3 minute read

გამოსამშვიდობებელი ინტერვიუ იტალიის ელჩთან საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან

თქვენი შთამბეჭდავი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ მინდა გკითხოთ თქვენს ელჩად ყოფნის გამოცდილებაზე; მრავალი წლის განმავლობაში, რაც თქვენ დიპლომატი ხართ, რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?

დიპლომატებს გვაქვს პრივილეგია, ვიცხოვროთ ერთზე მეტი ცხოვრებით. ეს რეალობაა და არა - მეგალომანია. თუმცა ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ეს არის საინტერესო, მაგრამ დამღლელიც (და ზოგჯერ შეიძლება, დამაბრკოლებელიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ჩვენი ოჯახებისთვის). საქმის სიყვარული და ცნობისმოყვარეობა სწორი იარაღია ამ მრავალმხრივ ცხოვრებაში ნავიგაციისთვის. თუ თქვენ ცნობისმოყვარე ხართ, ყველა ქვეყანა, სადაც თქვენ იმსახურეთ, აღმოჩნდება დამაინტრიგებელი და გამოავლენს ასპექტებს, რომლებსაც არ ელოდით. თითოეულ მათგანში თქვენ გულის ნაწილს დატოვებთ. მერწმუნეთ, ეს არ არის დიპლომატიური პასუხი. მაგრამ თუკი მაინც უნდა გამოვყო ერთი კონკრეტული მისია მრავალფეროვნებისა და კულტურული გამოწვევის ნიშნით, მაშინ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ჩინეთს ყველაზე მომხიბლავ და რთულ გამოცდილებად მივიჩნევდი.

Advertisement

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს საქმიანობაში?

თუკი, ზოგადად, ელჩის საქმეს გულისხმობთ, წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვათ ბალანსი დიდი სურათის ერთიან აღქმასა და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას შორის. თქვენ უნდა გამოავლინოთ ყველა ის მიმართულება, რომელსაც შეუძლია, გააუმჯობესოს თქვენი სამშობლოს იმიჯი, როლი და მისი ურთიერთობა თქვენს მასპინძელ ქვეყანასთან. ეს გზა უნდა განვლოთ მოთმინებითა და პრაგმატიზმით. ამავე დროს, თქვენ არასოდეს არ უნდა დაკარგოთ სრული სურათი და ბალანსი ურთიერთობების ყველა კომპონენტს შორის, რომელიც უნდა განავითაროთ მნიშვნელოვანი და ჰარმონიული გზით.

თქვენ გაატარეთ საკმაოდ საინტერესო ოთხი წელი საქართველოში, რას ნიშნავს ეს წლები თქვენთვის და როგორ გრძნობდით თავს ამ ქვეყანაში?

ისე, როგორც საკუთარ სახლში. გულის ნაწილი, რომელიც მე საქართველოში დავტოვე, სინამდვილეში ძალიან დიდი ნაწილია…

ყველაზე მეტად რა გენატრებოდათ იტალიიდან და, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ ქართული კულტურიდან?

მე მენატრებოდა ჩემი ბავშვობის მეგობრები, ბაროკოს სტილის ეკლესიები, რომის ფიჭვები, სპაგეტი მიდიებით ზღვის სანაპიროზე ან სკუტერით სეირნობა - ყოველ საღამოს იმავე ემოციით - რომის ფო- რუმზე მზის ჩასვლისას. რაც შეეხება საქართველოს, მე და ჩემს ოჯახს ის ძალიან მოგვენატრება. მოგვენატრება ჩვენი ყველა ახალი მეგობარი, ქართველი ხალხის შესანიშნავი სტუმართმოყვარეობა, სითბო და ღირსება, თქვენი მთების საოცარი სილამაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ხაჭაპურზე…

ბევრი ადარებს ქართველებსა და იტალიელებს, თქვენ თუ ხედავთ მსგავსებას ამ ორ ერს შორის?

დიახ, რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი: სიამოვნებას გვანიჭებს, როცა მეგობრებს ვუდგავართ გვერდში; ორიენტირებული ვართ ადამიანურ ღირებულებებზე; მოქნილობა; თავისუფლების სიყვარული; უძველესი ისტორია; ბუნებრივი ელეგანტურობა და შემოქმედებითობა; უნარი, ვიპოვოთ გამოსავალი, ბოლო წუთსაც კი; ცხოვრებით ტკბობა.

თქვენ იმოგზაურეთ საქართველოში, რომლებია თქვენი საყვარელი ადგილები აქ და არის თუ არა ადგილი, რომელიც იტალიას გახსენებთ?

ზურაბ ჟვანიას სიტყვებს გავიხსენებ: ,,მე მიყვარს მთები, ამიტომ მე მიყვარს საქართველო.“ ჩემი საყვარელი რეგიონი სვანეთია - სავსე თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და უნიკალური კულტურული ძვირფასეულობით სავსე საუნჯე, მესტიის კოშკებიდან (ძალიან ჰგავს სან ჟემენიანოს კოშკს ტოსკანაში) სოფელ უშგულამდე, ძვირფასი საეკლესიო ფრესკებიდან დაწყებული, უძველესი ხატებით დამთავრებული. მეზობელი რაჭაც მომხიბლავია და ტურისტული პოტენციალი აქვს (ქუთაისის აეროპორტის სიახლოვის წყალობითაც). კავკასიონის მწვერვალები ისეთივე საუცხოოა, როგორიც ჩვენი ალპები. გაოგნებული ვიყავი ხევსურეთისა და თუშეთის სილამაზით, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს, ყაზბეგის მთის ხედით, ლაგოდეხის მდიდრული მცენარეულობით, ხედით გომბორის უღელტეხილიდან ან ნეკრესის მონასტრიდან, მიტოვებული საბჭოთა სანატორიუმების მომხიბლავი არქიტექტურით წყალტუბოში, ახალციხის ველური რეგიონით, კლდეში ნაკვეთ ჯადოსნურ ქალაქ ვარძიით (მახსენდება სასი დი მატერა იტალიის ბაზილიკატას რეგიონიდან).

როგორ აფასებთ საქართველოსა და იტალიის ურთიერთობებს და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება მისი გაძლიერება?

ჩვენს ურთიერთობებს აქვს ათასწლეულის ისტორია: რომაელები, ვაჭრები (მარკო პოლოს ჩათვლით), მისიონერები, იტალიელი მოგზაური ვიტორიო სელა, რომელიც სვანეთში იმყოფებოდა XIX საუკუნის ბოლოს, პარტიზანები, რომლებიც ერთად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, იტალიელი ოჯახების მიერ ნაჩვენები სოლიდარობა აფხაზეთის ომის შემდეგ დევნილი ბავშვებისთვის მრავალი წლის განმავლობაში და ა.შ. პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები მუდმივად ფართოვდება. ჩვენს მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს წარსულში და პერსპექტივა მომავალში. შარშან მოწმე გავხდით იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტისა თბილისში. ბოლო დროს განხორციელებული მრავალი სავაჭრო მისია აძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს. ჩვენმა საელჩომ იტალიურსა და ქართულ ინსტიტუტებთან ერთად ხელი შეუწყო უპრეცედენტო კულტურულ ღონისძიებებს (150 ათასი ვიზიტორი მხოლოდ ექსპონატებისთვის). მნიშვნელოვანი პროექტები მეცნიერებასთან, ტექნოლოგიასთან, ინოვაციებთან, თანამედროვე ხელოვნებასთან, ჯანმრთელობასთან, გარემოსთან, უსაფრთხოებასთან, სოფლის მეურნეობასთან და ბევრ სხვა სექტორთან დაკავშირებით ხელს უწყობს და გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობას ყველა მიმართულებით.

რას ფიქრობთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე? გაუმჯობესდა თუ გაუარესდა თქვენი აქ ჩამოსვლის შემდეგ და როგორია თქვენი რეკომენდაციები?

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ვალდებულე- ბა კარგად არის გამჯდარი ხალხის განწყობებში. კონსტიტუციის რეფორმა წავიდა სწორი მიმართულებით (საპარლამენტო და პროპორციული სისტემა). რეფორმები უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო კონკრეტული შედეგი გამოიღოს ინსტიტუციების სოლიდარობისა და პატივისცემის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის, სასამართლო ხელისუფლებისა და საჯარო ადმინისტრაციის სანდოობის, ინკლუზიური ზრდის თვალსაზრისით. ეს ქვეყანა მნიშვნელოვანია თავისი გეოპოლიტიკურად სტრატეგიული პოზიციისა და მისი დემოკრატიულობის გამო. დემოკრატია არის ძირითადი აქტივი, რომელიც არასოდეს უნდა მივიღოთ ისე, თითქოს შეუქცევადია. საქართველოს აქვს (და იმსახურებს) კაშკაშა მომავალი და შეუძლია ბევრ მეგობარს დაეყრდნოს. იტალია ერთ-ერთი მათგანია და ყოველთვის ასე იქნება.

This article is from: