილი მეორე წერილიც უპასუხოდ დარჩა და სხვა გამოსავალი აღარ იყო, სახლში მშობლებს მისწერა გაჭირვების შესახებ. ის თანხა, რასაც სპარტაკი ითხოვდა, რამდენჯერმე აღემატებოდა მათ დანაზოგს. რის ვაივაგლახით შეაგროვეს ფული. მისატანი მოგებულმა მოთამაშემ თავისუფლებაში მყოფ თანამოსაქმეს გადააბარა. იმ მისამართით უნდა მიეტანათ მშობლებს ფული. სპარტაკმა პასუხი მიიღო, რომ ფულს მალე ჩამოუტანდნენ და ამით დამშვიდებული კვლავ მიუჯდა მოთამაშეს. უნდოდა ფულის ნაწილი გამოეგო უკან. კედელში გაკეთებული ჭუჭრუტანებიდან მეტოქის მეწილეები აკვირდებოდნენ ბანქოს, როცა მოთამაშე დარიგებისას ფურცლის კუთხეებს მაღლა ღუნავდა. წაგებულს წაგება დაემატა. მართალია ბოლო წაგებულის ჩაბარების ვადა ერთი თვით გადაიწია და თანხის რაოდენობით პირველის მეათედსაც არ წარმოადგენდა (სპარტაკმა დროულად შეამჩნია შანსი), მაგრამ მარცხმა ახალბედა მოტეხა და სიცოცხლეზე გული აუცრუა. აღარავის ენდობოდა, რამდენჯერმე კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ცივი იარაღის გამოყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მამასთან პირისპირ შეხვედრას ერჩივნა, მკვდარი ყოფილიყო. ორი თვის წინ ხელის ჩამორთმევით დაშორდნენ, ახლა კი ერთი მეტრის დაშორებით აღმართულ რკინა-ბადეებიდან უყურებდნენ ერთმანეთს ცოტა ხანს. _ ყოჩაღ შვილო! _ შეაქო მამამ. სპარტაკმა ფულის ჩამბარებლის მისამართი მისცა. 257


უთხრა, რომ როდისმე ამ ფულს უკან დაუბრუნებდა და გუშაგის ხელით დედასთან წერილი გადასცა, სადაც იგივეს იმეორებდა. ფულმა დანიშნულ ადგილამდე ვერ მიაღწია. დათქმულ დღეს, იმ ბინის სადარბაზოში, სადაც ფული იყო მისატანი, ომარს ორი გამომძალველი დაესხა თავს და დაშინებით ვერა, მაგრამ ძალით ამოაცალეს კუპიურების ერთი დასტა. მეორე დასტა ომარს კვართის ჯიბეში ედო. წინასწარი ცნობით მისულმა გამომძალველებმა, იქაურობას რომ მოშორდნენ, მერე დათვალეს მოხვეჭილი, იქ მხოლოდ ნახევარი იყო დაპირებულისა. ომარს ბინაში ელოდნენ. მიახალა, რომ გაძარცვა მათი მოწყობილი იყო და დარჩენილი თანხა ჩაუთვალა. ჩამბარებელმა ნაწილის აღებაზე უარი თქვა. _ "თავს დაგესხნენ", "წაგართვეს", საბავშვო ბაღია?! _ გაიცინა მან, _ თუ მოგროვება ვერ მოასწარი, კაცურად მითხარი და ერთი კვირით კიდევ გადაგიწევ ვადას. _ შენი კაცობა რა ვთქვი, ნაძირალა ხარ ვიღაცა! ჩამბარებელს გაკვირვებული გამოხედვა დიდხანს არ მოსცილებია. _ ზედმეტებში ნუ გადავალთ, _ თქვა მან, _ მე შენ არაფერს გთხოვ და არაფერი მესაქმება. შენ სხვა გთხოვს! კარგად იყავი, აიღე ფული და გადი... ფრთხილად, ეგეც არ წაგართვან, _ მიაძახა გასვლისას, მას ნამდვილად არ ჯეროდა გაძარცვის შესახებ. მეორე დღეს ომარი კვლავ შეხვდა სპარტაკს და 258


მომხდარის შესახებ აუწყა. სპარტაკი მიხვდა ვისი ცნობით მოქმედებდნენ მძარცველები, მაგრამ დაკარგულის დაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო. მოთამაშე მდგომარეობაში შევიდა, ვადას ორი თვით გადაუწევდა, თუ თანხის ნახევარს დღესვე შეუტანდნენ ციხეში. სპარტაკმა მამას სთხოვა პროდუქტები ეყიდა, პურის ქერქი სამართებლით გაესერა, გული გამოეღო და ფული ჩაეტენა. ომარი ასეც მოიქცა. პურს გარედან არა ეტყობოდა რა. გუშაგს დაავალა პროდუქტების გადაცემა, რადგან დღეში მესამედ შეხვედრის უფლება არ მისცეს. წინასწარი ცნობა ციხის მუშაკს უკვე მიღებული ჰქონდა. _ მამა, პური შეცვალეს! _ იღრიალა სპარტაკმა პური რომ დააქუცმაცა. ხმა სავენტილაციო დარაბიდან კოლონიის ტერიტორიაზე გაიჭრა, ბეტონის კედელს გასცდა და დასევდიანებული ომარის ყურს მისწვდა. "პური შეცვალეს" _ გაიმეორა მისმა გონებამ. სასამართლოზე ომარი შრომითმა დამსახურებებმა იხსნეს, პარტიის რიგებიდან გარიცხვას დასჯერდნენ ნაფიცი მსაჯულნი. სპარტაკმა გაჭირვებისგან თავი დაიხსნა. გაგრძელებულ ვადაში სხვა წრეებში ითამაშა, ბედმა გაუღიმა და მსხვილი თანხა გადააბარა წაგებულის გამოსაქვითად. გახარებულმა სახლში წერილი მისწერა ამის შესახებ. დედ-მამას ვეღარაფერი გაახარებდა. სპარტაკი ამაზე არ გაჩერებულა, მიზნად დაისახა ოჯახისთვის დაკარგული აენაზღაურებინა, სახლში გაეგზავნა ფული. მიუხედავად იმისა, რომ 259


ყველა შანსი იცოდა, მოთამაშეებთან პირისპირ შეხვედრას გაურბოდა და წრეებში აგრძელებდა თამაშს. ყველასგან შეუმჩნევლად ფრჩხილით ნიშნავდა ბანქოს. მუდმივ თამაშში ჩაერთო. ძილი და სამხერხაოში მუშაობა შესვენებას ემსგავსებოდა. ზონაში ფული იშვიათად თუ გამოჩნდებოდა, თამაში ფულის გადარიცხვაზე მიმდინარეობდა ციხის გარეთ. ბანქო, ყვავები, ჯვრები, აგურები და გულები აწესრიგებდნენ გადარიცხვის საბანკო ოპერაციებს. იმის მიუხედავად სამი შვიდიანი გაიხსნებოდა თუ სამი ჯვარი, ზონაში გარეგნულად არაფერი ხდებოდა, ზონის ცხოვრებაზე ეს არ მოქმედებდა. ხმები გავრცელდა, ვითომ ქალაქიდან შორიახლოს ფერმის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო და პატიმართა დიდ ნაწილს სამუშაოდ წაიყვანდნენ. მორიგი მოგების შემდეგ სპარტაკს გასეირნების დრომ მოუწია. ყოველ შუადღიდან ცხოველის თუ ფრინველის რაღაცნაირი უცნაური ხმა ისმოდა ავტოსადგომების მხრიდან. სპარტაკი დაინტერესდა , ჯგუფს გამოეყო და ჭანჭრობს მიუახლოვდა. "ყუ, ყუ, ყუ" _ ისმოდა ხანგამოშვებით და მონოტონურად მოპირდაპირე მხრიდან. ჭანჭრობს მოუარა და ეკალბადეს მიუახლოვდა, რომ დაენახა რა გამოსცემდა ასეთ ხმას. კვლავ მოპირდაპირე მხრიდან მოესმა ხმა. ჭანჭრობს შემოუარა და ნაპირებს დააკვირდა, მაგრამ ხმა ისევ საწინააღმდეგო მხრიდან მოდიოდა. ახლაღა მიხვდა, რომ ცხოველი თუ ფრინველი სადღაც შუაგულ ჭანჭრობში იჯდა და მის ხმას ჩირგვით დაფარული ნაპირები ირეკლავდნენ. 260


ივნისში მართლაც ფერმის მშენებლობა დაიწყო. სახელდახელოდ გრუნტის გზა მოითელა. პატიმრებით სავსე მანქანა ქალაქში არ შედიოდა. გარეუბნიდან ორკილომეტრიან რკალს ხაზავდა და ამდენივე გზას ჩრდილო-აღმოსავლეთით გადიოდა. სამშენებლო უბანზე წინასწარ მიეზიდათ მასალა. თავიდან, საძირკვლის ჩასხმაზე სამხედროებიც მუშაობდნენ, შემდეგ მათი მოვალეობა მხოლოდ პატიმრების კონტროლით იფარგლებოდა. ობიექტს ავტომატებით აღჭურვილი შინაგანი ჯარის ათეული ადევნებდა თვალყურს. მათ გარდა აქ იმყოფებოდნენ და მუშაობას ხელმძღვანელობდნენ ციხის საშტატო ერთეულები, რომელნიც, თავის მხრივ, მშენებლობის სამინისტროს ერთ-ერთ ორგანიზაციის საშტატო ერთეულებთან თანამშრომლობდნენ და მათ შეკვეთებს ასრულებდნენ. ფერმის დახურული ნაწილის შენება აგურით და ბლოკით იყო დაგეგმილი. მთელი ტერიტორია კი გამზადებული რკინაბეტონის ფილებით უნდა შემოეფარგლათ. რკინის მილების ჩაბეტონება დაიწყეს, რომელთაც შემდგომ სპეციალურად გამოშვერილ რკინის სამაგრებით ფილას მიარჩილავდნენ. სპარტაკი ფერმის მშენებლობაზე გადაიყვანეს. ორ ცვლად მუშაობდნენ. სადილი სამხედრო მანქანას მოჰქონდა. თამაშისთვის ნაკლები დრო რჩებოდა. საღამოთი ბანაკში დაბრუნებულს გაუნძრევლად წოლის მეტი არაფერი უნდოდა. ზოგჯერ თამაშშიც პოულობდა შვებას. ორი კვირის შემდეგ ფერმის მუშა-პატიმართა შემადგენლობა გადაირჩა. სპარტაკი ჯერ 261


სამხერხაოში დატოვეს, რამდენიმე დღეში კი ფერმაში გაგზავნეს. ბანაკში ყოფნისას შუადღეზე კვლავ იმ უცნაურმა ხმამ მიიზიდა ჭანჭრობისკენ. ახლა მეტი ყურადღებით აკვირდებოდა წყალმცენარეების და ნაგვის ხალიჩას. ავტოსადგომის სახელოსნოს მხრიდან ჭაობი დახეული საბურავებით, დაშლილი ყუთებით, ავტომობილის დაჭეჭყილი ნაწილებით, საღებავის ქილებით და სხვა ათასი, რკინის, რეზინის თუ პლასტმასის ხარახურით იყო ავსებული. ზოგი წყალმცენარეებზე ეგდო ან ტივტივებდა, ზოგი ნაწილობრივ ჩაძირულიყო ბლანტ ჭაობში. რა გამოსცემდა ამ ხმას ყოველდღე, ფერმამდეც რომ ისმოდა? რაღაცით ჭოტის ღამეულ კივილს წააგავდა. აგარაკზე სოფლის მაღალი ჭადრებიდან ესმოდა ხოლმე სპარტაკს ჭოტის გამკივანი ხმა. აქაც ისევე მონოტონურად და ხანგამოშვებით ისმოდა ხმა, მაგრამ ჟღერადობა აკლდა, მოგუდულად და საწყალობლად გამოსცემდა ხმას რაღაცა _ "ყუ"..., გაივლიდა რამდენიმე წამი, თითქოს ამ ხმის მიწყნარებას ელოდებაო და ... კვლავ იგივე, კიდევ, კიდევ და ასე მონოტონურად გრძელდებოდა ორი-სამი საათის განმავლობაში. სპარტაკმა პატიმრებს ჰკითხა ამის შესახებ. ზოგმა უთხრა ბაყაყი ყიყინებსო, ზოგი ფიქრობდა, რომ ხმა სახელოსნოებიდან მოდიოდა, ერთმა უთხრა _ ეს ზონის გუგულიაო. ივნისის ბოლოს აფერისტების, ნარკომანების, მძარცველების და წვრილმანი ქურდების კოლექტივს შუახანს მიტანებული ინტელიგენტი შეემატა. პატიმრებს ახალი გასართობი მასალა გაუჩნდათ. 262


ინტელიგენტმა კამერაში მხიარულად შეაბიჯა, დამხდურთ თავი წარუდგინა მინიჭებული მუხლით და დააყოლა, რომ ადამიანი ციხეში სრულიად შემთხვევით ხვდება. ასეთი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული. ყველას გამოკითხა, ვინ რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მხოლოდ სპარტაკმა გასცა სწორი პასუხი. პატიმრები პასუხს არ დაზარდნენ, ერთმანეთის, ან მოგონილ დანაშაულს იბრალებდნენ და მკვეთრი ფერებით ალამაზებდნენ დანაშაულის ჩადენის სიტუაციას. თავიდან სპარტაკს ეგონა, რომ ინტელიგენტობა აფერისტობის მოხერხებულ ნიღაბს წარმოადგენდა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში დარწმუნდა, რომ ახალი მართლაც შემთხვევით იყო მოხვედრილი ამ დაწესებულებაში. ინტელიგენტის მხიარული, მსუბუქი იუმორის გრძნობით დაჯილდოვებული ნატურა ციხის ცხოვრებამ ვერ დააკნინა. სპარტაკი მალე დაუახლოვდა მას, მაგრამ ალბათ ასაკში დიდი სხვაობის გამო მურზას მაგივრობა ვერ გაუწია ინტელიგენტმა. თუნდაც მხოლოდ ერთხელ მოსულიყო მურზა. სპარტაკი გააკვირვებდა, რომ ბანქოში მოტყუების დროს სახეზე აღარ წითლდებოდა და მოგებითაც გაახარებდა, და ერთად შემოსძახებდნენ "ირო-რე-რე"_ს. ვითომ რამე შეემთხვა? იქნებ მაფიოზებს შეება და ... არა, გამობრძმედილი მურზა ცეცხლშიც რომ მოხვედრილიყო, უვნებელი გამოვიდოდა. მაშ, რატომ არ ჩანს?! ნეკასგანაც არაფერი ისმოდა. მამას სთხოვდა, რომ დაერეკა და მეგობრის შესახებ წერილით შეეტყობინებინა, მაგრამ მამამ მოსწერა, 263


რომ ნეკა სახლიდან წასულიყო. ინტელიგენტს არ მოსწონდა სპარტაკის საქმიანობა, რომელმაც გარდა იმისა, რომ დაკარგული ფული აინაზღაურა (ორ თვეში "გადაურიცხავდნენ" ორჯონიკიძეში), რამდენიმე ათასი სათამაშოდ დააძინა - დააკონსერვა. _ მეწყერი დაიძრა, როგორც მას ვერ შეაჩერებ, ისე მე! _ უთხრა ერთხელ ინტელიგენტს. _ როცა იქნება, ჩავა ფერდობზე და თავისით გაჩერდება, ფუნასავით დახვავდება მთის ძირში და საუკუნოდ ასე იქნება გაჩერებული. _ შენი ბოლოც იგივეა, _ უთხრა სპარტაკმა. ინტელიგენტი ერთხანობა განაწყენდა, მერე კვლავ დაუბრუნდა მხიარული იერი. სპარტაკის წარმატებები დროებითი გამოდგა, დაძინებულიც გააღვიძა და სახლში გადასარიცხ ფულსაც აკლდებოდა თანდათან. მშენებლობაზე მუშაობამ არაქათი გამოაცალა. პატიმრებიდან კალატოზები გადაახარისხეს, დანარჩენები შავ სამუშაოს ასრულებდნენ: წყალს, ქვიშას, ცემენტს და სხვა საშენ მასალას ეზიდებოდნენ, ხსნარს ურევდნენ. შენობის კედლები მაღლა მიიწევდა. სადილობისას კოლინიის მხრიდან ყოველთვის ისმოდა მონოტონური ძახილი. მანძილით ჩახშობილი, მიჩუმებული, მაგრამ ურყევად ერთფეროვანი. სპარტაკს კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება ჭანჭრობი დაეთვალიერებინა. არსება ისეთ საცოდავ ხმას გამოსცემდა, თითქოს გარემოს შეწუხება არ უნდოდა თავისი არსებობით. მზით იხრუკებოდა არემარე, ჭრიჭინებიც გაჩუმებულიყვნენ და სულიერის 264


ჭაჭანება არ ჩანდა. იქნებ ამაზე დარდობდა ჭაობის ბინადარი, მარტოობით მოთმინებადაკარგული? იქნებ მალე ჭაობს ამოშრობა ეწერა და გარდაუვალ დაღუპვას გრძნობდა... სპარტაკის გაკვირვებას, რომ აქამდე ვერ გაიგო, რითიც ინტერესდებოდა, შემთხვევით გაგონილმა ფრაზამ მოუღო ბოლო: "ამ ტრიტონმაც ხომ გამოჭედა ყურები!". ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან ახსოვდა ტრიტონის შესახებ. წელიწადის ამ პერიოდში მამრი მდედრს უხმობს და წყალში სხმარტალით იქცევს მის ყურადღებას. აქ, ამ ჭაობში ერთადერთი ტრიტონის გარდა ალბათ ვერაფერმა გაძლო. _ როდემდე ისმის ხოლმე ეს ხმა? _ ჰკითხა სპარტაკმა. _ თითქმის აგვისტომდე ატანს, _ უპასუხა რამდენიმე წელიწადმოხდილმა, _ ვერც დაინახავ, რომ ქვები დაუშინო და ჩაკლა. აგვისტოც დადგა. ტრიტონი გაჩუმდა, მაგრამ მისი მონოტონური ხმა სადილობიდან ყურში უდგა სპარტაკს. ჭამდა, დადიოდა, იჯდა თუ იწვა, მაინც ის ხმა ჩაესმოდა. სადღაც ქილებით გაკეთებული ყურსასმენები იპოვა, მაგრამ ზღვის ტალღების ხმაურის ნაცვლად გაუთავებელი "ყუ" ჩაესმოდა. "რას შვრები?! ჩაშარდეს მაგ ქილებში" _ როცა უთხრეს, ბრაზით დალეწა, და ხმა უფრო გაძლიერდა. ზამთარში ფერმის მშენებლობა შეწყდა, სამაგიეროდ სამხერხაო მთელი დატვირთვით აამუშავა სამმა ცვლამ. ისეთი სიცივეები დაიჭირა, ღამით კამერაში 265


ძილს სამხერხაოში მუშაობა ჯობდა. ორი გადასაფარებელი ვერ იჭერდა გაყინული კედლის სიცივეს. ძლიერნი სუსტებს ჩაგრავდნენ, ერთი გადასაფარებლის ამარა ტოვებდნენ. სპარტაკმა მოგებული ფულიდან გადასაფარებელში ასმაგი ღირებულება გამოუქვითა, მაგრამ მეორე დღესვე მოჰპარეს და უგზო-უკვლოდ გააქრეს. ფერმის მშენებლობა გაზაფხულზე განახლდა. ზაფხულში ტრიტონმა დაიწყო ძახილი. შენობის გადახურვას ამთავრებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი იქნებოდა საქმისა, რადგან ფერმის ტერიტორია საჭიროების მიხედვით უნდა აღეჭურვათ, რაც ერთ წელიწადს კიდევ მოითხოვდა.. მიილია შემოდგომა და ზამთარში კვლავ შეწყდა სამუშაოები. სპარტაკმა ფულის ნაწილის გადაგზავნა მოახერხა სახლში. ცოტა ხნის მერე ინანა, რადგან კვლავ წააგო და ვალი დაედო. შემდეგ წაგებული გადაიხადა, მოიგო და მოგებული გადააბარა. გაზაფხულზე ფერმაში მხოლოდ საგანგებოდ შერჩეული პატიმრებიღა მუშაობდნენ. მათში სპარტაკი და ინტელიგენტიც მოხვდნენ. შენობაში წვრილმანი სამუშაოებიღა იყო დარჩენილი: დარბაზის ტიხრების ამოყვანა, ხის მასალის, კოჭების და კარ-ფანჯრის ჩარჩოების ჩასმა. პატიმრების რიცხვის შემცირებასთან ერთად ფერმაზე სამხედრო ყარაულის რიცხვიც შემცირდა. კოშკურაზე ავტომატით შეიარაღებული ყარაული დატოვეს, შენობაში და ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე შეიარაღებული სამხედრო დადიოდა. 266


გაქცევის იდეა პირველმა ინტელიგენტმა გამოთქვა, სხვათაშორის, ხუმრობით იყო ნათქვამი: "ეზოს კედელს ჩაცუცქული რომ გაყვე და ბოლოდან რამდენიმე მეტრი გადაირბინო არხამდე, მერე მოქალაქის ყველა უფლებებით ისარგებლებ". მეტრნახევრიანი სიღრმის არხში მილები უკვე ჩააწყვეს და დღე-დღეზე ამოავსებდნენ პატიმრები. ხუთი კილომეტრის მანძილზე არხთან გორა-გორა აგური და ქვიშა იყო მოზიდული მილის დასაფარავად, არხის ამოსავსები მიწა კი მეორე მხარეს ეყარა. წელში მოხრილ ადამიანს შეეძლო შეუმჩნევლად გადაადგილებულიყო არხის მთელ სიგრძეზე. თუ უფრო ჩაჯდებოდა ან ოთხით გაივლიდა, საგუშაგოდანაც არ გამოჩნდებოდა ლტოლვილი. არხი კვეთდა მდელოებს, ტყეს და სოფელში შედიოდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ოთხი პატიმარი მივიდა ინტელიგენტთან. გაქცევას დიდი ხანია ვაპირებთ და შენც ჩვენთანო _ უთხრეს. დაყოვნება კიდევ რამდენიმე წელი ციხეში ლპობას უდრიდა. დილით, მუშაობის დაწყებისთანავე უნდა გაქცეულიყვნენ, რომ სადილობისას მათი არყოფნა თუ თვალში მოხვდებოდათ, უკვე შორს ყოფილიყვნენ. მოილაპარაკეს, რომ, როცა ყარაულები შენობაში იქნებოდნენ, ორი კაცი (რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, რადგან ცოტაღა დარჩენოდათ მოსახდელი) "ფრაერს" მისახმარებლად მოიხმობდა და ამ დროს გაირბენდნენ ფერმის კედლის გასწვრივ, შემდეგ პატიმრები ჩხუბს ატეხდნენ, რითაც გუშაგის 267


ყურადღებას მიიპყრობდნენ. ამ დროს დაიწყებდნენ თხრილამდე სათითაოდ გადარბენას. თუ გუშაგი ჩხუბისადმი გულგრილობას გამოიჩენდა, ამას ბოლო პატიმარი _ მეთვალყურე ანიშნებდა. ოპერაცია ორ წუთში უნდა ჩატარებულიყო, თხრილით სამშვიდობოს გასულნი დაიშლებოდნენ. თხრილით ტყეში გავიდოდნენ, ტყე-ტყე საკმაო მანძილს გაივლიდნენ და შემდეგ ტრასაზე მგზავრების როლში გამოვიდოდნენ, ტრანსპორტს ჩაიგდებდნენ ხელში და ტამბოვში გაეშურებოდნენ. იქიდან ხელისგულივით ექნებოდათ გადაშლილი კავშირის ტერიტორია. ინტელიგენტის ხუმრობით ნათქვამი სპარტაკსაც მოხვდა ყურთ. მან არ იცოდა, კიდევ ხუთ პატიმარს თუ აღეძრა მსგავსი თავისუფლების სურვილი. ღამე არ ეძინა, გაქცევაზე ფიქრობდა. მისი მოქმედების გეგმაც იგივე იყო, იმ განსხვავებით, რომ კედლის გასწვრივ და თხრილამდეც ალალბედზე უნდა გადაერბინა. მზიანი დილა გათენდა, ხუთმა კაცმა ჩანაფიქრი განახორციელა. ჩხუბი რომ დაიწყო, სპარტაკი ბეტონს ურევდა. სათლი ბეტონით გაავსო და შენობაში შეიტანა. პატიმართა თვალხედვის არეს რომ გასცდა, სათლი დადგა და წელში მოხრილმა კედლის გასწვრივ სულმოუთქმელად გაირბინა, რამდენიმე ნახტომით მიწის გროვას გადასცდა და თხრილში ჩაწვა. შეისვენა, დაწყნარდა და ოთხით გაუყვა თხრილს. ზემოდან ვინმეს რომ გადაეფრინა ძნელად ამოსაცნობ სურათს დაინახავდა: რიგში მიმავალი ჭიანჭველებივით მოძრაობდა ექვსი კაცის 268


ზურგი. სპარტაკს ოცი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, წინ მხოხავ პატიმრის შარვალს რომ მოკრა თვალი. გაკვირვებისგან გაჩერდა და კინაღამ ფეხზე წამოდგა. მერე სვლას უმატა და რომ მიუახლოვდა, შესძახა: _ ჰეი! წინ მიმავალი გაჩერდა. ალბათ მის გონებაში ყველაზე უსიამოვნო აზრებმა გაიელვეს. მუხლებზე მდგარმა ფეხები გაჩაჩხა და ქვემოდან გამოხედა სპარტაკს, რომელმაც წინ მიმავალი პატიმრებიც შენიშნა. _ რა გინდა ? _ დაიხავლა პატიმარმა. _ რამდენი ხართ? _ ახლა მაგის დრო არ არის, არ ადგე და არც უკან დაბრუნდე, დაგვიჭერენ და შენი ბრალი იქნება, გადავრჩებით _ შენც გადარჩები. _ ჩქარა იარეთ, მე ჩემი ანგარიში მაქვს! პატიმარი სხვებს წამოეწია და გადასძახა ორჯონიკიძელი სპარტაკიც გამოპარულა და უკან მოგვდევსო. ხის კენწეროებს რომ მოკრეს თვალი ასიოდე მეტრი კიდევ იხოხეს და თხრილიდან ტყეში ამოვიდნენ. სპარტაკს არ დაუჯერეს, რომ შეთქმულების შესახებ არაფერი იცოდა. ყველა ერთად გაუდგა გზას. თხრილში ძრომით გატანჯულნი თავისუფლად მიაბიჯებდნენ სხვადასხვა ვადით თავისუფლებააღკვეთილნი. დილიდანვე აცხუნებდა მზე. "დახუთული ჰაერია, იწვიმებს" _ თქვა ვიღაცამ. სულ უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში. პატიმრების გაქცევა სადილობისას შეიტყვეს. ბანაკს დაუკავშირდნენ და საგანგებო მდგომარეობა 269


გამოცხადდა. უფროსობა სათათბიროდ შეიყარა. უმალ დაადგინეს რა გზითაც შეეძლოთ გაპარვა, თხრილს ვილისი გაყვა სოფლამდე, მაგრამ ამ დროს პატიმრები ტყის შუაგულში იყვნენ. სოფლის საბჭოში აცნობეს შემთხვევის შესახებ. ბანაკიდან ქალაქის სათანადო ორგანოს მისწვდა ხმა და აჩუხჩუხდნენ მასობრივი ინფორმაციის წყაროები. იქუხა, თქეშმა დასცხო, საღამომდე იარეს ტყეში, მოსაზრებები გაიყო. ორი საშიში დამნაშავე გამოეყო ჯგუფს, თუმცა შებინდებისას გზის ძებნაში ხელმოცარულნი კვლავ შეუერთდნენ. მალე უკუნი სიბნელე ჩამოწვებოდა და უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. უცბად რკინის ღობეს და ქოხმახს მოჰკრეს თვალი. ინტელიგენტი მიუახლოვდა და შესძახა: _ არის ვინმე? კარი ნელა გაიღო, ჯერ თოფის ლულა გამოჩნდა, მერე კაცი. ასაკში შესული სუსტი აღნაგობის ტყისმცველი გამოვიდა. _ რა გინდა? _ ჰკითხა მიახლოებულმა ჩახლეჩილი ხმით. _ სოკოზე ვარ წამოსული და გზა ამებნა, ბილიკზე როგორ უნდა მოვხვდე? _ აა, _ გაეცინა მოხუცს, _ წამოდი, ასი გრამი დაურტყი და ბილიკიც გამოჩნდება და ტრასაც. აი, ამ ღობეს უნდა გაუყვე, _ უხსნიდა ქოხისკენ რომ მიდიოდნენ, _ აქეთ კარიერის დახურული ზონაა, აფეთქებები ტარდება, ღობეს გაყვები და ლიანდაგებს მიადგები, რომლითაც მადანი იზიდება ვაგონებით, ლიანდაგებს გაყვები და ხუთ წუთში 270


გადამამუშავებელ ქარხანას მიადგები, იქიდან გზა მიდის. სად გინდა? ინტელიგენტი ოთახში შეყვა, სადაც ტელევიზორის, ტახტის და ტუმბას მეტი არაფერი იდგა. გუშაგმა თოფი კუთხეში მიაყუდა, ბოთლს საცობი მოხსნა და მძაფრი სუნის თვითნახადი არაყი ჩამოასხა. ტელევიზორიდან საინფორმაციო პროგრამა "ვრემია" ამთავრებდა ახალი ცნობების მიწოდებას. _ სოკო არ გიჩანს?! _ თქვა გუშაგმა არაყი რომ გადაყლურწა, _ ნაადრევი ხომ არ არის სოკოს ძებნა? ინტელიგენტს შეკითხვა არ გაუგონია, რადგან ტელევიზორში თავის სურათს მოჰკრა თვალი. სპეცგამოშვებაში გაქცეულთა შესახებ აცხადებდა დიქტორი. გადაცემამ დარაჯის ყურადღებაც მიიპყრო. აზრადაც არ მოსვლია, რომ მის გვერდით შეიძლებოდა დამნაშავე მჯდარიყო. ოლქი, რაიონი და სოფელი მეორედ რომ გამოაცხადეს, ეჭვის თვალით შეხედა სტუმარს, ტელევიზორში თვალმოკრულ სურათთან გააიგივა და თოფისკენ გაიწია, მაგრამ გვიან იყო. ძლიერმა დარტყმამ იატაკი გამოაცალა ფეხქვეშ, თოფი კი სტუმარს ეჭირა, პატიმრები, რომლებიც ფანჯრიდან უთვალთვალებდნენ, უმალ ოთახში გაჩნდნენ და დარაჯი გააკავეს. _ უსმინეთ, _ თქვა ინტელიგენტმა და ტელევიზორს ხმა აუწია. დარაჯმა ჩახლეჩილი ხმით ყვირილი დაიწყო. პირში არაყი ჩაასხეს და ჭინჭით ამოუტენეს. გადაცემა დასრულდა, მაგრამ დამნაშავეებმა შეიტყვეს, რომ ოლქიდან გასასვლელი გზები უკვე დაკეტილია და 271


ყველა მთავარ და რაიონულ მნიშვნელობის გზაზე მეთვალყურეობაა დაწესებული. _ ოლქიდან გასასვლელად მძევალი უნდა ავიყვანოთ, სხვა გზა არ გვაქვს! _ თქვა გამოცდილმა რეციდივისტმა. _ მოხუცი გამოგვადგება. _ ვის რაში ჭირდება ამის მიხრწნილი არსება?! ახალგაზრდა ან ბავშვია აუცილებელი. თუმცა რაიონის მასშტაბით მოხუცითაც იოლას გავალთ, სანამ ბავშვს ავიყვანთ. _ მე ჩემი გზით წავალ, _ თქვა სპარტაკმა. _ რა, შეგეშინდა?! რომელიმე ჩვენგანის აყვანაც შეიძლება მძევლად, თუ გინდა _ შენ იყავი, საბჭოთა მილიცია გადაგარჩენს და იტყვი, რომ ჩვენ მოგიტაცეთ ციხიდან. _ აბა, სისულელეებს მოეშვი, ცუდად გცნობივარ! _ მართალია, _ საქმეში ჩაერია ინტელიგენტი, სპარტაკი ორი წელი ზის, ნაცადია, თანაც უფლებააყრილი მოქალაქის სიცოცხლის ფასი კაპიკია. _ მაშ ნუღარ ხტუნაობს, ერთად წამოვედით და ერთად გავალთ სამშვიდობოზე, თუ ჩავვარდებით _ ერთად ჩავვარდეთ. _ მე თქვენთან ერთად არ წამოვსულვარ, კაცის კვლა ჩემი საქმე არაა. _ არავინ არავის არ კლავს, არ იცი, რას ნიშნავს მძევალი?! ან წამოხვალ ჩვენთან ერთად, ან აქ დარჩები სამუდამოდ, მაშინ ზონის ბოზი ვიყო თუ ჩემი სიტყვისგან უკან დავიხიო, _ დაემუქრა რეციდივისტი. 272


_ კარგი, რაიონიდან გავალთ და მე _ ჩემთვის, თქვენ _ თქვენთვის. _ ოლქიდან, _ შეუსწორეს სპარტაკს, _ მერე ყველა თავის გზაზე წავა. _ სწორეა, _ დაეთანხმნენ სხვებიც, _ მორჩა ბაზარი! პატიმრებმა დარაჯი შებოჭეს და თან წაიყვანეს. გადამამუშავებელი ქარხნისკენ ეჭირათ გეზი. თოფი და ტყვიები რეციდივისტმა მიისაკუთრა. შუაღამით რაიონული მნიშვნელობის გზით საქმეზე მიმავალი კერძო ტრანსპორტის მძღოლმა დაამუხრუჭა. ეს კი მისი საქმის დამუხრუჭებას უდრიდა. მგზავრმა დანა მიაბჯინა ყელზე და უბრძანა მანქანა დაეტოვებინა. გადასული მძღოლი თავისუფლების სხვა მაძიებლებს ჩაუვარდა ხელში. ისიც ანალოგიური ძიებით რომ არ შეწუხებულიყო, ხელ-ფეხი საიმედოდ შეუკრეს და დარაჯთან ერთად საბარგულში ჩატენეს. მანქანა დაიძრა. "ღმერთი სამობით არის", _ ამბობდნენ გაქცეული პატიმრები. გზა ცუდად ჩანდა და ამის გამო საბარგულში მეტად ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. _ გზაზე ორმოებს ცალკე მუხლი ითვალისწინებს, _ აფრთხილებდნენ საჭესთან მჯდომს. მთავარ ტრასაზე გავიდნენ. აი ისინიც. შუაღამის სამსახურეობრივი მოვალეობის შემსრულებელი მუშაკები. სასტვენმა შეარხია ღამის წყვდიადი. მანქანა მაღალი სიჩქარით მიჰქროდა და მალე მიწყდა მისი ხმა. ახლა რადიოტალღებით შეარხიეს ეთერი სპეცდავალებით მორიგედ გამოსულებმა. მომდევნო პოსტი ხუთი კილომეტრის მოშორებით, გზაჯვარედინზე ჰყავდა მომზადებული 273


ოპერაციის ხელმძღვანელს. _ რამე უნდა ვიღონოთ, წინ დაგვხვდებიან და გზას გადაგვიღობავენ, _ ივარაუდეს გამოცდილებმა. ითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ მძევალთა აყვანის გამოცხადება ჯერ ადრე იყო. ტყის განაკაფით ან სოფლის გზით უნდა გასცლოდნენ ამ ტერიტორიას, ან მანქანა უნდა მიეტოვებინათ და ტყისათვის მიეცათ თავი. პირველი ვარიანტი აირჩიეს. შებოჭილი მძღოლი საბარგულიდან სალონში გადაიყვანეს და უბრძანეს სხვა მიმართულებით გზაზე გაეყვანა მანქანა. მძღოლი კარნახობდა. გზისპირზე გადავიდნენ და ტყის გზით ტრასას დასცილდნენ. გამთენიისას გავიდნენ მაგისტრალურ ხაზზე, მაგრამ მათ იქ ელოდნენ. მძღოლს გამეტებით ჩაარტყეს კეფაში. რეციდივისტმა მხარში დანა ატაკა. მილიციელებს და სამხედროებს ტყიდან გამოსასვლელი გადაეღობათ, უკნიდანაც სამხედრო "ვილისი" გამოვიდა. ტყეში გაქცევა დააპირეს, კარები გააღეს, მაგრამ შეჩერდნენ, რადგან იარაღმომარჯვებული ჯარისკაცების ჯაჭვი იკვრებოდა ყველა მხრიდან. _ ვერტმფრენით გამოგვთვალეს! _ იყვირა ვიღაცამ. _ არ მოგვიახლოვდეთ, თორემ ორი ადამიანი მოკვდება! _ იყვირა რეციდივისტმა და მძღოლს თოფის ლულა მიაჭირა. ჯარისკაცები შეჩერდნენ, პატიმრებმა საბარგულს ახადეს და მძღოლს დარაჯიც ამოუყენეს გვერდში. _ ნახევარ საათში გზას თუ არ მოგვცემთ, რვა კაცი მოკვდება! _ დაამატა რეციდივისტმა, თოფი მაღლა გასცალა, უცბად გადატენა და კვლავ მძღოლი 274


მიაჭყლიტა მანქანას. კარგა ხანი არავინ დაძრულა ადგილიდან. ინტელიგენტი ბუჩქთან მივიდა და მოურიდებლად მოშარდა. მისი შარვლის შეკვრა და ალყის მოხსნა ერთი იყო. _ ეს შემთხვევითია მეგობრებო, _ თქვა მან. მძღოლი წიხლის კვრით შეაგდეს მანქანაში, პატიმარი საჭეს მიუჯდა. _ მახეს გვიწყობენ, როგორც ჩანს, _ თქვა სპარტაკმა. _ აბა, ფინტი გაუკეთე! _ უთხრეს საჭის "ჯადოქარს", დაინახეს რა ტრასის ერთ მხარეს როგორ ტოვებდნენ პოზიციას სამხედრო ესკორტი და მილიციის მანქანები. იმის მაგივრად, რომ საწინააღმდეგო მხარეს წასულიყვნენ, მანქანამ სიჩქარე აკრიფა და ესკორტს გადაუსწრო. "საი"_ს მანქანებმა, უკანდახევის იმიტაციას რომ ქმნიდნენ, სირენა ჩართეს და დამნაშავეებს გამოეკიდნენ. ასფალტზე გასული "ჯადოქარი" აქსელერატორს არ ინდობდა. დევნილები ხარხარებდნენ. ეს მათი ბოლო სიხარული იყო. ერთი საათის შემდეგ სხვა რაიონულ ცენტრში შეიჭრნენ. რვა მგზავრის მიუხედავად, გამწევმა ავტომობილმა ორიოდ კილომეტრზე ჩამოიტოვა მდევარი. გზაში დაბრკოლება არ შეხვედრიათ. იფიქრეს ფინტი არ გაუთვალისწინებია მილიციასო, მაგრამ რადიოკავშირის შესაძლებლობანი მხედველობიდან გამორჩათ. ერთერთ გზაჯვარედინზე, მანქანების რიგში მწვანე შუქის ანთებას რომ ელოდებოდნენ, უცბად სამი კარი გაიღო და სალონში შემოყოფილმა ძლიერმა ხელებმა 275


მგზავრების გადათრევა იწყეს. რეციდივისტი სანამ თოფის მოტრიალებას მოახერხებდა, ლულა გაუკავეს და თვითონ მოხვდა მხარში მჭახე ტყვია. ამას მეორე გასროლა მოყვა. წესრიგის დამცველი დაიჭრა, რამდენიმე გასროლა კიდევ გაისმა. სპარტაკის მხარეს მანქანის კარი არ იღებოდა და სანამ მასაც გადაათრევდნენ საჭესთან გადაჯდომა მოასწრო (იმ კართან განწესებული მილიციელები "ჯადოქართან" ბრძოლაში იყვნენ დაკავებულნი) და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ერთი სამხედრო აითრია, რომელმაც თავი ვეღარ შეიმაგრა და ხელი უშვა. ერთი კვარტლის გავლის შემდეგ მოსახვევში შეუხვია და გააჩერა. უკანა სავარძელთან ჩავარდნილ მძღოლის სისხლიან სახეს მოჰკრა თვალი, ის უკვე მძღოლი აღარ იყო. გვამთან გაცვალა ადგილი და ტანსაცმელი, გადავიდა და ფეხით უკან დაბრუნდა. გულგრილად შეხედა მანქანებმა სირენებით რომ ჩაუქროლეს. ხელბორკილდადებული დამნაშავეები მიჰყავდათ სპეცავტომობილში. სპარტაკი ამ ხანმოკლე პროცესს ცნობისმოყვარე მოქალაქეთა ჯგუფიდან უყურებდა, სამსახურში დაგვიანებისა რომ არ ეშინოდათ. მალე აღსდგა ცენტრალური ქუჩის დილის რიტმი და სპარტაკმა მიწისქვეშა გადასასვლელით მეორე მხარეს გააგრძელა გზა. ბავშვიანმა ქალმა რეისის ავტობუსს ხელი აუწია. ავტობუსის მძღოლმა წესრიგი დაარღვია და შეუჩერა. სპარტაკი ბავშვის აყვანაში მიეხმარა და თვითონაც ავიდა. ბოლო რიგში თავისუფალ ადგილებზე დასხდნენ. სანამ ავტობუსი საბოლოო პუნქტში ჩავიდოდა სპარტაკმა გამოიძინა. 276


გაღვიძებულს რეციდივისტის სურათი მოხვდა თვალთ. ბავშვს დახვეული გაზეთი ეჭირა და დურბინდივით ხან ვის მიუშვერდა, ხან _ ვის. გაზეთიდან ინტელიგენტიც უღიმოდა მრავალრიცხოვან მკითხველს. სპარტაკმა მგზავრობის ფული გადაიხადა, სარკეში სისხლმოცხებული საყელოს რომ მოჰკრა თვალი, ერთი ხელი ტანსაცმელი იყიდა და სადგურის ტუალეტში გამოიცვალა. მის წინაშე ხელისგულივით გადაშლილიყო კავშირის ტერიტორია. მძიმე თავისუფლება იყო ეს. მძიმე, მაგრამ შურისძიებისთვის საკმარისი. ქოსა და ვალოდიას მაფია ციხეში უნდა ლპებოდეს. მურზას მოძებნა იყო საჭირო. ამ ორ წელიწადში შეიძლებოდა ბევრი ცვლილება მომხდარიყო, რაც მურზას აუცილებლად ეცოდინებოდა. იქნებ მან უკვე იძია შური? ორი დღის შემდეგ სპარტაკი ორჯონიკიძეში მოხვდა. სახლის კარებთან მივიდა, ზარის მისაცემად ხელი გაიწოდა, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა და სადარბაზოდან გამოსული ნეკას სანახავად გაემართა. ძველებურად დახვდნენ ნაცნობები, აქ ათი წელი რომ გასულიყო, ლუდის ცარიელი ბოთლები, ბანქოს ფურცლები და მაგიდასთან დაძაბული მოთამაშეები, თამბაქოთი რომ იკრებდნენ ენერგიას, უცვლელად დარჩებოდნენ. ნეკა ისე ელაპარაკა, თამაში არ შეუწყვეტია, თითქოს გუშინ ნახეს ერთმანეთი. _ ვადა გაგივიდა, სპარტაკ? _ ჰო, _ უპასუხა სპარტაკმა, _ მურზას პოვნა მინდა. _ მურზა? თქვენ რომ ერთად იყავით, იმის მერე არ 277


გამოჩენილა, ერთხელ როგორღაც დარეკა, შენი დაჭერის ამბავზე მითხრა, მშობლებს გააგებინეო _ დამავალა, შენებმა უკვე იცოდნენ, რაც შეგემთხვა, ჩამოსულიც ყოფილან სასამართლოზე, მურზას ნახვა უნდოდათ... ტუზი, ტუზი ჩემია!.. ნახვა უნდოდათ , მაგრამ არავინ იცოდა, სად უნდა ეძებნათ, სახელი და გვარიც ვერ გავაგებინეთ ნორმალურად. _ საიდან დაგირეკა მურზამ? _ ეგ შარშან იყო, არ უთქვამს. რას აპირებ, სახლში როგორ დაგხვდნენ? _ არ ვიცი. _ დაჯექი, ითამაშე. სპარტაკი თამაშში ჩაერთო, ნახევარ საათში მოგებული ფული ჯიბეში ჩაიდო და მასპინძლებს დაემშვიდობა, რითაც მათი უკმაყოფილობა გამოიწვია. ყოფილი თანაკურსელებიდან ვერავინ იპოვა ქალაქში. დაფიქრდა, რად უნდოდა ეს?! და ნაცნობების ძებნას თავი დაანება. მხოლოდ სამი მიმართულებით შეეძლო წასვლა: მოსკოვში, შავიზღვისპირა კურორტებზე და თბილისში. ტრასაზე ისე გავიდა, რომ ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი რა გზას დაადგებოდა. მანქანამ გაუჩერა. მძღოლს ფული დაანახვა და ტუაფსეში წაყვანაზე დაიყოლია. იქიდან გემით ყირიმში გადავიდა, სადაც ერთი თვე უშედეგოდ დაჰყო. სოჭიდან დაადგა მურზას კვალს. ეს შემთხვევით მოხდა. როცა საბილიარდო და მოთამაშეთა თავშეყრის სხვა ადგილები მოიარა და წასვლის წინ ვაგზლის რესტორანში სადილობდა, მეზობელ 278


მაგიდასთან მურზა ახსენეს. ვიღაცა მასავით უშედეგოდ ეძებდა მოთამაშეს, მაგრამ მას მტრული განზრახვა ამოძრავებდა, ამიტომაც თანამოსაუბრეს უმტკიცებდა, რომ მურზა სპეციალურად გაურბოდა შეხვედრას. ჯერ გაგრაში უნდა მოეძებნათ და თუ იქაც ვერ მიუსწრებდნენ, ფოთში და შემდეგ ბათუმში იქნებ დასწეოდნენ. უცნობმა მურზას გეოგრაფია შარშან ჩატარებული მსგავსი ტურნეთი იცოდა. მოთამაშე ამ გზით მომგებიან ვარიანტებს უსწრებდა, წამგებიანისგან კი თავს იძვრენდა. _ მე ვიცი სად არის ის, ვისაც თქვენ ეძებთ, _ უთხრა სპარტაკმა, გადაჯდა რა მათ მაგიდასთან. მოსაუბრეები უხმოდ მიაჩერდნენ. _ სარატოვშია, ათი დღეა, რაც იქიდან ჩამოვედი. _ შენ რა იცი, ვისზე ვლაპარაკობთ? _ მურზა არ გაინტერესებთ? შესახედაობით პატარა ბიჭს რომ ჰგავს. _ ეგ არის! _ გამოსცრა კბილებში ერთმა. _ ჩემი ვალიც ჰქონდა და დამიბრუნა, _ სპარტაკმა ფულის დასტა აჩვენა. _ შენც თამაშობ? _ არა. _ ნამდვილად იცი, რომ როსტოვშია? _ სარატოვში, _ შეუსწორა სპარტაკმა, _ თუ გინდა ტელეფონის ნომერს მოგცემ. _ მოიტა, _ მოუთმენლად მიუგო მცდარ გზაზე დაყენებულმა. სპარტაკმა ოფიციანტს ფანქარი გამოართვა და ხელსახოცზე ნომერი დაწერა. დარწმუნებული იყო, სარატოვში ასეთი ნომერი არ იარსებებდა და 279


ტელეფონი დაკავებას მისცემდა. რესტორნიდან რომ გამოდიოდა, ორნი წამოეწივნენ და ჰკითხეს: _ შენი რამე ფული ხომ არ დარჩენია მურზას? ბარემ იმასაც ავიღებთ. _ არა ამჟამად გასწორებულში ვართ. _ ძმაო, თუ არ შეწუხდები, მოდი დაურეკე და გაიგე რამდენ ხანს დარჩება სარატოვში, ოღონდაც ისე, რომ ეჭვი არ აიღოს, _ სთხოვეს სპარტაკს. ტელეფონ-ავტომატი ერთად მოძებნეს და სპარტაკმა თავისივე მოგონილი ნომერი აკრიფა. ყურმილში წყვეტილი სიგნალი ისმოდა. ნაცვლად იმისა, რომ ცრუ დიალოგი შეედგინა, გაჩუმდა, რადგან დაიბნა. წარმოიდგინა, რომ მართლა მურზას ხმას გაიგონებდა და იმ გამოუცდელ სპარტაკად იქცა, ციხეში შესვლამდე მურზას გვერდით როგორიც იყო. მაგრამ წამიერი იყო ეს გარდაქმნა. დაკავებულიაო _ თქვა და სამიოდ წუთის შემდეგ შედგა ლაპარაკი. ვითომ ვერ ესმოდა, სპარტაკი ისე ხმამაღლა იმეორებდა "მურზას პასუხებს", რომ ტელეგრაფის შენობაში ყველა შემოსულს გააგებინა, რომ ვიღაცა, ერთ, თუ ექვს კვირაში ტიუმენში მიდიოდა. _ ერთ კვირაში ტიუმენში მიდის, _ თქვა სპარტაკმა კაბინიდან რომ გამოვიდა და ოფლს იწმენდდა. _ გმადლობთ ძმაო! ახლა ჩვენ საქმეს ჩვენ მივხედავთ, _ დაემშვიდობნენ მოტყუებულნი. სპარტაკი გაგრაში გაემართა და იქ გააგრძელა მეგობრის ძებნა. სადაც მოხვდებოდა, ყველგან ეუბნებოდნენ, რომ იქიდან მურზა სულ ახალი წასული იყო. ერთკვირიანმა ძებნამ ბათუმამდე 280


უშედეგოდ ჩაიარა. იქ სარატოვიდან დაბრუნებული მოტყუებულები შეხვდნენ. ნასვამი ვითომ მურზას სანახავად წაიყვანეს და სადღაც, მიყრუებული სახლის სადარბაზოში მისი ცემით გული იჯერეს. ფული ამოაცალეს და უპატრონოდ მიატოვეს. უკვე ბინდდებოდა. სადარბაზოში ბნელოდა. ვიღაცამ ხმაურზე ბინიდან გამოიხედა და მილიციას გამოუძახა. სანამ მილიცია მოვიდა დაზარალებულთან სხვა ადგილობრივები გაჩნდნენ. ორგანოს მუშაკმა ერთხანს იტრიალა, მოსახლეობის ჩვენებას უსმენდა. შემდეგ მათივე ძალებით სპარტაკი წამოაყენა, მანქანამდე მიიყვანა და ჩასვა. გრძნობაზე მოსულმა სპარტაკმა მანქანაში მილიციელის სამხრეები დაინახა და, სანამ სიჩქარეს აკრეფდნენ, გადახტა. მანქანა მაშინვე დამუხრუჭდა და სამივე მილიციელი დაედევნა. აქ საერთო ბინები მთავრდებოდა და ერთსართულიანი კერძო სახლები გასდევდა ქუჩას. სპარტაკი ღობესთან ბუჩქებს ამოეფარა და მდევრის საუბარი კარგად ესმოდა. ერთი სერჟანტი იოლად დაიყოლია ორმა, რომ ძებნისთვის თავი დაენებებინათ. ის იყო მანქანაში ჩასხდნენ და დაიძრნენ, რომ სპარტაკიც გამოვიდა სამალავიდან. ცოტა ხანიც რომ გაეძლო წელში მოხრილს, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ჩამტვრეული ნეკნები ჩხვლეტდნენ და გაიმართა. მანქანა გაჩერდა, რადგან სერჟანტი ჯერ ისევ უკან იყურებოდა. სპარტაკმა, მილიციელებს რომ არ ჩავარდნოდა, დაბალ ღობეს წვალებით გადააბიჯა, ბაღში გაიარა და დაელოდა, რას იზამდა სამეული. 281


მათ კარი შეაღეს და სწრაფად შევიდნენ ეზოში. იქაურობას ელექტრონათურა აშუქებდა. ოთახებიდან სინათლე და ფორტეპიანოს ხმა გამოდიოდა. სპარტაკი სახლის კედელს ბოლომდე გაყვა. მეორე მხრიდან ეზოს რკინა-ბადის ღობე ფარგლავდა პლაჟისგან. კუნაპეტი ღრუბლები დაგროვილიყვნენ ზღვაზე, შავი ტალღები ბობოქრობდნენ და ქუხილით ახშობდნენ კლავიშების ხმას. სპარტაკი ვეღარ უძლებდა ტკივილებს. ღობეზე რომ გადამძვრალიყო, პლაჟზე მაინც ვერსად დაიმალებოდა. დააპირა გაჩერებულიყო და ბედს მინდობოდა. მილიციელები რომ მოახლოვდნენ, ძალა მიეცა და სახლს უკანა მხრიდან შემოუარა. იქ რაღაც ფიცრულსა და კედელს შორის ვიწრო გასასვლელში შევიდა, მაგრამ ჩიხში მოექცა. დამტვრეულ ყუთებზე ავიდა და კედელთან, კუთხეში მიიყუჟა. ხის ფოთლები ფარავდნენ ნაწილობრივ. გვერდით მიიხედა და ფანჯრის რიკულებთან ისე ახლოს აღმოჩნდა, შეეძლო სინათლით გაჩახჩახებულ ოთახში წარმოედგინა თავი. პიანინოს პატარა გოგონა უკრავდა. სპარტაკს ხშირად მოესმინა ეს ნაწარმოები. მუსიკალურ სკოლაში, გაკვეთილებზე, მეზობელი ოთახიდან გამოდიოდა ხოლმე ეს ხმა. მაგრამ ახლა ეს ჯადოსნური შესრულება ჟრუანტელს გვრიდა ნაგვემ სხეულში. გოგონას ეშლებოდა, ჩერდებოდა და აგრძელებდა. ო, რა უღმერთო სიტკბო იღვრებოდა ოთახიდან... მოჯადოებულ სპარტაკს ზღვის გრუხუნი და მილიციელების ლაპარაკი ერთდროულად ჩაესმა. 282


ნათელ ოთახს გამოემშვიდობა და უცბად ფანჯრის რიკულებზე შეუჩერდა მზერა, და დაყვირება მოუნდა, ეს დეკორატიული რიკულები მალე კვადრატულ ფორმას მიიღებდნენ. ხმები ახლოვდებოდა. სპარტაკს ორწლიანი სკოლის გამოცდილება აუმუშავდა თავში, მსმენელის გარეშე დარჩენილ გოგონას შეავლო თვალი. ასეთ მძევალზე დევნილ ბოროტმოქმედს ოცნება თუ შეეძლო. მაგრამ ტერორის გზით სულ ცოტა ხნის წინ ხომ ექვსიდან მარტო ერთი გადარჩა. მილიციელების ლაპარაკს ყური მიუგდო და უცბად გონება გაუნათდა, ხომ შეიძლებოდა ახლა ის დაზარალებული დამსვენებელი ყოფილიყო და არა დამნაშავე, რომელზეც საკავშირო ძიება იყო გამოცხადებული, რატომ მისდევდნენ მილიციელები? _ აქ არის, კატასავით შემძვრალა! _ უთხრა სერჟანტმა დანარჩენებს. სპარტაკი ყუთებიდან ჩამოძვრა, გვერდზე ხელი მიიდო და კოჭლობით გამოვიდა. _ სად გარბიხარ, შე კაი კაცო?! _ უთხრეს მას, _ ჩვენ გვინდოდა დაგხმარებოდით. _ გმადლობთ, _ უთხრა სპარტაკმა, იფიქრა: _ ერთ თუმნიანს ვაჩუქებ და დამეხსნებიანო, მაგრამ ქუჩაში რომ გამოვიდნენ ჯიბეები მოისინჯა და ერთი მონეტის გარდა ვერაფერი იპოვა. _ ჩვენებას დატოვებ მილიციაში და გაგიშვებთ, _ უთხრეს მანქანაში, _ ისე არ უნდა დათვრე, რომ თავი ვერ დაიცვა. მილიციაში სხვა მორიგე მუშაკებმა იცნეს სპარტაკი. სურათი გადაუღეს და კავშირის მასშტაბით 283


გავრცელებულ სურათებს შეადარეს. ანაბეჭდები ერთ და იგივე ადამიანს ეკუთვნოდა. დამნაშავეს ნეკნები შეუხორცდა თუ არა, მოსკოვში გადაგზავნეს. მძღოლის მკვლელობა მას ბრალდებოდა. ადვოკატის გულითადი მცდელობის მიუხედავად სასჯელის მოხდის ვადამ თხუთმეტი წელი შეადგინა, რადგან გაზაფხულის მიწურულს დაკითხული სამი დამნაშავის ჩვენება ერთმანეთს ემთხვეოდა. ადვოკატი დამნაშავეების ხელმეორედ დასაკითხად მათ მოსკოვში გადმოგზავნას ითხოვდა, მაგრამ თხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩა. ბოლოს იმას მიაღწია, რომ "განზრახ მკვლელობის" ბრალდებას "შემთხვევითი მკვლელობა" დაუნაცვლა, თითქოს სივიწროვეში შემთხვევით გაუვარდა თოფი. ამით ვადა ორი წლით შემცირდა. როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, ჩაჩაევი სულ მოკლე ხანში იაკუტიაში, კოლიმის ტერიტორიისაკენ გაამგზავრეს. მატარებელი ხუთი დღე და ღამე დაჭირდა გზას. რკინიგზის სადგურში ხუთი პატიმარი ჩამოსვეს და დახურულ რკინის მანქანაში გადაიყვანეს. ავტომატებით აღჭურვილმა ჯარისკაცებმა გააკონტროლეს ეს მოკლე გასეირნება თავისუფალთა მიწაზე. თერთმეტი მგზავრიდან მხოლოდ ხუთი სარგებლობდა მოქალაქის უფლებებით, ერთი _ მძღოლის უფლებით, ხოლო დანარჩენი ხუთეული ნომრების ამარა ჩუმად იჯდა სიბნელეში ფიცრულ სკამებზე. ეს წუთები უკვე სასჯელი მოხდის ვადაში შედიოდა. ახალბედები მათში არ ერივნენ, ეს მეორე, მესამე, ან რომელიღაც ვადის დასაწყისი იყო. 284


მანქანა წამით შეაჩერეს. ძარიდან შეიარაღებული სამხედროები ჩავიდნენ და პატიმრები დაცვის გარეშე დატოვეს, თუმცა მალე მანქანა გაჩერდა. _ მოვედით ბანდიტებო! _ თქვა ასაკში შესულმა პატიმარმა. მანქანიდან გადმოსულების თვალწინ ბანაკი გადაიშალა. გარემო მოათვალიერეს და ერთსართულიანი სამხედრო ყაზარმა შენიშნეს. იქვე არტილერია ჩამწკრივებულიყო. ბანაკს ოთხმაგი ღობე ერტყა: რკინაბეტონის ბოძებზე გაჭიმულ მავთულხლართს ერთი მეტრის მოშორებით ასეთივე ბოძებზე პირამიდად დახვავებული მავთულხლართი მოსდევდა, მესამე ზონაში უფრო ხშირად იყო გაჭიმული ეკლიანი სადენები, იქიდან მთავარ კედლამდე დატოვებული ერთი მეტრი გუშაგის სასეირნო ბილიკად იყო გამოყოფილი. გუშაგები ბანაკის ყველა კუთხეში აღმართული სათვალთვალოში პერიოდულად იცვლებოდნენ. ბანაკის პერიმეტრის ყოველი მონაკვეთი ორი სათვალთვალოდან ჩანდა. ორნახევარმეტრიან მთავარი ფიცრის კედელი სადენებით იყო მოჭედილი, მას ქვიშაყრილი მოსდევდა, პატიმრები ორ მეტრზე ახლოს თუ მიუახლოვდებოდნენ, ნაფეხურები რომ დარჩენილიყო. კოლონია, სადაც პატიმრები მიიყვანეს, ორმაგი ფიცრის კედლით და შუაში მავთულხლართით ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ფართობით უმცირესი ნაწილი მკაცრ რეჟიმმისჯილებს ეკუთვნოდათ, მეორე ნაწილი _ განსაკუთრებულ რეჟიმმისჯილებს. საკონტროლო პუნქტის გავლის შემდეგ სპარტაკ 285


ჩაჩაევი ორ სხვა პატიმართან ერთად მკაცრ რეჟიმში მოხვდა. ზონაში ოთხი ერთსართულიანი ნაგებობა იდგა: საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, სასადილო და სკოლა. ორასამდე ტუსაღი შეეგება მოსულებს. დღის ერთ და იგივე დროს ჩნდებოდნენ ახალი პატიმრები, იმ იშვიათი შემთხვევის გარდა, როცა განსაკუთრებული რეჟიმიდან გადმოჰყავდათ. პატიმრებს შავი ფორმები ჩააცვეს და დერეფანში დაცვის გარეშე წაიყვანეს. სადღაც მელოდიას უსტვენდნენ. მოპირდაპირე საკნიდან უკმაყოფილო გინებით პასუხობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ საკნები ცარიელი არ იყო, დერეფანი სიჩუმეს მოეცვა. სპარტაკი იმ თხუთმეტკაციან კოლექტივს შეუერთეს, კოლონიის უფროსის მოადგილემ რომ ამოურჩია საქმეების მიხედვით. _ გამარჯობათ! _ თქვა შესვლისას სპარტაკმა. პასუხი დააყოვნეს. ასე დაიწყო ვადა. იგი ექვსი თვე მკაცრი რეჟიმით მიმდინარეობდა. ბანქომ გაიყვანა დრო. სპარტაკისთვის ბანქოს მეტი არა არსებობდა რა. ერთხელ პატიმარმა ჰკითხა: მშობლები ცოცხალი თუ გყავსო? _ აი, მამაჩემი! _ უთხრა სპარტაკმა, ამოაძვრინა რა ბანქოს დასტიდან შავი მეფე, _ აი, დედაჩემი, _ ახლა შავი ქალი ამოაძვრინა. შავები უნდა ჩაეცვათ მშობლებსაც, ოთხი წელი დარდისგან ავადმყოფი დედა ყოველთვე გზავნიდა წერილს ან ამანათს, სპარტაკს კი საპასუხო წერილის დასაწერად დრო ვერ გამოენახა. ... და ჩამოარიგა სპარტაკმა. 286


ხშირ მოგებას ხანდახან წაგება ენაცვლებოდა. მერე წაგება აღარ არსებობდა, ხუთი და ათი წლის შემდეგ ჩასაბარებელი ფული დააგროვა. ყველას მოუგო, მაგრამ თამაში არ წყდებოდა. ათასი ათიათასებით იცვლებოდა, ასიათასი _ მილიონებით. მოსატან ფულზე თამაშში "უკვდავნი" იყვნენ პატიმრები. თავზეხელაღებულებმა უყურეს საკანში სპარტაკის წარმატებებს და მოკვლა დაუპირეს. "მილიონერი" სპარტაკი სხვა საკანში გადაიყვანეს. "ციხეში მოგებული ფული არ იკარგება", _ ანუგეშეს იქ. საკანში ბანქოს იშვიათად თამაშობდნენ. სპარტაკი დასტით ხელში ბოლთას სცემდა და პატიმრების ანკესზე წამოგებას ცდილობდა, "დიდ ფორას მოგცემთ", "გასართობად მაინც"... ერთბაშად ჩაკვდა თამაშის აზარტი. მაშინ გახდა ნათელი, რომ აქ ფულს არავითარი ფუნქცია არ გააჩნია. ბედისგან გამასხარავება იყო ფულის მოგება. სუსხიანმა ზამთარმა გაიარა. დიდი ინდუსტრიული ქალაქის ვაგზალში შუაღამისას მურზა მიაბიჯებდა, ქურთუკის საყელო აეწია და სიცივისგან მოხრილი განათებულ მაღალ თაღებს ახედავდა ხოლმე შიგადაშიგ. ერთადერთი ადამიანი მოსაცდელი დარბაზის შესასვლელთან სიგარეტს ეწეოდა. მურზამ ასანთი სთხოვა. აზიურ ნაკვთებიანმა ახალგაზრდამ ცეცხლი მიაწოდა და მოულოდნელად ჰკითხა: _ ოქროს ბეჭედს ხომ არ იყიდი? იაფად მოგცემ. _ მაჩვენე... რამდენს ითხოვ? _ ოთხმოც მანეთს. _ იაფია, მაგრამ არ ვიყიდი, არ მჭირდება. 287


_ სამოცდაათად აიღე. _ თუ გინდა,.. _ ჩაფიქრდა მურზა, _ კარტი დავარიგოთ, ჩემგან სამოცდაათი მანეთი მოდის, შენგან ბეჭედი. მაღალმა ქულამ წაიღოს. _ კარტი გაქვს? _ მაქვს. _ ოთხმოც მანეთში დაარიგე და ფული მაჩვენე. _ შემთხვევითობითაა ცხოვრება აღსავსე მეგობარო, _ ჩაილაპარაკა მურზამ, ფული დაანახვა და ჩაეცინა, _ მოულოდნელობებით... ბეჭედმა მურზას თითზე გადაინაცვლა. აზიელმა მეორე მსგავსი ბეჭედი ამოიღო. მურზამ ისიც მოუგო. _ ძალიან ნუ გაიხარებ! _ უთხრა დამშვიდობებისას დაბოღმილმა წაგებულმა, _ ბეჭდები ოქროსი არ გეგონოს, ერთ დღეში გაშავდება. _ მომატყუე?.. არ მიყვარს ტყუილები, _ თქვა განაწყენებულმა, ბეჭდები მოიხსნა და ყოველი შემთხვევისათვის შარვლის ჯიბეში შეინახა, გაიფიქრა _ ყველა მე მატყუებსო, და გზა განაგრძო. აპრილის ბოლოს სპარტაკი განსაკუთრებული რეჟიმის ნაწილში გადაიყვანეს (ბრძანებას სასჯელის გამკაცრების შესახებ მოსკოვში ედო სათავე). კოლონიის ეს ნაწილი ათასზე მეტ ზოლიან ფორმას ითვლიდა. მის ტერიტორიაზე ექვსი საცხოვრებელი ბარაკი და ერთიც გამოცალკევებული, უფრო მაღალი ღობით შემოფარგლული საჯარიმო იზოლატორი იყო განლაგებული. იზოლატორში შინაგანი წესრიგის დამრღვევებს ათავსებდნენ. საცხოვრებელი კორპუსების გარდა სასადილო, აბანო, სკოლა და კოლონიის უფროსის დამხმარეს სამორიგეო 288


ბილიკებით ერთდებოდა მთავარ გზასთან, რომელიც საკონტროლო გასასვლელი პუნქტიდან იწყებოდა. ღობეებსა და საცხოვრებელ ბარაკს შორის პატიმრებს დღეში ორჯერ უნდა ესეირნათ. ყოველი ბარაკი ათ საკანს შეიცავდა. საკანში ათიდან თხუთმეტამდე პატიმარი იჯდა. სპარტაკი თავისი სურვილით "შნირ"_ად დანიშნეს. "შნირს" ურიკაზე შედგმული ცისტერნით ბარაკში საჭმელი უნდა ჩამოეტარებინა და ყოველ საკანში დატანებული სპეციალური სარკმლიდან ჩამჩით ჩამოესხა პატიმრებისათვის. ასე შეეძლო უფრო ხშირად ესუნთქა სუფთა ჰაერით. ერთმა შემთხვევამ გადააწყვეტინა "შნირობა". ფულს პატარა, მაგრამ პატიმრებისთვის ძვირფასი ფუნქცია გააჩნდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში. ფულით პაპიროსის, სასმელის და ზოგიერთი წვრილმანი ხელსაწყოს შესყიდვა შეიძლებოდა. სპარტაკი აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან ჩაება თამაშში და ერთ ბარაკში ნაღდი ფული მოიგო. პატიმრებთან ურთიერთობა დაიძაბა. რჩევა მისცეს, რომ ჩხუბი აეტეხა, რათა საჯარიმო იზოლატორში მოეთავსებინათ, თორემ ბარაკში დარჩენა კარგს არაფერს უქადდა. ასეც მოიქცა, მაგრამ გასეირნების დროს მოწყობილ ჩხუბში სხვა პატიმრებიც ჩაებნენ და, სანამ სამხედროები მოირბენდნენ, სპარტაკი დაასახიჩრეს. ეს სამუდამო გაკვეთილი იყო მისთვის. იზოლატორის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა. სიარული რომ შესძლო, გასეირნების უფლება მისცეს. შუადღის მზე აჭერდა. გუბეში მოძრავმა შავმა სხეულებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. ურიცხვი თავკომბალა სავსავებდა თხელ 289


წუმპეში. მზე ულმობლად აჭერდა და აშრობდა გუბეს. დასაღუპავად განწირული არსებების გროვას უკვე ბუზი ეხვეოდა. ცოტა ხანი რომ გაეძლოთ, ისინი ბაყაყებად იქცეოდნენ და გადარჩებოდნენ. გუბე ამოშრა, თავკომბალებმა მოძრაობა შეწყვიტეს და ტალახს მიახმნენ. სპარტაკი პალატაში დაბრუნდა, ამ სანახაობამ ძილი მოგვარა. პატიმრებით გაჭედილი ბანაკი ესიზმრა, მოძრაობდნენ შავი და ზოლიანი ფორმებით, იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ, ემატებოდნენ და ემატებოდნენ საკონტროლო გასასვლელიდან ახალი პატიმრები, უცბად საერთო პანიკა შეიქმნა, სასოწარკვეთილი ხმები აღმოხდათ და ტალახში ჩაიფლნენ. მათ ადგილზე ტალახზე მიკრობილმა თავკომბალა ტრიტონებმა იწყეს ფორთხვა. ისინი რომ გახმნენ, უმოძრაობამ დაისადგურა. ერთხანს მკვდარი სიჩუმე იდგა, მერე მოულოდნელად ტრიტონის ხმა გაისმა "ყუ", "ყუ",... სპარტაკმა შეშინებულმა გაიღვიძა, გულისრევას გრძნობდა, ეჩვენებოდა თითქოს პირში რამდენიმე თავკომბალა ჩაუძვრა. "ყუ" _ ინერციულად ჩაესმა სიზმრიდან გამოყოლილი ძახილი. ამით დამთავრდა, მაგრამ სპარტაკმა უკვე იცოდა, რომ პატიმრად ვეღარ გაძლებდა. მოულოდნელად, ერთი კვირის შემდეგ ცხადში გაისმა ეს ცნობილი სიმღერა, ხმა ბანაკიდან ჩრდილოეთით მდებარე ჭაობებიდან მოდიოდა. ხუთი ზაფხულის განმავლობაში ესმოდა ეს ხმა პატიმარს. ტრიტონის ყოველი გამოძახილი 290


ჩაქუჩივით ხვდებოდა თავში. მაგრამ არსაით იყო გზა. ყურებს იხშობდა. ის მაინც მღეროდა, თავისებურად, მონოტონურად, შეუფერხებლად. ციხემ ვერ გათანგა თავისუფლების სურვილი. სპარტაკი შეიცვალა. იმ ხალხს დაემსგავსა, ვის გვერდითაც იმყოფებოდა, მაგრამ ის არ ავიწყდებოდა, რომ მისი პატიმრად ყოფნა გაურკვეველი შეცდომა იყო. მეექვსე გაზაფხული იწურებოდა. სადაცაა დაიწყებოდა ბუნებაში საქორწილო ცერემონიალი და გაისმებოდა ცნობილი ჰანგები. სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე უნდა აერჩია ორი გზიდან ერთერთი, პირველი გზა თავისუფლება იყო, მეორე გზა _ სიკვდილი. კოლონიას ორი ასეულისგან შემდგარი ბატალიონი ემსახურებოდა, კონტროლიორებისა და გუშაგების ოცეულები ოფიცრებიანად და საერთო დაცვით სამას-ოთხას სამხედროს ითვლიდა. პირველი გზის განხორციელებას მეორე გზის განხორციელება მოყვებოდა თავისთავად. დასაკარგი არა იყო რა. სპარტაკმა მრავალჯერ გამოზომილი მოქმედების შესრულება გადაწყვიტა. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა ბანაკის დატოვება, გუშაგებით დაცული ამკრძალავი ზონის და ოთხი ღობის გარეთ მოხვედრა. სადილობის შემდეგ, ნარჩენ საჭმელს ორთვალაზე შემდგარ ხუთასლიტრიან ავზში ცლიდნენ. ავზი, სულ დიდი, ნახევრამდე გაევსო ნარჩენებს, ამიტომ ხშირად ორი-სამი დღის ნარჩენები გაჰქონდათ ერთდროულად. კოლმეურნეობის საქონელს კვებავდნენ ნარჩენებით. 291


"შნირები" ურიკებით ბიდონებს მოაგორებდნენ და ავზში ცლიდნენ. ავზის ყელში ადამიანი თავისუფლად ჩაძვრებოდა. სპარტაკმა სხვა "შნირები" მიაჩვია, რომ თვითონ კეტავდა ავზის თავსახურს. ერთხელ, სადილობის მერე, ორთვალა უკვე მანქანაზე ჩაბმული რომ დახვდა და ნარჩენები ჩაცალეს, თავისი ურიკის გარეშე მისულმა სპარტაკმა სახურავი დააფარა, სალტე გადადო ზემოდან და საკეტი ჩახრახნა. მაგრამ ისე ხრახნიდა, რომ საკეტი სალტეს არ გამოსდებია. ავზიდან რომ ჩამოვიდა, მძღოლი მაშინ მიუჯდა საჭეს და დაძრა. სპარტაკი ავზსა და მანქანას შორის აედევნა რამდენიმე ნაბიჯზე, ავზზე აძვრა, სახურავი ახადა და მკერდამდე ნარჩენებში ჩაეფლო, ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც ეგონა, ქვემოთ ბლანტი მასა უფრო სქელდებოდა და ჩაძრომა გაუჭირდა. სახურავი ქვემოდან ეჭირა. ახლა წყდებოდა მისი ბედი, გაჩერდებოდა მანქანა თუ _ არა? დაინახა ვინმემ თუ _ არა? "შნირმა" დაინახა თუ გუშაგმა? "შნირი" "ფრაერია" თუ _ არა? "შნირები" მის გაქრობას შეამჩნევენ თუ _ ვერა?... მანქანა გაჩერდა. სპარტაკს გამეტებით უცემდა გული. ეს შეჩერება შეიძლებოდა საკონტროლო გასასვლელის დაკეტილი კარების ბრალიც ყოფილიყო. მანქანა დაიძრა... დაიძრა და ცხელი სალაფავი ზღვის ზურმუხტისფერ ტალღებად იქცა, ბნელი, რკინის ცილინდრული ავზი _ ცის კაბადონად. თუმცა, ჯერ ადრე იყო სიხარული. რამდენიმე ხანში მანქანამ გასამხედროებული ზონაც დატოვა და 292


კოლმეურნეობის ფერმისკენ წავიდა. სალაფავი თავზე გადასდიოდა და სუნთქვას უშლიდა, რამდენი სავალი იყო ფერმამდე? _ არ იცოდა, რომელ გზაზე მოძრაობდნენ? _ არ იცოდა. ნანობდა ექვსი წლის წინ, როცა აქეთ მოჰყავდათ _ გისოს-სარკმლიდან რატომ არ გაიხედა. თავსახური ნელ-ნელა აწია, ჯერ ცა გამოჩნდა, შემდეგ შორეული მთები, შემდეგ ტრამალები და ტყეები. მძღოლს შეეძლო კაბინაში დამაგრებული სარკიდან დაენახა ავზის თავსახურის ახდა. ნახევარი საათი რომ იარეს, ჰორიზონტზე დასახლება გამოჩნდა. სპარტაკმა, ისე, რომ თვითონ არ გამოჩენილიყო თავსახურს ანჯამასთან ხელით მიაწვა და ახადა. მკვეთრმა მოძრაობამ მძღოლის ყურადღება მიიპყრო და რეაქციამაც არ დააყოვნა. შეიგინა, მანქანა დაამუხრუჭა და სახურავის დასამაგრებლად გადმოვიდა. ავზზე რომ ადიოდა შემზარავი ყვირილი აღმოხდა და უკან დაიხია. მის წინაშე საძვრომიდან ამოსული ჯოჯოხეთური არსება აღიმართა, ლირწი რომ ჩამოდიოდა ყველა ნაწილიდან. მაგრამ წამიერი იყო გაოგნება, მყისვე ამოქმედდა სამხედროს ლოგიკური აზროვნების ბორბალი (სალაფავი ზოგგან ვერ ფარავდა პატიმრის ზოლიან ფორმას). რა მოემოქმედა? _ უცბად ვერ იაზრა. ამით მოიგო სპარტაკმა. მან იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. ჩამოხტა, კაბინისკენ გაიქცა, დაქოქილი მანქანა სიჩქარეში ჩააგდო და ღმუილით ადგილიდან მოწყვიტა. ერთხანს უკან იყურებოდა, სამხედროს მოქმედებას აკვირდებოდა. სოფლისკენ თუ წავიდოდა მძღოლი ტელეფონით შესატყობინებლად, გზაში საათნახევარს დაკარგავდა და ამ დროში 293


სპარტაკი რკინიგზის სადგურთან მატარებელს მიუსწრებდა. მძღოლი სირბილით უკან გაბრუნდა და სპარტაკმა შვებით ამოისუნთქა, რადგან იგი ყაზარმამდე მისვლაში უფრო მეტ დროს დახარჯავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ სპარტაკი იძულებული იყო საგზაო წესები დაერღვია. გზის შემხვედრი მიმართულების ნაწილზე გადავიდა საჭის მკვეთრი მოძრაობით და სამხედრო "ვილისს" გაჰკრა, რომელიც ბზრიალით გზიდან ოციოდე მეტრის მოშორებით გადავარდა. სატვირთო მანქანა ორ თვალზე გადაიხარა და კინაღამ გადაყირავდა. "ვილისის" გაშვება სიკვდილს უდრიდა, გაჩერება _ სიცოცხლის შანსს. აი, დასახლებაც უკან ჩამოიტოვა. შეაჩერა, ავზი ჩახსნა და ფერდობიდან დააგორა, კაბინაში დაჭმუჭნული და მაზუთიანი ხაკის კოსტიუმი იპოვა და პატიმრის ფორმა მოიშორა. ვაგზალთან რომ მივიდა, მატარებელი შემოდიოდა. ათი წუთი შეჩერდებოდა სადგურში. სპარტაკს ტანსაცმლის გამოცვლის დრო რჩებოდა. იქვე შეიძინა შარვალი და კვართი. მანქანაში გამოიცვალა. მატარებელში ასვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. გამცილებლები უბილეთოდ არ უშვებდნენ. შემადგენლობა რომ დაიძრა, სანამ გამცილებელი კარს მოკეტავდა, ვაგონში შეხტომა მოასწრო და ხელის კვრის მიუხედავად თავი შეიმაგრა. _ სხვა ვაგონშია ჩემი ხალხი! _ დაუყვირა გამცილებელს. მატარებელმა სადგური დატოვა. ერთი თვის შემდეგ განსაკუთრებით საშიში 294


დამნაშავე მოსკოვის ქუჩებში დადიოდა. სულ თან დასდევდა იმაზე ფიქრი, რომ ტანჯული თავისუფლება მიიღო. ექვსი წლის წინ გადაღებული დამნაშავის სურათები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გავრცელდა, მაგრამ ამაში არ იყო საქმე, ძველი სურათით ვერავინ იცნობდა. ციხიდან გამოყოლილი რეფლექსური ჩვევა ვერ მოიცილა: ყოველი დღის ერთ და იგივე დროს, როცა ციხის განრიგით საჭმელით დატვირთული ურიკა უნდა ჩამოეტარებინა, ხელის კუნთები ებერებოდა და წელში იხრებოდა. თავისუფლად რომ დადიოდა, კოლონიაზე ფიქრობდა, იმას შიშობდა კვლავ იქ რომ მოხვედრილიყო. ციხეში დაბრუნებას სიკვდილი ერჩია. დაბრუნებას? განა დააბრუნებდნენ? გადარჩა სამხედრო "ვილისის" ეკიპაჟი? ხმაურიანი მოსკოვი ჩვეული რიტმით სუნთქავდა. ქოსას სახლში სხვა ცხოვრობდა. "კაშირსკაიასთან" ვალოდიას სახლის კარი ლენამ გაუღო და აუწყა, რომ ქმარი უკვე მესამე წელი ციხეში იჯდა. საარსებო ფული რომ ეშოვნა, სპარტაკი მოლაპარაკებით აეროპორტის მუშას შეეცვალა. კოოპერატიულ ტუალეტთან ფულის გადახურდავებას აწარმოებდა. სამუშაო დღეები გაიყვეს და ხელფასსაც ორ ნაწილად ყოფდნენ. მუშა თანდათან უფრო იშვიათად მოდიოდა სამუშაოდ, ამბობდა, რომ უფრო კარგ ადგილზე მოეწყო. ბოლოს სულ დაიკარგა და ხელფასსაც მთლიანად სპარტაკი იღებდა. ზაფხულის ცხელი გამთანგველი დღეები აეროპორტში გაატარა. ხშირად ღამე მუშაობდა და 295


მოსაცდელ დარბაზში ეძინა. ხან, ცვლა რომ აირეოდა, დღე გამოდიოდა ხოლმე. შემოდგომის მიწურულს როგორღაც იქ გაიარა, ვალიას რომ შეხვდა შემთხვევით ცხრა წლის წინ. ახლაც სუსხიანი ქარი ფურცლებს და ფოთლებს აფრიალებდა. ჩანთით მხარზე გოგო მოდიოდა მოჩვენებასავით. ფართო ნაბიჯებს ადგამდა ტროტუარზე და თმას ისწორებდა. მალე მოახლოვდა. ეს არ იყო ის ქარი-გოგო. გაუკაცრიელდა არემარე. ზამთარში ბარგის შემფუთველს შეეცვალა სპარტაკი. აეროპორტის მუშაკთა კოლექტივში შრომისმოყვარე ადამიანის სახელით სარგებლობდა. კოოპერატივიდან წასული მუშის შრომის წიგნაკის ასლის აღება მოახერხა. მისი სახელით და გვარით იცნობდნენ. ხელფასი რიგიანად ყოფნიდა. ცხოვრებას თითქოს აზრი მიეცა. მშობლებს უკვე ეცოდინებოდათ შვილის გაქცევის ამბავი. რამდენჯერ დარეკა სახლში, მათი ხმა რომ გაეგონა, მაგრამ დალაპარაკება ვერ გაბედა. არა იმიტომ, რომ მათი მილიციაში ჩართული ტელეფონით თავის გაცემისა ეშინოდა, არამედ არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ მის ხმას. რამდენჯერ წარმოიდგინა ტელეფონში დედის ხმა: "ალო... რომელი ხარ? შვილო, სპარტაკ, შენა ხარ? ალო!... არ ისმის" და მაშინ ვერ მოითმენდა და ეტყოდა: "ჰო, მე ვარ დედა", მაგრამ დედის მოკლე "ალოს" წყვეტილი ზუმერი მოყვებოდა ხოლმე. გაცნობილ ქალს, ვისთანაც რჩებოდა ხოლმე, რამდენიმე თვეში შეეშვა. ანასტასია ფულის მონა 296


გამოდგა, სპარტაკთან შეხვედრა მისთვის შავი შრომით აღებულ ხელფასთან შეხვედრას ნიშნავდა. მარტო ყოფნა არჩია. ძაღლუმადურმა ცხოვრებამ ქალის ინტერესი დააკარგვინა. აეროპორტში რჩებოდა, მოსაცდელი დარბაზის ხმაური მასზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. ხანდახან ბარგის მტვირთავებს ეხმარებოდა. ციხიდან გამოყოლილ რეფლექსურ ჩვევას მებარგულის ურიკით იქარვებდა და თავს მხნედ გრძნობდა. მალე შრომის წიგნაკში მტვირთავობა ჩაიწერა. ერთი წელი ატარებდა მგზავრთა ბარგს. ხან მშობლიური ენა ესმოდა კლიენტებისგან, მაგრამ თვითონ არასდროს გამოლაპარაკებია არც ოსურად და არც ქართულად. კოლონიაში ერთადერთ ადამიანთან შეეძლო ლაპარაკი, მაგრამ გადაგვარებულ, უთვისტომო და უვარგისთან საქმის დაჭერას ერჩივნა მშობლიური ენა გულში ჩაემარხა. მგზავრებთან ლაპარაკს სიფრთხილის გამო გაურბოდა. ერთმა წელმა ერთფეროვნად ჩაიარა. მხოლოდ დარბაზის და ტრანსპორტის სადგომების არემარის ნაცვლად სპარტაკი ახლა რეგისტრაციის სექციებიდან ემსახურებოდა მგზავრებს, სასწორიდან ჩემოდნებს ბუნკერში ტვირთავდა. ავტოკარს თვითმფრინავამდე მიყვებოდა და საბარგულში აწოდებდა ტვირთს. თავისუფალ დროს კვლავ ბარგის შემფუთველებს ეხმარებოდა. შემოდგომაზე ამხანაგთან ერთად დასასვენებლად აპირებდა წასვლას. აგვისტოს ბოლოს, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აეროპორტში გაწამაწია იყო. გადატვირთულ თვითმფრინავს რომ 297


ამგზავრებდნენ, სპარტაკმა დაგვიანებული მგზავრების ჩემოდნები წაიღო თვითმფრინავთან. საბარგული აღარ გახსნეს, გვიანდებოდა. სპარტაკმა ჩემოდნები ტრაპზე აიტანა. მისი თვითმფრინავში შესვლა და ტრაპის მოხსნა ერთი იყო. _ ჩამოუშვით ადამიანი! _ დაიძახა სტიუარდესამ. _ ბრძანება გაცემულია, ტრაპს სხვა ეკიპაჟი ელოდება! _ იყო პასუხი. _ გასაგებია, უთხრა მან და სპარტაკს მიმართა, _ მოგიწევს მზიურ თბილისში გასეირნება, ვაგვიანებთ! სპარტაკმა ჩემოდნები მითითებულ ადგილზე დააწყო, სტიუარდესამ მათთვის განკუთვნილ კაიუტაში შეიყვანა, სადაც ერთი მგზავრიც იჯდა. გადატვირთული იყო თვითმფრინავიც და საჰაერო გზებიც. "ტუ_154"_მა სიჩქარე განავითარა და მიწას მოწყდა. ორ წელზე მეტი უსმენდა თვითმფრინავების ძრავების გრიალს სპარტაკი. რომ სცოდნოდა, ასეთ შვებას იგრძნობდა, აქამდე ცდიდა გაფრენას. გვერდით მჯდარ უბილეთო მგზავრს გამოელაპარაკა და მოულოდნელად ქართულად წამოსცდა შეკითხვა: _ რომელი რეისია? ცხრაასოცდათხუთმეტი, არა? _ ჰო, ცხრაასოცდათხუთმეტი, ძმაო. "ცხრაასოცდათხუთმეტი" _ გაიმეორა სპარტაკმა გონებაში და ჩაფიქრდა. მაგრამ რეისის ნომერი არ იყო ამის მიზეზი, "ძმაო" ჩაეჭედა ყურში და მგზავრის ხმა. _ რამდენ ხანში ჩავფრინდებით თბილისში? _ ჰკითხა სპარტაკმა ისე, რომ არ შეუხედია, ჰკითხა იმიტომ, რომ მგზავრის ხმა კიდევ გაეგონა. 298


_ ამბობენ ორსაათნახევარში. ახლა უფრო მეტხანს ჩაფიქრდა მოულოდნელობებს მოკლებული ადამიანი. _ რა უნდა აკეთოს კაცმა ორსაათნახევარში?! _ თქვა სპარტაკმა ხუთიოდ წუთის შემდეგ, მგზავრისკენ არც გაუხედია, _ კარტი მაინც გვქონდეს, წავითამაშებდით თბილისამდე. _ კარტი? მგონი უნდა მქონდეს, სადღაც. მაგრამ, რად გინდა? მე კარტის თამაში არ მეხერხება, _ თქვა მგზავრმა და ჩანთაში ძებნა დაიწყო. ო, რა შორეული და ნაცნობი სიმღერის ჰანგები გაისმა! _ კარგი, ნუღარ ეძებ, მეც ისე, ხანდახან ვთამაშობ _ ხოლმე. მგზავრმა უკვე ამოიღო დასტა და იქვე თაროზე დადო. სპარტაკმა კოლოფი გახსნა, ნაცნობი ნიშანი შეხვდა ფურცლების გარეკანზე. "ტუ_154" ფრენისთვის საჭირო სიმაღლეს კრეფდა. _ ერთი თამაში მასწავლეს სამსახურში, _ თქვა სპარტაკმა, _ სამ-სამი კარტი რიგდება. _ "სეკა"? ვიცი, მეც მიყურებია. მაგას ფულზე თამაშობენ, აქ კი ვინმე შემოიხედავს და რას იტყვის?!... _ შენგან მანეთი, ჩემგან ორი მანეთი, _ მოუჭრა სპარტაკმა. _ კარგი, ოღონდაც ზეპირად ვითამაშოთ, ფულის გამოჩენა არ გვინდა, თბილისში გავსწორდებით. ბანქო დარიგდა. სპარტაკმა უმალ გაზარდა "ფოსტა". მიუხედავად დიდი ფორის გაცემისა ამ შემთხვევაში მას უეჭველი უპირატესობა გააჩნდა. მეტოქე 299


გადაჭარბებული ინტერესით აკვირდებოდა მას ხელებზე თუ სახეზე, მაგრამ ვერაფერი საეჭვო რომ ვერ შენიშნა, თბილისამდე ეთამაშა. მხოლოდ ერთხელ გაწყვიტეს თამაში, სტიუარდესამ ფინჯნებით მინერალური წყალი რომ მიართვა. თამაშის ბოლოს თითქმის გასწორდნენ. ტრაპზე რომ ჩამოვიდნენ მურზამ თავისი ადგილსამყოფლის მისამართი ჩააწერინა მტვირთავს, დაჰპირდა, რომ მზად იყო თანაბარ თამაშშიც შებმოდა. თვითმფრინავი საათნახევრის შემდეგ საწინააღმდეგო რეისს ასრულებდა. სპარტაკი სტიუარდესებს შეუთანხმდა, რომ ამ დროში დაბრუნდებოდა. აეროპორტის შემოგარენი მოიარა და სასადილოში ივახშმა, მერე მოსაცდელ დარბაზში თავისუფალი დასაჯდომი ადგილი იპოვა. იგივე ხმაური იდგა დარბაზში. განსხვავება ის იყო, რომ აქ ქართულად აცხადებდნენ ინფორმაციას. დარბაზის ხმაურს მიცემულმა სპარტაკმა ვერ გაიგო, როგორ გაეპარა დრო. "თბილისმოსკოვზე" ჩასხდომა უკვე დამთავრდა. ინფორმატორმა მისი ცრუ სახელი და გვარი გამოაცხადა და აუწყა, რომ თვითმფრინავი ხუთ წუთში გაფრინდებოდა. სპარტაკმა გაიგონა, მაგრამ მასში ამას არავითარი რეაქცია არ გამოუწვევია. მურზას მისამართს გრძნობდა ჯიბეში. თვითმფრინავი რომ დაიძრა, ინფორმატორმა ახლა აეროპორტის საპასპორტო განყოფილებაში მიიწვია სპარტაკი. მიწვევას ყოველი ათი წუთის შემდეგ იმეორებდნენ. მალე განიხილებოდა მცირედი დოკუმენტები მოსკოვში და გამოჩნდებოდა სიყალბე. სპარტაკმა ტაქსი იქირავა და მალე მურზას მიცემული 300


მისამართით ორსართულიან ძველ შენობას მიადგა. "პირველი სადარბაზო, მეორე სართული, მარჯვენა კარი", _ ეწერა ფურცელზე. არ უნდა ყოფილიყო მცდარი მისამართი. სპარტაკმა მარჯვენა კარი შეაღო და ჩაბნელებულ დერეფანში მოხვდა. ერთი ოდნავ გაღებული კარიდან სინათლის ჭავლი და ლაპარაკის ხმა გამოდიოდა. სპარტაკმა ოთახში შეიხედა. დივან-სავარძელში სამნი ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და პაპიროსს ეწეოდნენ. დერეფანში შემოსასვლელ კარს უცბად ვიღაცა მოაწვა და სპარტაკი კუთხეში მიიმალა. ოთხმა ადამიანმა დერეფანში გაიარა და ოთახში შევიდნენ. სპარტაკმა კვლავ შეიხედა. ოთახი თამბაქოს ბოლით იყო სავსე, მურზა ახლა სახით ჩანდა, წამომდგარიყო და ახალშესულებს ელაპარაკებოდა. ათ წელს მისთვის ათი წუთივით ჩაევლო. სპარტაკმა ლაპარაკს მიუგდო ყური. _ ეს გაიცანი, ჩვენი ძმაა! _ წარუდგინეს მურზას ბიჭი, წარწერებიანი მაისური რომ ეცვა, _ პარალელურ ჯგუფელებს ფეხბურთში მთელი ზაფხულის სტიპენდიები მოუგო. _ როგორ, მარტო ეთამაშე? _ ჰკითხა მურზამ ბიჭს. _ არა, ჩვენი ჯგუფის ბიჭები ვეთამაშეთ. _ ფეხბურთი კარგი სპორტია, თუ დაიწყებ, უნდა მისდიო,.. რა გქვია ძმაო? _ სპარტაკი. _ სპარტაკი? _ ჰო. _ ერთი ძმაკაცი მყავდა, მასაც სპარტაკი ერქვა, პატიოსანი ბიჭი იყო, აი, კარტში რომ რაღაცას 301


იტყუებოდა, სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა ხოლმე, ორჯონიკიძიდან იყო, ერთხელ თბილისში ერთად ჩამოვედით, ბიჭები არ იცნობენ. საწყალს ვერ წაუვიდა საქმე კარგად, ციხეში ზის. _ პატიოსანმა კაცმა პატიოსნად უნდა იცხოვროს, _ თქვა ერთერთმა დივან-სავარძლიდან. _ მართალი ხარ, ნოდარ, _ უთხრა მურზამ. _ შენ დიდი ხანი თამაშობ? _ ჰკითხა ახალგაცნობილმა მას. მურზამ ჩაიცინა. _ შენ გამომძიებელი ხომ არ ხარ, ძმაო? _ არა, ისე, მაინტერესებს. _ მე? დაბადებიდან ვთამაშობ, მოუკვდა ამას მომგონი, რა საქმე ეს არის?! მალე უნდა შევეშვა. სპარტაკი კარებიდან იყურებოდა, შესაფუთავი ქაღალდის საჭრელ დანას ისე უჭერდა ხელს, თითებში სისხლი გაუჩერდა. "ყუ", "ყუ", "ყუ", _ ძლიერდებოდა ხმა. "ყუ", "ყუ", "ყუ", _ ძლიერდებოდა, ყურები დაუგუბა და ყველაფერი დანარჩენი ჩაახშო. ამ წუთიდან თითქოს ვიღაც სხვა მართავდა მას. _ ახლა ხომ მოგაგენი, ძმაო! _ იყვირა მან, ოთახში რომ შევიდა. მისკენ მიტრიალდნენ. აეროპორტის მუშის ფორმიანი კაცი დანით ახლოვდებოდა, ყველამ უკან დაიხია, სპარტაკმა მურზა კუთხეში მიამწყვდია. ის იყო დანა უნდა გაეყარა, შეჩერდა. ვინც მას მართავდა, ჩასძახა, რომ ჯერ ძმაკაცურად გადახვეოდა და ზურგიდან ფილტვებში გაეყარა დანა. სანამ ამას მოახერხებდა, თვითონ იგრძნო 302


ზურგში მჭრელი ცივი საგანი. ტკივილმა შეაჩერა. ხელში, დანა რომ ჰქონდა ჩაბღუჯული, ძალა გამოეცალა და დაუვარდა. მოტრიალებულმა ერთ ნაბიჯზე მდგარ წარწერილმაისურიან ბიჭს შეხედა. ბიჭს სისხლიანი დანა ეჭირა აკანკალებულ ხელში და თვალები ანთებოდა. სპარტაკი წამით ჩაფიქრდა და შეკრთა. ამ წამში გაიფრინა ათმა წელმა, მთელმა საუკუნემ. ახლა გაიგო, რას ნიშნავდა ის გაკვირვებული გამოხედვა, სიჭაბუკეში გამოცანად რომ მიაჩნდა. სიმწრით ჩაეცინა და ოთახიდან ბარბაცით გავიდა. _ გმადლობ, ძმაო, შენ გადამარჩინე, _ უთხრა მურზამ სპარტაკს, ჯერ რომ ვერ დაწყნარებულიყო. _ ვინ იყო? _ ჰკითხა ნოდარმა. _ თვითმფრინავში ვეთამაშე დღეს. დიდი პერიოდი მომცა, მაგრამ სულ რაღაც ოცდახუთი მანეთი მოვუგე. თან მითხრა, ფული აქ არ მაქვს, მოსკოვში დამრჩა, აეროპორტშიო. მე მეგონა სათამაშოდ მოვიდა. _ ოცდახუთი მანეთისთვის კაცს მოსაკ ლავად იმეტებდა?! _ ეგრეა, ვისაც მოვუგე, ყველა სასიკვდილოდ გადავიმტერე, არა, უნდა შევეშვე თამაშს. სპარტაკი ტაქსით აეროპორტისკენ მიეშურებოდა. "ნუთუ სულ ეს იყო? _ ფიქრობდა ის, _ თუ ორჯონიკიძესთან იქნება კავშირი, აეროპორტიდან სახლში დავრეკავ, რამდენიმე დღეში ჩავალ, მოსკოვში ალბათ ხვალ დილით თუ გავფრინდები". ფიქრობდა, მაგრამ იცოდა, რომ ტყუილად ფიქრობდა, მკერდშიც გრძნობდა ტკივილს, ისე ღრმა 303


იყო ჭრილობა, რაღაცნაირად ბუნდოვნად მიდიოდა დრო, ეს დღე კვირის მერვე დღეს ჰგავდა. მანქანა მაგისტრალური გზით აეროპორტისკენ მიჰქროდა, მაგრამ ეს მოძრაობა თითქოს სივრცის უცხო განზომილებაში ხდებოდა. ეს ბოლო იყო სიცოცხლისა? მეფე-დრო დარჩენილიყო ცოტაოდენი და ბოლო აქ, მანქანაში კი არა, სხვა ადგილზე მოვიდოდა. ღამის ორი საათია. თვითმფრინავებმა ფრენა შეწყვიტეს. საინფორმაციო რუპორი დადუმდა და ლოდინის ღამე ჩამოწვა მოსაცდელ დარბაზში. დარბაზში თავისუფალი დასაჯდომი ადგილი არ მოიძებნებოდა, ბევრი გარეთ, სუფთა ჰაერზე იცდიდა. სპარტაკი ბევრი სხვა მგზავრის მსგავსად დაბალ რადიატორზე ჩამომჯდარიყო, თვალები დაეხუჭა და ტკივილს ეგუებოდა. სახეზე თითქოს ღიმილი გამოჰხატვოდა. ხალხის ხმა ესმოდა, ხმადაბალი ბუტბუტი, ქართველების, რუსების, სოფლელების, თათრების, სომხების, ქალაქელების, ინჟინრების, მშობლების, სტუდენტების, გასათხოვრების, გადამთიელების, სპორტსმენების, ბავშვების ... ლაპარაკი, ფშვინვა, მათი ჩურჩული, სუნთქვა მოძრაობა... იყო ღიმილის მიზეზი, სუნთქავდა იქვე და იმ ჟანგბადით, ცოტაღა რომ დაეტოვებინა ხალხს დარბაზში. ერთი დღის შემდეგ მკვდარი კაცი იპოვეს აეროპორტში. დამლაგებელს მთვრალი ჰგონებია და გამოფხიზლება უფიქრია, რათა მის ფეხებქვეშ იატაკი გამოეწმინდა. მიცვალებულს საბუთები არ აღმოაჩნდა. ჭრილობა სასიკვდილო არ იყო და 304


ექსპერტმა ვერ დაასკვნა სიკვდილის მიზეზი. სურათები გადაუღეს და შესაბამის ორგანოებში დააგზავნეს. პასუხმა შეაგვიანა. დადგინდა, რომ განსვენებული იაკუტიის ციხიდან გაქცეული პატიმარი, სპარტაკ ჩაჩაევი ყოფილა, რომელზეც დიდი ხანია ძიება მიმდინარეობდა.

შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წ .

305


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.