ZZZZZ
ნუგზარ ინჯია
ოსირისის სამსჯავრო
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წ.
რედაქტორი ქეთევან გოგიაშვილი
5
კ
ლაუს გიუტემ კლიენტი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა მის ნახვას, გულდასმით აათვალიერა. ეს იყო სიმპათიური, მზისგან გარუჯული ახალგაზრდა ქალი. ცოტა ხნის წინ გაცნობილ მედდას წააგავდა სტილით, თუმცა შავგვრემანი სახე უფრო მიმზიდველს ხდიდა. _ დაბრძადით, _ მიანიშნა სავარძელზე და კომპიუტერი ჩართო, _ თქვენს განკარგულებაში ათი წუთია. ვშიშობ, ამ დროში მოახერხოთ ჩემი დარწმუნება. ჰონორარი სოლიდურია, მაგრამ, როგორც წინასწარ მოგახსენეთ, კლინიკიდან ახლახან გამოვეწერე, ასე რომ, დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეგვიპტეში გამგზავრებას ვერ დავგეგმავ. _ მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, _ თქვა მომხიბვლელმა სტუმარმა და სავარძელში ჩაეშვა. _ ჩემი სახელია სილვია ნოელი. ყმაწვილი კაცი, რომლის დაცვასაც თქვენგან მოვითხოვ, რა საოცრადაც არ უნდა გეჩვენოთ, პარანორმალური მოვლენების მსხვერპლია. _ საინტერეოა, _ თქვა ადვოკატმა და ცხვირი ხმაურით მოიხოცა. საშინელ გრიპს, რომელსაც ძლივს გადაურჩა, ჯერ კიდევ არ გაევლო. _ ალბათ ბევრი რამ გსმენიათ პირამიდების შესახებ. თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით ცდილობს ახსნას მათი მნიშვნელობა, მაგრამ არსებობს მრავალი განსხვავებული მოსაზრება. ისინი თავიდანვე დაკავშირებული იყო კოსმოლოგიურ კულტთან. ერთ-ერთი ვერსიით, ხეოფსის, ხეფრენისა და
6
მიკერანის პირამიდა, გეომეტრიული თვალსაზრისით, ორიონის თანავარსკვლავედს უკავშირდება. მათი გეომეტრიული განლაგება დედამიწის ზედაპირზე ზუსტად ისეთივეა როგორც ორიონის სარტყლის სამი ვარსკვლავისა _ ცის სფეროზე. ხეოფსის პირამიდა შეესაბამება ვარსკვლავ ალ-ნიტაკსს, ხეფრენისა _ ალ ნილამს, მიკერენისა _ მინტაკას. პირამიდების შემქმნელები ცდილობდნენ, ესარგებლათ ამ პროპორციებით. ვარაუდობდნენ, რომ მათი გამოყენებით შეეძლოთ ადამიანი დროსა და სივრცეში გადაეადგილებინათ. _ კი, მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ნარკოტიკებთან? _ ამას მიხვდებით, თუ წერილს, რომლის გამოგზავნა კლაუსმა საპყრობილედან მოახერხა, თვალს გადაავლებთ. _ კლაუსმა? _ დიახ, ჩემს ძმასაც კლაუსი ჰქვია. გთხოვთ, ღვთის გულისათვის, უარს ნუ გვეტყვით, ახალგაზრდა ბიჭი იღუპება. გიუტემ ფრთხილად გაშალა ფურცლები. მათ აშკარად აჩნდა ციხიდან გამოპარების კვალი. „იმ დაწყევლილ დღეს ახთოი შემთხვევით გავიცანი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა უცნაურად შემოსილი და სუფთად თავგადაპარსული კაცი დაუკითხავად შემოვიდა ოთახში. _ მე ახთოი მქვია, რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი ვარ, ახლა კი გადამწერად ვმუშაობ ფარაონის კარზე.
7
ვაგრძნობინე, ფეხებზე მკიდია-მეთქი, მაგრამ ის მაინც განაგრძობდა: _ დიახ, ამასთანავე კოლექციონერი გახლავართ. სწორედ ამის გამოა, რომ ახლა ეგვიპტეში ვიმყოფები. ფარაონის ბაღში, ჩვენში კარგახნის გადაშენებული ერთი საინტერესო მცენარე ხარობს და ჩემი მიზანი მისი ხელში ჩაგდებაა. ვიფიქრე, საქმე ფსიქიურად შეშლილ ადამიანთან მქონდა. _ მგონია, ვერაფრით დაგეხმარებით, _ ვუთხარი. _ ოო, თქვენ უკვე გამიწიეთ ფასდაუდებელი სამსახური... ბაღის დარაჯებმა შემნიშნეს და გამომედევნენ. ეს ნუბიელი მცველები პირდაპირ კაცისმჭამელები არიან. ძლივს დავუსხლტი, თუმცა არ მინდოდა, დიდი ხნით გამომესწრო და აქ შემოვეფარე. ხომ ხვდებით, დროის პრობლემა მაქვს. _ პოლიცია გეძებთ? _ ვკითხე. _ პრობლემები სულ არ მჭირდებოდა. _ არა, რას ამბობთ, ახლა შეუძლებელია, მიპოვნონ. თქვენი კი ძალზე მადლობელი ვარ. ჯენტლმენის სიტყვას გაძლევთ, საინტერესო გასეირნებას ამ ქვეყანაში ხვალვე მოგიხერხებთ, _ კაცი კარებთან შემობრუნდა. _ ფარაონის გადამწერი ახთოი. მაპატიეთ, გარეთ აქლემი მელოდება. აფრიკაში, ისევე, როგორც ჩვენთან, ათასი ჭკუანაღრძობი შეგხვდება. ვიფიქრე, ვეღარასოდეს ვნახავდი, მაგრამ მეორე დღეს ისევ მომადგა. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო შიშველ ტანზე საზეიმოდ ასხმულმა ბრჭყვიალა მძივებმა.
8
_ აბა, როგორ ხარ? _ მკითხა და მაგიდაზე საუცხოო სიგარები დაალაგა. _ კარგია, რომ დროში არ შევმცდარვარ. ზუსტად მოგაგენი. _ გუშინ გარეთ გამოგხედე და რაღაც არსად ჩანდა შენი აქლემი, _ ვუთხარი, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულმა. _ოო, ცხარობ, მაგრამ ჩემი ასე, დროში სიარული გამართლებული არ არის. უფრო მეტიც, სახიფათოა. მე ცოდვილი ვარ და დანაშაულს ჩავდივარ. იცი, ცოდვებით ვის წინაშე წარვსდგებით? დამცინავად ვუყურებდი. _ ოსირისის, ჩემო ბიჭუნი, ოსირისის. ის აწონის ჩვენს გულს და თუ ბუმბულზე მსუბუქი აღმოჩნდება, ორმოცდაორ ცოდვას გვაპატიებს. _ თუ არა და, რა ფეხებს მოგვჭამს? კაცი გაფითრდა, საოცარმა შიშმა აიტანა. _ ურჩხული შეგვჭამს, _ ჩაიჩურჩულა შეშფოთებით. ამ აბდაუბდიდან ვერაფერი გავიგე. სიგარა გავაბოლე. ის არ ჩერდებოდა. რაღაც მისტიკური ძალები ახსენა, დროთა უკუკავშირს რომ განაგებენ, თუმცა სხვებს ჰგონიათ, რომ დროის ატრიბუტი შეუქცევადობაა და ის მხოლოდ დადებითი მიმართულებით მიმდინარეობს. _ ახლა ამას ჩვენ თვითონ განვიცდით, _ გამოაცხადა ბოლოს. უკვე ჰალუცინაციები მეწყებოა. _ ახლა არა, ახლა პირდაპირ აუზში, _ ვუთხარი მე.
9
_ გარეთ აქლემი გელოდება, _ იდუმალი ხმით თქვა ახთოიმ. მივხვდი, რომ ვერ მოვიშორებდი. რაღაც ჰიპნოზისმაგვარიც ვიგრძენი. ვიფიქრე, სუფთა ჰაერზე გავლა საკმარისი იქნებოდა, რომ ყოველივე ამისთვის თავი დამეღწია. _ კარგი, ოღონდ იცოდე, მე მარტო აქლემით ვმგზავრობ, _ გავაფრთხილე. _ ერთი სული მქონდა, გარეთ გავსულიყავი და ამ მისტიკიდან თავი დამეღწია. _ რა თქმა უნდა, ვირზე ჯდომა ჩვენ არ შეგვფერის. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ გადამწერი ვარ ფარაონის კარზე, შენ კი, კლაუს, დროებით ჩემი შვილი იქნები, ისე, კონსპირაციის მიზნით. გარეთ გავედით, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, წასვლა არსად მომიწევდა, თქმა არ უნდა, აქლემებს ვერ დამახვედრებდა. ერთ პანჩურსაც ვუთავაზებდი შიშველ უკანალზე. _ აქეთ, _ დამიძახა, სანამ გავიდოდით, მერე მხარზე ხელი დამარტყა, _ პიოპი, შენ ჩემი შვილი ხარ, ასე რომ, ამიერიდან პიოპი გერქმევა, _ თქვა და პერანგში ხელი ჩამჭიდა. მეც მივყევი. გარეთ რატომღაც ბნელოდა. თავბრუ მეხვეოდა, თითქოს უკვე ლანდები მეჩვენებოდნენ. _ აგერ, გველოდებიან, _ ხელი გაიშვირა ახთოიმ. უცბად, ჩემდა გასაოცრად, აქლემები დავინახე. გარშემო სულ ქვიშა იყო, არცერთი ბილბორდი, არცერთი ნათურა. აქლემებთან რამდენიმე ადამიანი შევნიშნე. _ სად ვართ, _ გადავულაპარაკე ახთოის.
10
_ ახლა უკვე ხა-კაპ-ტაში ვართ, _ მიპასუხა დაძაბულმა. _ სად მივდივართ? _ გამოვთქვი პროტესტი. _ როგორ თუ სად? ახალი აპისი მოიყვანეს ტაძარში. ბაღისთვის, სადაც ჩვენი ლემა ხარობს, აღარავის სცალია. ხალხის ჯგუფთან მივედით. როგორც შევატყვე, ახთოი მბრძანებლობდა. მივუახლოვდით თუ არა, აქლემი დააჩოქეს და ზედ შევსხედით. სიბნელეში სახეები ძნელი გასარჩევი იყო. თავები მათაც გადაეხოტრათ. ტანის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდათ ნაჭრით დაფარული. ჩვენი პატარა ქარავანი ქვიშის ბორცვებს შორის გაუდგა გზას. გარშემო აღარაფერი ჩანდა. უკან მოვიხედე, სასტუმროს შენობაზე რომ მაინც ამეღო ორიენტაცია, მაგრამ ისიც ქვიშის იდუმალ სიბნელეში ჩანთქმულიყო. _ ესენი ვინ არიან? _ ხმამაღლა გადავძახე ახთოის. მან სვლა ცოტა შეანელა. _ მონები. არაა თანამდებობა თავისუფალი ხელმძღვანელისაგან, ვიდრე გადამწერის თანამდებობა, გაიგე, პიოპი?! ერთხანს ჩუმად ვიარეთ, რაღაც გაუგებარი ხამსინისა ეშინოდათ და თანდათან აქლემები ისე ააჩქარეს, ზედ თავს ძლივს ვიკავებდი. დასახლებულ დაბაში შევედით. _ აქედან ფეხით წავალთ, _ თქვა ახთოიმ. _ ცხოველები დააჩოქეს და ჩამოვქვეითდით. _ ხომ არ დაიღალე, პიოპი, თუმცა არც ისე ცხელა.
11
_ კიდევ შორია? _ ვკითხე, რადგან სასტუმროს კონდიციონერები გამახსენდა. _ შორი ის არი, რაც მიუწვდომელია, _ მისი თვალები სიბნელეში საოცრად ელავდნენ. სიკომორის პატარა ჭალა გადავიარეთ და პალმების ხეივანში გავედით. გვერდით რამდენიმე შუბიანმა კაცმა ჩაგვიარა. მათაც წამოსასხამები უფარავდათ შიშველ ტანს. ერთ-ერთი შუბოსანი შედგა და გამოგველაპარაკა. პასუხი, რა თქმა უნდა, ახთოიმ გასცა. მცირე ხანს ერთმანეთში საუბრობდნენ. მალე გზა განვაგრძეთ. _ ვინ არიან ან შუბებით რატომ დადიან? ვკითხე მე. _ ესენი ნუბიელი პოლიციელები არიან, ფარაონის ბაღის მცველები. მგონი, რაღაც ეჭვი აიღეს. შეხედე, _ თქვა უცბად, _ ფარაონის სასახლის ბაღი. იქ ხშირად ვყოფილვარ, ფარაონსაც კი შევხებივარ ფეხზე... _ მუმიას? _ რა მუმიას! იცი, რას ნიშნავს, ფეხზე რომ მზის შვილს შეეხო?! მაგრამ ის დღეები წავიდა. ქონებათა აღწერას მოვრჩით და ახლა აქტიური მუშაობა ორი წლით შეჩერებულია. პალმების ხეივანს მაღალი კედელი უკვეცავდა გზას. _ ხედავ, _ მიმანიშნა ახთოიმ _ ამ კედელს იქით არის ჩემი შორეული ოცნება, _ აშკარად შევატყვე, ამ სიტყვებზე ხმა აუთრთოლდა. უცბად მომეჩვენა, რომ ვიღაცამ დაუსტვინა. გასავათებული უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ
12
მიმეღწია უახლოეს მაგისტრალამდე და ტაქსი ამეყვანა. სტვენა განმეორდა, შემდეგ კი ჩვენ წინ აღმართულ კედელს ლანდი გამოეყო და მოგვიახლოვდა. თმაწვერგაბანჯგვლული, შიშველი კაცი იყო. ტანს ტყავის ნაჭრები მხოლოდ აქა-იქ უფარავდა. _ ეს ჩემი ნაყიდი მონაა, ჰიქსოსი, _ გადმომჩურჩულა ახთოიმ. მე თავი დავანებე ტაქსებზე ფიქრს და საკუთარ თავზე დავფიქრდი, რადგან ეს ჰიქსოსი თუ ვიღაც ნაბიჭვარი უზარმაზარ ხელებს გამალებული იქნევდა და თვალებს გაცოფებული ბუღასავით ატრიალებდა. არ ვიცოდი, რაზე ლაპარაკობდნენ. მონა დაჟინებით რაღაც სიტყვას გაიძახოდა და ვეება დანას უჩვენებდა. ახთოი მომიბრუნდა: _ არ შეგეშინდეს, ბაღში ლეოპარდები ყოფილა გაშვებული. _ უკან გავბრუნდეთ, _ გამოვთქვი მოსაზრება. _ რაო?! _ დაიღრიალა ახთოიმ. _ როცა საქმე საქმეზეა მიმდგარი, უკან გავბრუნდე? ახლა, როცა სასახლის ქურუმი მოვისყიდე და მთელი სამი დებენი მივეცი იმისათვის, რომ ბაღში ყარაული მოეხსნა და წარმატების ღმერთისთვის შემწეობა ეთხოვა, ახლა გავბრუნდე?! _ მაშ, ლეოპარდის ხახაში ჩავარდნა გინდა?! _ გავცხარდი მეც. ჰიქსოსი ხან მე შემომხედავდა, ხან _ თავის პატრონს, ვერ იგებდა, რაზე იყო ლაპარაკი. ახთოი უცებ მოლბა, ხელი მკლავში გამიყარა და კედლისკენ წამიყვანა.
13
_ კარგი, პიოპი, მაპატიე, შვილო, მაგრამ ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ მხეცებთან ბრძოლა არ შემიძლია? ეს საოცარი მცენარეები ლეოპარდისგან დაგლეჯილ გულ-მკერდზე დასაწყობად როდი მინდა, აბა, ეს მონა რა ოხრად ვიყიდე? შემდეგ ის ჰიქსოსს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. ჰიქსოსმა ხელი სტაცა და თითქმის აისროლა კედელზე. მერე თვითონაც აბობღდა. _ დაგვიცადე, _ მომესმა უკვე ბაღიდან ახთოის ხმა. მალე ყველაფერი მიჩუმდა. მე კედელს მივეყუდე. აღარ ვიცოდი, როგორ დამეღწია თავი ამ ისტორიიდან. ჯერ ვერ ვხვდებოდი, რომ ბედმა შემთხვევით დროში ჯადოსნური მოგზაურობა მარგუნა წილად. ჩემი ვარაუდით, უკვე შუაღამე იქნებოდა. საშინლად მეძინებოდა. იქვე ჩავჯექი და თავი ძილმა წამართვა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. თვალი რომ გავახილე, ახთოი მანჯღრევდა. _ ჩქარა, წავედით! _ ის სადღა არის? _ ის აქ არის, აქ! _ ხელში რაღაც პატარა ტომარა ეჭირა. _ მაგაზე არა, ჰიქსოსზე გეკითხები. ახთოის უცბად შეეცვალა სახის საზეიმო იერი. _ ის იქ არის, თავის მონობას ებრძვის. _ მკვლელობა? ეგ სულ არ მაწყობს _ ვცადე პროტესტი. _ წამოდი, ნუღარ ვაყოვნებთ, გზადაგზა აგიხსნი.
14
სწრაფად წამოვედით ხეივნისკენ. მალე იმ ადგილზე გავედით, სადაც აქლემები დავტოვეთ. _ იცი, რა არის ეს? ეს ხაპის საჩუქარია. როცა სირიუსი მზის ახლოს გამოჩნდა, ხაპიმ მაშინ თვრამეტ წყრთას მიაღწია. დღე დღეს დაეკიდა და როცა თეთრმა ხაპიმ უკან დახევა იწყო, შლამიან, წყლით დატბორილ ადგილებში, უამრავ წყალმცენარეთა შორის გამოჩნდა ეს საოცარი ჯადოქრის ბალახი. ფარაონის ჯარისკაცებმა გასინჯეს მისი გემო და, ჰოი, საოცრებავ, შეიარაღებული ადამიანები უცნაურად გაგორდნენ მიწაზე, გიჟებივით ხარხარებდნენ, იყეფებოდნენ, იმანჭებოდნენ, ბინძურ სიტყვებს გაჰკიოდნენ, თითქოს ცხოვრების ძაფი გაუწყდათო. მაშინ ფარაონმა ამ საოცარი მცენარის თავის ბაღში გადარგვა ბრძანა. მე ვიცოდი საიდუმლო ლაბორატორიის შესახებ: პირამიდები _ დროის ძაბრები. მე მივაგენი მათით სარგებლობის მისტიურ წესებს. ახთოის თვალები შეშლილივით უელავდა. მის სიტყვებზე რამდენჯერმე ტანში გამაჟრჟოლა. ტიპიური გიჟი იყო. უსიტყვოდ შევჯექი „მონების“ მიერ გამზადებულ აქლემზე და გზას გავუყევით. გარშემო კვლავ ქვიშის მკვდარი ბორცვები ჩაშავებულიყვნენ. შეშლილი ახთოი რაღაცას მღეროდა. აქლემი ავაჩქარე. ახლა აშკარად გავიგონე მისი სიმღერა: „დიდება შენდა, დიდება, ხაპი“, _ გაჰყვიროდა. _ აქ, ახლოს, სამანქანო გზა თუ გადის? _ დავუყვირე ხმამაღლა.
15
_ გადის, გადის. შენთვის _ სამანქანო, ამათთვის _ საქარავნო. ერთადერთი ნატვრაღა შემრჩენოდა: დროზე მიმეღწია სასტუმრომდე და ლოგინზე დავგდებულიყავი. აზროვნების უნარი თითქოს დამკარგვოდა და მეშინოდა, მეც არ ავყოლოდი ახთოის სიმღერაში „დიდება შენდა, ხაპი...“ როგორც იქნა, იმ ადგილას მივაღწიეთ, საიდანაც ეს უცნაური მოგზაურობა დავიწყეთ. ჩამოვქვეითდით. ახთოიმ სამკაულებიანი ხელი მკლავში გამიყარა და ქვიშაში წავჩანჩალდით. _ პიოპი, შენ ჩემი თანამონაწილე ხარ, რადგან გვერდით მედექი განსაცდელის ჟამს. ცალ ხელში ტომარა ჩაებღუჯა. წინ სასტუმროს კონტურები გავარჩიე და თითქმის მაშინვე ვიგრძენი ფეხქვეში სიმყარე. სასტუმროს თავზე უზარმაზარი ელექტრორეკლამა ციმციმებდა. აქა-იქ უხვად გაშუქებული ბილბორდებიც გამოჩნდა. _ მე გავიმარჯვე, _ ისევ მომესმა ჩემი თანამგზავრის გიჟურად აღტაცებული შეძახილი. _ აი, ეს ხა-კაპ-ტადან კაიროში გადმოვიტანე. ხაპის საჩუქარი ახლა ნილოსის საჩუქარია. დროში გადმოვედით, გესმის? გადავრჩით ოსირისის სამსჯავროს! ახლა ეს შენთან იყოს, მე ისევ ხაკაპტაში გადავალ, ჩემს ნივთებს გადმოვიტან, მერე კი, ჰაიდა, მომავლისკენ. შენც ჩემთან იქნები, არაფერზე იდარდო. ფული ხომ ჩეჩქივით გვექნება... _ ხელში ტომარა შემომაჩეჩა. უკვე სასტუმროს შესასვლელთან ვიდექით.
16
_ ამას გაუფრთხილდი, კლაუს. აბა, დილამდე! მერე კი ვეღარავინ გვიპოვნის, ხვალიდან სიცოცხლეს სულ სხვანაირად განვაგრძობთ.“ წერილი აქ წყდებოდა _ შემდეგ რა მოხდა? _ იკითხა გიუტემ. _ არაფერი. დილით პოლიციამ ნომერი გაჩხრიკა და ნარკოტიკები იპოვა. კლაუსი დააკავეს. _ როგორც გავიგე, საქმე მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკებთან გვაქვს და არა სინთეზურ ნივთიერებებთან. ეს კარგია, _ ამოიხვნეშა ადვოკატმა და წამით კომპიუტერს მიუბრუნდა. _ ოპიუმის დერვიტები, მორფინი, კოდეინი, ჰეროინი, _ ბუტბუტებდა ის. _ მარიხუანა... აი, ასე. მცენარეული წარმოშობის ჰაშიში, ინდური, სამხრეთ მანჯურიის ან სამხრეთ ჩუიის კანაფი. ლენცოფა, ლემა. არის, ლემა! _ შესძახა და ეკრანს თვალი მოაცილა. _ საქმე საინტერესოა, თუ ეს წერილი , საერთოდ, ატროპინის და ჰიოსტიამინის ზემოქმედების ქვეშ არ არის დაწერილი, _ თქვა მერე ჩაფიქრებით და ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა. _ საქმეც ეგ არის, _ უთხრა ქალმა, _ ოთახში გაცილებით უფრო ძლიერი პრეპარატები აღმოჩნდა, ვიდრე წერილშია მოხსენიებული. _ ეგვიპტე! ეგვიპტე! მისტიკის არ მჯერა, თუმცა ვინ იცის... ახთოი, აჰა, ნახეთ ახთოი _ ფარაონის გადამწერი. მოხსენიებულია მისი შვილი, პიოპი. „არ არსებობს ხელობა, უკეთესი გადამწერისა“, _ ასე არიგებდა შვილს ეს ჩვენი ახთოი, თუმცა იმ დროს მას არ შეეძლო სცოდნოდა, რომ ადვოკატობა გაცილებით საინტერესოა. რაც
17
შემეხება მე, გადაწყვეტილება უკვე მივიღე. როდის გავფრინდეთ? ქალს მშვენიერი სახე გაუნათდა. _ პირველივე რეისით, _ წამოიძახა აღტაცებულმა. _ იმედია, იმ შორეულ და მომქანცველ მოგზაურობაში ჩემთან იქნებით. თქვენი სილამაზით აღფრთოვანებული უფრო შეუპოვრად შევეჭიდები იმ დაბრკოლებებს, რომლებსაც, ვშიშობ, ამ საოცარ საქმეში მრავლად შევხვდები. ნაცადი მჭევრმეტყველება, ბოროტმოქმედთა დახსნაში რომ ეხმარებოდა, ხშირ შემთხვევაში, ქალებთან ურთიერთობისას უფრო მძლავრი იარაღი იყო, ვიდრე ნაფიც მსაჯულებთან. _ გვერდიდან არ მოგშორდებით, ადვოკატო, _ მაცდურად გაიღიმა ქალმა. _ კლაუსი დამიძახეთ, _ თქვა მოწყალედ გიუტემ, _ თანაც გაითვალისწინეთ, რომ მარტოხელა გახლავართ, კლინიკაში გაცნობილ მედდას კი, იძულებული ვარ, სამწუხარო შეტყობინება დავუტოვო არშემდგარი პაემნის გამო. კაიროში საღამოს ჩაფრინდნენ. გიუტეს იმედი, რომ ვახშმობის შემდეგ სილვია მის ნომერს მოინახულებდა, არ გამართლდა. ქალი მხოლოდ დილით მივიდა სასტუმროში. სთხოვა, ციხიდან გამოგზავნილი წერილი თავის ნოუთბუქში გადაეტანა, რადგან ფურცლები სადაცაა ნაფლეთებად იქცეოდა. შემდეგ ტურისტული მარშრუტი შეარჩიეს. ადვოკატი პირველად იყო ამ ძველთაძველ, საოცრებათა ქვეყანაში და,
18
მიუხედავად იმისა, რომ პარანორმალური მოვლენების არ სჯეროდა, ცდილობდა, ათასწლეულების სიღრმეში რაიმე მისტიური ეპოვნა. სილვია, დაპირებისამებრ, გვერდიდან არ შორდებოდა, თუმცა თავიდანვე წინააღმდეგი იყო, მთელი დღე მხოლოდ ამაზე დაეკარგათ და შესამჩნევად ნერვიულობდა. როცა გიუტე თავის უბის წიგნაკში ჩანაწერის გასაკეთებლად ჩერდებოდა, ის მოუთმენლად ბოლთას სცემდა. _ პროფესიონალი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ, _ უთხრა დასაწყნარებლად ადვოკატმა. _ პროცესი არასოდეს წამიგია. _ ამიტომაც დაგიქირავეთ, _ ნერვიულად ჩაიჩურჩულა სილვიამ. ადვოკატს მოეჩვენა, რომ სითბო, რომელსაც ეს მშვენიერი არსება გაცნობის წუთიდან იჩენდა მის მიმართ, ეგვიპტის ოქროს ქვიშაზე ფეხის დადგმისთანავე იმ თოვლივით გამქრალიყო, რომელიც ხანდახან აფრიკასაც კი ეწვეოდა ხოლმე. _ ვშიშობ, ხანგრძლივმა მოგზაურობამ დაგღალათ, _ შენიშნა მზრუნველად. _ არა, უბრალოდ, ეს საფლავის ღორღები ყელში მაქვს ამოსული. _ მე კი აღფრთოვანებული ვარ. სიკვდილით დასჯისას უკანასკნელი სურვილი ამ საოცრებათა ნახვა იქნებოდა. _ თუ ასე ფიქრობთ, მაშინ უცქირეთ, ადვოკატო, _ თქვა ცივად ქალმა. დარჩენილი მარშრუტი თითქმის უჩუმრად იარეს. კარგი მოსაუბრე არც წვერმოშვებული
19
მძღოლი გამოდგა. ეტყობოდა, სულ რამდენიმე უცხო სიტყვა ესმოდა. უკან, კაიროში, საღამოს მობრუნდნენ. ავტომობილმა ელ-აჰრამის გზატკეცილი გაიქროლა, ერთხანს ვიწრო ქუჩებში იარა და განმარტოებით მდგარ, გალავნიან შენობასთან შეჩერდა. სამივენი გადმოვიდნენ მანქანიდან. ეზოში უზარმაზარი ძაღლი დაძრწოდა. _ საკმაოდ პატარა საპყრობილეა, _ თქვა ადვოკატმა და იქაურობა ყურადღებით მოათვალიერა. _ ერთი კაცისთვის? _ იკითხა სილვიამ. _ თქვენ გინდათ თქვათ, რომ ის მხოლოდ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფისთვისაა?! _ არა, თქვენთვის, _ წაიჩურჩულა ქალმა და შესასვლელი კარებისკენ ხელით უბიძგა. მოულოდნელად მძღოლმა იარაღი დააძრო და ადვოკატს ზურგში მიაბჯინა. _ რა ხდება? _ შეჰყვირა გაოგნებულმა გიუტემ და იძულებით შეაბიჯა შენობაში, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა მაინც სცადა. უცბად რაღაცა საშინელი ძალით მოხვდა კეფაში და გონება დაუბნელა. ბურანში წასულმა იგრძნო, როგორ ამოუდგნენ მხარში აქეთ-იქიდან და სადღაც ბორძიკით წაიღეს. გონს მოსვლისას მოეჩვენა, კლინიკის პალატაში იწვა და თავზე ქერათმიანი მედდა დაჰყურებდა. იგრძნო, ხელ-ფეხი გაკრული ჰქონდა. _ ტყუილად ბორგავ, _ მკაცრად თქვა მედდამ და ნაცნობი მწვანე თვალები შეანათა.
20
_ ვინ ხარ? _ შეშფოთებით იკითხა კლაუს გიუტემ. _ დონორთა არალეგალური პროგრამის კოორდინატორი. შეგიძლია, ისიდა დამიძახო. _ ო, ღმერთო, _ ამოიკვნესა ადვოკატმა. ახლაღა მიხვდა, რაზე მიანიშნებდა ზედმეტად გარუჯული, შავგვრემანი სილვიასა და საავადმყოფოში ხანმოკლე მკურნალობის დროს გაცნობილი ქერათმიანი მედდის მსგავსება. _ ჩემგან რა გინდათ? მზადა ვარ, კლაუსი ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე დავიცვა. _ თქვენ გარდა სხვა კლაუსი არ არსებობს, ადვოკატო. კლაუსი, რომელიც დროში მოგზაურობს... თქვენ ხართ. _ როგორ?.. ახთოი, პიოპი, , აქლემები, ნარკოტიკი, შენი ძმა, კლაუსი... _ ეგ ყველაფერი სისულელეა, ძმაო. თუმცა, შენი პრაქტიკის მქონეს, თავი პროფესიონალად მოგაქვს, ადვილად წამოეგე სატყუარას. _ არა! _ შეჰყვირა გიუტემ და გაიბრძოლა. _ თქვენ დაგიჭერენ... ადამიანის მოტაცებისთვის, იძულებით თავისუფლების აღკვეთისთვის... ციხეში გამოგალპობენ. შენი ახალგაზრდა სხეული საკანში, კაცის გარეშე დალპება, უკანასკნელი მათხოვარივით, მუხლებზე ხოხვით საკნის ზედამხედველებს მოემსახურები. _ როცა ძებნას დაგიწყებენ, შენს ნომერში ნარკოტიკებს იპოვნიან, ნოუთბუქში კი _ იმ აბდაუბდას, რომელსაც, იმედია, ვერავინ ვერაფერს გაუგებს.
21
უცებ ლოგინს მიჯაჭვულმა გიუტემ თეთრებში ჩაცმული, სუფთად თავგადაპარსული კაცი დაინახა, უჩუმრად რომ წამოადგათ. _ ახთოი, _ უნებურად შეჰყვირა მან. _ დიახ, _ თავი დაუკრა უცნობმა, _ დროთა განმავლობაში ისტორია კარგავს რეალურ სახეს და ბურუსით მოცული ხდება. მოგეხსენებათ, ძველ ეგვიპტეში მედიცინა უმაღლეს დონეზე იყო ასული. შესწავლილი ჰქონდათ გულის ფუნქცია, აღმოაჩინეს სისხლის მიმოქცევის კანონი. იმჰოტეპს უკვე ხელეწიფებოდა გულის გადანერგვის ოპერაცია. პიოპი ახთოის შვილი კი არა, მისი დონორი იყო. _ რას ბოდავთ? _ კვლავ გაიბრძოლა ადვოკატმა. _ შენ ახლა ოსირისის სამსჯავროზე ხარ. პირობას გაძლევ, ორმოცდაორი ცოდვა გეპატიება. თუ მეტი არ მიგიძღვის, შენი სული აქედან ამ ბუმბულივით მსუბუქად გაფრინდება, _ თქვა ახთოიმ, ბალიშიდან ბუმბული გამოაძრო, ტუჩებთან მიიტანა და სული შეუბერა. _ კმარა, _ შეჰყვირა გიუტემ, _ თქვენ გიჟები ხართ. ჩემი ნაცნობი მაძებერები უმალ ჩაგიდგებიან კვალში. _ გიჟები ასეთ შეტყობინებას ტოვებენ ავტომოპასუხეზე: „ჩემო მშვენიერო, გთხოვ, მომიტევო _ მისტიკურ მოგზაურობაში მივდივარ ეგვიპტეში... ლა-ლა-ლა“... ხოლო ჩვენი ხალხი ევროპის რამდენიმე კლინიკაში ყოველ პაციენტს შინაგან ორგანოთა ფარულ ტესტირებას უკეთებს. მერე ამზადებენ ნიადაგს საოცრებათა ქვეყნაში მათ
22
ჩამოსაყვანად. ყველაფერი გათვალისწინებულია: ალიბი, კვალის დაფარვა. მისტიკა ხომ კვალის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენ ვართ ოსირისის სამსჯავრო, სადაც ადამიანების გულები იწონება და მას, ვისი გულიც ბუმბულზე მსუბუქი არ არის, ურჩხული შეჭამს. გიუტემ კარის ღრიჭოში თვალი მოჰკრა საზარელი შესახედაობის უზარმაზარ ძაღლს, რომელსაც ენა გადმოეგდო და პირს ხარბად აწკლაპუნებდა. _ ანუბის, დაიკარგე აქედან! _ ამოუჭირა წიხლი თეთრხალათიანმა, ოთახში რომ შემოვიდა. წვრილი თვალები და დიდი ცხვირი ჰქონდა. თავი მასაც გადაეხოტრა. _ იმჰოტეპ, დროა, დავიწყოთ, _ მიმართა ყოველგვარი ემოციის გარეშე ახთოიმ. კაცმა სახეზე დოლბანდის ნიღაბი აიფარა. _ შეიძლება, ჩემა გულმა ძგერა შეწყვიტოს, მაგრამ თქვენ, თქვენ ჯოჯოხეთის ალში დაიხრუკებით, _ დაიხრიალა გიუტემ. _ გულის მოქმედება ავტომატურია. იგი ამოკვეთის შემდეგაც იკუმშება, შემდეგ კი ახალ პატრონს მოემსახურება. ასე რომ, გულის ძგერის შეწყვეტაზე აშკარად ცრუობთ. ეს ადვოკატები გამუდმებით იტყუებიან, რატომ აქვთ იმედი, რომ ორმოცდაორ ცოდვაზე მეტი არ დაუგროვდებათ? _ თქვა მკაცრად ახთოიმ. ისიდამ ტყვეს მაჯა გაუთავისუფლა და პროფესიული ოსტატობით, სწრაფად და უმტკივნეულოდ, გაუკეთა ნემსი ვენაში. ხელი აღარ
23
გაუშვია. ლამაზ, მწვანე თვალებში სევდისმაგვარი რაღაც გამოკრთოდა. გიუტეს რატომღაც გაახსენდა, რომ მწვანე ფერი ეგვიპტეში განახლების, ახალ ცხოვრებაში გადასვლის ფერად ითვლებოდა. _ ეს არ შეგრჩებათ, მე ცნობილი ადვოკატი ვარ, _ უკანასკნელი ძალების დაძაბვით შეჰყვირა მან. _ ჰმ, ცნობილი! _ ხელი ჩაიქნია ახთოიმ. _ ვინც გრანიტით აშენებდა, ვინც ქვით ქოლავდა პირამიდის შესასვლელს, ვინც უმშვენიერეს ქმნილებებს ხორცს ასხამდა... მათი სამსხვერპლო ქვები ისევე ცარიელია, როგორც იმ დამაშვრალთა, უმემკვიდრეოდ გარდასრულნი, მდინარის პირას რომ განისვენებენ. გიუტეს უკვე ბინდი გადაჰკვროდა თვალებზე. დოლბანდიანი კაცი სკალპელით დაიხარა მის სხეულზე და მოეჩვენა, რომ თვით ოსირისი, ადამიანის ტანიანი და ფრინველის თავიანი ღმერთი დასგომოდა მის სარეცელს. უკანასკნელად ახალგაზრდა ფარაონის სარკოფაგზე ნანახი წარწერა ამოუტივტივდა დაბინდულ გონებაში: „დედაო ნეიტ! გადამაფარე შენი ფრთები, როგორც დაუსაბამო ვარსკვლავები...“
24
ა(ა)იპ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ. 31 ელ. ფოსტა gorismweraltasaxli@gmail.com ვებ. გვერდი - http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წელი