2 minute read

თბილისის მერი იტალიურ წარსულსა და ახლანდელ კავშირებზე

თბილისის მერს, კახა კალაძეს, იტალიასთან ბევრი რამ აკავშირებს - ბრწყინვალე კარიერა საფეხბურთო კლუბ „მილანში“, უამრავი მეგობარი და განსაკუთრებული ემოციები. იტალიასთან დაკავშირებულ თემებსა და მის პირად ძალისხმევაზე საქართველო-იტალიის ურთიერთობების გამყარებაში ჟურნალი „დიპლომატი“ კახა კალაძეს ესაუბრა.

იტალია - რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქვეყანა?

Advertisement

იტალია არის ქვეყანა, რომელსაც უკავშირდება ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი - წარმატებები საფეხბურთო კარიერაში და წარმატებები პირად ცხოვრებაში (ჩემი მომავალი მეუღლე სწორედ მილანში გავიცანი). მილანი მეორე სახლია, რადგან ჩემი ყველა საფეხბურთო წარმატება დაკავშირებულია ამ ქალაქთან, ამ კლუბთან.

როგორ გაიხსენებთ იტალიაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლებს?

მე ადრეც ვთქვი ინტერვიუში, რომ ცხოვრებაში იოლად არაფრისთვის მიმიღწევია, მათ შორის მილანში გადასვლასაც ვგულისხმობ. დიდი გზა გავიარე და შრომითა და ნებისყოფით ყველაფერი შევძელი. ფეხბურთის ვარსკვლავი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდები, თუ შეუპოვარი ხასიათი გაქვს. სიძნელეები ადამიანს ეხმარება. ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს. რასაკვირველია, იტალიაში ცხოვრების პერიოდშიც იყო ბევრი სირთულე, წინააღმდეგობების დაძლევა და გამარჯვება.

ახლა რა გაკავშირებთ იტალიასთან?

როგორც უკვე გითხარით, იტალია ჩემი მეორე სამშობლოა და, ცხადია, მასთან მაკავშირებს დიდი სიყვარული; მაკავშირებს მეგობრები, რომლებიც იზიარებენ ჩემს ყველა წარმატებას, სიხარულსა და ტკივილს; მაკავშირებს ძალიან ძვირფასი მოგონებები.

რომელია თქვენი საყვარელი ადგილები იტალიაში და რა სიხშირით სტუმრობთ ამ ქვეყანას?

რასაკვირველია, მილანი - ეს არის მოდის, დიზაინის, სპორტის ქალაქი და ამავე დროს მეცნიერებისა და უნივერსიტეტების ქალაქი. მილანი არის კონტრასტების ქალაქი, სადაც ერთნაირად გხიბლავს სიძველე და თანამედროვეობა. ჩემი სამუშაო განრიგიდან გამომდინარე ხშირად ვეღარ ვახერხებ იტალიაში სტუმრობას, თუმცა წელიწადში ორჯერ მაინც ჩავდივარ.

იტალიის რომელ ქალაქს მიამსგავსებდით თბილისს და რატომ?

მართალია, თბილისს არ ესაზღვრება ზღვა, მაგრამ ფერდობზე შეფენილი სახლებით, სიჭრელითა და კოლორიტით, შეიძლება, ნეაპოლს შევადაროთ. თუმცა მაინც გამიჭირდება მსგავსი პარალელის გავლება, რადგან თბილისი არის უძველესი ქალაქი, რომელსაც აქვს თავისი ორიგინალური სახე და იერი. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ შევუნარჩუნოთ თბილისს მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა და სტილი და არ დავამსგავსოთ სხვა ქალაქს.

თუ გქონიათ სურვილი ან მცდელობა იტალიის კონკრეტული პრაქტიკის ან გამოცდილების გადმოტანისა თბილისში? ან თუ იგეგმება მსგავსი რამ.

რასაკვირველია, გადმოსაღები და მისაბაძი ბევრი რამ არის. თუნდაც ურბანული დაგეგმარება, საზოგადოებრივი ტრასპორტის განვითარება, გამწვანება, ეკოლოგია, ველოტრანსპორტი, ელექტრომობილები...

როგორ შეაფასებთ იტალია-საქართველოს ურთიერთობებს და სად ხედავთ აღნიშნული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას?

საქართველოს იტალიასთან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები აქვს. თანამშრომლობა მოიცავს თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებს. შარშან თბილისს პირველი ისტორიული ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და იტალიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მჭიდროვდება. ქართველებსა და იტალიელებს ბევრი გვაქვს საერთო - ღირებულელები, ფასეულებები, კულტურა, ტრადიციები და, ვფიქრობ, ურთიერთობების განვითარება კიდევ მრავალი კუთხით არის შესაძლებელი.

თბილისთან დაძმობილებული ქალაქია პალერმო, თუმცა დაძმობილება საკმაოდ ადრე ჯერ კიდევ 1987 წელს მოხდა, თუ გეგმავთ ამ კუთხით თბილისის სამეგობრო არეალის გაფართოებას იტალიაში ან სხვა ქვეყნების მიმართულებით?

დიახ, თბილისს 19 მეგობარი ქალაქი ჰყავს და მათ რიცხვშია პალერმო. რასაკვირველია, სურვილი დიდია, რომ მეტი პარტნიორი ქალაქი შევიძინოთ, მათ შორის იტალიის ქალაქების სახით. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

This article is from: