1
2
გაქცევა
3
ირიჟრაჟებდა თუ არა, კაცი ნელ-ნელა დგებოდა ლოგინიდან, რომელსაც გაჩერების ადგილისა და ღამის მიხედვით იშლიდა ხოლმე, ქვეშაგებად ხან თივას იგებდა, ხან ჩალას, ხან არც ერთსა და არც მეორეს - მიწაზე თავის გაცვეთილ ნაბადს მიაგდებდა, თავქვე ფუთას ამოიდებდა, ზედ მიწვებოდა და ტკბილად იძინებდა. წვიმიან ამინდში საერთოდ არ წვებოდა აყირავებულ ურმის ხელნას წვიმის მხრიდან ამოიფარებდა, ნაბადში გახვეული სამფეხა სკამზე ჩაყუნცდებოდა და ასე უცდიდა გათენებასა და წვიმის გადაღებას. მის გვერდით, მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის პალოზე, ყოველნაირ ამინდში მიბმული იყო მისი მუდმივი თანამგზავრი - დათვი. ეს წელიწადის თბილ დროს. ზამთარში და, საერთოდ, აცივებისას, იგი რომელიმე ქალაქს აფარებდა თავს, შოულობდა უბრალო სამუშაოს, ღებულობდა მცირე გასამრჯელოს, რომლითაც თავსა და თანამგზავრებს არჩენდა და ასე ატარებდა ამ მისთვის მოსაწყენ დღეებს. ის და მასთან ერთად დათვიც თბილი და მშრალი ამინდების დადგომას მოუთმენლად ელოდნენ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა სამუშაოზე ანგარიშის გასწორებისათვის აღარ დაუცდიათ და ისე გასდგომიან გზას. ერთ ადგილზე გული არ უდგებოდათ და ვინაიდან გზა-გზა ხეტიალი მათი არსებობის მიზნად იყო ქცეული, ამ
4
ორი სულიერის ცხორების მატიანეც ამ გზებზე იწერებოდა. დათვი, შეიძლება ითქვას, კაცის ორეული იყო. ყველას, მათ შორის - თვით კაცსაც, მისი და ამ დათვის სიცოცხლე მხოლოდ ერთიანობაში წარმოედგინა. ისინი ერთად ართობდნენ სანახაობას მოწყურებულ ადამიანებს, ერთად მიირთმევდნენ გასამრჯელოდ მიღებულ იაფფასიან ულუფას და თითქმის ერთდროულად იძინებდნენ ხალხის წინაშე მანჭვა-გრეხითა და მტვრიანი გზებით დაოსებულნი. ადამიანიც, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, თავისსა და დათვს შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავდა. კაცისთვის დათვი ერთადერთი საზრუნავი იყო. უშვილძიროდ გადაგებულმა კარგად იცოდა, რომ ეს ცხოველი მისი სიცოცხლის ერთადერთი წყარო იყო. უფრო მეტიც, ის რომ არა, იმ ღარიბულ ლუკმაპურსაც აუცილებლად დაჰკარგავდა, მისი მეშვეობით რომ შოულობდა. დათვს ამ კაცისგან ბევრი ცუდი ახსოვდა და მისგან თავის შორს დაჭერის არაერთი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ამ ორი არსების ბედი ისე მჭიდროდ იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული , რომ სხვანაირად არ ხერხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, დათვის ყოველგვარ ცდას, ცვლილება შეეტანა ამ ურთიერთობაში, შედეგი არ მოსდევდა. შეამჩნევდა თუ არა კაცი რომ დათვი რაღაცაზე სერიოზულად ფიქრობსო, და, ღმერთმა იცის, რით ამჩნევდა ამას, ცხოველს ხეზე მიაბამდა და შოლტით კარგა მაგრად მიბეგვავდა. ამის შემდეგ, კაი ხნის განმავლობაში,
5
დათვს ფიქრის თავი აღარ ჰქონდა და აი, ასე, ერთმანეთზე ყოველთვის ნაწყენი და, იქნებ ერთმანეთის მტერი, კაცი და მხეცი გარიჟრაჟისთანავე იღვიძებდნენ და საქმეს ჰკიდებდნენ ხელს. არ ყოფილა შემთხვევა, რომ კაცს დათვის გაღვიძება დასჭირვებოდეს. წამოყოფდა თუ არა ლოგინიდან თავს, დათვიც იმწამსვე ახელდა თვალებს. ახლადგაღვიძებული კაცი მაშინვე როდი დგებოდა ზეზე. ნაბადში გახვეული ჯერ ხველებას მოჰყვებოდა. როცა ამით გულს იჯერებდა, წამოდგებოდა, ფრატაფრუტით მოსცილდებოდა ლოგინს, გაივლიდა, მუხლებში გაიმართებოდა და უკან დაბრუნებული დათვთან ლაპარაკს იწყებდა. ეს ისე ხშირად ხდებოდა, რომ ცხოველი კაცს ყურადღებას არ აქცევდა და ხშირად თავს ისე იჭერდა, თითქოს მისი ხმა არცკი ესმისო. მიუხედავად იმისა, როგორ შეხვდებოდა დათვი თავის პატრონს, კაცი კვლავ ლოგინზე ჯდებოდა, ფუთას, რომელიც მას ბალიშის მაგივრობასაც უწევდა, გახსნიდა და იქიდან ისეთ რამეებს ამოალაგებდა, რომლებიც დათვს ძალიან იზიდავდა. ესენი იყო: ფურნის პური, ჭყინტი სიმინდის ტაროები, კარტოფილი, ხანდახან კი მოხარშული ძვლიანი ხორციც. კაცი მარტოდმარტო შეუდგებოდა ხოლმე ჭამას. დათვი კი, თითქოს სურს გულმავიწყ პატრონს თავი შეახსენოსო, წინ უჯდებოდა. ბოლოს და ბოლოს, პატრონის ყურადღებას იქცევდა და მიწოდებულ საჭმელს მადიანად შეექცეოდა. ფუთა ჩქარა ცარიელდებოდა. ამის შემდეგ კაცი სადილს
6
დამთავრებულად აცხადებდა და სუფრასაც ალაგებდა. თუმცა მისი და დათვის აღგზნებული მადის გამო ასალაგებელი მაინცდამაინც აღარაფერი რჩებოდა. მერე მთელ თავის ბარგი-ბარხანას ნაბადს, ფუთას და ზოგიერთ საცირკო ნივთს ორთვალაზე დააწყობდა, შიგ შეებმებოდა და გზას გაუდგებოდა. ამ დროს, როგორც წესი, უკანა ჭალზე გამობმული დათვი ყვანტალ-ყვანტალით მისდევდა ორთვალას და განუწყვეტლივ ოხრავდა. მართალია, მათს მოხეტიალე ცხოვრებას ერთგვარი სიახლის განცდაც ყოველთვის თან ახლდა, მაგრამ ეს ბედნიერების მომტანი სიახლე როდი იყო. ყველა სოფელსა თუ ქალაქს, რომელშიც მათ თავიანთი წარმოდგენის გამართვა უხდებოდათ, მათთვის მუდამ ნერვიულობა, დაცინვა, ლანძღვა და შეურაცხყოფა მოჰქონდა. კაცი და დათვი ერთმანეთს არასოდეს ესაუბრებოდნენ თავიანთ დუხჭირ ცხოვრებაზე. მათ არც ამის დრო ჰქონდათ და, რაც მთავარია, ერთიმეორის ენა არ ესმოდათ, მაგრამ ორივე კარგად გრძნობდა, რომ ყოველი ახალი სოფლისა და ქალაქის უკან მოტოვება მათს სულში რაღაც შეუცნობ სიხარულს იწვევდა. დღეს, გამოღვიძებისთანავე, დათვს თვალში ეცა ერთი დიდი უცნაურობა - თავის სიცოცხლეში პირველად ხედავდა, რომ პატრონს, რომელიც თითქმის ათი წელი იყო აღმა-დაღმა დაატარებდა მას ორთვალაზე გამობმულს და ყოველთვის პირველი იღვიძებდა გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ ეძინა. დათვმა
7
ჩუმი სიხარული იგრძნო, რადგან კაცზე ადრე გაღვიძება მასზე გამარჯვებად ეჩვენებოდა. ...სიხარულს ვერ ფარავდა და კაცისაკენ ხშირხშირად იხედებოდა. დიდი სურვილი ჰქონდა ახალგაღვიძებულისათვის თვალებში შეეხედა, რადგანაც ფიქრობდა, ფეხზე წამომდგარი დათვის დანახვაზე კაცი აუცილებლად შეშფოთდებოდა. იგი, მოსალოდნელი სიამოვნების გამო, წინდაწინ ზეიმობდა, მაგრამ დრო გადიოდა და კაცი არ იღვიძებდა. ამასობაში კიდეც ინათა, ფრინველები ახმაურდნენ. დათვი ვეღარ ისვენებდა, საქმე საგანგაშოდ ეჩვენებოდა და მისდაუნებურად ღელავდა. კაცი არა და არ იღვიძებდა. მზის სხივი შუბივით აიჭრა მაღლა და ცის კიდეში გაიხირა. მოხეტიალეთა ცხოვრებაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ისინი კარგა ხანია გზაში უნდა ყოფილიყვნენ. კაცი კი არხეინად გაშოტილიყო ნაბადზე და რატომღაც ყურადღებას აღარ აქცევდა დროის სრბოლას. დათვმა ვეღარ მოითმინა და, თუმცა ეშინოდა, კაცმა არ გაიღვიძოს და თავისი ხიშტიანი ხელკეტი არ გადამიჭიროსო, რამდენადაც ჯაჭვი ამის უფლებას აძლევდა, მიუახლოვდა. კაცი გულაღმა იწვა და სახე დათვის მხარეს მოქცეოდა. დათვი ბელობიდან მოყოლებული ამ კაცთან ცხოვრობდა და, ბუნებრივია, მის სახესაც და ფერსაც კარგად იცნობდა, მაგრამ ახლა, როცა ყოველივე იმის ნაცვლად, რაც მისთვის ასე ნაცნობი იყო, ფუთაზე პატრონის გამიწისფერებული თავი დაინახა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. დათვი ვერაფერს ხვდებოდა და გაურკვეველი მდგომარეობის გამო
8
ადგილზე ბორგავდა. ერთხანს დაღმუვლებაც კი უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ირგვლივ არავინ ჩანდა და, მისი აზრით, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დათვმა დრუნჩი კაცის მიმართულებით გაიშვირა და ჰაერი შეიყნოსა. მერე ყურადღება ისევ მის სახეს მიაპყრო და უცბად მოეჩვენა, რომ ადამიანი დაჟინებით მისჩერებოდა. შიშითა და კრძალვით შეხედა კაცს და შეამჩნია, რომ მისი თვალები ახლა მასზე აღარ მოქმედებდნენ. განმეორებით სტყორცნა მზერა მწოლიარეს და მის თვალებში კვლავ უნებისყოფობა და უსიცოცხლობა ამოიკითხა. შეშფოთებული დათვი ადგილზევე ჩაჯდა და გაფაციცებით დაუწყო ყურება პატრონის ფერშეცვლილ სახეს. უეცრად ამ ერთი წერტილისკენ მომზირალმა თვალებმა ის დღე გაახსენა, რომლის მოგონება ყოველთვის შიშის ზარს სცემდა. ადამიანში მომხდარმა მოულოდნელმა ცვლილებამ და განსაკუთრებით იმ არასასურველმა მოგონებამ ისე გაამძვინვარა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად იგრძნო ამ კაცის ყელის გამოღადრვის დაუოკებელი სურვილი. დათვმა კიდევაც გაიწია მისკენ, მაგრამ ჯაჭვმა, რომელიც რკინის პალოსთან ამაგრებდა, დროზე შეაყენა. დათვს კუნთები ებერებოდა, კბილები უკაწკაწებდა და ჩუმი ღმუილის მსგავსი ბგერები ამოსდიოდა ყელიდან. ავმა მოგონებებმა თანდათან იძალა, თავისი გაიტანა და მთელი სიმძაფრით წარმოუდგა თვალწინ.
9
...დიდ, კამეჩებშებმულ საძნე ურემზე დედამისი იწვა, შუბლი სისხლით ჰქონდა მოსვრილი და ურემზევე, მის თავთან დამხობილი გოდრის ქვეშ გამომწყვდეულ ბელსუაზრო თვალებით მისჩერებოდა. ბელი შფოთავდა, თუმცა მომხდარ ამბებში ვერ ერკვეოდა და ისევ დედაზე დაიმედებული, გოდრის ჭუჭრუტანიდან მისკენ მიილტვოდა. მაგრამ დედამისი, რომელიც ვიღაცეებს ამ ურემზე დაესვენებინათ, არც მის ბორგვას და არც პატარა თათებით გოდრის კედელზე აყენებულ ფხაჭუნს ყურადღებას არ აქცევდა. ჩამხობილიყო მისთვის მიჩენილ ადგილზე და მხოლოდ მაშინ თუ გაინძრეოდა, როცა ქვაზე შემხტარი ურმის თვალი ხმაურით ასკდებოდა მიწას. ძუძუები, რომელთაც ისეთი ტკბილი რძე ჰქონდათ და რომელთა ჩაუხუტებლად მას დაძინება არ შეეძლო, ახლა ურმის ლართხებზე დაფენილიყვნენ და შესაბრალისად თრთოდნენ. მთელი გზა, სანამ ურემი დიდი ხნის ჯაყჯაყის შემდეგ ერთ სახლთან არ გაჩერდა, დედას თავისი შემაძრწუნებელი მზერა გოდრისთვის არ მოუცილებია. გამომწყვდეული ბელი ცხადად ხედავდა, რომ ეს მზერა უკვე აღარაფრის მთქმელი იყო. სიკვდილის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა და გაკვირვებლი იყო, რომ დედამისი არ დგებოდა, გოდორს შორს არ გადაისროდა და არ გაათავისუფლებდა. დედა კი სულ ერთ მხარეს იყურებოდა.
10
...მაგრამ ეს მისი ბელობისას იყო. ახლა კი გამოცდილმა და ათას ჭირ-ვარამში გამოვლილმა, ადვილად გაიგო პატრონის თავზე დამტყდარი უბედურების ფასი. კაცის უსიცოცხლო თვალებმა ყველაფერი აუწყა. - მაშ, ის, ვინც ჩემს სულსა და ხორცს საკუთარივით ფლობდა, აღარ არსებობს? - ძრწოლვით გაიფიქრა დათვმა. ამ დასკვნამ და, უპირველეს ყოვლისა, დედამისის ხილვამ კიდევ უფრო ააღელვა. ერთ ადგილზე ვეღარ ისვენებდა, მალიმალ ჯაჭვს ტორავდა და გვამისაკენ მიიწევდა. ამ გვამის პატრონი მთელი ცხოვრების გაუკუღმართების მიზეზად ეჩვენებოდა. ჯაჭვის საყელური თითქოს დაპატარავებულიყო და თანდათან სუნთქვას უკრავდა. დათვი თავის წარმოდგენაში ჯერ კიდევ დედის სისხლიან შუბლს ხედავდა და აყლაყული ჰაერში ტორებს აპოტინებდა. უეცრად, ვერც კი იგრძნო, როგორ აღმოჩნდა თავისი მბრძანებლის გვამთან. როცა უკან მოიხედა, რკინის პალო ისევ თავის ადგილზე ერჭო და ჯაჭვის ნახევარიც ზედ შერჩენოდა. კაცი ისევ იმ ადგილზე იწვა და ყურადღებას არ აქცევდა დათვის მძვინვარებას. მხეცი ერთი ნახტომით გაჩნდა მასთან და არც დაუხედავს, ისე მოუქნია თათი. მიწისფერმა მელოტმა თავმა განაწყენებულივით ახლა მზისკენ იქცია პირი. დათვი ნელ-ნელა დაცხრა, ერთხანს ფუთისკენაც კი გაიწია, ეგებ შიგ რამე სასუსნავი იყოს დარჩენილიო, მაგრამ ჩქარა გადაიიფიქრა.
11
მოულოდნელად მისი ყურადღება ისეთმა რამემ მიიპყრო, რომელზედაც აქამდე არც ეფიქრა - იგი თავისუფალი იყო! ამ უცნაურმა აღმოჩენამ ისე დააბნია, რო მისთვის საძულველ გვამთან ჩაცუცქდა და ცხოვრებაში პირველად დაფიქრდა თავის მომავალზე. მზე თანდათან მაღლა მიიწევდა და სიცხეც საგრძნობი ხდებოდა. დათვი გამოერკვა, წამოდგა, გვამს მოსცილდა და გზას გაუდგა. ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ამ ადგილს ჩქარა უნდა გასცლოდა. ...გარბოდა და ყურადღებას არ აქცევდა კისრის ტკივილს, რომელსაც ფეხის ყოველი დაბიჯების დროს ჯაჭვი აყენებდა. მიდამო მოათვალიერა და შეამჩნია, რომ ხორბლის ყანა, რომელშიც, ის-ის იყო შევიდა, საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული. ყანის დასასრულს მდინარე ჩამოდიოდა, შემდეგ ველი იწყებოდა, შორს კი, მწვანე, ჰორიზონტამდე გადაჭიმულ ზოლად, ტყე მოჩანდა. დათვი უკვე ყანაში მირბოდა. ცხვირწინ მწყრები და ტოროლები უფრინდებოდნენ, ტანზეც ნაირ-ნაირი პეპლები ასხდებოდნენ, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ის კი აოცებდა, რომ დღეს ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდა. დათვი ხშირ-ხშირად გაჰყურებდა მწვანე ჰორიზონტს და უხაროდა, რომ მისგან არცთუ ისე შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტყეში ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა, იგი მაინც ანდამატივით იზიდავდა. დათვი მხოლოდ ტყეს უკავშირებდა იმ ბედნიერ წუთებს, რომლებიც მის მეხსიერებაში განუწყვეტლივ ცოცხლობდნენ. არ ყოფილა
12
შემთხვევა, როცა შესაძლებლობა ჰქონდა, თავი იმ ვეებერთელა მუხის ქვეშ არ წარმოედგინა, რომლის ძირში ოდესღაც ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მაშინ იგი, ისევე, როგორც მისი მშობლები, უსიერი ტყის თავისუფალი შვილი იყო და დედამიწის ზურგზე არავის ემორჩილებოდა. დილაადრიან, როცა ბალახი ჯერ კიდევ ცვრის მარგალიტებით იყო მოფენილი, მამა - დიდი, მთისოდენა დათვი, დედა და ის ბუნაგიდან გამოდიოდნენ და მუხის უკან მდებარე პატარა მინდორზე ადიოდნენ. მამა მინდვრის შუაგულში მდგომ ვეებერთელა წიფელს კენწეროში მოექცეოდა, მერე ისევ მიწაზე დაეშვებოდა და ახლა ბელს გაიყოლიებდა უკან, მშობლები მხიარულ ხასიათზე დგებოდნენ და აქედან პირდაპირ მდინარისაკენ მიუძღვებოდნენ თავიანთ პირმშოს. ღელეში, ნაცნობ გუბესთან მისული დედა და მამა აუჩქარებლად იწყებდნენ წყლის ხვრეპას. მერე ყინულივით ცივ წყალში ფეხებს ისველებდნენ და იქვე, ღელის პირას ცუცქდებოდნენ. ბელი წყლის დალევის შემდეგ ათასნაირ ოინს იგონებდა. ბოლოს გუბის ზედაპირს ტორებს დაუშენდა და მზის სხივებზე ათასფრად აბრჭყვიალებულ წვეთებს თავს უშვერდა. ამის შემყურე დედა ადგებოდა, ბელს გუბიდან გამოიყვანდა და ტყეში შეუძღვებოდა. მთელი ოჯახი კვლავ თვალისმომჭრელ სიმწვანეში იკარგებოდა. აქედან დათვები ხან პანტას ესტუმრებოდნენ, ხან ვაშლს და სუფთა ჰაერით და ხილით გულმოყირჭებულნი ბუნაგში ბრუნდებოდნენ. ბელი გულში ეკვროდა დასასვენებლად წამოწოლილ
13
დედას და ტკბილად იძინებდა. მაგრამ ეს დღეები უეცრად დასრულდა. ადრიანი დილა იყო. მამა დათვი ბუნაგიდან გავიდა. მერე დედაც ადგა, ფრთხილად გაითავისუფლა შვილის პატარა თათებისგან თავი და ისიც გასასვლელისკენ გაემართა. ბელსაც უნდოდა, უკან ასდევნებოდა მათ, მაგრამ ძილს თავი ვერ გაართვა, ფიქრობდა, რომ მისი მშობლები უიმისოდ არსად წავიდოდნენ და მის გამოღვიძებას მოთმინებით დაელოდებოდნენ. დედა ჯერ კიდევ არ იქნებოდა გაცილებული ბუნაგის შესასვლელს, რომ უეცრად ძლიერმა ქუხილმა შეაზანზარა იქაურობა. ბელი ზეზე წამოიჭრა და, ის იყო გარეთ გამოვარდნას აპირებდა, რომ შემოსასვლელში დედაც გამოჩნდა. აღელვებული ჩანდა და შუბლიც წითლად შეჰღებვოდა. ბელი დედასთან მიიჭრა და ფეხებზე მიეკრა. დედამისს მთელი სხეული უთრთოდა და მძიმედ სუნთქავდა. ბელს ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ იგი ყურადღებას არ აქცევდა და თავჩაქინდრული, თითქოს ძილი მორევიაო, ერთ ადგილზე ქანაობდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა, ჩაიკეცა, დრუნჩით მიწას ჩაემხო და გაირინდა. ბელი უკან გადახტა და უხერხულად დაწოლილ დედას გაოცებით დაუწყო ყურება. დედა აღარ ინძრეოდა... ბელი მიხვდა, რომ მათს ოჯახს რაღაც დიდი უბედურება დაატყდა თავს. უეცრად სოროს შესასვლელთან უცნობი არსებანი ამოძრავდნენ, ისინი რიგრიგობით იყურებოდნენ ბუნაგში და ბელისაკენ იშვერდნენ ხელს. მოულოდნელად დედამისი გასასვლელისაკენ
14
წამოჩოჩდა. ბელმა შეამჩნია, რომ იმ ადგილზე, სადაც იგი დრუნჩით იყო ჩამხობილი, წითელი სითხის გუბე დამდგარიყო. ბელმა საოცარი მარტოობა იგრძნო და შიშით გული რომ არ გახეთქოდა, დედის გვამს აედევნა, მაგრამ გარეთ გამოსვლისთანავე ამ უცნაურ არსებათა ხელში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც წვრილი კისერი და პატარა თავი ჰქონდა, ჯერ ხეზე მიაბა, შემდეგ, როცა თავისსავე მსგავს არსებებთან ერთად დედამისის ურემზე დადებას მორჩა, პირქვე დამხობილ გოდრის ქვეშ შეაგდო... აქ წყვეტდა ხოლმე დათვი მოგონებას და ამჯერადაც ასე მოიქცა. ცხოვრების დანარჩენი დღეების გახსენება აღარ სურდა, სიძულვილს აღუძრავდა. მისი აზრით, სწორედ ამ დღეებმა აქცია სხვის ყურმოჭრილ მონად. დედამიწის ზურგზე მხოლოდ მან იცოდა, რამდენი ტანჯვა გადაიტანა, სანამ ადამიანის მსახურად იქცეოდა. ის კაცი, რომლის გვამი კარგა ხანია ყანის იქით დარჩა, ყოველნაირად ცდილობდა მის ადამიანურ ყაიდაზე გარდაქმნას, თუმცა ამას ვერ ახერხებდა და გამძვინვარებული ათასნაირ შეურაცხყოფას აყენებდა ცხოველს. დათვი არასოდეს შერიგებია ბედს. ეს კაცმაც კარგად იცოდა და თავის აღზრდილს ეჭვით უყურებდა. ყოველთვის, როცა იმ ნომერს ასრულებდა, რომლის დროსაც თავი დათვისათვის უნდა ჩაეყო ხახაში, ისე, რომ ხალხს არ დაენახა და შიშში არ ჩამოერთმია, მტკავლიან დაშნას მკერდზე აბჯენდა.
15
უეცრად დათვის ფეხქვეშ წყალი აჩქაფუნდა. გამოერკვა და შეამჩნია, რომ გაჭიანურებულ ფიქრში ყანა უკვე გადაერბინა და ახლა შუა ღელეში იდგა. ცივი და ლურჯად მოლივლივე წყალი მუცლამდე სწვდებოდა და სიამოვნებას ჰგვრიდა, მაგრამ დათვს არ ეცალა. ყელზე ჯერ კიდევ ჯაჭვის ნაგლეჯი ეკიდა და ტყეც კარგა შორს იყო. სიარული არ შეუნელებია. წყალს რამდენჯერმე ამოკრა ენა, პირი გაისველა, ფლატე აირბინა და ველზე გავიდა. ველი საკმაოდ ვრცელი იყო. დათვის აზრით, თუ მას მშვიდობიანად გაივლიდა, თავისუფლებასაც ეწეოდა. მირბოდა და ველს დაკვირვებით ათვალიერებდა. ახლა იქ ისეთ რამეებს ამჩნევდა, რაც შორიდან მის თვალსაწიერში არ ხვდებოდა. პირველ რიგში თვალში ეცა ეულად მდგომი ვეებერთელა მუხის ქვეშ თავშეფარებული ცხვრის ფარა, შემდეგ კი, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ეკლიანი მავთულის ღობე. ჯაგი მთელი თვალის გაწვდომაზე ფარგლავდა ტყეს. დათვს ამან, ცოტა არ იყოს, გული დაწყვიტა, მაგრამ წყენა მაშინვე გაუქრა, როცა შეამჩნია, რომ მუხის აყოლებით, ერთი ურმის სიფართეზე, ტყე შეუღობავი იყო. დათვი მირბოდა და იმ ადგილს თვალს არ აშორებდა. იგი სიხარულისაგან ღელავდა და ოცნებით ხედავდა იმ ვეებერთელა მუხას, რომელიც უღრან ტყეში იდგა და თავისი ხშირი ტოტებით ქოლგასავით გადაჰფარვოდა ერთ მშვენიერზე მშვენიერ ბუნაგს. მოულოდნელად დათვმა ჯაჭვზე ფეხი დაიდგა და კინაღამ წაიქცა. როცა ისრის ტკივილი გაუყუჩდა, ტყეში შესასვლელისაკენ გაიხედა და
16
ისეთი რამე დაინახა, რაც საგანგაშოდ ეჩვენა. მუხის ძირში თავშეფარებულ ცხვრებს ჩრდილი დაეტოვებინათ და ერთმანეთის ლაჯებქვეშ თავამოდებულნი შესასვლელისაკენ მიდიოდნენ. დათვმა ფეხი ააჩქარა. სურდა, მათთვის მიესწრო, რათა ყოველგვარი გართულებისათვის თავი აერიდებინა, მაგრამ, ის-ის იყო ველი გადაირბინა, რომ ცხვრის ფარამაც მიაღწია შესასვლელს და იქ შეჯგუფდა. დათვი დაღლილი იყო და გული დაწყდა, რომ საქმე ასე მოულოდნელად გაურთულდა, მაგრამ სულით არ დაცემულა და ფარასთან მიჭრილმა გზის გაკაფვა სცადა. სიცხისგან გონებაწართმეული ცხვრები ისე მჭიდროდ მიჰკვროდნენ ერთმანეთს, დათვმა ვერაფერი მოუხერხა. დაღონდა და ის იყო გზის შემოვლა და ღობეზე გადახტომა გადაწყვიტა, რომ მუხის მხრიდან ძაღლების ყეფა გაისმა. აჩქარება იყო საჭირო. იგი ძაღლების ხმას დიდ საშიშროებას უკავშირებდა და თუმცა პირადად მათი შიში არ ჰქონდა, მაინც ღელავდა. საყელურმა ისევ მოუჭირა, ცხვრები კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, კვლავ ერთ ადგილზე იდგნენ და მიწას დაჟინებით ჩასჩერებოდნენ. დათვს თანდათან ბრაზი ემატებოდა და როცა მუხის მხრიდან თოფმა იჭექა, მას უკვე მოესწრო და რამდენიმე ცხვარი ფარისათვის მოეწყვიტა. თოფის გავარდნისთანავე იგრძნო ტკივილი ყურისძირში. ამან ისე შეაკრთო, რომ კინაღამ ყველაფერს თავი დაანება და უკან გაიქცა, მაგრამ ჩქარა ისევ გონს მოეგო და როცა
17
დაინახა, რომ მისკენ ორი თოფიანი კაცი მორბოდა, კვლავ ცხვრებს მიუბრუნდა. გადამწყვეტი წუთები იდგა. ყოველწამს სიკვდილი იყო მოსალოდნელი. დათვს გული სწყდებოდა, რომ ჯაჭვი და საყელური ჯერ კიდევ ყელზე ეკიდა. ახლა რომ რაიმე მოსვლოდა, ძლაუნებურად ამ საძულველ საგნებთან განმარტოებულს უნდა დაელია სული. ამის გაფიქრებაზეც კი აჟრჟოლებდა და გულში ფიცულობდა, რომ თუ მეცხვარეებს გადაურჩებოდა, ტყეში შესვლისთანავე ყელიდან მოიგლეჯდა მათ და ისე დაუბრუნდებოდა დედაბუნებას. დათვმა ტყისკენ გაიხედა. იქამდე ხუთიოდე ნაბიჯიღა იყო დარჩენილი. დაიმედებულმა ხელმეორედ იგრძნო ძალის მოზღვავება და ფარას ეკვეთა. ისევ გაისმა თოფის ხმა და ტყვიამ წივილით გადაუარა თავზე. გახარებულმა, რომ ამჯერად მშვიდობიანად გადარჩა, უფრო მონდომებით გააგრძელა საქმიანობა. არ ახსოვს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ცხვრებთან ჭიდილი. როდესაც ოფლში გაღვრილმა ფარის ბოლოს მიაღწია, ქანცი გაწყვეტაზე ჰქონდა. ეჩვენებოდა, რომ მთელი ღონე ამ ჭიდილს შეალია. მიუხედავად დაღლისა, ტყისპირს მიაღწია. იქ კი ერთ წამს შედგა, მობრუნდა და აფორიაქებულ ველს თვალი მოავლო. თავისუფლების ზღურბლზე მდგომი ზიზღით მისჩერებოდა ველს. იგი ადამიანებთან გატარებულ სევდიან წლებს აგონებდა და ყველაფერს, რასაც მასზე ხედავდა, ამ წლების გაგრძელებად მიიჩნევდა.
18
მეცხვარეები თავგამეტებით მორბოდნენ. დათვი ხედავდა, რომ ველზე მოძრავი ყველა არსება სიკვდილს უქადდა და აიძულებდა, ორ ნაბიჯზე მოშრიალე ტყისაკენ შებრუნებულიყო. ბოლოს, გული არაფერზე დაწყვეტია, შებრუნდა და პირი ტყისკენ ჰქნა. აღელვებული მეცხვარეები ფარასთან მიიჭრნენ და მის გასამხნევებლად ქორქალი ატეხეს, მაგრამ მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეშინებულ და გაბნეულ ცხვარში, დიდი ძებნის მიუხედავად, დატორილი ან დაკბენილი პირუტყვი ვერ შეამჩნიეს. ისინი ფარის ასე იოლად გადარჩენას მხოლოდ თავიანთ სიფხიზლეს მიაწერდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც დათვმა ტყეს შეაფარა თავი, ერთ-ერთმა მეცხვარემ ღობეზე მიგდებული ჯაჭვის ნაწყვეტი იპოვა. მასზე საყელურის ნაგლეჯიც ეკიდა. ნეტავი აქ საიდან მოხვდაო, - გაიფიქრა და ამხანაგისთვისაც არ უჩვენებია, ისე მიაგდო ღობის ძირში.
გზაში ველი შორის მოიტოვა, მაგრამ მაინც მირბოდა. ჭრილობა აღარ აწუხებდა. მხოლოდ მაშინ ახსენებდა თავს, როცა ზედ ტორი ხვდებოდა. ბუზები, თავდაპირველად რომ ხროვა-ხროვა ასხდებოდნენ ნატყვიარზე, სადღაც გადაიკარგნენ.
19
როდესაც მწვანე ტევრში თავი მარტოდმარტო დაიგულა, შეკრთა. მისთვის ცხადი შეიქმნა, რომ სრულიად უცხო სამყაროში მოხვდა. „აქ შეიძლება ყოველ ნაბიჯზე წააწყდე სიკვდილს: - ფიქრობდა და ფრთხილად უვლიდა გვერდს ხეებს. ადამიანთა ურთიერთობაში შემჩნეულ წესრიგს ტყეში ვერ ნახულობდა და მომავალი აკრთობდა. „კინაღამ ყელში არ მეცა?!“ - წამოიძახა თავისდაუნებურად. ის ფუმფულა კუდიანი ცხოველი გაახსენდა, ტყეში შემოსვლიდან ცოტა ხანში რომ შეხვდა. ისე იყო აღელვებული, თითქოს მოსისხლე მტერი დაენახოს. „არ მიცნობდა და არ ვიცნობდი, რა დავუშავე? რად იწყინა ჩემი დანახვა? - გაიფიქრა სინანულით, თითქოს მისი სოროს დანგრევა მდომებოდეს... მიწაზე ძლივს ჩანდნენ და კბილებს კი მიღრჭენდნენ.“ უკვე დაბურულ ტყეში იდგა. დარწმუნებული იყო, აქ ადამიანი ვეღარაფერს მავნებსო. საამო სიო ქროდა. ხის ტოტებში გამომძვრალი მზის სხივები კიდევ უფრო მეტ შნოსა და ლაზათს აძლევდა აქაურობას. ნელა მიდიოდა და გაოცებით შეჰყურებდა ცად აზიდულ ხეებს. ბოლოს ერთი დიდი მუხის ქვეშ შედგა. დაღლილი იყო და, როგორც მას ეჩვენებოდა, მყუდროში დასვენება მოუნდა. ჩაიყუნცა. ამ ადგილზე შეიძლებოდა ფიქრის გაგრძელება. პირველ რიგში ველზე გადახდილი გასაჭირი გაიხსენა და თავისი თავისადმი პატივისცემით
20
განეწყო. მისი აზრით, როდესაც ყოველი ნაბიჯი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტდა, უშეცდომოდ იმოქმედა და სამტროდ აღმდგარ მთელ ველს აჯობა. ამან კარგ ხასიათზე დააყენა და უნებურად საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგა. თავიც უფრო ახალგაზრდად იგრძნო. ყოველდღიური საქმიანობა დიდ ძალასა და გამძლეობას არ სთხოვდა. უბრძანებდნენ, სკამზე შედექიო და დგებოდა, იცეკვეო და ცეკვავდა. ყირაზე გადადიო და ისიც გადადიოდა. თან ყველაფერს ისე უსულგულოდ აკეთებდა, რომ პატრონი ბრაზდებოდა და ქაჩაჩებში ჯოხს ურტყამდა. თანდათან დარწმუნდა თავის უსუსურობაში. რაკიღა ამ დასკვნამდე მივიდა, თავი ხანდაზმულ და პატრონზე დამოკიდებულ არსებად წარმოიდგინა. სჯეროდა, რომ უიმკაცოდ შიმშილით დაიღუპებოდა. ადამიანი კმაყოფილი იყო, რომ დათვს ასეთი აზრები შთააგონა. ტაკიმასხარის როლს ასეც კარგად უსრულებდა და სხვა არაფერი აინტერესებდა. დღეს კი რამდენიმე საათი შეუსვენებლივ ირბინა. მუხის ქვეშ მჯდომმა იგრძნო, რომ, დაღლილობის მიუხედავად, კიდევ შეეძლო გზის გაგრძელება. მსხვილ კუნთებზე დაიხედა და კმაყოფილებიტ გაიზმორა. ახლა მომავალი უფრო კეთილად წარმოუდგა და ცოტა ხნის წინათ ტყისადმი გამოთქმული საყვედურის გამო ინანა. მაგრამ ჩქარა მუცელი აეწვა, სინანულით გაიფიქრა, იქ ამ დროს უკვე კაი ხნის ნასადილევი ვიყავიო, დღეს კი პირში არაფერი ჩაედო და იმედიც
21
არ ჰქონდა, თუ რამეს იშოვიდა. ყოველ შემთხვევაში, გზაში თვალი ისეთს ვერაფერს შეასწრო, საჭმელად რომ ივარგებდა. წამოწვა. კუჭი აშკარად ითხოვდა თავის სარგოს, მაგრამ ეჩვენებოდა, ჯერ საგანგაშო მაინც არაფერიაო და კარგი იქნებოდა, თუ ცოტა თვალს მოატყუებდა. არ ახსოვს, როდემდის ეძინა. როცა თვალი გაახილა, ისეთ სიბნელეში აღმოჩნდა, რომ შიშით კინაღამ გული გაუსკდა. უეცრად იმ მუხის უკან, რომლის ძირშიც იწვა, საშინელი ხმაური ატყდა. დაფეთებული და ძილგამფრთხალი ზეზე წამოიჭრა. ხმაური თანდათან უახლოვდებოდა და გულს უხეთქავდა. მეტისმეტად შეშინებული ხეს ეტმასნებოდა. ვერ გაეგო, სად იყო. სანამ სიბნელეს თვალს შეაჩვევდა, ფიქრობდა, ალბათ, რომელიღაც სოფლის ორღობეში ვარ და ძაღლები ჩხუბობენო, მაგრამ თანდათან გონს რომ მოეგო, მიხვდა სადაც იყო და შეკრთა. თვითონ შუა ძილში იყო, ღამეულმა ტყემ რომ გაიღვიძა. მას არ შეუნიშნავს, როგორ აშრიალდა ბუჩქები, ამოძრავდა მანათობელი წერტილები და ახლა, როცა ამ აფუთფუთებულ სამყაროს უყურებდა, იბნეოდა. მისთვის სრულიად უცნობი იყო ტყის ამოძრავების არსი. უეცრად შეამჩნია, რომ მისკენ რაღაც მოგორავდა და იმ ნაირნაირ ხმებსაც ის გამოსცემდა. დათვი ისე შეშინდა, რომ, თავისდაუნებურად, ხეს თათები შემოაჭდო და სწრაფად აცოცდა ზედ. როცა თავი უშიშარ ადგილზე დაიგულა, დაბლა ჩაიხედა.
22
მოჩვენება უკვე იმ ადგილზე ტრიალებდა, სადაც ცოტა ხნის წინ თავად ეძინა. ხის ქვეშ შესაბრალისი წკავწკავი ატყდა. დათვს მოეჩვენა, რომ ერთი ძაღლი მეორეს ახრჩობდა და თავისდაუნებურად დაიღმუვლა. უეცრად გორგალი ძაღლის ტოლა ორ არსებად იქცა. ცხოველები შეხედულებითაც ძაღლებს ჰგავდნენ, თუმცა უფრო მოქნილები და ძლიერები ჩანდნენ. დაბნეული თუ ჩხუბისაგან არაქათგამოცლილი ტყიურები ჯერ უაზროდ დაბორიალობდნენ ხის ქვეშ, მერე სხვადასხვა მხარეს გაუჩინარდნენ. ისევ დაბლა ჩამოცოცდა. სიხარულით გაიფიქრა, რომ ისეთი რამ შეძლებია - ხეზე ცოცვა ჰქონდა მხედველობაში, რაც ცოტას თუ შეეძლო. ისიც უხაროდა, რომ მისმა ხმამ სამკვდროსასიცოცხლოდ შებმული ნადირები გაჰყარა ერთმანეთს. „მაშ, - გაიფიქრა, - ჩემი მოდგმისა შინებიათ“. ამან დათვს გულში იმედი ჩაუსახა და გახალისებული ხის ძირს მოსცილდა. დიდი მანძილი არ ჰქონდა გავლილი, რომ ერთ, ცხენივით მაღალ ცხოველს შეეფეთა. დიდი, დატოტვილი რქები ჰქონდა. დათვის დანახვაზე უკან გაბრუნდა და სიბნელეში მიიკარგა. „ამასაც შეეშინდა ჩემი“, - გაიფიქრა და გზა განაგრძო. შორიდან ყმუილი მოესმა და სიბნელეში მოცულ ტყეს მეტი მოწყენილობა შეემატა. ეს ხმა ერთობ შემაზრზენად მოეჩვენა. გავიდა ხანი. ათასნაირი შთაბეჭდილებით სავსე დათვი შიმშილის დავიწყებას ცდილობდა,
23
მაგრამ ვერ ახერხებდა. ჩქარა წყალიც მოსწყურდა და იძულებული გახდა, გზა განეგრძო. ინათა. როგორც კი ტყეს შუქი შეეპარა და იქაურობა გააცოცხლა, გახალისდა. იმედოვნებდა, რომ დღის სინათლეზე საჭმელსაც იპოვიდა და სასმელსაც. იმ ერთადერთმა რამემ, რომელიც ნახევრად ფხიზელმა გაატარა, ძალიან შეაშინა. ამ ღამით განცდილ ყოველივე ძნელად მოსაგონს სწორედ სიბნელეს უკავშირებდა. ტყე ახმაურდა. ბუდეებზე ნაირნაირი ფრინველები გადმომსხდარიყვნენ და ჭრელ-ჭრელა ფრთებს ისწორებდნენ, ნელ-ნელა სტოვებდნენ სოროებს ოთხფეხნიც. ყველა სულდგმული გულმოდგინედ ლამაზდებოდა. გაიღვიძეს მწერებმაც და პეპლებმაც. ტყე აბობოქრდა. „უხარიათ, რომ წყვდიადს გადაურჩნენ, გაიფიქრა დათვმა, - სინათლის დანახვაზე სიხარულს ვეღარ მალავენ.“ თანდათან დაცხა. დათვი ისევ უჭმელ-უსმელი იყო. შიმშილისგან შეწუხებულმა რკო შეჭამა, მაგრამ გული აერია. მერე მოცვის ბუჩქს წააწყდა და პოტვნა დაუწყო. პირგამშრალს ძალიან ესიამოვნა მჟავე მარცვლები, მაგრამ შიმშილი ვერ დაიცხრო. ასე გაიარა მთელმა დღემ. მზე ჩავიდა და ტყე კვლავ სიბნელემ მოიცვა. დათვი ფეხზე ძლივს იდგა და ხახაგამშრალი შიშით ელოდა ღამეს. გულგატეხილს მზესთან შეხვედრის იმედი აღარ ჰქონდა. შუაღამისას კი, როდესაც ბუჩქის ძირას მიგდებული, წყალზე ოცნებობდა, გულში ველზე დაბრუნების სურვილმა გაუარა.
24
„არა, არა - წამოიძახა მაშინვე, - ველზე ადამიანებიც არიან“. ადამიანების გახსენებაზე გული შიშით აუჩქროლდა და ნაჭრილობევმა ტეხვა დაუწყო. შეძრწუნებული ფეხზე წამოვარდა და, სისუსტის მიუხედავად, გზას გაუდგა. უგზოუკვლოდ მიმავალს ათასნაირი ხმები ესმოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. წინ რაღაც ნადირმა გადაურბინა. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მისი თავი და თითის სიმსხო რქები. გათენებისას კი ერთ კოჭდაბალ ოთხფეხს გადაეყარა. გამძღარი იყო და ძლივს მიათრევდა მუცელს. პატარა ყურებს შუა თეთრი ზოლი გასდევდა. ასეთივე ზოლები ემჩნეოდა ყბებზეც. დათვს რამდენიმე ნაბიჯზე რომ მოსცილდა, ჩაიფრუტუნა და ბუჩქებში შევიდა. „მაშ, - იმედით გაიფიქრა დათვმა, -ტყეში ასეთ მოუქნელ არსებებსაც გააქვთ თავი“. მზე კაი ხნის ამოსული იყო. ჯერ თქორი ჩამოწვა. მერე კი წვიმაც წამოვიდა. სიხარულით უსმენდა ფოთლებზე აყენებულ წვიმის შხაპუნს. თუ სადმე ფოთლიდან ფოთოლზე კამარააკიდებით ჩამომავალ ნაჟურს წააწყდებოდა, ხახადაფჩენილი მის ქვეშ ჯდებოდა და სულმოუთქმელად ყლაპავდა. მაგრამ წვიმა მალე შეწყდა. დათვმა პირი კი გაისველა, მაგრამ წყურვილი ვერ მოიკლა, თუმცა სიმხნევე შეემატა და ნაბიჯიც ააჩქარა. აქეთ-იქით გაოცებით იყურებოდა. აქამდე თავიანთი საქმიანობით გართული ტყიურები მხიარულად ახმაურდნენ. ვინ თათებს ილოკავდა, ვინ აშლილ ბალანს ენით იწყობდა. ხეებზეც ნაირ-
25
ნაირი ფრინველები ირეოდნენ. გაფხორილები და ბუმბულაბურძგნულები მზეს ეფიცხებოდნენ და სიამოვნებით იჩიჩქნებოდნენ. ყველას ისეთი მშვიდი იერი ჰქონდა, თითქოს არავითარი საზრუნავი არ გააჩნდათ. „აბა, რა, სადღაც ხომ უნდა ცხოვრობდეს სულიერი მშვიდად, - ჩაილაპარაკა თავისთვის. - რა აქვთ გასაყოფი, ადამიანები ხომ არ არიან.“ აზრი ვეღარ დაამთავრა. ის დიდი კატა, ცოტა ხნის წინ რომ მშვიდად იწვა ტოტზე, ახლა ფოთლებში განაბულიყო და მუხის ქვეშ მოფუსფუსე ჭრელ გოჭს უთვალთვალებდა. გოჭი მიწას ჩიჩქნიდა და მოახლოებულ უბედურებას ვერ ამჩნევდა. კატა ნელ-ნელა წამოდგა, ოდნავ უკან დაიხია და გოჭისკენ ისკუპა. „ჰეეე!“ - იღრიალა დათვმა და თვალები დახუჭა. იგრძნო, როგორ დაეცა დიდი კატა მიწაზე. გოჭის ჭყვირილს მოელოდა, მაგრამ ბაიბური არ ისმოდა. თვალი რომ გაახილა, გოჭი აღარსად ჩანდა. კატა იქვე იდგა, წვეტიანი ყურები დაეცქვიტა და დათვს გაბრაზებით მისჩერებოდა. - რა გაღრიალებს, ვერ ხედავ, რომ ვნადირობ?თქვა მან. დაბნეულმა დათვმა თვალები აარიდა და წაიბლუკუნა: - ისეთი პატარა და ლამაზი იყო, რომ... თანაც წვიმის შემდეგ. - რა ლამაზიო, რა წვიმის შემდეგო, - გაოცდა ფოცხვერი, - პირველად ხომ არა ხარ ტყეში?! –
26
მერე მიბრუნდა, კვლავ ხეზე აცოცდა და ტოტებში გაუჩინარდა. დღის პირველმა ნახევარმა გაიარა. ტყეში ხვატი ჩამოწვა. დათვმა კვლავ აუტანელი წყურვილი იგრძნო. “დღესაც რომ ვერ მივაგნო წყალს!“ - გაიფიქრა შიშით. შიმშილიც აწუხებდა, მაგრამ უფრო ნაკლებად განიცდიდა. სიარულში შემოაღამდა და დაღლილს და გატანჯულს მსხვილი, ბებერი წიფლის ძირში ჩაეძინა. დიდხანს არ უძინია. დაესიზმრა, ვითომ მუხლამდე წყლში იდგა. ის იყო, უნდა დაელია, რომ წიფელზე ბუმ იკივლა, ძილგამფრთხალი ფეხზე წამოიჭრა და იქაურობას გაეცალა. ენა გასიებოდა. პირს ვეღარ კუმავდა და ოხრავდა. სიბნელეში ფეხი დაუსხლტა და მუხის ფესვებს გადაემტვრა. დაეცა. წამოდგომაც კი შეეძლო, მაგრამ არ ადგა. როგორც ეგდო, ისევე დარჩა. როცა შორიდან ხმაური შემოესმა, ყურადღება არ მიაქცია. მაგრამ გადიოდა დრო და ხმაური არ წყდებოდა. უეცრად მოეჩვენა, რომ სადღაც ახლოს წყალი თქრიალებდა. „წყალი რომ გამოდგეს“, - გაიფიქრა და ბუჩქს გვერდი აუარა. როცა ხმაურმა იმატა, ნაბიჯს აუჩქარა. „წყალია, თანაც, ძალიან ბევრი“, - დაიყვირა და გაიქცა. შეღმართი აათავა და როცა კვლავ თავქვე ჩაეკიდა, ყურში წყლის მჭახე ხმა მოხვდა. სიხარულით ჩაირბინა დაღმართი და როდესაც
27
ღელეს მიაღწია, თვალწინ დიდებული სანახაობა გადაეშალა. მაღალი კლდიდან წყალი ხმაურით ჩამოდიოდა დაბლა. თითქოს ზემოდან ვეებერთელა პრიალა ფარდა გადმოუფენიათო. კლდის ძირში თეთრად აქაფებული მორევი იდგა. წყალვარდნილიცა და მორევიც მთვარის მცხრალ სხივებში იყო გახვეული. დათვი ჯერ ადგილზე გაშეშდა, მერე რაც ძალა და ღონე ჰქონდა, მორევისაკენ გაიქცა. არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა წყალთან. გონს რომ მოეგო, მორევში იდგა და აჩქარებით სვამდა. აქაფებული სითხე მუხლამდე წვდებოდა. გაძღა და უეცრად წყლის მოფერება მოუნდა. ბევრი ეცადა, მაგრამ სურვილი ვერ დაიკმაყოფილა და ბოლოს მორევში ჩაყურყუმელავდა. წყალში კოტრიალსა და ფრთქვინვას რომ მორჩა, ნელ-ნელა გამოვიდა ნაპირზე და ბეწვი გაიფერთხა. კარგ ხასიათზე იდგა. ჩაცუცქდა და წყლის ფარდას დაუწყო ყურება. თავისუფლად სუნთქავდა და გახევებულ ენასაც ვეღარ გრძნობდა. „აქედან ფეხს აღარ მოვიცვლი“, - გაიფიქრა და შქერის ბუჩქთან მივიდა. ამ ადგილიდან ჩანჩქერიცა და მორევიც ხელისგულივით ჩანდა. „არსად არ წავალ, - ისევ გააგრძელა ფიქრი, როცა მომწყურდება, ავდგები და დავლევ“. ბუჩქის ძირში დაჯდა. ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ტყე საამოდ შრიალებდა და სხეულს უთენთავდა. ძილმორეული წამოწვა და ჩანჩქერის თავზე დაკიდებულ დიდ, ყვითელ მთვარეს მიაჩერდა.
28
გავიდა ხანი. მთვარემ ნელ-ნელა გადაიარა სერი და ხის კენწეროებში გაუჩინარდა. ბუჩქის ძირში შეყუჟულ დათვს დიდი ხანია ღრმა ძილი დაუფლებოდა. ორი ღამე გაათია წყალვარდნილის გვერდით. დღისით ახლომახლო სერებზე დაეხეტებოდა და საკბილოს ეძებდა, ღამით კი ამოჩემებულ ადგილზე იძინებდა. ჭამდა მაყვალს, მოცვს, პანტას. მერე წყალს აყოლებდა და, თუმცა ვერ ძღებოდა, მაინც კმაყოფილი იყო. მეორე განთიადისას ნაადრევად გაეღვიძა. ჯერ კიდევ ბნელდებოდა და მხოლოდ ცაში გამოკიდებული პრიალა ფარდა ირეკლებოდა. ვარსკვლავების შუქზე დიდხანს იწვა და კვლავ ჩაძინებას ცდილობდა, მაგრამ შიოდა და ძილი აღარ ეკარებოდა. ცას უკვე ვარდისფერი შეერია. ახლომახლო მდგომი ხეები და ბუჩქებიც გამოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ ტყის იქიდან მზის სისხლივით წითელი სხივი აიჭრა და ცაში გაიხირა. უეცრად, ჩანჩქერის თავზე ტყვიასავით შემოიჭრა დიდი, დატოტვილრქიანი ცხოველი. საბოლოოდ გამოფხიზლებულმა დათვმა შეამჩნია, რომ მას ხუთი თუ ექვსი ძაღლისოდენა არსება მისდევდა. რქოსანმაც და მისმა მდევრებმაც სასწრაფოდ გადაირბინეს კლდის თავი და თვალსაწიერიდან გაქრნენ. წამოჯდა. ის იყო, ფეხზე უნდა წამომდგარიყო, რომ ჩახრიალას თავზე ისევ გამოჩნდნენ გაუჩინარებულები. მათ შორის მანძილი უფრო დამოკლებულიყო. უეცრად საწინააღმდეგო
29
მხრიდან კიდევ ერთი მგელი გამოჩნდა და გზაში ჩადგა. როცა ირემი მოახლოვდა, მისკენ ისკუპა . ის იყო ყელში უნდა წვდომოდა, რომ ძლიერმა რქებმა მაღლა აიტაცა და ჩანჩქერის ნაპირზე აყუდებულ ფრიალო კლდისკენ მოისროლა. მგელი ტრიალტრიალით დაეშვა ძირს, ღორღებზე დაენარცხა და აღარც განძრეულა. „რატომ, რისთვის?“ - სინანულით თქვა დათვმა. როცა ზემოთ ისევ გამოჩნდნენ, მიხვდა, რომ ქორბუდას მარცხი არ ასცდებოდა, მეტისმეტად დაღლილი ჩანდა. ჩქარა მგლებმა კლდის პირზე მიაგდეს და ალყა შემოარტყეს. წრე თანდათნ ვიწროვდებოდა, ის კი იდგა და მშვიდად მისჩერებოდა მტრებს. ერთდროულად ისკუპეს, მაგრამ სანამ მათი ელვარე კბილები მიზანს მისწვდებოდა, ირემი მობრუნდა და კლდეზე გადაფრინდა. დათვი ზეზე წამოვარდა. უნდოდა, იმ ადგილისკენ გაქცეულიყო, სადაც ირემი დაენარცხა, მაგრამ შეამჩნია, რომ მგლებს კლდისთვის მოევლოთ და მსხვერპლისაკენ მოეშურებოდნენ. ჩამოივაკეს. უეცრად ერთ-ერთი მათგანი შედგა. თავი მაღლა ასწია და დაიყმუვლა. სერიდან ისეთივე გაბმული ხმა გაისმა. როცა მგლები ირემს ეცნენ, დათვს გააჟრჟოლა. „რა გული მიგიდით!“ - ამოილუღლუღა და ბუჩქს მიეკრო. მაღლიდან კიდევ რამდენიმე ლეგა ნადირი ჩამოდიოდა. გავიდა ხანი. მგლები რიგრიგობით ანებებდნენ თავს ჭამას და მორევთან მიდიოდნენ.
30
მერე მუცელგაბერილები და მოთენთილები ფლატეზე მიიზლაზნებოდნენ და ტყეში უჩინარდებოდნენ. უკანასკნელიც აჰყვა აღმართს. აქაურობა დაცარიელდა. დათვი ნელ-ნელა გამოვიდა საფარიდან და მგლების ნასუფრალთან მივიდა. ირგვლივ გამოხრული ძვლები და დაძიძგნილი ნაწლავები მიმობნეულიყო. „სად გაქრა ის სილამაზე?“ - თავისთავს დაეკითხა დათვი და ზიზღით მოავლო თვალი ნამუსრევს: სისხლით მორწყულ ტაფობში დაბორიალობდა და განუწყვეტლივ ოხრავდა. მორევის ახლოს ირმის თვალს წააწყდა. როცა ღიად დარჩენილ თვალში ჩაგუბებული ცრემლი შეამჩნია, მობრუნდა და აჩქარებით შეუყვა აღმართს. კლდეს თავზე მოექცა. ამ ადგილზე ხევი საკმაოდ ფართო იყო და ხრეშითა და ნარიყით იყო დაფარული. ვერავინ ნახა. ნათითარებზე გაბრაზებით დააბიჯებდა და ტყეში მიმალვა ეჩქარებოდა. ბოლოს ხევის მეორე ნაპირს მიაღწია და მუხნარში შევიდა. „ასე შეიძლება მთელი სილამაზე დაიღუპოს, გაივლო გულში. - თუ ქვეყანაზე აღარც მზე იქნება, აღარც ყვავილები, რაღა ფასი ექნება სიცოცხლეს“. წინ დიდი, წაფერდებული მუხა გამოჩნდა. გეზი მისკენ აიღო. „იმ თვალების პატრონს კბილი როგორ დააკარეს?“ - გაიფიქრა აღელვებულმა. მუხის ტოტზე ჭრელი ფრინველი იჯდა. დათვი რომ დაინახა, ჩხავილით აფრინდა და ფოთლებში მიიმალა.
31
„აქაც ისე იქცევიან, როგორც ველზე. ჩანს...“ ვეღარ დაამთავრა აზრი. ფოთლებში გაუჩინარებული ფრინველი ისევ გამოჩნდა, ნისკარტში კვერცხი ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. უკან აღელვებული შავი ფრინველი მისდევდა და კვერცხის წართმევას ცდილობდა. „უბედურებაა ყოველივე ამის ყურება, გაიფიქრა დათვმა და ბებერი მუხის ძირში შეჩერდა. იქნებ არ მინდა ასე ცხოვრება?“ ცდილობდა, ღელის ერთ მხარეს ევლო, უწყლობით ისე იყო შეშინებული, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, არასოდეს დასცილებოდა ხევს. მოშივდა. წყალვარდნილთან განცდილის შემდეგ ჯერ კიდევ დაბნეული იყო და საჭმლის ძებნას გულს ვერ უდებდა. როცა მწიფე პანტის სუნი იგრძნო, გახალისდა, სუნს გაჰყვა. უფრო და უფრო საგრძნობი ხდებოდა. ბოლოს წიფლებსა და მუხებს შორის მდგარი პანტის ხეც გამოჩნდა. დათვი ფორხვენა ბალახებში გაძვრა, ასკილის ბუჩქს გვერდი აუარა და პანტასთან მივიდა. ხის ძირი მწიფე ნაყოფებით იყო მოფენილი. ის იყო ჭამას უნდა შესდგომოდა, რომ ტოტებიდან ღრიალი გაისმა. - ეეე, მოიხედე აქეთ, - დაიძახა ვიღაცამ, ახლავე აქედან მოუსვი, თორემ თუ ჩამოვედი, გიჩვენებ სეირს. მაღლა აიხედა და გაოცდა. ტოტზე მისი მშობლების მსგავსი არსება იდგა. დათვი გაშტერებით მიაჩერდა ხეზე მდგომს.
32
- რა გითხარი მე შენ?! - დაიყვირა ტოტზე მდგომმა და ისე შეირხა, თითქოს ძირს უნდა ჩამოხტესო. დათვს გულში შიში არ გაუვლია, მაგრამ ცუდ ხასიათზე დადგა და პანტა უკანვე დაყარა. გაბრუნდა. შორს წასვლა უნდოდა, მაგრამ შიოდა და თანაც თავის ჯიშს რომ ხედავდა, იქაურობას ვერ სცილდებოდა. ასკილის ბუჩქს ამოეფარა. პანტის ტოტები შეირხა და ნაყოფი ტყაპა-ტყუპით წამოვიდა ძირს. ცოტა ხნის შემდეგ მოპირდაპირე მხარეს აჯაგრული, ტალახში ამოსვრილი ოთხფეხიც გამოჩნდა. "ტახი!“ - წამოიყვირა დათვმა მის დანახვაზე. ტახი პანტის ძირში დადიოდა, ნაყოფს კრეფდა და თქაფათქუფით ჭამდა. ვეებერთელა ეშვები წარამარა ადი-ჩამოდიოდა ყბებზე. პანტის ხე აღარ ირხეოდა. ტახი ნელ-ნელობით მიუახლოვდა იმ ტოტს, რომელზედაც დათვი იდგა. უეცრად ბუჩქს უკან გატრუნულმა შეამჩნია, რომ ტოტზე მდგომმა თავი ლაჯებში ამოიდო, ბურთივით დამრგვალდა და ძირს გადმოეშვა. - წელს მოტეხს, - იყვირა და ადგილზე შეხტა, მაგრამ ზემოდან ჩამომხტარმა ვერ მოზომა და ტახის უკან მოადინა ზღართანი. ტახი სხარტად შემოტრიალდა, მაგრამ დათვმაც მოასწრო ფეხზე წამოდგომა და ბრძოლისათვის მომზადება. - გაეთრიე აქედან! რად მოდიხარ ჩემს დაბერტყილზე?!
33
- მე რაღა ვჭამო ან ამათ რა ვაჭამო? - მიუგო ტახმა და ბუჩქებზე მიუთითა. იქ შვიდი თუ რვა გოჭი შეჯგუფულიყო და შეშინებული მისჩერებოდა მოშუღართ. ...პირველად დათვმა შეუტია. თათი მოიქნია და ბეჭებში დასცხო. ტახი წაბარბაცდა, მაგრამ თავი შეიკავა და ეშვი ბარძაყში აძგერა მოწინააღმდეგეს. დათვმა დაიღმუვლა და განზე გახტა. ჭრილობიდან სისხლმა ითქრიალა. ისინი კვლავ ერთიმეორისაკენ მიიწევდნენ. დათვი კვლავ აიყალყა. ღორს პირზე ქაფი მოდგომოდა და მოწინააღმდეგეს ფაშვში უმიზნებდა ეშვს. მებრძოლნი ერთმანეთს ეცნენ. როცა გაიყარნენ, დათვს ფერდიდან სდიოდა სისხლი, ღორს კი შუბლიდან. ტახი წაბარბაცდა და პანტის ძირს მიეყრდნო. სისხლი თვალში ჩადგომოდა და მზერას უბინდავდა. დათვი ჩაყუნცულიყო და ძლივს სუნთქავდა. „იმდენი პანტა აქვთ, ისინი კი მაინც ერთმანეთს ხოცავენ“, - სინანულით გაიფიქრა ბუჩქთან მდგომმა. ტახი მობრუნდა, ღრმად ჩამჯდარი თვალები დათვს მიაპყრო და მისკენ გაექანა. დათვიც დასახვედრად მოემზადა. „დათვი ტყუის. ერთი სული ჩანს. ტახს კი...“ ვეღარ დაამთავრა ფიქრი. დაინახა, რომ მოწინააღმდეგეები მალე ისევ ერთმანეთს ეცემოდნენ. - მოიცათ! - შეჰყვირა ბუჩქის უკან ამოფარებულმა, - მოვიფიქროთ, ავწონ-დავწონოთ.
34
საფარიდან აჩქარებით გამოიჭრა და მოშუღართა შორის ჩადგა. მოწინააღმდეგენი ადგილზე გაშეშდნენ და მოსულს მიაჩერდნენ. - მაგასთან მორიგება შეუძლებელია, - თქვა ტახმა ცოტა ხნის შემდეგ. ყველაფერი თვითონ უნდა: პანტაც, წაბლიც, წიწიბურაც. ჩვენ რაღა ვჭამოთ? ამათ შეხედე! - ტახმა ბუჩქისაკენ გაიხედა. სააშკარაოზე გამოსულ გოჭებს ერთი სული ჰქონდათ, პანტას სცემოდნენ. - არ დამითმობს და წავართმევ, აბა, სხვა რა გამოსავალი მაქვს. დათვი თანამოძმეს მიუბრუნდა. იგი ჭრილობას ილოკავდა და დროდადრო სტუმარს უყურებდა. როცა თვალებში შეხედეს, შეკრთა, ლოკვას თვი ანება და კოჭლობით შევიდა ტყეში. ცოტა ხნის შემდეგ ტახმაც დატოვა პანტა. ასპარეზი დაცარიელდა. დათვმა თვალი მოავლო იქაურობას. მიქელილ-მოქელილ ბალახებს ახლად დაღვრილი სისხლის ზოლები ემჩნეოდა. პანტას პირი ვეღარ დააკარა და ოხვრით გაუდგა გზას. ამ დღიდან კაი ხანი გავიდა. დათვი თანდათან შეეჩვია ტყეს. მზის ჩასვლა ძველებურად აღარ აშინებდა. არც ყოველ გაფაჩუნებაზე თრთოდა. დარწმუნებული იყო, დათვებზე ადვილად ვერავინ გაბედავს თავდასხმასო, და გულდამშვიდებული დადიოდა. ადამიანები თითქმის აღარ ახსოვდა, მაგრამ როცა შიმშილი ძალიან შეაწუხებდა, მაშინვე მათ ლანძღვას იწყებდა. - ისინი რომ არა, ჩვეულებრივი ტყიური
35
ვიქნებოდი და დანარჩენებივით ვიხოვრებდი, ახლა კი ყველაფერი გულზე მხვდება, - იტყოდა ხოლმე. წყალი საძებარი აღარ ჰქონდა საჭმელი კი ხშირად აკლდა. ზოგი ხილი უკვე მოილია და, რაც დრო გადიოდა, გაძღომა უჭირდა. მშობლიური ბუნაგი მუდამ ახსოვდა. იმედს არ ჰკარგავდა, რომ დღეს თუ ხვალ იპოვიდა და ხევს სულ ზემოთ და ზემოთ მისდევდა. ეგონა, უკვე ტყის ყველა საიდუმლოს ჩავწვდიო, მაგრამ ერთმა ღამემ აზრი შეუცვალა. ...მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა. ვეებერთელა, ძირგამოფუღრული მუხის ძირში იწვა და გარეთ ვერ გამოდიოდა. წვიმა არც ღამე შეწყვეტილა. პირიქით, ნაშუაღამევს უფრო მოუმატა. გაეღვიძა. ალბათ ისევ ძილს მისცემდა თავს, რომ მოულოდნელად დღესავით არ განათებულიყო. მაშინვე გამაყრუებელი ქუხილიც გაისმა. დათვი ზეზე წამოვარდა, მაგრამ უცბად ძლიერი ბიძგი იგრძნო და მიწა ფეხებიდან გამოეცალა. მეტი არაფერი ახსოვს. როცა გონს მოვიდა, აღარ წვიმდა. მზე საშუადღეოზე იდგა, ხრამში ეგდო და თავზე თაფლისფერი, გაქუცული ნადირები ადგნენ. მგლებს ჰგავდნენ, მაგრამ უფრო მომცროები იყვნენ. დათვი რომ წამოდგა, ისინი წკავწკავით გაეცალნენ იქაურობას. - მკვდარი ვეგონე, - ჩაილაპარაკა და ხრამიდან ამოფოფხდა. არაფერი ტკიოდა, თუმცა გაბრუებული იყო. როდესაც იმ მუხას შეხედა, რომლის ფუღუროშიც
36
იჯდა, სახტად დარჩა - იგი შუაზე გახლეჩილიყო და ერთ ნახევარზე ჯერ კიდევ ღუოდა ცეცხლი. თავს იმტვრევდა, მაგრამ ხრამში ჩავარდნის მიზეზს ვერ მიმხვდარიყო. - ადამიანი იქნებოდა, - დაასკვნა ბოლს, სწორედ ასე დაიქუხა მაშინაც, დედა რომ მომიკლეს. დამტვრეულ ხეს რამდენჯერმე შემოუარა, მაგრამ კვალს ვერ წააწყდა. „მას ისეც შეუძლია გავნოს“, - გაიფიქრა და ადამიანის სიძულვილი უფრო გაუცხოველდა. ნამეხარი მუხა დატოვა. კარგა ხანს იარა და ბოლოს მაჟალოს მიაგნო, შიოდა და გემრიელად მიაძღა. მერე ისევ გზას გაუდგა. თავდაღუნული მიდიოდა და ვერც ის გაიგო, როგორ მიადგა ტყის პირს. მაშინ შედგა, როდესაც შუქმა თვალებში შეანათა. ...პატარა ტბასთან მისულიყო. ტბის ნაპირზე ორი კარავი იდგა. კარვის წინ გასაშლელი სკამები ეწყო. - ადამიანი! - წამოიძახა და ნაბიჯი წინ წადგა. უეცრად სულ ახლოდან შემოესმა მათი ლაპარაკი. იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა და შეამჩნია, რომ იქვე, ხის ძირში ორი ვაჟი და ერთი ქალი ისხდნენ. ისინი გაცხარებით ლაპარაკობდნენ. მოულოდნელად ქალი ზეზე წამოხტა, ბიჭები მიატოვა და კარებისაკენ გაიქცა. მაღალი, მზით დამწვარი კანჭები და ქერა, მხრებზე ჩამოყრილი თმა ჰქონდა, მოქნილი ტანი მოხდენილად მიჰქონდა. კარვის წინ მივიდა, სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
37
-
ბიჭებმა ჯერ ხმას აუწიეს, მერე წამოხტნენ და ერთმანეთს გამალებით დაუშინეს მუშტები. ისე ახლოს იყვნენ, რომ დათვს შეეძლო ერთი ნახტომით გამჩნდარიყო მათთან. უეცრად ერთ-ერთი ახალგაზრდა წაბარბაცდა და იმ ბუჩქთან გაიშოტა, რომლის უკანაც დათვი იყო ატუზული. დათვი დაიბნა, ხელსაყრელმა შემთხვევამ გონება აურია და სხეული მოუდუნა. ნაბიჯს წინ ვერ დგამდა. ამასობაში ბიჭი ზეზე წამოვარდა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან შავად მოელვარე საგანი ამოიღო, მერე ასწია და მოწინააღმდეგისკენ გაიშვირა. დათვი შეკრთა. მან კარგად იცოდა ამ იარაღის თვისება - დააქუხებდა და სულიერს მიწაზე დაანარცხებდა. ვაჟის ხელს თვალი გააყოლა და და დაინახა, რომ მეორე ახალგაზრდა ტბის პირზე ჩაცუცქულიყო და სახეს იბანდა. დათვს გააჟრჟოლა. არ უნდოდა იმ ხმის გაგონება, დედა რომ დაუდუმა. აჩქარებით გადადგა ნაბიჯი და ჭაბუკს მხარზე ტორი დაჰკრა, თანაც, როგორც შეეძლო, ისე დაიღრიალა. ჭაბუკმა უკან მოიხედა და როდესაც თავს წამომდგარი დათვი დაინახა, უზომო შიშმა გადაურბინა სახეზე. შეშინებულმა ხელები გაასავსავა და პრიალა საგანი ხელიდან გააგდო. იარაღი ტბაში ჩაეშვა. ტბის პირზე ჩაცუცქულმა უკან მოიხედა, მერე ზეზე წამოხტა და კარვებისაკენ გაიქცა. სიცოცხლეს ართმევდა, - თქვა გაბრაზებულმა დათვმა. - რამ გაუქვავა ასე ახალგაზრდას გული.
38
კარებისაკენ გაიხედა. გოგონა ბიჭების შესახვედრად მორბოდა. ბოლოს ადამიანები შეჯგუფდნენ და აღელვებით დაიწყეს ლაპარაკი, თან ტყისკენ იშვერდნენ ხელებს. რატომღაც დათვს ყირაზე გადასვლის სურვილმა მოუარა. ბუჩქი დატოვა, ტბის ნაპირზე გავიდა და რამდენჯერმე გადაგორდა. მერე უკანა ფეხებზე დადგა, მარცხენა თათი მარჯვენა ძუძუზე დაიდო, მარჯვენა გაიშვირა და წრე შემოუარა. როდესაც ტყეში შესულმა უკან მიიხედა, შეამჩნია, რომ ადამიანები კვლავ ერთად იდგნენ და გაღიმებულები მის კვალს გაჰყურებდნენ. „არ უნდა შემეშალა ხელი“, - გაიფიქრა, როცა ისევ დაბურულ ტყეში აღმოჩნდა, - წაერთმია სიცოცხლე, განა ისინი ვინმეს ინდობენ? მაგრამ, თვითონვე შეეხმიანა თავს, - ის ჭაბუკიც ხომ წყალში ჩავარდებოდა. მწვანე ბალახზე სისხლი უნდა დაღვრილიყო და თავგზა ამებნა“. დათვს მოულოდნელად ურემზე პირქვე ჩამხობილი დედა დაუდგა თვალწინ... „უნდა მეცლია, სანამ სიცოცხლეს წაართმევდა, მერე ისიც ზედ უნდა მიმეყოლებინა, - გაიფიქრა გამძვინვარებულმა, - მე კი იმათ თვალწინ ძუნძული დავიწყე“. ერთ ადგილზე ვეღარ ისვენებდა. დედის სისხლიან შუბლს ცხადივით ხედავდა და გმინავდა. „ჩემი მარტოობაც მათი ბრალია. ერთი მაინც უნდა დამერტყა.“ ...ჯაგებს დაერია და სულ მუსრი გაავლო. მერე ერთ განმარტოებულ ბუჩქთან მივიდა და იმასაც
39
იგივე დამართა. საიდანღაც პატარა ხატულა ჩიტი გაჩნდა. ბუჩქზე დაჯდა, მაგრამ თვალის დახამხამებაში ისევ წამოფრინდა და წრიპინით მოჰყვა ახლომახლო ფრენას. დათვი ჩიტს შეჰყურებდა და მისი აღელვების მიზეზს ვერ ხვდებოდა. შემთხვევით ძირს დაიხედა და მიწაზე პატარა, გატეხილი კვერცხები შეამჩნია. სიბრაზემ მაშინვე გაუარა. დარცხვენილ აბუზულ ფრინველს მისჩერებოდა და უკან-უკან იხევდა. მერე მობრუნდა და იქაურობას აჩქარებით გაეცალა. გავიდა ხანი. მზემ სიმხურვალე დაკარგა. ხეებმაც ფერი იცვალა. ხილი თანდათან შემცირდა და დათვი მთელ დღეებს სარჩოს ძებნაში ატარებდა. ერთ დღეს დაღონებული მისდევდა ხევს. უეცრად სიმინდის ტაროს სუნი ეცა. ცოტა რომ გაიარა, ახო გამოჩნდა. ახოში სიმინდის ყანა შრიალებდა. ტარო ძალიან უყვარდა და გემრიელად შეექცა. ამის შემდეგ ყოველდღე აკითხავდა ყანას და სიმინდით პირს იტკბარუნებდა. ერთხელ, ახოში ორი ადამიანი დახვდა. ყანაში იდგნენ და ლაპარაკობდნენ. ტყის პირზე ურემი ეყენათ. იქვე, ბუჩქზე მიბმული ხარები ჩალას ჭამდნენ. ცოტა მოცილებით ჩალის ქოხი გაეკეთებინათ. მის წინ ცეცხლი ბჟუტავდა. დათვი ადამიანებს მისჩერებოდა და ათას რამეს ფიქრობდა. კაი ხანი იყო, ამ ყანაში დადიოდა და ისინი არასოდეს ენახა. „ხარებს დავეცემი“, - გაივლო გულში გაბრაზებულმა.
40
მათკენ წავიდა, მაგრამ ჩქარა გადაიფიქრა: „ხარებს არაფერი დაუშავებიათ და...“ ისინი არასოდეს სძულებია, პირიქით, როგორც კი უღელში შებმულებს დაინახავდა, ცოდვით გული უკვდებოდა. ხშირად უნახავს, როგორ უტყლაშუნებდა კაცი ურმის სიმძიმისგან წელში მოხრილებს სახრეს. „თანაც, ბალახის მეტს არაფერს ჭამენ“, - ფიქრი ფიქრს მიაყოლა ტყეში განაბულმა. ქოხს მიუახლოვდა. ბუჩქს უკან ჩაჯდა და ადამიანებს მიაჩერდა. - ყველაფერს ესენი ურევენ. სახრეც ამათ აქვთ ცეცხლიცა და ქუხილიც. კაცი ქოხისკენ მიბრუნდა და დაიძახა. ქოხიდან არავინ უპასუხა. კაცმა ისევ დაიძახა. მერე ყანა დატოვა და ქოხში შევიდა. ქამარში ბასრი ცული გაერჭო. ცოტა ხნის შემდეგ ტყვიანაკრავივით გამოვარდა და ქალს აღელვებით დაუწყო ლაპარაკი. ქალმა სირბილით დატოვა ყანა და ქოხში შევარდა. „რა მოუვიდათ?“ - გაიფიქრა დათვმა და უფრო ახლოს მიიწია ბუჩქთან, რომ თავქვედაშვებული ადამიანები კარგად დაენახა. უეცრად ადამიანის სუნი სულ ახლოს იგრძნო. დათვი ბუჩქიდან ჩამოყელყელავდა და ორიოდე ნაბიჯზე პატარა ადამიანი დაინახა. იგი ძლივს დგებოდა შიშველ ფეხებზე და ხელის ცეცებით მიდიოდა. გოგონა იღიმებოდა და სწორედ იმ ბუჩქისაკენ მიიწევდა, რომლის უკანაც დათვი იმალებოდა.
41
დათვი ღელავდა და გული აჩქარებით უცემდა. - ხარებმა რა დამიშავეს, - ჩაილაპარაკა თავისთვის, - სულ ამათი ბრალია ყველაფერი. მოულოდნელად, გოგონამ ტანი ვეღარ შეიკავა და ბალახებში ჩავარდა. დათვი, თავისდაუნებურად, ზეზე წამოვარდა, მაგრამ პატარა ადამიანი ნელ-ნელა წამოდგა, წელში გამართულმა წინ გაიხედა და დათვი დაინახა. გოგონა დათვს მიაუხლოვდა და რაღაც უთხრა. დათვმა ამოიოხრა. ბავში უფრო ახლოს მივიდა და ხელი გაიწოდა. დათვმა კისერზე პატარა, თბილი ხელის შეხება იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა. ამ ხელმა ძველისძველი ამბავი გაახსენა. ...სოფელში ჩაყვანისთანავე ბოძზე მიაბეს. იმ ურემზე, რომლითაც ის და დედამისი წაიყვანეს, აღარავინ იწვა. ირგვლივ მისთვის უცნობი ადამიანები დაბორიალობდნენ და გულს უხეთქავდნენ. ხანდახან ის წვრილთავა კაცი მოვიდოდა, აუშვებდა და მის თვალწინ რაღაც-რაღაც ილეთებს აკეთებდა. მერე ჯოხს აიღებდა და მასაც იგივეს ამეორებინებდა. მარტოობა ნაჯოხარზე მეტად აწუხებდა. ერთხელ, მოწყენილი იჯდა. კარები გაიღო და ეზოში პატარა ადამიანი შემოვიდა, ბელთან მივიდა და რაღაც უთხრა. ბელის სიმაღლე იყო და მასავით სევდიანი თვალები ჰქონდა. - მოდი, ერთად ვითამაშოთ, - თქვა პატარა ადამიანმა.
42
...დიდხანს ითამაშეს. როცა დაიღალნენ, ერთად დაიძინეს. ბავშვს ხელი ბელის კისერზე ჰქონდა გადადებული და მშვიდად სუნთქავდა. ბელსაც ეძინა. ტყიდან წამოყვანის შემდეგ პირველად დაიძინა ასე ტკბილად. მერე, როდესაც დიდმა ადამიანებმა ბავშვი გააღვიძეს. გალახეს და ეზოდან გაიყვანეს, ბელმა მთელი დღე იტირა. დათვი უკან გაბრუნდა და ბილიკს დაადგა. გოგონაც აედევნა. კისერზე განუწყვეტლივ გრძნოდა სითბოს. პატარა ადამიანი რაღაცას უყვებოდა. ბილიკიდან გადაუხვია და ბუჩქებში წამოწვა. აქედან ხელისულივით ჩანდა მთელი ახო. ადამიანები ხან ქოხთან გამოჩნდნბოდნენ, ხან ისევ სიმინდში შერბოდნენ. „ალბათ ასე მეძებდა მამაჩემიც“, - გაიფიქრა დათვმა და ზურგზე მჯდომ ბავშვს ფეხი აულოკა. ცოტა ხნის შემდეგ მოეჩვენა, რომ ვიღაც უმზერდა. მიიხედა და ათიოდ ნაბიჯზე ქალი დაინახა. იგი თრთოდა და ლოყებს იხოკავდა. როცა კაციც მიუახლოვდა, ქალი უკვე წასაქცევად ტორტმანებდა. კაცი ბავშვისაკენ წავიდა. დათვმა დაინახა, როგორ მიაგდო ბალახებში ქამრიდან ამოძრობილი ცული. დათვი ნელ-ნელა წამოდგა. ბავშვი ჩამოცურდა და ბალახებში ჩაჯდა. კაცმა რომ ხელში აიტაცა ბავშვი, დათვი განზე გადგა. ადამიანი გაოცებით მისჩერებოდა ნადირს და თან უკან-უკან იხევდა.
-
43
ადამიანები თვალს მიეფარნენ. დათვი ისევ იმ ადგილზე იდგა და მოწყენილი ჩასჩერებოდა მიწას. ბალახებს ჯერ კიდევ გოგონას სუნი ასდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ იქაურობა დატოვა. წელმოწყვეტილივით მიდიოდა. ტანი არ დამემორჩილა, - წამოიძახა უცბად, გაბრაზება კი მინდოდა, მაგრამ ვერ გავბრაზდი, ისეთი გულუბრყვილო იყო, რომ... ორი დღე ყანისკენ აღარ გაუხედავს, მესამე დღეს კი, როდესაც ნაკაფს ისევ მიაკითხა, სიმინდი უკვე გაეზიდათ, ქოხიც მოეშალათ. ნასიმინდარში ქარი დანავარდობდა და ფუჩეჩს აქეთ-იქით ანიავებდა. დათვმა ნაქოხარზე გადაიარა, მერე იმ ბილიკს აჰყვა, რომელზედაც გოგონა გაატარა და ტევრში ჩაიკარგა. კარგა ხანს იარა, ბოლოს ერთ ტაფობში წაბლს წააწყდა და დანაყრდა. ბოლო დროს უფრო და უფრო მოუმატა წვიმას. გახშირდა ქარიც. ხანდახან ისე უბერავდა, რომ ხეები ჭრიალებდნენ. - მე კი, - ჩაილაპარაკებდა ხოლმე გულდაწყვეტით, - თავშესაფარიც არა მაქვს. ასეთი ამინდი კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე აყენებდა და დიდი მუხის ძებნას იწყებდა. ერთხელ, ხევს მისდევდა. მდინარის კალაპოტი ვიწრო იყო. ორ დათვს თავები ერთმანეთისთვის რომ მიედო, მთლიანად გადაკვეთავდა. წყალი თხელი იყო და მდორედ მოედინებოდა. უცბად, ღელეში ხრიალით ჩამოცვივდა მიწა და ღორღი. კბოდეს რაღაც ცხოველი მოსდგომოდა. შეშინებული იყო. ეტყობოდა, დამრეცი ნაპირი აკრთობდა, მაგრამ მაინც დაბლა ჩამოხტა.
44
თხას ჰგავდა, თუმცა მასზე გაცილებით მოხდენილი იყო. პატარა რქები ჰქონდა და შავ, ლამაზ თვალებს წარამარა ახამხამებდა. ზემოდან ისევ ჩამოცვივდა ღორღი. დათვმა იქით გაიხედა და ორი მსხვილი მურა დათვი დაინახა. ისინი ერთხანს ბექს ჩასჩერებოდნენ, მერე კი ტყაპატყუპით ჩახტნენ დაბლა. რქიანს ნერვიულობა დაეტყო. წინ გაქანდა და ლამის ხევში მიმავალ დათვსშეეჯახა. შეშინებული მობრუნდა და ახლა უკან გავარდა, მაგრამ ისევ მოეცარა ხელი. იქაც ორი დათვი დარაჯობდა. როდესაც მდინარეში ჩამომხტარმა დათვებმა ნახეს, რომ გაქცეულ შველს მათმა თანამოძმემ გადაუჭრა გზა, ძალიან გაეხარდათ. - არ გაუშვა და ერთი ბარკალი შენი იყოს, დაიძახა ერთმა. დათვი შედგა და შველს მიაჩერდა. შეშინებული ისევ ზემოთ ასვლას ცდილობდა, მაგრამ უკანვე ვარდებოდა. დათვები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ მას. შველი წინ გაიჭრა, მაგრამ გზაში ჩაყუნცული დათვისა შეეშინდა და იქვე შედგა. ღელეში კიდევ რამდენიმე დათვი ჩამოხტა და შველისაკენ წამოვიდა. ზემოთ მიმავალი იდგა და იქაურობას ათვალიერებდა. როცა შველმა გვერდზე ჩაუქროლა, ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. დათვებმა ცოტა ხანს კი სდიეს გაქცეულს, მაგრამ როცა იგი თვალს მიეფარა, უკან შემობრუნდნენ. - ეგ რა ჰქენი, შე რეგვენო, - დაუყვირა ყველაზე დიდმა და ტორი მოუქნია. დანარჩენებიც წაესივნენ.
45
- დათვი კი არა, კურდღელი ყოფილხარ. სად გაგონილა ნადირობის დროს ღალატი? გაეთრიე აქედან და ამ მთაში შენი ფეხი არ იყოს! - ყვიროდნენ გაცოფებულები და თან ტორებს ურტყამდნენ. ძლივს გაუსხლტა თანამოძმეებს, ტყეში შევიდა და კინაღამ ატირდა. ხევიდან დათვების ყაყანი ისმოდა, ის კი მშიერი, ნაცემი და შეურაცხყოფილი ძლივს მიბობღავდა ბუჩქებში. - რისთვის ამიხირდნენ, - წამოიძახა ბოლოს, ვის რა დავუშავე! აუცილებლად სისხლი უნდა ვღვარო?! წვიმა წამოვიდა. ეგონა, ჩქარა გადაიღებსო, მაგრამ მესამე დღეს გამოიდარა. უჭმელი იყო და როცა მთელი დღის ხეტიალის შემდეგ კუჭი ვერ დაიყუჩა, ხევში ჩავიდა. ნაპირზე, ლამში რამდენიმე თევზი იპოვა ეტყობოდა, წყალდიდობას გამოერიყა და წყლის ჩამოწრეტის შემდეგ დახოცილიყვნენ. მისი პატრონი ხშირად ყიდულობდა ხოლმე თევზს. ჯერ ქერცლს გააცლიდა, ნაწილ-ნაწილ დაგლეჯდა, ჭამდა და თან ბოთლს წრუპავდა. თუ კარგ ხასიათზე იყო, ცოტას არგუნებდა ხოლმე. მაგრამ ნაყიდი თევზები ფიცრისას ჰგავდნენ. გაფშეკილებს მარილის გემო დაჰკრავდათ. ესენი კი, ცოცხლებივით ტანტალებდნენ, არც მარილის სუნი უდიოდათ. დათვმა დიდხანს უყურა თევზებს, ტორი ამოჰკრა, აქეთ-იქით გადაატრიალა, მაგრამ საჭმელად გული არ მიუვიდა და იქაურობას გაეცალა.
46
უჭმელმა დაიძინა. ღამით კი ისე შეაწუხა შიმშილმა, რომ, გათენდა თუ არა, ხევისაკენ გაიქცა. თევზები იქვე ეყარნენ. ერთად შეაგროვა და გვერდით მიუწვა... ხევი დიდი ხნის შემდეგ დატოვა. კარგ ხასიათზე იდგა და მსუბუქად მიდიოდა. ერთ ადგილზე მელია შენიშნა. მიწაზე გაკრულიყო და რუხ, გრძელყურა ცხოველს ეპარებოდა. ზურგშექცევით იჯდა კურდღელი, გრძელ ყურებს სასაცილოდ ათამაშებდა და ელამი თვალებით მზეს მისჩერებოდა. დათვმა ფეხაკრეფით აუარა გვერდი მათ და გზა გააგრძელა. სიარულში შემოაღამდა. ერთი დიდი მუხა მოძებნა და მის ძირში ჩაჯდა. ციოდა. ვერ გათბა და მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გაატარა. გათენდა. თვალები გაახილა და სახტად დარჩა. იქაურობა სულ ჭირხლს დაეფარა. ცუდ ხასიათზე დადგა და ფეხი ააჩქარა. ხევში ჩავიდა. ისე პატარა წყალი მოდიოდა, რომ თათებს ძლივს უფარავდა. ღელის ნაპირზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. კარგახნის შემდეგ წამოდგა. ერთხანს შეუსვენებლივ იარა და ბოლოს პატარა გუბეს მიადგა. „როგორ ჰგავს ჩვენსას“, - გაიფიქრა და მის ნაპირს შეხედა. ზემოდან გადმოხრილ თხრილის ტოტებს თითქმის მთელი გუბე დაეფარა. - ჩვენთანაც ასე იყო. როცა წყალს ვსვამდი, მის ზედაპირზე ყოველთვის ვხედავდი თხილის ტოტებს, - თქვა და იქვე ჩაჯდა. - ამ დროს მამაჩემი აქეთ იჯდა ხოლმე, დედაჩემი კი - იქით. წყლის დალევის შემდეგ ისევ ბილიკს ვადგებოდით. ბილიკი კი, ჩემს უკან იყო
ხოლმე, აი, აქ, - სავარაუდო ადგილისკენ გაიხედა და გული გადაუქანდა. იქ, ბუჩქებს შორის, გატკეპნილი მიწა ჩანდა. უბალახო ზოლი სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევდა და ტყის სიღრმეში იკარგებოდა.
დაბრუნება
47
დათვი ზეზე წამოვარდა. მაშინვე უნდოდა ბილიკზე აერბინა, მაგრამ თავი შეიკავა. „ვაითუ ვცდები? - გაიფიქრა და ერთ ადგილს დაუწყო ტკეპნა. მერე გულმა აღარ მოუთმინა და ისევ იქით გასწია. თუ ეს მართლა ჩვენი ბილიკია, ამ ბორცვის შემდეგ მუხის წვერი უნდა გამოჩნდეს, - თქვა აღელვებულმა და აღმართს შეუდგა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. - მართლა რომ ის გამოდგეს?! - იძახდა წარამარა და ბორცვს მისდევდა. გადასახედს რომ მიაღწია, თვალები დახუჭა. ერთხანს ასე იარა. როცა ივარაუდა, რომ ახლა ყველაფერი გამოჩნდებაო, თვალები ნელ-ნელა გაახილა. უეცრად ცაში ატყორცნილი კენწერო დაინახა. სიხარულისაგან შეხტა და თავქვე დაეშვა. - ის არის, ჩვენი მუხაა! - იძახდა და მთელი ძალით გარბოდა. ბექის ძირში მოზრდილი ხვრელი შენიშნა. - აი, ჩვენი ბუნაგიც, - თქვა და ნაბიჯი შეანელა.
48
სიხარულისაგან ხმას ვეღარ იღებდა, ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ დაბრუნდა. ნელი ნაბიჯით გასწია ბუნაგისაკენ. ისე იყო გახარებული, რომ ლამის მიწაზედაცემულიყო და კოტრიალი დაეწყო. თხილის ბუჩქებში გაძვრა, ტანით ჯირკს გაეხახუნა, მერე პატარა თეთრ ლოდს თათი წამოარტყა... უნდოდა ყველაფერს შეხებოდა და მოფერებოდა. - თქვე მადლიანებო, თქვენა, რამდენჯერ მინახიხართ სიზმარში, - ჩურჩულებდა წყნარად. უეცრად ერთ ადგილზე გაშეშდა. მუხის ძირში დიდ, ბებერ დათვს მოჰკრა თვალი. იგი აყალყულიყო, ზურგით ხეს მიყრდნობოდა და მგლებს იგერიებდა. იქვე, ხუთი თუ ექვსი მკვდარი ნადირი ეგდო, ერთი ამდენი კი გააფთრებით უტევდა მას. ფეხზე ძლივს იდგა. ტანი სულ დასისხლიანებოდა და გაფატრული მუცლიდანაც შიგნეული მოუჩანდა. ბუჩქთან მდგომს მისი ტოტები ეცა თვალში. იღლიიდან თათებამდე სულთეთრად უქათქათებდა. როცა საკუთარზე დაიხედა, გაოცდა. ისინიც თეთრები იყვნენ. ყველაფერს მიხვდა და გამძვინვარდა. ერთი ხანობა ფეხაკრეფით იარა, მერე დაიღმუვლა და მგლებისაკენ ისკუპა. როცა გამოერკვა, მუხის ძირში მხოლოდ ის და ბებერი დათვი იდგნენ. ხერხემალგადამტვრეული და დასახიჩრებული მგლები მიწაზე ეყარნენ და სულს ღაფავდნენ.
49
გვამებზე გადააბიჯა, დაჭრილთან მივიდა და წინ დაუდგა. ბებერი დათვითვალებში ჩააჩერდა მას და ჩუმი ოხვრა აღმოხდა. - ვინც უნდა იყო, დიდ მადლობას მოგახსენებ, თუმცა სამაგიერო სამსახურს ვერ გაგიწევ. ვკვდები, თქვა და ჩაჯდა. ისევ თვალებში უყურებდა მოსულს. - ათი ზაფხულის წინ ამ ადგილზე ადამიანები მოვიდნენ. მერე პატარა ბელი და დედამისი ურემზე შეყარეს და თან წაიყვანეს. თვალები იმ ბელს მიგიგავს, თუმცა... - სწორედ ის ბელი ვარ, შენი შვილი! - შეჰყვირა მოსულმა და დაჭრილის წინ თავი დახარა. - რას ამბობ! - წამოიძახა დაჭრილმა და ზეზე წამოიწია. ხმას ვეღარ იღებდა. - აღარ გელოდი, - მას შემდეგ ათჯერ ჩამოსცვივდა ხეებს ფოთლები. სიზმარში კი მუდამ გხედავდი, ბუნაგშიც სულ შენი და დედაშენის სუნი ტრიალებდა. დათვმა შეისვენა. - იმ დღეს, - დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ, - აგერ ვიდექი, დედაშენი კი შესასვლელთან გვიცდიდა. როცა იქუხა, დავეცი და წელი ვეღარ ავიტანე. დედაშენი ისევ ბუნაგში შებრუნდა. როცა ადამიანები ჩემკენ გამოქანდნენ, ძალა მოვიკრიბე და ტყეში შევვარდი. ბეჭებში ცეცხლი მეკიდებოდა, უგზოუკვლოდ მივრბოდი და ხრამში ჩავვარდი. დიდხანს ვეგდე გულწასული. გონს რომ მოვედი, ისევ ბუნაგისაკენ წამოვედი. ძლივს მოვდიოდი. გადაწყვეტილი მქონდა, თქვენი თავი არავისთვის დამეთმო, მაგრამ თქვენ უკვე სხვას ეკუთვნოდით. მაინც ბედნიერი ვარ, რომ დაბრუნდი.
50
დათვს ცრემლები გადმოსცვივდა და ხმა ჩაუწყდა. მერე ცახცახით ასწია თათი და მის წინ თავდახრილს კისერზე მოუსვა. მთრთოლვარე თათი საყელურისაგან გადაცვეთილ ადგილს ეხებოდა. დაჭრილი წამოდგა და ბუნაგისაკენ წავიდა. ნაწლავები ბალახებზე მისთრევდა. ბუნაგში შევიდა. ისიც თან შეჰყვა. უკან მხოლოდ მთვარის ამოსვლისას გამოვიდა, როცა ბებერი დათვი მოკვდა. ციოდა. თხილის ბუჩქთან წამოწვა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეხედა. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე მოიკუნტა, თავი ლაჯებში ამოიდო და ჩათბა. დილაადრიან კიდევ შევიდა ბუნაგში და გვამს დახედა. მოეჩვენა, რომ იქ ორივე მშობლის სუნი ტრიალებდა. გარეთ გამოვიდა და გადაწყვიტა, იქ აღარასოდეს შესულიყო. არ უნდოდა, იქ მშობლების სულები დაეფრთხო. იქ მისი პატარაობაც ჩაბუდებულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ წყალზე ჩავიდა. გუბის პირას ჩაჯდა და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა. თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ოღონდ ხეები უფრო დიდები გამხდარიყვნენ. დალია. უკან დაბრუნდა და ბუნაგის ახლოს ჩაცუცქდა. კარგა ხანს იჯდა. მერე, წამოდგა, თხილის ბუჩქთან მივიდა და მიწის თხრა დაიწყო. მთელი დღე მუშაობდა. მხოლოდ ორჯერ მივიდა მგლის ლეშთან და იმდენჯერვე დალია წყალი. ღამე კი თავის ამოთხრილ ორმოში გაათია.
51
დილით, როცა ის-ის იყო საქმეს უნდა შედგომოდა, შეამჩნია, რომ ამოყრილ მიწას მამისეული ბუნაგის შესასვლელი ამოევსო, რატომღაც არ წყენია. გარეთ რამდენიმე ხნის შემდეგ გამოვიდა. არემარეს ამაყად გადახედა და ჩაცუცქდა. ტყიდან ახალგაზრდა ძუ დათვი გამოვიდა, ბუნაგის წინ მჯდომს მიუახლოვდა და თვალებში შეხედა. იცნო, ორი დღის წინ შეხვდა პირველად გუბეზე. ისიც წყლის დასალევად ჩამოსულიყო. გუბის მეორე ნაპირზე იჯდა და მას მისჩერებოდა. ძუ წამოდგა. ბუნაგთან მივიდა და შიგ შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამობრუნდა და ბილიკზე დაეშვა. დათვს გული დაწყდა, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. რამდენიმე ხნის შემდეგ ძუ ისევ დაბრუნდა. პირში ხმელი ბალახი ეჭირა. ბუნაგში შევიდა და კარგა ხანს აღარ გამოჩენილა. როცა გარეთ გამოვიდა, გაოფლილი დათვი ზეზე წამოდგა და მადლიერი თვალებით შეხედა მას. ძუ ახლოს იდგა, წყნარად სუნთქავდა და სიმშვიდეს მატებდა დაღლილს. ციდან ფარფატით დაეშვა თოვლის ფანტელი, ბუნაგის წინ დაეცა და მაშინვე გადნა. ის იდგა, თვალები ცისთვის მიეპყრო და ჩუმად ტიროდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი „შიდა ქართლის მწერლობა“ 52
http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წელი