ოლია ბრაგვაძე
ვერცხლის ქორწილის მეფე
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2016 წ.
ა
გურით ნაშენი დიდი, ორსართულიანი, სახლის წინ სკამზე ნებივრად მიწოლილი, მთვლემარე, შუახანს გადაცილებული, მელოტი, ღიპიანი კაცი მანქანის დამუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა. _ ბატონო ჩემო, თქვენთან მოგვასწავლეს, _ გაბადრული სახით მიმართა საჭესთან მჯდომმა ყმაწვილმა, _ მაგისთანა ხორცს სხვაგან ვერ იშოვითო. ჩემს მშობლებს ერთად ყოფნის ოცდახუთი წელი უსრულდებათ და შვილებმა გადავწყვიტეთ, ვერცხლის ქორწილი გადავუხადოთ... მეტის თქმა საჭირო აღარ იყო. მელოტი, ღიპიანი კაცი თავისი ასაკისა და გარეგნობისათვის შესაშური სიმკვირცხლით უცებ დაბზრიალდა. შინნაკეთი, ნახევარმეტრიანი, გალაპლაპებული დანა მარჯვედ ჩაბღუჯა და ახლად დაკლული ღორის ბარკლიდან ისეთი სამწვადე ჩამოუთალა, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენდა მშობლების ვერცხლის ქორწილის გადამხდელი კაცი. შემდეგ კი, ახალი კლიენტის გამოჩენამდე, ისევ ძილის ღმერთთან გააგრძელა შეწყვეტილი ბაასი. ცრემლებში ამოვლებული დიდრონი შავი თვალები წამიერად კინაღამ ბუდიდან გადმოუცვივდა. ეს მაშინ მოხდა, როცა შავმა ბორცვმა საბოლოოდ შთანთქა ხანგრძლივი ავადმყოფობისგან დაჩიავებული, საყვარელი დედის გაკნაჭული სხეული. მერე, რაც მეხსიერებას სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა, ის იყო, რომ მოტირალმა ქალებმა შუბლზე თავიანთი ცხელი ბაგეების ნაკვალევი დაუტოვეს, კაცებმა კი 5
მხარზე ნაჯაფარი მარჯვენის შეხებით აგრძნობინეს, შენ ივარგე და ჩვენი იმედიც არ მოგეშლებაო. ეს თავიდან, მწუხარების პირველ დღეებში, თორემ მერე ვის ვინ ახსოვდა. ყველას თავისი სატკივარი აბეჩავებდა, ვიღას ჰქონდა რევაზაანთ დათას სავაგლახოდ დარჩენილი ობლის დარდი. ჭიპამდე პერანგჩამოხეულსა და ცალ-ცალი ქალამნით მოფრატუნეს რომ დაინახავდნენ, მაშინ თუღა ახსენდებოდათ მზისქვეშეთში მისი ბოგინი. მიხმარება კი გულწრფელად უნდოდათ, მაგრამ შეეძლოთ რომ? ჟამდაჟამ თავიანთი შვილების მწირი ლუკმის ჩამონაფხვენს რამ მიუბოძებდნენ, მაგრამ რაა? _ საკუთარსაც აკლებდნენ და არც იმას ევსებოდა მუდმივი შიმშილისგან ერთმანეთზე დაკრული კუჭნაწლავი. უჭირდა ერს და უჭირდა ბერს. მენშევიკებმა და ბოლშევიკებმა, როგორც იქნა, გაინაწილეს გასაყოფელი. დიდ-დიდი, ვარსკვლავიანი წითელი დროშები აღიმართა მტერთა თარეშისაგან გასავათებულ-გაპარტახებულ ქვეყანაში. ეკლესიებიდან ზარების ჩამოხსნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ახლად გამოჩეკილი კომუნისტები. მღვდელ-დიაკვანი საგაზაფხულო ცხვარივით გაპარსეს, ორ ზღვას შუა გადაჭიმული საომარი ლელო შინაურის „გულუხვობამ“ შაგრენის ტყავივით ისე დააპატარავა, საზღვარი ლამის ეზოს ბოლოს გადაუტარეს ახალი სიოს მომეტებული ქროლვისაგან ქორგადავლილი წიწილებივით თავზარდაცემულ ქართველობას. ობლად დარჩენილ პატარა შალიკოს 6
„სალდათში“ ნამყოფმა მეზობელმა, ორიოდე რუსული სიტყვა რომ ჩამოეყოლებინა სასწაულად გადარჩენილ საკუთარ ტყავთან ერთად, „Бродяг“ დაუძახა და მისი რუსულის ცოდნით გაოცებისაგან შუბლზე თვალებამხტარ მეზობლებს თავმომწონედ განუმარტა: ეს სიტყვა მაწანწალასა და ეულს ნიშნავსო. იმათაც ყურს უცხოდ მოხვედრილი სიტყვა უცებ აიტაცეს, შალაშინი გადაუსვეს, რის შედეგადაც „ბრადიაკი“ მიიღეს და ობოლ ბიჭს ისე ლამაზად მოახვიეს თავს, მშობლებისაგან დიდი პაპის პატივსაცემად დარქმეული შალვა-შალიკო ისე დაუნანებლად გადაუსროლეს გუშინდელი დღის ლაბირინთებში, რომ ერთი ბეწო სინანულიც არ გაუყოლებიათ თან. ბიჭმაც, როგორც თავადიშვილმა ძვირფასი ქსოვილისაგან შეკერილი ჩოხა-ახალუხი, ისე მოირგო ბრადიაკობა. ექვსჯერ ათს რამდენიმე წლით გადაამეტა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობამ და აქედან ნახევარი საუკუნე ახალ გაცნობილს ხელს რომ ჩამოართმევდა, ბრადიაკი ვარო, ეუბნებოდა. წერა-კითხვა ძლივს ისწავლა. ყურის ამწევი რაკი არა ჰყავდა, როცა მოეპრიანებოდა, მაშინ შეივლიდა ხოლმე ბახოაანთ სახლში გახსნილ ოთხწლიან სკოლაში. ყველაზე მეტად მათემატიკამ დააინტერესა. არითმეტიკული ოთხი მოქმედებიდან მიმატებამ ნამეტან მოხიბლა. მშობლების დანატოვარ, სახურავჩამოქცეულ ბუდრუგანა ოთახში ფეხებდაბრეცილ „კუშეტკაზე“ წამოკოტრიალდებოდა და... ლუარსაბივით ბუზებს კი არა თვლიდა, თითებზე ანგარიშობდა: ერთ რომ ერთი მივუმატოთ, კიდევ 7
ერთი და კიდევ ერთი, რაჲ მივიღებთო? ავიდოდა ათამდე, აქედან უკან დაბრუნდებოდა. თვლა ისე შეუყვარდა, რომ დილასაც ამ პროცესით იწყებდა და ძილის წინაც ძილისპირულს თავის თავს ანგარიშით უმღეროდა. ჯამში ჩამვარდნი ბალღი არ იყო. არც სხვისა ხილის მოპარვაში წაუსწრია ვინმეს და არც მეზობლის სავსე ბოსტნისკენ გაუხედია ავად. სჯერდებოდა ნათესავებისაგან ხანდახან გამომეტებულ ცოტაოდენ მოსაკითხს და პირსაც მხოლოდ შუა ეზოში მდგარი თამრო მსხლის გემრიელი ნაყოფით იტკბარუნებდა. აღზრდისა და მდგომარეობის შესაბამისად ზომაზე მეტად სერიოზულ ნერწყვს მარტო მაშინ ვერ იკავებდა, როცა ჰაერში ხორცის სუნი დატრიალდებოდა ხოლმე. მნიშვნელობა არა ჰქონდა, შამფურზე წამოგებული მწვადისა იყო თუ დიდ ქვაბში ძვლის გაცლამდე ჩახარშული მთელი ერთი ძროხა ხაშლამისა. ხორცი ხორცი იყო. ამას დიდობაში, როცა ერთი გემრიელად, გაძღომამდე დანაყრებისთვის ძროხის წამოქცევაც კი შეეძლო, მწარე სიცილით ჰყვებოდა, თორემ მაშინ ვინ რა იცოდა, რა დარდი უღრღნიდა გულს ნასალდათარის “ ნათლულს“. შიმშილსა და სიტიტვლეში გარბოდნენ კოლექტივიზაციის, ინდუსტრიალიზაციის, რეპრესიების, მეორე მსოფლიო ომის წლები. საულვაშე გინგლმა დაუფარა. გრძნობდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა ეღონა, თორემ ერთ დიდთოვლობასაც ვეღარ გაუძლებდა მამისეული ბუდრუგანა. გარბოდა დრო და წელთა სვლასთან 8
ერთად იზრდებოდა ბიჭის თავმოყვარეობა და ოჯახი რასაც ჰქვია, ენატრებოდა, მასაც ჰქონოდა. მშიერი მუცლით ტირილში ჩაძინებულს, ვინ იცის, სიზმრად რამდენჯერ უნახავს გამოჩორკნილ „სტოლზე“ ფეხებაჩაჩხული ინდაური და დიდ გობზე ორთქლანადენი ხაშლამა, შოთ-ნაზუქი და ხელადით ღვინო. მაშინ ეს მხოლოდ ოცნება იყო, ღამეული ზმანება. ერთხელ ეს ოცნება რაღაც სხვანაირი, წარმოუდგენელი სიცხადით აუხდა. დაძენძილ ქვეშაგებზე ტანსაცმლიანად ჩაძინებულს დილაბნელზე ღარიბაანთ უბანში მცხოვრები მამის შორეული ნათესავი დაადგა თავს იღლიაში ამოჩლიავებული თეთრი, გაპუნტულებული გოჭით. _ ბალღო, ე დედის ანასხლეტი მეცამეტე გოჭი შენთვის მიჩუქებია. თოვლი ჩამოყრამდე იმოტელა დროა, რო თუ თავ მაიფხან და კარგა მოუვლი, ერთი ხუთად შაებმება ხორცი. ზამთარში, შვილოსან, „მიჩინა“ გექნება. თავ-ფეხისაგან კიდე ჩემი ცოლი მუჟუჟ ჩაგიდებს, მაგი ოსტატია ი ჩემი ყველაყისა. ჰოდა, ზამთარსაც გადააგორებ. გაზაფხულზე კიდე ვნახოთ, იქნებ რამე საქმე გამოგიჩინო. მადლობის თქმაც კი არ დააცადა მოულოდნელი სიკეთისაგან გაოგნებულ ბალღს, ისე გაიხურა ბუდრუგანა, უსაჩეხო, მიწისპირა ოთახის ანჯამებიდან გვარიანად მორყეული კარები. ამ საჩუქარმა იმ ზამთრისა კი არა, ბრადიაკის მომავალი ცხოვრების საქმიანობაც განსაზღვრა. 9
ნანატრი შვილივით ეფერებოდა და უვლიდა ნათესავის ნაჩუქარ თეთრ, პუნტულა გოჭუნას. თვითონ რომ ცივ წყალს ხანდახან თუ გადაივლებდა ტანზე, იმას თბილ წყალში აბანავებდა, ლამის ლოგინშიც კი ჩაეკოტრიალებინა. უერთმანეთოდ წუთსაც ვერა სძლებდნენ. ბიჭს საზრუნავთან ერთად იმედიც გაუჩნდა, იმედი ცხოვრებასთან ჭიდილისა. ქილა ერბოსი და მისი პატრონისა არ იყოს, ოცნების კოშკები აიშენა წარმოსახვაში. იმ მეოცნებე კაცისაგან განსხვავებით, რევაზაანთ დათას ობოლმა საწადელი აისრულა. ერთის ერთზე მიმატებით რომ ორი გამოდიოდა, ახლა გამოადგა. ეგ იყო, რომ გაყოფას ვერ დაუდო გული. რატომ? არ მოსწონდა და იმიტომ. გაყოფა რომ არ უყვარდა, მაგის გამო ბევრჯერ ამოუტრიალეს დედ-მამა საფლავში, ვირის აბანოშიც ბევრჯერ შეაგდეს და ციმბირის სუსხმაც გვარიანად გაუთანგა სამხრეთული ძვალ-რბილი. ნაჩუქარი, ბუტკუცუნა, თეთრი გოჭი რომ, როგორც მჩუქებელმა დაარიგა, ერთი ხუთად იქცა და მეზობელ ტოლ-სწორთა დახმარებით უცებ აფესკა, მაშინ იგრძნო დედამიწაზე მყარად დადგომის დასაწყისი. ძალიან დაენანა ღორად ნაქცევი გოჭუნა, მაგრამ არსებობისათვის ბრძოლის გზაზე „მე“-ს ვერ უღალატა. სათავისოდ მხოლოდ ჯიგარი და ფეხები გაიმეტა, თავი და ტანი გაყიდა. ისე ლამაზად აქნა კილოგრამიან და ორკილოგრამიან ნაჭრებად მთელი ღორი, უცხო მნახველი იფიქრებდა, დღე და მოსწრება ეს საქმე აქვს ნაკეთებიო. მეზობლებმა თავიანთ გაზულუქებულ შვილებს თავში წამოუნიავეს და 10
ყურები „ააფხრიწეს“: ტყუილად გაჭმევთ პურ, თქვე ეშმაკთან წილნაყარნო, ამაჲ მიჲბაძეთ, ამაჲ ცხოვრება არ გაუჭირდებაო. გაყიდული ხორცის საფასურად სამი გოჭი ააჭყივლა ეზოში. ეს მაშინ, როცა გამართული, ძირძველი ოჯახის ყოჩებს ორი თუ ჰყავდათ, თავი მაგარ ბიჭებად მიაჩნდათ. ეს სიტიტვლე-შიმშილში გამოზრდილი ბალღი ისეთი ყასაბი დადგა, მთელს კახეთში ბადალი არა ჰყავდა. სახელი ნამეტან გაითქვა. ორი კილოგრამის ყიდვა რომ სდომებოდა ვისმე, ისე ჩამოთლიდა, გრამი არც მეტი მოუვიდოდა, არც ნაკლები. შუაღამისას რომ გაგეღვიძებინა, სტუმარი მომივიდა, არ დამაღალატოო, დაუზარებლად წამოხტებოდა თბილი ლოგინიდან, არც კი გკითხავდა რამდენი გინდაო, ისე წამოაქცევდა ღორსაც და ძროხასაც. საქონელს ცოცხალს ისე არ ეფერებოდა, როგორც გამოფაშხვავებულს, ხორცთან შეხება რაღაცნაირად ახალისებდა და ცხოვრების ეშხს ჰმატებდა. ფულს კიდევ, დღევანდელს კი არა, წინანდელს, წითელ თუმანს, ითვლიდა და ითვლიდა. მაგრად უყვარდა ფულის დათვლა _ უკვე ერთს რომ ერთი მივუმატოთ, ორი იქნებაო კი არა, ერთ ასს რომ ორი ასი მივუმატოთ ან ერთი ათასს ორი ათასი რომ მივუმატოთო. ხუთი მანეთი რომ ეშოვა და ჯიბეში ათასი სდებოდა, ახალ ნაშოვნს ჯიბეში ისე არ ჩაიდებდა, ის ათასი უკან არ ამოეღო და ხელახლა არ დაეთვალა. 11
საჭმელადაც ხორცი ყველაფერს ერჩია. იმდენი კენკრა და მაჟალო ჰქონდა ნაჭამი, რომ თურთუმელა ხორცის გარდა სხვა საჭმელი არაფრად მიაჩნდა. ლობიოს ხომ თვალის დასანახად ვერ იტანდა. თანდათან ისე ამოევსო უწინ ერთმანეთზე დაკრული კუჭ-ნაწლავი, რომ კნაჭა ბიჭი ჩათქვირებულ, მუცელგადმობრუნებულ კაცად იქცა. ეგრე უნდოდა და ვისი რა ჩარირამა იყო. ქონს ქონი მიემატა, მანეთს მანეთი და რევაზაანთ დათას ბიჭმა ერთ-ერთმა პირველმა შემოაგრიალა მანქანა სოფელში. დასაკლავი საქონელიც თითოობით კი არა, ათობით დააბა მამაპაპეული ეზოს ბოლოში გამართულ ბოსელში. ძროხას ისე არ დაკლავდა, რომ „გრუდინკა“, ღორიდან კი სუკები არ ამოეჭრა თავისთვის ან საპატიო კლიენტებისათვის. ბუღლამისა და ხაშლამის მოსახარშად სპეციალურად შეიძინა სპილენძის ქვაბები. გაფართოვდა ბრადიაკის გავლენის სფერო. საქართველოს რომელი კუთხიდან აღარ ჩამოყავდა მეხორცეული პირუტყვი. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ბრადიაკს კი არა, ახალ ქართველს, წარმატებულ ბიზნესმენს დაარქმევდნენ, მაგრამ მაშინ ქორ-ვაჭრად წოდებულთა სიის პირველ ხუთეულში მოხვდა. ბევრჯერ დაესხა თავს შინაური (რაიონის) თუ რესპუბლიკური „ობეხეესი“. ღამე ააწიოკებდნენ, მეზობლებს დაუძახებდნენ, მობრძანდით, თქვენი თვალით ნახეთ, რასაც სახლში აღმოვუჩენთო. მეზობლებს იმათი მითითება რად უნდოდათ, ისედაც 12
კარგად იცოდნენ უთვალავი საკლავი რომ ება ეზოში და არც თავიანთ სახელზე იმის ფულის შემნახველ სალაროში შეტანაზე ამბობდნენ უარს. გაირბენდა რამდენიმე საათი და ბრადიაკის ამწიოკებელნი სათითაოდ, იღლიებში გადახვეული სამწვადეებით და ჯიბეებდავსილნი მხიარული სახეებით სხდებოდნენ თავიანთ „ნოლშესტებსა“ და „ოცდაოთხებში“, დილით კი ღამით მოწმედდაძახებულ მეზობლებს ბრადიაკი ხელის აწევით ესალმებოდა. მამისეული ბუდრუგანა ოთახი გააფართოვა, ჭერი გამოუცვალა, წინ შუშაბანდი ამოუშენა, მოალამაზა და ერთ ღირსსახსოვარ დღეს თვალჟუჟუნა, ტანკენარი, ულამაზესი ნაზიბროლა შემოანარნარა ეზოში. ქალი და რა ქალი! ხელ-ფეხიდან ნაპერწკლებსა ჰყრიდა. მოსიყვარულე, დარბაისელი, ერთგული, არაჩვეულებრივი დიასახლისი. ახალი ცხოვრების დაწყებას უპირებდა ბრადიაკად წოდებულ შალიკოს. ისე შეიყვარა თავისი ყასაბი ქმარი, ისეთი სითბო შეაფრქვია, ისეთი გულწრფელობა და სისადავე მიართვა, თავის ქალწულობასთან ერთად, მხოლოდ პატიოსან, ტრადიციულ ქართულ ოჯახში აღზრდილ ქალიშვილს რომ შეუძლია. მან კი ოდნავადაც ვერ აუწყო ფეხი. მეუღლის კეთილშობილებამ ვერ გაულღო ბალღობისას გათოშილი გული. მისთვის მეუღლე ქალი იყო, მომვლელი, შვილების დედა, თითის დაქნევაზე რომ უნდა დატრიალებულიყო. ამას გარდა ვერაფრის დანახვა ვერ შეძლო, რადგან არავინ ასწავლა თავის 13
დროზე. ობლობაში მიუფერებლად გაზრდილმა იმხელა სიძულვილი და სიმკაცრე გამოამჟღავნა მოყვარული მეუღლის მიმართ, რომ ქალი ხშირად გაჩენის დღეს იწყევლიდა. არადა, ისეთი ნაზი, არაბუნებრივად სათუთი იყო ის სულგანათლებული, ცოდო იყო ისეთი უჯიათი კაცის გვერდით, როგორიც ბრადიაკი იყო. ნაზიბროლამ მარტომ ისე გამოზარდა სამი შვილი, ქმარს ვერ უბედავდა ბავშვებს რამე ვუყიდოთო. ის კი იჯდა და ითვლიდა. მეჯღანუაშვილივით აღარ ახსოვდა რამდენი ჰქონდა. უმატებდა და უმატებდა. ეგრე უნდოდა და რა ვისი ცამპა-ცუმპარა იყო. ქმრის ყინულივით ცივი გულის გასათბობად ბეჯითად ირჯებოდა ნაზიბროლა. ჩემი მოთმინებით იქნებ იმას მივაღწიო, ფული როგორც უყვარს, ცოლშვილიც ისე შეუყვარდესო. რას ელოდები, რა გინდა, რის იმედი გაქვს. ასეთად ჩამოყალიბდა, ასეთი იყო მისი ცხოვრების წესი. ან უნდა შეეგუო, ან გაეცალო, საშუალო არ არსებობს. რაკი ვერ გაეცალა, იცდიდა და ბურუსში ჩახვეული მბჟუტავი იმედით ათენებაღამებდა. სხვა ვეღარ გაუძლებდა და გაეცლებოდა, მაგრამ ბრადიაკის მწყაზარი მეუღლე რომ ჯიუტად ცდილობდა ქმრისთვის ცოლზე მეტი ყოფილიყო, ვისი რა დივლი-ოდელა იყო. სამი ძმის ერთა დაიკო ღმერთს სხვა ყოფისთვის, სხვა სრულქმნისთვის დაებადა, მაგრამ ამის მიცემა არაფრით შეეძლო ფულზე და ხორცზე აუწონავ-გაუზომავად შეყვარებულ უხეშ, ბაბაყულა კაცს. 14
მაინც ძალიან უყვარდა, ბევრს ეფერებოდა, წარბშეუხრელად ემსახურებოდა და ოდნავადაც არ ეშვებოდა თანამეცხედრის გვერდით ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის ბრძოლას. ამასობაში თანაცხოვრების ოცდახუთმა წელმა მეტეორის უსწრაფესი სვლით ჩაიქროლა. ვერცხლის ქორწილის აღნიშვნა მოიფიქრა ნაზიბროლამ და მისთვის ჩვეული სიმკვირცხლით დატრიალდა. მშვენიერი მიზეზი მიეცა, ესიამოვნებინა გულცივი ქმრისთვის. თვითონ იფიქრა, რომ ესიამოვნებინა, თორემ ის რით დარჩებოდა კმაყოფილი, ამას ნაზიბროლა კი არა, ცნობილი ნათელმხილველებიც ვერ გამოიცნობდნენ ადვილად. იმედმიცემულმა ქალმა წინასწარ არავის არაფერი უთხრა. შუადღემდე დრო ბევრი ჰქონდა. ეწადა, განსხვავებული სუფრა გაეშალა და მარტო ორნი შემოსხდომოდნენ მაგიდას. ღმერთს ევედრებოდა, დღეს არავინ შემოეხეტოს ჩემს ეზო-ყურეშიო. გულის კუთხეში ეულად მიგდებულ იმედს ესათუთებოდა, იქნებ იმასაც ახსოვდეს ოცდახუთი წლის წინათ როგორ აუტალახა ეზო-კარი მამაჩემს ჩემს ხელში ჩასაგდებადაო. არაფერი უნდოდა, ორიოდე თბილი სიტყვისა და შუბლზე ამბორის გარდა. სხვას შეიძლება, უფრო ბევრი სდომებოდა, მაგრამ ნაზიბროლას რომ მარტო ეს ესულსწრაფებოდა, რა ვისი ადანდალადანდალა იყო. მარჯვე დიასახლისმა რამდენიმე საათში ყველაფერი იმგვარად მოამზადა, როგორც ჩაიფიქრა. ქმრის სახლში მოსვლის დრო რომ იგუმანა, სუფრის 15
გაშლას შეუდგა. ბრადიაკმა ავეტიკაანთ „დოლეს“ რომ „ზაკაზით“ მაგიდა გააკეთებინა, ის გამოიტანა და თამრო მსხლის ქვეშ დადგა. თავისი ხელით მოქარგული პეპლებიანი სუფრა გადააფარა და გარს სკამები შემოუწყო. სახაშლამე ყვავილებიანი „ბლუდი“ ცენტრში დადგა. წინადღით გამომცხვარ შოთის პურებს ნაზუქი და ქადა დაალაგა ზემოდან. ჩინური ღრმა ჯამი კომბოსტოს, ნივრის და პამიდვრის მწნილით აავსო. მჭრელი დანა აიღო ჩაკვერცხილჩაყვითლებული დედლის დასაჭრელად, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, _ ამაჲ რო კურტუმი უკვე მოვაჭრა, ცხიმი დაიღვრება და ი შეჩვენებული კი ცხიმიან ხორცზე აფრენსო. მურაბის თეფშისოდენა კატლეტებს ბრტყლად დაჭრილი დაბრაწული კარტოფილი შემოუწყო, თიხის ქილით კამეჩის მაწონიც შემოდგა ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმისათვის. ნასვრეტებიანი გუდის ყველი ცხიმში ჭიპჭიპებდა. რჩეული ხილითა და ახლადგავლებული ჩურჩხელებით სავსე ფეხიანი ხილის ვაზა მაგიდის თავისუფალ კუთხეს მიაბარა. იქვე, ახლო, გრძელ ზედადგარზე ორი ქვაბი თუხთუხებდა. ერთში ხაშლამა იხარშებოდა, მეორეში _ ბუღლამა, რომლის მომზადებაც დედამ ასწავლა თავისებური რეცეპტით. ხახვი ბლომად დაჭრა, ლამის კილო კილოზე. ხორციცა და ხახვიც რომ გავარდისფრებამდე ჩაიშუშა, ზედ დაჭრილი მწვანე წიწაკა დააყარა დაფნის ფოთოლთან ერთად. წყალი არ მიაკარა, თავისი გამონაყოფი საკმარისიაო. ათიოდე წუთის შემდეგ მთელი წითელი წიწაკაც ჩააგდო კონად 16
შეკრულ ოხრახუშთან ერთად. ხუთწუთიანი დუღილი საკმარისად ჩათვალა და დაფნის ფოთოლი, წიწაკა და კონა ოხრახუში ამოყარა, სამაგიეროდ, ორი, მხოლოდ ორი საშუალო ზომის, ნივრის კბილი უწვრილესად დაჭრა და მოაფრქვია მოთუხთუხე ბუღლამას. სწორედ ეს წვრილად დაჭრილი ორი კბილი ნიორი აძლევდა სხვანაირ გემოს. ნიორი ვინ გაიგონაო, ამბობდნენ სხვები, მაგრამ ნაზიბროლა ასე აკეთებდა. რაც მთავარია, ქმარი არაფერს ეუბნებოდა, თორემ რომ არ მოსწონებოდა, ისე უბოდიშოდ მიახლიდა პირში, „არ ვარგაო“, ერთს არ იფიქრებდა, გული ხომ არ ვატკინეო. ზურგს უკან ხმამ მიახვედრა, რომ ქმარი სადილისთვის მოსულიყო. ლანგარზე სასწრაფოდ ამოიღო ხაშლამის ისეთი მშვენიერი, ვეებერთელა, ძვლიანი ნაჭრები, ერთ ანეკდოტში კახელს ახალ „ნივაში“ რომ უცვლიდნენ. ის-ის იყო ბუღლამის ქვაბს სახურავი ახადა, რომ ეზოში მობორიალე „ცნობისმოყვარე“ „კიტაია“ დედალმა შვლიპა და მაგიდაზე დაფრინდა. ნაზიბროლამ მსწრაფლ აუქნია ხელი, მაგრამ რა გინდა _ კიტაია კი გადაფრინდა, მაგრამ თავისი ნაკვალევი, სკინტლის სახით, დატოვა ხილით სავსე ვაზის გვერდით. ბრადიაკი მაგიდას უახლოვდებოდა. ქალი დაიბნა. მაგიდის გადასაწმენდი ტილოს ასაღებად რომ მიტრიალებულიყო, დრო არა ჰყოფნიდა, ქმარი დაინახავდა და საყვედურს ვერ ასცდებოდა. დღეს კი მისი აყაყანება არაფრით უნდოდა. ყველაფერი ისე ლამაზად ჰქონდა მოფიქრებული, რომ ზედმეტი ერთი სიტყვაც კი ძნელი ასატანი იქნებოდა... და უცბად მოიფიქრა, ძვლების 17
დასაყრელად წინასწარ მოტანილი ჩაის მოზრდილი თეფში გადააბრუნა და „კიტაიას“ ფეკალს დააფარა... შექების მომლოდინე ნაზიბროლა თავს ევლებოდა ქმარს. თეფში რამდენჯერმე გამოუცვალა, სთავაზობდა კერძებს, ხილს, შესციცინებდა თვალებში, მელოტი თავი საკოცნელად იზიდავდა. მოთმინებით უცდიდა იმ წუთს, როცა დანაყრებული ქმარი შეეკითხებოდა, ამ ორისათვის რა საჭირო იყო ამდენი საჭმლის მომზადება, რაშია საქმეო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, თეფშში თავჩარგული გულმოდგინედ ნთქავდა ცოლის შემოთავაზებულ კერძებს. ქონით გადაფისულმა ტვინმა ვერ იაზრა, რომ მეუღლე რაღაცას აღნიშნავდა, რაღაცა მხოლდ მისთვის და მასთან კავშირში ახარებდა. მთავარია, სტომაქი გაივსო. მარტო ერთხელ ასწია თავი და ცოლს თვალებით ანიშნა, ბუღლამა გადამიცხელეო. ეგ იყო და ეგ. მოლოდინად ქცეულმა ქალმა, თანაცხოვრების ჩავერცხლილი თარიღის შეხსენების ნაცვლად, ქმარს მორიდებით შებედა. _ შალიკო, სადილი მოგეწონა? კაცმა უჯიათო, ბუტუსურა, ტვინ და გულგადაქონილმა კაცმა არაფრისმთქმელი თვალებით, როგორც იქნა, ინება, შეეხედა თვალებადნაქცევ, სიყვარულად დაღვრილ ნაზიბროლასთვის და რამდენიმე სიტყვა ბუზღუნით მიუგდო: _ ამი ჭამაჲ ქათმის სკლინტის ჭამა ჯობდა. თმენის, იმედიანი ლოდინის და უტყვი მორჩილების დრომ, როგორც ჩანს, თავის ჭირი მაინც მოჭამა. ღიპინი, მელოტი, გულქვა მეუღლის მიმართ 18
ამბოხმა არნახული სიმძლავრით იფეთქა ოცდახუთწლიანი ჩუმი ბრძოლითა და ლოდინით ქანცგაწყვეტილი ქალის არსებაში. აქამდე არნახული გამბედაობით გადახადა თეფში „კიტაია“ დედლის ნასკლინტარს და სტომაქამოყორილ კაცს თამამად შეუძახა: _ ისე შენ ლხინი მოგეცეს, მე ეგ ნატვრა არ შაგისრულო. მიირთვი, ბატონო, რამდენიც გენებოჲ. ბრადიაკი ცოლისგან სიტყვის შებრუნებას ნაჩვევი არ იყო და დიდრონი თვალები საცრისოდენა გაუხდა. ისე წამოიწია, სკამიც კი თან წამოჰყვა. რამდენიმეჯერ დახედა, კინაღამ ხელითაც შეეხო, არ იჯერებდა, მაგრამ ცხადში და არა სიზმარში, მრავალგზის ნაკრუხალი დედლის სკლინტი ისეთი ლამაზი ორნამენტებით ყელყელაობდა ნაზიბროლას მოქარგულ პეპლებიან სუფრაზე, ჩარჩოში რომ ჩაესვათ, აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშადაც კი ჩაითვლებოდა. პირველმა გაოგნებამ მეხდარტყმულივით გაუარა ვერცხლის ქორწილის ნეფეს. მერე კი ახარხარდა, ისე ახარხარდა, სახლში რომ ყოფილიყვნენ, ჭერი ახდას ვერ გადაურჩებოდა. კაკლისოდენა ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა წითლად აღაჟღაჟებულ ლოყებზე. _ ე რა მიყავ, ნაზო! _ ესღა ამოიხავლა ნახარხარევს და კუბოკრული აბრეშუმის ცხვირსახოცით ცრემლები ჩამოიწმინდა. იქვე ამაყად დააბიჯებდა ყელმოღერებული „კიტაია“ დედალი და მწვანე ბალახს წიწკნიდა. 19
ქათმური სიბეჩავით რამდენადმე მაინც მიეხმარა თავის პირმშვენიერ დიასახლისს, რომელსაც აღარც კი ახსოვდა, როდის ნახა უკანასკნელად გაცინებული მეუღლე.
გამომცემელი: ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მწერალთა სახლი მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ.31. ელ.ფოსტა: gorismweraltasaxli@gmail.com
2016 წ 20