4 minute read

YouTube-ის ვიდეოთი დაწყებული ბრწყინვალე კარიერა - ქართველი მომღერლის წარმატება იტალიაში

ქართველი მომღერალი ლუკა ჩიქოვანი ადრეული ბავშვობიდან ცხოვრობდა იტალიაში. 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ჯერ კიდევ ძნელი იყო ცხოვრება ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, ის და დედამისი გაემგზავრნენ იტალიაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად. ამ დროს ლუკა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი სახელი უცხო ქვეყანაში გახდებოდა ცნობილი, მაგრამ იტალიურ ინტერნეტ მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში მოექცა ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებში, რამდენიმე წლის წინ. მომღერლის საკუთარი სმარტფონით გადაღებულმა ვიდეომ დააგროვა 300 000 ნახვა YouTube–ზე მხოლოდ რამდენიმე საათში, რაც მისი მუსიკალური კარიერის დასაწყისი გახდა. წარმატებული მუსიკალური დებიუტის შემდეგ ლუკა MTV– ზე გამოჩნდა და შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს Universal Music-თან. ახლახანს შედგა მისი სამსახიობო დებიუტიც. ლუკამ ამ და სხვა საინტერესო თემებზე DIPLOMAT-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლუკა, ერთ – ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ თქვენ ქართველი ხართ, რომელიც იტალიამ იშვილა. რა როლი ითამაშა იტალიამ თქვენს ცხოვრებაში და კარიერის განვითარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა თქვენთვის?

Advertisement

მე 1994 წელს დავიბადე საქართველოში, თბილისში (მაგრამ მე სამეგრელოდან ვარ) და 5 წლის ასაკში დედაჩემთან ერთად საცხოვრებლად ჩამოვედი იტალიაში. მე აქ დავამთავრე სკოლა და გავიზარდე, მაგრამ არასდროს გამიწყვეტია კავშირი საქართველოსთან, 1-2 წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი საქართველოში ბებიის სანახავად და ბორჯომის მოსანახულებლად. მე აქ გავიზარდე, იტალიაში, მაგრამ თავს ყოველთვის ქართველად ვგრძნობდი, ბებიაჩემს ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარდა და მან მასწავლა, თუ რას ნიშნავს ქართველობა, სიამაყე, ღირსება და ქალის პატივისცემა, ასე რომ, მე ნამდვილად გამიმართლა, რომ მან ეს ყველაფერი მასწავლა. იტალია ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა და რადგან ჩემი კარიერა არაფრისგან დავიწყე, ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ყოველგვარი ნაცნობობისა და დახმარების გარეშე მივაღწიე ყველაფერს, თუმცა იტალიამ მართლა ძალიან შემიწყო ხელი. ვგრძნობ, რომ ნამდვილად გამიმართლა, რომ ვიცი ეს ორი განსხვავებული კულტურა და გავაერთიანე საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ტელეფონით ჩაწერილმა ვიდეომ პოპულარობა მოგიტანათ, როდესაც ჯერ კიდევ თინეიჯერი იყავით. გვითხარით ამის შესახებ.

მართალია, მე დავიწყე ჩემი ტელეფონით და ვებკამერით, როდესაც 14 წლის ვიყავი. ვნახე, რომ ბევრი მომღერალი პოპულარული იყო ამ ახალი პლატფორმის გამო, რომელსაც უწოდებენ YouTube-ს და ვფიქრობდი, რომ უნდა მეცადა. ასე რომ, მე დავიწყე ვიდეოების ატვირთვა, როგორ ვმღეროდი ჩემს ოთახში და ნელ-ნელა იზრდებოდა ნახვები. შემდეგ დავიწყე ტურების გაკეთება იტალიის გარშემო YouTube-ზე სხვა YouTube-ერებთან ერთად MTV-სა და გიბსონის მხარდაჭერით, ასე ნელ-ნელა შევიძინე ახალი მეგობრები, მე მათ თაყვანისმცემლებს ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი არიან სწორედ ჩემი მცირე წარმატების მიზეზი. ისინი ჩემი გუნდის წევრები არიან. შემდეგ Universal Music-მა ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე დამინახა და ერთ კვირაში ხელშეკრულება გამიფორმა. მათთან ერთად გამოვეცი ჩემი პირველი ალბომი სახელწოდებით START, რომელსაც მოულოდნელი წარმატება მოჰყვა, რადგან იგი გახდა იტალიაში მე-3 ყველაზე გაყიდ- ვადი ალბომი და ყველა ჟურნალი და სატელევიზიო არხი ამაზე საუბრობდა, რადგან ამ პერიოდში მე ვიყავი პირველი შემსრულებელი, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა Universal Music-თან YouTube-ის საშუალებით, ეს ყველაფერი ახალი იყო ყველა მედიისთვის.

თქვენ უკვე რამდენიმე წელია, ძალიან ცნობილი და წარმატებული მომღერალი ხართ იტალიაში, თანამშრომლობთ Universal Music-თან, მაგრამ ქართველი მსმენელი ახლა ეცნობა თქვენს საქმიანობას. რატომ მხოლოდ ახლა?

იყო პოპულარული, ეს დიდი სამყაროა, მე არ მსურს, ეს სამყარო გამოვიყენო, მე ყოველთვის მუსიკას ვქმნიდი, რადგან მინდოდა ჩემი იდეების გაზიარება ჩემი ხალხისთვის და ისინი ნელ-ნელა ძალიან ბევრნი გახდნენ. ამის გამო არასდროს მითხოვია, საქართველოში ვინმეს ჩემ შესახებ რეკლამა გაეკეთებინა ან ჩემი მუსიკა ეჩვენებინა, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველო ჩემ შესახებ გაიგებდა ჩემი თქმის გარეშეც, ყოველთვის მინდოდა, მესახელებინა ჩემი საქართველო და მაწუხებდა ის, რომ ქართული კარგად არ ვიცოდი, ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ შარშან გადავწყვიტე, ამაზე ვკონცენტრირებულიყავი და ქართულის სწავლა დავიწყე, ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა მეგობრებისგან და განსაკუთრებით ერთი გოგოსგან, რომელიც მართლა ზრუნავდა იმისთვის, რომ მე ქართულად მეტყველება და წერა მესწავლა. ქალები... მათ შეუძლიათ წარმოუდგენელი საქმეები გაკეთებინონ. როგორც გითხარით, არასდროს ვზრუნავდი პოპულარობის მოსახვეჭად, უბრალოდ მინდოდა, ჩემი მუსიკა და იდეები გამეზიარებინა ხალხისთვის, რადგან ზოგჯერ მუსიკით შეგიძლია, დაეხმარო მათ. ეს არის ჩემი მიზანი - ხალხისთვის რაღაცის გაკეთება.

ახლახან ფილმის დებიუტი გქონდათ, გვიამბეთ ამ ფილმის შესახებ და რა ადგილი დაიკავა სამსახიობო პროფესიამ თქვენს კარიერაში?

გულწრფელად რომ ვთქვა, მე ნამდვილად გამიმართლა, რეჟისორი ალიჩე რორვახერი MTV-ს უყურებდა, როდესაც ისინი ჩემს მუსიკალურ ვიდეოს აჩვენებდნენ, მან კი დამინახა და დაუყოვნებლივ დაურეკა ჩემს აგენტებს, რომ ჩემთან კასტინგი ჰქონოდა, ამიტომ წავედი კასტინგზე... და ეს საშინელება იყო, მე ძალიან მეშინოდა, მაგრამ მას მართლა სჯეროდა ჩემი და უნდოდა, რომ ამ ფილმში მთავარი როლი მეთამაშა და ბოლოს მან დამამტკიცა როლზე. ფილმი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, მე ვმუშაობდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორთან და ეს არ იყო ადვილი, მაგრამ საუკეთესო გამოცდილება მივიღე მასთან. ამ ფილმში რეჟისორ რობერტო ბენინის მეუღლესთან, ნიკოლეტა ბრასკისთან, ერთად ვითამაშე, ის დედაჩემის როლს ასრულებს, უსაყვარლესი იყო და მე ასევე შევხვდი რობერტოს კანის კინოფესტივალის დროს, ეს იყო წარმოუდგენელი და გულისამაჩუყებელი, რადგან ბებიაჩემი მათი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო. სამწუხაროდ, მე ის დავკარგე რამდენიმე წლის წინ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა, მას გაეგო, რომ მე ვმუშაობდი მის საყვარელ გმირებთან და ფილმში ვთამაშობდი ნიკოლეტა ბრასკისთან ერთად, მე ვერ წარმომიდგენია, როგორი ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი სული გრძნობს ამას.

რა არის თქვენი სამომავლო მუსიკალური და სამსახიობო გეგმები და აპირებთ თუ არა რამდენიმე პროექტის განხორციელებას საქართველოში?

წელს მართლაც მთელ მსოფლიოში ვიყავი, ვესტუმრე ბევრ ქვეყანას, ჩვენი ფილმის Happy as Lazzaro წარდგენაზე, კინოფესტივალებზე, ამაყად წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ დავიწყეთ კანის კინოფესტივალზე გამარჯვებით და შემდეგ სხვა მრავალ ფესტივალზე - ჩინეთში, კორეაში და ა.შ. ვფიქრობდი, რომ გამეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ძალიან მომეწონა მიღებული გამოცდილება, ეს არის სხვა გზა, რომ იმისგან განსხვავებულად ვაჩვენო საკუთარი თავი, ვიდრე ამას მუსიკით გამოვხატავდი. ყოველთვის მინდოდა, სხვადასახვა ტიპის ადამიანის როლი მომერგო, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვკლავთ ჩვენს შესაძლებლობებს ჩვენი ეგოს, ჩვენი პიროვნების გამო. მე ვიკრებ ჩემ გარშემო ადამიანებს, რადგან მათთან ურთიერთობა დიდ გამოცდილებას მაძლევს, მე ვარ მოსიყვარულე ადამიანი; როდესაც სხვადასხვა ადამიანთან ვარ, მათ ძალიან მარტივად ვიღებ და ეს უფრო დიდი გამოცდილების მომტანია ჩემთვის, მე განსხვავებულად ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, იყო გახსნილი აზროვნების შესაცვლელად; მგონია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ადამიანები მკვეთრად აჩენენ თავიანთ პიროვნულობას და ხდება ისეც, რომ ეგოს მკვეთრად გამოვლენა ხშირად ქმნის პრობლემებს. კინომ ბევრი რამ მასწავლა, მთლიანად დავკარგე მატერიალიზმის ინტერესი, ჩვენი საზოგადოება ძალიან შორს არის ჰუმანურობისგან, ჩვენ ვხდებით რობოტები მხოლოდ ფულის და დიდების მოსაძებნად და ეს ნამდვილად ცუდია ჩვენი მომავლისთვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს ბედნიერებას ახალი iPhone, ახალი სამოსი ან ახალი მანქანა განაპირობებს... გაიღვიძეთ, ხალხო, ისინი ამ მომხმარებლური აზროვნებით ააფეთქებენ თქვენს გონებას და ჩვენ უნდა გავახილოთ თვალი და გვესმოდეს, რომ რეალურ ბედნიერებას საერთო არაფერი აქვს მატერიალურ ნივთებთან, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ერთმანეთის სიყვარულს, რომ ვიგრძნოთ ემოციები და არ გვძულდეს ერთმანეთი. ჩვენ ყოველთვის განვიკითხავთ სხვებს, შეჩერდით, რადგან ეს გაგრძნობინებთ თავს ცუდად და არასდროს იქნებით ბედნიერები, მტრები მხოლოდ ჩვენს გონებაშია და ეს უნდა გვესმოდეს. ასე რომ, ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, მსახიობობამ შეიძლება, ჩემი პიროვნება გაზარდოს და ყველა როლმა რაღაც მომცეს, ამიტომ მსურს, გავაგრძელო კარიერა ამ კუთხით, ვცდილობ, დიდ ჰოლივუდში ჩავიდე, მუსიკასა და კინოზე ვიმუშაო აშშ-ში, რომ გავაცნო მათ ქართველები და ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იქნება ფულის მოპოვება სტიპენდიების შესაქმნელად ქართველი ნიჭიერი ბავშვებისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მივაღწიო ამ მიზანს. რაც შეეხება მუსიკას, ვმუშაობ ახალ ალბომზე და ის ნამდვილად ექსპერიმენტული იქნება, აქ გავჩერდები, რომ თავი არ მოვაბეზრო თქვენს მკითხველს, დიდი მადლობა ყველას, რომ წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ და საქართველოს ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს!

This article is from: