7 minute read

საქართველოს ელჩი იტალიაში ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე

იტალიას საქართველოსთან ბევრი საერთო აქვს და ის არის სახლი ბევრი ქართველი ემიგრანტისთვის. იტალია გვერდში ედგა საქართველოს რთულ დროს, რამაც განსაკუთრებულ მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი. ჟურნალ დიპლომატისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ელჩმა იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძემ, ისაუბრა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების შესაძლებლობებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებსა და სამომავლო პერსპექტივაზე.

1 წელი სრულდება, რაც იტალიაში ელჩად დაინიშნეთ, როგორ შეაფასებდით განვლილ თვეებს?

Advertisement

მართალი ბრძანდებით, რამდენიმე თვეში გახდება ერთი წელი, რაც საქართველოს ელჩად დავინიშნე იტალიის რესპუბლიკაში. ეს პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო სამსახურეობრივი თვალსაზრისითაც და ჩემთვის პირადად ემოციური კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც არაერთხელ ვიყავი ნამყოფი იტალიაში ტურისტულად, სხვა არის რეალობა, რომელიც გხვდება, როცა ქვეყანაში ცხოვრებას იწყებ. ჩემი ჩამოსვლის პერიოდში იტალია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახლდათ, ამიტომ დანიშვნიდან პირველივე ეტაპზე ეუთოს მინისტერიალი იყო ყველაზე მასშტაბური ღონისძიება პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ რამდენიმე თვეში განვახორციელე რეგიონული ვიზიტები, პირველი ამათგან პულიის რეგიონში შედგა, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, შევხვდი რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებს, ქალაქის მერს, დიასპორას.

შემდეგი რეგიონული ვიზიტი მქონდა სიცილიაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანი რეგიონია ჩვენთვის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული მეგობრობა და სიახლოვე აკავშირებს, ეს განპირობებულია იმ მრავალწლიანი თანადგომით, რაც ამ რეგიონის ოჯახებმა გამოიჩინეს ჯერ აფხაზეთისა და შემდეგ უკვე 2008 წლის ომის შედეგად დევნილი ბავშვების მიმართ. ეს იყო ძალიან დასაფასებელი, თბილი და ვიტყოდი, საოცარი ნაბიჯი სიცილიის მხრიდან. შედეგად, ასობით ქართველ ბავშვს „სიცილიურმა მოგონებებმა“ მათთვის უმძიმესი დღეები გაუხალისა და გაუფერადა. ბევრი მათგანი დღემდე მჭიდრო კავშირშია ამ ოჯახებთან და, ბუნებრივია, მინდოდა, პირადად გამომეხატა მათთვის ის უდიდესი მადლიერების გრძნობა, რომელიც დღემდე მოგვყვება.

სულ ახლახანს შედგა ჩემი ვიზიტი ლომბარდიის რეგიონშიც, სადაც ასევე ლომბარდიის პრეზიდენტსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შევხვდი. ლომბარდია, როგორ იცით, იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ეკონომიკურად ძლიერი რეგიონია, შესაბამისად, აქ უფრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება იყო შეხვედრის თემატიკა. უკვე კონკრეტული ნაბიჯები დაისახა ამ ვიზიტების დროს და იმედი მაქვს, რომ მალე ხელშესახები შედეგებიც დადგება.

რა არის თქვენი მთავარი ამოცანა, რისი მიღწევა გსურთ თქვენი მისიის პერიოდში?

ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მანდატის ამოწურვის შემდეგ უფრო მეტი იტალიელისთვის იქნება ნაცნობი და საყვარელი ჩემი სამშობლო. საქართველო უფრო მეტი იტალიელისთვის იქნება რუსთაველის, ფიროსმანის, უნიკალური ანბანის, საოცარი ღვინის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანა. ჩემი მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცება, სხვადასხვა სექტორებში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და კონსოლიდაციაა.

ზოგადად, როგორ აფასებთ იტალია-საქართველოს ურთიერთობებს და რაში ხედავთ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას?

იტალია-საქართველოს ურთიერთობა დინამიკური და მეგობრულია. ეს დინამიკა განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა, როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით იტალიამ ე.წ. „ნეიტრალურად განწყობილი“ ქვეყნების ჯგუფიდან „მხარდამჭერი ქვეყნების“ ჯგუფში გადმოინაცვლა. ეს კარგად გამოჩნდა, თუნდაც იტალიის პარლამენტის ორივე პალატის მიერ საქართველოს ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იტალიის პრაქტიკისთვის უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში რატიფიკაციით. დადებითი დამოკიდებულება ასევე გამოიხატა შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებთან „ვიზალიბერალიზაციის“ პროცესში საქართველოს უპირობო მხარდაჭერით, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლით (საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, 2018 წელს ეწვია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა თბილისს ოფიციალური ვიზიტით), ფართომასშტაბიანი ბიზნესფორუმების ორგანიზებით როგორც იტალიაში, ისე საქართველოში და სხვა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაში იტალია საქართველოს ერთგული მხარდამჭერია. ეს გამოიხატება როგორც ხელისუფლების განცხადებებში, ასევე გაერო-ს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს და ევროპის კავშირის რეზოლუციების, რეკომენდაციებისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა დოკუმენტების მხარდაჭერაში. იტალია საკუთარი ხარჯით აფინანსებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს, რომელთა ყოფნა საოკუპაციო ხაზთან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

აგრეთვე, პოზიტიურია დინამიკა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის მიმართულებით და სხვა დარგებშიც, მაგრამ ცხადია, არსებობს ამ მზარდი დინამიკის კიდევ უფრო ინტენსიფიკაციის პოტენციალი და შესაძლებლობა.

ასევე აქტიურად ვმუშაობთ იტალიის თითოეულ რეგიონთან მათი სპეციფიკის მიხედვით, რათა გაიზარდოს საქართველოს შესახებ ცნობადობა და გაღრმავდეს ინტერესი ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და საგანმანათლებლო თვალსაზრისით.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა იყოს სტაბილური და შეუქცევადი, არ იყოს დამოკიდებული სხვადასხვა საგარეო თუ შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე. ამისათვის კი აუცილებელია, რომ საქართველო იყოს სანდო და საიმედო პარტნიორი იტალიისთვის სახელმწიფოებრივი ინტერესის მქონე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტებში. მაგალითად, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მილსადენები TANAP და TAP (ბუნებრივი აირის ტრანს-ანატოლიური და ტრანს-ადრიატიკული მილსადენები) პროექტები, დივერსიფიცირებული სატრანზიტო გზების, პორტების, მილსადენების და ა.შ. შექმნა და განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის გაძლიერება და ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა მუდმივ და ინტენსიურ ძალისხმევას საჭიროებს, რაზედაც ნაყოფიერად ვმუშაობთ.

რამდენად იცნობენ იტალიელები საქართველოს და რა ტიპის აქტივობებს გეგმავთ საქართველოს პოპულარიზაციისთვის?

ბევრი იტალიელი იცნობს საქართველოს, ბევრმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნო და შეიყვარა ის და ეს იმ ქართველი ემიგრანტების დამსახურებაც არის, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ, თავიანთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გააცნონ მათ. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში არაერთი კულტურული ღონისძიება დავგეგმეთ. განსაკუთრებით მასშტაბური იყო ქართული კინოს დღეები, რომის ყველაზე მნიშვნელოვან კინოსივრცეში - „კინოს სახლში“, რომელიც ისტორიულ ცენტრში, ვილა ბორგეზეში მდებარეობს. ფესტივალზე კლასიკად ქცეული ქართული ფილმების გარდა თანამედროვე ფილმებიც წარვადგინეთ. განსაკუთრებით საინტერესო იყო ფესტივალის დახურვის დღე, რომელზედაც ღია ცის ქვეშ კოტე მიქაბერიძის გენიალური მუნჯი ფილმი „ჩემი ბებია“ წარმოვადგინეთ რეზო კიკნაძის ტრიოს ცოცხალი აკომპანიმენტით. ჩვენი პატრონაჟით გაიმართა ხატმწერ დავით ლუაშვილის ღვთისმშობლის ხატების გამოფენა, ასევე პოეტ გიორგი ლობჟანიძის შეხვედრა რომში, პერუჯაში - ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი, რომელსაც უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. მნიშვნელოვანი იყო, ასევე ჩვენი ორგანიზებით, იტალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი ისტორიკოსისა და მეცნიერის, პროფ. გაგა შურღაიას, წიგნის „ვახტანგ გორგასალი“ პრეზენტაცია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი პერსონა დაესწრო აკადემიური წრეებიდან. რომის სომელიეთა საზოგადოებასთან და საქართველოს ღვინის სააგენტოსთან ერთად გავაკეთეთ ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც 100- მდე პროფესიონალი სომელიე და ჟურნალისტი ესწრებოდა. კულტურასთან ერთად ღვინოც ჩვენი სავიზიტო ბარათი და უმნიშვნელოვანესი ტრადიციაა. რომთან ახლოს მდებარე ქალაქ ველეტრიში, ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის ფესტივალზე „ყველანი ქვევით მარანში“ საქართველო იყო მასპინძელი ქვეყანა და გვქონდა ჩვენი სპეციალური სტენდი, სადაც ღვინის გარდა ტურისტულ შესაძლებლობებსაც ვაცნობდით მოსულ სტუმრებს. ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება ნოემბერში, ფესტივალის „საკრუმ 2019“ ფარგლებში, რომელიც აკვილას მიწისძვრიდან 10 წლისთავს ეძღვნება. მასში მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ოპერის ორკესტრი და ბარიტონი გიორგი ანდღულაძე. ვგეგმავთ ასევე გიორგი კეკელიძის „თომას ზღაპრების“ იტალიურენოვანი თარგმანის პრეზენტაციას რომის ლიტერატურის სახლში. ყველას ძალიან გვახარებს და ველოდებით დეკემბრის თვეში სუხიშვილების ტურს იტალიის სხვადასხვა ქალაქში...

როცა მწირი ბიუჯეტის გამო ფინანსურად არ შეგვიძლია ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზება ან მხარდაჭერა, ყოველთვის ვცდილობთ, საორგანიზაციო საკითხებში ჩავერთოთ და ამ მხრივ მაინც შევიტანოთ წვლილი. გვინდა მასშტაბური კულტურული ღონისძიების განხორციელება პალერმოში, სწორედ იმ დიდი და უანგარო მეგობრობისთვის ჩვენი მადლიერების გამოსახატად. ეს ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს იდეა რეალობად იქცეს.

პირდაპირი ფრენების რაოდენობა იტალია-საქართველოს შორის გაიზარდა, როგორ უნდა მოხდეს ამ პირობებში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა იტალიიდან?

ძალიან გვახარებს ბოლო პერიოდში იტალია-საქართველოს შორის არსებული პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდა. უკვე ბოლონია-თბილისის გარდა, რომელსაც აირზენა ახორციელებს, ოპერირებს „ვიზეარის“ ფრენები მილანი-ქუთაისის, რომი-ქუთაისის და ბარი-ქუთაისის მიმართულებით, ასევე დაემატა „რაინეარის“ ფრენები ბერგამო-თბილისი და ქუთაისი-ბოლონია. კიდევ რამდენიმე მიმართულებით იგეგმება ფრენების განხორციელება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იტალიელი ტურისტი ეწვიოს საქართველოს. აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტურიზმის სააგენტოსთან, განსაკუთრებით პრესტურების ორგანიზებისა და ცალკეული ჟურნალისტების საინფორმაციო ვიზიტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც შემდეგ წამყვან გამოცემებში წერენ საქართველოს შესახებ. ტურიზმის სააგენტოსთან ერთად საელჩოს განხორციელებული აქვს არაერთი საპრეზენტაციო ღონისძიებაც ტუროპერატორებისა და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის.

როგორ შეაფასებთ ბიზნეს ურთიერთობებს, არის თუ არა ქართველი ბიზნესმენების მხრიდან ინტერესი, რომ გავიდნენ იტალიის ბაზარზე და როგორ აინტერესებთ იტალიურ კომპანიებს საქართველოთი? თუ არის წარმატების კონკრეტული მაგალითები.

მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების DCFTA ხელმოწერის შემდეგ, რამაც საშუალება მისცა ქართულ კომპანიებს, გასულიყვნენ ევროკავშირის ბაზარზე და წარმოედგინათ საკუთარი პროდუქცია ამა თუ იმ ქვეყანაში. ცხადია, ეს ეხება იტალიასაც, რომელთანაც საქართველოს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებს. როგორც იცით, საქართველოში არაერთი დიდი იტალიური კომპანია მოღვაწეობს და მათი საქმიანობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, მშენებლობა და ა.შ. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ მსოფლიოში სახელგანთქმული კომპანია „ფერერო“, რომელიც საკუთარი პროდუქტებისთვის სწორედ ქართულ თხილს იყენებს და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში სოფლის მეურნეობის კუთხით. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უმსხვილესი იტალიური კომპანია „Salini Impregilo“, რომელიც ამჟამად ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უზრუნველყოფს და ა.შ.

უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ქართული კომპანია წარმატებით თანამშრომლობს იტალიურ საწარმოებთან. ქართველი ბიზნესმენები ხშირად ჩამოდიან იტალიის სხვადასხვა ქალაქში საქმიანი ვიზიტებით. ხაზი მინდა გავუსვა, რომ იტალიის ქ. ბარიში, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, გახსნილია ქართული ღვინის მაღაზია „ხარება“ და როგორც ვიცით, ქართულ ღვინოს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ როგორც ქართველები, ისე იტალიელები.

ჩვენ, ცხადია, ვმუშაობთ საქართველოსა და იტალიას შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. ვმართავთ შეხვედრებს იტალიის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან, რომლებსაც ვესაუბრებით საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს ურთიერთობების, საგარეო ვაჭრობის, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების, საგადასახადო სისტემისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ. ვცდილობთ, გავაცნოთ მათ საქართველო ყველა მისი ღირსშესანიშნაობით და დავაინტერესოთ ბიზნესის წარმოების კუთხით. ვიწვევთ იტალიელ ბიზნესმენებს სხვადასხვა ფორუმებსა და გამოფენებზე დასასწრებად. რა თქმა უნდა, ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ტენდერების და აუქციონების შესახებ და ა.შ. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ქართული და იტალიური კომპანიების დაკავშირებასა და მათ შორის საპარტნიორო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-ზე მეტმა ბიზნესმენმა ორივე ქვეყნიდან. 2018 და 2019 წლებში კი ფორუმს თბილისმა უმასპინძლა.

ბოლოს, როგორც დიასპორის ყოფილ მინისტრს, აუცილებლად მინდა გკითხოთ ქართველებზე იტალიაში, როგორია ქართული დიასპორა მანდ და რა გაქვთ მათთვის სათქმელი. ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიამდე თქვენ იყავით საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში, სადაც არალეგალი ქართველი მიგრანტების პრობლემა არ დგას ისე მწვავედ, როგორც იტალიაში, როგორ აფასებთ ამ პრობლემას?

ბუნებრივია, რომ რაოდენობრივად იტალიაში უფრო მეტი ქართველია და მართალი ბრძანდებით, უფრო მეტი მოქალაქეა არარეგულარული, ვიდრე ეს ჰოლანდიაში იყო. ეს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების განსხვავებული სპეციფიკისა და საემიგრაციო პოლიტიკის შედეგია. განსხვავებულია ტრადიციები და შეხედულებებიც, რომლებიც იტალიელებსა და ჰოლანდიელებს აქვთ. ქართველები ხასიათითა და ტემპერამენტით უფრო ბევრ საერთოს პოულობენ იტალიელებთან, და, შესაბამისად, უფრო ადვილად ადაპტირდებიან აქ. რომ არ ჩამოვთვალოთ ის კონკრეტული საემიგრაციო რეგულაციები, რაც განაპირობებს არარეგულარულად მყოფი მიგრანტების ძალიან მცირე რაოდენობას ჰოლანდიაში. იტალიაში ეს მიდგომები ბევრად უფრო ლმობიერია და, შესაბამისად, რაოდენობაზეც აისახება. სამწუხაროდ, უცხო ქვეყანაში არალეგალურად ყოფნა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ ემიგრაციაში წასულ მოქალაქეებს რისკების თავიდან ასაცილებლად ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებებსა და პროცედურებზე თუ უბრალოდ იმ უფლებებზე, რომლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრების დაწყების პირველ ან მომდევნო ეტაპზე ესაჭიროებათ. ჰოლანდიასთან შედარებით იტალია ტერიტორიულადაც ბევრად დიდია და ხშირად მოქალაქეებს ძალიან უჭირთ რომში საკონსულო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლა იტალიის სხვა ქალაქებიდან. სამწუხაროდ, მათ ხშირად აქვთ მცდარი ინფორმაციაც, რომ თუ მათ ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ, საკონსულოში არ მოემსახურებიან და კერძო, ქართულ ასოციაციებს მიმართავენ დასახმარებლად. საუბედუროდ, ზოგი მათგანი ბოროტად სარგებლობს და ხშირად შეცდომაში შეჰყავთ ეს მოქალაქეები.

მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც იტალიაში იმყოფება, ვუთხრა, რომ საქართველოს საელჩოს და საკონსულოს კარი ღიაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად იმისა, ლეგალურად იმყოფებიან ისინი იტალიაში თუ არა. საკონსულო მომსახურება ერთნაირად ხორციელდება საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი სტატუსისა. მეტიც, ჩვენი საკონსულოს თანამშრომლები ხშირად გასვლით ვიზიტებს აწყობენ სხვადასხვა ქალაქებში, რომ ადგილზე მოემსახურონ მოქალაქეებს და რომამდე გრძელი გზა, რაც დამატებით ხარჯებთან და სამსახურიდან ნებართვის აღებასთან არის დაკავშირებული, თავიდან აარიდონ. ძალიან მიხარია და მინდა მათ ვაცნობო, რომ მალე ქ. ბარიში, სადაც ყველაზე მეტად არის კონცენტრირებული ქართული დიასპორა, გაიხსნება გენერალური საკონსულო, რომელიც სამხრეთ იტალიაში მყოფ ქართველებს მოემსახურება და არსებულ მძიმე მდგომარეობას შედარებით შეამსუბუქებს. უდიდესია დიასპორის როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ფასდაუდებელია ქართული დიასპორის როლი სახალხო დიპლომატიაშიც. საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს თავიანთი საქმიანობით დიდი წვლილი შეაქვთ არა მარტო ადგილსამყოფელი ქვეყნების განვითარებაში, არამედ ყოველდღიურად ხელს უწყობენ საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციასა და მისი დადებითი იმიჯის შექმნას. შესაბამისად, მაღალი პროფესიონალიზმის, ფართო მასშტაბისა და თვალსაწიერის მქონე წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ ქვეყნის სახე და პოზიტიური იმიჯია. მე მიხარია, რომ იტალიაში ასეთი წარმატებული და პატივსაცემი ქართველი ძალიან ბევრია.

This article is from: