ზღაპრები

Page 1



ნანული ფსუტური

ზღაპრები

შიდა ქართლის მწერლობა

http://mweraltasaxli.blogspot.com/



იმედა დიდი ხნის წინათ ქვეყანას ანადგურებდა უზარმაზარი ბოროტი გველეშაპი. ეს წყეული უტყუარად გრძნობდა ბავშვის დაბადებას და იტაცებდა ახალშობილს. ზოგს მაშინვე ყლაპავდა ცოცხლად, ზოგი კი თავის გამოქვაბულში მიჰყავდა. გადიოდა დრო. ხალხი გმინავდა. თითქმის აღარ ისმოდა ბავშვების სიცილ-კისკისი. ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობდა გამრჯე, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი. კარგა ხანი შვილი არ ეძლეოდათ. ბოლოს ღმერთმა ისმინა მათი ვედრება და მისცა ვაჟიშვილი, რომელსაც იმედა დაარქვეს. ქმარმა ცოლი ერთ მიუვალ გამოქვაბულში გადამალა, იქნებ გველეშაპმა არ გაიგოს 3


ბავშვის არსებობაო, იმედოვნებდნენ საწყლები. ერთი მაღალი მთის წვერზე ბრძენი, ხნიერი, მაგრამ ძლიერი არწივი ცხოვრობდა. იგი კარგად ხედავდა ხალხის გაჭირვებას. მის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია ცოლ-ქმრის მოქმედება და გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიხმარებოდა მათ. გველეშაპმა მაინც გაიგო ბავშვის დაბადება. ცოლ-ქმრის ურჩობით განრისხებული, დაიძრა გამოქვაბულისაკენ. გზად ანგრევდა, ლეწავდა ყველაფერს. შეშინებულმა დედამ ჩვილი მკერდში ჩაიკრა და მუხლებზე დაცემული ღმერთს შველას სთხოვდა. ამ დროს არწივი შეფრინდა 4


გამოქვაბულში, ბრჭყალებით ააცალა დედას შვილი და სწრაფად გაფრინდა. გამოქვაბულში ჩვილი ვერ ნახა, უფრო გახელდა გველეშაპი და ცოლ-ქმარი დაუნდობლად დაფლითა. არწივმა ახალშობილი თავის ბუდეში მოათავსა. მერე მეგობარი ჯიხვი მოძებნა და ბავშვის აღზრდაში დახმარება სთხოვა. ორივე გულმოდგინედ ზრდიდა იმედას. გავიდა დრო. იმედა ლამაზი, ძლიერი ვაჟკაცი დადგა. აღმზრდელთაგან შეითვისა გამბედაობა, სისწრაფე, მოქნილობა, ამტანობა. იგი ჯიხვთან ერთად ადიოდა მიუვალ მთებზე, ეჯიბრებოდა სირბილში, ხტომაში. არწივი მაღლა-მაღლა აიყვანდა და ზეციდან ძირს აგდებდა. იმედა 5


მსუბუქად, უმტკივნეულოდ ხტებოდა მიწაზე. აღმზრდელები დარწმუნდნენ იმედას ვაჟკაცობაში. ერთ დღეს მიიყვანეს იმ მთაზე, რომელიც მის სოფელს გადაჰყურებდა და ყველაფერი უამბეს, აჩვენეს ის გამოქვაბული, რომელშიც გველეშაპმა მისი დედ-მამა დაფლითა. იმედა განრისხდა. მაშინვე დააპირა გველეშაპის მოსაკლავად წასვლა. არწივმა შეაჩერა, ცოტა ხანს დამაცადეო და გაფრინდა. იგი მალე დაბრუნდა. ხმალი მოიტანა, გადასცა ჭაბუკს და უთხრა: - აი, ეს ფარ-ხმალი ღმერთისაგან არის ნაკურთხი, მე მქონდა მობარებული. უნდა მიმეცა იმ გმირისთვის, რომელიც შეძლებდა 6


გველეშაპის მოკვლასა და სოფლის გადარჩენას. არწივი გაფრინდა, ჯიხვი კლდეებს მიეფარა. იმედამ ნახა შეშინებული და დაბეჩავებული ხალხი და სიმწრისაგან მიწას ფეხი დასცხო. უცებ მიწა საშინლად შეზანზარდა. გველეშაპი არყევდა მიდამოს. შეშინებული ხალხი გაიქცა. იმედა კი წარბშეუხრელად იდგა ერთ ადგილზე. დაიწყო ორთაბრძოლა. ხალხი ღმერთს ევედრებოდა იმედას გადარჩენას. თან გაოცებულები შეჰყურებდნენ ჭაბუკის შემართებას. ძალა მოემატა, აზვირთდა ხალხი, ზოგი კეტით, ზოგი ქვით დაიძრა იმედას დასახმარებლად. ვაჟკაცს ძალა გაუათკეცდა და სასიკვდილოდ დაჭრა გველეშაპი. 7


დაჭრილი შედრკა და გამოქვაბულისკენ გაიქცა, მაგრამ იმედას სად წაუვიდოდა, ფეხდაფეხ მიჰყვა გველეშაპს და კუდზე შეახტა. გველეშაპმა ხმლის მოქნევა არ აცალა, კუდი მოიქნია და ცაში მოისროლა იმედა. გაჭრა არწივის წვრთნამ, მიწაზე უვნებლად დაეშვა იმედა, გველეშაპს გამოქვაბულთან წამოეწია და ხმლის ერთი მოქნევით თავი წააცალა. აშმორებულმა სისხლმა იფეთქა ბოროტის სხეულიდან. იმედა გველეშაპის მოჭრილ თავს დასწვდა და მთელი ძალით გამოქვაბულის კარს ესროლა. გაიღო ურდული და დატყვევებული გოგო-ბიჭები მოედვნენ მიდამოს. მოკლული გველეშაპის დანახვაზე სიხარულის ყიჟინა დასცხეს. 8


ერთმანეთს ეხვეოდნენ და ულოცავდნენ გამარჯვებას. იმედა მთელმა სოფელმა იშვილა. სოფლის ახლოს მაღალ მთაზე დასახლდა ჯიხვი, ბებერი არწივიც თავს დასტრიალებდა გაზრდილს.

ცისფერი ქვა იყო და არა იყო რა... ასე იწყება ჩვენი ზღაპარიც. უხსოვარ დროს საქართველოს ულამაზეს მთიან მხარეში ხევსურეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ალალნი და შრომისმოყვარენი იყვნენ, ჰყავდათ ერთადერთი შვილი, პატარა

9


ლელა. მთელ დედამიწაზე მისი ბადალი არსად მოიძებნებოდა.

ცხრა მთას იქით (დედამიწაზე მთებს რა გამოლევს), მიუვალი ხევხუვებით გარშემორტყმულ ერთ მაღალ მთაზე, ცათაბჯენილ ციხე-კოშკში ცხოვრობდა ბოროტი, მოხუცი ჯადოქარი ბუ-ბა. ბუბას რა გამოეპარებოდა? ჰოდა, გაიგო თუ არა ბავშვის სილამაზის ამბავი, მისი მოტაცება გადაწყვიტა. ჯადოქარი დედამიწაზე დააჭენებდა ცხენს, რომლის საშინელ ჩონჩხს ამკობდა დიდი, მწვანე, ბრდღვიალა თვალები. ქარზე სწრაფად დაჰქროდა ცხენი. მისი გამოჩენა შიშის ზარს სცემდა ყველას. უკვდავიაო ბუ-ბას ცხენი, ჰყვებოდნენ თეთრწვერა 10


მოხუცები პაპებისგან განაგონსა და მონაყოლს. თვით ბუ-ბაც უკვდავიაო. მისი საიდუმლოება იცის მხოლოდ დევგმირმა, რომელიც თავისი ციხეკოშკის კედელში ჰყავს ჩატანებულიო. სოფლის გოგო-ბიჭები ყოველ საღამო ხანს იკრიბებოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცეკვაში, კაფიაობაში, ისრის ტყორცნაში. ლელა თანატოლების თვალი და გული იყო. ერთხელ ლელამ მოიხსნა თავისი განუყრელი, საყვარელი, ფერადფერადი ქვების მძივი და დაიწყო ოცნება: „ეს მოთეთრო-მოლურჯო ქვა ჩემი სოფლის ძლიერი, ზვიადი მიწაა, ეს ცისფერი კი განუმეორებელი ცაა“... ამ დროს, სად იყო და სად არა, გაჩნდა ბუ-ბა თავისი საზარელი ცხენით. იგი 11


მიხვდა ლელას ოცნებას, არ მოეწონა. განრისხდა. მივარდა ლელას, გამოსტაცა მძივი და მოისროლა. მძივის თვლები მინდორში მიმოიფანტა, პატრონს ხელში შერჩა ის ცისფერი ქვა, თავისი ქვეყნის ცას რომ აგონებდა... წაიყვანა ბოროტმა ბუ-ბამ ლელა თავის სამფლობელოში. ეშმაკთან წილნაყარი ცდილობდა ბავშვის სულიდან აღმოეფხვრა სიკეთე და ბოროტი სული ჩაესახებინა ლამაზ გოგონაში. ნეტარებით მოელოდა იმ წუთებს, როდესაც ჯადოქრად გადაიქცეოდა ასული. ლელას კი... რა დაავიწყებდა მშობლიურ მიწას, სოფელს, მშობლებს, მეგობრებს. როდესაც ბოროტ ბუ-ბას შორს დაიგულებდა, ამოიღებდა 12


შერჩენილ ლურჯ ქვას, უცქეროდა მშობლიურ ცას და ლოცულობდა.

ციხის კედლებში ჩატანებული დევგმირის თავი ხედავდა გოგონას. აკვირდებოდა, მაგრამ ხმას არ სცემდა. - გოგონი, - მოესმა ლელას. ხმას მიჰყვა და მიადგა აქამდე უჩინარი დევგმირის თავს. ლელა შეკრთა. თავმა დაუყვავა, გოგონა დაამშვიდა და ალაპარაკდა: - სწრაფად გეტყვი, თორემ ბოროტი ბუბა შეიძლება მალე დაბრუნდეს. ყოველდღე ვხედავ შენს ტანჯვას, რთიანი ძალით უნდა დავამარცხოთ ბოროტი. შენ გგონია, ბუ-ბა უკვდავია? ყური დამიგდე: ბუბას სული მისივე ცხენშია, ცხენის მოკვლა კი მიწისქვეშა სიკვდილის წყალში დასველებული 13


ისრით შეიძლება. ის წყალი ბუ-ბას ცხენის საჯდომის ქვეშაა. ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, პატარა ქალო. იცოდე, ჩემკენ არასოდეს წამოხვიდე, არც არაფერი ჰკითხო, როღემ ბუ-ბა ყველაფერს წყალში ჩაგვიყრის.

იმ დღეს გვიან დაბრუნდა ბუ-ბა. ციხეკოშკის წინ შეეგება ლელა. მოწყენა შეატყო ჯადოქარმა და მიზეზი ჰკითხა. ლელა გამოუტყდა, რომ მარტოობამ დაღალა. გულში ესიამოვნა ბუ-ბას, თქმით კი არაფერი უთქვამს. მეორე დღესაც ასე განმეორდა, მესამე დღესაც. ერთხელ ლელამ ბუ-ბას სთხოვა: „რა იქნება მშვილდ-ისრის ხმარება რომ მასწავლო, შენს აქ არყოფნაში 14


გავერთობი, თან სროლასაც ვისწავლი და მერე სანადიროდ გამოგყვები“. ბუბა დათანხმდა. იგი თავისი მშვილდისრით მოთმინებით ასწავლიდა ნიშანში სროლას. ერთხელ, დილაადრიან, როგორც კი გაფრინდა ბუ-ბა თავისი რაშით, ლელა შევიდა ცხენის სადგომში, დაეჯაგურა მორს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. ამ დროს ის ლურჯი ქვა ამოუვარდა უბიდან. სწრაფად გაიელვა მის თვალწინ მშობლიურმა სოფელმა, მისმა ცამ, ძალუად იგრძნო მიწის ძალა, მოეჭიდა მორს, გვერდზე გაწია და წყაროს წყალმაც ამოჟონა. ლელამ ისარი სწრაფად ჩაასველა და აზემოთ აიხედა. ბუ-ბა უკვე მოფრინავდა ცხენით. ლელა წელში გასწორდა, მშვილდი მომართა. ისარმა ხმაურით გაჰკვეთა ჰაერი და 15


ცხენს პირდაპირ თვალში ჩაერჭო. უცებ ცხენი მხედრიანად ცეცხლში გაეხვია, მიწამაც პირი გააღო და თან ჩაიტანა. ბუ-ბას ციხე-კოშკიდან აღარაფერი ჩანდა. კედელში ჩატანებული დევგმირიც განთავისუფლდა, მხრები შეიბერტყა გოლიათმა, გადაეხვია პატარა ლელას და ორივემ სოფლისაკენ გასწია, რათა ხალხისთვის ჯადოქრის სიკვდილი ეხარებინა.

და-ძმა ეძღვნება ირაკლი და თამთა გიუნაშვილებს

ძველად, უხსოვარ დროში, მთიულეთის ერთი პატარა სოფლის ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდნენ დედა 16


და ტყუპი და-ძმა - ზეზვა და ზიზო. დედა პატარებს აკვნიდანვე უნერგავდა ღვთისა და მოძმის სიყვარულს, სათნოებასა და სიკეთეს. ოჯახის სიამტკბილობა არ მოსწონდა ცალრქიან ქაჯს, ვერ ისვენებდა, ელოდებოდა შესაფერ მომენტს და აი, ერთხელ, დაღლილ-დაქანცულ დედას ულოცველად, პირჯვრის გადაუწერლად ჩაეძინა. პატარებმა თბილად დააფარეს საბანი და, ის იყო, თავადაც ლოგინში შეძვრნენ, რომ გაისმა საშინელი, სულის შემძვრელი ხითხითი. პატარებმა წამიერად დაინახეს რქამოტეხილი უწმინდური. უცებ გაისმა დედის კივილი და... დედა და ის ქაჯი უგზოუკვლოდ გაქრნენ.

17


დრო გადიოდა. იზრდებოდნენ ტყუპები. თანატოლებში აშკარად გამოირჩეოდნენ: ზიზო - ულამაზესი, ზეზვა - უბადლო და შეუპოვარი. მათ შემყურე რქამოტეხილ ქაჯს ავი წინათგრძნობა არ ასვენებდა: დაიგვიანა, დაიგვიანა საბედისქეროდ! მათმა მამამ შეიწირა მისი რქა. სულ ერთია, არ შეარჩენს მის ნაშიერს!.. მაგრამ ზეზვას ისეთი შეუპოვარი გამოხედვა აქვს, ისეთი უშიშარია და ძლიერი... - არა! სულ ერთია, ჩემი კერძი ხართ! – ჩაიხითხითა ბოროტმა. ერთხელ, ღამით, ზიზოს ჩაეძინა. ზეზვა ბუხრის წინ მიმჯდარიყო და ფიქრს 18


მისცემოდა. ბუხარში ცეცხლი მინელდა. სახლში შეპარულ ქაჯსაც ეს უნდოდა!.. უცებ ზეზვას ყურთან შემაზრზენი ხითხითი გაისმა და დაინახა ის რქამოტეხილი ბოროტი. ქაჯი ყელში სწვდა. ბიჭი არ დაიბნა, ცალი ხელი რქაზე წაავლო, მეორე ხელით გავარვარებული ნაკვერჩხალი აიტაცა და... თვალდავსებულმა ქაჯმა მწარედ დაიწივლა და გაუჩინარდა. მეტი ლოდინი აღარ შეიძლებოდა და ზეზვამაც დედის საძებნელად გადაწყვიტა წასვლა. ზიზოც წასასვლელად გაემზადა. მან ზანდუკიდან ამოიღო დიდი საგვარეულო ჯვარი და გულზე დაიკიდა, ზეზვას კი მამის ნაქონი ხმალი გადასცა. მერე გუდაში ჩააწყვეს 19


სამგზავროდ საჭირო რამე-რუმეები, კარი გადარაზეს, გამოემშვიდობნენ გასაცილებლად მისულ თვალცრემლიან თანასოფლელებს, ახსენეს ღმერთი და გაუდგნენ გზას. ცოტა კი არა, ბევრი იარეს. გაუცვდათ ქალამნები, გაუთავდათ საგზალი, დაეხათ ტყაპუჭები. ყველგან კითხულობდნენ დედის გზა-კვალს, მაგრამ ამაოდ. ერთხელ გზად ტყეში უნდა გაევლოთ. მიდიოდნენ დაფიქრებულნი. უცებ გულსაკლავი ტირილი შემოესმათ. აქეთ-იქით მიიხედეს, ვერავინ დაინახეს. ზიზომ ფაჩუნზე ძირს დაიხედა და ბალახში ერთი პატარა, ახალგამოჩეკილი წიწილისოდენა ბიჭი 20


შეამჩნია, რომელიც გულსაკლავად ტიროდა. და-ძმამ ატირებული პატარა დაამშვიდა. კიკამ - ასე ერქვა ამ პატარა ქონდრისკაცს - უამბო უბედურების ამბავი. - აი, იმ მდინარეში ვცურავდი, - მან თითი იქვე, მიწიდან ამომდინარე პატარა რუზე მიუთითა, - ტანსაცმელი აგერ, აქვე, ხის ერტ ტოტზე ჩამოვკიდე. უცებ შეშინებულმა ირემმა გამოიქროლა, ის ხე გადათქერა და... ჩემი ტანსაცმელი სად გაქრა, ვეღარ გამიგია. უკვე დღე ღამდება და ტიტველი და მშიერ-მწყურვალი ვზივარ. მრცხვენია, ასეთი შიშველი რომ დამინახონ ქონდრისკაცებმა, მასხრად ამიგდებენ.

21


ტყუპებს შეეცოდათ ქონდრისკაცი. ზიზომ თავის, ისედაც დახეულ, ტყაპუჭს ჩამოახია ნაჭერი, ხელების გასაყრელად პატარა ნახვრეტები გააკეთა და ქურქუც მზად იყო. სიცივით აკანკალებული პატარა კაცუნა ჩათბა. ზეზვამ გუდა მიჩხრიკ-მოჩხრიკა და პურის პაწაწინა ნატეხს წააწყდა. ბიჭი , - ლაპარაკით მიუახლოვდა ქონდრისქალი. ტანთ ემოსა ენით აუწერელი სილამაზის და ფერის უძვირფასესი სამოსი, თავზე ედგა ნატიფად ნაკეთი ზურმუხტის გვირგვინი. - მე კიკას დედა ვარ. კიკა მეფისწულია. აგერ თავად მეფეც გეახლათ.

22


ამ სიტყვებზე დაინახეს ქონდრისკაცი. თავზე ედგა უძვირფასესი თვლებით მოჭედილი ბაჯაღლო ოქროს გვირგვინი. იგი თავაზიანად მიესალმა სტუმრებს და მადლობა მოახსენა შვილის შემოსვისა და დაპურებისათვის. - აქ როგორ გავჩნდით? - ვეღარ მოითმინა ზეზვამ. - ძლივს გათბობდათ დახეული სამოსი და ჩემი შვილი შემოსეთ. მშივრები დარჩით და ბოლო ლუკმა ჩემს შვილს უწილადეთ. ახლა კი სუფრასთან გთხოვთ.

ტყუპები სუფრასთან დასხდნენ. 23


დარბაზის კედლები ნაირ-ნაირ, ლამაზ, სურნელოვან ხვიარა მცენარეებს დაეფარა. შიგ უამრავი ციცინათელა გაბნეულიყო. იატაკი ფაფუკი ხავსით იყო დაფარული. გასაოცარ, ჯადოსნურ სურნელს აფრქვევდნენ უცნობი ყვავილები და მცენარეები. ნადიმს დასასრული არ უჩანდა. ტყუპებს კი ეჩქარებოდათ. მეფემ მოუსვენრობა შეამჩნია და-ძმას და უთხრა: - გატყობთ, გული არ გიდგებათ ჩვენთან. ნება თქვენია, მე არ დაგაკავებთ. მინდა, სიკეთე გადაგიხადოთ. მითხარით, რა გსურთ? სიჩუმე ჩამოვარდა. ზიზომ თავიანთი თავგადასავალი უამბო:

24


- უკვე დიდი ხანია, დავდივართ და ვეძებთ ცალრქიანი წყეულის სამყოფელს და ვერ მიგვიგნია. დედა ომგვტაცა ბოროტმა. - ძნელი საქმე გიტვირთიათ, - წვერი მოიქექა მეფემ, - უკან დაბრუნება რომ გირჩიოთ, ვიცი, არ დაბრუნდებით. მეტი რა გზაა, გასწავლით იმ ქაჯის ადგილსამყოფელს. იმ მთის ძირამდე მიგიყვანთ, მეტი არ შემიძლია... - კიკამ მამასთან მიირბინა. მეფემ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. პატარამ გაიღიმა, თავი დაუქნია და გაიქცა. თუმცა მალე მოურბენინა პატარა მათრახი, რომელიც მეფემ ჩამოართვა და ზეზვას გაუწოდა:

25


- აი, ჩემი საჩუქარი. თუ მიწას ერთხელ დაარტყამ, პატარა ნამცეცებად იქცევით და თუ მერე ტარით დაარტყამ მიწას, თქვენი სიმაღლე დაგიბრუნდებათ. მეგზურად ეს ციცინათელა გამოგყვებათ, დანარჩენი ღმერთმა იცის და თქვენმა ვაჟკაცობამ. მეფემ და კიკამ იმ შორეულ ცივ მთამდე მიაცილეს ტყუპები და დაემშვიდობნენ. მიდიოდნენ ტყუპები. საშინელი გზა იყო. ერთხელ ძლივს გადაურჩნენ ზემოდან დაგორებულ ლოდს. წამებით მიაღწიეს მთის წვერს. უცებ კვნესა შემოესმათ. მიიხედეს და შავებში ჩაცმული, ლოდზე მჯდარი დედაბერი დაინახეს.

26


ზეზვა მიუახლოვდა და ადგილზე გაშეშდა. დედაბერს ცალი თვალი დაშანთული ჰქონდა. თავზე შეხედა და შავი თავსაფრის ქვეშ მოტეხილი რქა დალანდა. წამიერად იაზრა და მათრახი მიწას დაარტყა. ტყუპები დაპატარავდნენ. წყეული ქაჯი ადგილიდან წამოიჭრა. ნამცეცუნები ბალახში აღარ ჩანდნენ. გამწარებულმა ქაჯმა ბალახებს გლეჯა დაუწყო. ზეზვამ ზიზოს ხელი მოჰკიდა და ლოდისკენ გაიქცნენ. მაგრამ... ლოდი კი არა, ლოდში ამოჭრილი რაღაც დიდი, ჩაბნელებული ხვრელი აღმოჩნდა. სიბნელეში არაფერი ჩანდა და შესვლა ვერ გაბედეს. უცებ ციცინათელა იმ ხვრელში შეფრინდა და გაანათა. ტყუპები მიჰყვნენ.

27


ზეზვამ მათრახის ტარი დაჰკრა მიწას. ტყუპები გაიზარდნენ და სწრაფად წავიდნენ წინ. უცებ კვნესის ხმა შემოესმათ. მიჰყვნენ ამ ხმას. კლდეში ამოკვეთილ ბოძზე მიჯაჭვულ ქალს მიადგნენ. ქალი გაკვირვებული უყურებდა მათ. ციცინათელა უფრო ახლოს მივიდა ქალთან და გაანათა მისი სახე. - დედა! - შესძახა ზიზომ. - შვილებო, აქ რა გინდათ?! ჩქარა

წადით აქედან, სანამ ის ბოროტი არ დაბრუნებულა!

28


ზეზვამ გაგლიჯა ბორკილები, დედა გაათავისუფლა და ციცინათელას უბრძანა: წინ! სწრაფად განაგრძეს გზა. დედა შვილებს ემუდარებოდა, აქ დამტოვეთ, ბოროტმა არ მოგისწროთ. მე ისიც მეყოფა, ცოცხლები რომ გნახეთო, მაგრამ ყურს ვინ უგდებდა. ამასობაში ამოვიდნენ მთაზე. გამწარებული ბოროტი ისევ ბალახს გლეჯდა. ზეზვა ცალრქიანი ქაჯისაკენ წავიდა. ბოროტმა უცებ გვერდით გაურბინა და დედისაკენ გაქანდა. დედას წინ ზიზო აეფარა, ბოროტის ძლიერად მოქნეული ხმალი ზიზოს საგვარეულო ჯვარზე დაიმსხვრა. გამწარებულმა დაიწივლა, ერთ 29


ადგილზე დატრიალდა და უსულოდ დაეცა ძირს. უცებ დაიგრუხუნა და მთა ჩაიქცა. თან წყეული ქაჯიც ჩაიტანა. ტყუპებს და დედას იმ ციცინათელამ სახლისაკენ მიმავალი გზა უჩვენა, მერე გამოემშვიდობა და ტყისაკენ გაფრინდა. აქ მთავრდება ჩვენი ზღაპარიც.

კერკეტა დიდი ხნის წინათ ერთ სოფელში ხნიერი, უშვილო ცოლ-ქმარი მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა. საღამო ხანს კი ეზოში კერკეტა კაკლის ქვეშ გამართულ მაგიდაზე სუფრას გაშლიდა და ვახშმობდა. ყოველ 30


ცისმარე დილით და ღამით ღმერთს შესთხოვდნენ, რომ შვილი ეჩუქებინა მათთვის. ერთხელაც ვახშმობდნენ და თან ტკბილად ბაასობდნენ. უცებ კაკალი ჩამოვარდა, მაგიდაზე დაეცა და გადასკდა. გადასკდა და... ჰოი, საოცრებავ... კაკლიდან ერთი ბეწვა ლამაზი ბიჭი გადმოხტა. ცოლ-ქმარი თვალებს არ უჯერებდა, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ ბავშვი სწორედ მათ უღიმოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, პატარა ხელებს მათკენ იშვერდა!.. ცოლქმრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ღმერთს მადლობა შესწირეს, ბავშვი ფრთხილად აიყვანეს და იშვილეს. მთელმა სოფელმა გაიხარა. ბავშვს სახელად კერკეტა შეარქვეს. 31


წლობით კი არა, დღეებით იზრდებოდა კერკეტა. ბიჭუნა მაღალი, ბრგე, ღონიერი ვაჟკაცი დადგა. მშობლები ხარობდნენ შვილით. ბოლო დროს სოფელს ავი სული შეეჩვია. არავინ იცოდა, რა იყო. ზოგი რას ამბობდა და ზოგი - რას. ავი სული კი ანადგურებდა სოფლის ნახირს. ვერავინ იგებდა მის გზა-კვალს. სინამდვილეში კი შუაღამით მოდიოდა ის უხსენებლი და მენახირეები, როგორც კი დაინახავდნენ შავ, გაბანჯგვლულ, უშველებელ, ბრიალათვალებიან მოჩვენებას, შიშით გულგახეთქილები იმალებოდნენ. სოფელი გაღარიბდა. კერკეტა უკვე მოწიფული ვაჟკაცი იყო. მთელ დუნიაზე მასავით გულადი 32


მეომარი არავინ იქნებოდა. მან მოუხმო თანასოფლელებს და ურჩია: - ხომ ხედავთ, ასე ცალ-ცალკე, ნელნელა როგორ გვანადგურებს ბოროტი სული, უმჯობესია, გავერთიანდეთ და ახალგაზრდებმა მორიგეობით ვუდარაჯოთ სოფელს. ასეც მოიქცნენ, მაგრამ უშედეგოდ. ჯერი კერკეტაზე მიდგა. კერკეტა მთელ დღეს ნახირს მდინარის ნაპირას აბიბინებულ მინდორზე აძოვებდა. დიდ ლოდზე იჯდა და სალამურს აკვნესებდა. უცებ მის წინ, მდინარის ქაფიდან წყლის ულამაზესი ფერია ამოვიდა. კერკეტა მოჯადოებულივით შეჰყურებდა. ფერიამ გაუღიმა და უთხრა: 33


- კერკეტავ, კარგი ვაჟკაციაო, გამიგია შენზე და ახლა შენი თვალები ალალი, გამჭრიახი და შეუპოვარია. ბოროტია ეგ ავსული. მხოლოდ ჩემთან შეხვედრას ერიდება. იცის, რომ სიკვდილი ელის. მე კი... მე შენ გელოდი. შენ ღირსი ხარ ამ საჩუქრისა. იგი გაგამარჯვებინებს მტერზე. ფერიამ ხელი აიქნია და მდინარიდან ფაფარაშლილი რაში ამოვიდა. ცხენი ხვიხვინით მიუახლოვდა კერკეტას და ხელი აულოკა. ფერიამ გაუღიმა ვაჟს და მდინარეს შეერია, გაუჩინარდა. კერკეტამ ცხენს ფაფარზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, მერე საომარი აღკაზმულობა მოირგო, ხმალიც 34


მოსინჯა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამასობაში დაღამდა. კერკეტა თვალმოუხუჭავად ყარაულობდა საქონელს. შუაღამე გადავიდა. ფერიას ნაჩუქარი ცხენი აფრუტუნდა. უცებ მოჩვენება გამოჩნდა. შორიდანვე ცეცხლივით ბრდღვიალებდა მისი თვალები. შეშინებული საქონელი ერთ ადგილზე გაქვავდა. საშინელმა არსებამ ორი ძროხა იღლიაში ამოიჩარა, გატრიალდა და წავიდა. კერკეტა გონს მოეგო, ცხენს შეაფრინდა და გამოედევნა. ცხენი ქარივით მიფრინავდა. მიაღწია მიტოვებულ ჭას და ავი სული გაუჩინარდა. ცხენი მხედრიანად ჭაში ჩაეშვა. 35


ირგვლივ საშინელი სიბნელე სუფევდა. ცხენმა ძლიერად დაჰკრა ქვას ფეხი. კერკეტა გონს მოეგო, გაახსენდა სალამური და ნაპერწკალს მიუშვირა. სალამურს ცეცხლი მოეკიდა. შუქმა გაანათა იქაურობა. უცებ მის წინ ხარხარით აღიმართა ბანჯგვლიანი ავსული. კერკეტა არ შეშინდა, ხმლით შეუტია ავსულს. ჭაბუკი გრძნობს, რომ ღონე თანდათან ეცლება. ის-ის არის უნდა აჯობოს მისუსტებულ ავსულს, რომ იგი უცებ დააკვესებს თვალებს და კვლავ ახალი ძალით ივსება. მიხვდა კერკეტა საიდუმლოს და ცეცხლმოდებული სალამურით ამოუშანთა თვალები. მოკვდა, ჩაიფერფლა ავსული.

36


გაიხარა ხალხმა, ძველი ჭა ამოქოლა კერკეტამ. მისმა ცხენმა დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლა და ემსახურა სოფელს.

გონჯა იყო და არა იყო რა. მდინარე ლიახვი იმ დროსაც ერთვოდა მტკვარს. შესართავთან არსებობდა ქალაქი და ამ ქალაქში ერთ მშვენიერ დღეს დაიბადნენ ბიჭები. ერთს ბექა დაარქვეს, მეორეს - ბაქარი. გადიოდა დრო. იზრდებოდნენ ბიჭები. ბექა და ბაქარი განუყრელი მეგობრები იყვნენ. სადაც ბაქარი გამოჩნდებოდა, 37


ყველამ იცოდა, რომ იქვე ბექაც იქნებოდა. ძმებიც არ იყვნენ ისეთი ერთგულნი და მოყვარულნი, როგორც ეს ორი მეგობარი. ერთხელ პატარები მდინარის ნაპირზე ისხდნენ, ოცნებობდნენ. უცებ, სად იყო და სად არა, ფეხის ხმა შემოესმათ. მიიხედეს და დაინახეს მათკენ მიმავალი მოხუცი ქალი. ტანთ შავი, ძველი კაბა ემოსა, თავზე შავი თავშალი ეხვია, შუბლზე ჩამოწეული, საფეთქლებთან შეკეცილი, ერთმანეთში გადასული თავშლის ბოლოები ლოყებთან ჰქონდა ჩაკეცილი. მოხუცს მხოლოდ ცხვირი მოუჩანდა, ფეხზე ეცვა (მოდით და ნუ გაგიკვირდებათ!) ბუმბულის ფეხსაცმელი! დიახ, ბუმბულის ფეხსაცმელი და, ჰოი, 38


საოცრებავ, ფეხის გადადგმისას გეგონებოდათ, ეს ფეხსაცმელი კიდევ მტაცებელი ფრინველის ფეხებზე იდგა. ის ბრჭყვიალებიანი ფეხები მხოლოდ ბექამ შენიშნა. უცნობი კვნესა-კვნესით ჩამოჯდა იქვე დაგდებულ პატარა ლოდზე. - მოვხუცდი, დავჩაჩნაკდი, რაღა დროს ჩემი მოგზაურობაა, მაგრამ დედაშვილობას რა ვუთხრა. ჩემი შვილი ორი სოფლის იქით ცხოვრობს და მასთან მივდივარ. საგზალი კი წამოვიღე, მაგრამ ძაღლები ამეკიდნენ და იმათ გადავუყარე. დავიღალე, ძნელი ყოფილა სიბერე... მერე ბავშვებს გამოჰკითხა ვინაობა.

39


მდინარის ახლოს ბაღებში ხალხი შრომობდა, იქვე პაპა გიგოს ბაღი იყო. დედაბერმა იქით გაიხედა, მერე ბიჭებს შეხედა და საბრალო ხმით სთხოვა. - დედაშვილობას, იმ ბაღიდან ცოტა ხილი მომიტანეთ, შიმშილით კუჭი მიხმება. ბაქარს შეეცოდა მოხუცი, წამოხტა და გაიქცა. ბექა ადგილიდან არ დაიძრა და წარბშეკრული მიშტერებოდა მოხუცს. მალე აწითლებულმა ბაქარმაც მოირბინა, ჯიბეები ხილით დაეტენა. მან ლოყაწითელი ვაშლები დედაბერს გაუწოდა. მოხუცმა ხილს დახედა, მერე ბაქარს მიაპყრო მზერა, გადაიხარხარა და გაუჩინარდა. გაოგნებული ბავშვები

40


კარგა ხანს უხმოდ შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ნადირობიდან დაბრუნებულმა მამამ ბაქარს მგლის პატარა ლეკვი დაახვედრა. ბექას და ბაქარის სიხარული რამ გაყო, ჰოდა, ბავშვებს გადაავიწყდათ ის წყეული დედაბერი. მგლის ლეკვი უსუსური იყო, ამიტომ პატარებმა მას გონჯა შეარქვეს. თავს ევლებოდნენ ბიჭები ლეკვს. ჭკვიანი, გაბედული და ერთგული გამოდგა გონჯა. ერთ საღამოს წივილ-კივილის ხმამ შეძრა მიდამო. თავზარი დასცა ბექას გაგონილმა. ლეკვის დასაპურებლად გასული ბაქარი უგზო-უკვლოდ 41


დაკარგულიყო. ყველა დაეძებდა ბავშვს. გონჯა საბრალო წკმუტუნით დასდევდა ბექას, შარვლის ტოტზე ეწეოდა და ფეხებში ებლანდებოდა. ბიჭმა ვერ მოითმინა და დაუყვირა. ლეკვი სახლში წალასლასდა. მეორე დღეც ბაქარის ძებნაში გაატარა დიდ-პატარამ, მაგრამ ამაოდ. დაღამდა. ბექას გონჯას საბრალო წკმუტუნი შემოესმა. შეეცოდა ლეკვი, სწრაფად გადაიცვა და ფრთხილად გავიდა სახლიდან. გონჯა მივარდა, შარვლის ტოტზე ჩაავლო კბილები და გაიწია. მერე გაიქცა და უკან მოხედა ბიჭს. უყურებდა და წკმუტუნებდა. ბექა უკან მიჰყვა.

42


ქალაქიდან მოშორებით ერთი განმარტოებული, მიტოვებული სახლი იდგა. ირგვლივ ყველაფერი გაპარტახებული იყო. ეზოს ამშვენებდა მხოლოდ ერთი დაფუტუროებული კაკლის ხე და დამშრალი, ჭოჭონაქიანი ჭა. ამ ადგილს დაწყევლილს ეძახდნენ. გონჯას სწორედ ამ სახლისაკენ მიჰყავდა ბექა. ყმაწვილს შიში არც უგრძვნია. ბექა თვალებს არ უჯერებდა - სახლიდან შუქი გამოდიოდა. ფრთხილად მიუახლოვდნენ და კარიდან ფრთხილად შეიხედეს. ოთახის შუაგულში მაგიდაზე იდო ადამიანის თავის ქალა, რომლის ფოსოებიდანაც სინათლე იღვრებოდა. მაგიდასთან იჯდა ის... დედაბერი! თუმცა ახლა თავშალი აღარ ეხვია და 43


კარგად მოუჩანდა წვეტიანი წყვილი ეშვი, აწეწილი თმებიდან პატარა რქები ამოზრდილიყო. ამასობაში ინათა. ბექამ და გონჯამ უკანმოუხედავად მოუსვეს შინისაკენ. მეორე საღამოსაც სახლიდან ყურისწამღები წივილი ისმოდა. ბექამ ფრთხილად შეიხედა და თვალებს არ დაუჯერა. ორი დედაბერი ერთმანეთს ჩაფრენოდა თმებში და წივილკივილით იკლებდა იქაურობას. ბრჭყალებიანი ფეხსაცმელები ოთახის კუთხეში ეყარა. ბექამ იდროვა და ფეხსაცმელები მოიპარა. ჩხუბში გართულებმა ვერაფერი გაიგეს, ბექა და გონჯა ჭაში კასრით ჩაეშვნენ.

44


კარგა ხანს სიბნელეში მიჰქროდნენ. უცებ შუქს მოჰკრეს თვალი. ცოტაც და... ისეთივე თავის ქალებით განათებულ გამოქვაბულში აღმოჩნდნენ. ჯურღმულში ჰყვაოდა ყვავილის მსგავსი მცენარე, რომლებსაც ფოთლების მაგივრად ეკლები ამოსვლოდა, ყვავილის გვირგვინის ადგილზე, ყვავილის ფურცლების მსგავსად, ეშმაკის ყურები შემოსწყობოდა. შუაგულში ბოროტი თვალი ხან ცეცხლივით დააკვესებდა, ხან ქრებოდა. ბოროტების ყვავილია, - ჩაიჩურჩულა ბექამ. მერე ჩუმად მოწყვიტა და ჯიბეში დამალა. შეშინებული გონჯა გაიქცა. ბიჭი უკან მიჰყვა. კვნესის ხმა შემოესმათ და ამ დროს დაინახეს ჭერში 45


ხელებით დაკიდებული ბაქარი. გონჯამ შეჰყეფა. უცებ რაღაცამ დაიწივლა. ვიდრე ბექა გამოერკვეოდა და შავი ფრინველის დასახვედრად გაემზადებოდა, გონჯამ ნახტომი გააკეთა, წინ აეფარა ბექას და შეება საშინელ ფრინველს, რომელმაც მოასწრო ნისკარტის ცალ თვალში ჩარტყმა. გამწარებულმა გონჯამ კისერი გადაუღრღნა ფრინველს. ბექამ სწრაფად ჩამოხსნა ჭერიდან ძმობილი, ჩაიცვა ჯადოქრის ფეხსაცმელები, მაგრამ... როგორ მოიხმაროს, როგორ აფრინდეს?! უცებ გაახსენდა მდინარის პირას მოხითხითე დედაბერი, ადგილზე რომ შეტრიალდა და გაუჩინარდა. ბექა სასწრაფოდ შემოტრიალდა მარჯვნივ, - არაფერი 46


გამოვიდა. მერე მარცხნივ დაბზრიალდა, სწრაფად აიჭრა ჰაერში და მეგობართან ერთად მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა. ხმაურზე არაწმინდა დედაბერი გამოჩნდა და ბექასკენ გაექანა ჭყივილით, ბექამ ჯოჯოხეთის ყვავილი ატაკა თვალებში, უცებ უწმინდური დაიკრუნჩხა, თანდათან დაპატარავდა, დაილია და გაქრა. უკვე თენდებოდა. ბექა მეგობარს შეუდგა მხარში და ორი მდინარის შესაყარისაკენ დაიძრა. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. თან წაიღო ყველა ჭირი და სატკივარი.

47


ბეშქენი იყო და არა იყო რა... იყო ერთი მთის სოფელი, სადაც ნამდვილად ცხოვრობდა ახოვანი, ულამაზესი და უძლიერესი, ვჟკაცობითა და მამაცობით განთქმული მოხევე. ლამაზი და ოჯახის მოსიყვარულე ცოლი ჰყავდა. სიამტკბილობით ცხოვრობდა ცოლქმარი, მოუთმენლად ელოდა შვილს, რომელიც დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო. ერთხელ კაცი თავის ერთგულ ძაღლთნ, ლომასთან, ერთად წავიდა სანადიროდ და უკან აღარ დაბრუნებულა. მათი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. ამ დღეებში ქალს ვაჟიშვილი შეეძინა და მას მამის სახელი - ბეშქენი - დაარქვეს. 48


ერთ საღამოს დედა წყლის მოსატანად წავიდა. ბავშვს გაეღვიძა. აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. დედა ვერ დაინახა. ერთხანს ფანჯრისკენ იყურებოდა თვალგაშტერებით, მერე გაეღიმა და მხიარულ ჭყიპინს მოჰყვა. უცებ დაინახა რაღაც უცნაური, ჭრელი თოკივით მოძრავი, სისინა არსება. პაწაწინა, ბოროტი თვალები არ მოეწონა ბავშვს. ბეშქენი დაიძაბა, გააღიზიანა ამ თვალებმა და წაეტანა სწორედ იმ დროს, როდესაც გველი საკბენად უნდა სცემოდა. ბავშვმა მოასწრო და თავს ქვემოთ მოუჭირა ხელი. გველი ამოძრავდა, ძლიერად იქნევდა ტანს, გასხლტომას ლამობდა, მაგრამ თავი ვერ დააღწია. 49


წყაროდან დაბრუნებულ დედას ძაღლის ყეფა შემოესმა. ლომა დაბრუნებულიყო შინ. გაიხარა, ქმრის დაბრუნების იმედიც გაუჩნდა. ძაღლი ბიჭუნას ლოკავდა და ეფერებოდა. ისიც მხიარული ჭუკჭუკით ეთამაშებოდა. ბავშვის საწოლთან მკვდარი გველი დაინახა. ქალმა დაიწივლა და გული შეუღონდა. ამაოდ ელოდა იმედდაბრუნებული ქალი ქმარს. ძაღლი კი ერთგულად დარაჯობდა სახლს. ამასობაში გაიზარდა ჩვენი ბეშქენიც. მნახველნი ამბობდნენ, მამაზე ლამაზი და ძლიერიაო. დავაჟკაცდა. დედის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დადიოდა სანადიროდ. უკვირდა 50


ბეშქენს ძაღლის საქციელი. ლომა ერთ ნაბიჯზე არ შორდებოდა პატრონს. ნადირობდნენ ყველგან, მაგრამ ყუროს კლდისაკენ არასოდეს მიჰყვებოდა ბეშქენს. იმ კლდისაკენ წასვლა ოცნებად ექცა. ერთხელ გადაწყვიტა და... ძაღლი დააბა, აისხა მამისეული იარაღი, გუდა მოიგდო და სანადიროდ ყუროს კლდისაკენ წავიდა. დიდხანს ესმოდა ლომას გამწარებული ყეფა.

ბეშქენს გზად ტყეში უნდა გაევლო. შუაგულ ტყეში, მოსწორებულ ადგილზე პატარა ტბა იხილა. უცებ გაქვავდა - ტბასთან ულამაზესი ასული დაინახა. იგი გვირგვინს წნავდა. 51


გაოგნებული იდგა ბეშქენი ლამაზი ასულის წინ. ქალმა გაუღიმა და ხელით ანიშნა, მომიახლოვდიო. - საით გაგიწევია? - შეეკითხა ასული. - ყუროს კლდისაკენ, თვალმოუშორებლად უპასუხა ბიჭმა. - ო, გატყობ, შენც ჩემსავით გიზიდავს ის კლდე. ძალიან მიყვარს მის კალთებზე ხეტიალი. გინდა, ერთად წავიდეთ? ბეშქენმა თავი დაუქნია. ქალი წინ მიდიოდა და ყვავილებს კრეფდა. 52


გამოჩნდა ყუროს კლდეც. ქალმა ნაბიჯს აუჩქარა. მიუახლოვდნენ მთის კალთას. ცოტაც და... ქალი შეჩერდა, ბეშქენისაკენ მიტრიალდა და ხელი გაუწოდა. უცებ ძაღლის ყეფა გაისმა. კლდემ ბანი მისცა. ჭაბუკი გამოერკვა. ქალი კი შეკრთა, შიშმა იელვა მის თვალებში. ხელი კვლავ ვაჟისაკენ გაიწოდა. ქალმა ახლა დაინახა ძაღლი, თვალები ბოროტად აუელვარდა და უცებ კუზიან დედაბრად იქცა. მოხუცი კლდისაკენ შეტრიალდა და გაუგებარი სიტყვები ჩაიბურტყუნა. ამ დროს კლდე გაიხსნა. დედაბერი შიგ შეძვრა და კლდეც დაიკეტა.

53


ძაღლი გაავებული უყეფდა კლდეს. ლომა და ბეშქენი იმ ღამეს იქ დარჩნენ. ლოდის უკან დაიმალნენ. ბეშქენი ფიქრებმა წაიღო: გაახსენდა სოფლის უხუცესისაგან გაგონილი, რომ იმ არემარეში ოდესღაც ცხოვრობდა „ბუქალბუ“. ბეშქენმა ჩურჩულით წარმოთქვა ჯადოქრის სახელი და ფიქრებში წასულს ჩაეძინა. მზის პირველ სხივთნ ერთად გაეღვიძა ჭაბუკს. უცებ კლდე გაიღო. გაისუსნენ. კლდიდან ჯადოქარი გამოვიდა. - ბელზე-ხრამზე, ჩაირაზე! - ბრძანა და კარი ჩაიკეტა.

54


ჯადოქარი კატად გადაიქცა და გაუჩინარდა. ბიჭი გაოცებული იყურებოდა, ძაღლი კი მიწას ფხოჭნიდა და წკმუტუნებდა. მაშ, ასე, ბეშქენმა ჯადოსნური სიტყვები გაიგო. ახლა დაელოდება და გაიგებს, როგორ იხსნება კარი. მოსაღამოვდა. ძაღლმა პირველმა დაინახა კატა. მიიმალნენ. კატა ჯადოქრად იქცა. - ჰმ, - ჩაილაპარაკა მან, - მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, ვერ გამიგია, თუმცა სად წავლენ, მივაგნებ და მერე მე ვიცი! - თქვა და კარს უბრძანა: - გრუპე-გრაპე, გაიღე! კარი გაიღო და ჯადოქარი შიგ შევიდა. 55


მეორე დილით, როგორც კი ჯადოქარი წავიდა, ბეშქენმა წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები: - გრუპე-გრაპე, გაიღე! - და კარიც გაიღო. ძაღლი და ჭაბუკი გამოქვაბულში შევიდნენ. სიღრმეში მიწიდან საშინელი ცეცხლი ამოდიოდა და მიდამოს ანაღებდა. ირგვლივ უამრავი ჩონჩხი ეყარა. უცებ მისუსტებული კვნესა შემოესმათ და იქით წავიდნენ. ძაღლი ადგილიდან მოწყდა, გაიქცა და ჭაბუკიც მიჰყვა. მალე დაინახა, რომ ძაღლი მიჯაჭვულ თეთრწვერიან მოხუცს წკმუტუნით ლოკავდა. - ვინ ხარ, ჭაბუკო? ამ ძაღლს შენთან 56


რა უნდა? - შეეკითხა მიჯაჭვული. - მე ბეშქენი ვარ, ეს ძაღლი მამაჩემისაა. - შვილო! - აღმოხდა მოხუცს, - ჩემი შვილი!.. მადლობა ღმერთს, შენს უნახავად რომ არ მომკლა ღმერთმა, მოხუცს თვალებიდან ცრემლი სცვიოდა. ბეშქენმა ჯაჭვი დაწყვიტა და გაათავისუფლა მოხუცი. გული იჯერა მამამ შვილის ალერსით. - სწრაფად გავეცალოთ აქაურობას, აჩქარდა მოხუცი. - არა, მამა, ბუქალბუს ცოცხალს ვერ 57


დავტოვებ. მოხუცმა ამაყად შეხედა შვილს. - გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, თქვა მოხუცმა, - ერთი მეტად უცნაური ფრინველი ჰყავს - შავია, გრძელი ბრჭყალებითა და ნისკარტით. დიდი, ცეცხლივით ბრდღვიალა თვალები აქვს და ადამიანივით ლაპარაკობს. თუ ეცოდინება, მარტო მას ეცოდინება ჯადოქრის სულის ამბავი. გამოქვაბულში სამივენი შევიდნენ. უცხო ფრინველმა წივილი მორთო. ჭაბუკმა ფეხებით დაიჭირა და ამ დროს ბუქალბუც წივილ-კივილით შემოიჭრა ოთახში: 58


- ხელი არ ახლოთ, ოღონდ ეგ გაუშვით და სიმდიდრის პატრონს გაგხდით! - ეშმაკის მოციქულისაგან ნაბოძები არც სიმდიდრე მინდა, არც კეთილდღეობა, - უპასუხა ჭაბუკმა.

უცებ ჯადოქარმა კედლის სიგრძეზე დაშვებული აბლაბუდა შემოახვია მოხუცს და ძაღლს. ბევრს ეცადნენ ქსელში გახვეულები და ვერ მოიცილეს აბლაბუდა. ბეშქენი ხელიდან არ უშვებდა ფრინველს. ჯადოქარი ეცა, მაგრამ ბეშქენმა იმარჯვა და ფრინველი არ დაანება. - ოღონდ ეგ გაუშვი და რაც გინდა, 59


მთხოვე. ისიც იკმარე, ჩემი საყვარელი გველი რომ მოკალი. რა ხელს მოგცემს უმწეო ფრინველის სიკვდილი? დაითფლა ბუქალბუ. ბეშქენი დაფიქრდა. - ბოროტი კუდიანი საკუთრ სიცოცხლეს არ მთხოვს, თავზე არ ზრუნავს ისე, როგორც ამ ფრინველზე. აქ რაღაცაშია საქმე. იქნებ...“ - ბუქალბუ, - შესძახა მან, - აბა, კარგად უყურე ამ ფრინველს! - და წამიერად წააცალა თავი. მომაკვდავი ფრინველი აფართხალდა. ჯადოქარმა დაიწივლა და მკვდარი დაეცა ძირს. ბეშქენმა გაგლიჯა აბლაბუდა, გათავისუფლა მოხუცი და 60


ძაღლი. კლდეს მიუახლოვდნენ. ბეშქენი უკან მიბრუნდა და წარმოთქვა: - ბელზე-ხრამზე, ჩაირაზე! - და კლდეც სამუდამოდ ჩაიკეტა. გზას გაუყვნენ. ლომა მხიარული ყეფით წინ მირბოდა. თქვენი ჭირი ვეება ყუროს კლდეში დარჩა. გამრავლებას და გახარებას გისურვებთ, ჩემო კარგებო!

მზეჭაბუკა I ძველად, სულ უხსოვარ დროში, ანდების მიუვალი მთის სოფელში 61


ცხოვრობდნენ თეთრი ინდიელები. დიახ, დიახ, სამხრეთ ამერიკის მიუვალ ადგილებში, სადაც დღესაც სახლობენ ინდიელები, ოღონდ მათ მაშინ შავ ინდიელებს უწოდებდნენ. ჰოდა, იმას ვამბობდი, ამ ინდიელთა მამაც ბელადსა და მის მეუღლეს, უკვე ხანში ფეხშედგმულებს, შეეძინათ ვაჟიშვილი. ბავშვი მზის ამოსვლის წინ დაიბადა და უწოდეს მზეჭაბუკა. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ზეიმობდა ყველა. სოფელმა გადაწყვიტა, მზეჭაბუკას შობა საიდუმლოდ შეენახა, რათა არ შეეტყოთ შავ ინდიელებს და არ მოეტაცათ. დამავიწყდა მეთქვა, რომ შავ და თეთრ ინდიელებს დიდი ხნის მტრობა 62


ჰქონდათ ერთმანეთში. შავებს მეტად ბოროტი ბელადი ჰყავდათ. იმ ბოროტმა გადაწყვიტა, რომ თეთრ ინდიელთა უძველესი შტო ამოეწყვიტა. მან სამივე ვაჟიშვილი მოსტაცა თეთრებს და მსხვერპლად შესწირა მფარველ ღმერთს, ბოროტსა და საშინელ ჩაგუდას. მამამ ახალშობილს ყელზე ჩამოჰკიდა ძველისძველი, ძვირფასი ტოპაზის ქვისგან ნაკეთი საგვარეულო ღრიანკალი. ეს გახლდათ ამ ტომის ბელადთა ნიშანი. II დედა ყოველ ცისმარე დღეს მზეჭაბუკას მდინარეში აბანავებდა. და, აი, ერთხელ, როდესაც ჩვეულებისამებრ მიიყვანა მდინარესთან, ტალღამ 63


მოულოდნელად ხელიდან გამოაცალა შვილი. საბრალო ქალმა ერთი შეჰკივლა და გულწასული დაეცა. მამამ შეამჩნია ეს უბედურება, სწრაფად გადაეშვა მდინარეში შვილის დასახსნელად, მაგრამ წყლიდან ამოსული აღარავის უნახავს. ნამდვილად კი, აი, რა მოხდა: იმ მდინარეში ხშირად სეირნობდნენ წყალთა მეუფე და მისი მეუღლე. მათ შვილი არ ჰყავდათ. ერთხელ შეამჩნიეს წყლის ტალღებში მოლივლივე ლამაზი ბიჭუნა და გადაწყვიტეს... ეშვილათ იგი. მათი ბრძანებით გამოსტაცეს ტალღებმა დედას ხელიდან შვილი, შვილის საშველად წყალში გადამხტარი მამა მეფე-დედოფალის მცველმა გველთევზამ კუდის ერთი დარტყმით დაადამბლავა, ხოლო ხორციჭმია

64


პირანიებმა თვალის დახამხამებაში გადასანსლეს. იმ დღიდან წყალთა მეუფემ აკრძალა ხმელეთისაკენ მიმავალ გზაზე სიარული. იმ დღიდან წყლის არცერთი სულდგმული არ გაჰკარებია ხმელეთის გზას. III იზრდებოდა მზეჭაბუკა წყალთა მეუფის ბრწყინვალე სასახლეში. პატარაობიდანვე წვრთნიდნენ ტახტის მომავალ მემკვიდრეს. ულამაზესი ჭაბუკი ფიზიკურადაც უძლიერესი, მამაცი, გამჭრიახი და დინჯი ვაჟკაცი დადგა. კეთილშობილი გვარის მრავალი ქალთევზა შეტრფოდა მზეჭაბუკას. განსაკუთრებით ესიყვარულებოდა 65


მეფის პირველი ვეზირის ულამაზესი ცისფერთვალა ასული, გრძნეული ამფია. დედოფლობაზე მეოცნებე ამფია ყოველ ღონეს ხმარობდა ვაჟკაცის გულისა და გონების დასაპყრობად. როგორც მოგახსენეთ, ამფია გრძნეული იყო. მან მზეჭაბუკას შეასწავლა ჯადოსნობის მრავალი საიდუმლო. მზეჭაბუკას უკვე შეეძლო, გაეგო ყველა საიდუმლო საუბარი. თუმცა ადამიანის ენა არ ასწავლა, წინდახედული იყო გრძნეული ამფია. ერთხელ მზეჭაბუკასთან მივიდა მეფის პირადი მრჩევლის სათნო, კეთილი ასული, ქამეა, რომელიც გრძნობდა ამფიას ვერაგულ ზრახვას. ისაუბრეს. წასვლისას სტუმარმა საუბარში შეაპარა, რომ მათს სამფლობელოში მხოლოდ 66


ამფიამ იცოდა ყველაზე საინტერესო ენა ენათა შორის - ადამიანთა ენა. მზეჭაბუკამ ამფიას უსაყვედურა: - რატომ არ მასწავლე ადამიანთა ენა? - არ გამხსენებია. მითხარი, ვინ გითხრა, რომ ადამიანთა ენა ვიცი? ჩემზე გონიერი ვინ არის წყალთა სამეფოში? - შეეკითხა ამფია. მზეჭაბუკამ არ გასცა ქამეა. ამფია დათანხმდა, შეგასწავლიო ადამიანთა ენას. მეორე დღეს, შუადღისპირზე, გრძნეული ასული ეწვია მზეჭაბუკას და 67


მუჭით მოტანილი ფხვიერი მტვერი თავზე დააყარა: - ანი, ბანი, ჰაე, - ჩაიბურტყუნა ამფიამ, - ახლა შენ უკვე იცი ადამიანთა ენაც. გამეცი პასუხი, გესმის ჩემი? - მესმის, - პასუხი გასცა უცნაურად გულაძგერებულმა ჭაბუკმა. ქამეა ფრთხილობდა, ერიდებოდა, არ შეემჩნია ამფიას მზეჭაბუკასთან დაახლოება. თუმცა შემთხვევას ელოდებოდა და, აი, ერთხელ მზეჭაბუკას უთხრა: - ერთსაც გეტყვი, სთხოვე ამფიას, გაუქმებული გზით წაგიყვანოს ხმელეთისაკენ. აუწერელ სილამაზეს იხილავ იქ! შენნაირი ორფეხა, უფარფლებო ადამიანები ცხოვრობენ. აიძულე ამფია, წაგიყვანოს, ოღონდ 68


ფრთხილად, შეიძლება ამფიამ ეგ ტოპაზის ღრიანკალი მოგთხოვოს. არამც და არამც არ დაუთმო, თითიც არ მიაკარებინო. ამფია არ დაგითმობს, შეგებმება. როგორც დაატყობ, რომ გიჭირს მასთან გამკლავება, მაშინვე ხმელეთზე დადგი ფეხი. იქ იგი ვერ მოგწვდება... გრძნეულ ამფიას გული ცუდს უგრძნობდა. ვეღარ მოითმინა და მზეჭაბუკასთან მივიდა. - წამიყვანე ხმელეთისაკენ მიმავალი გზით, ხმელეთზე წამიყვანე! პირდაპირ მოუჭრა მზეჭაბუკამ. - ხმელეთი! - შეჰყვირა ამფიამ, - ო,

69


ვინ, ვინ ჩაგაწვეთა, საკუთარ სულსაც არ დავიშურებდი საიდუმლოს ამოსაცნობად! - არ გსურს ჩემი ბედნიერება, უშენოდ გავიკვლევ გზას! - კარგი, წაგიყვან, ამაღამ წავიდეთ, დათანხმდა ამფია.

IV მზეჭაბუკა და ამფია ხმელეთისაკენ მიმავალ გზას დაადგნენ. შუაღამე გადასული იყო, ხმელეთს რომ მიუახლოვდნენ. ცოტაც და... წყლიდან ამოყვეს თავი. მზეჭაბუკას თვალწინ საოცარი სამყარო გადაიშალა. თავი ზღაპრულ ქვეყანაში ეგონა. 70


გაოგნებული უყურებდას მოშრიალე ხეებსა და ზვიად მთებს, რომელთაც მთვარის შუქი ანათებდა. ისმოდა ღამეული, იდუმალი ხმები. ხმელეთის მაცოცხლებელი ჰაერი ძლიერ ტალღებად დაეჯახა. საოცარი ძალის მოზღვავება იგრძნო. - აი, ეს არის ხმელეთი, ხომ გაჩვენე. ახლა კი დროა, უკან დავბრუნდეთ, თავი შეახსენა ამფიამ. - არა, - გაჯიქდა ჭაბუკი, - ჯერ არა, ხმელეთზე მინდა დავდგა ფეხი. - ინანებ! - შეჰყვირა ქალმა. ჭაბუკი ხმელეთისკენ დაიძრა. - წადი, მე ვერ გამოგყვები, მე ხომ 71


შენნაირი ფეხები არა მაქვს, სანამ ხმელეთიდან დაბრუნდები, ეგ შენი ტოპაზის ყელსაკიდი მათხოვე, დათანხმდა გრძნეული. მზეჭაბუკამ ხელი წაიღო ყელსაკიდისაკენ, მაგრამ მაშინვე გაახსენდა ქამეას გაფრთხილება. ამფიამ წართმევა მოინდომა და ეძგერა ჭაბუკს. ბიჭმა შორს მოისროლა გრძნეული. გამწარებულმა ამფიამ სასიკვდილოდ გაიმეტა ჭაბუკი და ცეცხლოვანი ისარი სტყორცნა. ტოპაზის ღრიანკალმა იხსნა სიკვდილისაგან, აისხლიტა ისარი. ქალი აზვირთებულ, ბოროტ ტალღად გადაიქცა და ბიჭს დაეძგერა, ჭაბუკი თევზად იქცა და გასრიალდა. ქალი ვეშაპს დაემგვანა და დაედევნა. თევზი მოულოდნელად ქარბორბალად 72


გადაიქცა, თვალის დახამხამებაში ტალღებიდან აიტაცა ვეშაპი, მოგუდა და წყალში ჩაუძახა. ბიჭი ნაპირზე გავიდა. V ამასობაში ღამის ბინდიც გაქრა. ნაპირზე გასულმა ჭაბუკმა ფეხის ხმა გაიგონა. დააკვირდა. ვიღაცა მდინარესთან მიფარფატდა, ნაპირზე ჩამოჯდა და აქვითინდა. ბიჭმა დაინახა, რომ ეს ვიღაცა მოხუცებული, თეთრთმიანი ქალი იყო. - ეჰ, საცოდავი, - გაიგონა ჭაბუკმა ხის ფუღუროდან ციყვის ხმა, - ყოველ ცისმარე დღეს ეგრე დასტირის დაკარგულ ქმარ-შვილს.

73


- რატომ ვერ გაიგო, რომ ისინი ვეღარ დაბრუნდებიან?! - გამოეპასუხა მეორე ციყვი, - რაღა აზრი აქვს მათს დაბრუნებას, ის თეთრი ინდიელები აქ აღარ ცხოვრობენ. შავმა ინდიელებმა ვერაგულად ამოხოცეს, თუმცა იქნებ რამდენიმე გადარჩა? - რა ვიცი, - უპასუხა ციყვმა, - ეს მოხუცი იმ ბელადის ცოლი და იმ დაკარგული შვილის დედაა, არ გაჰყოლია თავისიანებს, აქ დარჩა, მოსამსახურედ დაუდგა შავ ბელადს და მუდამდღე დასტირის დაკარგულებს. - ჩუმად, ენაჭარტალებო, დაუცაცხანა ბებერმა ხემ, - გარეთ გამოდით და თეთრ ადამიანს შეხედეთ.

74


მგონი, გულზე რაღაც ჰკიდია. რა არის მასზე გამოსახული? ციყვები სასწრაფოდ გადმოხტნენ ფუღუროდან და ჭაბუკის ცხვირწინ ტოტზე ჩამოსკუპდნენ. ბიჭმა ახლოს მიუტანა ტოპაზის ქვა. ციყვებმა ერთი კი შეხედეს ქვას და გულგახეთქილები ისევ ფუღუროში შეძვრნენ. - რა უცნაურია ეს ჭაბუკი, დაიწრიპინა ციყვმა. - გეგონება, ჩვენი ესმისო, გამოეპასუხა მეორე. - ჩუმად, ჭორიკანებო, - დაუტატანა კვლავ ბებერმა ხემ, - დაინახეთ ჭაბუკი?

75


- დავინახეთ! - უპასუხა გაჯავრებით ციყვმა, - ტოპაზის ქვაზე ნაკვეთი ღრიანკალი ჰკიდია! - ო, ღმერთო, დიდება შენდა! ის არის, ის! - ბზარშეპარული ხმით ჩაიჩურჩულა ხემ. - ვინ ის? გვითხარი! - აყვირდა ციყვი. - თეთრი ინდიელთა ბელადი, დაკარგული ბავშვი გამოჩნდა. მტირალი დედაბრის შვილია. გაოგნებული მზეჭაბუკა ყურებს არ უჯერებდა. მოხუცისაკენ გაეშურა. დანაღვლიანებულმა ქალმა ვერც კი გაიგონა მისი მოახლოება. ბიჭი ხელით 76


შეეხო. ქალი შეკრთა, ამოხედა. თეთრკანიანს რომ მოჰკრა თვალი, წამოდგა. ბიჭმა ტოპაზის ქვა მიუტანა თვალებთან. მოხუცმა გარკვევით დაინახა ქვაზე ნაკვეთი ღრიანკალი. გაბეცებული დაჰყურებდა ხან ქვას, ხან ბიჭს. მიხვდა, ვინც იდგა მის წინ და გახარებული მოეხვია. დედა-შვილმა ერთმანეთის ალერსით გული იჯერეს. დედა მოკლედ მოუყვა ყველაფერს. მან ისიც უთხრა, რომ თეთრკანიანი ინდიელების გადარჩენილი პატარა, მცირე ტომი, რომელიც გადახვეწილიყო ანდების მიუვალ, შორეულ მთებში, კიდევ არსებობდა და ურჩია, იქ წასულიყვნენ.

77


შვილმა სინანულით შეხედა წყალს. არ ეთმობოდა ნაცნობი გარემო, მაგრამ დედას ხომ არ უღალატებდა. ბევრი აღარ უფიქრია. ხელი ჩაჰკიდა მოხუც დედას და გაუდგნენ გრძელ და უსასრულო გზას. VI შავკანიანმა ინდიელებმა გვიან შეამჩნიეს დედაბრის გაუჩინარება. მათმა ბელადმა ჯოჯოხეთიდან საჩუქრად გამოგზავნილ ჯადოსნურ თასში ჩაიხედა, დაინახა მთას იქით სწრაფად მიმავალი დედა-შვილი. იგი მიხვდა, რომ მდევრები ვეღარ დაეწეოდნენ და თვითონ გამოუდგა გაქცეულებს.

78


შავ ბელადს ბოროტმა ჩაგუდამ მისცა ჯადოსნობის ძალა. იგი ქარად გადაიქცა. ბიჭმა შეამჩნია ბოროტის მოახლოება და დედა გორაკად გადააქცია, თვითონ კი მწვერვალად იქცა და დედას გადაეფარა. აქეთ დაეძგერა ბოროტი ქარი, იქით დაეძგერა, მაგრამ ძვრა ვერ უყო ვერც ერთს და ვერც მეორეს. მერე თხუნელად გადაიქცა შავი ბელადი და პირდაპირ გორაკის გულის გამოთხრა დაიწყო. დედა-შვილი კურდღლებად გადაიქცნენ. თხუნელა მელად გადაიქცა. დედა ხაფანგად აქცია ბიჭმა, თავად კი ძაღლად აყეფდა. გაება ხაფანგში მელა. ძაღლი ეცა და დაფლითა.

79


დედა-შვილმა თეთრკანიან ინდიელთა ტომისაკენ გასწიეს. აქ მთავრდება ჩვენი ზღაპარიც.

80


სარჩევი

იმედა ---------------------------------------- 5 ცისფერი ქვა -------------------------------- 11 და-ძმა --------------------------------------- 18 კერკეტა-------------------------------------- 32 გონჯა ---------------------------------------- 39 ბეშქენი -------------------------------------- 50 მზეჭაბუკა ----------------------------------- 63

გამომცემელი: გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ. 31 81


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Issuu converts static files into: digital portfolios, online yearbooks, online catalogs, digital photo albums and more. Sign up and create your flipbook.