1
ჯ. ინჯია
აი იაკობი
შიდა ქართლის მწერლობა http://mweraltasaxli.blogspot.com/ 2018 წ.
3
5
ვარიანი „აქ არის სული იმისი, მარადი რისხვა უკუნის, ვინც „დედა ენა“ აქცია ენად მერცხლის და ბულბულის.“
ვახტანგ გორგანელი
ჩემო პატარა მეგობრებო! საქართველო ლამაზი ქვეყანაა, მშვენიერია მისი ყველა კუთხე და მათ შორის – ქართლი. წამით შევიხედოთ შიდა ქართლის პატარა სოფელ ვარიანში. მოგეწონათ ხილით დაზნექილი ხეები, დამკრახულმტევნებიანი ვენახები, ჩუხჩუხა წყაროები, ამწვანებული ბოსტნები? მართლაც, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ სოფელს ბუნება კი არა, ადამიანი ალამაზებს უპირველეს ყოვლისა. ვარიანში 1840 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ამ მხარის და მთელი საქართველოს საამაყო შვილი, უკვდავი წიგნის - „დედა ენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი. აი, როგორ იხსენებდა მშობლიურ სოფელს ძია იაკობი: „პატარაა და ღარიბი ვარიანი, მაგრამ მე კი ეს სოფელი ძლიერ მიყვარს. მიყვარს იმის
გამო, რომ იქ დავიბადე, იქ ვიხილე სინათლე მზისა, იქ გავატარე ბედნიერი დღეები ჩემი ბავშვობისა, იქა ვტკბებოდი მშობლების, ძმების და დების სიყვარულით. იქ ჩემს ყურებს ასიამოვნებდა წყლების ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი. იქაურ მწვანე ტყე-ველს აღტაცებაში მოვყავდი. იქ ვისწავლე ბევრი ხალხური ლექსი და მოთხრობა. იქ შევითვისე და შევიყვარე მშრომელი ხალხი. იქვე, სასაფლაოზე, მარხია ჩემი ძვირფასი დედ-მამა, ძმები, ნათესავები.“ ბავშვებო, აბა კიდევ ერთხელ აიღეთ „დედა ენა“, გაადევნეთ თვალი კოხტა ქართულ ასოებს. ეს წიგნი თქვენთვის დაწერა ძია იაკობმა, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. ჰო, იმას ვამბობდი, დაიბადა-მეთქი, მაგრამ იგი თავიდანვე „ძია იაკობი“ ხომ არ იყო... თქვენსავით პატარა ბიჭს ძალიან ხიბლავდა ტოლებთან თამაში, თევზაობა, მწყერაობა, სიმღერა. განსაკუთრებით უყვარდა „კურდღელი ჩამოცანცალდა, ფეხმოტეხილი, საწყალი.“ იაკობის პაპა და ბებია (კოკაურის ქალი) ახალდაბაში ცხოვრობდნენ. ეს ახალდაბა - მუხის ტყით განთქმული სოფელი - ვარიანის ახლოს მდებარეობს. იაკობის მამა სიმონი ბატონს გამოჰქცევია, ვარიანში გადმოსულა და იქ დამკვიდრებულა. თუმცა ღარიბი კაცი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოჯახი ფეხზე დაეყენებინა, შვილებისთვის გზა გაეკაფა.
7
ალიზის სახლი ააშენა, ღვთისმშობლის ეკლესიაში მღვდლობას მიჰყო ხელი, თავისი მრევლი ჰყავდა და პატივისცემა არ აკლდა. ისიც, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. იაკობის დედა - მაგდანა კალმახელიძე - მხარში ედგა მეუღლეს. ერთი სიტყვით, იზრდებოდა ჩვენი იაკობი ღვთისნიერი ადამიანების გარემოცვაში, ღმერთისაგან კალთადაბერტყილი ქართული სოფლის წიაღში.
„მახსოვს პირველად სასწავლებელში“ „ორღობეებში მწუხრი, გნიასი... ფიქრობს ყმაწვილი და იმახსოვრებს. მკაში, რთვლობაში, ურმის ჭრიალში თიხის დოქებად დაყრილ ასოებს.“
ვასილ გვეტაძე
ერთ მშვენიერ დღეს პატარა იაკობი გორში ჩაიყვანეს და სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ბავშვი გააოცა გორის ციხის დანახვამ. გულისყურით ისმენდა ციხის თავგადასავალს. ურჯულოთა ხელთაგან ჩვენი წინაპრების მიერ გორის გამოხსნისათვის გამარჯვებული, გმირული ბრძოლების ამბებს. ბავშვობიდანვე თითქმის ერთდროულად ჩაენერგა იაკობს სამშობლოს სიყვარულიც და მტრის სიძულვილიც, რაც შემდგომ მთელი სისავსით გამოამჟღავნა კიდეც თავის საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობაში. გაოცდა-მეთქი, გითხარით, მაგრამ, ჰეი გიდი, იაკობ, ჯერ სადა ხარ - წინ თბილისია, საქართველოს დედაქალაქი. ყმაწვილი სულ მალე თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. როგორც ვარიანი დაპატარავდა იაკობის თვალში გორის ხილვისას, ისე გორი დაპატარავდა თბილისთან შედარებით. ამდენი ხალხი სიზმარშიც არ ენახა ვარიანელ ბიჭს.
9
თხუთმეტი წლის იაკობი უკვე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობს, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მიემგზარება კიევში. იქ ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში. იმავდროულად ესწრებოდა ლექციებს კიევის უნივერსიტეტში, აინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები. იაკობმა მშობლიური ენა ხომ ბრწყინვალედ იცოდა, კარგად შეისწავლა რუსული ენაც. ეს კი თუ რაში გამოადგა, მერე გეტყვით, ჩემო პატარა მეგობრებო. მაშ, ასე, გავყვეთ იაკობის ცხოვრების გზას. ჯერჯერობით კიევში ვიმყოფებით. იაკობი, თუმცა ახოვანი კაცი, იყო, მაგრამ იქაურმა ჰავამ ცუდად იმოქმედა მის ფილტვებზე და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ორი წლის შემდეგ, იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო.
მასწავლებელი „ვინა თქვა, ვითომ ბედმა დაგცინა, ძე არ გაღირსა, როგორც ილიას. ვისაც მამულის მადლი აცხია, შენი ძე არის, შენი შვილია.
იოსებ ნონეშვილი
იაკობ გოგებაშვილისათვის უქმად არ ჩაუვლია სამშობლოსთან განშორების ორ წელიწადს და ახლა იგი ქართველი ხალხის წინაშე წარდგა, როგორც განათლებული, დემოკრატიულ იდეებს ნაზიარები ევროპული მოღვაწე. ეს ის დრო იყო, როცა ქართული ენა იდევნებოდა რუსული თვითმპყრობელური პოლიტიკის გამო და ერის მოწინავე შვილებს დიდი ბრძოლა და შრომა უხდებოდათ იმისათვის, რომ მშობლიური ენა არ დაჰკარგვოდა ქართველობას. 23 წლის იაკობ გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. იგი გეოგრაფიასა და არითმეტიკას ასწავლიდა თქვენსავით პატარებს. იაკობს მუშაობა მოუწია სასულიერო სემინარიაშიც. იმ დროს არსებულ სასკოლო დაწესებულებებში გამეფებული იყო მკაცრი რეჟიმი. მოსწავლეებს გაკვეთილის არცოდნისათვის ან პატარა ცელქობისათვის ფიზიკურად სჯიდნენ -
11
ყურებს უწევდნენ, ხელებზე სახაზავს არტყამდნენ, სცემდნენ როზგით. იაკობმა, როგორც ცნობილი მწერალი ვასილ ბარნოვი გადმოგვცემს, „სასტიკად აკრძალა მოსწავლეთა ბარბაროსული დასჯა.“
მტრულ გარემოცვაში „უდიდეს განმანათლებელს, მწერალს, პედაგოგს, მოღვაწეს გყავდა მრავალი მოშურნე, მტერი, მოღვაწე, მოღვარძლე.“
ზაურ ბოლქვაძე
იაკობ გოგებაშვილი წინ აღუდგა ძალადობას, რაც მას ფეხის ყოველ გადადგმაზე ხვდებოდა. ბოროტება მრავალსახოვანი იყო. იგი ხან ვაიმასწავლებელ კუვკინსკის სახეს იღებდა, ხან სემინარიის რექტორის - ვალენტინის, ხან რევიზორ კერსკის, ხან ეგზარქოს ევსეის, ხან ლოთი პედაგოგის,
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ვარიანში
კოვროვის, სახეს. ბოროტება ცხრათავიანი ბაყბაყდევივივით ეღობებოდა წინ პროგრესულად მოაზროვნე ქართველების გულწრფელ მისწრაფებას
13
- აღეზარდათ განათლებული, მაღალი ზნეობის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს სახელსა და დიდებას მოუტანდნენ მომავალში. რომელ ერთს უნდა შებრძოლებოდა იაკობი! ბიბლიური იაკობი ღმერთს ერკინებოდა, ჩვენი იაკობ გოგებაშვილი კი რუსული თვითმპყრობელობის ბიუროკრატიულ მანქანას. დაგვეღალა ძია იაკობი, რა უნდა ექნა! ერთ თავს მოსჭრიდა ბაყბაყდევს, მის ადგილას სხვა ამოდიოდა... სასწავლებელსა და სემინარიაში იაკობის მამულიშვილური მოღვაწეობა აღიზიანებდა ოფიციალურ წრეებს. მოგეხსენებათ, ბავშვებო, რომ ჩვენი ქვეეყანა მაშინ რუსეთის იმპერიაში შედიოდა და ეროვნული სულისკვეთების ყოველგვარი გამოვლინება სასტიკად იდევნებოდა რუსი ხელმწიფის მოხელეთა მხრიდან. იაკობს დაუწყეს დაბეზღება, ცილისწამება, ვითომდაც რუსი ხალხი სჯავრებოდეს, მაგრამ ეს ხომ მტკნარი სიცრუე იყო. იგი ებრძოდა იმ რუს ჩინოვნიკებს, რომლებიც მოსწავლეთა ირგვლივ ჯაშუშობის, ენატანიაობის, სისასტიკის ატმოსფეროს ქმნიდნენ. ჭკუათმყოფელი კაცი როგორ დააბრალებდა „რუსსკოე სლოვოს“ შემდგენელ კაცს რუსებისადმი სიძულვილს?! დიახ, ქართველი ბავშვებისათვის, „დედა ენის“ და „ბუნების კარის“ გარდა, დიდმა იაკობმა შექმნა ეს წიგნიც, რადგან მიაჩნდა, რომ რუსული „კულტურული ენაა,
რომლის დახმარებით ვითვისებთ ევროპულ განათლებას“. იაკობს მრავალი მტერი გაუჩნდა. ბრალს სდებდნენ მატერიალისტური იდეების პროპაგანდაში, მოსწავლეებისათვის აკრძალული წიგნების მიწოდებაში. ყოველნაირად სდევნიდნენ და ავიწროებდნენ, მძიმე სენთან ბრძოლით ისედაც გატანჯულ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს. 34 წლის იაკობი სამსახურიდან გაათვისუფლეს. იგი ერთხანს სასოწარკვეთილებამაც კი შეიპყრო და დახრჩობა გადაწყვიტა, მაგრამ ბედად გადაარჩინეს. ამღვრეული მტკვრისთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა დამხრჩვალი იაკობ გოგებაშვილი.
15
„ბუხრის წინ ჩამოჯდებოდა“ „სადღაც, წიგნის შიგნით, სძინავს აკვნის ყმაწვილს, იგერიებს სიზმრად ორთავიან არწივს“.
შალვა ამისულაშვილი
ამის შემდეგ, ჩვენდა სასიხარულოდ, კიდევ დიდხანს იცოცხლა მოძღვარმა. სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია. მან აუტოდაფე მოუწყო თავისი განათლების ოფიციალურ საბუთებს, დაწვა რა ისინი ბუხარში. ეს იყო აშკარა პროტესტი იმდროინდელი იეზუიტური წესწყობილების, იმპერიული ძალმომრეობის წინააღმდეგ. - დავწვი ჩემი გეგმები, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოს - ატესტატი სემინარიის, მოწმობა აკადემიისა, სამსახურის სია და სხვა საბუთის ქაღალდები, ყველანი ცეცხლს მივართვი ძღვნადა. ვაითუ, მაგალითის წყალობით, შემდეგ როდისმე გამღვივებოდა სურვილი სამსახურში შესვლისა. ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო, - ასე აუხსნა თავისი საქციელი იაკობმა მეგობრებს: ნიკო ლომოურს და ნიკო ცხვედაძეს. სეხნიები ბუხრის წინ გათამაშებული იმ დრამის მაყურებელები იყვნენ, რომლის ზნეობრივი ღირებულება ვერანაირი ვალუტით ვერ შეფასდება.
იაკობს, როგორც ცნობილია, ცოლი არ შეურთავს. ამიერიდან მისი საზრუნავი, ოჯახი მთელი საქართველოა. ქართველი ბავშვები კი - მისი შვილები. იაკობის „დედა ენასა“, „ბუნების კარსა“ და „რუსსკოე სლოვოზე“ თაობები აღიზარდნენ. მისი უკვდავი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“ ქართული საბავშვო მწერ-ლობის ოქროს ფონდშია შესული. იაკობი სოფელ-ქვეყანაში ეძებდა ლექსებს, სიმღერებს, გამოცანებს, ზღაპრებს, თქმულებებს, ლეგენდებს, ანდაზებს, რომლითაც მდიდარია ჩვენი ხალხური ზეპირსიტყვიერება. ზოგი უცვლელად გადმოჰქონდა ქაღალდზე, ზოგს ლიტერატურულად ამუშავებდა, მხატვრულ ყალიბში აქცევდა და ასე აწვდიდა ეროვნული ფოლკლორით დაინტერესებულ მკითხველს. ყველა თქვენგანის საყვარელი “რწყილი და ჭიანჭველა”, მაგალითად, ვარიანელი გიორგი კოკაურისაგან ჩაუწერია ძია იაკობს. სიმღერაც ჰყვარებია დიდად. კარგი ხმა ჰქონია, მაგრამ ღმერთმა ისე წარმართა მღვდელ სიმონ გოგებაშვილის ვაჟის ცხოვრება, რომ მამის გზა არ აარჩევინა და ეს ხმა მხოლოდ რელიგიურ საგალობლებს არ შეალია ეკლესიის გუმბათქვეშ. მწამს, რომ ეს ღმერთის ნება იყო, უზენაესისა.
17
ებგური ეგ შენი წიგნი ზრდიდა მამაჩემს, დედას დად ჰყავდა გოგო ინგილო, ქვეყნად მეც შენი სიტყვა დამარჩენს, „ჩვენი ნამუსის დიდო გვირგვინო!
თეიმურაზ ჯანგულაშვილი
იაკობ გოგებაშვილი საქართველოს ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის მებრძოლი ისეთი ეროვნული ბურჯების გვერდით იდგა, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ორბელიანი... ვარიანში გლეხთა შვილებს არაოფიციალური სკოლა გაუხსნა საკუთარ სახლში. მასწავლებლად თავისი ძმისშვილი დაუყენა. თბილისიდან უგზავნიდა სასკოლო ნივთებსა და წიგნებს. სოფელს გროშიც არ დაუხარჯავს ამ სკოლისთვისო, - კმაყოფილებით იგონებდა შემდგომში ყველა დროის უდიდესი ქართველი მასწავლებელი (გაივლის ხანი და ანდერძში ჩაწერს: ჩემი წიგნების შემოსავლიდან ვარიანში გახსენით და შეინახეთ სამაგალითო სკოლა). არაერთი საზოგადო საქმის თაოსანი იყო. მის იაკობ გოგებაშვილის მიერ საკუთარ სახლში გახსნილი სკოლა
ფიქრთა საგანს შეადგენდა ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა თუ
უდროოდ უცხოეთში გარდაცვლილი გენიალური პოეტის - ნიკოლოზ ბარათაშვილის - ნეშტის გადმოსვენება. თავად აღსასრულს მიახლოებული აკაკის პენსიაზე ზრუნავდა. მშობლიური ენის უპირატესობას აღიარებდა და მიტომაც დაარქვა თავის საანბანო წიგნს „დედა ენა“, რომელსაც საუკუნის შემდეგ მადლიერმა შთამომავლობამ ძეგლი დაუდგა საქართველოს დედაქალაქში. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: ებგური - გუშაგი, მცველი. იაკობ გოგებაშვილი ქართული ენის აბჯარასხმული ებგური გახლდათ და მის შებღალვას არავის აპატიებდა. იაკობის სახლი თბილისში ის შემკრები ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ქართული კულტურის დიდი მოღვაწენი. იაკობი თავისი ჰონორარის ნაწილს საქველმოქმედო მიზნებს ახმარდა. იგი ნიჭიერ ახალგაზრდებს უმართავდა ხელს გაჭირვებაში. სიკვდილის მიჯნას მიტანებული მოხუცი აკაკი წერეთლის პენსიის უზრუნველყოფისათვის ზრუნავდა. აი, როგორი იყო მაშინდელი, ჭეშმარიტად ბრწყინვალე, ეროვნული მოღვაწეების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
19
ფოტოსურათის თავგადასავალი მეგობრად დედოფალა ჰყავს, ჯერ თვითონც დედოფალასა, რაც იცის, მასაც ასწავლის წყნარად, არ ატანს ძალასა.“
აკაკი წერეთელი
იაკობის ძმის, ივანეს, შვილიშვილი ქრისტინე ბიბილური, ბევრ საგულისხმო ამბავთან ერთად, იგონებდა ისეთ შემთხვევას, რომელიც ჩვენს ამ წიგნში მოთავსებული ერთ-ერთი ფოტოსურათის შექმნასთან არის დაკავშირებული. ერთ დღეს ძია იაკობს ახლო ნათესავები ეწვივნენ თბილისში. გაიხარა მასპინძელმა. ვახშამზე ვარიანს იხსენებდა, სოფლის წარსულის მოგონებით აამებდა სტუმრებს. მალე სტუმრები წასასვლელად გაემზადნენ, მაგრამ იაკობმა არ გაუშვა ნათესავები და, სივიწროვის მიუხედავად, ყველა მოათავსა. მეორე დღეს იაკობმა სტუმრებისთვის სანოვაგე შეიძინა. ერთ ყუთში კი - აბა, გამოიცანი, კუდრაჭავ, რა იქნებაო, - უთქვამს პატარა ქრისტინესათვის. დიდი მოწიწებით გაუხსნიათ ის ყუთი და იქიდან ფრთხილად ამოუღიათ - ჩუმად, არ გააღვიძოთო - მშვენიერი
დედოფალა. ძალზე გაახარა პატარა სტუმარი თოჯინამ, რომელმაც თვალები დაახამხამა და მერე სულაც, „გაიღვიძა“. იმ დღის სიხარული ამ ამბით არ დამთავრებულა. მოხვია ძია იაკობმა ხელი თავისიანებს, წაიყვანა ფოტოგრაფთან და
21
სამახსოვრო სურათი გადაიღეს. დედოფალას პატრონი შემდეგ ჩინებული მანდილოსანი დადგა. იგი იყო მეუღლე ცნობილი მწერლის - დავით კასრაძისა და ყველა თქვენგანისათვის ნაცნობი და საყვარელი ხელოვანის - ქართლოს კასრაძის დედა.
ამაღლება ცას ლოყები დაეკაწრა, ცას - ჩვენს საფლავს, ცას - მეწამულს. ცა სტიროდა ამაყ მებრძოლს, ცა სტიროდა ობოლ მამულს. იოსებ გრიშაშვილი
იაკობ გოგებაშვილი, 72 წლის ასაკში, 1912 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა. მან თავისი ქონების დიდი ნაწილი ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ჟურნალ „განათლებას“, თეატრსა და სტუდენტებს უანდერძა. იგი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძლეს. 1940 წელს კი, დაბადებიდან 100 წლის თავზე, მადლიერმა შთამომავლობამ კიდევ უფრო აამაღლა - გადაასვენა მთაწმინდის პანთეონში, იქ, სადაც მისი დიდი თანამებრძოლები - დიმიტრი, ილია, აკაკი - განისვენებენ. გამოიცა იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, ყოველწლიურად გამოდის „დედა ენა“, დაისტამბა უამრავი მოგონება და მონოგრაფია მის შესახებ. არსებობს იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება. ქართული სკოლის ღირსეული წარმომადგენლები ამაყად ატარებენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალს. დიდი განმანათლებლისა და საბავშვო მწერლის სახელი ბევრ ქუჩას, სკოლასა და ინსტიტუტს მიეკუთვნა. ამ
23
წიგნის ყდასაც, ჩემო პატარა მეგობარო, შენ რომ კითხულობ, იმ შრიფტით აწყობილი სათაური ამშვენებს, „გოგებაშვილი“ რომ ჰქვია. ყოველ წელიწადს ვარიანში იმართება სახალხო დღესასწაული „იაკობობა“. ამ დროს სოფელში აუარებელი სტუმარი ჰყავს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს, რომლის წინაც დგას ბრძენი მოძღვრის ბიუსტი. იქვე გადმოჩუხჩუხებს წყაროს წყალი, რასაც სიამოვნებით ეწაფება დიდი და პატარა. იაკობ გოგებაშვილის მხატვრული და მეცნიერული მემკვიდრეობა ჩვენი საგანძურია. მისი ისტორიული მოთხრობები: „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „გლეხი ბოსტაშვილი“, „იოთამ ზედგენიძე“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“ და სხვები მამულის სიყვარულს ნერგავენ მოზარდთა გულებში. ახლა ბუნებას როგორ იცნობს იაკობი! ნამდვილი მესაიდუმლეა ტყეთა და მდინარეთა, ფრინველთა და ცხოველთა. და, მაინც, იაკობის შემოქმედების თავი და თავი, გმირი შენა ხარ, „ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი“! იცოცხლე, იხარე, გამრავლდი, პატარა ქართველო! ეს იყო ძია იაკობის ყველაზე სანუკვარი ოცნება. მას ხომ შვილი არა ჰყავდა და შენ გიშვილა! არ გაუმტყუნო იმედი!
25